განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N190100119002823209, №1ბ/641-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;
მსჯავრდებული - ფა------ ამ---- მო-–------ი - დაბადებული 198--–-–----------ს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ირ----------------------–--------------------------------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.
სასჯელი:
11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ფა------ ამ---- მო-–------ის მიმართ სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენით განსაზღვრული სასჯელი არის მკაცრი, ფა------ ამ---- მო-–------მა დაკავებისთანავე აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და წარსულში არ არის ნასამართლევი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი).
ბრალდების მხარის მიერ შესაგებელი არ წარმოდგენილა.
სასამართლომ დაადგინა:
ფა------ ამ---- მო-–------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
ფა------ ამ---- მო-–------მა, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა 78,4746 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომელსაც 2018 წლის 27 დეკემბერს თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის მეთხუთმეტე კილომეტრზე ყოფნისას უკანონოდ ინახავდა სწორნაწლავში. ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა 2018 წლის 28 დეკემბერს 00:35 საათიდან 01:00 საათამდე პერიოდში, ქ.რუ-----–-- წმ-----------------------ში მდებარე რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში მყოფი ფა------ ამ---- მო-–------ისგან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენით, ფა------ ამ---- მო-–------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
ფა------ ამ---- მო-–------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 28 დეკემბრიდან.
ფა------ ამ---- მო-–------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ფა------ ამ---- მო-–------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.
ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებები (მოწმეების: ავ--------– კი-–-----–---–ის, კა---------–--ის, ბუ----------------ის, ზა---- ზე----–- ია-–------------ის და ფა------ ამ---- მო-–------ის გამოკითხვის ოქმები, პირადი ჩხრეკის ოქმი, ტომოგრაფიული კვლევის პასუხი, ამოღების ოქმი, ფა------ ამ---- მო-–------ის დაკავების ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) ადასტურებენ მსჯავრდებულ ფა------ ამ---- მო-–------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ საქმეზე შემოტანილი სააპელაციო საჩივარი ეხება მხოლოდ სასჯელის შემცირებას, აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მისი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.
სასჯელის დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ფა------ ამ---- მო-–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რი------------–იას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინონ დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენას და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ვინაიდან, აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით, აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებადაა შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიციით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული კი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ფა------ ამ---- მო-–------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის ხასიათი, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვას, წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვისაც. უნდა აღინიშნოს, რომ მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, ზომა და ქმედების განხორციელების სახე (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა), ნარკოტიკული საშუალების სახეობა (ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“), ოდენობა (78,4746 გრამი, როდესაც აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების საწყისი ოდენობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილისთვის განსაზღვრულია 1 გრამიდან), მისი შენახვის ხერხი (მოთავსებული ჰქონდა სწორნაწლავში) და მართლსაწინააღმდეგო შედეგი არ იძლევა სასჯელის შემცირების საფუძველს.
სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება მიაქცია სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გაითვალისწინა ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემცირებაზე. მითითება იმ გარემოებაზე, რომ ფა------ ამ---- მო-–------მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია მტკიცებულებები, მხედველობაში იქნა მიღებული სასჯელის დანიშვნისას და გამოხატულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ფა------ ამ---- მო-–------ის მიმართ სასჯელის კიდევ უფრო შემცირების საფუძველი არ არსებობს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფა------ ამ---- მო-–------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რი------------–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ფა------ ამ---- მო-–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
ფა------ ამ---- მო-–------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის თაობაზე ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ფა------ ამ---- მო-–------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 28 დეკემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება (ინახება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში) განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
ნინო სანდოძე