განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 041210018002472926
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1224-2018 წ. 7 თებერვალი 2019 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თ----- სვანიძე
სხდომის მდივანი ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოპასუხე): შ---- ფ---------
წარმომადგენელი: ვ--–------- თ-----------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ე---------------ი
წარმომადგენელი: თ----- გ------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს მისო ე---------------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აღწერილობითი ნაწილი:
1.შპს მისო ე--------------ის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თერჯოლის მაგისტრატ სასამართლოს, მოპასუხე მხარედ შ---- ფ--------- მიუთითა და ითხოვა მოპასუხე შ---- ფ--------ისათვის მოსარჩელე შპს მისო ე---------------ის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის - 975.71 აშშ დოლარის, სარგებლის 686.24 აშშ დოლარისა და ავტომობილის შეფასების აქტის მომზადებისათვის გადახდილი 100 ლარის დაკისრება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გირავნობის საგანმა ვერ უზრუნველყო დავალიანების სრულად დაფარვა, რის გამოც ითხოვა მითითებული თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხე შ---- ფ--------ის საკუთრებაში არსებული სხვა ნებისმიერი ქონებიდან.
2. მოსარჩელის განმარტებით: 2016 წლის 19 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხე შ---- ფ---------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ N K----------- ხელშეკრულება შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეს გადაეცა 5%-იანი სარგებლის დარიცხვით სესხი 1655 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 18 თვის განმავლობაში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა შ---- ფ--------ის კუთვნილი ავტომანქანა - ბე ემ ვე 5--.
3. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელეს გადაეცა გირავნობის საგანი. 2017 წლის 28 მარტს გირავნობის საგანი გაიყიდა 2654 ლარად (1085 აშშ დოლარი). აღნიშნული თანხით გაიქვითა სესხის ძირი 679.29 აშშ დოლარი და სარგებელი 405.71 აშშ დოლარი.
4. მოპასუხეს დარჩა დავალიანება სესხის ძირითადი თანხა 975.71 აშშ დოლარი, რომელსაც ერიცხება სარგებელი ყოველთვიურად 5%; 2017 წლის 28 მარტიდან სარჩელის აღძვრამდე დარიცხული სარგებლის ოდენობა შეადგენს - 686.24 აშშ დოლარს.
5. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე.
6.მოსარჩელემ ითხოვა, რომ სარჩელი მითითებული თანხების ამოღება განხორციელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონებიდან.
მოპასუხის განმარტება:
7. მოპასუხე შ---- ფ---------მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ მას რაიმე დავალიანება არ გააჩნია. სესხის აღებიდან ერთი თვის განმავლობაში მან გირავნობის საგანი გადასცა მოსარჩელეს და შეთანხმების შესაბამისად მას უნდა შეეწყვიტა პროცენტის დარიცხვა. ავტომანქანის ჩაბარებით მის მიერ სრულად მოხდა სესხის დაფარვა.
8. მოსარჩელე მხარემ შ---- ფ--------ის გარეშე მოახდინა ავტომანქანის გასხვისება, რისი უფლებაც მოსარჩელეს არ ჰქონდა. გასხვისება მოხდა გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასზე ნაკლებად, რითიც გაუარესდა მოპასუხის მდგომარეობა. ამასთან, გირავნობის საგანი, რომელიც გაყიდა მოსარჩელემ, სრულად უზრუნველყოფდა სესხის თანხას. ავტომანქანით სრულად იქნა დაფარული სესხის თანხა და მას მოსარჩელის მიმართ რაიმე დავალიანება არ გააჩნია, მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
9.თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე შპს მისო ე---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე შ---- ფ---------ს დაეკისრა მოსარჩელე შპს მისო ე---------------ის სასარგებლოდ 2016 წლის 19 ოქტომბრის სესხისა და გირავნობის შესახებ № K----------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1385.51 აშშ დოლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირი თანხაა 975.71 აშშ დოლარი, სარგებელი (3%) 409.80 აშშ დოლარი. სარჩელი სარგებლის 276.44 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე შ---- ფ---------ს დაეკისრა მოსარჩელე შპს მისო ე---------------ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 53.76 ლარის და ავტომობილის შეფასების აქტის მომზადებისათვის გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10.2016 წლის 19 ოქტომბერს შ---- ფ---------სა და შპს მისო ე---------------ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №K----------- სესხის გადაცემის შესახებ და მოპასუხეზე გაიცა სესხი 1655 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის სარგებელი/პროცენტი 5%-ის ოდენობით ყოველთვიურად.
11.საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ №K---------92 ხელშეკრულების თანახმად სესხი უზრუნველყოფილი იქნა შ---- ფ--------ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანით „ბე ემ ვე 5--“, სარეგისტრაციო ნომერი B------.
12. გირავნობის საგანი ავტომანქანა „ბე ემ ვე 5--“, სარეგისტრაციო ნომერი B------ მოპასუხე შ---- ფ--------ის მიერ ჩაბარდა მოსარჩელეს 2016 წლის 30 ნოემბერს, რაზედაც შედგა მიღება-ჩაბარების აქტი.
13.ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის სესხის უზრუნველყოფის საგნის შეფასების აქტი არ შემდგარა, ხოლო გირავნობის საგნის მოსარჩელისათვის გადაცემის მომენტისათვის, 2016 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით ის შეფასებული იქნა 3000 ლარად, რომლის ლიკვიდური ფასი შეადგენდა 2500 ლარს.
14. მოპასუხე შ---- ფ---------ს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გრაფიკის შესაბამისად ვალდებულება არ შეუსრულებია, თანხა არ გადაუხდია. რის გამოც, 2017 წლის 02 მარტს, მას გაეგზავნა გაფრთხილება, რომ კომპანიის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების დაფარვის მიზნით გირავნობის საგანი გადაეცა სარეალიზაციოდ კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტისათვის.
15. ვინაიდან, მოპასუხის მიერ დაირღვა შეთანხმება სესხის ანაზღაურების შესახებ, მოსარჩელე შპს მისო ე---------------ის გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელის N2--------- გადაწყვეტილებით განხორციელდა გირავნობის საგნის - შ---- ფ--------ის კუთვნილი ავტომანქანა „ბე ემ ვე 5--“ (სარეგისტრაციო ნომერი B------) რეალიზაცია - ფიზიკურ პირ დ--------------–---–ზე 2654 ლარად.
16. გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად დაიფარა მოპასუხის მიერ აღებული სესხის სარგებელი 405.71 აშშ დოლარი და სესხის ძირი შემცირდა 679.29 აშშ დოლარით. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს ერიცხება დავალიანება ძირი თანხა 975.71 აშშ დოლარი და სარგებელი 686.24 აშშ დოლარი.
17. სარჩელის განმხილველმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. რის გამოც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე, 276-ე, 278-ე, 283-ე, 361-ე, 403-ე, 623-625-ე მუხლებზე მითითებით სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
18. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით იქნა გასაჩივრებული მოპასუხე შ---- ფ--------ის მიერ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და შპს მისო ე--------------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა. აპელანტის განმარტებით: საქმის მასალებით დგინდება, რომ გირავნობის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენდა ავტომობილი, რომელიც ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად სრულად უზრუნველყოფდა სასესხო ვალდებულებებს და თანმდევ ხარჯებს. ხელშეკრულება გაფორმდა 2016 წლის 16 ოქტომბერს, ხოლო ამავე წლის 30 ნოემბერს შპს,მისო ე---------------მა შეუზღუდა გირავნობის საგნის განკარგვა. გირავნობის საგანი მოთხოვნისთანავე გადაეცა ფიზიკურად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში კრედიტორს. გირავნობის საგნის გადაცემის დროს კრედიტორმა მოვალეს განუმარტა, რომ არანაირი ვალდებულება არ გააჩნდა და თავად მოახდენდა ავტომობილის რეალიზებას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს იყო მოვალე მხარის განზრახ შეცდომაში შეყვანა და ზედმეტი ფინანსური ვალდებულების დაკისრების სურვილი.
19. აპელანტის მითითებით, მან გააცნობიერა, რომ ვერ ახერხებდა სესხის დაფარვას და გირავნობის საგანი სესხის აღებიდან ერთი თვის განმავლობაში გადასცა მოსარჩელეს. შესაბამისად, აღნიშნული ქმედებით დაამთავრა სასესხო ურთიერთობები მასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე კი მოსარჩელე მხარის პრეტენზიები უსაფუძვლოა. აპელანტი მიიჩნევს, რომ ავტომობილის ჩაბარება მოსარჩელის მხრიდან იყო სესხის სრული მოცულობით დაფარვის დადასტურება, ხოლო, იმ შემთხვევში, თუ ვერ ხერხდებოდა გირავნობის საგნით მოთხოვნის სრული დაფარვა, მოსარჩელე ვალდებული იყო მოპასუხის გარეშე არ მოეხდინა ავტომობილის გასხვისება.
20. აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ხელშეკრულების მუხლების შინაარსობრივი ანალიზით ნათელია, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით უმთავრესი უზრუნველყოფის საშუალება გირავნობის საგანია და მოპასუხის მთელ ქონებაზე ვალდებულების გავრცელება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ გირავნობის საგანი ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის არსებულ ფიზიკურ და უფლებრივ მდგომარეობასთან განსხვავებულ ვითარებაში აღმოჩნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ ქონებაზე ვალდებულების გავრცელების შეუზღუდავი უფლების პირობებში, გირავნობის საგნის არსებობა და გირავნობის ხელშეკრულებაც აზრს კარგავს. იმ პირობებში, როცა გირავნობის საგანი სრულ შესაბამისობაშია ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის არსებულ მდგომარეობასთან და ის მფლობელობაში და საკუთრებაში გადაეცა მოგირავნეს, მოთხოვნა დამგირავებლის მთელ ქონებაზე ვალდებულების გავრცელების თაობაზე უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგო, რაც სასამართლოს მიერ არასამართლიანად არ იქნა გაზირებული.
21.მოსარჩელის მიერ მითითებული ხელშეკრულების მუხლები კანონსაწინააღმდეგოა.
22.სასამართლომ არასამართლიანად დააკისრა მოპასუხე მხარეს საპროცენტო სარგებელი.
23.აპელანტმა თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
25. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
26. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს მისო ე--------------ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები შემდეგი გარემოებების გამო:
27. დადგენილია, რომ 2016 წლის 19 ოქტომბერს შ---- ფ---------სა და შპს მისო ე---------------ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №K------------, რომლის თანახმადაც მოპასუხეზე გაიცა სესხი - 1655 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის სარგებელი/ პროცენტი 5 %-ის ოდენობით ყოველთვიურად (ს.ფ.16-23).
28. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, გირავნობის უფლებით დაიტვირთა ავტომანქანა „ბე ემ ვე 5--“, სარეგისტრაციო ნომერი B------.
29. თანხის გადახდის თაობაზე შედგა გადახდის გრაფიკი (ს.ფ.23).
30. დადგენილია, რომ შ---- ფ---------ს შპს მისო ე---------------ის წინაშე ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია, მას არც ერთი თვის გადასახდელი თანხა კრედიტორისათვის არ გადაუხდია და, გირავნობის საგანი - ავტომანქანა „ბე ემ ვე 5--“, სარეგისტრაციო ნომერი B------ - 2016 წლის 30 ნოემბერს ჩააბარა მოსარჩელეს, რაზედაც შედგა მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 30).
31. დადგენილია, რომ გირავნობის საგნის მოსარჩელისათვის დაბრუნების მომენტისათვის, 2016 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, შეფასებული იქნა გირავნობის საგანი, რომელზედაც შედგა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში. მითითებული დოკუმენტის თანახმად, შესაფასებელი ობიექტის საბოლოო ღირებულება შეადგენს - 3000 ლარს, ხოლო ლიკვიდური ფასი შეადგენს 2500 ლარს (24-29).
32. დადგენილია, რომ ვინაიდან მოპასუხის მიერ დაირღვა შეთანხმება სესხის ანაზღაურების შესახებ, მოსარჩელე შპს მისო ე---------------ის გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელის N2--------- გადაწყვეტილებით, განხორციელდა გირავნობის საგნის, შ---- ფ--------ის კუთვნილი ავტომანქანა „ბე ემ ვე 5--“-ის, სარეგისტრაციო ნომერი B------ - რეალიზაცია ფიზიკურ პირ დ--------------–---–ზე 2654 ლარად, 2017 წლის 28 მარტს, რაც უდრიდა 1085 აშშ დოლარს.
33. დადგენილია, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად დაიფარა მოპასუხის მიერ აღებული სესხის სარგებელი 405.71 აშშ დოლარი და სესხის ძირითადი თანხა შემცირდა 679.29 აშშ დოლარით. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს დავალიანება დარჩა ძირი თანხის სახით - 975.71 აშშ დოლარი და სარგებელის სახით - 686.24 აშშ დოლარი.
34. აპელანტი მხარე მიიჩნევს, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციით მისი ვალდებულება შეწყდა. მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მხარეთა შორის შეთანხმებას, რომ ავტომანქანის მოსარჩელისათვის გადაცემით მოსარჩელეს უნდა შეუწყდეს პროცენტის დარიცხვა და სესხი გასტუმრებულად უნდა ჩაითვალოს. პირიქით, ამ პოზიციის საპირისპირო დათქმებს შეიცავს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება. კერძოდ: ხელშეკრულების მესამე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი გადააცილებს სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება სესხის ნაწილში, რა დროსაც მსესხებლისათვის დამატებითი შეტყობინების წარდგენის გარეშეც, ამ უკანასკნელს უპირობოდ დაეკისრება გამსესხებლისათვის სესხის თითოეული ნაწილის (სესხის თითოეული ნაწილის დარჩენილი ნაწილის) დაბრუნების ვალდებულება, აგრეთვე გამსესხებლის სასარგებლოდ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად დარიცხული ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ან/და სხვა ნებისმიერი გადასახდელის გადახდა;
35. ამავე ხელშეკრულების 4.5. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და გამსესხებელს უფლება აქვს მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონებიდან.
36. სადავო ხელშეკრულების 6.3 და 6.4 მუხლების თანახმად: მხარეთა შეთანხმებით დადგენილია, რომ იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზე, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.
37. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მეექვსე მუხლის თანახმად: მხარეთა შეთანხმებით, მოსარჩელე მხარეს გააჩნდა უფლებამოსილება მოეხდინა გირავნობის საგნის რეალიზაცია.
სამართლებრივი შეფასება:
38. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
39. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
40. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
41. დადგენილია, რომ სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხის მიერ არ შესრულდა. მან დაარღვია სესხის ხელშეკრულებით დადგენილი თანხის გადახდის პირობები და დავალიანება არ გადაიხადა. შესაბამისად მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულება და მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების ფარგლებში მოითხოვა სესხის დაფარვა.
42. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
43. სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეს წარმოეშობა გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება.
44. სამოქალაქო კოდექსისი 256-ე და 276-ე მუხლები დისპოზიციური შინაარსის ნორმებია. ამ ნორმამ მხარეებს მიანიჭა უფლება თავად განსაზღვრონ გირავნობის საგნის რეალიზაციისას ამონაგები თანხის არასაკმარისად მიჩნევის შემთხვევაში, ჩაითვალოს თუ არა მოთხოვნა დაკმაყოფილებულად. თუ მხარეები ხელშეკრულებით ამ საკითხზე არ შეთანხმდებიან, მაშინ ამოქმედდება ზემოაღნიშნული მუხლები (ს.კ.-ის 256 მ. და 276 მ.) და გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მიიჩნევა გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუნდაც თანხა საკმარისი არ იყოს უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად.
45. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნებოდა გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, ან/და გირავნობის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადაცემით, ა)გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ დაფარავდა საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლებოდა სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ, მოთხოვნა ჩაითვლებოდა დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ან მისი ღირებულება გაწვდებოდა. ამდენად, კრედიტორმა ისარგებლა სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინიჭებული უფლებით და შეუთანხმდა მოვალეს, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნებოდა გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად ან/და გირავნობის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ დაფარავდა საკრედიტო მოთხოვნის ოდენობას, ვალდებულება შესრულებულად არ ჩაითვლებოდა და კრედიტორს რჩებოდა უფლება დარჩენილი ვალი ამოეღო მოვალის სხვა ქონებიდან. ასეთ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლებოდა სრულად დაკმაყოფილებულად, მოთხოვნა ჩაითვლებოდა მხოლოდ იმ ნაწილში დაკმაყოფილებულად, რასაც გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა ან მისი ღირებულება დაფარავდა.
46. დადგენილია, რომ გირავნობის საგანი, ავტომანქანა გაიყიდა 2017 წლის 28 მარტს, იმ დროისათვის არსებული საბაზრო ფასების შესაბამისად 2654 ლარად, რაც შეადგენდა 1085 აშშ დოლარს. მოპასუხე მხარის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება შემცირდა სარგებელი 405.71 აშშ დოლარით, ხოლო ძირი თანხა 679.29 აშშ დოლარით. გადასახდელი დავალიანება კი დარჩა ძირი თანხის სახით - 975.71 აშშ დოლარი და სარგებელის სახით - 686.24 აშშ დოლარი.
47.პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის ვერც იმ არგუმენტს, რომ შპს მისო ე---------------მა უკანონოდ მოახდინა პროცენტების დარიცხვა მთელი სახელშეკრულებო ვადის გათვლით, გრაფიკის მიხედვით (ანუ 2018 წლის აპრილის ჩათვლით), იმისდა მიუხედავად, რომ რეალურად მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა ავტომანქანის გადაცემის ან უკიდურეს შემთხვევაში რეალიზაციის დროისათვის.
48.საქმეში წარმოდგენილია მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზის უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მე-5 მუხლის თანახმად „იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი 14 დღით გადააცილებს სესხის გადაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებას თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება სესხის ნაწილში, რა დროსაც მსესხებლისათვის დამატებით შეტყობინების წარდგენის გარეშეც, ამ უკანასკნელს უპირობოდ დაეკისრება გამსესხებლისათვის სესხის თითოეული ნაწილის (დარჩენილი ნაწილის) დაბრუნების ვალდებულება, ასევე გამსესხებლის სასარგებლოდ დაკისრებული ჯარიმის, პირგასამტეხლოს ან და სხვა ნებისმიერი გადასახდელის გადახდა. ამასთანავე, მსესხებელს აგრეთვე ეკისრება სესხის თითოეული დარჩენილი ნაწილის ვადაგადაცილების პერიოდში რიცხული სარგებლის გადახდაც.
49.გამომდინარე აღნიშნულიდან, იმისდა მიუხედავად რომ ხელშეკრულება შეწყდა მხარეთა შორის, ამავე ხელშეკრულებით მსესხებელს, შ---- ფ---------ს ჰქონდა ნაკისრი ვალდებულება, სესხის თითოეული დარჩენილი ნაწილის ვადაგადაცილების პერიოდში რიცხული სარგებლის გადახდისა.
50.მხარეთა ზემოთ აღნიშნულ შეთანხმებას კანონიერი საფუძველიც გააჩნია. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც სესხის თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფრო მეტის მიღება შეუძლია.
51.სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას პროცენტის სახით გადასახდელი თანხის შემცირებისა და მისი ოდენობის 409.80 აშშ დოლარით განსაზღვრის ნაწილში და განმარტავს, რომ საპროცენტი განაკვეთის სახით წლიური 36%-ის განსაზღვრა კანონშესაბამისი, გონივრული და სამართლიანია.
52.გამომდინარე ყოველივე აღნიშნულიდან, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კანონშესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ---- ფ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.დარჩეს უცვლელი თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3.აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით;
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /თ----- სვანიძე/