განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.11.2018
საქმის ნომერი
020310418002255790
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020310418002255790

საქმე N3/ბ-343-18წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

შემადგენლობა

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)

ხათუნა ხომერიკი, მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

აპელანტი – თ-- ყ-----–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარეები – სსიპ სახელმწიფო ს------------------------------------, სსიპ სახელმწიფო ს------------------------------------ს ზ---------- ს-------–---------------- სამსახური

წარმომადგენელი – მ----------–---–-

 

დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ზ---------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1. 2018 წლის 12 იანვარს თ-- ყ-----–---–მა სარჩელით მიმართა ზ---------- რაიონულ სასამართლოს სსიპ სახელმწიფო ს------------------------------------ს, სსიპ სახელმწიფო ს------------------------------------ს ზ---------- ს-------–---------------- სამსახურის მიმართ და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ს------------------------------------ს ზ---------- ს-------–---------------- სამსახურის დავალდებულება მოსარჩელის სახელზე გასცეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

მოსარჩელის აღნიშვნით, 2018 წლის 1 იანვარს მის (თ-- ყ-----–---–-ს) პირადობის მოწმობას გაუვიდა მოქმედების ვადა, რის გამოც მიმართა ზ---------- ს-------–---------------- სამსახურს და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა, რაზეც 2017 წლის 16 ნოემბრის N--------- წერილით უარყოფითი პასუხი მიიღო. ზემოაღნიშნულ წერილში განმარტებულ იქნა, რომ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების 25-ე მუხლის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური გასცემენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით პირადობის მოწმობას, რაც შეეხება არაელექტრონულ პირადობის მოწმობას, ის გაიცემა ბრძანებაში აღნიშნულ შემთხვევაში. აღნიშნულს არ დაეთანხმა მოსარჩელე და გაასაჩივრა ზემგდომ ინსტანციაში - სახელმწიფო ს------------------------------------ში, საიდანაც 2017 წლის 18 დეკემბერს მიიღო პასუხი N0---------14.12.2017წ, რომელიც არ იყო დასაბუთებული და არ შეესაბამებოდა კანონს, რადგან მოქმედი კანონი შესაძლებლობას იძლეოდა გაცემულიყო არაელექტრონული პირადობის მოწმობა, თუ მოქალაქეს ამის სურვული ჰქონდა. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანებით დამტკიცებულ წესს, რომლის საფუძველზეც სააგენტომ უთხრა უარი, იყო კანონქვემდებარე აქტი და ნორმატიული აქტების შესახებ კანონის თანახმად, მას ვერ ექნებოდა უპირატესი ძალა კანონზე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“, რომლის მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 მუხლები ერთმნიშვნელოვნად განმარტავენ არაელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემის წესს და პირობებს. კანონი აძლევს მოქალაქეებს საშუალებას, სურვილის შემთხვევაში, აიღონ არაელექტრონული პირადობის მოწმობები. მოპასუხე მხარე კი არ ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ ფუნქციას და მოსარჩელე იძულებულია მიმართოს სასამართლოს და სარჩელით მოითხოვოს მისი კონსტიტუციით აღიარებული და კანონით გარანტირებული უფლების განხორციელება.

 

მოპასუხე – სსიპ სახელმწიფო ს------------------------------------ს და სსიპ სახელმწიფო ს------------------------------------ს ზ---------- ს-------–---------------- სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ზ---------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით თ-- ყ-----–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. 2017 წლის 14 ნოემბერს თ-- ყ-----–---–მა მიმართა სსიპ სახელმწიფო ს------------------------------------ს ზ---------- ს-------–---------------- სამსახურს განცხადებით, რომლითაც მოითხოვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე;

 

2.1.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო ს------------------------------------ს ზ---------- ს-------–---------------- სამსახურის 2017 წლის 16 ნოემბრის №2-------- წერილით თ-- ყ-----–---–-ს განცხადება არ დაკმაყოფილდა. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაიცემოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიეტურ მიზეზთა გამო შეუძლებელი იყო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა;

 

2.1.3. თ-- ყ-----–---–მა 2017 წლის 05 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო ს------------------------------------ში გაასაჩივრა 2017 წლის 16 ნოემბრის №2-------- წერილი.

 

2.1.4. სააგენტოს 2017 წლის 14 დეკემბრის №0-------- წერილით თ-- ყ-----–---–ს უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

მოსარჩელის მოთხოვნაა მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელის სახელზე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის სასამართლოს წესით დავალდებულება, რამეთუ მისი ასეთი მოთხოვნა მოპასუხის მხრიდან არ დაკმაყოფილდა. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელეს განემარტა, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაიცემოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელი იყო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

მოსარჩელე არ ეთანხმება მოპასუხე მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას. მან სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11, მე-12, მე-13 და მე-14 მუხლებზე, რომელთა საფუძველზეც მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნორმებში დაფიქსირებულია შესაძლებლობა პირადობის მოწმობა შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელს, რაც მიუთითებს მასზედ, რომ პირს სურვილის შემთხვევაში შეუძლია არ აიღოს პირადობის მოწმობა ელექტრონული მატარებლით და თავისუფლად მოითხოვოს მისი გაცემა ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

მოსარჩელის მიერ განვითარებულმა აღნიშნულმა მსჯელობამ გამოკვეთა ხსენებულ ნორმათა სასამართლოს მიერ განმარტების აუცილებლობა, რათა განისაზღვროს მოპასუხე მხარის მოსარჩელის მიმართ უმოქმედობის მართლზომიერების საკითხი. სასამართლოს მოსაზრებით, სადავო საკითხზე ყურადსაღებია საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი, რომლითაც სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება: კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ემიგრაციისა და იმიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ;

 

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.

 

2.2.2. სასამართლომ განმარტა, რომ სამართლებრივი კავშირის ერთ-ერთი გამოხატულებაა საქართველოს სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობა, რაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქისათვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემასთან, რასაც არეგულირებს მოსარჩელის მიერ მითთებული სპეციალური ნორმატიული აქტები. სახელდობრ, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რაც მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.

 

იმავე კანონის მე-14 მუხლის პირველი და მესამე პუნქტით, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრთვე აფხაზურ ენაზე; პირადობის მოწმობის რეკვიზიტებია: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) დაბადების თარიღი; დ) დაბადების ადგილი; ე) პირადი ნომერი; ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის გერბიანი ბეჭედი; ზ) პირადი ხელმოწერა; თ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება; ი) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; კ) რელიეფური ბეჭედი; ლ) მოწმობის გაცემის თარიღი; მ) მოწმობის მოქმედების ვადა; ნ) მისამართი; ო) რეგისტრაციის თარიღი.

 

ზემოთ მითითებული მუხლებიდან მოსარჩელის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მე-14 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლითაც საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზედაც ელექტრონული ფორმით დაიტანება (ჩაიწერება) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა).

 

აღნიშნულ ნორმათა ერთობლივი სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არის ის უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო საბუთი, რომლითაც წარმოჩინდება პირი საჯარო თუ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში, დოკუმენტს სტანდარტულად გააჩნია პერსონალური მონაცემების შემცველი აუცილებელი რეკვიზიტები და იგი შეიძლება გაიცეს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლით ან მის გარეშე, რასაც ცხადყოფს მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შინაარსი, თუმცა იმავე მუხლის მე-10 პუნქტის მე-2 წინადადება აკონკრეტებს, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის (არაელექტრონული) გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა. აქვე უნდა განიმარტოს, რომ ობიექტური გარემოება არ გულისხმობს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, პირიქით, ობიექტური გარემოება არის გარემოება, რომელიც პირის ნებისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის ელექტრონული მოწმობა) აღებას.

 

2.2.3. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობა იცნობს პირადობის მოწმობის მითითებულ ორ სახეს, მათ შორის, თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის’’ 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა, ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის. გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/ მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

ამრიგად, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ობიექტური მიზეზები შემთხვევების სახით რეგლამენტირებულია 25-ე მუხლში, რომელთაგან მოსარჩელემ ვერ მიუთითა ვერცერთ შემთხვევაზე, რაც შესაძლოა გამხდარიყო მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება მოპასუხის მიერ არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარის უკანონობის შესახებ, რომ მოპასუხე არასწორად განმარტავს კანონს, ვინაიდან სასამართლოს მითითებული მსჯელობიდან ნათელია, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის დამაზუსტებელ მე-14 მუხლის მე-10 პუნქტს არ ეწინააღმდეგება №98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის’’ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულება. არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღება არ უკავშირდება მოქალაქის ნებას, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პირადობის მოწმობასა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას შორის გააკეთოს არჩევანი, სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მიერ გაიცემა მხოლოდ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, ხოლო მათ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ კონკრეტულ, საგამონაკლისო შემთხვევაში, ობიექტური გარემოების არსებობისას, რასაც მოსარჩელესთან მიმართებაში ადგილი არა აქვს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო უფლებამოსილია ხსენებული კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს კონკრეტული მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალების, კერძოდ, მოსარჩელის სახელზე გასცეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, უსაფუძვლო იყო და არ დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ზ---------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ-- ყ-----–---–მა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი დასაბუთებით:

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად უსწოროა. მართალია სასამართლომ გამოიყენა კანონი, მაგრამ არასწორად, ტენდენციურად განმარტა იგი. სასამართლომ გადაწყვეტილებაში ისაუბრა კანონის "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" და მის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე აქტზე - N98 ბრძანების 25-ე მუხლზე, მაგრამ კანონის არასწორი განმარტების შედეგად გააკეთა არაობიექტური, დაუსაბუთებელი და ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები, კერძოდ: გადაწყვეტილებაში კანონის მე-11 და მე-12 მუხლებზე და 98-ე ბრძანების 24-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია - საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, მაშინ საიდან ჩანს ივლისიდან შემოსული ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოობა? N98 ბრძანებაც გამოცემულია კანონის მე-20.2 მუხლის შესასრულებლად, და შესაბამისად ის უნდა ითვალისწინებდეს არა მარტო პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის უზრუნველყოფას, არამედ არაუფლებამოსილი ტერიტორიული ორგანოების მიერ გასაცემი პირადობის (არაელექტრონული) მოწმობის გაცემის პირობებსაც, რასაც ბრძანების გარდამავალი დებულების დანაწესი ერთმნიშვნევლოვნად აღიარებს: ბრძანების 58-ე მუხლის მე-2 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული "დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში”, თუმცა არც დაინტერესებული პირის და არც მოქმედი კანონის კანონის მე-13 მუხლის 1 პუნქტის და მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების დანაწესის შესაბამისად, პირადობის მოწმობის გაცემა, რომ უნდა უზრუნველყოს სააგენტომ ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით 4-10 წლის მოქმედების ვადით, ამაზე კანონქვემდებარე N98 ბრძანება მიზანმიმართულად კატეგორიულად არაფერს ამბობს;

 

3.1.2. აპელანტის მსჯელობით სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე იუსტიციის მინისტრის 98-ე ბრძანებით მოპასუხეს მინიჭებული აქვს ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება, თუმცა მას არ გამოურკვევია სააგენტო რომელსაც ევალება გასცეს პირადობის მოწმობა ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით, სად არის ის ტერიტორიული ორგანო, რომელიც ვალდებულია გასცეს პირადობის მოწმობა 10 წლის ვადით? იუსტიციის მინისტრის ბრძანებით სააგენტოს ყველა ტერიტორიული სამსახურებისათვის პირადობის ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭება, არ შეიძლებს ჩაითვალოს სააგენტოსათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გაუქმების საფუძვლად.

 

3.1.3. აპელანტის განმარტებით რაიონული სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციებით სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა და მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ მათი აღების სავალდებულოობა, კანონმა არ გაითვალიწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ მოქალაქეთა ინტერესები დაცულ იქნეს მათი პირადი დოკუმენტაციის გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით. აღნიშნული მსჯელობიდან ნათლად სჩანს, რომ კანონმა კი არა, სასამართლომ არ გაითვალისწინა, და არავითარი სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ საქართველოს ათიათასობით მოქალაქეს აქვს უვადო პირადობის მოწმობა, რომლის გამოცვლის სავალდებულოობა არ დაადგინა კანონმა და არ "იზრუნა" მათთვის ესარგებლათ ტექნოლოგიური მიღწევებით, რათა დაცული ყოფილიყო მათი ინტერესები და უსაფრთხოება. ასევე სასამართლომ არც ის გაითვალისწინა, რომ მოპასუხის მიერ ადგილი აქვს მოსარჩელის იძულებას აიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა, რომელიც იმის გამო, რომ თავისი ნებით უარს აცხადებს კანონმდებლის მიერ "შეიძლება"-ს სახით დაშვებული ელექტრონული მოწმობის მიღებაზე, თავისთავად იძულებულია უარი თქვას მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებზე: იმუშაოს, ისარგებლოს ჯანდაცვით, მიიღოს განათლება, შეიძინოს და განკარგოს ქონება და ა.შ. მხოლოდ იმის გამო, რომ შესრულდეს ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს პასპორტებში და სამგზავრო დოკუმენტებში ბიომეტრიული მონაცემების შეტანას და არა ქვეყანაში პირადობის მოწმობების ელექტრონული სახით სავალდებულოობას;

 

3.1.4. აპელანტის განმარტებით სასამართლომ ასევე სამართლებრივი შეფასება არ მისცა, თუ რატომ ჩაწერა კანონმდებელმა სიტყვა "შეიძლება" ელექტრონულ პირადობასთან მიმართებაში და არც საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება გაითვალისწინა სიტყვა ,,შეიძლება“-სთან დაკავშირებით, კერძოდ მათი განმარტებით "შეიძლება" თავისთავად არ “უნდა იქნეს გაგებული, სახელმწიფოსთვის მინიჭებულ უპირობო თავისუფლებად. კანონმდებლისთვის რაიმე შესაძლებლობის მინიჭება არ ნიშნავს მისი ქმედების აბსოლუტურ თავისუფლებას, (საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 15 თებერვალს გადაწყვეტილება N3/1/659 საქმე, საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქრთველოს პარლამენტის წინააღმდეგ.) მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი ხელისუფლების განხორციელებისას შებოჭილია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, რაც მას არ აძლევს შესაძლებლობას, თვითმიზნური, არაგონივრული და არაპროპორციული საშუალებების გამოყენებით შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში. თუ კანონმდებელი დაუშვებს კონსტიტუციით დადგენილი ზოგადი წესიდან გამონაკლისს და დაადგენს პირისათვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, მას მოეთხოვება ასეთი გადაწყვეტის აუცილებლობის დასაბუთება. რაც არცერთ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. ასევე უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოს N98 ბრძანების 58-ე მუხლის მე-2 პუნქტში პირდაპირ მითითებული დათქმა "დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში";

 

3.1.5. აპელანტის მითითებით სასამართლოს ასევე არ გამოუკვლევია - სააგენტომ, რომელიც საქმეში წარმოადგენს მხარეს და ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით ახორციელებს პირადობის მოწმობის გაცემას 18 წლამდე - 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირებზე 10 წლის ვადით, რატომ არ მოახდინა ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლით გავალისწინებული ქმედების განხორციელება? სასამართლომ ასევე არანაირი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ N98 ბრძანების 28-ე მუხლში მითითებულია პირები, ვინც უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს მოთხოვნით პირადობის მოწმობის და არა პირადობის ელექტრონულ მოწმობის მიღებაზე: ა) სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა; ბ) 14-დან 18 წყლამდე ასაკის პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა კანონიერება - დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ზ---------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია წესის 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ობიექტური გარმოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, არამედ, იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ამასთან, ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, რომ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არაუმეტეს 6 თვემდე ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა, მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ მესამე თავით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის წესი. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია: პირადობის მოწმობა. ამავე წესის 25-ე მუხლით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის სახეები. მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

ნიშანდობლივია, რომ იმ დროს, როდესაც, მოსარჩელე თ-- ყ-----–---–მა მოითხოვა არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა, სახეზე არ იყო წესის 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას, განმცხადებელზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევა იმის დაშვების უფლებას, რომ გაიცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს.

 

ნორმის ამგვარი განმარტება შესაბამისობაშია მსგავს დავაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 05 ივლისის (Nგს-389-389 (კ-18) განჩინებით დადგენილ პრაქტიკასთან. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ზ---------- რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

პალატა აღნიშნავს, რომ თ-- ყ-----–---–-ს სააპელაციო საჩივარი უარყოფილია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის − 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის ვალდებულება აპელანტს ეკისრება, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ-- ყ-----–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ზ---------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

მურთაზ მეშველიანი

 

ხათუნა ხომერიკი