განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100310018002520855 (3/ბ-501-2018წ.)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 იანვარი 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
აპელანტი - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,გ----'' (მოსარჩელე)
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე
1. აპელანტის მოთხოვნა: საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სს ,,გ----ს'' სარჩელის უარყოფა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 29 ივნისს სს ,,გ----ს’’ წარმომადგენელმა შ----- ი----ემ სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის 19 119 ლარის დაკისრება.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ სს „ე---------------–---ა“ (დღეის მდგომარეობით სს „გ----“ (ს/კ. 2--------) და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის 2017 წლის 0---------ს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვით სს „გ----მ“ იკისრა ვალდებულება სოციალური პროგრამის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის მიერ სოციალურად დაუცველ პაციენტებზე გაცემული საგარანტიო წერილის/ვაუჩერის საფუძველზე ინკურაბელური, მძიმე და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები უზრუნველეყო შესაბამისი მედიკამენტებით. მიმწოდებელმა მუნიციპალიტეტს გადაუგზავნა 2017 წლის მაისი-აგვისტოს საანგარიშსწორებო პერიოდებზე განხორციელებული შესრულების ხარჯები (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები) და მოითხოვა მისი ანაზღაურება. მიუხედავად კომპანიის არაერთი თხოვნისა მუნიციპალიტეტი დღემდე თავს იკავებს ვალდებულების შესრულებისაგან.
მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სს „ე---------------–---“ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის 2017 წლის 0---------ს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. 2017 წლის 5 მაისს სს „ე---------------–-ა“ შეერწყა სს „გ----ს“ და წარმოადგენს მის უფლებამონაცვლეს. კომპანიების შერწყმის შესახებ 2017 წლის 10 მაისს გახდა ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის. თანხის ანაზღაურება ვერ მოხერხდება იმის გამო, რომ 2018 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული 2017 წლის დავალიანებები. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ამ ეტაპზე მოკლებულია ფინანსურ შესაძლებლობას მოახდინოს აღნიშნული თანხის ანაზღაურება, აქედან გამომდინარე აღნიშნული დავალიანების დაფარვის ფინანსური საშუალება ამ ეტაპზე ჭიათურის მუნიციპალიტეტს არ გააჩნია. თანხის მოძიების შემთხვევაში მოხდება აღნიშნული საკითხის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს ,,გ----ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა და სსიპ ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტს“ სს ,,გ----ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 19 119 (ცხრამეტიათასასცხრამეტი) ლარის გადახდა.
ამავე გადაწყვეტილებით სსიპ ,,ჭიათურის მუნიციპალიტეტს“ სს ,,გ----ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 574 ლარის გადახდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ სს „ე---------------–---ა“ (დღეის მდგომარეობით სს „გ----“) და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის 2017 წლის 0---------ს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი (შემდგომში მემორანდუმი). აღნიშნული მემორანდუმი გაფორმდა 2015 წლის 16 იანვრის N3 დადგენილების განსაზღვრული სოციალური პროგრამის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ინკურაბელური, მძიმე და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების სამკურნალო სამედიცინო მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
2017 წლის 05 მაისს სს „ე---------------–-ა“ შეერწყა სს „გ----ს“ და ამჟამინდელი მდგომარეობით სს „გ----“ წარმოადგენს სს „ე---------------–---“ უფლებამონაცვლეს.
საწარმოების შერწყმის შესახებ 2017 წლის 10 მაისს ეცნობა მოპასუხეს.
მემორანდუმის მიხედვით სს „გ----მ“ იკისრა ვალდებულება სოციალური პროგრამის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის მიერ სოციალურად დაუცველ პაციენტებზე გაცემული საგარანტიო წერილის/ვაუჩერის საფუძველზე ინკურაბელური, მძიმე და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, უზრუნველყო შესაბამისი მედიკამენტებით. მემორანდუმის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა იკისრა ვალდებულება მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ ხარჯვის დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ ერთი თვის ვადაში მოეხდინა მიმწოდებელთან ანგარიშსწორება.
მიმწოდებელმა მუნიციპალიტეტს გადაუგზავნა 2017 წლის მაისი-აგვისტოს საანგარიშსწორებო პერიოდებზე განხორციელებული შესრულების ხარჯები (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები) და მოითხოვა მისი ანაზღაურება. მიუხედავად კომპანიის არაერთი თხოვნისა მუნიციპალიტეტი დღემდე თავს იკავებს ვალდებულების შესრულებისაგან რის გამოც მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალიანება სს „გ----ს“ მიმართ დღეის მდგომარეობით შეადგენს 19 119 (ცხრამეტი ათას ცხრამეტი) ლარს.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ფაქტობრივად არ უარყოფს დავალიანების არსებობას, თანხის გადაუხდელობის მიზეზია 2018 წლის ბიუჯეტში 2017 წლის დავალიანებების გაუთვალისწინებლობა. მოპასუხე მიუთითებს, რომ თანხის მოძიების შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების მიღება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. 317-ე მუხლით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. 319-ე მუხლის შესაბამისად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. იმავე კოდექსის 349-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ანდა თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. 65-ე მუხლის შესაბამისად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მემორანდუმის დადებისას მოქმედებდა საჯაროსამართლებრივი (სოციალური პროგრამა) უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისად ამ სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავა ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადია.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა. 67-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება.
დადგენილია, რომ სს „ე---------------–---ა“ (დღეის მდგომარეობით სს „გ----“) და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის 2017 წლის 0---------ს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი (შემდგომში მემორანდუმი). აღნიშნული მემორანდუმი გაფორმდა 2015 წლის 16 იანვრის N3 დადგენილების განსაზღვრული სოციალური პროგრამის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ინკურაბელური, მძიმე და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების სამკურნალო სამედიცინო მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მემორანდუმის მიხედვით სს „გ----მ“ იკისრა ვალდებულება სოციალური პროგრამის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის მიერ სოციალურად დაუცველ პაციენტებზე გაცემული საგარანტიო წერილის/ვაუჩერის საფუძველზე ინკურაბელური, მძიმე და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, უზრუნველეყო შესაბამისი მედიკამენტებით. მემორანდუმის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა იკისრა ვალდებულება მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ ხარჯვის დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ ერთი თვის ვადაში მოეხდინა მიმწოდებელთან ანგარიშსწორება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.
დადგენილია, რომ მიმწოდებელმა მუნიციპალიტეტს გადაუგზავნა 2017 წლის მაისი-აგვისტოს საანგარიშსწორებო პერიოდებზე განხორციელებული შესრულების ხარჯები (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები) და მოითხოვა მისი ანაზღაურება. მიუხედავად კომპანიის არაერთი თხოვნისა მუნიციპალიტეტი დღემდე თავს იკავებს ვალდებულების შესრულებისაგან რის გამოც მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალიანება სს „გ----ს“ მიმართ ამჟამინდელი მდგომარეობით შეადგენს 19 119 ლარს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ფაქტობრივად არ უარყოფს დავალიანების არსებობას, მიუთითებს მიზზე, რომ 2018 წლის ბიუჯეტში 2017 წლის დავალიანებები არ არის გათვალისწინებული.
ამდენად რაიონულმა სასამათლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც მიწოდებული იყო საქონელი, ხოლო გადახდილი არ იყო ფასი, შესაბამისად სარჩელი დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სს ,,გ----ს“ სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტს 2017 წლის ,,მედიკამენტებით უზრუნველყოფის’’ პროგრამის ფარგლებში (ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №-, 1----.2017წ.) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებზე, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის განმსაზღვრელი სარეიტინგო ქულა არ აღემატებოდა 100 000 ერთეულს გაიცა საგარანტიო წერილები სიცოცხლისათვის საშიში დაავადების მქონე მოქალაქეებზე. ვალდებულება, რომელიც სს ,,გ----ს’’ და ჭიათურის მუნიციპალიტეტს შორის წარმოიშვა არის 2017 წლის დავალიანება, რომელიც ვერ იქნა 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული, შესაბამისად ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია მოკლებულია შესაძლებლობას 2017 წლის დავალიანება დაფაროს. აპელანტის განმარტებით, იფარება მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დავალიანებები. აღნიშნულის გამო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. იმავე კოდექსის 65.1 ?????? , თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. 65.2. მუხლით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. 66-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2017 წლის 0---------ს, სს „ე---------------–---ა“ (დღეის მდგომარეობით სს „გ----“) და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის N3 დადგენილებით განსაზღვრული სოციალური პროგრამის ფარგლებში (რომელიც გულისხმობს ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ინკურაბელური, მძიმე და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების სამკურნალო სამედიცინო მედიკამენტებით უზრუნველყოფას) გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი (შემდგომში მემორანდუმი).
სს „გ----“ წარმოადგენს სს „ე---------------–---“ უფლებამონაცვლეს (2017 წლის 05 მაისს სს „ე---------------–-ა“ შეერწყა სს „გ----ს“), რის შესახებაც 2017 წლის 10 მაისს ეცნობა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს.
2017 წლის 03 იანვრის მემორანდუმით სს „გ----მ“ იკისრა ვალდებულება სოციალური პროგრამის ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის მიერ სოციალურად დაუცველ პაციენტებზე (ბენეფიციარებზე) გაეცა - საჭირო მედიკამენტების წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები ჭიათურის მუნიციპალიტეტში წარსადგენად; მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის/ვაუჩერის საფუძველზე ინკურაბელური, მძიმე და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, უზრუნველეყო შესაბამისი მედიკამენტებით; ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები წარედგინა მუნიციპალიტეტში.
2017 წლის 03 იანვრის მემორანდუმის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა იკისრა ვალდებულება - დაედგინა მომსახურების მიმღები კონტიგენტი; ბენეფიციარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გაეცა საგარანტიო წერილი მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციაში წარსადგენად; მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ ხარჯვის დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ ერთი თვის ვადაში მოეხდინა მიმწოდებელთან ანგარიშსწორება უნაღდო ანგარიშსწორების წესი.
საქმეში წარმოდგენილია ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სადავო პერიოდში გაცემული საგარანტიო წერილები, რომლებითაც მუნიციპალიტეტი 2017 წლის „მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში (საკრებულოს დადგენილება N-, 1----.2017წ.) იღებს ვალდებულებას კონკრეტული ბენეფიციარისთვის გადაცემული მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურებაზე, - შესაბამისი პროგრამით დამტკიცებული სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ 1 თვის ვადაში. საგარანტიო წერილებში მითითებულია ბენეფიციარის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მედიკამენტების ღირებულება.
მიუხედავად მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის არაერთი თხოვნისა მუნიციპალიტეტი დღემდე თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას, რის გამოც სს „გ----ს“ მიმართ დავალიანება შეადგენს 19 119 (ცხრამეტი ათას ცხრამეტი) ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477.1 მუხლით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 477.2 მუხლით, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. სკ-ის 147-ე მუხლის შესაბამისად, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. სკ-ის 152-ე მუხლით, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა მოსარჩელის მიერ შესრულებული მომსახურების (ბენეფიციარების მედიკამენტებით უზრუნველყოფა) ღირებულების ანაზღაურების საკითხი. შესაბამისად, დავის მონაწილეთა მიზანს წარმოადგენს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი მტკიცების სტანდარტის საფუძველზე, იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება, რომლებზეც ისინი თავიანთ პოზიციას აფუძნებდნენ, ვინაიდან სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აღნიშნული სტანდარტი მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაშიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-4 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.
მითითებული ნორმების ანალიზის შესაბამისად, საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ ვალდებულების შესრულება (ბენეფიციარებისათვის მედიკამენტების გადაცემა) დასტურდება წინასწარი კალკულაციებით (რომლის საფუძველზეც გამგეობას გაცემული აქვს საგარანტიო წერილები) და გასავლის ზედდებულებით (რომლებიც შეიცავს გაცემული მედიკამენტების დასახელებას, შესაბამისი ღირებულების მითითებით). მოსარჩელის მიერ დასახელებული მტკიცებულებების უარსაყოფად, რაიონულ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით ან სააპელაციო საჩივრით მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია ვერ წარმოადგინა.
სს „ე---------------–---ა“ (დღეის მდგომარეობით სს „გ----“) და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის 2017 წლის 0---------ს გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს და აღნიშნულის საფუძველზე პროგრამით მოსარგებლეებზე გაცემულ საგარანტიო წერილებს სასამართლო განიხილავს ადგილობრივ თვითმმართველობასა და მიმწოდებელ კომპანიას შორის დადებულ შეთანხმებად, სპეციალური დათქმით, რომლის ძალითაც, ადმინისტრაციულმა ორგანომ იკისრა ვალდებულება, სოციალური პროგრამის („მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამის) ფარგლებში, მესამე პირის სასარგებლოდ, მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მის დასახმარებლად, საწარმოსათვის აენაზღაურებინა კონკრეტული თანხა საგარანტიო წერილში მითითებული პირობებით, მედიკამენტების გაცემისა და ამავე ვადაში პროგრამით დამტკიცებული სათანადო დოკუმენტაციის გამგეობაში წარდგენის შემდეგ 1 თვის ვადაში (სსკ-ის 349-ე მუხლი). ამდენად, მხარეებს, ერთი მხრივ, ადმინისტრაციულ ორგანოსა და, მეორე მხრივ, კომპანიას წარმოეშვათ ვალდებულებები. გამგეობის საგარანტიო წერილით მიმართვის საფუძველზე და მისსავე პასუხად, კომპანიამ იკისრა ვალდებულება, მოქალაქისათვის გადაეცა მედიკამენტები იმ ღირებულების ფარგლებში, რომლის ანაზღაურების ვალდებულება, მხარეთა შეთანხმებით, სპეციალური დათქმით იკისრა გამგეობამ (სსკ-ის 350-ე მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლით, მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ანდა თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „ხელშეკრულება უნდა შესრულდეს“ პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
კომპანიას შესრულების სანაცვლოდ წარმოეშვა მოთხოვნის უფლება ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, ადმინისტრაციულ ორგანოს კი - მოთხოვნის დაკმაყოფილების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.
სააპელაციო სასამართლოს დაუსაბუთებულად მიაჩნია აპელანტის პრეტენზია და აღნიშნავს, რომ გამგეობამ იკისრა ვალდებულება, აენაზღაურებინა, მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გაცემული სამედიცინო მედიკამენტების ღირებულება კონკრეტული პირობებით: ა) გაწეული მომსახურებისთვის ანაზღაურდებოდა თანხა წერილში მითითებული ოდენობით; ბ) მითითებული თანხა საწარმოს გადაერიცხებოდა (უნაღდო ანგაროშსწორება) პროგრამით დამტკიცებული შესაბამისი დოკუმენტების გარანტორისათვის წარდგენის შემდეგ 1 თვის ვადაში.
აპელანტი სადავოდ არ ხდის ბენეფიციარების მედიკამენტებით უზრუნველყოფის ფაქტს გამგეობის მიერ შეთავაზებული პირობებით, არც იმ ფაქტს, რომ გადაცემული მედიკამენტების ღირებულება დღემდე არ არის ანაზღაურებული და, რომ მიმწოდებელ კომპანიას შესრულებული აქვს ნაკისრი ვალდებულება პროგრამით დამტკიცებული დოკუმენტაციის გამგეობისთვის წარდგენის შესახებ.
სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობასთან დაკავშირებით, იმ დასაბუთებით, რომ 2017 წელს წარმოშობილი დავალიანება ვერ იქნებოდა 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული და შესაბამისად ჭიათურის მერია მოკლებული იყო შესაძლებლობას 2017 წლის დავალიანება დაეფარა, რის გამოც თანხის დაკისრება მერიისთვის არის უკანონო. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კანონის „საბიუჯეტო კოდექსის“ 68-ე მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში შეიძლება შეიქმნას წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად (68.1 მუხლი). წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით (68.2 მუხლი). 68-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებით (საქართველოს კანონი 14.12.2018წ. N4017-Iს, ძალაშია 01/01/2019წ) ნორმის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში იქმნება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.“
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
აპელანტი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე