განაჩენი

სისხლის სამართლის 16.04.2019
საქმის ნომერი
330100119002796440
ინსტანცია
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1/ბ-49-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

8 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძემ

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ლევან თევზაძე

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - გ---------------ს,ადვოკატ - ი----------ას მონაწილეობით,საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ გ---------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ი---------–----------–--ის მიმართ (მონაწილეობის გარეშე) - დაბადებული 1967 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------------------------–----------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენით:

ი----------–-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ქრთამის აღება არაერთგზის, ე.ი. მოხელის მიერ არაერთგზის პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-პმოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და სამსახურებრივი მფარველობა.

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 თებერვლის #2-- ბრძანებით, ი----------–-ძე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 05 მაისი #156 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, სხვა ფუნქციებთან ერთად ევალებოდა სამინისტროსათვის საჭირო საქონლის (მომსახურების), სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვის განხორციელება, სახელშეკრულებო პირობების შესრულების კონტროლი და შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ი----------–-ძე წარმოადგენდა მოხელეს, ამავე კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას ევალებოდა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების უზენაესობის დაცვა, ხოლო „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის თანახმად, როგორც თანამდებობის პირს, უფლება არ ჰქონდა საჯარო სამსახურის უფლებამოსილება ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა გამოეყენებინა საჯარო სამსახურის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, ი----------–-ძემ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საჯარო სამსახურის თანამდებობასთან დაკავშირებული სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა კანონით აკრძალული ქონებრივი სიკეთის მისაღებად და განზრახ არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ:

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომ, ი----------–-ძეს თანამდებობრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემისათვის საჭირო საქონლის (მომსახურების) შესყიდვის წარმოება და შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია, რაც უნდა განეხორციელებინა შესაბამის პერიოდში მოქმედი „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესყიდვებისა.

 

თანამდებობრივი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, ი----------–-ძეს, როგორც შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საჯარო მოსამსახურეს, უნდა უზრუნველეყო მის დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურაში მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვებისას ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა, ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, შესყიდვების პროცედურებში მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა, რაც უნდა განეხორციელებინა ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ტენდერის, ფასთა კოტირების ან ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

ი----------–-ძეს განზრახული ჰქონდა რა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით თავისთვის გამორჩენისა და ქრთამის სახით მატერიალური სარგებლის მიღება, დაუკავშირდა 2004 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი კონტრაქტორი სამეწარმეო სუბიექტის - ი/მ „ლ------------ის“ ფაქტობრივ მმართველს კ---------------------–---–ს, რომელსაც სამომავლოდ თავდაცვის სამინისტროსთან გარანტირებული თანამშრომლობისა და მისი მხრიდან სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა ხელშეკრულებების ღირებულების 3%-დან - 5 %-მდე ოდენობის თანხის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში წააგებინებდა კონკურენტებთან სატენდერო ბრძოლას.

 

კ---------------------–---–თან ფარული მოლაპარაკების წარმოების ფაქტის შენიღბვისა და გარეშე პირთა ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, ი----------–-ძე მოელაპარაკა ამ უკანასკნელს თანხა მისთვის გადაეცა ხელშეკრულების გაფორმებისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესყიდვისათვის განსაზღვრული სახსრების ჩარიცხვის შემდგომ, ხოლო ქრთამის გადაცემასთან და უკანონო გარიგებასთან დაკავშირებული საკითხები მოეგვარებინა უშუალოდ მასთან, ლ------------ის ჩარევის გარეშე, რასაც კ---------------------–---–ი დათანხმდა.

 

ი----------–-ძემ ბოროტად გამოიყენა რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ქრთამის აღებისათვის წინაპირობების შესაქმნელად და ი/მ „ლ-----------------ვის“ შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი კონკურენტული პროცედურების თავიდან ასაცილებლად, ნაცვლად ტენდერის გამოცხადებისა, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 2005 წლის 07 მარტს, როგორც ქართული არმიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ ი/მ „ლ------------ესთან“, გააფორმა #თ-14 ხელშეკრულება 21 000 ლარის ღირებულების, თეთრეულის 1500 კომპლექტის ფონდისათვის მიწოდების თაობაზე, სანაცვლოდ კი კ---------------------–---–ს მოსთხოვა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის გადახდა.

 

შეთანხმებისამებრ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მისაწოდებელი საქონლის ღირებულების მიღების შემდგომ, კ---------------------–---–მა, გამოძიებით ზუსტად დაუდგენელ დროს, ი----------–-ძეს ქრთამის სახით გადასცა 1050 ლარი.

 

მანვე, ბოროტად გამოიყენა რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ქრთამის აღებისთვის წინაპირობების შესაქმნელად და ი/მ „ლ-----------------ვის“ შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი კონკურენტული პროცედურების თავიდან ასაცილებლად, ნაცვლად ტენდერის გამოცხადებისა, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 2005 წლის 18 ნოემბერს, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა ი/მ „ლ------------ესთან“ გააფორმა #8-- ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსათვის 576 000 ლარის ღირებულების, სამხედრო პირთა უნიფორმისა და ქურთუკების მიწოდების თაობაზე, სანაცვლოდ კი კ---------------------–---–ს მოსთხოვა ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის გადახდა.

 

შეთანხმებისამებრ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მისაწოდებელი საქონლის ღირებულების მიღების შემდგომ, კ---------------------–---–მა გამოძიებით ზუსტად დაუდგენელ დროს ი----------–-ძეს ქრთამის სახით გადასცა 17280 ლარი.

 

მანვე, ბოროტად გამოიყენა რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ქრთამის აღებისათვის წინაპირობების შესაქმნელად და ი/მ „ლ-----------------ვის“ შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი კონკრეტული პროცედურების თავიდან ასაცილებლად, ნაცვლად ტენდერის გამოცხადებისა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 2005 წლის 16 დეკემბერს, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა, ი/მ „ლ------------ესთან“ გააფორმა #9-- ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსათვის 55000 ლარის ღირებულების კარდალას მიწოდების თაობაზე, სანაცვლოდ კი კ---------------------–---–ს მოსთხოვა ხელშეკრულების ღირებულების 5 %-ის გადახდა.

 

შეთანხმებისამებრ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მისაწოდებელი საქონლის ღირებულების მიღების შემდგომ, კ---------------------–---–მა, გამოძიებით ზუსტად დაუდგენელ დროს ი----------–-ძეს ქრთამის სახით გადასცა 2750 ლარი.

 

მანვე, ბოროტად გამოიყენა რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ქრთამის აღებისათვის წინაპირობების შესაქმნელად და ი/მ „ლ-----------------ვის“ შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი კონკრეტული პროცედურების თავიდან ასაცილებლად, ნაცვლად ტენდერის გამოცხადებისა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 2016 წლის 31 მაისს, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა ი/მ „ლ------------ესთან“ გააფორმა #5-- ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთვის 449 000 ლარის ღირებულების სამხედრო უნიფორმისა და ქამრის მიწოდების თაობაზე, სანაცვლოდ კი კ---------------------–---–ს მოსთხოვა ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის გადახდა.

 

შეთანხმებისამებრ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მისაწოდებელი საქონლის ღირებულების მიღების შემდგომ, კ---------------------–---–მა, გამოძიებით ზუსტად დაუდგენელ დროს, ი----------–-ძეს ქრთამის სახით გადასცა 13 470 ლარი.

 

მანვე, ბოროტად გამოიყენა რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ქრთამის აღებისათვის წინაპირობების შესაქმნელად და ი/მ „ლ-----------------ვის“ შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი კონკრეტული პროცედურების თავიდან ასაცილებლად, ნაცვლად ტენდერის გამოცხადებისა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 2006 წლის 16 ივნისს, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა ი/მ ლ------------ესთან“ გააფორმა #6-- ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთვის 232000 ლარის ღირებულების სანივთე საქონლის (საწვიმარი ლაბადა და ქამარი) მიწოდების თაობაზე, სანაცვლოდ კი კ---------------------–---–ს მოსთხოვა ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის გადახდა.

 

შეთანხმებისამებრ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მისაწოდებელი საქონლის ღირებულების მიღების შემდგომ, კ---------------------–---–მა, გამოძიებით ზუსტად დაუდგენელ დროს ი----------–-ძეს ქრთამის სახით გადასცა 6960 ლარი.

 

მანვე, ბოროტად გამოიყენა რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ქრთამის აღებისათვის წინაპირობების შესაქმნელად და ი/მ „ლ-----------------ვის“ შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი კონკრეტული პროცედურების თავიდან ასაცილებლად, ნაცვლად ტენდერის გამოცხადებისა, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 2006 წლის 17 ნოემბერს, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა, ი/მ ლ------------ესთან“ გააფორმა #1--- ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთვის 120 000 ლარის ღირებულების დათბილული ქურთუკის მიწოდების თაობაზე, სანაცვლოდ კი კ---------------------–---–ს მოსთხოვა ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის გადახდა.

 

შეთანხმებისამებრ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მისაწოდებელი საქონლის ღირებულების მიღების შემდგომ, კ---------------------–---–მა, გამოძიებით ზუსტად დაუდგენელ დროს ი----------–-ძეს ქრთამის სახით გადასცა 3600 ლარი.

 

ამდენად, ი----------–-ძე, როგორც საჯარო მოხელე, 2005 წლის იანვრიდან - 2006 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით პერიოდში, სისტემატურად იყენებდა ბოროტად სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ი/მ „ლ-----------------ვის“ შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი კონკურენტული პროცედურების თავიდან ასაცილებლად და ამ გზით მისთვის უპირატესობის მისანიჭებლად, განზრახ არღვევდა „შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პროცედურებს და ტენდერის გზით შესასყიდ მომსახურებაზე ხელშეკრულებას უფორმებდა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, უწევდა მას სამსახურებრივ მფარველობას და სანაცვლოდ საერთო ჯამში, ქრთამის სახით მიიღო 45 110 ლარი, რითაც არსებითად დაარღვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი----------–-ძის მიერ სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რის გამოც ი----------–-ძე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა გ---------------მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ი----------–-ძის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

პროკურორმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი, შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ იქნა ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ცალსახად ადასტურებდა ი----------–-ძის მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლოში დაიკითხა მოწმე ა---------–-----------ე, რომელმაც დაადასტურა, რომ ლ------------ის სახელით კ---------------------–---–თან ერთად ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ კი უკრაინიდან შემოჰქონდათ სამხედრო ტანსაცმელი და აწვდიდნენ თავდაცვის სამინისტროს. თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი იყო ი----------–-ძე, რომელიც, ტენდერის გამოცხადების გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით საქონლის შეძენის სანაცვლოდ მათგან ითხოვდა ქრთამს, რასაც აძლევდნენ და შესაბამისად, ხელშეკრულებები ყოველთვის ფორმდებოდა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, რის საფუძველძეზეც აღარ უწევდათ ტენდერში მონაწილეობა, რაც ასევე დაადასტურეს მოწმეებმა ა---------–-----------ემ და კ---------------------–---–მა.

 

ბრალდების მხარე არ იზიარებს კ---------------------–---–ის განმარტებას, რომ მას ი----------–-ძისათვის ქრთამი არ მიუცია და გამოძიებაში მის მიერ ჩვენების მიცემა იყო იძულების და ზეწოლის შედეგი. პროკურორი განმარტავს, რომ კ---------------------–---–ის მიმართ შესაძლო რაიმე უკანონო ქმედების განხორციელების თაობაზე, თუკი მსგავსს მართლაც ქონდა ადგილი, მოწმეს დღემდე არ მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოებისათვის.

 

ამასთანავე, პროკურორი საჩივარში უთითებს, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ იქნა ბრალდების მხარის მიერ კანონის სრული დაცვით მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი წერილობით მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ 2005 წლის 19 თებერვლიდან ი----------–-ძე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, გამოკვლეულ იქნა ხელშეკრულებები, სასაქონლო ზედნადებები, ანგარიშფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები, საბანკო ანგარიშის ამონაწერები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები და საქმეში არსებული მასალები, რომლითაც უტყუარად დადასტურდა ი----------–-ძის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

 

ამ და სხვა გარემოებებზე მითითებით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისთვის, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ი----------–-ძის ბრალეულობაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა გ---------------მ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

გამართლებულ ი----------–-ძის ადვოკატმა ი----------ამ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

 

პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც უტყუარად დასტურდება ი----------–-ძის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, პალატა არ იზიარებს, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ა---------–-----------ემ განმარტა, რომ კ---------------------–---–თან ერთად, ინდ. მეწარმე „ლ------------ის“ სახელით ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, რომლის ძირითად სფეროს წარმოადგენდა უკრაინიდან სამხედრო ტანსაცმლის შემოტანა და მათი რეალიზება. იმ პერიოდში თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ი----------–-ძე, რომელთანაც უშუალო შეხება ქონდა კ---------------------–---–ს. იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად იმყოფებოდა უცხოეთში, ი----------–-ძესთან უშუალოდ მოლაპარაკებას მართავდა კ---------------------–---–ი, რომლისგანაც ცნობილი გახდა, რომ მათ მიერ შემოტანილ საქონელს თავდაცვის სამინისტრო შეიძენდა პირდაპირი შესყიდვის გზით, ტენდერში მონაწილეობის გარეშე, რის სანაცვლოდაც გარკვეული პროცენტის გადახდა უნდა მომხდარიყო ი----------–-ძესთვის. მოწმის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროსთან ი/მ „ლ------------ის“ სახელით გაფორმდა არაერთი ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერდნენ ი----------–-ძე და კ---------------------–---–ი. მოწმის ჩვენებით, თავად ი----------–-ძისთვის არასდროს თანხა არ გადაუხდია და იმის შესახებ, რომ მას გარკვეული პროცენტი უნდა მიეღო მათ მიერ გადახდილი თანხით, იცის მხოლოდ გადმოცემით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ლ------------ემ განმარტა, რომ ა---------–-----------ესთან და კ---------------------–---–თან ერთად, რომელიც არის მისი მამიდაშვილი, ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ, „ლ------------ის“ სახელით დაფუძნებული ჰქონდა ინდივიდუალური საწარმო, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა საზღვარგარეთიდან სამხედრო ტანსაცმლის შემოტანა, რომლის შესყიდვას ახდენდა თავდაცვის სამინისტრო. თავად არანაირ მოლაპარაკებაში მონაწილეობას არ ღებულობდა და მისთვის უცნობია ხელშეკრულების გაფორმების დეტალები. ი----------–-ძეს არასდროს შეხვედრია და მისი პარტნიორების მხრიდან მისთვის თანხის გადახდასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე კ---------------------–---–მა განმარტა, რომ დაფუძნებული ჰქონდა ინდ. საწარმო „ლ------------ე“ და ა---------–-----------ესთან და ლ------------ესთან ერთად ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, რომლის ძირითად სფეროს წარმოადგენდა უკრაინიდან სამხედრო ტანსაცმლის შემოტანა. აღნიშნული პროდუქციის შესყიდვას ახორციელებდა თავდაცვის სამინისტრო. ი----------–-ძე გაიცნო 2004 წელს, რომელიც მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. მასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნილი საქონლის მიწოდების თაობაზე. თავდაცვის სამინისტროსთვის საქონლის მიწოდება ხდებოდა როგორც ტენდერში გამარჯვების გზით, ისე ფორსმაჟორი სიტუაციიდან გამომდინარე, პირდაპირი მიყიდვის წესით. ხელშეკრულების გაფორმება ხდებოდა ი----------–-ძესთან. მოწმის ჩვენებით, გაურკვეველი მიზეზით მისი და პარტნიორების დაკავების შემდეგ, მოხდა მათზე ზეწოლა იმ მიზნით, რომ ხელი დაედოთ ი----------–-ძისთვის, თითქოს მისთვის სხვადასხვა დროს გადახდილი ჰქონდათ ფულადი თანხა ქრთამის სახით. რეალურად ი----------–-ძისთვის ქრთამის სახით არასდროს ფული არ გადაუცია და არც მისი მხრიდან ყოფილა ამის მოთხოვნა. მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, სადაც უთითებს, რომ ი----------–-ძეს არაერთხელ გადასცა ქრთამი, მიცემული იყო იძულების, დაშინების და ზეწოლის შედეგად.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 თებერვლის #2-- ბრძანებით, ი----------–-ძე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.

 

2006 წლის 31 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #5-- ხელშეკრულებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს ი----------–-ძეს და ი/მ „ლ------------ეს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთვის 449 000 ლარის ღირებულების სამხედო უნიფორმისა და ქამრის მიწოდების თაობაზე.

 

2006 წლის 16 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #6-- ხელშეკრულებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს ი----------–-ძეს და ი/მ „ლ------------ეს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთვის 232000 ლარის ღირებულების სანივთე საქონლის (საწვიმარი ლაბადა და ქამარი) მიწოდების თაობაზე.

 

2006 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #9-- ხელშეკრულებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს ი----------–-ძეს და ი/მ „ლ------------ეს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსათვის 55 000 ლარის ღირებულების, კარდალას მიწოდების თაობაზე.

 

2006 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #1--- ხელშეკრულებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს ი----------–-ძეს და ი/მ „ლ------------ეს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთვის 120 000 ლარის ღირებულების დათბილული ქურთუკის მიწოდების თაობაზე.

 

2005 წლის 07 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #თ-14 ხელშეკრულებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს ი----------–-ძეს და ი/მ „ლ------------ეს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ფონდისათვის 21000 ლარის ღირებულების, თეთრეულის 1 500 კომპლექტის მიწოდების თაობაზე.

 

2005 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #8-- ხელშეკრულებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს ი----------–-ძეს და ი/მ „ლ------------ეს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროსთვის 576 000 ლარის ღირებულების, სამხედრო პირთა უნიფორმისა და ქურთუკების მიწოდების თაობაზე.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე, სასამართლო აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორ გ---------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი----------–-ძის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.

 

პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის წარმოდგენილი ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ ი----------–-ძის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში. ბრალად შერაცხულ ქმედებაში ი----------–-ძის მონაწილეობის დადგენისათვის წარმოდგენილი მტკიცებულებები, საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით, არ იძლევიან კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევის შესაძლებლობას. ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დასაკითხად წარმოდგენილი იქნენ: ა---------–-----------ე, ლ------------ე და კ---------------------–---–ი. ა---------–-----------ე არ არის პირდფაპირი მოწმე, მან განმარტა, რომ ი.მ. ,,ლ------------ის“ სახელით, კ---------------------–---–თან ერთად ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, თავად ძირითადად იმყოფებოდა უცხოეთში და ი----------–-ძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა კ---------------------–---–ი. ი----------–-ძისთვის არასოდეს თანხა არ გადაუცია; გადმოცემით იცის, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ გადახდილი თანხიდან გარკვეული პროცენტი უნდა გადაეცათ ი----------–-ძისთვის.

 

მოწმე ლ------------ის ჩვენებაც არ არის პირდაპირი მტკიცებულება, თუმცა აღნიშნულ მოწმეს ირიბადაც არ დაუდასტურებია ი----------–-ძისადმი წარდგენილი ბრალდება. მოწმემ განმარტა, რომ ა---------–-----------ესთან და კ---------------------–---–თან ერთად, „ლ------------ის“ სახელით დაფუძნებული ქონდა ინდივიდუალური საწარმო, რომლის სახელით საზღვარგარეთიდან შემოქონდათ სამხედრო ტანსაცმელი. თავად არანაირ მოლაპარაკებაში მონაწილეობას არ ღებულობდა და მისთვის უცნობია თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმების დეტალები. ამასთან, არასდროს შეხვედრია ი----------–-ძეს და მისი პარტნიორების მხრიდან მასზე თანხის გადახდასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

 

რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხულ კ---------------------–---–ს, რომელიც ინდ. საწარმო „ლ------------ის“ სახელით უშუალოდ მონაწილეობდა თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში და ასევე, ფორსმაჟორულ სიტუციაში, პირდაპირი მიყიდვის წესით ხელშეკრულებებს აფორმებდა ი----------–-ძესთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში კატეგორიულად უარყო ი----------–-ძეზე ქრთამის სახით ფულის გადაცემის და მისი მხრიდან ფულის მოთხოვნის ფაქტი. მოწმე კ---------------------–---–მა განმარტა, რომ მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, თითქოს ი----------–-ძისათვის სხვადასხვა დროს ქრთამის სახით გადახდილი აქვს გარკვეული ოდენობის თანხა, არ შეესაბამება სინამდვილეს და აღნიშნული ჩვენება მიცემული იყო მისი დაკავების შემდგომ, იძულების, დაშინების და ზეწოლის შედეგად.

 

ამდენად, წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებით, უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ი----------–-ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება. რაც შეეხება სხვა წერილობით მტკიცებულებებს, კერძოდ მინისტრის ბრძანებას და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებს, ისინი ადასტურებენ ი----------–-ძის თანამდებობაზე განმწესებისა და კონკრეტულ სუბიექტებს შორის ხელშეკრულებების გაფორმების ფაქტებს, თუმცა გამართლებულ ი----------–-ძის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებად, სხვა პირდაპირი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, ვერ იქნებიან მიჩნეულნი.

 

ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება არ უთითებს ი----------–-ძეზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით არ იძლევიან კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევის საფუძველს. ამასთან, სასამართომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით, ი----------–-ძეს მიენიჭა პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირის სტატუსი და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, მის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გაუქმდა.

 

პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს - „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“.

 

ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგენისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. ამასთან, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გაანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს, ასევე შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები და მიიჩნია, რომ ი----------–-ძის მიერ ქრთამის აღება არაერთგზის, არ წარმოადგენს უტყუარად დადასტურებულ ფაქტს. ამდენად, ი----------–-ძე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში. გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი ი----------–-ძის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორ გ---------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის განაჩენი:

 

ი----------–-ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გამართლებულ ი----------–-ძეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. კაპანაძე

 

მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი

 

ლ. თევზაძე