განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N120100118002683210, №1/ბ-524-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე
გამართლებული - ნუ------ კა-----ე, დაბადებული 197--–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, მცხოვრები: ქ.ვა-–-----–----------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასჯელი:
ნუ------ კა-----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა------ ლე--–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ნუ------ კა-----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო:
▪ განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებდნენ ნუ------ კა-----ის მიერ დანაშაულის ჩადენას.
▪ განაჩენში მითითებული გარემოებები, რომ მოწმე ლი----------–--იმ დაზუსტებით ვერ აღწერა ნუ------ კა-----ის მიერ დედის მიმართ განხორციელებული ქმედებების ჩადენის დრო, ხოლო მოწმეების ელ------ ხი------–---–ის და რა---- მა----–-–---–ის ჩვენებები არ შეიცავენ ნუ------ კა-----ის ბრალეულობის დამადასტურებელ ინფორმაციას, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ იქნა ურთიერთშეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
▪ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის მიერ გამოყენებული უფლება - არ მიეცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, არ გამორიცხავს ნუ------ კა-----ის ბრალეულობას.
▪ დაზარალებულმა ლუ---- კა-----ემ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ 2018 წლის 09 აგვისტოს, საღამოს საათებში, ნუ------ კა-----ე იქცეოდა აგრესიულად, ლანძღავდა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, გადაუგრიხა ხელები და ცდილობდა მისთვის ტკივილის მიყენებას, შემდეგ ითრია თმით, აჯანჯღარებდა და ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. მას შეეშინდა შვილის მუქარის, ამიტომ ღამის გასათევად წავიდა ლი----------–--ისთან. შემდეგ კი ვერ ბრუნდებოდა სახლში, რადგან ეშინოდა სახლში მყოფი შვილის. ლუ---- კა-----ის მიერ მეგობრის ბინაში ღამის გათევის და აღელვებულ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლი----------–--იმ, ხოლო მოწმეებმა ელ------ ხი------–---–მა და რა---- მა----–-–---–მა კი დაადასტურეს, რომ ნუ------ და ლუ---- კა-----ეების სახლიდან ხშირად ისმოდა ხმაურის და ჩხუბის ხმა. ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს ნუ------ კა-----ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას.
▪ ნუ------ კა-----ე ხშირად მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელს, რის გამოც მისი ქმედებები ხდება უკონტროლო. ამასთან, იგი მკურნალობას გადის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);
დაცვის მხარეს შესაგებელი წარმოდგენილი არ აქვს.
სასამართლომ დაადგინა:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნუ------ კა-----ეს ბრალი წარედგინა ოჯახის ერთი წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
გასული წლების განმავლობაში ნუ------ კა-----ე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და სისტემატურად ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა ქ.ვა-–-----–-----------------ში მცხოვრებ დედას - ლუ---- კა-----ეს, 2018 წლის 09 აგვისტოს კი, საღამოს საათებში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ნუ------ კა-----ე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას დედას - ლუ---- კა-----ეს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უგრეხდა ხელებს, ქაჩავდა თმას, რითაც აყენებდა ძლიერ ფიზიკურ შეურაცხყოფას და მუქარის ნიადაგზე დაზარალებულ ლუ---- კა-----ეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის განაჩენით, ნუ------ კა-----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულად არ მიიჩნია წარდგენილი ბრალდებით ნუ------ კა-----ის ბრალეულობა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდა სამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი კი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ დაზარალებულად ცნობილ პირს წარმოადგენს ნუ------ კა-----ის დედა - ლუ---- კა-----ე.
შეტყობინებით დადგენილია, რომ 2018 წლის 9 აგვისტოს, 19:42 საათზე, ახალციხის რაიონული სამმართველოს ვალეს პოლიციის განყოფილებაში შევიდა ლუ---- კა-----ის სატელეფონო შეტყობინება, რომლის თანახმად, მისი შვილი არის ფსიქიკურად ავად, რომელიც ემუქრება სიცოცხლის მოსპობით. შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დაკავების ოქმის მიხედვით, ნუ------ კა-----ე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2018 წლის 10 აგვისტოს 00:55 საათზე.
დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, 2018 წლის 11 აგვისტოს, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, დაზარალებულად ცნობილ იქნა ლუ---- კა-----ე.
აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა ლუ---- კა-----ემ, სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და ახლო ნათესავის - შვილის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე ლი----------–--იმ განმარტა, რომ მისი მეგობარი ლუ---- კა-----ე ცხოვრობს შვილთან - ნუ------ კა-----ესთან ერთად. ეს უკანასკნელი ხშირად მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელს და ეჩხუბება დედას. ერთ დღეს მასთან სახლში მივიდა ატირებული ლუ---- კა-----ე, რომელმაც თხოვა, რომ თუ მიაკითხავდა მთვრალი ნუ------ კა-----ე არ შეეშვა. მან დააწყნარა მეგობარი, რომელიც იმ ღამით დარჩა მასთან. მეორე დილით ლუ---- კა-----ე წავიდა სახლში, თუმცა მალევე დაბრუნდა უკან და უთხრა, რომ ნუ------ კა-----ე იყო სახლში, რის გამოც ვერ შევიდა. ლუ---- კა-----ეს კვლავ შეთავაზა მასთან დარჩენა, რაზეც დათანხმდა და კიდევ რამდენიმე დღით დარჩა მასთან. შემდეგ ლუ---- კა-----ე წავიდა სახლში და უკან აღარ მისულა. რამდენიმე დღეში თავად მიაკითხა მეგობარს მოსაკითხად. მან ლუ---- კა-----ე მეორედაც მიიყვანა თავის საცხოვრებელ სახლში, რის შემდეგაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. ლუ---- კა-----ე უყვებოდა, რომ ნუ------ კა-----ე სახლში მიდიოდა მთვრალი და ცემდა, ათრევდა თმით და აგდებდა სახლიდან. ამასთან, ლუ----ს კუთვნილ პენსიას ხარჯავდა სასმელში და მას არაფერს აძლევდა. მოწმემ განმარტა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ლუ---- რჩებოდა მასთან და თავადაც აკითხავდა მეგობარს, რა დროსაც ლუ---- ხვდებოდა მხიარულად და ნუ------იც იქცეოდა ნორმალურად. როგორც ლუ----სგან იცის, ნუ------ კა-----ე აგრესიული იყო, როდესაც მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს. 2018 წლის 09 აგვისტოს, ნუ------ კა-----ესა და ლუ---- კა-----ეს შორის კონფლიქტს არ შესწრებია და არ დაუნახავს, აყენებდა თუ არა ნუ------ი ფიზიკურ შეურაცხყოფას დედას. მისთვის ლუ---- კა-----ისგან არის ცნობილი, რომ დაზიანებები მიაყენა შვილმა - ნუ------ კა-----ემ.
მოწმე ელ------ ხი------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ნუ------ კა-----ე არის მისი მეზობელი, რომელიც ცხოვრობს მისგან დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით. იცის, რომ ნუ------ კა-----ე სვამს ალკოჰოლურ სასმელს, თუმცა რამდენად ხშირად, მისთვის უცნობია. ამასთან, ნუ------ კა-----ის მიერ ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ, ამ უკანასკნელის ბინიდან ისმის ხმაური და ხმამაღალი საუბარი, თუმცა დაზუსტებით არ შეუძლია თქვას, ამ დროს ნუ------ კა-----ე ჩხუბობს, იგინება თუ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ეჩხუბება საკუთარ თავს. 2018 წლის 09 აგვისტოს, საღამოს საათებში, ნუ------ კა-----ე დედასთან - ლუ---- კა-----ესთან ერთად იმყოფებოდა სახლში და მათი სახლიდან ისმოდა ხმაური. როგორც მისთვისაა ცნობილი, ამ დროს ნუ------ი იყო ნასვამი. მოგვიანებით სიტუაცია დაწყნარდა, თუმცა თავად ნუ------ კა-----ის და ლუ---- კა-----ის ჩხუბს არ შესწრებია.
ნუ------ კა-----ის მეზობლის - რა---- მა----–-–---–ის ჩვენებით, ნუ------ კა-----ე ხშირად სვამს ალკოჰოლურ სასმელს და მისი სახლიდან ხშირად ისმის ყვირილი. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნუ------ კა-----ე უმეტეს შემთხვევაში ხალხთან ურთიერთობს ნორმალურად, თუმცა მისთვის უცნობია, როგორ იქცევა სახლში დედასთან. ხანდახან ნუ------ის სახლიდან ისმის დედა-შვილის ყვირილის ხმა, თუმცა კონკრეტულად რაიმე შემთხვევის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. მისთვის უცნობია რა ინტენსივობით მოიხმარს ნუ------ კა-----ე ალკოჰოლურ სასმელს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გამოხატავს თუ არა ვინმეს მიმართ აგრესიას, ან რამდენად ხშირად ისმოდა მათი სახლიდან ყვირილი. ნუ------ კა-----ის ბინაში ხანდახან მიდიოდნენ სასწრაფო დახმარების და პოლიციის ავტომანქანები. სასწრაფო დახმარების მისვლის მიზეზი იყო ის, რომ ნუ------ კა-----ის დედა არის მოხუცი და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხშირად უწევდა სასწრაფო დახმარების გამოძახება, ხოლო პოლიციის მისვლის მიზეზი არ იცის, რადგან ამ საკითხში მეზობლები არ ერეოდნენ, ფიქრობდნენ, რომ არაფერი ესაქმებოდათ. მას არ გაუგია დაემუქრა თუ არა ნუ------ კა-----ე დედამისს მოკვლით.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 29 ნოემბრის ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, ნუ------ კა-----ე დავადებულია შიზოაფექტური აშლილობით (კოდი - F----; დავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ის დაავადებული იყო შიზოაფექტური აშლილობით და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას. ის არანებაყოფლობით და იძულებით სტაციონალურ ფსიქიატრიულ მკურნალობას არ საჭიროებს. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მა--------------–--ემ.
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე დაადასტურეს სხდომაზე დაკითხვისას მოწმეებმა: გი------ გი-------ემ, იმ---- კა----–---–მა და და---- მე-–----ემ.
პალატამ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ნუ------ კა-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
მტკიცებულებების შეფასებამდე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განმარტება, რის გარეშეც წარმოუდგენელია სრულყოფილი და ცხადი გადაწყვეტილების მიღება.
კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. შესაბამისად, იმისათვის, რომ მუქარა, ჩაითვალოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად, აუცილებელია სუბიექტის ქმედებამ დაზარალებულს გაუჩინოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოითქვა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმები. მიუხედავად შედეგისა, განახორციელებს თუ არა მუქარას პირი ან აპირებს თუ არა მის განხორციელებას, დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას.
შეტყობინებაში, რაც განხორციელებულია ლუ---- კა-----ის მიერ, ინციდენტის ტიპად მითითებულია ფსიქიკური აშლილობა. მითითებულია, რომ განმცხადებელს ფსიქიკურად ავად ყავს შვილი, რომელიც ემუქრება მას სიცოცხლის მოსპობით და არის აგრესიული. თუმცა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მის ახლო ნათესავს.
ისეთი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, წარმოადგენს მოწმის უფლებას. აღნიშნული უფლებით სარგებლობა, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის ფაქტს. შესაბამისად, პალატა იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად ბრალდების საფუძვლიანობაზე.
მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ სასამართლო სხდომაზე ჩვენება მისცა მხოლოდ მოწმე ლი----------–--იმ. მოწმის ჩვენებით, ერთ დღეს მასთან სახლში მივიდა ატირებული ლუ---- კა-----ე, რომელმაც თხოვა, რომ თუ მიაკითხავდა მთვრალი ნუ------ კა-----ე არ შეეშვა. მეორე დილით ლუ---- კა-----ე წავიდა სახლში, თუმცა მალევე დაბრუნდა უკან და უთხრა, რომ ნუ------ კა-----ე იყო სახლში, რის გამოც ვერ შევიდა. ლუ---- კა-----ე კიდევ რამდენიმე დღით დარჩა მასთან. შემდეგ ლუ---- კა-----ე წავიდა სახლში და უკან აღარ მისულა. რამდენიმე დღეში თავად მიაკითხა მეგობარს მოსაკითხად. მან ლუ---- კა-----ე მეორედაც მიიყვანა თავის საცხოვრებელ სახლში, რის შემდეგაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. ლუ---- კა-----ე უყვებოდა, რომ ნუ------ კა-----ე სახლში მიდიოდა მთვრალი და ცემდა, ათრევდა თმით და აგდებდა სახლიდან. ამასთან, ლუ----ს კუთვნილ პენსიას ხარჯავდა სასმელში და მას არაფერს აძლევდა. როგორც ლუ----სგან იცის, ნუ------ კა-----ე აგრესიული იყო, როდესაც მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს. 2018 წლის 09 აგვისტოს, ნუ------ კა-----ესა და ლუ---- კა-----ეს შორის კონფლიქტს არ შესწრებია და არ დაუნახავს, აყენებდა თუ არა ნუ------ი ფიზიკურ შეურაცხყოფას დედას. მისთვის ლუ---- კა-----ისგან არის ცნობილი, რომ დაზიანებები მიაყენა შვილმა - ნუ------ კა-----ემ.
დადგენილია, რომ ნუ------ კა-----ე ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს, თუმცა, მხოლოდ აღნიშნული გარემოების დადასტურება და სახლიდან ჩხუბის და ყვირილის ხმის გამოსვლა არ წარმოადგენს მუქარის დადასტურების საფუძველს, რომელსაც უნდა გამოეწვია შიში ლუ---- კა-----ისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ არ ჩატარებულა სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც დაადგენდა დაზარალებულის სხეულზე არსებულ დაზიანებებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რადგან მოწმეს მითითებული აქვს, რომ დაზარალებულის განცხადებით შვილი მას აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც ასევე მითითებულია ბრალდების შესახებ დადგენილებაშიც.
პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად, ოჯახურ დანაშაულთა უმრავლესობა, როგორც წესი, არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით, შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა საქმის არსებითი განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას გამოეყენებინა გამოძიების ეტაპზე შედგენილი მისი გამოკითხვის ოქმები. რაც შეეხება დანარჩენ მტკიცებულებებს, რომლებზეც ბრალდების მხარე აპელირებს, მართალია, მოწმე ლი----------–--ი ადასტურებს დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, თუმცა არც ერთი მოწმე თავად არ შესწრებია მუქარის ფაქტს. გარდა ამისა, მუქარის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელების, არამედ საფუძვლიანი შიშის გამოწვევის დადასტურებაც. წარმოდგენილი მტკიცებულებების და დაზარალებულების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში კი პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს პირის მიერ განცდილი შიშის საფუძვლიანობაც. ის გარემოება, რომ ლუ---- კა-----ე რამდენიმე დღე დარჩა ლი----------–--ისთან, რასაკვირველია, იწვევს ეჭვს, თუმცა მხოლოდ ამ გარემოებით ვერ იქნება დადასტურებული მუქარის შემადგენლობა, მით უფრო მაშინ, როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნუ------ კა-----ეს აქვს ფსიქიკური პრობლემები, არის შეზღუდული შერაცხადი და აქვს ფსიქიკური ნაკლი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (მაგალითისთვის იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლეოდა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი ყოფილიყო ზეპირი მოსმენის გარეშე. მტკიცებულებების შეფასების და მხარის პოზიციის გაცნობის შემდეგ კი სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა------ ლე--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის განაჩენი.
ნუ------ კა-----ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ნუ------ კა-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და გათავისუფლებულია სხდომის დარბაზიდან.
განემარტოს გამართლებულს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად მიღებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე