განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210117002069588
საქმე №2/ბ-82-19წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
11 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები : ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ სვანიძე, ლაურა მიქავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - შპს ,,თ----------ი“
მოწინააღმდეგე მხარე - არარეზიდენტი კომპანია ,,ო------ თ-------- უ------–---- ს---- ვე თ--------- ა------ შ---------“
დავის საგანი - ქმედების დავალდებულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
1.აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სასამართლო განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2.1.სასარჩელო მოთხოვნა
არარეზიდენტი კომპანია ,,ო------ თ-------- უ------–---- ს---- ვე თ--------- ა------ შ---------მა“ (შემდგომში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შპს ,,თ----------ის“ მიმართ (შემდგომში მოპასუხე, აპელანტი) და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა შპს ,,თ----------ს“ აეკრძალოს სასაქონლო ნიშან ,,C------“-თი წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე მოითხოვა კონტრაფაქციული საქონლის განადგურება.(ს.ფ. 1-17)
2.1.1.სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, არარეზიდენტი კომპანია ,,ო------ თ-------- უ------–---- ს---- ვე თ--------- ა------ შ---------ი“ წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის ,,C------“-ს მფლობელს. 2009 წლის 18 თებერვალს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის“ მიერ გაცემული მოწმობის საფუძველზე ის წარმოადგენს დასახელებული სასაქონლო ნიშნით წარმოებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციის უფლების მქონე ორგანიზაციას. მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე, ,,C------“-ს სასაქონლო ნიშნით წარმოებულ პროდუქციის რეალიზაციას აწარმოებს უკანონოდ. მოსარჩელემ მოპასუხეს არაერთხელ მოსთხოვა შეეწყვიტა სასაქონლო ნიშნის ,,C------“-ს მქონე საქონლის რეალიზაცია, მაგრამ მოპასუხე მის მოთხოვნას არ ასრულებს. სასაქონლო ნიშანზე უფლების დაცვის მიზნით სარჩელი აღძრა და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა შპს ,,თ----------ს“ აეკრძალა სასაქონლო ნიშან ,,C------’’-თი წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე.
2.1.2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს შესაგებლის წარმოდგენისათვის განსაზღვრულ ათდღიან ვადაში შესაგებელი არ წარუდგენიათ.
2.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
არარეზიდენტი კომპანია ,,ო------ თ-------- უ------–---- ს---- ვე თ--------- ა------ შ---------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა.
შპს თ----------ს აეკრძალა სასაქონლო ნიშან ,,C------“-თი წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე.
დადგინდა, რომ შპს ,,თ----------ის“ მფლობელობაში არსებული სასაქონლო ნიშან ,,C------“-თი შეფუთული (მარკირებული) კონტრაფაქციული საქონელი განადგურდეს.
შპს ,,თ----------ს“, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარისა და უზრუნველყოფის ხარჯის- 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგს:
არარეზიდენტი კომპანია ,,ო------ თ-------- უ------–---- ს---- ვე თ--------- ა------ შ---------მა’’ (შემდგომში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შპს ‘’თ----------ის’’ მიმართ (შემდგომში მოპასუხე, აპელანტი) და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა შპს ‘’თ----------ს’’ აეკრძალოს სასაქონლო ნიშან ‘’C------’’-თი წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე მოითხოვა კონტრაფაქციული საქონლის განადგურება.(ს.ფ. 1-17)
შპს ,,თ----------ისათვის’’ გაგზავნილი სარჩელი და თანდართული მასალები 2017 წლის 18 ოქტომბერს ჩაბარდა საწარმოს ბუღალტერს გ------ გ--–---ს.(ს.ფ. 80)
მოპასუხეს შესაგებლის წარმოდგენისათვის დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა(ს.ფ. 66), რაც გავიდა 2017 წლის 28 ოქტომბერს.
მოპასუხემ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინა.
საქართველოს სსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს“.
ამავე მუხლის მეშვიდე ნაწილით ,,სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით“.
სასამართლომ განმარტა, რომ შესაგებლის წარმოდგენა კანონით განსაზღვრული აუცილებლობაა და მის შეუსრულებლობას მოსდევს იურიდიული შედეგი. სწორედ ამის გამო მოპასუხეს სარჩელთან ერთად გადაცემული გზავნილით განემარტა, რომ ის ვალდებული იყო სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე თავის მოსაზრებებთან ერთად წერილობითი პასუხი (შესაგებელი) სასამართლოსათვის წარმოედგინა სარჩელის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. ამასთან განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხეს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, შესაგებელი არ წარმოუდგენია. ასევე არ უცნობებია სასამართლოსათვის შესაგებელის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. სასამართლო ამ დასკვნამდე მივიდა შემდეგი არგუმენტების გათვალისწინებით:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტის ან სასამართლო კურიერის მეშვეობით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70- ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი სასამართლო გზავნილის ჩაბარება დასტურდება ადრესატის მიერ ელექტრონული საშუალებით მიწოდებული დადასტურებით. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელი და მასზე დართული სხვა მასალები მოპასუხეს ჩაბარდა 2017 წლის 18 ოქტომბერს. სარჩელის ჩაბარების შემდეგ მოპასუხე ვალდებული იყო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში კანონით გათვალისწინებული ფორმით წარმოედგინა შესაგებელი. შესაგებლის წარმოდგენისათვის დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა, რაც გავიდა 2017 წლის 28 ოქტომბერს. მოპასუხემ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინა.
მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 232I-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც ,,მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას”.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საქმეები განიხილება დისპიზიციურობის პრინციპის გამოყენებით. დისპოზციურობის პრინციპი გულისხმობს არა მხოლოდ მხარეებისათვის საპროცესო უფლების მინიჭებას, არამედ იგი გულისხმობს საპროცესო მოვალეობის დაკისრებასაც. ერთერთი ასეთი მოვალეობაა მოპასუხემ წარმოადგინოს შესაგებელი. შესაგებლის წარმოუდგენლობა საქ. სსკ-ის 232I-ე მუხლის საფუძველზე იწვევს მოპასუხის საწინააღმდეგო იურიდიულ შედეგს, რაც მასში გამოიხატება, რომ შესაგებელის წარმოუდგენლობისას სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულებად ითვლება, შესაბამისად დადგენილად და დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: არარეზიდენტი კომპანია ‘’ო------ თ-------- უ------–---- ს---- ვე თ--------- ა------ შ---------ი’’ წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის ,,C------’’-ს მფლობელს. 2009 წლის 18 თებერვალს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ‘’საქპატენტის’’ მიერ გაცემული მოწმობის საფუძველზე ის წარმოადგენს დასახელებული სასაქონლო ნიშნით წარმოებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციის უფლების მქონე ორგანიზაციას. მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე, ,,C------’’-ს სასაქონლო ნიშნით წარმოებულ პროდუქციის რეალიზაციას აწარმოებს უკანონოდ. მოსარჩელემ მოპასუხეს არაერთხელ მოსთხოვა შეეწყვიტა სასაქონლო ნიშნის ‘’C------’’-ს მქონე საქონლის რეალიზაცია, მაგრამ მოპასუხე მის მოთხოვნას არ ასრულებს. სასაქონლო ნიშანზე უფლების დაცვის მიზნით სარჩელი აღძრა და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა შპს ‘’თ----------ს’’ აეკრძალოს სასაქონლო ნიშან ‘’C------’’-თი წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე.
სასამართლომ განმარტა, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობა განხილული უნდა იქნას, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის მხოლოდ შესაგებლის წარუდგენლობა არაა საკმარისი. იმისათვის, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდეს, აუცილებელია სარჩელში მითითებული და დამტკიცებულებად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლომ გამოიკვლია საკითხი, მასზედ, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის და კანონის მეექვსე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძვლებიდან. შესაბამისად მოსარჩელის მიერ სარჩელში ჩამოყალიბებული გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოსარჩელის მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო გზავნილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შპს ,,თ----------ის“ დირექტორს მ--------- ო-------ს ჩაბარდა 2018 წლის 17 თებერვალს (იხ.ს.ფ. 90), ხოლო შპს ,,თ----------ის“ წარმომადგენელ როლანდ ხალვაშს კი იგი ჩაბარდა 2018 წლის 19 სექტემბერს (ს.ფ. 95)
2018 წლის 28 სექტემბერს მოპასუხემ- შპს ,,თ----------მა“ საჩივრით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს ,,თ----------ის“ დირექტორები არის ეროვნებით თურქები და თურქეთის მოქალაქეები, ისინი არ ფლობენ ქართულ ენას. მართალია საქმის მასალები მოწმობენ, რომ 2017 წლის 18 ოქტომბერს შპს ,,თ----------ს“ ჩაბარდა სარჩელი და თანადართული მასალები, მაგრამ ვინაიდან შპს ,,თ----------ის“ მეპატრონეები არიან თურქები და არ ფლობენ სამართალწარმოების ენას, მათ ვერ გაიგეს და ვერ გაათვიცნობიერეს სასამართლო გზავნილის შინაარსი და მათი ვალდებულება იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ისინი ვალდებული იყვნენ წარმოედგინათ შესაგებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მათ ვერ გაიგეს ასევე სარჩელის და თანადართული მასალების შინაარსი, რამეთუ ყველა დოკუმენტი წარედგინათ ქართულ ენაზე, მოპასუხის ვალდებულება მათთვის ცნობილი გახდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შემდეგ. მათ ვერ გაიგეს ასევე ვერც იმის ვალდებულების შესახებ რომ წარედგინათ შესაგებელი სარჩელში დასმულ ყველა საკითხთან მიმართებაში. შესაბამისად მოითხოვს ამ საფუძვლით შესაგებლის წარუდგენლობა საპატიოდ ჩაეთვალოს. რაც შეეხება მეორე პირობას ასევე არ არსებობდა დაუწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რადგან სარჩელში მოცემული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდნენ მოთხოვნას. კერძოდ ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისნებული შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა იკრძალება ბ) ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით; ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი განმარტავს, რომ 2. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს ამ დაცული სასაქონლო ნიშნის გამოყენება ისეთ საქონელზე, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იქნა უშუალოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვის საფუძველზე. ეს წესი არ მოქმედებს, თუ საქონლის თვისებები შეიცვალა, ხარისხი გაუარესდა ან არსებობს ამ აკრძალვისათვის სხვა მნიშვნელოვანი საფუძველი.“
ამ ნორმების თანახმად უნად აღინიშნოს ის გარემეობა,რომ შპს ,,თ----------ის“ მიერ საქართველოში სასაქონლო ნიშან ,,C------’’-თი წარმოებული პროდუქციის საქართველოში იმპორტი, სამოქალაქო ბრუნვაში შემოტანა, დასაწყობება და რეალიზაცია განხორციელდა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ წარმოებული და ნიშანდებული საქონლით, რომელიც ფართოდ და თავისუფლად იყიდება თურქეთის რესპუბლიკაში, ანუ აღნიშნული პროდუქცია წარმოებულია და ნიშანდებულია სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ, რომლის შეძენა შპს ,,თ----------მა“ განახორციელა თურქეთის რესპუბლიკაში, ხოლო შემდგომ მისი შემოტანა და რეალიზაცია საქართველოში. შესაბამისად აღნიშნული პროდუქცია არ წარმოადგენს კონტრაფაქციულ საქონელს. მოსარჩელის მოთხოვნით კი ფაქტიურად მოპასუხეს ეკრძალება ზოგადად სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, რაც ეწინაღმდეგება როგორც კანონს ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“, ისე საერთაშორის ხელშეკრულებებს, რომლის მონაწილეც არის საქართველო. ეს გარემოება მოწმობს იმაზე,რომ სარჩელის მოთხოვნა იურიდიულად არ იყო გამართლებული, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად და საჩივრის განხილვის მიზნით 2018 წლის 12 ნოემბერს 13:00 საათზე დაინიშნა შესაბამისი სხდომა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შპს ,,თ----------ის“ საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
სასამართლომ განმარტა, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო შემდეგ გარემოებათა გამო:
არარეზიდენტი კომპანია ,,ო------ თ-------- უ------–---- ს---- ვე თ--------- ა------ შ---------მა’’ სარჩელი აღძრა შპს ,,თ----------ის’’ მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა შპს ,,თ----------ს’’ აკრძალვოდა სასაქონლო ნიშან ,,C------’’-თი წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე მოითხოვა კონტრაფაქციული საქონლის განადგურება.(იხ.სარჩელი)
შპს ,,თ----------ისათვის’’ გაგზავნილი სარჩელი და თანდართული მასალები 2017 წლის 18 ოქტომბერს ჩაბარდა საწარმოს ბუღალტერს გ------ გ--–---ს. (იხ. გზავნილის ჩაბარების დასტური).
შპს ,,თ----------მა’’ შესაგებელი არ წარმოდგინა.
უდაო გარემოებაა, რომ შპს ,,თ----------ის’’ დამფუძნებელია მ------ ჰ------–ი, რომელიც თურქი ეროვნებისაა. ქართული ენის ცოდნის საკითხი წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ ირკვევა.
სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ გარემოებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. შესაბამისად შპს ,,თ----------ის’’ საჩივარი უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო შემდეგ გარემოებათა გამო:
უდაოა, რომ საქმეში შპს ,,თ----------ი’’ მოპასუხეა. მას სარჩელი ჩაბარდა 2017 წლის 18 ოქტომბერს. სარჩელის ჩაბარების შემდეგ მისი საპროცესო მოვალეობა იყო სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში წარმოადგინოს შესაგებელი. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა გავიდა 2017 წლის 28 ოქტომბერს. ამ ვადაში მან შესაგებელი არ წარმოადგინა. მოპასუხის შესაგებლის წარმოუდგენლობის შედეგები რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც ,,მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას”.
სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის მიღება და კანონით დადგენილი წესით შესაგებლის წარმოდგენა მოპასუხის საპროცესო მოვალეობაა. შესაგებლის აღძვრისაგან თავის შეკავება იწვევს გარკვეულ იურიდიულ შედეგებს. მოპასუხის მიერ შესაგებლის არ აღძვრა დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინაპირობაა. იმისათვის, რომ საქმეზე მიღებული იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აუცილებელია დადგინდეს, რომ:
- მოპასუხეს სარჩელი ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.
- მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა კანონით განსაზღვრულ ვადაში;
- მოპასუხეს არ აქვს შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი;
-სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს მოთხოვნას.
ყველა პირობა ერთად ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.
სასამართლომ შეამოწმა მოპასუხისათვის სარჩელის ჩაბარების საკითხი, დაადგინა, რომ მოპასუხეს სარჩელი ჩაბარდა 2017 წლის 18 ოქტომბერს. აღნიშნული დგინდება გზავნილით, რომლის ჩაბარებაც მოპასუხეს სადაო არ გაუხდია. სარჩელის გაგზავნა და ფოსტის მეშვეობით მოპასუხისათვის ჩაბარება წარმოადგენს საქ. სსკ-ის 70-ე და 72-73-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად სარჩელის გაგზავნას და ჩაბარებას. ამდენად შპს ,,თ----------ს’’ სარჩელი ჩაბარებული აქვს კანონით დადგენილი წესით.
უდაოა ის გარემოება, რომ მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა, რის გამოც 2017 წლის 10 ნოემბერს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოპასუხე მიიჩნევს, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი აქვს და ეს მიზეზი არის ის, რომ შპს ,,თ----------ის’’ მესაკუთრე მ------ ჰ------–ი ეროვნებით თურქია და არ იცის ქართულ ენაზე წერა და კითხვა. ის ვერ გაერკვა სარჩელის არსში და შესაგებელიც ამიტომ ვერ წარმოადგინა. საქმეში წარმოდგენილია საფოსტო გზავნილი, რომლითაც დგინდება, რომ შპს ,,თ----------მა’’ სარჩელი და მასთან დაკავშირებული მასალები ჩაიბარა 2017 წლის 18 ოქტომბერს. შესაბამისად ეს საკითხი სადაო არაა. სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს ენის ცოდნის პრობლემას და განისაზღვროს არის თუ არა ენის პრობლემა დაუსწრებელი გადაწყვეტილების დამაბრკოლებელი გარემოება ან მისი გაუქმების მიზეზი. საპატიო მიზეზი ფაქტობრივი გარემოებაა. მისი არსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. მომჩივანმა უნდა დაამტკიცოს რომ შესაგებელი ვერ წარადგინა საპატიო მიზეზით. ბუნებრივია ყველა მიზეზი ვერ იქნება საპატიოდ აღქმული. საქ. სსკ-ის 215-ე მუხლის მესამე პუნქტმა განსაზღვრა საპატიო მიზეზის მცნება. დასახელებული ნორმით საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის შესაგებლის წარდგენას. ენის არ ცოდნა არ წარმოადგენს შესაგებელის არ აღძვრის გამამართლებელ გარემოებას. პირიქით, თუ პირმა არ იცის სამართალწარმოების ენა, უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს და გულისხმიერად მოეკიდოს გზავნილების ჩაბარებას. ასეთმა პირმა გვერდით უნდა ამოიყენოს ის პირი, ვინც ფლობს ქართულ ენას, ან დროულად დაიჭიროს თადარიგი გზავნილის გადათარგმნაზე. თუ მან ასეთი თადარიგი არ დაიჭირა, ეს მის გაუმართლებელ რისკად უნდა შეფასდეს და არ უნდა მიეცეს საპატიო მიზეზის სტატუსი. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანს შესაგებლის არაღძვრის საპატიო მიზეზი არ აქვს.
სასამართლომ განმარტა, რომ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობა (საქ. სსკ-ის 2321-ე მუხლი) იწვევს სარჩელში მითითებული გარემოებების დამტკიცებულად მიჩნევას. საჩივრის დასაბუთებულობის გამორკვევის მიზნით შესამოწმებელია სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას. იმის გამო, რომ მოპასუხემ შესაგებელი არ აღძრა, სასამართლომ სარჩელში მითითებული გარემოებები დადგენილად მიიჩნია. ანუ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ არარეზიდენტი კომპანია ‘’ო------ თ-------- უ------–---- ს---- ვე თ--------- ა------ შ---------ი’’ წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის ‘’C------’’-ს მფლობელს. 2009 წლის 18 თებერვალს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ‘’საქპატენტის’’ მიერ გაცემული მოწმობის საფუძველზე ის წარმოადგენს დასახელებული სასაქონლო ნიშნით წარმოებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციის უფლების მქონე ორგანიზაციას. მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე, ‘’C------’’-ს სასაქონლო ნიშნით წარმოებულ პროდუქციის რეალიზაციას აწარმოებს უკანონოდ. მოსარჩელემ მოპასუხეს არაერთხელ მოსთხოვა შეეწყვიტა სასაქონლო ნიშნის ‘’C------’’-ს მქონე საქონლის რეალიზაცია, მაგრამ მოპასუხე მის მოთხოვნას არ ასრულებს. სასაქონლო ნიშანზე უფლების დაცვის მიზნით სარჩელი აღძრა და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა შპს ‘’თ----------ს’’ აეკრძალოს სასაქონლო ნიშან ‘’C------’’-თი წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის და კანონის მეექვსე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძვლებიდან. შესაბამისად მოსარჩელის მიერ სარჩელში ჩამოყალიბებული გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოსარჩელის მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილი იქნა, რომ მოპასუხეზე სარჩელის გაგზავნა და ჩაბარება. ამდენად შპს ,,თ----------მა’’ შესაგებელი არ წარმოადგინა, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც მისი საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები
3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ მოპასუხემ წარადგინა საპელაციო საჩივარი და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმავე საფუძვლებით, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივარში მიუთითა და აღნიშნა, რომ შპს „თ----------ი“-ს სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი (რომელიც წარმოდგენილია საქმეში) მოწმობს იმის შესახებ, რომ აღნიშნული კომპანიის დირექტორს და 50%-ი წილის მესაკუთრეს წარმოადგენს მ--------- ო-------ი, ხოლო დარჩენილი 50%-ი წილის მესაკუთრე არის მ------ ჰ------–ი; აღნიშნული პირები არიან ეროვნებით თურქები და წარმოადგენენ თურქეთის მოქალაქეებს, რომლებიც არ ფლობენ სამართალწარმოების ენას და არ იციან ქართული ენა. შპს „თ----------ს“ სასამართლო გზავნილთან ერთად სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა 2017 წლის 18 ოქტომბერს. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის დირექტორი და მისი მეპატრონეები არ ფლობენ სამართალწარმოების ენას, მათ ვერ გაიგეს და ვერ გაათვიცნობიერეს სასამართლო გზავნილის შინაარსი და მათი ვალდებულება იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში უნდა წარმოედგინათ შესაგებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში შპს „თ----------ი“-ს მიმართ გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გააჩნია დირექტორს; შპს „თ----------ი“-ს დირექტორს წარმოადგენს მ--------- ო-------ი, რომელიც, არ ფლობს სამართალწარმოების ენას; აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჩათვლილი უნდა იქნას საპატიოდ, ვინაიდან დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საპატიო მიზეზად ითვლება "სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას." ამ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებული გარემოება მიჩნეულ უნდა იქნას საპატიოდ, რაც არ იქნა გაზიარებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ.
3.1.1. სარჩელის მოთხოვნა იურიდიულად არ იყო გამარტლებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
1. შპს „თ----------ს“ აეკრძალა სასაქონლო ნიშან „C------”-თი წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე“.
2. დაწესდა შპს ,,თ----------ის" მფლობელობაში არსებული სასაქონლო ნიშან „C------”-თი შეფუთული (მარკირებული) კონტრაფაქციული საქონელის განადგურება".
3.1.2. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ „ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა, იკრძალება „ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით“. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი განმარტავს, რომ „სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს ამ დაცული სასაქონლო ნიშნის გამოყენება ისეთ საქონელზე, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იქნა უშუალოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვის საფუძველზე. ეს წესი არ მოქმედებს, თუ საქონლის თვისებები შეიცვალა, ხარისხი გაუარესდა ან არსებობს ამ აკრძალვისათვის სხვა მნიშვნელოვანი საფუძველი.“ უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ შპს ,,თ----------ი“-ს მიერ საქართველოში სასაქონლო ნიშან „C------”-თი წარმოებული პროდუქციის (ჰიგიენური საშუალებების) საქართველოში იმპორტი, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, დასაწყობება და რეალიზაცია ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ წარმოებული და ნიშანდებული საქონლით, რომელიც ფართოდ და თავისუფლად იყიდება თურქეთის რესპუბლიკაში. ანუ დასახელებული პროდუქცია წარმოებული და ნიშანდებულია სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის (მოწინააღმდეგე/მოსარჩელის) მიერ, რომლის შეძენას შპს ,,თ----------ი" ახორციელებს თურქეთის რესპუბლიკაში, ხოლო შემდეგ კი მის შემოტანას და რეალიზაცია საქართველოში. აღნიშნული რედაქციით და არსებული შინაარსით სასამართლო გადაწყვეტილების არსებობა ნიშნავს იმას, რომ შპს ,,თ----------ს" ეკრძალება ზოგადად სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, კერძოდ სასაქონლო ნიშან „C------”-თი წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია საქართველოში; მაშინ როცა მას შეიძლება აეკრძალოს მხოლოდ სასაქონლო ნიშან „C------”-თი მარკირებული და ისიც მხოლოდ კონტრაფაქციული პროდუქციის რეალიზაცია. დასახელებული მოთხოვნა არ გამომდინარეობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსიდან, ვინაიდან, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, სასამართლო გადაწყვეტილებით შპს ,,თ----------ს" ეკრძალება არა სასაქონლო ნიშან „C------”-თი წარმოებული კონტრაფაქციული პროდუქციის რეალიზაცია, არამედ მას ეკრძალება ზოგადად სასაქონლო ნიშან „C------”-თი წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, რაც ეწინააღმდეგება „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს და პრინციპებს (მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი და მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი), ასევე საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს, რომლის მონაწილე და ხელშემკვრელი მხარე არის საქართველო.
3.1.3. ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმის მიხედვით, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას, სასაქონლო ნიშანზე, სხვა გასატარებელ ღონისძიებებთან ერთად, განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს: ,,სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის განადგურება, თუ საქონლის სასაქონლო ნიშნისაგან განცალკევება შეუძლებელია ან თუ სასაქონლო ნიშანი საქონელზეა დატანილი"; აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე/მოსარჩელე მხარეს, როგორც სასაქონლო ნიშნის მფლობელს, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შემთხვევაში ქონდა უფლება სარჩელით მოეთხოვა შპს ,,თ----------ი"-ს მფლობელობაში არსებული საქონლის განადგურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შეუძლებელია ან თუ სასაქონლო ნიშანი საქონელზეა დატანილი. შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლო მხოლოდ ამ შემთხვევაში იყო უფლებამოსილი დაეკმაყოფილებია მოწინააღმდეგე მხარის აღნიშნული მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს მოწინააღმდეგე/მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არ უნდა დაეკმაყოფილებია. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე/მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ სარჩელში არაფერია ნათქვამი და არც დავის ფაქტობრივ გარემოებებში არ არის მითითებული იმის შესახებ, რომ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შეუძლებელია, ან/და სასაქონლო ნიშანი საქონელზეა დატანილი, რაც შეიძლება გამხდარიყო საქონლის განადგურების საფუძველი; სარჩელში ასევე არც იმაზეა საუბარი საქონელი არის თუ არა კონტრაფაქციული და რაში გამოიხატება ის; ასევე მას არავითარი სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. შესაბამისად, ამ უკიდურესი ზომის გამოყენებისათვის აუცილებელია არსებობდეს ისეთი შემთხვევა, რომელიც მიუთითებს სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევების შეუძლებლობაზე. მხოლოდ საქონლის კონტრაფაქციულობის არსებობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ ნიშნავს იმას, რომ საქონელი ექვემდებარება განადგურებას; როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო ნიშნის განცალკევება საქონლისაგან არის შეუძლებელი ან სასაქონლო ნიშანი საქონელზე არის დატანილი.
იმის გათვალისწინებით, რომ მოწინააღმდეგე/მოსარჩელე მხარე სარჩელით ითხოვდა საქონლის განადგურებას, სასამართლოს იურიდიულად სწორად უნდა განესაზღვრა და შეეფასებია ის გარემოება, რომ ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილებით საქონლის განადგურება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში დასახელებული გარემოებებით დადასტურებული იქნებოდა (ან ნახსენები იქნებოდა მაინც) და სასამართლო მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება იყო შეუძლებელი ან სასაქონლო ნიშანი საქონელზე იყო დატანილი (აღნიშნულის შესახებ სარჩელის დავის ფაქტობრივ გარემოებებში არაფერია ნახსენები); წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო არ იყო უფლებამოსილი დაეკმაყოფილებია სასარჩელო მოთხოვნა და საქონელი დაექვემდებარებია განადგურებას;
მოწინააღმდეგე/მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, სადაო არ არის ის გარემოება, რომ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება არის შესაძლებელი, რამეთუ ის არაერთხელ მიუთითებს სარჩელში იმის შესახებ, რომ შპს ,,თ----------ი"-ს მფლობელობაში არსებული საქონელი შეფუთულია (მარკირებულია) სადაო სასაქონლო ნიშნით. ყოველივე მოწმობს იმის შესახებ, რომ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება (მოცილება) არის შესაძლებელი. აღნიშნული გარემოების გამო არ არსებობდა სამართლებრივი/კანონიერი წინაპირობა და საფუძველი იმისა, რომ სასამართლოს დაეკმაყოფილებია მოწინააღმდეგე/მოსარჩელე მხარის სარჩელი და მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნულის შესახებ სათანადო განმარტებას შეიცავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება (№ას-1285-1223-2014; 106, 107 და 110 პუნქტები, 27-28 გვერდი).
ყოველივე ზემოთ დასახელებული გარემოებები მოწმობს იმის შესახებ, რომ მოწინააღმდეგე/მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელში დასახელებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნებს, რაც სსსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად წარმოადგენს 2017 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების და 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1.ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელi გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინების დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ არარეზიდენტი კომპანია ,,ო------ თ-------- უ------–---- ს---- ვე თ--------- ა------ შ---------მა’’ (შემდგომში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შპს ‘’თ----------ის’’ მიმართ (შემდგომში მოპასუხე, აპელანტი) და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა შპს ‘’თ----------ს’’ აეკრძალოს სასაქონლო ნიშან ‘’C------’’-თი წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე მოითხოვა კონტრაფაქციული საქონლის განადგურება.(ს.ფ. 1-17)
საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით მოსარჩელეს დაევალა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარდგენა 2 თვის ვადაში. (იხ.,ს.ფ. 65-66)
დადგენილია, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ 2018 წლის 25 ოქტომბერს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იქნა შესაბამისი გზავნილი, რომლის თანახმად დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება,რომ მან მოპასუხეს ჩააბარა სარჩელი და თანდართული მასალები. შპს ,,თ----------ისათვის’’ გაგზავნილი სარჩელი და თანდართული მასალები 2017 წლის 18 ოქტომბერს ჩაბარდა საწარმოს ბუღალტერს გ------ გ--–---ს. (იხ. ს.ფ. 80).
უდაო გარემოებაა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად გზავნილი მოპასუხეზე ჩაბარებულად ითვლება. მათ სასამართლოში შესაგებელი უნდა წარედგინა 10 დღის ვადაში, 2018 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით.
დადგენილია, რომ შპს ,,თ----------მა’’ შესაგებელი არ წარმოდგინა და არც შესაგებლის წარმოსადგენად ვადის გაგრძელების შესახებ მიუმართავს სასამართლოსათვის.
დადგენილია, რომ შპს ,,თ----------ის’’ დამფუძნებელია მ------ ჰ------–ი, რომელიც თურქი ეროვნებისაა.
დადგენილია, რომ როგორც საჩივარში ისე სააპელაციო საჩივარში აპელანტი შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად უთითებს რომ მან ქართული ანუ სამართალწარმოების ენა არ იცის, ვერ გაერკვა დოკუმენტების შინაარსში და მის ვალდებულებაში წარედგინა შესაგებელი და გაეცა პასუხი სარჩელში მითითებულ საკითხებზე.
2017 წლის 10 ნოემბერს სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლზე აპელირებით მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის გამო, ასევე იმ გარემოებაზე მითითებით რომ სარჩელის მოთხოვნა იურიდიულად გამართლებული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის და კანონის მეექვსე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძვლებიდან.
სასამართლო გზავნილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შპს ,,თ----------ის“ დირექტორს მ--------- ო-------ს ჩაბარდა 2018 წლის 17 თებერვალს (იხ.ს.ფ. 90), ხოლო შპს ,,თ----------ის“ წარმომადგენელ როლანდ ხალვაშს კი იგი ჩაბარდა 2018 წლის 19 სექტემბერს (ს.ფ. 95)
2018 წლის 28 სექტემბერს მოპასუხემ- შპს ,,თ----------მა“ საჩივრით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.(ს.ფ. 100-101)
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შპს ,,თ----------ის“ საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ მოპასუხემ წარადგინა საპელაციო საჩივარი და მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
დადგენილია, რომ აპელანტი ორი საფუძვლით ითხოვს დაუსწრებელ გადაწყვეტილებისა და განჩინების დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ გაუქმებას: ა. ის, რომ აპელანტი/მოპასუხე კომპანიის დირექტორი და მისი მეპატრონეები არ ფლობენ სამართალწარმოების ენას, მათ ვერ გაიგეს და ვერ გაათვიცნობიერეს სასამართლო გზავნილის შინაარსი და მათი ვალდებულება იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში უნდა წარმოედგინათ შესაგებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში შპს „თ----------ი“-ს მიმართ გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. შპს „თ----------ი“-ს დირექტორს წარმოადგენს მ--------- ო-------ი, რომელიც, არ ფლობს სამართალწარმოების ენას; აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჩათვლილი უნდა იქნას საპატიოდ, ვინაიდან დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საპატიო მიზეზად ითვლება ,,სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას." ამ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებული გარემოება მიჩნეულ უნდა იქნას საპატიოდ. ბ. დაუსწრებელი გადაწყვეტიელბა არ უნდა მიეღო სასამართლოს რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას.
სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის(შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არააპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით დადგენილია ის წინაპირობები, რომელთაგან თუნდაც ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში, დაუშვებელია სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასამართლომ იმ საკითხის შესაფასებლად განსახილევლ შემთხვევაში სახეზე იყო თუ არა შესაგებლის წარუდგენლობის პატივსადები მიზეზები, სწორად მიუთითა ასეთის მომწესრიგებელ ნორმაზე, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს,სახელდობრ მთითებული ნორმის თანახმად ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შერულებას. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობის შეუძლებლობას. ამასთან ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.მოხმობილი ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ყველა გარემოება, რაზეც მხარე აპელირებს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით დადგენილია კუმულაციური პირობები: ა) უნდა არსებობდეს ერთ-ერთი ზემოაღნიშნული საპატიო საფუძველი (ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება) და ბ) მხარეს თავის ბრალის გარეშე არ უნდა შეეძლოს აცნობოს სასამართლოს ამ საპატიო მიზეზის თაობაზე. მითითებულთაგან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს მოცემული ნორმის გამოყენების შესაძლებლობას. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობასთან ერთად, მხარეს აკისრებს რა იმ გარემოებების მტკიცების ტვირთსაც, რომ დამაბრკოლებელი, ხელშემშლელი გარემოების გამო არ შეეძლო ეცნობებინა სასამართლოსთვის საპროცესო მოქმედების შესრულების შეუძლებლობა,საპროცესო ვადაში შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობის საპატიოდ ჩასათვლელად საკმარისი არ არის მხოლოდ მხარის განმარტება, არამედ საპროცესო ვადის დამრღვევმა პირმა უნდა ამტკიცოს, რომ კანონიტ დადაგენილი გარემოების გამო(სსსკ 215-ე მ.) მოკლებული იყო განცხადების წარუდგენლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინების შესაძლებლობასაც. ამასთან მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, რომ გადაულახავი, პატივსადები ობიექტური გარემოება უნდა არსებობდეს მხარისათვის საპროცესო მოქმედების განორციელებისათვის დადგენილ ვადაში.
მოცემულ შემთხვევაში მხარე აპელირებს მხოლოდ იმაზე,რომ ვერ ფლობს სამართალწარმოების ენას და ვერ გაერკვა დოკუმენტების და მისი ვალდებულებების შინაარსში.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ,რომ ,,ბუნებრივია ყველა მიზეზი ვერ იქნება საპატიოდ აღქმული. საქ. სსკ-ის 215-ე მუხლის მესამე პუნქტმა განსაზღვრა საპატიო მიზეზის მცნება. დასახელებული ნორმით საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის შესაგებლის წარდგენას. ენის არ ცოდნა არ წარმოადგენს შესაგებელის არ აღძვრის გამამართლებელ გარემოებას. პირიქით, თუ პირმა არ იცის სამართალწარმოების ენა, უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს და გულისხმიერად მოეკიდოს გზავნილების ჩაბარებას. ასეთმა პირმა გვერდით უნდა ამოიყენოს ის პირი, ვინც ფლობს ქართულ ენას, ან დროულად დაიჭიროს თადარიგი გზავნილის გადათარგმნაზე. თუ მან ასეთი თადარიგი არ დაიჭირა, ეს მის გაუმართლებელ რისკად უნდა შეფასდეს და არ უნდა მიეცეს საპატიო მიზეზის სტატუსი. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანს შესაგებლის არაღძვრის საპატიო მიზეზი არ აქვს.“
მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადგენილია რა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხემ სარჩელისა და თანდართული მასალები ჩაიბარა 2017 წლის 18 ოქტომბერს, შესაბამისად, მას შესაგებელი უნდა წარმოედგინა 10 დღის ვადაში, 2017 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მას არც შესაგებლის წარმოსადგენად ვადის გაგრძელების შესახებ მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის ავტორის სამართლებრივ თვალსაზრისს და მითითებას იმის შესახებ, რომ სასარჩელო მოთხოვნა იყო იურიდიულად დაუსაბუთებელი და რომ თითქოსდა სახეზე არ იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, შესაგებლის წარუდგენლობა საპატიო მიზეზის გარეშე, იწვევს სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულებას. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ (აპელანტმა მხარემ) ბრალეულად დაარღვია შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. აქვე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლების არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რომ სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, იგი ვალდებულია გამოარკვიოს სარჩელით წარმოდგენილი, დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა კი, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის და კანონის მეექვსე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად - სარჩელში მითითებული და დამტკიცებულეად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას.
ზემოხსენებულთან ერთად სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის შემოღება განპირობებულ იქნა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის ეფექტური განხორციელების მიზნით, რაც გამორიცხავს სასამართლოს ჩარევას კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში, ამასთან ზემოაღნიშნულთან ერთად დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები– საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს. ამავე დროს იგი არის გარანტია, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეს დარღვეული უფლებების აღდგენის პროცესის გაჭიანურების აღსაკვეთად, რითაც იგი ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას და ეფექტურობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,თ----------ის“ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამიად არ არსებობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინების დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლოს დასკვნა
5.1. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით, შპს ,,თ----------ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,თ----------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3.აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე
(თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თამარ სვანიძე
ლაურა მიქავა