განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2019
საქმის ნომერი
180210017001997874
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 180210017001997874

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 მარტი, 2019 წელი თბილისი

საქმე №2ბ/3711-18

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - უ–---ი შ---------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - ა---------– შ---------ი

წარმომადგენელი - ი----------------–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. უძრავი ქონების, მდებარე ქ---–--------------–-------------- ს/კ 7----------- მესაკუთრეა ა---------– შ---------ი.

 

2. ა---------– შ---------მა სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე უ–---ი შ---------ს აღეკვეთოს ა---------– შ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო ხელშეშლა მდებარე ქ---–--------------–-------------- ს/კ 7-----------.

 

3. მოსარჩელის პოზიცია

მოსარჩელის განმარტებით, 03.06.2014 წლის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში აქვს 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული საცხოვრებელი სახლი მ–----------------------- ნ----------ი, სადაც ცხოვრობს ოჯახთან ერთად. კუთვნილი უძრავი ქონების ჯეროვნად სარგებლობაში ხელს უშლის მისი ძმა - უ–---ი შ---------ი, რომელსაც ცალკე გააჩნია მიწის ნაკვეთებიც და საცხოვრებელი სახლიც. მოპასუხე შედის მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში და ყველანაირად ზღუდავს მოსარჩელესა და მისი ოჯახის წევრებს.

 

4. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ თავისი ცოლ-შვილით ცხოვრობს საცხოვრებელი სახლის მის კუთვნილ ფართში. მათი საცხოვრებელი ფართები ერთამნეთისგან გამიჯნული და იზოლირებულია.

 

5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით: ა---------– შ---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. უ–---ი შ---------ს აღეკვეთა ა---------– შ---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ---–--------------–-------------- ს/კ 7-----------, უკანონო ხელშეშლა. მოპასუხე უ–---ი შ---------ს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 120 (ას ოცი) ლარის გადახდა. (იხ. გადაწყვეტილება)

 

6. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა უ–---ი შ---------მა. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

6.1. აპელანტის განმარტებით, უძრავი ქონების კანონიერი მფლობელობა წარმოეშვა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ამ უძრავი ნივთის მესაკუთრემ ნ------- შ---------მა შეუშვა თავის სახლში, დღეს კი ახალი მესაკუთრე ა---------–ი შ---------ი აცხადებს, რომ უ–---ი შ---------ი ამ სახლში შეიჭრა და მისი მფლობელობა უკანონოა. ნ------- შ---------ს მიწის ნაკვეთი გადაეცა საკუთრებაში 1--- წელს, უ–---ი შ---------ი კი აქ ცხოვრობს მას შემდეგ, რაც ოჯახი შეიქმნა და კომლს გამოეყო 1987 წლიდან. სსკს 128-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადად განისაზღვრება 10 წელი. უ–---ი შ---------ი და მისი ოჯახი ცხოვრობენ ამ სახლში უკვე 30 წელია. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობა წარმოიშობა მოთხოვნის მომენტიდან 1--- წლიდან, რადგან უძრავი ქონებები მდებარეობს გვერდიგვერდ და ადვილად შემჩნევადია, რომ საკუთრებაში ცხოვრობს სხვა. უძრავი ქონება ჩუქების გზით საკუთრებაში გადავიდა ა---------– შ---------ის საკუთრებაში, მაგრამ ეს გარემოება სსკ-ის 132-ე მუხლის მიხედვით არ წარმოადგენს ხანდაზმულობის შეჩერების საფუძველს, შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ ხანდაზმულობის ვადის დენის პერიოდში მოცემულია უფლებამონაცვლეობა მესაკუთრის მხარეს, ამით ნივთის მფლობელის მდგომარეობა არ იცვლება და ხანდაზმულობის ვადა აგრძელებს დენას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

7. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

8. სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ს 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; სუსგ საქმე №ას-973-1208-04). მოსარჩელე შესაძლებელია, ცდებოდეს კიდეც სადავო ურთიერთობის სამართლებრივ შეფასებაში, რაც არამცთუ არ ზღუდავს სასამართლოს, არამედ, პირიქით, სწორედ სასამართლოა ვალდებული, სამართლებრივად სწორად შეაფასოს სადავო ურთიერთობა და მოძებნოს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან. (სუსგ ას 1242-2018)

 

9. მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს ხელშეშლის აღკვეთა, აღნიშნული მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს კი წარმოადგენს: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

10. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

10.1. საჯარო რეესტრის 2014 წლის 04 ივლისის ამონაწერის თანახმად უძრავი ქონების, მდებარე ქ---–--------------–-------------- ს/კ 7----------- მესაკუთრეა ა---------– შ---------ი, 03.06.2014 წლის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.

10.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის, დუშეთის არქივის 2017 წლის 30 მაისის საარქივი ცნობის თანახმად უ–---ი შ---------ი 1987 წლის 12 აგვისტოდან გასულია ცალკე.

 

10.3. სადაო საცხოვრებელი სახლი შედგება ოთხი ოთახისგან და არის ერთი მთლიანი შენობა, საიდანაც ა---------– შ---------ის საკუთრებას წარმოადგენს მეორე სართული. აღნიშნული ფართით სარგებლობაში მესაკუთრეს ხელს უშლის უ–---ი შ---------ი.

 

პალატა სსკ-ის 311-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 312-ე მუხლზე მითითებით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა (311.1 მუხლის); რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა (312-ე მუხლი)“ განმარტავს, რომ სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია მესაკუთრის საკუთრების უფლება და სსკ-ის 312-ე მუხლიდან გამომდინარე, ეს უკანასკნელი ითხოვს მისი სარჩელით მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის აღკვეთას.საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. მის ხელშეუხებლობას კონსტიტუცია აღიარებს და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მესაკუთრეს უფლება აქვს, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებაში არსებული ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. არავის აქვს უფლება კანონიერი საფუძვლის გარეშე ფლობდეს ან სარგებლობდეს სხვისი საკუთრებით. (სუსგ ას-1089-2018)

 

პალატა დამატებით განმარატავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკითხი ეხება ერთ–ერთი ფუნდამენტური უფლების - საკუთრების უფლების დაცვასა და რეალიზაციას. საკუთრების უფლების არსი, მნიშვნელობა და მისი მაღალი სტანდარტით დაცვის აუცილებლობა მითითებულია არაერთ შიდა, თუ საერთაშორისო აქტსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაში. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელ უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმოების, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას. (saqarTvelos sakonstitucio sasamarTlos 2007 wlis 2 uvlisis #1/2/384 gadawyvetileba saqmeze saqarTvelos moqalaqeebi daviT jimSeleiSvili, tariel gvetaZe da neli dalaliSvili saqarTvelos parlamentis winaaRmdeg samotivacio nawilis me-5 punqti.) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012); ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: “იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები “საკუთრება” და “საკუთრების გამოყენება”. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ [ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. № 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი); სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი N 1 ოქმის 1-ლი მუხლის მიხედით დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, N 48939/99 , § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N 42527/98 , § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას უძრავი ქონების კანონიერი მფლობელობა წარმოეშვა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ამ უძრავი ნივთის მესაკუთრემ ნ------- შ---------მა შეუშვა თავის სახლში, დღეს კი ახალი მესაკუთრე ა---------–ი შ---------ი აცხადებს, რომ უ–---ი შ---------ი ამ სახლში შეიჭრა და მისი მფლობელობა უკანონოა.

 

11. პალატა ვერ გაიზიარებს ასევე აპელანტის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკუთრება აბსოლუტური უფლებაა, ყოველი მესამე პირი ვალდებულია, თავი შეიკავოს სხვისი საკუთრების დარღვევისაგან. თუ არ ექნება ადგილი აღნიშნულ დარღვევას, მესაკუთრე შეძლებს ნივთთან თავისუფალი ურთიერთობის განხორციელებას. მესაკუთრის მოქმედებით ასევე არ უნდა ილახებოდეს მეზობლების ან მესამე პირთა უფლებები. სამოქალაქო კოდექსი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, მოსთხოვოს დამრღვევს ხელშეშლის აღკვეთა. თუ ამ მოთხოვნას ეს უკანასკნელი არაფრად ჩააგდებს და ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს უფლება აქვს, სასამართლო წესით მოითხოვოს უკანონო მოქმედების აღკვეთა. (სუსგ ას-1205-1150-2013)

 

საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან გამომდინარე მესაკუთრის უფლება, მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა, არ შეიძლება იყოს ხანდაზმული. უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მოპოვებაც და დაკარგვაც დაკავშირებულია საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან. აღნიშნულის გამო, მესაკუთრის სტატუსის დარღვეულად მიჩნევის საფუძველს საჯარო რეესტრის ჩანაწერი უნდა იძლეოდეს, ანუ მესაკუთრედ სხვა პირი უნდა იყოს დარეგისტრირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთრების უფლება შელახულად არ ჩაითვლება, ამასთან, საკუთრების, როგორც აბსოლუტური უფლების მიმართ, ხანდაზმულობის გავრცელება არ დაიშვება. (სუსგ ას-395-374-2013)

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

12. საპროცესო ხარჯები: აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. უ–---ი შ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დიანა ბერეკაშვილი