განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160210016001502254
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2ბ/6539-18 22 თებერვალი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ქეთევან დუგლაძე
სხდომის მდივანი - ნანა ველიჯანაშვილი
აპელანტი – ო---------------- (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ო-----------------–----
მოწინააღმდეგე მხარე – ა-–-------------- ( მოპასუხე)
წარმომადგენლები - ლ-–--–-------, ლ----------–---–-
თარჯიმანი - ზ----------------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 მარტის გადაწყვეტილებით, ო----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა-–----- მ-------ს მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - ,,ინფინიტი გ- 37“, გამოშვების წელი - 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი - J---------------- და ავტომანქანა გადაეცეს ო----------------; ო----------------ს სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ა-–--------------ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე ო----------------, შეგებებული სარჩელის ავტორის ა-–--------------ს სასარგებლოდ დაეკისრა 6800 აშშ დოლარის გადახდა;
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ო---------------- დაკავებული იყო მეორადი ავტომობილების შეძენა-გასხვისებით. მეორადი ავტომობილების შეკეთებაში მას დახმარებას უწევდა ა-–--------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 12.01.2017წ. სხდომის ოქმი)
2.2. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2014 წელს, ა-–----- მ-------- ო---------------- შეუკვეთა „ბე ემ ვე X5“-ის მარკის ავტომანქანის ჩამოყვანა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ავტომანქანის შესაძენად გადასცა 6800 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 12.01.2017წ. სხდომის ოქმი)
2.3. 2014 წლის 03 აგვისტოთ, ო----------------- ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძინა 2013 წელს გამოშვებული ავტომანქანა მარკით ,,ინფინიტი გ 37“, საიდენტიფიკაციო ნომრით: J----------------. ო----------------- ავტომანქანა საქართველოში მიიღო 19 ნოემბერს, რომელიც ევაკუატორის საშუალებით გადაყვანილი იქნა ა-–--------------ს სახელოსნოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 12.01.2017წ. სხდომის ოქმი)
- ინვოისი (ს.ფ. 15)
2.4. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ო----------------ს მიერ შეძენილი ავტომანქანა მარკით ,,ინფინიტი გ 37“, საიდენტიფიკაციო ნომრით: J----------------, იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე, არასაექსპლუატაციო მდგომარეობაში. ამჟამად, ავტომანქანა განთავსებულია ა-–----- მ---------- და იმყოფება ა-–--------------ს მფლობელობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 12.01.2017წ. სხდომის ოქმი)
2.5. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2016 წლის 07 ივნისის წერილის თანახმად, ავტომანქანის, მარკით ,,ინფინიტი გ 37“, საიდენტიფიკაციო ნომრით: J----------------, ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 2014 წლის 19 ნოემბერს და საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 03 იანვარი. აღნიშნულ საქონელზე არ იქნა განხორციელებული სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის პროცედურები კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის წერილი (ს.ფ. 17)
2.6. საბაჟო დეპარტამენტის მიერ, 2016 წლის 07 ივლისს შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NE-------, რომლის თანახმადაც ო----------------, დეკლარირების ვადის დარღვევის გამო შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამართალდარღვევის ოქმი NE------- (ს.ფ. 18)
2.7. საბაჟო დეპარტამენტის მიერ, 2016 წლის 07 ივლისს შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NE-------, რომლის თანახმადაც ო----------------, საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის წარუდგენლობის, სასაქონლო ოპერაციების განუხორციელებლობის გამო შეეფარდა ჯარიმა 4662 ლარის ოდენობით და გაიცა საგადასახადო მოთხოვნა 4727,13 ლარზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამართალდარღვევის ოქმი NE------- (ს.ფ.19-20)
- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 21-22)
2.8. საქართველოს შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს კ-------------------–---- 2016 წლის 12 იანვრის და 2016 წლის 05 ივნისის წერილებით, ო---------------- უარი ეთქვა გამოძიების დაწყებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კ-------------------–---- 2016 წლის 12 იანვრის წერილი (ს.ფ.30)
- კ-------------------–---- 2016 წლის 05 ივნისის მიმართვა (ს.ფ.43)
2.9. 2015 წლის 08 აპრილს გაფორმებული სანოტარო აქტით ო----------------- ა-–----- მ------- მიანიჭა მთელი თავისი ქონების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება ერთი წლის ვადით, მინდობილობა მარწმუნებლის განცხადების საფუძველზე გაუქმდა 2015 წლის 29 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებების:
- სანოტარო აქტები (ს.ფ. 24-29)
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.10. საქმის მასალებით არ დგინდება მხარეთა შეთანხმება ნასყიდობის არსებით პირობებზე, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამათლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ 2014 წელს აუქციონზე შეიძინა 2013 წელს გამოშვებული ,,ინფინიტის გ-37“-ის მარკის ავტომანქანა, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა ელექტროსისტემა. 2014 წლის ბოლოს ავტომანქანა ჩამოვიდა საქართველოში და მიიყვანა ა-–--------------ს ეზოში, ვინაიდან, მას უნდა შეეკეთებინა აღნიშნული ავტომობილი. ა-–----- მ-------- ო---------------- მისცა 6800 აშშ დოლარი და სთხოვა ჩამოეყვანა ,,ბმვ იქს-5“ მარკის ავტომანქანა, როდესაც აღნიშნული ავტომანქანა ჩამოვიდა საქართველოში ა-–----- მ-------- განმარტა, რომ მას მითითებული ავტომანქანის ყიდვა აღარ აწყობდა და სთხოვა შეთანხმებულიყვნენ მასთან მყოფი ,,ინფინიტის გ-37“ მარკის ავტომობილზე. მათ აღნიშნული ავტომანქანა შეაფასეს 16800 აშშ დოლარად, საიდანაც 6800 აშშ დოლარი უკვე გადახდილი ჰქონდა და ა-–----- მ------- დამატებით გადასახდელი დარჩა 10000 აშშ დოლარი, რომლის გადახდის შემდეგაც ავტომანქანას გაიფორმებდა თავის სახელზე. ო----------------- ქ. ბაქოდან ა-–----- მ------- გამოუგზავნა მინდობილობა, რომელიც უნდა გადაეცა თანხის გადახდის შემდეგ, თუმცა მინდობილობა ა-–----- მ-------- ხელში ჩაიგდო შემთხვევით და გადამალა ავტომანქანა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხე არსებითად წინააღმდეგობრივ და ორაზროვან პოზიციას აფიქსირებს. კერძოდ, წარმოდგენილ შეგებებულ სარჩელში იგი განმარტავს, რომ 2015 წლის აპრილის თვეში, ა-–----- მ-------- ო----------------საგან ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 6800 აშშ დოლარად შეიძინა განუბაჟებელი და ჯარიმა დაკისრებული ავტომანქანა „ინფინიტი გ-37“. შემდგომში, ო----------------- ნასყიდობის ხელშეკრულების ან ერთობლივი განცხადების გაფორმების ნაცვლად ა-–--------------ს სახელზე სანოტარო წესით გააფორმა გენერალური მინდობილობა, იმის გამო, რომ ავტომანქანის განბაჟებისა და მასზე დაკისრებული ჯარიმის გადახდის თანხა არ გააჩნდა მას და ა-–----- მ------- შეპირდა, რომ მალე დაბრუნდებოდა საქართველოში, გადაიხდიდა ავტომანქანის ყველა სახის ვალდებულებას და ჯარიმას, ხოლო შემდგომ ავტომანქანას გაუფორმებდა ა-–----- მ-------.
სასამართლო სხდომაზე ა-–--------------ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მხარეები არ შეთანხმებულან ,,ინფინიტი გ-37“-ის მარკის ავტომობილის ნასყიდობაზე. ა-–----- მ-------- ო---------------- თანხა გადაუხადა ,,ბე ემ ვე X5“ მარკის ავტომობილის ჩამოსაყვანად, თუმცა ო----------------- დაარღვია ხელშეკრულების პირობა და ჩამოიყვანა ,,ინფინიტი გ-37“-ის მარკის ავტომობილი. ა-–-------------- იძულებული იყო მიეღო ეს ავტომანქანა, მისთვის გადაცემული თანხის ანაზღაურების მიზნით. 2015 წლის გაზაფხულზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ა-–-------------- გაასხვისებდა ავტომანქანას და თუკი მიღებული სარგებელი 6800 აშშ დოლარზე მეტი იქნებოდა ზედმეტ თანხას დაუბრუნებდა ო----------------, ხოლო თუ ნაკლებ ფასში გაიყიდებოდა ო---------------- აუნაზღაურებდა ზიანს. სწორედ ამ მიზნით გამოაგზავნა ო----------------- მინდობილობა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან. ნასყიდობის ფასთან დაკავშირებით, ა-–----- მ-------- კატეგორიულად უარყო 16800 აშშ დოლარზე შეთანხმება (იხ. 12.01.2017. სხდომის ოქმი).
მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია ის გარემოება, რომ ა-–----- მ-------ა და ო---------------- შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ვინაიდან, არ დგინდება მხარეთა შეთანხმება ნასყიდობის ფასზე, მისი გადახდის პირობებზე. ასევე არ დგინდება შეთანხმების შინაარსი. ო---------------- მიუთითებს, რომ მხარეები შეთანხმდნენ 16800 აშშ დოლარზე, რასაც არ ეთანხმება ა-–--------------. მხარეები მიუთითებენ, რომ ავტომანქანასთან დაკავშირებით შეთანხმებას მათ გარდა არავინ არ დასწრებია, თუმცა მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ნასყიდობის ფასზე შეთანხმება მოგვიანებით დაადასტურა ა-–----- მ-------- ტელეფონის მეშვეობით, საუბარს ესწრებოდა ბ---------------–----. შესაბამისად, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად ო----------------ს წარმომადგენელმა მიუთითა მოწმის სახით დაკითხულ ბ---------------–----ს ჩვენებაზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა ბ---------------–----, რომელმაც მოახსენა სასამართლოს, რომ ამგვარ შემთხვევას ადგილი ჰქონდა, ახსოვს, რომ სატელეფონო საუბარი შეეხებოდა თანხას და მინდობილობას, თუმცა თანხის ოდენობა მან ვერ დააკონკრეტა (იხ. 12.01.2017წ. სხდომის ოქმი, 13:44:43-13:50:55).
ნასყიდობის ფასთან დაკავშირებით მხარეთა შეთანხმების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. ეს გარემოება ვერ დაადასტურეს ასევე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
განსახილველ შემთხვევაში, ო---------------- არ წარმოუდგენია სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას მოსარჩელის განმარტების სისწორისადმი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეგებებული სარჩელი (ს.ფ. 70-82);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 12.01.2017წ. სხდომის ოქმი).
2.11. საქმის მასალებით ასევე არ დგინდება ის გარემოება, რომ ავტომანქანა „ინფინიტი გ-37“ ა-–--------------ს მფლობელობაში იმყოფებოდა ო----------------ს ნების საწინააღმდეგოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ავტომანქანის განბაჟებას 2015 წლის იანვრის თვეში ხელი შეუშალა ა-–----- მ--------. მოსარჩელე მხარემ ასევე შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რომ მოძრავი ნივთის საბაჟო ორგანოში წარდგენისა და დეკლარირების ვალდებულება ა-–----- მ-------- იკისრა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამათლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
აღნიშნული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით არსებით პირობას წარმოადგენს ნასყიდობის ფასზე მხარეთა შეთანხმება.
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ო---------------- უარს ამბობს ხელშეკრულებაზე და ითხოვს ავტომანქანის დაბრუნებას და ზიანის ანაზღაურებას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება მხარეთა შეთანხმება ნასყიდობის ფასზე, რის გამოც ავტომანქანაზე ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად ვერ იქნება მიჩნეული. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული საფუძვლით სარჩელი, ავტომანქანის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ო----------------ს მოთხოვნა მოპასუხე ა-–--------------სათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე მითითებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ო----------------- 2015 წლის ნოემბერში თავისი ნების საფუძველზე გადასცა სადავო ავტომანქანა ა-–----- მ------- შესაკეთებლად. დადგენილია, რომ ავტომანქანის, მარკით „ინფინიტი გ 37“, საიდენტიფიკაციო ნომრით: J----------------, ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 2014 წლის 19 ნოემბერს და საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 03 იანვარი. აღნიშნულ საქონელზე არ იქნა განხორციელებული სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის პროცედურები კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. იმის გათვალისწინებით, რომ მინდობილობა ქონების განკარგვის შესახებ ო----------------- ა-–----- მ------- გაუგზავნა 2015 წლის აპრილის თვეში, ავტომანქანის საბაჟო ორგანოში წარდგენისა და დეკლარირების ვალდებულება 2015 წლის 03 იანვრის მდგომარეობით ო---------------- ეკისრებოდა. საქმის მასალებით კი არ დგინდება ა-–----- მ-------ს ბრალი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ო---------------- უარი უნდა ეთქვას ზიანის ანაზრაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
2.13. როგორც აღინიშნა ო----- ბ--------- ითხოვს ა-–----- მ-------ს მფლობელობიდან ავტომანქანის გამოთხოვას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ო----- ბ---------ს მიერ შეძენილი ავტომანქანა: მარკა, მოდელი ,,ინფინიტი გ 37“, საიდენტიფიკაციო ნომრით: J----------------, განთავსებულია ა-–----- მ---------- და იმყოფება ა-–--------------ს მფლობელობაში. მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება, რის გამოც ავტომანქანა „ინფინიტი გ 37“, საიდენტიფიკაციო ნომრით: J----------------, გამოთხოვილი უნდა იქნეს ა-–--------------ს მფლობელობიდან და დაუბრუნდეს მოსაჩელე ო----------------.
2.14. შეგებებული სარჩელის ავტორი ა-–-------------- ითხოვს მოპასუხე ო----------------სათვის გადაცემული 6800 აშშ დოლარის დაბრუნებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.
სასამართლომ განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების (კონდიქციური ვალდებულებების) უპირველესი ფუნქციაა კრედიტორის ადრინდელ ქონებრივ მდგომარეობაში აღდგენის სამართლებრივი უზრუნველყოფა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ დადებულა, მათ შორის ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით. მხარეთა შორის არსებობს კონდიქციური ვალდებულებითი ურთიერთობა, რომელიც გულისხმობს უსაფუძლოდ მიღებული ქონების დაბრუნებას. დადგენილია, რომ ა-–----- მ------- ო----------------სათვის ავტომანქანის შესაძენად გადახდილი აქვს 6800 აშშ დოლარი. დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეთა შორის არ დადებულა. ამდენად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებული მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–--------------ს შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ო---------------- მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6800 აშშ დოლარის გადახდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, 2015 წლის 08 აპრილს ა-–--------------ს სახელზე გააფორმა მინდობილობა ქ-------–- და 2015 წლის 17 აპრილს გააგზავნა ქ-----------––-. მას შემდეგ რაც ა-–----- მ-------- უარი თქვა ავტომანქანის გაფორმებასა და დამატებით შეთანხმებული თანხის გადაცემაზე, 2015 წლის 29 აგვისტოს მინდობილობა გააუქმა და მოითხოვა ა/მანქანის უკან დაბრუნება;
2016 წლის 7 ივნისს საბაჟო დეპარტამენტიდან მიღებულ წერილში მითითებული იყო რომ ა/მანქანა 10 კალენდარული დღის განმავლობაში წარდგენილი უნდა ყოფილიყო საბაჟო კონტროლის ზონაში განსაბაჟებლად. აპელანტის განმარტებით, იმის გამო, რომ კუთვნილი ა/მანქანა ვერ წარადგინა 2016 წლის 7 ივლისს საბაჟო დეპარტამენტმა მის მიმართ შეადგინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და დააკისრა ფულადი ჯარიმა 1000 ლარი, ასევე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსკ-ის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის თანახმად, დაეკისრა ჯარიმა 4662 ლარის ოდენობით.
3.2. აპელანტის მითითებით, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით დგინდება, რომ როდესაც ა-–--------------საგან მოითხოვა ა/მანქანის დაბრუნება აღნიშნულიდან 1 წლის შემდეგ დაერიცხა ჯარიმა და საურავები, მას, რომ მიეცა საშუალება დროულად განებაჟებინა ა/მანქანა ჯარიმა და საურავები არ დაეკისრებოდა. სასამართლომ საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები კანონით დადგენილი სტანდარტით არ შეაფასა და საქმეზე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანია ზიანის ანაზღაურების შესახებ ო----------------სათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (10 389 ლარი) გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება.
მოსარჩელე 10 389 ლარის გადახდის მოთხოვნას იმ გარემოებაზე აფუძნებს, რომ მინდობილობის გაქუმების შემდეგ ა-–----- მ-------- სადავო ავტომანქანა უკან არ დაუბრუნა, რის გამოც ვერ შეძლო ავტომანქანის განსაბაჟებლად წარდგენა და 2016 წლის 7 ივლისს შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, ო---------------- ჯარიმის სახით დაეკისრა 1000 ლარი, შემდეგ 4662 ლარი, საბოლოოდ კი ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ო---------------- დაეკისრა 10 389 ლარის გადახდა (იხ. სასარჩელო მოთხოვნა ტ.1, ს.ფ. 162-163)
დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა საქმიანი ურთიერთობა, კერძოდ, ო---------------- ახდენდა მეორადი ავტომობილების შეძენა-გასხვისებას, ხოლო ამ ავტომობილების შეკეთებაში მას დახმარებას უწევდა ა-–--------------.;
4.2. 2014 წლის 03 აგვისტოთ, ო----------------- ელექტრონული აუქციონის მეშვეობით შეიძინა ავტომანქანა, მარკა - „ინფინიტი გ 37“, გამოშვების წელი - 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი: J----------------.
ო----------------- ავტომანქანა საქართველოში მიიღო 19 ნოემბერს, რომელიც ევაკუატორის საშუალებით გადაყვანილი იქნა ა-–--------------ს სახელოსნოში (იხ. საქმის მასალები, 12.01.2017წ. სხდომის ოქმი, ინვოისი ტ. 1. ს.ფ. 15)
დადგენილია, რომ მოცემული საქმის განხილვის დროისათვის სადავო ავტომანქანა იმყოფებოდა ა-–--------------ს მფლობელობაში, რაც სასაამრთლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიიჩნია რა უკანონო მფლობელობად ო----------------ს სარჩელი დააკმაყოფილა და ა-–--------------ს მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - ,,ინფინიტი გ- 37“, გამოშვების წელი - 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი - J---------------- და ავტომანქანა გადაეცა ო----------------; ამ ნაწილში ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში (იხ. საქმის მასალები)
4.3. 2015 წლის 08 აპრილს გაფორმებული სანოტარო აქტით ო----------------- ა-–----- მ------- მიანიჭა მთელი თავისი ქონების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება, კანონით ნებადართული ყველა გარიგების დადების უფლებამოსილება. მინდობილობა გაიცა ერთი წლის ვადით 08.04.2016 წლამდე.
საქმის მასალებში წარმოდგენილი ო----------------ს განცხადებით, დგინდება, რომ 08.04.2015წ. დადასტურებული გენერალური მინდობილობა გაუქმდა 29.08.2015წ (იხ. ტ.1, ს.ფ. 24-29)
4.4. შემოსავლების სამსახურის N2------ შეტყობინებით დეკლარაციით გადასახდელი თანხის გადახდის ბოლო ვადაა 24.11.2014 წელი. გამოცხადების ბოლო ვადაა 03.01.2015 წელი (იხ. ტ.1, ს.ფ. 16);
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2016 წლის 07 ივნისის წერილის თანახმად, ავტომანქანის, მარკით ,,ინფინიტი გ 37“, საიდენტიფიკაციო ნომრით: J----------------, ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 2014 წლის 19 ნოემბერს და საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 03 იანვარი. აღნიშნულ საქონელზე არ იქნა განხორციელებული სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის პროცედურები კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და არ იქნა დასრულებული საგადასახადო ვალდებულება; წერილის თანახმად, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალება წარდგენილი უნდა ყოფილიყო საბაჟო კონტროლის ზონაში და განხორციელებულიყო სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის აუცილებელი პროცედურები (იხ. ტ.1, ს.ფ. 17);
საბაჟო დეპარტამენტის მიერ, 2016 წლის 07 ივლისს შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NE-------, რომლის თანახმადაც ო----------------, დეკლარირების ვადის დარღვევის გამო შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით (იხ. სამართალდარღვევის ოქმი NE------- ტ.1, ს.ფ. 18);
საბაჟო დეპარტამენტის მიერ, 2016 წლის 07 ივლისს შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NE-------, რომლის თანახმადაც ო----------------, საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის წარუდგენლობის, სასაქონლო ოპერაციების განუხორციელებლობის გამო შეეფარდა ჯარიმა 4662 ლარის ოდენობით (იხ. სამართალდარღვევის ოქმი NE------- ტ.1, ს. ფ. 19-20);
2016 წლის 7 ივლისს გაიცა საგადასახადო მოთხოვნა NE----------, რომლის თანახმად, ო---------------- გადასახდელად სულ დაერიცხა 4727.13 ლარი, საიდანაც - 4440 არის აქციზის გადასახადი საბაჟოზე, 222 - იმპორტის გადასახადი, 65.13 - საურავი (იხ. საგადასახადო მოთხოვნა ტ.1, ს.ფ. 21-22);
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე ზიანის სახით 10 389 ლარის მოთხოვნას აფუძნებს, როგორც როგორც საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს, რომელთა საფუძველზეც გადასახდელად დაერიცხა ჯარიმა 5 662 ლარი, ასევე საგადასახადო მოთხოვნას , რომლითაც დაერიცხა 4727.13 ლარი; სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა მოცემული სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად ვერ იქნება განხილული, რადგან საგადასახადო მოთხოვნის თანახმად დარიცხვები განხორციელებულია აქციზის და იმპორტის გადასახადებში, რომელთა გადახდის ვალდებულება მხოლოდ მოსარჩელეს გააჩნდა და რომლის გადაუხდელობა თუ გადახდის დაყოვნება მოსარჩელის მიერ არ არის განპირობებული მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით; რაც შეეხება სადაო ავტომანქანის დეკლარირების და განბაჟების ვადის დარღვევას, რისთვისაც მოსარჩელეს დაერიცხა ჯარიმები , სულ 5 662 ლარის ოდენობით, აღნიშნული სააპელაციო პალატის მოსაზრებით წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძველს, რადგან დადგენილია , რომ სადაო ავტომანქანის განბაჟების ბოლო ვადა იყო 2015 წლის 03 იანვარი, რა დროსაც ის იმყოფებოდა მოპასუხის მფლობელობაში და მოპასუხე არ ახდენდა მის გადაცემას მოსარჩელისთვის, რის გამოც მოსარჩელემ ვერ განახორციელა სადაო ავტომანქანის წარდგენა - განბაჟება საბაჟო ორგანოში და დაერიცხა ჯარიმები;
4.5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ერთის მხრივ დადგენილად მიიჩნია სადავო ავტომობილის ა-–--------------ს მფლობელობაში ყოფნის ფაქტი და დაადგინა ნივთის უკანონო მფლობილობიდან გამოთხოვა, თუმცა მეორეს მხირივ მიუთითა, რომ ქონების განკარგვის შესახებ მინდობილობა გაცემული იყო 2015 წლის აპრილის თვეში, შესაბამისად, 2015 წლის 03 იანვრის მდგომარეობით, საბაჟო ორგანოში წარდგენისა და დეკლარირების ვალდებულება ეკისრებოდა სწორედ ო----------------, რასთან დაკავშირებითაც პალატა განმარტავს, რომ საბაჟო ორგანოში წარდგენისა და დეკლარირების ვალდებულება ეკისრებოდა ო----------------, მაგრამ მას ამ ვალდებულების შესრულებაში ხელი შეუშალა ა-–----- მ-------- , ვინაიდან ავტომანქანა იმყოფებოდა მის ფაქტობრივ მფლობელობაში და არ ახდენდა მის გადაცემას მოსარჩელისთვის საბაჟო ორგანოებში წარსადგენად, რამაც გამოიწვია მოსარჩელის დაჯარიმება; შესაბამისად, სახეზეა მოსარჩელეზე დარიცხული ჯარიმების , ზიანის სახით ანაზღაურების დაკისრების წინაპირობა;
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ო----------------- ავტომანქანა „ინფინიტი გ 37“ შეიძინა 2014 წლის 03 აგვისტოს, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა 2014 წლის 19 ნოემბერს. ასევე დადგენილია, რომ ავტომანქანა გადაყვანილი იქნა ა-–--------------ს სახელოსნოში. სადავოს არ წარმოადგენს ასევე, ის გარემოება, რომ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის დროისათვის ავტომანქნა კვლავ ა-–----- მ---------- იმყოფებოდა (იხ. სარჩელი, შესაგებელი, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 12.01.2017წ. სხდომის ოქმი), ხოლო ო----------------ს მიერ აღძრული იყო სარჩელი ა-–--------------ს უკანონო მფლობელობიდან სადავო ავტომანქანის გამოთხოვის შესახებ. შესაბამისად, დგინდება, რომ ავტომანქანა არ იყო ო----------------ს ფაქტობრივ მფლობელობაში, რის გამოც პალატის შეფასებით, მოსარჩელის პოზიცია, იმის შესახებ, რომ ავტომანქნა ვერ წარადგინა საბაჟო კონტოროლის ზონაში სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის პროცედურების გასავლელეად, დასაბუთებულია. საქმის მასალებში წარმოდგენილი საგადასახადო სამართალდარღვევების ოქმებით კი დასტურდება, რომ ო---------------- ავტომანქანის საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენის ვადების დარღვევისათვის დაჯარიმდა 2016 წლის 07 ივლისს შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით NE-------, 1000 ლარით, NE------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაჯარიმდა 4662 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის შეფასებით, სახეზეა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ჯარიმის თანხის 5662 ლარის ანაზღაურების ვალდებულება. რაც შეეხება, დარჩენილ თანხას, რომელიც დაფიქსირებულია 2016 წლის 7 ივლისის NE---------- საგადასახადო მოთხოვნაში, კერძოდ, აქციზის გადასახადის - 4440, იმპორტის გადასახადის 222 და საურავის 65.13 სახით, ჯამში 4727.13 ლარის ოდენობით, არ შეიძლება დაეკისროს მოპასუხეს, ვინაიდან მითითებული გადასახდელების გადახდა მათი დანიშნულების გათვალისწინებით, არ უკავშირდება ავტომანქანის საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენას.
4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ამ ნორმით დადგენილი დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, პირს ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები: სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, მოპასუხის ქმედებით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების თაობაზე. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ 5662 ლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ (გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი) და სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ო----------------ს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე (ზიანის ანაზღაურების ნაწილში) პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილია 312 ლარი (ტ.1, ს.ფ. 104-105), ხოლო სააპელაციო საჩივარზე 415.56 ლარი (ტ.2, .ს.ფ. 10-11), ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ბიუჯეტში გადახდილი ბაჟის ანაზღაურება დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. მოთხოვნა დაკმაყოფილდა 54%-ით (5662*100/10389=54.49), შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 392 ლარის (312+415=727/100*54%) ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ო----------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ო----------------სათვის ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში(გადაწყვეტილების მესამე პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:
3. ო----------------ს სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
4. ა-–----- მ------- დაეკისროს 5662 ლარის გადახდა ო----------------ს სასარგებლოდ;
5. ა-–----- მ------- ო----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 392 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ასანაზღაურებლად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
7. გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან დუგლაძე