განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.03.2019
საქმის ნომერი
010210016001524826
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210016001524826

საქმე №2/ბ-55-19წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

25 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ირმა პერანიძე, ლაურა მიქავა

სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე

აპელანტი - შპს ,,ე--“

წარმომადგენელი -მ------- მ-----ე

მოწინააღმდეგე მხარე - ს------ მ----------

წარმომადგენელი-ვ--–------ გ--------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2016 წლის 30 სექტემბერს ს------ მ----------მ (მოსარჩელე, შემდგომში მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შპს ,,ე--“-ს (შემდგომში მოპასუხე, აპელანტი მხარე) მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით (იხ. სარჩელი, ტომი 1-ლი, ს.ფ. 1-13)

სარჩელის საფუძვლები:

 

1.1.მოსარჩელის მიერ მიეთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

1.1.1.მოსარჩელის განმარტებით, იგი ქ. ბ------ში, გ---------–ის ქ. №----ში მდებარე უძრავი ქონების ს.კ. 0----------- მესაკუთრეა. მისი კუთვნილი უძრავი ქონების მომიჯნავედ, ქ.ბ------ში, გ---------–ის ქ.№--- /თ----–---–ის ქ.№---ში მრავალსართულიანი კორპუსი ააშენა შპს ,,ე--“-მა.

 

1.1.2. მოპასუხემ მშენებლობის პროცესში დაარღვია საშენებლო ნორმები და მრავალსართულინი კორპუსების მშენებლობა აწარმოა მშენებლობის წესების დარღვევით. კანონდარღვევით ნაწარმოებმა მშენებლობამ დააზიანა მოსარჩელის კუთვნილი სახლი. დაიბზარა და დასკდა სახლის ფასადი, ჭერი, იატაკი და კედლები. დაზიანებების აღმოფხვრის გარეშე ამ სახლში ცხოვრება შეუძლებელია.

 

1.1.3. დაზიანებების აღმოფხვრის და სახლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანისათის აუცილებელია 71 573 ლარის ღირებულების ხარჯის გაწევა.

 

1.2.მოპასუხე შპს ,,ე--“-ს პოზიცია

 

1.2.1.მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის შენობა მშენებლობის დაწყებამდე ამორტიზირებული იყო. მისი ჭერი, კედლები და იატაკი სამუშაოთა დაწყებამდე დაბზარული იყო. შესაბამისად, მისი დაზიანება არაა შპს ,,ე--“-ის მშენებლობის წარმოების შედეგი. მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელის შენობის დაზიანებას ხელი შეუწყო მიწისძვრებმა, ქალაქის ტერიტორიაზე წლების განმავლობაში მიმდინარე მშენებლობებმა და ქალაქში მძიმე ტექნიკის გადაადგილების ვიბრაციებმა.

 

1.2.2.გარდა ამისა, მან მიწის ნაკვეთი შეიძინა შენობა-ნაგებობისაგან თავისუფალ მდგომარეობაში. შესაბამისად, დემონტაჟის დროს ის მოსარჩელის ბინას ვერ დააზიანებდა. მშენებლობის წარმოების პროცესში კი მშენებლობის წესებს განუხრელად იცავდა, ამდენად, მას მოსარჩელის შენობის დაზიანებაში ბრალი არ მიუძღვის.

 

2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

1. ს------ მ----------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. შპს ,,ე--“-ს ს------ მ----------ს სასარგებლოდ დაეკისრა 71 573 ლარის გადახდა.

3. შპს ,,ე--“-ს ს------ მ----------ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელწმფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი 2170 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის - 50 ლარის, 2016 წლის 01 ივლისის № 0-------- დასკვნის მომზადებაში გადახდილი 201 ლარის, შპს ,,--------------“ პროექტისა და ხარჯთაღრიცხვისათვის გადახდილი 1000 ლარის, №5--------- ექსპერტიზის დასკვნისათვის გადახდილი 1500 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის - 2500 ლარის ანაზღაურება.

4. საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა ძალაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. ქ. ბ------ი გ---------–ის ქ. №----ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, ს------ მ----------ს საკუთრებაა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტომი მე- 2, ს.ფ 148-149) .

 

2.1.2. ს------ მ----------ს კუთვნილი უძრავი ქონების მიმდებარედ, ქ. ბ------ში გ---------–ის ქ.№--- /თ----–---–ის ქ.№---ში არსებული 182 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 2016 წლის 23 თებერვალს შეიძინა შპს ,,ე--“-მა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტომი 1-ლი, ს.ფ. 102-103);

_ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 1ლი, ს.ფ. 161-162).

 

2.1.3. 2016 წლის 21 მარტს ქ. ბ------ში გ---------–ის ქ. ქ.№--- /თ----–---–ის ქ.№---ში მდებარე 182 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შპს ,,ე--“-მა მოიპოვა მშენებლობის ნებართვა და მიწის ნაკვეთში ააშენა კორპუსი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_მხარეთა განმარტებები;

_მშენებლობის სანებართვო მოწმობა (ტომი 1-ლი,. ს.ფ. 86-88).

 

2.1.4. სასამართლომ მხარეთა შორის ძირითად სადაო გარემოებებად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

- ს------ მ----------ს კუთვნილი სახლის დაზიანების ფაქტი;

- ს------ მ----------ს კუთვნილი სახლის დაზიანების მიზეზები;

-შპს ,,ე--“-ის მიერ, ქ. ბ------ში გ---------–ის ქ.№--- /თ----–---–ის ქ.№---ში კორპუსის მშენებლობის, ქვაბულის ამოღების და ფუნდამენტის მოწყობის დროს მშენებლობის წესების დაცვა;

- ქ. ბ------ში გ---------–ის ქ. ქ.№--- -ში მდებარე შენობა-ნაგებობების აღდგენისათვის საჭირო სამუშაოები და მათი ღირებულება.

 

2.1.5. სასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთის სამართლიანი გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე ქ. ბ------ში გ---------–ის ქ.№--- /თ----–---–ის ქ.№---ში მდებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟის, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობისათვის ქვაბულის ამოღების, ფუნდამენტის მოწყობისა და კორპუსის მშენებლობის დროს მშენებლობის წესების დაცვის მტკიცების ტვირთი შპს ,,ე--“-ს ეკისრება. მან უნდა დაამტკიცოს, რომ სამშენებლო საქმიანობის დროს სრულად დაიცვა მშენებლობის წესები. მოპასუხე ამტკიცებს, რომ მოსარჩელეთა კუთვნილი სახლის დაზიანება გარკვეულ წილად გამოწვეულია მიწისძვრებით, ათწლიან პერიოდში სხვა მშენებლობებთან დაკავშირებული მძიმე ტრანსპორტის გადაადგილებით და სხვა ობიექტური მიზეზებით, რისი მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს მოპასუხეს. ხოლო ქ. ბ------ში გ---------–ის ქ. №----ში მდებარე შენობა-ნაგებობების დაზიანების, ასევე მისი აღდგენისათვის საჭირო სამუშაოებისა და მათი ღირებულების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება.

 

სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ მოსარჩელეთა კუთვნილი სახლი დაზიანდა მიწისძვრებით, ათწლიან პერიოდში სხვა მშენებლობებთან დაკავშირებული მძიმე ტრანსპორტის გადაადგილებით და სხვა ობიექტური მიზეზებით.

 

2.1.6. სასამართლოს განმარტებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა დადგინდეს დაზიანებულია თუ არა ს------ მ----------ს საცხოვრებელი სახლი.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს------ მ----------ს კუთვნილი სახლი დაზიანებულია. სასამართლომ მიუთითა, რომ ამ გარემოებას ადასტურებს მოსარჩელის ზეპირი განმარტება, რაც გამყარებულია ფოტოსურათებითა და ექსპერტიზის დასკვნით. კერძოდ:

- საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათებით, რომელზედაც ს------ მ----------ს კუთვნილი შენობა-ნაგებობაა აღბეჭდილი, ნათლად ჩანს, რომ სახლის ფასადი, ჭერი, იატაკი და კედლები დაბზარულია (იხ. ექსპერტიზის დასკვნის ფოტო მასალა ტომი 1-ლი.. ს.ფ. 37-55; ტომი მე-2, ს.ფ. 106-113).

-სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის 2016 წლის 01 ნოემბრის №0-------- დასკვნით, გ---------–ის ქ. №----ში მდებარე სახლზე განვითარებულია არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციები და მზიდ კედლებზე წარმოქმნილია ბზარები. მისი ტექნიკური მდგომარეობა არასტაბილურია. დინამიური პროცესების მონიტორინგის მიზნით ექსპერტს მიზანშეწონილად მიაჩნია შენობის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა და ამ მიზნით დინამიური პროცესების მართვისათვის შენობაში არსებულ ბზარებზე თაბაშირის მანიშნების მოწყობა. მონიტორინგით მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მიღებული შედეგების ანალიზით შენობის დემონტაჟი ან გაძლიერება სპეციალური პროექტის მიხედვით (იხ. №0-------- ექსპერტიზის დასკვნა. ტომი 1-ლი, ს.ფ 16-19).

-სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №5--------- ექსპეტიზის დასკვნით, რომელშიც გ---------–ის ქ. №----ში მდებარე შენობის დაზიანების ხასიათია აღწერილი, მასში მითითებულია, რომ შენობის ფასადის მხარეს პირველ სართულზე ფანჯრის ღიობების გასწვრივ შენობას აქვს ჰორიზონტალური ბზარები. პირველ და მეორე სართულზე მდებარე ფანჯრის ღიობებს შორის და მეორე სართულზე ფანჯრის ღიობის ზღუდართან გაჩენილია ვერტიკალური გამჭოლი ბზარები. შენობის ტორსული კედელი (მშენებლობის მხარეს) დაძრულია ვერტიკალური სიბრტყიდან. პარკეტის წყობაზე აღენიშნება ბზარები. შენობის მდგომარეობა არასტაბილურია და აუცილებელია მისი აღდგენა და გამაგრება (იხ. №5--------- ექსპეტიზის დასკვნა.ტომი მე-2, ს.ფ 100-113).

-შპს ,,--------------“ მიერ შედგენილი იქნა მოსარჩელის კუთვნილი შენობის აღდგენით-გამაგრებითი სამუშაოების პროექტი და საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი შენობის დაზიანებები და მათი აღდგენისათვის საჭირო სამუშაოები. მისი შინაარსი №5--------- ექსპერტიზის დასკვნასთან თანხვედრაშია (იხ. პროექტი და საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ტომი 1-ლი, ს.ფ. 24-34).

 

ზემოხსენებულიდან გამომდუნარე სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის განმარტებით, №0-------- და №5--------- ექსპეტიზის დასკვნებით, ფოტომასალით და შპს ,,--------------“ მიერ შედგენილი აღდგენით-გამაგრებითი სამუშაოების პროექტით და საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით დადგენილი და დადასტურებულია, რომ ქ. ბ------ში გ---------–ის ქ. №----ში მდებარე, ს------ მ----------ს კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, დაზიანებულია. დაბზარულია მისი ფასადი, ჭერი, იატაკი და კედლები.

 

2.1.7. სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ფაქტის არსებობის დადგენის შემდეგ, მნიშვნელოვანი გარემოებაა გაირკვეს ქ. ბ------ში გ---------–ის ქ. №----ში მდებარე შენობა-ნაგებობების აღდგენისათვის რა სამუშაოებია ჩასატარებელი და რას შეადგენს მისი ღირებულება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ დაზიანებული შენობის რეაბილატაციისათვის ჩასატარებელ სამუშაოთა განსაზღვრა სპეციფიკური საკითხია. მისი განსაზღვრა დაკავშირებულია სპეციალურ ცოდნასთან. დაზიანებული შენობა-ნაგებობის აღდგენითი სამუშაოს ღირებულების დადგენისათვის, მოსარჩელემ მიმართა შპს ,,ი------------“, რომელმაც შეისწავლა მოსარჩელის სახლის მდგომარეობა და შეადგინა როგორც მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია-აღდგენისათვის საჭირო სამუშაოების და მოცულობის გე--ა, ასევე საჭირო ხარჯი.

 

ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია, რომ შენობის შიგა და გარე კედლებიდან ბათქაში უნდა ჩამოიყაროს. პირველი სართულის იატაკიდან ფენილი უნდა აიყაროს. საძირკველის გამაგრების მიზნით პირველი სართულის იატაკის ბეტონი უნდა დაიშალოს. სამშენებლო ნაგავი უნდა გაიზიდოს გარეთ. არსებული საძირკვლების გასაძლიერებლად შენობის შიგა ნაწილში და გარე პერიმეტრზე გრუნტი უნდა დამუშავდეს. ზედმეტი გრუნტი გატანილი უნდა იქნას გარეთ. კედლები ხის ელემენტებით უნდა გამაგრდეს დროებით, გასაძლიერებელი საძირკველის არმირებისათვის კედლები უნდა გაიბურღოს სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა სისქით. კედლისა და საძირკველის გასაძლიერებლად უნდა მოეწყოს არმატურა, გასაძლიერებელი კედლების კორექტირება უნდა მოხდეს 5 სმ. სისქის ცემენტის დუღაბით. შენობის სახურავის დაზიანებული ბურული უნდა მოიხსნას. სახურავის ბურული უნდა მოეწყოს ღარიანი შიფრით. ასევე ჩასატარებელია სხვა მრავლობითი სამუშაოები. საბოლოო ჯამში შენობის აღდგენა-რეაბილიტაციისათვის საჭიროა 71 573 ლარი (იხ. ქ. ბ------ში გ---------–ის ქ. №----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრება-აღდგენის საორიენტაციო სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაცია. ტომი 1-ლი, ს.ფ. 27-34).

 

მოპასუხემ სადავო გახადა რა სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 71 573 ლარის საჭიროება, სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების ნაწილში დამატებით ჩატარებულიყო საექსპერტო კვლევები. შესაბამისად, ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით დაინიშნა საინჟნრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

 

კველევების შედეგად ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაზიანებული შენობა- ნაგებობის აღდგენისათვის ჩასატარებელია რიგი სამუშაოები. ექსპერტმა დაადასტურა იმ სამუშაოების აუცილებლობა, რაც მოცემული იყო შპს ,,--------------“ მიერ შედგენილ აღდგენით-გამაგრებითი სამუშაოების პროექტში და საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში. დასკვნაში მითითებულია, რომ გ---------–ის ქ. №----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია-აღდგენის და გამაგრებითი სამუშაოების დაანგარიშება შესრულებულია შენობის გაძლიერების პროექტის მიხედვით. იგი შეიცავს მოსარჩელის შენობის საძირკვლების, კედლების და სახურავის აღდგენისათვის საჭირო სამუშაოებს და გამაგრებითი სამუშაოების ღირებულების დაანგარიშებას. შესაბამისად შენობის აღდგენისათვის გამოყენებული მასალების და ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება დაანგარიშებულია სრულყოფილად (იხ. ექსპერტიზის დასკვნა. ტომი მე- 2. ს.ფ. 99-113; იხ. ქ. ბ------ში გ---------–ის ქ. №----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრება- აღდგენის საორიენტაციო სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაცია. ტომი 1-ლი, ს.ფ. 27-34).

 

სასამართლომ განმარტა, რომ დაზიანების აღმოფხვრისათვის საჭირო სამუშაოების დასახელება და მათი ღირებულება, ფაქტობრივი გარემოებებია. მათი საჭიროება და აუცილებლობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. აუცილებლად ჩასატარებელ სამუშაოთა სახეობებისა და ღირებულების განსაზღვრისათვის სასამართლოზე წარმოდგენილი იქნა ერთი კონკრეტული მტკიცებულება მოსარჩელის მხრიდან. ესაა შპს ,,--------------“ საორიენტაციო სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც ქ. ბ------ში გ---------–ის ქ.№----ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია-აღდგენის ხარჯი შეადგენს 71 573 ლარს. მოპასუხეს სამუშაოებისა და ხარჯის ამსახველი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

2.1.8. სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანი საკითხია დადგინდეს, რამ გამოიწვია მოსარჩელეთა სახლის დაზიანება.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. ბ------ში გ---------–ის ქ.№--- /თ----–---–ის ქ.№---ში მდებარე მიწის ნაკვეთში არსებული შენობების დემონტაჟის, ქვაბულის მოწყობისა და მშენებლობის დაწყებისას, მოსარჩელეთა სახლის მდგომარეობა არ გამოუკვლევიათ. მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელშიც მოცემული იქნებოდა ინფორმაცია დემონტაჟამდე მოსარჩელეთა კუთვნილი სახლის მდგომარეობის შესახებ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ დაზიანების მიზეზები აღწერილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 თებერვლის №5--------- დასკვნაში, რომლის მიხედვითაც მოსარჩელის კუთვნილი შენობის დაზიანებები გამოწვეულია ქ. ბ------ში გ---------–ის ქ. ქ.№--- /თ----–---–ის ქ.№---ში მდებარე მიწის ნაკვეთში მოპასუხის მიერ ქვაბულის ამოღებამდე გ---------–ის ქ. ქ.№----ში მდებარე შენობის გამაგრებითი სამუშაოების არჩატარებით (იხ. ექპერტიზის დასკვნა. ტომი მე-2. ს.ფ 99-113).

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საექსპერტო კვლევებით ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქ. ბ------ში გ---------–ის ქ. №--- /თ----–---–ის ქ.№---ში მდებარე მიწის ნაკვეთში შენობის ქვაბულის მოწყობის თანამიმდებრობისა და გამაგრების შესახებ დოკუმენტური ინფორმაცია არ არსებობს. საინჟინრო-ტექნიკურ გამოკვლევაში არ არის შესწავლილი მოსარჩელეთა შენობის და საძირკვლების პირობების შესახებ. გ---------–ის ქ.№----ში მდებარე შენობაში არსებული დეფორმაციების და განვითარებული ბზარების მიზეზია საძირკვლების ფუძის ჯდენა, რამაც თავის მხრივ გამოიწვია საძირკვლების არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციების განვითარება და მზიდ კედელზე ბზარების წარმოქმნა. საინჟინრო-გეოლოგიურ გამოკვლევაში არ არის გ---------–ის ქ.№----ში მდებარე შენობის და საძირკვლების პირობების გამოკვლევა. პროექტის კონსტრუქციულ ნაწილში და მშენებლობის ორგანიზების პროექტში არ მოიპოვება არანაირი ინფორმაცია ქვაბულის ამოღების თანამიმდევრობის, გამაგრების ან მიმდებარედ არსებული შენობების უსაფრთხოებისათვის რაიმე ღონისძიების ჩატარების შესახებ. არაა გათვალისწინებული გრუნტის წყლის ამოქაჩვის სამუშაოების ჩატარება. აღნიშნულმა გაუთვალისწინებლობამ გამოიწვია ნეგატური შედეგები. საერთო ჯამში შენობის დაზიანების მიზეზია ქ. ბ------ში გ---------–ის ქ.№--- /თ----–---–ის ქ.№---ში მრავალსართულიანი შენობის ქვაბულის ამოღებამდე მეზობლად მდებარე შენობის უსაფრთხოებისათვის შპს ,,ე--“-ის მიერ გამაგრებითი სამუშაოების არ ჩატარება, ასევე მრავალსართულიანი შენობის მშენებლობისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვები. ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელი იყო მიმდებარედ არსებული შენობა ნაგებობის მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა (იხ. ექპერტიზის დასკვნა. ტომი მე- 2. ს.ფ 99-113).

 

2.1.9. სასამართლომ განმარტა, რომ მშენებლობის წარმოება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. არსებობს საფრთხე იმისა, რომ მშენებლობის დროს დაზიანდეს მეზობლად მდებარე შენობები. ამ ზიანის თავიდან აცილების მიზნით, კანონმდებელი აწესებს, რომ მშენებელმა თავიდანვე შეისწავლოს ეს რისკები და გაატაროს საფრთხის თავიდან აცილების ღონისძიებები და სწორედ ამ საფრთხეების თავიდან აცილებასთანაა დაკავშირებული ის ვალდებულებები, რაც მშენებელს მშენებლობის საქმიანობის დაწყებამდე აქვს დაკისრებული.

სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოპასუხე ვალდებული იყო შეესწავლა სამშენებლო მოედნის გრუნტი, განესაზღვრა ქვაბულის ამოღების მეთოდი და გამოეკვლია მიმდებარე შენობა-ნაგებობის მდგომარეობა და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს არ აქვს მტკიცებულება მოსარჩელის სახლის გამოკვლევის შესახებ, რომლის გამოყენებითაც ის დაამტკიცებდა, რომ მშენებლობის დაწყების დროს მოსარჩელის შენობა დაზიანებული იყო. ექსპერტიზის დასკვნაში განმარტებულია, რომ ზიანი გაჩნდა შენობათა დემონტაჟის, ქვაბულის ამოღებისა და მშენებლობის დროს არსებული ვიბრაციული დატვირთვებით. ამ ღონისძიებებიდან ქვაბულის ამოღება და მშენებლობა უშუალოდ მოპასუხის მიერაა განხორციელებული და ამ საკითხზე მხარეები არ დაობენ. დემონტაჟის დროს მოპასუხის ბრალეულობა შეიძლება სადაო გახდეს, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნით დაზიანების წარმოშობაში ქვაბულის ამოღება და ვიბრაციის ზემოქმედებაა მნიშვნელოვანი.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე არ უნდა შემოფარგულიყო მოსარჩელის სახლისათვის მხოლოდ სურათების გადაღებით, სახელდობრ როცა სურათი გადაიღო და დაადგინა, რომ სახლს გარკვეული ბზარები აღენიშნებოდა, მას ნაცვლად ქვაბულის ამოღებისა, პირველ რიგში უნდა ეზრუნა ს------ მ----------ს შენობის გამაგრებაზე, რაც მან არ შეასრულა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ მხედველობაში მისაღებ გარემოებათა გაუთვალისწინებლობას მოჰყვა მოსარჩელის კუთვნილი სახლის დაზიანება და რომ ზიანის წარმოშობაში ბრალეულია მოპასუხე შპს ,,ე--“.

 

2.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

 

2.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე, 174-ე, 317-ე, 992-ე მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №59 დადგენილებაზე და განმარტა შემდეგი:

 

2.2.1. სასამართლო მიუთითა, რომ წინამდებარე დავაში მხარეთა ურთიერთობა წარმოადგენს დელიქტის საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებას. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძვლიდან.

 

2.2.2. სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისათვის აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს რამოდენიმე პირობა. კერძოდ: მოპასუხის ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო; მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით; მართლსაწინააღმდეგო ქმედებას უნდა მოჰყვეს ზიანი; მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.

 

2.2.3. სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,ე--“-მა მრავალსართულიანი კორპუსი ააშენა ქ. ბ------ში გ---------–ის ქ.№--- /თ----–---–ის ქ.№---ში მის მიმდებარედ ქ. ბ------ში გ---------–ის ქ.№--- -ში მდებარე შენობა-ნაგებობა მოსარჩელის საკუთრებაა. მოსარჩელის შენობა-ნაგებობა და მოპასუხის სამუშაო ობიექტები ერთმანეთის გვერდიგვერდაა განლაგებული.

 

2.2.4. სასამართლომ მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №59 დადგენილების 33-ე, 35-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოპასუხე ვალდებული იყო ახალი მშენებლობის დაწყებამდე და არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟამდე შეესწავლა მოსარჩელის შენობა-ნაგებობის და მისი საძირკვლების მდგომარეობა და განესაზღვრა მშენებლობის ზემოქმედების შედეგები.

 

2.2.5. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. ბ------ში გ---------–ის ქ.№--- /თ----–---–ის ქ.№---ში მდებარე შენობის ქვაბულის მოწყობის თანამიმდებრობისა და გამაგრების შესახებ დოკუმენტური ინფორმაცია არ არსებობდა. საინჟინრო-ტექნიკურ გამოკვლევაში არ იყო შესწავლილი მოსარჩელის შენობის და საძირკვლების პირობების შესახებ. ქვაბულის ამოღება და გამაგრება განხორციელდა წინასწარ დამუშავებული ტექნიკური დოკუმენტაციის გარეშე. მოსარჩელის შენობის დაზიანებები გამოწვეულია ქ. ბ------ში გ---------–ის ქ. ქ.№--- /თ----–---–ის ქ.№---ში მრავალსართულიანი შენობის ქვაბულის ამოღებამდე მეზობლად მდებარე შენობის უსაფრთხოებისათვის გამაგრებითი სამუშაოების არჩატარებით, ასევე მშენებლობის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით. საინჟინრო გეოლოგიურ გამოკვლევაში არ არის შესწავლილი მოსარჩელეთა შენობის და საძირკვლების პირობების გამოკვლევა. საპროექტო დოკუნეტაციაში არ მოიპოვება ინფორმაცია ქვაბულის ამოღების თანამიმდევრობის, გამაგრების ან მიმდებარედ არსებული შენობების უსაფრთხოების ღონისძიებების ჩატარების შესახებ. შპს ,,ე--“-მა საძირკვლის ქვაბულის ამოღებისას არ დაიცვა სამშენებლო ნორმები და მომიჯნავე შენობის დაზიანების თავიდან ასაცილებლად არ გაატარა პრევენციული ღონისძიებები. აუცილებელი იყო მშენებლობის დაწყებამდე მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. სწორედ აღნიშნულის გამო მოპასუხის ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 2009 წლის24 მარტის №59 დადგენილების 33-ე- 35-ე მუხლის მოთხოვნებს.

 

2.2.6. სასამართლომ შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით შეგროვილი მტკიცებულებები გაანალიზა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხის უმოქმედობის შედეგია ის, რომ მისი კუთვნილი სამშენებლო საქმიანობის შედეგად დაზიანდა მოსარჩელის ქონება. მოპასუხე ვალდებული იყო სათანადოდ შეემოწმებინა მოსარჩელის კუთვნილი შენობის მდგომარეობა და სწორად გადაეწყვიტა როგორც მისი გამაგრებითი სამუშაოები, ასევე არსებული შენობების დემონტაჟის, გამოსაყენებელი ტექნიკის, ვიბრაციის, ქვაბულის მოწყობის და ა.შ. სხვა პრინციპი. ამ ქმედებათა განხორციელებით ის მოსარჩელის ქონებას არ დააყენებდა რისკის წინაშე. მიუხედავად ამისა, მან არ გამოიჩინა სიფრთხილე, სათანადოდ არ გაამაგრა მოსარჩელის კუთვნილი შენობა და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით არ მოაწყო ქვაბული, რის შედეგადაც ქვაბულის მოწყობის და ვიბრაციული ტიპის სამუშაოებმა დააზიანა მოსარჩელის კუთვნილი შენობა. ზემოაღნიშნულის გამო მოპასუხის ქმედება მართლსაწინააღმდეგოა.

 

2.2.7. დადგენილია, რომ ქ. ბ------ში გ---------–ის ქ.№--- /თ----–---–ის ქ.№---ში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის დაწყებამდე მოპასუხემ არ გამოიკვლია მოსარჩელის კუთვნილი შენობის და მისი საძირკვლების მდგომარეობა. ქვაბულის ამოღებისა და ვიბრაციის გამომწვევი ტექნიკის გამოყენებისას არ განახორციელა გამაგრებითი სამუშაოები, რამაც გამოიწვია მოსარჩელეების კუთვნილი შენობის დაზიანება. ამ შემთხვევაში მოპასუხის მიერ, სათანადო თადარიგის დაჭერის გარეშე ქვაბულის ამოღება და სამშენებლო სამუშაოები დროში წინ უსწრებდა შედეგს და წარმოადგენდა ამ ზიანის დადგომის ერთადერთ განმაპირობებელს. ანუ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მოსარჩელის შენობის დაზიანებას შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, სწორედ ეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება წარმოადგენს მოსარჩელის შენობის დაზიანების ერთადერთ მიზეზს.

 

2.2.8. მართლსაწინააღმდეგო ქმედების გარდა, დელიქტური ვალდებულებისათვის აუცილებელია დადგინდეს ზიანის არსებობა. წინამდებარე შემთხვევაში დადგინდა, რომ მოსარჩელის კუთვნილი შენობა დაზიანებულია. მისი აღდგენისათვის საჭიროა 71573 ლარის დახარჯვა. შესაბამისად მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების შედეგად მოსარჩელემ განიცადა 71 573 ლარის ზიანი. დასახელებული თანხა საკმარისია ზიანის აღმოსაფხვრელად.

 

2.2.9. დასკვნის სახით სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ. მისი მართლსაწინააღმდეგობა მდგომარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე და 174-ე მუხლების, ასევე ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №59 დადგენილების 33-35-ე მუხლების მოთხოვნათა უგულებელყოფაში. მან გაუფრთხილებლობით არ დაიცვა კანონით დადგენილი მოთხოვნები, რამაც გამოიწვია მოსარჩელის კუთვნილი შენობის დაზიანება, რომლის აღდგენასაც სჭირდება 71 573 ლარი, რომლის მოპასუხეზე დაკისრებით აღსდგება მოსარჩელის ინტერესი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არაფერი არ არის ნათქვამი მოწმეთა ჩვენებებზე, კერძოდ: მოსარჩელის მხრიდან დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ სადავო სახლის მომიჯნავედ არსებული შენობის დემონტაჟამდე მოსარჩელის კუთვნილ სახლში აღინიშნებოდა ბზარები. აღნიშნული ასევე დაადასტურა მოპასუხე მხარის მოწმემაც (ავთანდილ კომახიძე). მოსარჩელე მხარის მოწმემ დაადასტურა, რომ მოსარჩელის კუთვნილი სახლის დაზიანება გამოიწვია მის მომიჯნავედ (მის: ქ. ბ------ი, ვ. გ---------–ის ქ.№--- /თ----–---–ის ქ.№---ში) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟმა. ამ ფაქტს როგორც ესქპერტის, ასევე სასამართლოს მხრიდან არ მიეცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება;

 

3.2. აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ის ფაქტი, რომ თითქოს მოსარჩელის კუთვნილი სახლის დაზიანება მთლიანად მოპასუხის მიერ სამშენებლო სამუშაოების დარღვვევით წარმოების შედეგია, მაშინ როდესაც აღნიშნულის არაერთი საწინააღმდეგო მტკიცებულება არსებობს საქმეში. კერძოდ: 1. მოწმეთა ჩვენება, რომ დემონტაჟის დაწყებამდე სადავო სახლზე აღინიშნებოდა ბზარები/დაზიანებები; 2. სახლის დემონტაჟი მოპასუხეს არ გაუკეთებია, ასევე საჯარო რეესტრიდან წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება ის, რომ მოპასუხემ ცარიელი მიწის ნაკვეთი შეიძინა და შემდეგ დაიწყო მასზე საძირკველის, ქვაბულის ამოღების და სახლის მშენებლობის სამუშაოები; 3. 2---------წ. ექსპერტის დასკვნის №5--------- თანახმად, სახლის დაზიანების ერთ-ერთი მიზეზი იყო დემონტაჟის სამუშაოების ჯეროვნად შეუსრულებლობა, რაც მოპასუხისაგან დამოუკიდებლად, ჯერ კიდევ მისი მესაკუთრის შპს ,,ძველი ბ------ი“-ს მიერ განხორციელდა. ამდენად, სასამართლოს სოლიდარულ ვალდებულებაზე უნდა ემსჯელა;

 

3.3. აპელანტის საპელაციო საჩივარში გადმოცემული მითითების თანახმად სასამართლო აცხადებს, რომ შპს ,,ი----------“-მა შეადგინა მოსარჩელის კუთვნილი სახლის გამაგრება-აღდგენის საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, თუმცა ხსენებული ხარჯთაღრიცხვა შედგენილია ყოველგვარი კვლევების და საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე. ხარჯთარღიცხვის თანახმად, სამუშაოების შესრულების ღირებულება შეადგენს 71 573 (სამოცდათერთმეტი ათას ხუთას სამოცდაცამეტი) ლარს, მაშინ როდესაც მოსარჩელის კუთვნილი სახლი სულ არის 76.00 კვ.მ. შპს ,,ი----------ი“-ს გაანგარიშებით საშუალოდ სახლის ყოველი 1 კვ.მ-ის რემონტის თანხა შეადგენს 1000 ლარს, რაც შეუსაბამო მოთხოვნაა. ასეთი სახის (ღირებულების) რემონტის გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ 2---------წ. ექსპერტის დასკვნაში №5--------- არაფერია ნათქვამი;

 

3.4. აპელანტის თვალსაზრისით სასამართლო არასწორად დაეყრდნო და შეაფასა სამხარულის ექსპერტიზის ბიუროს 2---------წ. და №5--------- დასკვნა, რადგან იგი დაუსაბუთებელი და ბუნდოვანია. ექსპერტმა გაიმეორა ზუსტად იგივე - ყოველგვარი კვლევების გარეშე და დაზიანება განსაზღვრა მხოლოდ არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე. ფაქტიურად საერთოდ არ შეუსწავლია მეცნიერულ და საექსპერტო დონეზე დაზიანების გამომწვევი მიზეზები.

 

3.5. სასამართლომ არ დანიშნა დამატებითი ექსპერტიზა და ამით მოპასუხეს მოუსპო საშუალება წარედგინა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რადგან ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ სასამართლოს განჩინების არსებობა რომ არა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ან ნებისმიერი სხვა საექსპერტო დაწესებულება შეადგენდა დამოუკიდებელ სარეაბილიტაციო საპროექტო სახარჯთარღიცხვო დოკუმენტაციას, მათ მიერ მოწვეული იქნებოდა სხვა აღიარებული სპეციალისტები.

 

3.6. აპელანტის მითითებით თუ სასამართლო თვლიდა, რომ მოპასუხის მიერ სამშენებლო ნორმების მოთხოვნათა დარღვევით სამუშაოების წარმოებამ მოსარჩელეს მიაყენა ზიანი, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი წესით - მოპასუხეს უნდა დავალებოდა მოსარჩელის კუთვნილ სახლზე არსებული დაზიანებების რეაბილიტაციის - აღდგენითი სამუშაოების შესრულება იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობის შესახებ (სსკ-ის 409-ე მუხლი) - რა დროსაც მოსარჩელეს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

3.7. აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროს სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1.ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატის თვალსაზრისით განსახილველ სამოქალაქო დავაზე პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წანამძღვრები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, მოცემული გადაწყვეტილების 2.1.1-2.1.4; 2.1.6-2.1.8 პუნქტებში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებსა და 2.2.1-2.2.9 პუნქტებში გადმოცემულ სამართლებრივ შეფასებებს და აღნიშნავს შემდეგს:

 

4.1.1. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შესაფასებელია დელიქტური სამართლით რეგულირებული სამართლებრივი საფუძვლებით, რადგან სახეზე არაა მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობა და განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით, მხარე მოთხოვნას დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ურთიერთობაზე ამყარებს. შესაბამისად, მოცემული დავის მარეგულირებელ სადამფუძნებლო მატერიალურ-სამართლებრივ ნორმას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი წარმოადგენს.

 

4.1.2.სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს არასახელშეკრულებო (კანონისმიერ) ვალდებულებათა სახეს. იგი წარმოიშობა კანონის ძალით, მხარეთა ნება-სურვილისგან დამოუკიდებლად, რა დროსაც, მხარეთა წინასწარი შეთანხმება ზიანის ანაზღაურების თაობაზე საჭირო არ არის. დელიქტური ვალდებულება მოწოდებულია უზრუნველყოს დარღვეული ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების აღდგენა სამართალდამრღვევის ხარჯზე. სწორედ ამ ვალდებულების ძალით, პირი, რომელმაც მიაყენა ზიანი სხვა პირის პირად ან ქონებრივ ინტერესებს, ვალდებულია სრული მოცულობით აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, ხოლო დაზარალებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს განცდილი ზიანის ანაზღაურება.შესაბამისად დელიქტი, როგორც სამოქალაქო სამართალდარღვევა, წარმოშობს გარკვეული სახის სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, დელიქტურ პასუხისმგებლობას. დელიქტური პასუხისმგებლობა წარმოადგენს კანონით განსაზღვრული ქონებრივი ხასიათის ზომების იძულებით გამოყენებას იმ პირის მიმართ, რომელმაც მიაყენა ზიანი სხვა პირის მატერიალურ ან არამატერიალურ სიკეთეს. აღნიშნული პასუხისმგებლობის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ არსობრივად იგი წარმოადგენს შეფარდებით სამართალურთიერთობას, ანუ ადგენს ერთი პირის ვალდებულებას მეორეს წინაშე და იმავდროულად მიმართულია აბსოლუტური სამართალურთიერთობის დაცვისაკენ, სადაც განსაზღვრულია მხოლოდ ერთი მხარე - სუბიექტური უფლების მატარებელი, მაგალითად, ნივთის მესაკუთრე.

 

4.1.3.სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლად სამოქალაქო უფლების დარღვევა მიიჩნევა. ქონებრივი პასუხისმგებლობის ვალდებულ პირზე დასაკისრებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობის ორგანიზმს ჰქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართალდამრღვევის ბრალი.

 

4.1.4.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს. იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია (შდრ: სუსგ Nას-507-481-2011,30 იანვარი, 2012 წელი).

მოხმობილი ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ქონებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ზიანის არსებობა. სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.

 

4.1.5.ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ანაზღაურებაუნარიანი ზიანი. ასეთია სამართლებრივად მნიშვნელოვანი და დაცული ზიანი. ზიანი, რომლის ანაზღაურებაც შეუძლებელია, ვერ ჩაითვლება ასეთად. ქონებრივი ზიანის დადგენა ხდება ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით.

 

4.1.6. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი,რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.

 

4.1.7.ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს. ამავე კოდექსის 326-ე და 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. აღნიშნული ნორმა ათავისუფლებს მოვალეს ისეთი რისკისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი ვალდებულების დარღვევისა. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონიერი ადამიანის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ვალდებულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით.

 

4.1.8.ზიანის ფაქტის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით, სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე. მითითებული ნორმების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

4.1.9. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, განსახილველი კატეგორიის დავებში მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო მოპასუხემ კი უნდა ამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

4.1.10. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხეს სამშენებლო სამუშაოების წარმოების შედეგად გამოწვეული საცხოვრებელი სახლის ზიანის ანაზღაურებას ედავება, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ სრულად გაასაჩივრა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს მოპასუხის მიერ გამოწვეული ზიანი, მისი ოდენობის დადგენა, მიყენებულ ზიანსა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა წარმოადგენს.

 

4.1.11. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ მოახდინა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ჯეროვნად რეალიზება.

სახელდობრ, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნები, ფოტომასალა, შპს ,,ი----------ის“ მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა არაორაზროვნად და იმპერატიულად ასკვნის, რომ საკვლევი უძრავი ქონების დაზიანება (ს------ მ----------ს საცხოვრებელი სახლის), ძირითადად, შპს ,,ე--“-ს მიერ მშენებლობის პროცესში განხორციელებული დარღვევების შედეგია, სახელდობრ დადგენილია, რომ მოსარჩელის შენობის დაზიანებები გამოწვეულია ქ. ბ------ში გ---------–ის ქ. ქ.№--- /თ----–---–ის ქ.№---ში მრავალსართულიანი შენობის ქვაბულის ამოღებამდე მეზობლად მდებარე შენობის უსაფრთხოებისათვის გამაგრებითი სამუშაოების არჩატარებით, ასევე მშენებლობის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით. დასკვნას თან ახლავს მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ფოტოსურათები, სადაც ნათლად ჩანს დაზიანებების კვალი. გარდა ამისა, ექსპერტი დასკვნაში ადგენს მიზეზობრივ კავშირს მოპასუხე შპს-ს მიერ ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებსა და მოსარჩელის ქონებისთვის მიყენებულ დაზიანებებს შორის.

 

სააპელაციო პალატა, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზების დასკვნების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი შედგენილია შესაბამისი ცოდნის მქონე ექსპერტის/დაწესებულების მიერ, საკითხი სიღრმისეულადაა გამოკვლეული, სიტუაციის ამსახველი ფოტოსურათები დართულია, შესაბამისად არ არსებობს მათი სასამართლოს მიერ გაზიარებაზე უარის თქმის საფუძვლები. ამდენად, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნებში აღწერილი მოსარჩელის სახლის დაზიანებები მოპასუხის მიერ ნაწარმოები მშენებლობით იყო გამოწვეული.

 

4.1.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე;

 

4.1.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვალს განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-72-72-2018);

 

4.1.14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმარისად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე სწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები, რომლითაც დასტურდება მიყენებული ზიანის ოდენობა. სასამართლომ სწორად დაადგინა ის გარემოება, რომ ზიანი გამოწვეული იქნა უშუალოდ შპს ,,ე--“-ს მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად. შესაბამისად, სახეზეა დელიქტური ვალდებულების წარმოშობის ყველა წინაპირობა, რაც მოპასუხეზე ზიანის დაკისრების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ შეძლო მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც სარწმუნო მტკიცებულებებით ვერ იქნა გაბათილებული მოპასუხე მხარის მიერ.

 

4.1.15. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც აპელანტმა ვერ გასწია. ამასთან პალატა განმარტავს, რომ როგორც მოსარჩელემ განახორციელა მტკიცების ტვირთი და წარმოადგინა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები, ასევე შეეძლო მოპასუხე მხარესაც წარმოედგინა მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხავი მის მიერ მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნა, რაც მას არ განუხორციელებია. სასამართლომ თავისი ინიციატივით დანიშნა ექსპერტიზა და წარმოდგენილია კვალიფიციური დასკვნა, რომელიც სწორად იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ, ხოლო რაც შეეხება აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებას მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმის ჩვენება ვერ იქნება სათანადო და წონადი მტკიცებულება მის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად.

 

4.1.16. სააპელაციო პალატა ზემოთ განვითარებული მსჯელობის შესაბამისად კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი წარმატებით დასძლია, წარმოადგინა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც არაორაზროვნად და იმპერატიულად ადგენს დამდგარ ზიანსა და მოპასუხეს მიერ განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებს შორის მიზეზობრივ კავშირს, ასევე წარმოადგინა სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, რომელიც გონივრული და რელევანტურია, აღნიშნული მტკიცებულებების გამაბათილებელი მტკიცებულება კი აპელანტ მხარეს არ წარმოუდგენია, მისი მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შედავება კი ზიანის მიყენების შეუძლებლობასა და ხარჯთაღრიცხვის არამართებულობასთან მიმართებით ვერ იქნება სარწმუნო და წონად მტკიცებულებად მიჩნეული.

 

4.1.17. სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ თუკი დადგინდება მისი ბრალეულობა ს------ მ----------ს სახლის დაზიანებაში მასთან ერთად პასუხი უნდა აგოს შპს ,,ძ---–-- ბ------მა“, რადგან მანამდე შენობის დემონტაჟი რაზედაც საუბარია ექსპერტიზის დასკვნაში, სწორედ ამ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ განახორციელა და არა შპს ,,ე--“-მ, რადგან აპელანტის მოცემული მსჯელობის უსაფუძლობა დასტურდება თვით მის მიერ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლის მე-3 ფაქტობრივ გარემოებასა და დავის დამატებით მე-2 ფაქტობრივ გარემოებაში აღნიშნულია შემდეგი (ვახდენთ ციტირებას):,,ქ. ბ------ში გ---------–ის ქ. №----ში მდებარე შენობის მზიდ კედელზე მიშენებული შენობის დემონტაჟი ჩვენს (მოპასუხის) მიერ არ განხოციელებულა მძიმე ტექნიკის გამოყენებით. შესაბამისად, ვიბრაციულ დატვირთვებს ადგილი არ ჰქონია. აქვე დავძენთ, რომ ქვაბულის ამოღებამდე მეზობლად მდებარე შენობების უსაფრთხოებისათის გამაგრებითი სამუშაოების შესრულებული იქნა თავის დროზე არსებული წესების დაცვით.... „როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქონების შეძენის შემდეგ ქ. ბ------ში გ---------–ის ქ. №----ში მდებარე შენობის მზიდ კედელზე მიშენებული შენობის დემონტაჟი ჩვენს (მოპასუხის) მიერ არ განხოციელებულა მძიმე ტექნიკის გამოყენებით. შესაბამისად ვიბრაციულ დატვირთვებს ადგილი არ ჰქონია. აქვე დავძენთ, რომ ქვაბულის ამოღებამდე მეზობლად მდებარე შენობების უსაფრთხოებისათის გამაგრებითი სამუშაოების შესრულებული იქნა თავის დროზე არსებული წესების დაცვით. შენობის საძირკველი ე.წ. „ხიმინჯოვანი“ მოეწყო, რომელიც ბურღვითი მეთოდით ჰაკეთდა, რომ ვიბრაცია არ ყოფილიყო და არ გამოეწვია მომიჯნავედ არსებული შენობა-ნაგებობების დაზიანებები.“ ამდენად, შესაგებელში მოპასუხე უარყოფს არა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელის შენობაზე მიშენებული შენობის დემონტაჟი მის მიერ განახორციელდა, არამედ პირიქით - ადასტურებს ასეთის განხორიცელებას და უარყოფს მხოლოდ იმას, რომ აღნიშნული არ განუხორციელებია მძიმე ტექნიკის გამოყენებით,თუმცა თუნდაც გაზიარებულ იქნას აპელანტის თვალსაზრისი , აღნიშნული გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც კი, ეს არ გამორიცხავს მის პასუხიმგებლობას ზიანის ანაზღაურებაში. სახელდობრ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ როგორც სოლიდარული მოვალეები. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, სახელშეკრულებო სამართლის მომწესრიგებელი ნორმების სპეციფიკურია და არეგულირებს ვალდებულებით ურთიერთობას სახელშეკრულებო თავისებურებათა გათვალისწინებით, თუმცა, განსხვავებულ შესაძლებლობას გვაძლევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლი, რომლის ძალითაც წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს სოლიდარულ მოვალეთაგან ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ.

ზემოხსენებულის გარდა , სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო განჩინებით ჩატარებული ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი ქ. ბ------ი, გ---------–ის №----თ----–---–ის ქ. №---ში მდებარე 182 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ფაქტს არ უკავშირებს მოსარჩელე ს------ მ----------ს საცხოვრებელი სახლის დაზიანებას. ექსპერტი დასკვნაში უთითებს, რომ მართალია, სახლზე ბზარების წარმოშობა დაიწყო ქ. ბ------ი, გ---------–ის №----თ----–---–ის ქ. №---ში მდებარე მიწის ნაკვეთში არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟით, მაგრამ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეული იქნა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის საძირკვლის ფუძის ჯდენით, რაც თავის მხრივ გამოიწვია მოპასუხის მიერ მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა კანონშეუსაბამო მოქმედებებმა. კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის სეისმედეგეობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტი) 2018 წლის 23 თებერვლის №--------- ექსპერტის დასკვნის თანახმად დადგენილია შემდეგი:

„ა) ვიზუალური დათვალიერებით, ქ. ბ------ში, გ---------–ის ქ.1---ში მდებარე შენობის ფასადის მხარეს პირველ სართულზე ფანჯრის ღიობების გასწვრივ აღენიშნება ჰორიზონტალური ბზარები, პირველ და მეორე სართულზე მდებარე ფანჯრის ღიობებს შორის და მეორე სართულზე ფანჯრის ღიობის ზღუდართან ვერტიკალური გამჭოლი ბზარები.

შენობის ტორსული კედელი (მშენებლობის მხარეს) დაძრულია ვერტიკალური სიბრტყიდან სახურავის დაზიანების გამო აღინიშნება ატმოსფერული ნალექების ჩამოსვლის კვალი. პარკეტის ყობაზე აღინიშნება ბზარი.

ამრიგად, ზემოთქმულიდან გამომდინარე ქ. ბ------ში, გორგასლის ქ. №----ში მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.

ბ) ქ. ბ------ში, გ---------–ის ქ.№----ში მდებარე შენობაში, არსებული დეფორმაციების და განვითრებული ბზარების მიზეზია საძირკვლის ფუძის ჯდენა, რამაც თავის მხრივ გამოიწვია შენობის საძირკვლების არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციების განვითარება და მზიდ კედლებზე ბზარების ბზარების წარმოქმნა.

გ) თუ გავითვალისწინებთ, რომ საინჟინრო-გეოლოგიურ გამოკვლევაში არ არის შესწავლილი ქ. ბ------ში, გ---------–ის ქუჩა N1---ში მდებარე შენობების დასაძირკვლების პირობების გამოკვლევა, რომ 4.5-4.8 მ-ის სიღრმეებამდე გრუნტი დაბალი მზიდუნარიანობისაა, რომ წარმოდგენილი პროექტის კონსტრუქციულ ნაწილში და მშენებლობის ორგანიზაციის პროექტში არ მოიპოვება არანაირი ინფორმაცია ქვაბულის ამოღების თანმიმდევრობის, გამაგრების ან მიმდებარედ არსებული შენობების უსაფრთხოებისათვის რაიმე ღონისძიებების ჩატარების შესახებ, რომ გათვალისწინებულია გრუნტის წყლების ამოქაჩვის სამუშაოების ჩატარება, რომ ხრეშოვანი ბალიშის შესამკვრივებლად გამოიყენება ვიბროდამტკეპნი ან პნევმატიკურსალტეებიანი სატკეპნები, ასევე ქ. ბ------ში გორგასლის ქ. №----ში მდებარე შენობის დაზიანებების სპეციფიკურ ხასიათს, შეიძლება დავასკვნათ, რომ ქ. ბ------ში გორგასლის ქ. №----ში მდებარე შენობის დაზიანებები გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით: ქ. ბ------ში, გ---------–ის ქუჩა №---/თ----–---–ის ქუჩა №---ში მრავალსარულიანი შენობის ქვაბულის ამოღებამდე მეზობლად მდებარე შენობების უსაფრთხოებისათის შპს „ე--“-ის მიერ გამაგრებითი სამუშაოების არ ჩატარებით, მრავალსართულიანი შენობის მშენებლობისათის გამოყოფილ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკით გამოწვეული ვიბრაციული დატვირთვებით.

დ) ახალი მშენებლობის დაწყებამდე, აუცილებელია არსებული მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში, ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად, შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრის განცხადებით ქვაბულის ამოღებამდე არ ჩატარებულა შენობის ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა და გამაგრებითი სამუშაოები. შენობის სახურავის დაზიანება და ბზარების წარმოქმნა დაიწყო ქ. ბ------ში, გ---------–ის ქუჩა №---/თ----–---–ის ქუჩა №---ში არსებული შენობის მძიმე ტექნიკის გამოყენებით სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების და ქვაბულის მოწყობის დროს.

ქ. ბ------ში გორგასლის ქ. №----ში მდებარე შენობის დაზიანებების სპეციფიკური ხასიათი მიუთითებს, რომ არსებული დაზიანებები გამოწვეულია ქ. ბ------ში, გ---------–ის ქუჩა №---/თ----–---–ის ქუჩა №---ში განხორციელებული მშენებლობით. “

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ,უსაფუძვლოა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ 2018 წლის 23 თებერვლის №5--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სახლის დაზიანების ერთერთი მიზეზი არის დემონტაჟის სამუშაოების ჯეროვნად შეუსრულებლობა, რაც მოპასუხისაგან დამოუკიდებლად, ჯერ კიდევ მისი მესაკუთრის შპს „ძველი ბ------ი“-ს ს/კ 4-------- მიერ განხორციელდა და შესაბამისად სოლიდარულ ვალდებულებაზე უნდა ემსჯელა სასამართლოს.

 

სააპელაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს აპელანტის სააპელაციო საჩივარში მითითებულ თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ თითქოსდა სასამართლომ არასწორად გაიზიარა შპს ,,ი----------“-ის მიერ შედგენილი მოსარჩელის კუთვნილი სახლის გამაგრება-აღდგენის ხარჯთაღრიცხვა, რადგან თავად აპელანტს, როგორც მოპასუხეს, საქმის განხილვისას არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრების მიზნით არ არის საჭირო შპს „ი----------ი“-ის მიერ შემუშავებული გამაგრების პროექტისა და ხარჯთაღრიცხის მიხედვით სამუშაოების განხორციელება, უფრო მეტიც, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის სეისმედეგეობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტი) 2018 წლის 23 თებერვლის №--------- ექსპერტის დასკვნის თანახმად სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის ჩამტარებელ ექსპერტს ასეთი არ მიუჩნევია არაკვალიფიურად შედგენილი სახის დოკუმენტად და შესაბამისად გაზიარებულ იქნა კიდეც, რადგან მოცემული ექსპერტიზის დასკვნის „ე)“ და „ვ)“ პუნქტების თანახმად დადგენილია შემდეგი:

ე) ქ. ბ------ში გორგასლის ქ. №----ში მდებარე სახლის აღდგენისათვის საჭირო სამშენებლო სარეაბილიტაციო-აღდგენით სამუშაოები მოცემულია შპს „ი------------“-ის მიერ შესრულებულ გამაგრების პროექტში „ქ. ბ------ში, ვ-----------–-- ქ. №----ში არსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის გამაგრება-აღდგენითი სამუშაოების პროექტი“, სადაც გათვალისწინებულია შენობის საძირკვლების, კედლების და სახურავის აღდგენისათვის საჭირო სამუშაოები.

ვ) სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო თანხის რაოდენობა მოცემულია შპს „ი------------“-ს მიერ შესრულებულ საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში „ქ. ბ------ში, ვ-----------–-- ქ. №----ში არსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის გამაგრება-აღდგენა“. საჭირო თანხის რაოდენობა შეადგენს 71573 ლარს.“

 

4.1.18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

4.1.19. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ს------ მ----------ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლოს დასკვნა

 

5.1. სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას,იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

6.2. ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ე--“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე

(თავმჯდომარე, მომხსენებელი)

 

ირმა პერანიძე

 

ლაურა მიქავა