განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2019
საქმის ნომერი
330210015716184
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015716184

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/1201-18 30 იანვარი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები - თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ნანა ველიჯანაშვილი

 

აპელანტი - ქ--–--------–----------–----–---------------

 

წარმომადგენელი - თ--------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ-------–--–---“

 

წარმომადგენელი - ვ----------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. შპს „გ-------–--–---“-მა ქ--–--------–----------–----–---------------- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების, 118 784.43 ლარის, დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მიღებული შესრულების სანაცვლოდ - 118 784.43 ლარის, გაწეული საპროცესო ხარჯის - 3 563.53 ლარისა და ექსპერტიზის დასკვნის მომზადებაზე გაწეული ხარჯის - 2 500 ლარის ოდენობით, ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ქ--–--------–----------–----–---------------მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. მხარეთა შორის 2013 წლის 22 თებერვალს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №------------ ხელშეკრულება დაიდო, რომლითაც ქალაქ თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს მხარეს არსებული გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების ჩატარება შეთანხმდა. ხელშეკრულება ხელმოწერისთანავე შევიდა ძალაში და მისი მოქმედების ვადა 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა. მთლიანი სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, ეტაპობრივად, 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, უნდა განხორციელებულიყო. 6.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პერიოდულ კონტროლს, ნებისმიერ ეტაპზე, შემსყიდველი ახორციელებდა. 7.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპი) დასრულების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, შემსყიდველის მიერ დაქირავებულ საექსპერტო ჯგუფს, შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპი) რაოდენობრივი და ხარისხობრივი პარამეტრების შემოწმება უნდა განეხორციელებინა და შემოწმების შედეგები შემსყიდველისთვის ეცნობებინა, რის შემდეგაც შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმებულიყო (ს.ფ. 15-20).

 

6. ქ-------–----------–----–---------------- მიერ 2013 წლის 27 დეკემბერს წუნდებულ სამუშაოთა აქტები მ----------------- სასაფლაოზე, გ---------- ქუჩაზე და ს----–---- ქუჩაზე შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით შედგა. ქ. თბილისში, მ----------------- სასაფლაოს გზის კაპიტალური შეკეთებისას მოწყობილი ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის ფორიანობის, ნარევის გრანულომეტრიის ხარისხისა და სისქეების დადგენის მიზნით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებისას შემდეგი მონაცემები დაფიქსირდა: კერნის დატკეპნის ხარისხი 94%-ს, 95%-ს, 93%-ს, 97%-ს შეადგენს. გოსტი 9128-84-ით კერნის დატკეპნის ხარისხი 99%-ს შეადგენს. წუნდებულად დაგებული ა/ბეტონის საფარის საერთო ფართი 1 337.6კვ.მ-ია, რომლის ღირებულებაც ყველა გადასახადის ჩათვლით 22 630.54 ლარს შეადგენს. გ---------- ქუჩის (სახლი N28-დან სახლი 44-ის ჩათვლით) კაპიტალური შეკეთებისას მოწყობილი ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის ფორიანობის, ნარევის გრანულომეტრიის ხარისხის და სისქეების დადგენის მიზნით 2013 წლის 13 დეკემბერს ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებისას დაფიქსირდა, რომ კერნის დატკეპნის ხარისხი 97%-ს, ხოლო, გოსტ 9128-84-ით, კერნის დატკეპნის ხარისხი 99%-ს შეადგენს. ამასთან, საკონტროლო კერნის მიხედვით, დაგებული ა/ბეტონის საფარის ქვედა სისქე საპროექტო 60 მმ-ის ნაცვლად 40 მმ იყო. წუნდებულად დაგებული ა/ბეტონის საფარის ქვედა ფენის ფართი 120.0კვ.მ-ს, ხოლო ზედა ფენის-929.5 კვ.მ.-ს შეადგენდა, რომლის საერთო ღირებულებაც ყველა გადასახადის ჩათვლით 18 526.69 ლარი იყო.

 

2013 წლის 27 დეკემბრის აქტის თანახმად, გ---------- ქუჩის შესახვევის კაპიტალური შეკეთებისას მოწყობილი ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის ფორიანობის და ნარევის გრანულომეტრიის ხარისხის დადგენის მიზნით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებისას შემდეგი მონაცემები დაფიქსირდა: 2013 წლის 05 ოქტომბრისა და 2013 წლის 13 დეკემბრის ლაბორატორიული დასკვნების მონაცემების მიხედვით, კერნის დატკეპნის ხარისხი შესაბამისად 96%-სა და 97-97%-ს, ხოლო გოსტ 9128-84-ით კერნის დატკეპნის ხარისხი 99%-ს შეადგენდა. წუნდებულად დაგებული ა/ბეტონის საფარის საერთო ფართი 1 780.5კვ.მ-ია, რომლის ღირებულებაც ყველა გადასახადის ჩათვლით 30 123.87 ლარს შეადგენდა.

 

ქ. თბილისში, ს----–---- ქუჩის კაპიტალური შეკეთებისას მოწყობილი ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის ფორიანობის და ნარევის გრანულომეტრიის ხარისხის დადგენის მიზნით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებისას შემდეგი მონაცემები დაფიქსირდა: კერნის დატკეპნის ხარისხი შესაბამისად 94-94%-ს, ხოლო, გოსტ 9128-84-ით კერნის დატკეპნის ხარისხი 99%-ს შეადგენდა. ამასთანავე, ტროტუარებსა და ეზოში შესასვლელებზე დაგებული ა/ბეტონის საფარი ვიზუალურად ფორიანი იყო და ზემოქმედებისას ზედაპირი იშლებოდა. წუნდებულად დაგებული ა/ბეტონის საფარის ფართი 2 630.0კვ.მ, შესასვლელის - 78 კვ.მ.-ს და ტროტუარის - 114.0 კვ.მ-ს, რომლის ღირებულებაც ყველა გადასახადის ჩათვლით 47 503.33 ლარს შეადგენდა (ს.ფ. 21-24).

 

7. 2015 წლის 08 იანვარს მოსარჩელემ მოპასუხეს წერილით შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების თხოვნით მიმართა (ს.ფ. 26-28).

 

8. მოპასუხეს მოსარჩელის მხრიდან მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება 118 784.43 ლარის ოდენობით არ აუნაზღაურდა (ს.ფ. 1-12, 65-77).

 

9. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2013 წლის 22 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №------------ ხელშეკრულებისა და შპს „გ-------–--–---“-ის მიერ შესრულებული სამუშაოების შესაბამისად, ქ--–--------–----------–----–----------------თვის, შემსრულებლის მიმართ, 118 784.43 ლარის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არსებობს.

 

მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება იურიდიული ბუნებით სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებულ ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს. ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. უდავოა ის გარემოება, რომ მხარეები ხელშეკრულებით ანაზღაურების ოდენობასა (სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლი) და წესზე (სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლი) შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც განსაზღვრეს, რომ შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპი) დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს აცნობოს შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპი) დასრულების შესახებ და შესრულებული ვალდებულების შესახებ ანგარიშები წარუდგინოს. ამასთანავე, სამუშაოების დასრულების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ შემსყიდველის მიერ დაქირავებულ საექსპერტო ჯგუფს ობიექტის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემოწმება უნდა განეხორციელებინა. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების დროს საექსპერტო ჯგუფი დეფექტს ან ნაკლს გამოავლენდა, მას შემსყიდველისთვის შემოწმების დროს აღმოჩენილი ნაკლის შეტყობინების ვალდებულება გააჩნდა. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად კი, შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხარისხი სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. ამავე ხელშეკრულების 12.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისთვის საჯარიმო სანქციების გამოყენების შესახებ დათქმა იქნა გაკეთებული.

 

პალატა მიუთითებს, რომ ნარდობის ურთიერთობაში ფაქტობრივად მისაღწევი შედეგია ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობის წარდგენა შემკვეთისათვის. მოცემულ შემთხვევაში, მენარდეს უნაკლო შესრულების წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდა. სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლი კი ადგენს, თუ რა მიიჩნევა ნივთობრივად უნაკლო ნაკეთობად/შესრულებად, კერძოდ, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. როგორც ზემოთ აღინიშნა, ჯეროვან შესრულებასთან მიმართებით მხარეთა შორის სპეციფიური პირობები არ შეთანხმებულა. ხელშეკრულების თანახმად, შესრულებულ სამუშაოს მხოლოდ სამშენებლო სტანდარტები უნდა დაეკმაყოფილებინა.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავო გარემოებაა და საქმის მასალებში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაც დასტურდება, რომ მენარდემ სამუშაოები დაგვიანებით დაასრულა. 2013 წლის 27 დეკემბერს, წუნდების აქტები შედგა, რომლითაც მენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოებს გარკვეული ხარვეზები დაუდგინდა, აღნიშნულ აქტს ხელს თავად მენარდეც აწერს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები, ნაკლიანი შესრულების პირობებში, შემკვეთის მიერ დამატებითი შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობას ადგენს, რაც სამოქალაქო კოდექსის 642-ე მუხლით არის გათვალისწინებული, თუმცა, ეს არაა ერთადერთი რეგულაცია, რადგან დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, კანონმდებელი შემკვეთს ნაკლის საკუთარი ძალებით აღმოფხვრისა და ნაკლის აღმოსაფხვრელად გაწეული ხარჯების ანაზღაურების უფლებას ანიჭებს (სამოქალაქო კოდექსის 643-ე მუხლი), ასევე, ნაკლის გამო, შემკვეთს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მიხედვით, შეუძლია ხელშეკრულებაზე უარი თქვას (სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლი), ხოლო, თუკი შემკვეთი არც დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ნაკეთობის ღირებულებას (სამოქალაქო კოდექსის 645-ე მუხლი) ამცირებს. დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და მის მონაწილეთა კეთილსინდისიერების ნაგულისხმები პრეზუმფციის (სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) გათვალისწინებით, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება შედეგობრივად ყოველთვის სანქციის დაკისრებას/დამატებითი ვადის დაწესებას/სამუშაოს არ მიღებას უკავშირდება, ანუ შესრულების ნაკლს თავისი საფასური აქვს. ნიშანდობლივია, რომ არაჯეროვანი შესრულება სწორედ ამ თვალსაზრისით განსხვავდება მენარდის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისგან და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგებისგან, ვინაიდან ვალდებულების შეუსრულებლობა უფრო მკაცრ სანქციას - შემკვეთის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმას შეიძლება დაუკავშირდეს.

 

10. პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალში აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპი, რომლის ფარგლებშიც სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები შეჯიბრებითობის პრინციპი წარმოადგენს რა, სამოქალაქო საქმის გადაწყვეტის ქვაკუთხედს, მისი არა მხოლოდ მხარეთა, არამედ, სასამართლოს მხრიდან განუხრელი დაცვა პირდაპირ და უშუალო ინდიკატორად გვევლინება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებისა. სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე ხდება მხარეთა შედავების საფუძვლიანობის კვლევა და მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების სადავო და უდავო ფაქტებად კვალიფიცირება. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

 

პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გარემოება მასზედ, რომ შემკვეთმა ნაკლის გამო პრეტენზია განაცხადა, მენარდეს დაუწესა დამატებითი ვადა, ან მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების 12.1 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობა გამოიყენა და ნაკლიანი შესრულებისთვის მენარდეს პირგასამტეხლო დააკისრა, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. საქმის მასალებით არც ის ფაქტი დგინდება, რომ ნაკლიანი შესრულება შემკვეთმა არ მიიღო, უფრო მეტიც, მენარდის მიერ დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებისა და შემდეგ სარჩელის აღძვრის მიზეზი სწორედ ის გარემოება გახდა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ სადავო საგზაო მონაკვეთის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ გზა ექსპლუატაციაში მიღებული იყო. აპელანტი მხარე საქმის ზეპირი განხილვის დროს, მხოლოდ სიტყვიერი შედავებით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ ნაკლიანი შესრულება, რა თქმა უნდა, გულისხმობდა იმას, რომ სადავო გზის მონაკვეთებს ექსპლუატაციაში მიღებამდე გარკვეული გაუმჯობესება ჩაუტარდა, თუმცა, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, საქმის მასალებით დგინდება, რომ გზის სადავო მონაკვეთები ექსპლუატაციაშია მიღებული. საქმის მასალებით არ დასტურდება ექსპლუატაციაში მიღებამდე გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ნაკლის გამოსასწორებლად დამატებითი სამუშაოების ჩატარების ფაქტი. პალატა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც შემკვეთი შესრულებას იღებს და ნაკლის გამოსასწორებლად დამატებითი სამუშაოების ჩატარების გარეშე გზის ექსპლუატაციას ახდენს, ასეთ ვითარებაში შემკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარი, საფუძველს მოკლებულია. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ თუ შემკვეთის მტკიცება შესრულებული სამუშაოს ნაკლოვანებასთან დაკავშირებით საფუძვლიანია, შესრულებული სამუშაოს ექსპლუატაციაში მიღების შედეგად, შემკვეთს მარტოოდენ ფასის შემცირების ან ნაკლის აღმოსაფხვრელად გაწეული ხარჯის ანაზღაურების უფლება უნარჩუნდება და აღნიშნული გარემოება შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე სრულად უარის თქმის წინაპირობას არ წარმოადგენს. ანაზღაურებაზე სრულად უარის თქმის საფუძველი მარტოოდენ შესრულების მიღებაზე უარია, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, რადგან გზა ექსპლუატაციაშია მიღებული, ხოლო შემკვეთს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ წუნდებული გზის მონაკვეთის შესაკეთებლად დამატებითი სამუშაოები ჩაატარა და ხარჯები გასწია.

 

მოცემულ შემთხვევაში ქ-------–----------–----–--------------- (შემკვეთი) შპს „გ-------–--–---“-ის (მენარდის) მიერ შესრულებული ნაკლიანი შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად, შპს „ლ----------------“ მიერ ჩატარებულ ექსპერტიზაზე და მხარეთა მიერ ხელმოწერილ წუნდების აქტებზე მიუთითებდა. თუმცა, ნიშანდობლივია, რომ საქმის მასალებში არსებობს მენარდის მიერ წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის“ ბიუროს დასკვნები, რომლებიც შინაარსობრივად აპელანტის მიერ წარდგენილ დასკვნებს არ ემთხვევა, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ეროვნული ბიუროს, საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტის 2014 წლის 08 აგვისტოს №--------- და სატრანსპორტო ტექნიკური-ტრასოლოგიური, რადიაციული და სახანძრო ექსპერტიზის დეპარტამენტის 2014 წლის 18 ნოემბრის №--------- დასკვნების თანახმად, დიდი დახრილობის მქონე გზებზე, როგორიც იყო შესაფასებელ შემთხვევაში, ა/ბეტონის ტკეპნის ტექნოლოგიის დაცვის პირობებში მიღებულმა ა/ბეტონის ტკეპნისა და ფორიანობის სიდიდეებმა, შესაძლებელია ვერ დააკმაყოფილოს შესაბამისი სტანდარტისა და ს.ნ. ნორმები. დასკვნის კვლევით ნაწილში (ს.ფ. 44) აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, გ---------- ქუჩაზე აღებული ა/ბეტონის საფარის ზედაფენის დატკეპნის ხარისხი 99%-ია, ხოლო ფორიანობა 6.8.%, 101%, ხოლო ფორიანობა 4.3%, რაც შეესაბამება გოსტ 9128-84-ის და 3.06.03-85-ის ს.ნ. ნორმებს. ასევე, კ------ სასაფლაოს შიდა გზაზე აღებული ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის ნიმუშებიც ზემოაღნიშნულ სტანდარტებსა და ს.ნ. ნორმებთან შესაბამისობაშია. რაც შეეხება, ქ. თბილისში, ს----–---- ქუჩაზე აღებული ა/ბეტონის ზედა ფენის ნიმუშებს, დატკეპნის ხარისხი 98%-ის ტოლია და ფორიანობა 7.1.%, რაც 1%-ის სხვაობით გოსტ 9128-84-ის და ს.ნ. და წესების მოთხოვნებს არ შეესაბამება. ამავე დასკვნაში, ვკითხულობთ რომ დიდი დახრილობის მქონე გზებზე, როგორიც ჩვენს შემთხვევაშია მოცემული/გზის დახრილობა 6 გრადუსი, ა/ბეტონის ტკეპნის ტექნოლოგიის დაცვის პირობებში მიღებულმა ა/ბეტონის ტკეპნის და ფორიანობის სიდიდეებმა შესაძლებელია ვერ დააკმაყოფილოს ზ/აღნიშნული სტანდარტისა და ს.ნ. და წესების მოთხოვნები, თუმცა, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ეს სიდიდეები მაქსიმალურადაა მიახლოებული (სხვაობა 1%) სტანდარტისა და ს.ნ. და წესების მოთხოვნებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, თბილისში, გ---------- ქუჩა 18-ის პირდაპირ აღებული ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე დაგებული ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის დატკეპნის ხარისხი 99%-ია, ხოლო ფორიანობა-6.8%-ს შეადგენს, რაც გოსტ 9128-84-ისა და 3.06.03.-75-ის ს.ნ. ნორმებს შეესაბამება. ამავე ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, გ---------- ქუჩა 34-თან აღებული ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე დაგებული ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის დატკეპნის ხარისხი 101%-ია, ხოლო ფორიანობა-4.3%-ს შეადგენს, რაც გოსტ 9128-84-ისა და 3.06.03.-75-ის ს.ნ. ნორმებს შეესაბამება. ამავე ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, კ------ სასაფლაოს შიდა გზაზე აღებული ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე დაგებული ა/ბეტონის საფარის ზედა ფენის დატკეპნის ხარისხი 101%-ია, ხოლო ფორიანობა-3.9%-ს შეადგენს, რაც გოსტ 9128-84-ისა და 3.06.03.-75-ის ს.ნ. ნორმებს შეესაბამება. შესაბამისად ცალსახაა, რომ მენარდის მიერ შესასრულებელი სამი გზის სამუშაოებიდან ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ორ მონაკვეთზე განაცხადა, რომ იგი დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისი იყო, ხოლო ერთ მონაკვეთზე აღნიშნა, რომ მისი დახრილობის გამო, განხორციელებული სამუშაოები შესაძლებელია დადგენილ სტანდარტებსა და ს.ნ. ნორმებს ვერ აკმაყოფილებდეს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში მენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოებსა და დაწესებულ სტანდარტს შორის მხოლოდ მინიმალური, 1% იანი, სხვაობა არსებობს, რაც სააპელაციო პალატის აზრით, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, არაჯეროვან შესრულებად დაკვალიფიცირების წინაპირობა არ შეიძლება გახდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ არა შესასრულებელი სამუშაოების რაიმე კონკრეტულ ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებელზე, არამედ, მასზედ, რომ შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების ხარისხი სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო, და ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ შესრულებული სამუშაოები ამ სფეროში დაწესებულ მშენებლობის სტანდარტებს შეესაბამებოდა, პალატა ასკვნის, რომ მენარდის მიერ უნაკლო შესრულების განხორციელებას ჰქონდა ადგილი. ამ მიმართებით პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ სასამართლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით არ უნდა ეხელმძღვანელა, ვინაიდან ისინი სამუშაოების შესრულებიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ იყო შედგენილი და გარდა ამისა, შპს „ლ----------------“ მიერ ჩატარებული კვლევისგან განსხვავებით, განხორციელებული იყო მხოლოდ გზის გარკვეულ ადგილებზე, რაც ექსპერტიზის დასკვნის სრულყოფილად მიჩნევის საფუძველს არ იძლეოდა. ამ მიმართებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა, უპირველესად, მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს გულისხმობს. წერილობითი მტკიცებულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის კონტექსტში გადმოცემულ ინფორმაციას წარმოადენს, რომელიც სანდოობის, სარწმუნოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, რაც, რა საკვირველია, არა მხოლოდ ამ დოკუმენტის, როგორც ინდივიდუალურად აღებულის, არამედ, მხარეთა შორის უდავო/სადავო ფაქტებისა და მათი განვითარების ქრონოლოგიასთან, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმულ შედავებებთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს და ამ გზით უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი მხოლოდ პროცესუალურ დონეზე მტკიცებულების ადმინისტრაციას მოიცავს. მტკიცებულების დასაშვებობაა ან ის გზა თუ როგორ უნდა შეფასდეს იგი, პირველ ყოვლისა ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაა. ეროვნული სასამართლოების ამოცანაა შეაფასონ მათ წინაშე არსებულ მტკიცებულებები.

 

პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ აპელანტის მოსაზრება გაზიარებული იქნებოდა, შპს „ლ----------------“ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების უაპელაციოდ გაზიარების საფუძვლები მაინც არ იარსებებდა, ვინაიდან ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ცალსახად აღნიშნა, რომ გზის ორ მონაკვეთზე შესრულებული სამუშაოები შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს, ხოლო მესამე მონაკვეთის სპეციფიურობის გამო მინიმალური, 1%-იანი, ცდომილება არსებობდა, აღნიშნული კი შპს „ლ----------------“ მიერ შედგენილი დასკვნის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა, ვინაიდან აღნიშნული დასკვნით მთელი შესრულებული სამუშაო ნაკლიანად არის ცნობილი. ხსენებული გარემოებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აპელანტ მხარეს სადავო გზების მონაკვეთზე გაუმჯობესების/დამატებითი სამუშაოების განხორციელებისა და აღნიშნულის შემდეგ გზების ექსპლუატაციაში მიღების ფაქტის სამტკიცებლად მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, პალატა მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის საქმეში არსებული სხვა გარემოებების გათვალისწინებასთან ერთად სასამართლო არა შპს „ლ----------------“, არამედ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას უნდა დაეყრდნოს.

 

სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ წუნდების აქტებზე შემსრულებლის ხელმოწერა ნაკლიანი შესრულების დამადასტურებელი უცილო მტკიცებულებაა, რაც ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს. ამ მიმართებით, სასამართლო მიუთითებს, რომ წუნდების აქტზე ხელმოწერა ფორმალური პროცედურაა, ისეთი სპეციფიური სამუშაოს შესრულება, როგორიც გზის მშენებლობაა, ბევრ ბიუროკრატიულ პროცესთანაა დაკავშირებული. საწინააღმდეგო მტკიცებულების, მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების არსებობის პირობებში, წუნდების აქტზე ხელმოწერა, აპრიორი, ნაკლიანი შესრულების დადასტურებას, მით უფრო, ნაკლის გამოსწორების შესაძლებლობის დაკარგვას არ ნიშნავს და შესაბამისად, ასეთი დოკუმენტის არსებობა შემკვეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებისგან გათავისუფლების, ან/და მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლების საფუძველი არ შეიძლება გახდეს.

 

11. როგორც აღინიშნა, ნივთობრივი ნაკლის თაობაზე წარმოშობილი დავისას არაჯეროვანი შესრულების მტკიცება შემძენს/შემკვეთს ეკისრება, რომელიც კანონით განსაზღვრული წინდახედულობის დარღვევის შემთხვევაში შედავების უფლებას კარგავს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ ნივთობრივი ნაკლის გამოვლენის თაობაზე მხარეთა შორის ვადა დათქმული არ ყოფილა, არც ნაკლის აღმოსაფხვრელად განკუთვნილი ფასის დაანგარიშებას ჰქონია ადგილი, უფრო მეტიც, შემკვეთმა შესრულება მიიღო და განკარგა იგი (ექსპლუატაციაში მიიღო), ხოლო წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ნაკლის არსებობის თაობაზე მის შედავებას დაადასტურებდა, საქმეში არ მოიპოვება, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ განკუთვნადობის თვალსაზრისით, აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განხორციელებული შედავება არ შეიძლება გახდეს საკმარისი წინაპირობა შესრულების ნაკლის დადგენისათვის. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის ქვაკუთხედს ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება წარმოადგენს. ნებისმიერი სახის გარიგების სადავოობისას სასამართლო მხარეთა მართლზომიერი და კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტს ამოწმებს. გარიგების მონაწილეთა ქცევის კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვას სამი ფუნქცია გააჩნია: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია რა, გარემოება მასზედ, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო დადგენილ სტანდარტებს შეესაბამებოდა, ასევე, არაჯეროვანი შესრულების მოტივით შემკვეთმა არა ნაკლის გამოსწორებისთვის გათვალისწინებულ კანონისმიერ საშუალებებს მიმართა, არამედ - ანაზღაურებაზე უარი განაცხადა, მიიჩნევს რომ აპელანტის ქმედება კერძო სამართალში მხარეთა კეთილსინდისიერი ქცევის პრინციპს სცილდება და მხოლოდ მენარდის მიმართ სადამსჯელო ხასიათის ზომების გატარებას ემსახურება, რაც მხარეთა შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობისთვის ზიანის მომტანია და მისი ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველი არ შეიძლება გახდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა მხარემ, სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის სტანდარტი სათანადოდ ვერ დასძლია. სასამართლოს ვერ შეუქმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ მიღებული შესრულების ღირებულების ანაზღაურების წინაპირობები არ არსებობდა, მით უფრო კი ისეთ პირობებში, როდესაც მხარე სამუშაოს იმ სახით მიღების ფაქტს, როგორიც მან მენარდისაგან მიიღო, ვერ უარყოფს და საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც აპელანტის მიერ მიწოდებული საქონლის ნაკლოვანების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას/გაფრთხილებას დაადასტურებდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ქ--–--------–----------–----–---------------- სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში, ასევე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით ასევე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ქ--–--------–----------–----–---------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები თამარ ზამბახიძე

თამარ ალანია