განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/1573-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ნ---------------ის,ადვოკატ - ს------------------ის,მსჯავრდებულ - ა-–---------------–----ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ა-–---------------–----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს------------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ა-–---------------–----ის მიმართ - დაბადებული 1982 წლის 15 ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით:
ა-–---------------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სრულად შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–---------------–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
ა-–---------------–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 7 თებერვლიდან.
ა-–---------------–----ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, ა-–---------------–----ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 მაისის განაჩენით, ა-–---------------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის განაჩენით, ა-–---------------–----ე ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. მიუხედავად აღნიშნულისა, 2018 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ-------–--–-------------–-------------ში, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ორჯერ ნასამართლევი ა-–---------------–----ე, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შპს „ი----ს“ კუთვნილი „ფ---––-------------ს“ ფირმის ა/მანქანიდან დაეუფლა 130 ლარად ღირებულ ე.წ. „აკუმულატორს“.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25 ივლისის განაჩენით, ა-–---------------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის განაჩენით, ა-–---------------–----ე, ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. მიუხედავად აღნიშნულისა, 2018 წლის თებერვლის დასაწყისში, ქ-------–--–-------------–-------------ში, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ორჯერ ნასამართლევი ა-–---------------–----ე, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შპს „ი----ს“ კუთვნილი „ფ---––-------------ს“ ფირმის ა/მანქანიდან დაეუფლა 130 ლარად ღირებულ ე.წ. „აკუმულატორს“.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა-–---------------–----ემ და მისმა ადვოკატმა ს------------------ემ, რომლებიც ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
დაცვის მხარის განმარტებით, პოლიციის თანამშრომლების დ---------–------–-–---–ის და შ--–------–-–---–ის ჩვენებები, თუნდაც ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, არ წამოადგენს საკმარის, სარწმუნო და ობიექტურ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ა-–---------------–----ის დამნაშავედ ცნობისათვის. სამართალდამცავები არიან მიკერძოებულები და მათ ამოძრავებთ მხოლოდდამხოლოდ სისხლის სამართლის საქმის „გახსნის“ სურვილი. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ დანაშაულებრივი ქმედება დაებრალებინათ შემთხვევის ადგილთან ახლოს მცხოვრები, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ორჯერ ნასამართლევი ა-–---------------–----ისათვის. აპელანტის განმარტებით, დამაჯერებლობას მოკლებულია დ---------–------–-–---–ის და შ--–------–-–---–ის ჩვენებები იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან 15 წუთში გავიდნენ ინფორმაციაში მითითებულ ადგილზე, ა-–---------------–----ე კი თურმე შუადღის საათებში წინა ღამით მოპარული „აკუმულატორით“ ხელში 15 წუთის განმავლობაში გადაადგილდებოდა მარტყოფის ქუჩა N6-ის მიმდებარედ, მაშინ როდესაც მისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ სამართალდამცავებმა დაიბარეს განყოფილებაში. აღნიშნულის საპიროსპიროდ ა-–---------------–----ემ წარმოადგინა საკმაოდ დამაჯერებელი ჩვენება მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რომელიც მოწმე პოლიციელების ჩვენებების თანაბარი იურიდიული ძალის მქონეა. სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის განმარტება, რომ იგი შპს „ი----ს“ კუთვნილ ავტომანქანაში საერთოდ არ ყოფილა, მისი სისხლის ნიმუში პოლიციელებმა მისი დაკავებისას ამოღებული ქურთუკიდან აიღეს და ხელოვნურად მოახვედრეს ავტომანქანის მაგნიტოფონზე. თუკი ალექსანდრე მიქაშავძეს ხელი მიუწვდებოდა ავტომანქანის სალონში არსებულ მაგნიტოფონზე, ამ შემთხვევაში მის დაუფლებასაც შეძლებდა. საეჭვოა ის გარემოებაც, რომ ბრალდების მხარის ვერსიით, ა-–---------------–----ემ ხელი დაიზიანა „აკუმულატორის კლემის“ გადაჭრისას, მაშინ როდესაც სისხლის კვალი სადენზე ან მის გარშემო არ არის აღმოჩენილი.
აპელანტი ასევე მიუთითებს ექსპერტ გ------------------ის ჩვენებაზე, რომელმაც განაცხადა, რომ ა-–---------------–----ისაგან სუნის ნიმუშის აღების შემდეგ გამომძიებელს ოთახის დატოვებისას ძირს დაუვარდა მინის ქილა, რის გამოც მეორედ აუღეს სუნის ნიმუში. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნულის შესახებ სუნის ნიმუშის აღების ოქმში შენიშვნა არ არის შეტანილი, დაცვის მხარეს აქვს ეჭვი საქმეზე საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას კანონის მოთხოვნების ასრებითად დარღვევისა და გამოძების არაობიექტურად მიმდინარეობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა ა-–---------------–----ემ და მისმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება;
პროკურორმა იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა ანალიზის საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში ა-–---------------–----ის ბრალეულობა, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა შ--–------------–--ემ განაცხადა, რომ 2018 წლის თებერვლის მდგომარეობით, მუშაობდა სასტუმრო „ი----ში“ მენეჯერის პოზიციაზე და სარგებლობდა სამსახურის კუთვნილი „ფ---––-------------ს“ ფირმის ავტომობილით. 2018 წლის თებერვლის დასაწყისში არ იმყოფებოდა ქ. თბილისში, ხოლო როდესაც დაბრუნდა, ნახა, რომ ზემოთხსენებული, სამსახურის კუთვნილი ავტომანქანა იყო ღია და ე.წ. „აკუმულატორი“ არ იდო თავის ადგილზე. ასევე, საბურავი იყო დაშვებული, ე.წ. „აკუმულატორის“ კაბელი იყო გადაჭრილი, ხოლო თავად ა/მანქანაში მაგნიტოფონის პანელი იყო ამობრუნებული და მაგნიტოფონზე იყო სისხლის ლაქები. აღნიშნული ფაქტის შესახებ აცნობა თავის უფროსს, რომელმაც დარეკა 112-ში. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ფერით, ფირმით და ნომრით ამოიცნო ა-–---------------–----ისგან ამოღებული ე.წ. „აკუმულატორი“, რომელიც თავის დროზე იყო მისი თანდასწრებით შეძენილი. ასევე თან ჰქონდა საგარანტიო ფურცელი და ამოცნობისას შეუძლებელი იყო რაიმე ცდომილების დაშვება. მან (შ--–------------–--ემ, როგორც ავტომანქანაზე პასუხისმგებელმა პირმა, სრულად აუნაზღაურა ზიანი სასტუმრო „ი----ს“. ე.წ. „აკუმულატორის“ საბაზრო ფასი იყო დაახლოებით 130 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--–-----------–---–-ა განმარტა, რომ 2018 წლის 7 თებერვალს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, ქ.თბილისში, ნ---------–--------ზე, ავტომანქანა „პასატიდან“ „აკუმულატორის“ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. ინფორმაცია შეიცავდა ამ დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობას და მის ადგილსამყოფელს. აღნიშნულის თაობაზე წერილობით მოახსენა ხელმძღვანელობას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ---------–------–-–---–-ა განაცხადა, რომ 2018 წლის 7 თებერვალს, დღის საათებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მეწყვილე შ--–------–-–---–თან ერთად გავიდა ქ. თბილისში, მ-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე მისვლისას მათ შენიშნეს პიროვნება, რომელსაც ხელში ეჭირა ვერცხლისფერი ე.წ. „აკუმულატორი“. სამართალდამცავებმა წარუდგინეს თავი, რა დროსაც ხსენებულმა პიროვნებამ, როგორც აღმოჩნდა ა-–---------------–----ემ, აკუმლატორი დადო ძირს. მოუწოდეს, რომ თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ჰქონდა, წარმოედგინა მათთვის, რის შემდეგაც ა-–---------------–----ემ მიუთითათ ე.წ. „აკუმულატორზე“. აღნიშნული ნივთი ა-–---------------–----ისგან ამოღებული იქნა პირადი ჩხრეკის შედეგად, რის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება. ა-–---------------–----ეს დაზიანებული ჰქონდა ხელი, რაზეც ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ დაზიანება მიიღო ავტომანქანიდან „აკუმულატორის“ ამოღებისას, როდესაც ე.წ. „კლემას“ ჭრიდა. აღნიშნულ ფაქტზე ბრალდებულმა საკუთარი ნებით მიუთითა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმშიც.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შ--–------–-–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 7 თებერვალს, დღის საათებში, თანამშრომელმა მ--–-----------–---–-ა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რის საფუძველზეც, მეწყვილე დ---------–------–-–---–თან ერთად გავიდა ქ. თბილისში, მ-----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე მისვლისას შენიშნეს ა-–---------------–----ე, რომელსაც წარუდგინეს თავი, კითხეს ვინაობა და უთხრეს - ხომ არ ჰქონდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი. ა-–---------------–----ეს ხელში ეჭირა ე.წ. „აკუმულატორი“, რომელიც დადო დაბლა და განაცხადა, რომ ეს ნივთი მოპარული ჰქონდა. მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონით დადგენილი წესით ამოღებული იქნა ე.წ. „აკუმულატორი“. ამის შემდეგ მოხდა ბრალდებულის დაკავება. ა-–---------------–----ეს დაზიანებული ჰქონდა ხელი, რაზეც ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ დაზიანება მიიღო ავტომანქანიდან „აკუმულატორის“ მოხსნისას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა ბ--------------------მა დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და ავთენტურობა.
2018 წლის 7 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ქ. თბილისში, ნ---------–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული „ფ---––-------------ს“ ფირმის ა/მანქანა, სახ. ნომრით S--------. ა/მანქანას გარეგნული დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. რაც შეეხება სალონის შიდა მხარეს, ამ კუთხით საყურადღებო იყო ე.წ. „ტორპედოში“ ჩადგმული მაგნიტოფონის მიმდებარე ტერიტორია, რომლის ზედაპირზეც შეინიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. ა/მანქანის სალონში არსებული სახელურის საშუალებით, შესაძლებელი იყო ა/მანქანის ძრავის ხუფის გახსნა. ხუფი გაიხსნა ქვევიდან ზევით. ძრავის უკანა მხარეს ე.წ. „აკუმულატორის“ ადგილზე იყო სიცარიელე, ამასთან, ერთი ცალი ელექტრო სადენი - ე.წ. „კლემა“ იყო გადაჭრილი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ა/მანქანის წინა სავარძლების წინ დაფენილი რეზინებიდან, ექსპერტებმა ამოიღეს სუნის კვალის ნიმუში. მათ აგრეთვე აიღეს ანაწმენდები ა/მანქანაში არსებული მაგნიტოფონის მიმდებარე ტერიტორიიდან. ამოღებული ნივთმტკიცება დაილუქა კანონის შესაბამისად. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა - ა-----–-–----–-–---–--------–---–--------–-ამ.
2018 წლის 7 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ა-–---------------–----ის მარჯვენა ფეხთან ასფალტის ზედაპირზე იდო „სოლარის“ ფირმის ნაცრისფერი ე.წ. „აკუმულატორი“, რომელსაც მარცხენა მინუსის წვერზე დამაგრებული აქვს ე.წ. „კლემა“. აღნიშნული ე.წ. „აკუმულატორი“, პირადი ჩხრეკის დაწყებამდე, ა-–---------------–----ემ დადო ძირს, რაც გამომძიებლებმა ამოიღეს კანონით დაგენილი წესით. სხვა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ობიექტი აღმოჩენილი ან ამოღებული არ ყოფილა.
2018 წლის 7 თებერვლის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, ა-–---------------–----ეს დაკავების მომენტში მარცხენა ხელის ცერა თითზე, შუა თითზე, მარჯვენა ხელის მტევნის ზედა მხარესა და საჩვენებელ თითზე აღენიშნებოდა ნაკაწრები. მარცხენა ხელის იდაყვის არეში - სიწითლეები, ხოლო ორივე ფეხზე - ძველი ნაიარევი. დაკავების ოქმს თან ახლავს ა-–---------------–----ის მიერ გაკეთებული შენიშვნა, რომლის თანახმად, ხელებზე არსებული დაზიანებები მან მიიღო ქურდობის ფაქტის ჩადენის დროს, ხოლო დანარჩენი დაზიანებები იყო ძველი. შენიშვნა შეტანილია გამომძიებელ დ---------–------–-–---–ის მიერ, ბრალდებულის განმარტების საფუძველზე და დადასტურებულია ამ უკანასკნელის ხელის მოწერით.
2018 წლის 8 თებერვლის ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ა-–---------------–----ისგან მისი თანხმობითა და ნებაყოფლობით ექსპერტის მიერ აღებული იქნა ბრალდებულის ნერწყვის ნიმუში. საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა თ------------------–---–მა.
2018 წლის 8 თებერვლის სუნის ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ა-–---------------–----ისგან მისი თანხმობითა და ნებაყოფლობით კონოლოგიის სამსახურის ექსპერტის მიერ აღებული იქნა ბრალდებულის სუნის ნიმუში. საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გ-------------------მ და დამატებით განმარტა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულ ა-–---------------–----ისგან აღებული სუნის კვლის ნიმუშის დალუქული პაკეტები მან ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, გადასცა გამომძიებელს. ამ უკანასკნელს დაუზიანდა ქილა, მასში მოთავსებული ნივთიერი მტკიცებულებით (სუნის ნიმუშით), რის გამოც ა-–---------------–----ეს ხელმეორედ აუღეს სუნის ნიმუში.
2018 წლის 22 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ა-–---------------–----ისგან ამოღებულ ე.წ. „აკუმულატორს“ მინუს წვერზე დამაგრებული აქვს ე.წ. „კლემა“, რომელზეც შეინიშნება ზემოქმედების კვალი. ე.წ. „აკუმულატორზე“ დაკრულ სტიკერებზე იკითხება წარწერები: “Solar”, “3256” და სხვა.
2018 წლის 22 თებერვლის ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმის თანახმად, შ--–------------–--ემ ამოსაცნობად წარდგენილი ე.წ. „აკუმულატორი“ ამოიცნო ფერით, საშუალო ფორმით, სახელურებით და წარწერებით: “Solar” და “3256”.
2018 წლის 22 თებერვლის ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა შავი „ფ---––-------------ს“ ფირმის ა/მანქანა (სახ. ნომრით S--------), რომელსაც გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. დათვალიერების შედეგად, ექსპერტებმა ამოიღეს ე.წ. „კლემის“ ნაჭერი, რაც დაილუქა კანონით დადგენილი წესით. საგამოძიებო მოქმედების ოქმის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გ------------მ.
2018 წლის 26 თებერვლის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ნ---------–------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ა/მანქანა „ფ---––-------------ს“ სახ. ნომრით S-------- გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი ზემოაღნიშნული ა/მანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ა-–---------------–----ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ბ----------------ემ.
2018 წლის 16 აპრილის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის წინაშე წარდგენილი ანაწმენდები (მოწითალო-მოყავისფრო ლაქები) მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე, წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–---------------–----ეს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნ-----------–---–-ა.
2018 წლის 20 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ა-–---------------–----ეს აღენიშნება ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა გართულებული ტოქსიკომანიით. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური აშლილობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, ჩვენება მისცეს და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და დაავადებული არ არის იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რაც ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს შეუშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ის იძულებით მკურნალობას არ საჭიროებს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მიერ მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25 ივლისის განაჩენით, ა-–---------------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 5 მარტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით ამნისტიის გავრცელების შესახებ, ა-–---------------–----ეს ¼-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით და 9 (ცხრა) თვით. ა-–---------------–----ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 6 თებერვალს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 დეკემბრის განაჩენით, ა-–---------------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.
ა-–---------------–----ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 7 თებერვალს, დილის საათებში მეგობარ გოგონასთან - ანა აკოფოვთან ერთად იმყოფებოდა სახლში, ქ-------–--–-------------–---------------------------------–-------------------------–ი. მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები ძველი თბილისის განყოფილებიდან, რომლებსაც კარი მისმა მეგობარმა გაუღო და უთხრა, რომ ა-–---------------–----ეს ეძინა. პოლიციელებმა დაიბარეს, რომ გაღვიძებისთანავე გამოცხადებულიყო საგამოძიებო ორგანოში. აღნიშნულის შემდეგ, როდესაც გაიღვიძა, გავიდა გარეთ, სადაც დახვდნენ პოლიციელები. მათ ბრალდებულს მიუთითეს იქ არსებულ ავტომანქანაზე და უთხრეს, რომ მის მიერ იყო გატეხილი. მოგვიანებით იგი გადაიყვანეს ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში. ა-–---------------–----ემ დაადასტურა, რომ პოლიციელების მიერ მითითებული ავტომანქანიდან არაფერი მოუპარავს, „აკუმულატორი“ პირველად სასამართლო სხდომაზე ნახა. შესაბამისად, ვერც მისი სისხლის კვალი იქნებოდა ა/მანქანის სალონში. იგი ყოველდღე იკეთებს ნემსებს, ამის გამო შესაძლებელია ტანსაცმელი ჰქონოდა სისხლიანი და გამომძიებლებს იქიდან აეღოთ სისხლის ნიმუში. ასევე აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ხელის მყესი აქვს დაზიანებული და შეუძლებელი იყო მისი მხრიდან ე.წ. „აკუმულატორის“ მოპარვა. რაც შეეხება სუნის ნიმუშს, ბრალდებულმა მიუთითა, რომ სუნის ნიმუშის აღებიდან დაახლოებით 10 წუთში, ნიმუშის ამღები პირები დაბრუნდნენ გატეხილი ქილით ხელში და ხელმეორედ აუღეს სუნის ნიმუში.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის აღნიშნულ განმარტებებს მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ისინი აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხოს მის ქმედებაში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. პალატა დაეთანხმება დაცვის მხარეს, რომ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები და ბრალდებულის ჩვენება წარმოადგენს თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებებს; თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ა-–---------------–----ის განმარტებები წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ მსჯავრდებულის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.
სააპელაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ეფუძნება საქმის შედეგით დაინტერესებულ მოწმეთა (პოლიციელთა) არადამაჯერებელ ჩვენებებს, აშკარად უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული. მსჯავრდებულის პირად ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად და ზედმიწევნით; არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი; სამართალდამცავების მიერ დეტალურად იქნა აღწერილი, რომ ა-–---------------–----ის დაკავების ადგილას გავიდნენ თანამშრომლის - მალხაზ გოგიაშვილის მიერ ოპერატიული ინფორმაციის მიღებიდან მოკლე დროში, დღის საათებში. ოპერატიული ინფორმაციის მიღებამდე სამართალდამცავი ორგანოსათვის ცნობილი არ იყო ნ---------–------------თან, შპს „ი----ს“ კუთვნილი „ფ---––-------------ს“ ფირმის ა/მანქანიდან ე.წ. „აკუმულატორს“ ქურდობის ჩამდენი პირის ვიანობა. ამდენად, შეუძლებელია პოლიციის თანამშრომლები 2018 წლის 7 თებერვალს დილით ყოფილიყვნენ ა-–---------------–----ის სახლში და იგი დაებარებინათ განყოფილებაში. ამასთან, ლოგიკურ მსჯელობას მოკლებულია მსჯავრდებულის გნამარტებები, როდესაც იგი ერთ შემთხვევაში უთითებს, რომ პოლიციის თამნანშრომლებმა დაუბარეს ასულიყო განყოფილებაში, ხოლო ამასთანავე განმარტავს, რომ ისინი იდგენენ მის სახლთან და ელოდებოდნენ - როდის გავიდოდა გარეთ. დ---------–------–-–---–-ა და შ--–------–-–---–მა იდენტურად და დამაჯერებლად მოახსენეს სასამართლოს, რომ ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებულ ადგილზე მისვლისთანავე შენიშნეს ალესანდრე მიქაშავიძე, რომელსაც ხელში ეჭირა ე.წ. „აკუმულატორი“. მათ მიერ თავის წარდგენისას ბრალდებულმა ხსენებული ნივთი დადო დაბლა და ნებაყოფლობით წარუდგინა პოლიციელებს, როგორც მოპარული. ასევე, ბრალდებულმა მათ განუმარტა ხელზე არსებული დაზიანების მიზეზებიც.
პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას, აღნიშნული ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევასთან დაკავშირებით იმის გამო, რომ სამართალდამცავებს ამოძრავებთ არა რეალური დამნაშავის დადგენის, არამედ მხოლოდ საქმის „გახსნის“ სურვილი. საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა. პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები არის დამაჯერებელი და სარწმუნო. აღნიშნულმა პირებმა წინააღმდეგობების გარეშე, ურთიერთთანხვედრილად და თანმიმდევრულად მოახსენეს სასამართლოს მათთვის ცნობილი ფაქტების და მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე. ამდენად, მათ გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი პალატას არ გააჩნია.
გარდა ამისა, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ დასდებია მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, მათი შეფასება მოხდა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და სათანადო დასაბუთების საფუძველზე იქნა გამოტანილი შესაბამისი დასკვნები. კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია საქმეზე წარმოდგენილ ნივთიერ და წერილობით მტკიცებულებებთან, მათ შორის ბრალდებულის პირადი ჩხრეკის, შემთხვევის ადგილის დათავლიერების, ობიექტის (საგნის) ამოცნობის, ავტომანქანის დათვალიერების, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებთან და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ, მათ შორის პირადი ჩხრეკის ოქმს ხელს აწერს ა-–---------------–----ე და მასზე რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არ დაუფიქსირებია; შემთხვევის ადგილის დათვალიერების და პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები და საექსპერტო ნიმუშები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია გამომძიებლების და ექსპერტების მიერ.
ბილოგიური ექტპერტისზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის წინაშე წარდგენილი ანაწმენდები, რომლებიც აღებული იქნა შ--–------------–--ის სარგებლობაში არსებული „ფ---––-------------ს“ ავტომანქანის სალონში არსებული მაგნიტოფონის ჩარჩოებიდან, წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა-–---------------–----ეს. დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ობიექტის იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ექსპერტის წინაშე ობიექტი წარდგენილია იმ ნომრის ლუქით, რა ნომრითაც დაილუქა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას. სასამართლოს სხომაზე დაიკითხნენ როგორც აღნიშნული ანაწმენდების აღებაში მონაწილე, ასევე დასკვნის გამცემი ექსპერტები, რომლებმაც ისაუბრეს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მათ მიერ განხორციელებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერებაზე და პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მათ ობიექტურობაში. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს იმ პირდაპირი სახისთის მტკიცებულებას, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს და უტყუარად ადასტურებს, რომ ა-–---------------–----ე ნამდვილად იმყოფებოდა შ--–------------–--ის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანაში.
ხსენებული, უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთანალიზიდან გამომდინარე, საფუძვლიანად ვერ იქნება მიჩნეული დაცვის მხარის ვერია, რომლის თანახმადაც, თითქოს მოხდა მტკიცებულების ფალსიფიკაცია და ა-–---------------–----ის სისხლის ნიმუში ავტომანქანაში აღმოჩნდა არა მასთან უშუალო შეხებით, არამედ, ბრალდებულის ტანსაცმლიდან იქნა გადატანილი. აღსანიშნავია, რომ სისხლის ნიმუშის ანაწმენდები ავტომანქანიდან ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალირების შედეგად. დათვალიერება მიმდინარეობდა 2018 წლის 7 თებერვალს, 14-დან 16-საათამდე, ხოლო ა-–---------------–----ის პირადი ჩხრეკა ამავე დღეს 15:30 საათიდან, 15:49 საათამდე, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი დააკავეს 15:50 საათზე. ამდენად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო ა-–---------------–----ის დაკავებმადე ბევრად ადრე და მისი დაკავებიდან ფაქტიურად 10 წუთში დასრულად. ამ პირობებში კი ყოვლად წარმოუდგენელია, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშორმლებს მოეხდინათ სისხლის ნიმუშის აღება ა-–---------------–----ის ტანსაცმლიდან და შემდგომ გადაეტანათ იგი მანქანაში არსებულ მაგნიტოფონზე. ასევე, საქმის მასალების თანახმად არ დასტურდება, რომ მოხდა ბრალდებულის ტანსაცმლის ამოღება.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში სადავოდ ხდის იმ გარემოებებს, რომ თუკი ალექსანდრე მიქაშავძეს ხელი მიუწვდებოდა ავტომანქანის სალონში არსებულ მაგნიტოფონზე, ამ შემთხვევაში ხომ მის დაუფლებასაც შეძლებდა. ასევე, ა-–---------------–----ემ „აკუმულატორის კლემის“ გადაჭრისას თუ დაიზიანა ხელი, სისხლის კვალი რატომ არ აღმოჩნდა სადენზე ან მის გარშემო.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს დაზარალებულ შ--–------------–--ის ჩვენებაზე, რომელმაც ნათლად დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე, რომ როგორც ავტომანქანის დათვალირებისას ნახა, სალონში არსებული მაგნიტოფონის პანელი იყო ამობრუნებული. ამდენად, აშკარაა, რომ დამნაშავე ცდილობდა დაუფლებოდა მაგნიტოფონსაც და სწორედ ამ გზით მოხვდა მასზე სისხლის კვალი, რაც შემუჩნეველი არც დაზარალებულისათვის დარჩა. ხოლო ის გარემოება, თუ რატომ ვერ მოახერხა მაგნიტოფონოს დაუფლება ა-–---------------–----ემ, მის მიერ „აკუმულატორის“ ქურდობის ფაქტის შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენს. რაც შეეხება ფაქტს, რომ „აკუმულატორის“ ადგილის გარეშემო ბრალდებულის სისხლის ნიმუში არ იქნა აღმოჩენილი, პალატა მიუთითებს თავად ა-–---------------–----ის ხელზე არსებულ დაზიანების ხასიათზე. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ბრალდებულს ხელის თითებზე და მტევანზე აღენიშნებოდა ნაკაწრები. შესაბამისად, მისი დაზიანებები არ იყო იმ ხასიათის, რომ გამოეწვია ძლიერი სისხლდენა და მისი სისხლის კვალი დარჩენილიყო ყველა ობიექტზე, რომელთანაც კი შეხება ჰქონდა.
წარმოდეგნილი მტკიცებულებები ასევე სრულ თანხვედრაშია დაზარალებულ შ--–------------–--ის ჩვენებასთან, რომელმაც თანმიმდევრულად და დეტალურად მოახსენა სასამართლოს, თუ რა მდგომარეობაში დახვდა შემთხვევის ადგილზე მის სარგებლობაში არსებული ავტომობილი და რა ნივთი იყო დაკარგული. ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმის თანახმად, შ--–------------–--ემ ამოსაცნობად წარდგენილი ე.წ. „აკუმულატორებიდან“, ა-–---------------–----საგან ამოღებული „აკუმულატორი“ ამოიცნო ფერით, საშუალო ფორმით, სახელურებით და წარწერებით: “Solar” და “3256”. დაზარალებულმა დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე, რომ ამოცნობაში ცდომილება დაუშვებელი იყო, ვინაიდან მას თან ჰქონდა ნივთის შეძენის საგარანტიო ფურცელი ამოცნობილი „აკუმულატორის“ იდენტური ნომრით.
სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის აპელირება, რომ ვინაიდან ბრალდებულისაგან სუნის ნიმუშის აღების ოქმი დეტალურად არ ასახავს საპროცესო მოქმედების მიმდინარეობას, აღნიშნული მიუთითებს საქმეზე ყველა საპროცესო მოქმედების კანონის დარღვევით ჩატარებასა და გამოძიების არაობიექტურად მიმდინარეობაზე. პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმადაც ბრალდებულისაგან სუნის ნიმუშის აღების ოქმი და მის საფუძველზე ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ მიიჩნია სარწმუნო მტკიცებულებად, ვინაიდან ვერ გაბათილდა ეჭვი საკვლევი ობიექტის შესაძლო გამოცვლის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, შესაბამის ოქმში არ არის მითითებული სუნის ნიმუშის ხელმეორედ აღების შესახებ, თუმცა აღნიშნული საპროცესო მოქმედების თაობაზე დაიკითხა ექსპერტი, რომელმაც დაადასტურა, რომ სუნის ნიმუშის აღება ნამვდვილად განმეორებით მოხდა. ასევე, მასში მონაწილე გამომძიებელი არ იქნა დაკითხული და სასამართლოს არ მიეცა შესაძლებლობა, მისგან მოესმინა სუნის ნიმუშის აღების ოქმში არსებული ხარვეზის საფუძველბი. აღნიშნული კი, რათქმა უნდა, გავლენას ვერ იქონიებს სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების უტყუარად მიჩნევასა და გაზიარებაზე. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ყველა სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში მონაწილე ექსპერტი და გამომძიებელი, რომლებმაც დაადასტურეს შესაბამისი ოქმების ავთენტურობა და განმარტეს, რომ მათი მხრიდან თითოეული მოქმედება განხორციელდა კანონის სრული დაცვით. მათი სარწმუნო და ურთიერთთანხვედრილი ჩვენებების საპირისპიროდ, დაცვის მხარემ სათანადო დასაბუთების საფუძველზე, ვერ დაარწმუნა სასამართლო, თუ რა დაინეტრესება უნდა ქონოდათ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილე პირებს ა-–---------------–----ის მიმართ, რომ სასამართლოსათვის მიეწოდებინათ ცრუ ინფორმაცია.
პალატა ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის აპელირებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს და მოსამართლემ უდანაშაულობის მტკიცების ტვირთი დააკისრა დაცვის მხარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ რათქმა უნდა, ბრალდებული არ არის ვალდებული, ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რასაც პალატის შეფასებით მოცემულ შემთხვევაში თავისუფლად გაართვა თავი პროკურორმა და წარმოადგინა ა-–---------------–----ის ბრალეულობის დამადასტურებელი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. თუკი ბრალდების მხარე სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე ვერ დაასაბუთებს პირის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რა თქმა უნდა ეს გახდება ამ უკანასკნელის უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი და დაცვის მხარე არ არის ვალდებული, თავის მხრივ წარმოდგენილი ჰქონდეს ბრალდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. თუმცა, როდესაც ბრალდება ემყარება სარწმუნო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დაცვის მხარე ამის საპირისპიროდ გვთავაზობს ვერსიას პირის უდანაშაულობის თაობაზე, მან სათანადო დასაბუთებისა და მტკიცებულებების საფუძველზე უნდა გააბათილოს პროკურორის მსჯელობა და დაარწმუნოს სასამართლო, თუ რატომ არ უნდა იქნას გაზიარებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე პალატამ იქონია რა ამომწურავი მსჯელობა, მათი საერთო ანალიზი აძლევს დასკვნის საფუძველს, რომ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევი ა-–---------------–----ე, 2018 წლის თებერვლის დასაწყისში, ქ-------–--–-------------–-------------ში, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, შპს „ი----ს“ კუთვნილი „ფ---––-------------ს“ ფირმის ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან დაეუფლა 130 ლარად ღირებულ ე.წ. „აკუმულატორს“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მხარის მიერ წაროდგენილ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, კი გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს საკმაოდ მაღალი და ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ: ა-–---------------–----ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.
რაც შეეხება მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და მსჯავრდებულების მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (ჯანმრთელობის მდგომარეობა) და დამამძიმებელი გარემოებების (რეციდივი), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების, ქმედების განხორციელების სახისა და ხერხის, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, დამნაშავის პიროვნების და მის მიერ ქმედების პირობით გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩადენის მხედველობაში მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნა სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავეთა რესოციალიზაცია.
შესაბამისად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა-–---------------–----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი;
ა-–---------------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სრულად შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–---------------–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
ა-–---------------–----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 7 თებერვლიდან.
ა-–---------------–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
· ა-–---------------–----ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ე.წ. „აკუმულატორი“ და ე.წ. „აკუმულატორის კლემა“, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს.
· სუნის ნიმუშები და ანაწმენდები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
· ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე