განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310017002136987
საქმე N3/ბ-499-18წ.
ქ--------- სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე
აპელანტი (მესამე პირი) – დ---------------
წარმომადგენელი – ალ---------ე მ----------
მოწინააღმდეგე მხარეები:
1. კ---------------- (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – გ-- ფ---–----–---–-
2. ბ---------- მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
წარმომადგენელი – თ-----------–---
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით კ---------------ის სარჩელის უარყოფა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. 2017 წლის 18 ოქტომბერს კ----------------მ სარჩელით მიმართა ბ---------- მაგისტრატ სასამართლოს ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგეობის (უფლებამონაცვლე ბ---------- მუნიციპალიტეტის მერია) მიმართ ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 17 მარტის N4---- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით;
მოსარჩელის აღნიშვნით, სადავო ბრძანების საფუძველზე კანონის დარღვევით დაკანონდა ქალაქ ბაღდათში, გ-----–---------------ში დ---------------ს მიერ აშენებული ავტოსამრეცხაო. მოპასუხის მიერ არ იქნა გათვალისწინებული უშუალოდ შესაძლო დაინტერესებულ პირთა ინტერესები, არ იყო დაცული საჯაროობის პრინციპი, არ იქნა დამონტაჟებული სპეციალური სამშენებლო სამუშაოების ამსახველი დაფა, არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება კანონის შესაბამისად, არ გაითვალისწინეს ავტოსამრეცხაოს ექპლუატაციის მოსალოდნელი შედეგების ზემოქმედებას რა უარყოფითი გავლენა ექნებოდა მეზობლებთან მიმართებაში როგორც მომიჯნავედ, ასევე მოპირდაპირედ, არ იქნა გათვალისწინებული სავალი ნაწილიდან სამრეცხაოში შემავალი და გამომავალი უსაფრთხო სივრცისათვის ადგილის გამოყოფა პროექტში და რის შესახებაც საპატრულო პოლიციის თანხმობა აუცილებელი იყო საქართველოს მთავარობის 2009 წლის 24 მარტის N5- დადგენილების თანახმად. მხარე მიუთითებს, რომ პროექტის საერთო ნახაზიდან ღერძულა ხაზიდან დაშორება არის 3.6 მ ტროტუარამდე, ტროტუარის ზომა 2.2. მ-ია, შემდეგ განლაგებულია სამრეცხაო, ანუ დაშორება არა 7.5 მეტრია, არამედ 5.8 მეტრი, რაც არსებით დარღვევას წარმოადგენს.
მოსარჩელის განმარტებით, დილის 7 საათიდან ღამის 12 საათამდე არის განუწყვეტელი ხმაური, რომელსაც იწვევს სამრეცხაოს დანადგარები და მაღალი წნევის წყლის ჭავლი. მისი (კ---------------ის) საცხოვრებელი სახლის და გზის სავალ ნაწილზე დგას ავტომანქანები, რაც ქმნის საავარიო სიტუაციებს და ზღუდავს გზაზე ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას.
ბ---------- მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით კ---------------ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქ--------- საქალაქო სასამართლოს.
ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება დ---------------.
მოპასუხე – ქალაქ ბ---------- მუნიციპალიტეტის მერიის და მესამე პირის - დ---------------ს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და მისი უარყოფა მოითხოვეს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით კ---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 17 მარტის N4- 290 ბრძანება; ამავე გადაწყვეტილებით ბ---------- მუნიციპალიტეტის მერიას კ---------------ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. 2016 წლის 05 სექტემბერს დ--------------მა განცხადებით მიმართა ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა მისი კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთიდან 15- კვ.მ. მიწის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში გადაყვანა, კომერციული საქმიანობის დაწყების მიზნით;
2.1.2. ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 09 სექტემბრის N4------ წერილით დ--------------ს ეცნობა, რომ მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ. 3-----------) არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთად გადაყვანა არ ეწინააღმდეგებოდა სივრცითი-გეგმარების საკითხებს;
2.1.3. უძრავი ქონება ს/კ 3----------- მდებარეობს ქალაქ ბაღდათში, გუბელაძის ქუჩის N4--ში და საკუთრების უფლებით ირიცხება დ---------------ს სახელზე;
2.1.4. 2016 წლის 24 ოქტომბერს დ--------------მა განცხადებით მიმართა ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებელს და მოითხოვა ქ. ბაღდათში, გუბელაძის ქ. N4--ში მდებარე მიწის ნაკვეთზე კომერციული ობიექტის მშენებლობისათვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ობიექტის მშენებლობის ნებართვაზე შუამდგომლობის გაწევა;
2.1.5. შპს ,,ბ---------- ა---------ს’’ დირექტორის წერილით ირკვევა, რომ 1) ინფრასტრუქტურის ობიექტის ზუსტი დანიშნულება - დ---------------ს ავტოსამრეცხაო და ავტოსერვისი; 2) საავტომობილო გზის დასახელება - ბაღდათი-ვანი-დაფნარის საავტომობილო გზა; 3) კილომეტრი, პიკეტი, გზის ღერძიდან დაშორება - კმ 0+144მ, ს/გზის ღერძიდან 3.6მ; 4) განთავსების მხარე და ადგილი დასახლებული თუ დაუსახლებელი - საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, დასახლებული ტერიტორია;
2.1.6. დ---------------ს განცხადების საფუძველზე ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წლის 08 ნოემბრის N4------ განცხადებით მიმართა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზის დეპარტამენტის თავმჯდომარეს და აცნობა, რომ ქ. ბაღდათში, გუბელაძის ქ. N4--ში მდებარე მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ბაღდათი-ვანი-დაფნარის საავტომობილო გზის პკ 0კმ+144ნ-ზე დასახლებულ პუნქტში გზის მარჯვენა მხარეს, ღერძიდან 3.6 მეტრის მოშორებით. შესაბამისად, ითხოვა გზის კონტრაქტორ კომპანიასთან შეთანხმებული ობიექტის მშენებლობის გენგეგმა და საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სათანადო ტექნიკური პირობების გაცემა;
2.1.7. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის 17 ნოემბრის N2--------- წერილით ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებელს ეცნობა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი არ იყო წინააღმდეგი (ს/კ. 3-----------) ქ. ბაღდათში, გუბელაძის ქ.N4--ში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაღდათი-ვანი-დაფნარის საავტომობილო გზის კმ 0+144მ-ში მარჯვენა მხარეს, საავტომობილო გზის ღერძიდან 7.50 მეტრს და არსებულ ტროტუარს მიღმა, განთავსდეს ავტოსამრეცხაო, ავტოტექმომსახურების ობიექტი და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის ნაგებობა, შემდეგი ტექნიკური პირობების დაცვით:
1. ავტოსამრეცხაოს და ავტოტექმომსახურების ობიექტის წინ შენარჩუნებული იქნას საავტომობილო გზის ტროტუარი და წყალმომცილებელი საშუალებები. მიწის ვაკისსა და სავალ ნაწილზე წვიმების შედეგად წარმოშობილი ზედაპირული წყლების მოცილების უზრუნველსაყოფად ობიექტების ტერიტორიის ფარგლებში მოეწყოს წყალმომცილებელი საშუალებები. ავტოსამრეცხაოს და ავტოტექმომსახურების ობიექტის წინა ტერიტორია მოშანდაკდეს ჰორიზონტალურად და მოასფალტდეს.
2. მშენებლობის პერიოდში აკრძალულია საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე საშენი მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა და სხვა, ასევე ავტოტრანსპორტის გაჩერება და დგომა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე და ტროტუარზე;
3. საავტომობილო ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, ავტოსამრეცხაოს და ავტოტექმომსახურების ობიექტის მისასვლელთან ტექნიკური ნორმატივების შესაბამისად დაიდგას მხოლოდ მოძრაობის ორგანიზაციის მარეგულირებელი, ავცტოსამრეცხაოს და ავტოტექმომსახურების ობიექტის მაუწყებელი შესაბამისი საგზაო ნიშნები შსს შესაბამის რეგიონალურ ქვედანაყოფთან შეთანხმებით. ავტოსამრეცხაოს და ტექმომსახურების ობიექტის მისასვლელთან თანახმად, საგზაო ნიშნების შესახებ ევროპის კონვენციისა (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ) და არსებული სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, აკრძალულია ფასების მაუწყებელი და სხვა დანიშნულების სარეკლამო ფირნიშების საავტომობილო გზის გასწვრივ მძღოლთა ყურადღების არეალის ფარგლებში განთავსება;
4. პირველ, მეორე და მესამე პუნქტებში აღნიშნული სამუშაოები (საგზაო ნიშნების განთავსება, ტერიტორიის მოასფალტება და სხვა) უნდა შესრულდეს დ---------------ს ძალებითა და სახსრებით;
5. ობიექტების მეპატრონე ვალდებულია ავტოსამრეცხაოს და ავტოტექმომსახურების ობიექტის ტერიტორიის ფარგლებში, თავისი ძალებითა და სახსრებით უზრუნველყოს სისუფთავის და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვა. ავტოსამრეცხაოს და ავტოტექმომსახურების ობიექტის ფუნქციონირების პერიოდში წყალმომცილებელი საშუალებების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
6. ავტოსამრეცხაოს და ავტოტექმომსახურების ობიექტის ზემოთ აღნიშნულ ადგილზე მოწყობის საკითხი უნდა შეთანხმდეს შსს-ს შესაბამის რეგიონალურ ქვედანაყოფთან;
7. საავტომობილო გზის ამ მონაკვეთის მოდერნიზაციის, რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის შემთხვევაში თუ ამას საჭიროება მოითხოვს, ობიექტების დემონტაჟი მოხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
8. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობები (ავტოსამრეცხაოს, ავტოტექმომსახურების ობიექტის დ მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის ნაგებობის ადგილმდებარეობამ კმ და კპ საავტომობილო გზის ღერძის მიმართ დაშორება, საგზაო ნიშნების განთავსება, ტერიტორიის მოასფალტება და სხვა) უნდა იყოს მკაცრდა დაცული, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტოსამრეცხაოს და ავტოტექმომსახურების ობიექტის მოწყობასთან დაკავშირებით, დეპარტამენტის მიერ გაცემული შეთანხმება ჩაითვლება გაუქმებულად;
9. დაცული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N4- დადგენილება ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ გათვალისწინებული მოთხოვნები;
10. წინამდებარე პირობების დარღვევის შემთხვევაში საავტომობილო გზის დეპარტამენტი იტოვებს უფლებას, მიმართოს შესაბამის უწყებებს ავტოსამრეცხაოს და ავტოტექმომსახურების ობიექტის მშენებლობის შეჩერების ან დემონტაჟის შესახებ;
11. წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ პირობებზე საერთო კონტროლის დაწესება ევლება საავტომობილო გზების ტექნიკური ზედამხედველობისა და მონიტორინგის სამმართველოს და N14 ზონის მიმდებარე შეკეთების კონტრაქტორ ორგანიზაციას; მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში N14 ზონის მიმდებარე შეკეთების სამუშაოების კონტრაქტორი ორგანიზაცია ვალდებულია მიმართოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და სხვა შესაბამის ორგანოებს, ავტოსამრეცხაოს, ავტოტექმომსახურების ობიექტის და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის ნაგებობის მშენებლობის პროცესში დეპარტამენტის მიერ გაცემული ტექნიკურ პირობებთან მიმდინარე მშენებლობის შეუსრულებლობის შესახებ;
2.1.8. ქ. ბაღდათში, გუბელაძის ქუჩაზე მდებარე დ---------------ს საკუთრებაში არსებული ავტოსამრეცხაოს სამშენებლო დოკუმენტის (განმარტებითი ბარათი) თანახმად დადგენილია, რომ ავტოსამრეცხაოსა და ავტოსერვისის პროექტი განკუთვნილია ქ. ბაღდათში, გუბელაძის ქ. N4--ში მშენებლობის წარმოებისათვის. საპროექტო მიწის ნაკვეთის ს/კ. 3-----------. პროექტი შესრულებულია დ---------------ს დაკვეთით. ნაკვეთს დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ინდივიდუალური მიწის ნაკვეთები, ხოლო სამხრეთიდან ბაღდათი-ვანი-დაფნარის საავტომობილო გზა. შენობა წარმოადგენს 1 სართულიან კარკასული ტიპის დროებით ნაგებობას. შენობა შედგება: 1. ავტოსამრეცხაო 29.3 მ2; კონსტრუქციული თვალსაზრისით, ავტოსამრეცხაოს შენობა წარმოადგენს კარკასული ტიპის დროებითი ნაგებობას, რომლის ნაწილობრივ შემავსებლად გამოყენებულია თუნუქის პროფილირებული ფურცლები. იატაკები ბეტონის ქვიშა-ცემენტის მჭიდით. ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები: მიწის ნაკვეთის ფართობი - 15- მ2; განაშენიანების ფართობი - 29.5 მ2; კ 1 = 0,8 განაშენიანების ინტენსივობის ფართობი - 0,19; მათ შორის სასარგებლო ფართი - 29.3 მ2, სამშენებლო მოცულობა 113.28 მ3;
2.1.9. კარკასული ტიპის ნაგებობის აგებასთან ერთად უნდა მოეწყოს დროებითი სალექარები, როგორც მყარი მინარევების დასალექად, ასევე მსუბუქი მინერალების შესაკრებად; ძირითადი შენობის აგების შემდეგ მოეწყოს პროექტით გათვალისწინებული კაპიტალური სალექარი სისტემა;
2.1.10. საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით, 1. საინჟინრო გეოლოგიური თვალსაზრისით სამშენებლო უბანი იმყოფება დამაკმაყოფილებელ პირობებში. უბანზე და მის მიმდებარედ არ აღინიშნება ნეგატიური გეოლოგიური მოვლენები; საინჟინრო-გეოლოგიური სირთულის მიხედვით, სნ და წ 1.02.07-87 მე-10 დანართის თანახმად საკვლევი ტერიტორია მიეკუთვნება I კატეგორიას (მარტივი); 2. ჩატარებული საველე სამუშაოების მონაცემების მიხედვით სამშენებლო უბანზე გამოიყოფა ერთი საინჟინრო-გეოლოგიური ელემენტი (სგე); 3. I სგე - თიხა, ნახევრად მყარი (ფენა 2); - სიმკვრივე Pნ=გ/სმ; - ხვედრითი შეჭიდულობა Cნ-35 კპა; შიგა ხახუნის კუთხე -Фნ=180; დეფორმაციის მოდელი E=15მპა; დენადობის მაჩვენებელი IL=0.10; საანგარიშო წინაღობა R0=230 კპა; 4. შენობის დაფუძნება უნდა მოხდეს ფენა 2-ის (თიხა ნახევრად მყარი) გრუნტებზე, რაც შეეხება საძირკვლის ტიპს, ეს საკითხი კონსტრუქციის პრეროგატივაა და უნდა მოხედეს სათანადო გათვლების საფუძველზე; 5. საქართველოს ტერიტორიის სეისმური დარაიონების მიხედვით, სმ და წ ,,სეისმომედეგი მშენებლობა’’ (პნ 01.01.09) საკვლევი ტერიტორია მიეკუთვნება 8 ბალიან სეისმურ ზონას; 6. დამუშავების სიძნელის მიხედვით სამშენებლო უბანზე გავრცელებული გრუნტი სნ და წ IV-5-82 ცხრილი I თანახმად მიეკუთვნება: - თიხა რბილპლასტიკური (ფენა 1) - დამუშავების სამივე სახეობისათვის - I ჯგუფს, საშუალო სიმკვრივის 1700 კგ/მ3; - თიხა ნახევრად მყარი (ფენა 2) - დამუშავების სამივე სახეობისათვის - III ჯგუფს საშუალო სიმკვრივის 1950 კგ/მ3;
2.1.11. 2017 წლის 23 იანვარს დ--------------მა განცხადებით მიმართა ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებელს და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისთვის პროექტის შეთანხმება ითხოვა. ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 01 თებერვლის N4-/3-- შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N5- დადგენილების საფუძველზე შეთანხმდა ქალაქ ბაღდათში დ---------------ს კუთვნილ მიწის ნაკვეთში (ს/კ 3-----------) ავტო-ტექ მომსახურების მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები;
2.1.12. ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 17 მარტის N4- 290 ბრძანების თანახმად, ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგეობაში 01.02.2017 წლის N4-/3-- ნომრით შეთანხმდა მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები, ქ. ბაღდათში გუბელაძის ქ-ზე მოქ. დ---------------ს კუთვნილ მიწის ნაკვეთში, ავტოსამრეცხაოს მშენებლობისათვის, თუმცა, მშენებლობის ბრძანების გარეშე თვითნებურად მოახდინა შენობის აშენება, გამომდინარე აქედან, დაირღვა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N5- დადგენილების 96-ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტი, რის გამოც დ--------------ს დაეკისრა საჯარიმო მოსაკრებელი. ამავე ბრძანების თანახმად, გადამოწმებული იქნა ქ. ბაღდათში, გუბელაძის ქუჩაზე დ---------------ს კუთვნილ მიწის ნაკვეთში ავტოსამრეცხაოს მშენებლობა, რის შედეგად დადგინდა, რომ მშენებლობა დასრულებულია და შესაბამისობაშია სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტთან, შესაბამისად ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ქალაქ ბაღდათში, გუბელაძის ქუჩაზე მდებარე დ---------------ს ავტოსამრეცხაოს შენობა საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზების მიხედვით, ფართით - 29,4 მ2;
2.1.13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 31 ოქტომბრის M---------------- წერილით, ქ.ბაღდათში, გუბელაძის ქუჩაზე N4--ში მდებარე ავტოსამრეცხაოსა და ავტოტექმომსახურების ობიექტის მოწყობის საკითხი, შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბ---------- რაიონულ სამმართველოსთან შეთანხმებული არ ყოფილა;
2.1.14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 26 ოქტომბრის N5--------- დასკვნის თანახმად, ქ. ბაღდათში, გუბელაძის ქ.N1---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულის ოთახში საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ მდებარე ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირებით, გამოწვეული ხმაურის დონე აღემატება (მეტია) დასაშვებ დღის, საღამოს და ღამის ნორმებს. ქ. ბაღდათში, გუბელაძის ქ. N1---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ მდებარე ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირებით, გამოწვეული ხმაურის დონე აღემატება (მეტია) დასაშვებ დღის, საღამოს და ღამის ნორმებს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლოს განმარტებით, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 264 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მშენებლობის (მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის) ნებართვის I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა, II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება და III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემის, მათ შორის, გამარტივებულად გაცემის, წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს ”მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N5- დადგენილება და ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1------- ბრძანება.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N5- დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. ამავე დადგენილების 30-ე მუხლის თანახმად, ადგილობრივ დონეზე მშენებლობის ნებართვის რეგულირებას ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე ზედამხედველობის განხორციელება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში.
2.2.2. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 01 თებერვლის N4-/3-- მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ დასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ბრძანების კანონიერება. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის კი მნიშვნელოვანი იყო შეფასება მიცემოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონიერებას, კერძოდ, ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 17 მარტის N4- 290 ბრძანებით დ---------------ს კუთვნილი ავტოსამრეცხაოს ექსპლუატაციაში მიღება განხორციელებული იყო თუ არა მშენებლობის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების - ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N5- დადგენილების მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლოს განმარტებით, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N5- დადგენილების 33-ე მუხლი განსაზღვრავს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ცალსახად მიუთითებს მშენებლობის შესაძლებლობაზე და კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით. ამავე დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, ხოლო მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე).
მითითებული ნორმატიული აქტის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
სასამართლოს მითითებით, მშენებლობის ნებართვა წარმოადგენს განსაკუთრებული იერარქიის ნებართვას (მე-3 მუხლის 43-ე პუნქტი), რომელიც როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა;
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს 2017 წლის 01 თებერვლის N4-/3-- ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით შეთანხმდა ქალაქ ბაღდათში დ---------------ს კუთვნილ მიწის ნაკვეთში (ს/კ 3-----------) ავტო-ტექ მომსახურების მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რაც მშენებლობის ნებართვის უფლების მსურველისათვის, ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით I სტადიას წარმოადგენდა. შესაბამისად, პირველი სტადიის გავლის შემდეგ დაინტერესებული პირი, იმის მიხედვით თუ რომელი კლასის ნაგებობას ეკუთვნოდა მისი ინტერესებში შემავალი შენობა-ნაგებობა, გადადიოდა შემდეგი სტადიისათვის განკუთვნილი შესაბამისი ნებართვის მოპოვების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N5- დადგენილების 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში უნდა აისახოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრული ის სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემუშავებისათვის. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო საქმიანობის სუბიექტს - დამკვეთს მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის - ავტოსამრეცხაოს განთავსების ინტერესი გააჩნდა. დ---------------ს მიმართ გამოცემული მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ 2017 წლის 01 თებერვლის N4-/3-- ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტში ასევე მითითებულია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N5- დადგენილების კონკრეტული მუხლები, რომლითაც დგინდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების მეორე ეტაპზე, დამკვეთის დ---------------ს ინტერესს წარმოადგენდა II კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა. ის გარემოება, რომ დ--------------ს განზრახული ჰქონდა II კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა, მხარეებმა ასევე, დაადასტურეს საქმის ზეპირ განხილვაზე.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N5- დადგენილების მე-19 მუხლი ადგენს შენობა-ნაგებობების კლასებს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა - ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი – შენობა - ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; ბ) II კლასი – შენობა - ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; გ) III კლასი – შენობა - ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; დ) IV კლასი – შენობა - ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; ე ) V კლასი – შენობა - ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა - ნაგებობები). შენობა-ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობა-ნაგებობის პარამეტრების მიხედვით. ხოლო, მე-2 პუნქტის შესაბამისად, შენობა - ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება ასაშენებელი ან სადემონტაჟო შენობა - ნაგებობის პარამეტრების მიხედვით, რეკონსტრუქციისას, იმ შემთხვევაში, როდესაც შენობა - ნაგებობის კლასი იზრდება, კლასი განისაზღვრება შენობა - ნაგებობის საბოლოო (სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული) პარამეტრების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ რეკონსტრუქციისას შენობა - ნაგებობის კლასი მცირდება, მაშინ შენობა - ნაგებობის კლასისადმი მიკუთვნება ხორციელდება არსებული სარეკონსტრუქციო შენობა - ნაგებობის პარამეტრების მიხედვით.
ამავე დადგენილების მე-20 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობის სუბიექტს წარმოადგენს დამკვეთი, რომელიც ვალდებულია: ა) კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოს მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შედგენა; ბ) უზრუნველყოს შესაბამის ტერიტორიაზე/შენობა-ნაგებობაზე თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსება ამ დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად; გ) მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; დ) უზრუნველყოს სანებართვო პირობების შესრულება; ე) ორგანიზება გაუწიოს დადგენილი წესით დასრულებული შენობა - ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის შესაბამისი პროცედურების გავლას; ვ) სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისას მოახდინოს მშენებარე ობიექტის კონსერვაცია ამ დადგენილების 90-ე მუხლის შესაბამისად; ზ) სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლარი და ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით; თ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და თანამდებობის პირის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს ამ დადგენილების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გაცნობა.
სასამართლოს განმარტებით, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N5- დადგენილების XV თავით მოწესრიგებულია II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის საკითხები.
”მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N5- დადგენილების 67-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, II კლასის შენობა-ნაგებობები ხასიათდება რისკის დაბალი ფაქტორით. ამავე დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით, II კლასს განეკუთვნება: ა) განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) კოეფიციენტით K-2-ით განსაზღვრული ან იმ ზონაში, სადაც K-2 არ განისაზღვრება – სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 300 მ2-მდე ფართობის (ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისათვის სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური 500 მ2-მდე ფართობის), 5 მ-დან 12 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-დან 4 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა; ბ) 60 მ3-მდე მოცულობის, 10 მ-დან 15 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-დან 15 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა; გ) გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-ზე მეტი სიმაღლის ღობე; დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 7 მ-ისა; ვ) 1000 მ3-მდე მოცულობის წყალსაცავი; ზ) თხევადი ნივთიერების საცავი/ტერმინალი ავზების ჯამური მოცულობით 100 მ3-მდე; თ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია; ი) მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული დროებითი შენობა ან/და ნაგებობა.
2.2.3. სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში, როდესაც დ--------------მა, როგორც 2009 წლის 24 მარტის N5- დადგენილების სუბიექტმა - დამკვეთმა განხორციელდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შეთანხმება, რომელიც გულისხმობდა II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობას, იგი ვალდებული იყო ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიემართა არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება) მიზნით (II სტადია) და აღნიშნული ეტაპზე საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემდგომ მოეპოვებინა მშენებლობის ნებართვა (III სტადია გაცემა). ხოლო, ყოველი ეტაპის დადგენილი წესით გავლის შედეგად, დამკვეთი დ--------------- ვალდებული იყო ორგანიზება გაეწია დასრულებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის სათანადო პროცედურების გავლას, რის შემდეგაც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება, რაც უფლებამოსილი ორგანოს მიერ სანებართვო პირობების შესაბამისად, დასრულებულ მშენებლობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას გულისხმობდა და მთელი ამ პროცედურების დამამთავრებელ შედეგს წარმოადგენდა. განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება კი ნიშნავდა დასრულებული მშენებლობის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას, რაც ასევე მოწესრიგებული იყო ”მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებათვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N5- დადგენილების XXII თავით.
2.2.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, არც დამკვეთის - დ---------------ს და არც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაცული არ ყოფილა ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტით დადგენილი წესები, კერძოდ: მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შეთანხმების შემდეგ დამკვეთის მხრიდან არ ყოფილა წარდგენილი ადმინისტრაციულ ორგანოში განზრახული მშენებლობის თაობაზე შენობა-ნაგებობის პროექტი, რომლის შეთანხმების შედეგადაც ადმინისტრაციული ორგანოს გასცემდა ახალ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - მშენებლობის ნებართვას. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ თითოეული პროცედურის გავლის სავალდებულობაა ნორმატიული აქტით არის დადგენილი და ის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს ეხება, რაც ბუნებრივია, გამორიცხავს დამკვეთის ან ადმინისტრაციული ორგანოს სუბიექტურ მიხედულებას ამ საკითხის მოწესრიგებასთან მიმართებაში. ხოლო, ნორმატიული აქტით დადგენილი პირობების დაუცველობა ეჭვქვეშ აყენებს არსებული შენობა-ნაგებობის კანონიერების საკითხს მესამე პირების (საზოგადოებისა და სახელმწიფოს) კანონით დაცული ინტერესების დაცვის ჭრილში.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ დამკვეთის განზრახვას წარმოადგენდა ქ. ბაღდათში, გუბელაძის ქუჩის N4--ში დ---------------ს კუთვნილ მიწის ნაკვეთში ავტოსამრეცხაოს, როგორც II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღების აქტით დგინდება, რომ დ---------------ს მიერ წარდგენილი მასალებისა და ადგილზე დათვალიერების შედეგად აშენებული შენობა მთლიანად აკმაყოფილებდა პირველი კლასის მშენებლობისათვის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პირობებს, რის გამოც ქ. ბაღდათში, გუბელაძის ქუჩაზე დ---------------ს ავტოსამრეცხაო ექსპლუატაციაში იქნა მიღებული, როგორც პირველი კლასის შენობა-ნაგებობა.
2.2.5. რაც შეეხება I კლასის შენობა-ნაგებობების მიმართ მოთხოვნებს, სასამართლომ ასევე, მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N5- დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა; ბ) 20 მ2-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა; გ) გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე; დ) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5 მ-ისა; ე) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზისა და ბიოგაზის დანადგარი); ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/ მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს); ზ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა; თ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები; ი) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზები; კ) ლანდშაფტური მშენებლობა; ლ) კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა; ნ) ბანკომატის განთავსება; ო) საჩრდილობლის მოწყობა; პ) შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება; ჟ) ღია სათამაშო და სპორტული (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა შენობების გარეშე) მოედნებისა და ღია ავტოსადგომების მოწყობა; რ) საზოგადოებრივ ტერიტორიებზე განსათავსებელი ბაზრობა-გამოფენებისათვის, საზოგადოებრივი და სანახაობითი ღონისძიებებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა, რომელთაც არ გააჩნია საძირკველი და რომელთა მოწყობის შესახებ მიღებულია საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილება; ს) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე წყალსარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა; ტ) სამშენებლო მიწის ნაკვეთზე 25 მ3-მდე მოცულობის და არა უმეტეს 2.2 მ სიღრმის აუზის, ღია საცურაო აუზის, აგრეთვე ჭებისა და წყაროების მოწყობა; უ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი 8 მ-მდე სიმაღლის ანძების, გაყვანილობისა და განათებისათვის ბოძების, ანტენებისა და 2 მ3-მდე რეზერვუარიანი წყლის სადაწნეო კოშკების მშენებლობა; ფ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსების მოწყობა; ქ) გადაუდებლობის შემთხვევაში შენობა-ნაგებობის დროებითი გამაგრება; ღ) აბრებისა და რეკლამების განთავსება; ყ) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ; შ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება.
აღნიშნული დადგენილების 66-ე მუხლით მოწესრიგებულია I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის საკითხები. კერძოდ, ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს.
კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დებულებები მეტყველებს იმის თაობაზე, რომ მშენებლობის მწარმოებელი სუბიექტი ვალდებულია დაიცვა შესაბამისი პირობები და ეს პირობები კონკრეტულადაა ჩამოთვლილი ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო/ კანონქვემდებარე აქტებში. ამდენად, დ---------------ს მიერ განხორციელებული უნებართვო მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გამოეკვლია მოითხოვდა თუ არა ფაქტობრივად არსებული შენობა-ნაგებობა (ავტოსამრეცხაო) ისეთ სახის ადმინისტრაციული წარმოების ეტაპების გავლას, რომლის დროსაც მიღებული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (II კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში) ან მშენებლობის ნებართვა (I კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში). ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოკვლეული უნდა ყოფილიყო ის გარემოება, რომ მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ნებართვის ეტაპზე განმცხადებლის მიერ არ იყო დაცული კანონის დანაწესები, უკვე აშენებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება შეესაბამებოდა თუ არა სპეციალურ - სამშენებლო სფეროს მარეგულირებელ ნორმატიული აქტის მოთხოვნებს და იმ პირობებში, როდესაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილით ცალსახად იყო დადგენილი სავალდებულო ხასიათის მოთხოვნები, რომელთა დაცვა, იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობა საავტომობილო გზის პირას განხორციელდა, დამატებით ვალდებულებებს უდგენდა როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, ისე დამკვეთს. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამშენებლო სფეროში წარმოებულ საქმიანობის თითოეული საკითხის უგულვებელყოფა არ უნდა ქმნიდეს იმ მოცემულობას, როდესაც დამდგარი შედეგი არ იქნება კომპენსირებული და გაწონასწორებული სხვა ღონისძიებებით, რომელთა გატარება უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს, სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და სხვისი საკუთრების უფლების დაცვას და რეალიზაციას. ამგვარი წესების დაცვის გარშე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება არ უნდა უპირისპირდებოდეს სხვა პირის ან საზოგადოებრივი ინტერესებს.
სასამართლოს მოსაზრებით, ყოველივე ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ განხორციელდა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედება. სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი N5- დადგენილების ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო მის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს ამ დადგენილების შესაბამისად II, III და IV კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას; მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო მის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს ამ დადგენილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩაბმის უზრუნველყოფას. ამავე დადგენილების 32-ე მუხლით განსაზღვრულია თუ რომელია ის ,,სხვა ადმინისტრაციული ორგანოები’’, რომლებიც მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში იღებენ მონაწილეობას.
დასახელებულ საკანონმდებლო დანაწესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ან/და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ჩართვის უზრუნველყოფა დადგენილი არ არის, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ,,საავტომობილო გზების შესახებ’’ საქართველოს კანონის ნორმებით, რადგან საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N5- დადგენილების 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემა წარმოებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამასთან, ,,საავტომობილო გზების შესახებ’’ საქართველოს კანონი ადგენს საავტომობილო გზების მფლობელთა და საავტომობილო გზებით მოსარგებლეთა, აგრეთვე საგზაო-საინჟინრო ნაგებობების მფლობელ ორგანიზაციათა გზებით სარგებლობისა და დაცვის წესებს, გზათსარგებლობის (ინფრასტრუქტურის უტილიზაციის) საფასურის ოდენობას და გადახდის წესს, აწესებს მოთხოვნებს საავტომობილო გზების მოწყობილობისადმი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად (კანონის პრეამბულა). ამავე კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებათა დატვირთვა-გადმოტვირთვის, გასაჩერებელი და სამრეცხაო მოედნის მოწყობა. განსახილველ შემთხვევაში, ქ.ბაღდათში, გუბელაძის ქუჩის N4--ში მდებარე ავტოსამრეცხაოსა და ავტოტექმომსახურების ობიექტის მოწყობის საკითხი, შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბ---------- რაიონულ სამმართველოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. ასევე მშენებლობის დროს დაცული არ ყოფილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული პირობების მოთხოვნები, კერძოდ: ავტოსამრეცხაო, ავტოტექმომსახურების ობიექტი განთავსებული უნდა ყოფილიყო საავტომობილო გზის ღერძიდან 7.50 მეტრსა და არსებული ტროტუარის მიღმა, ავტოსამრეცხაოს და ავტოტექმომსახურების ობიექტის მოწყობის საკითხი უნდა შეთანხმებულიყო შსს-ის შესაბამის რეგიონულ ქვედანაყოფთან.
სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა მესამე პირთა (მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე მესაკუთრეების) კანონიერი ინტერესების გათვალისწინება დაკავშირებული ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობასთან მიმართებით. განსახილველ შემთხვევაში, ბ---------- მუნიციპალიტეტის გამგებლის სადავო აქტის საფუძველზე დ---------------ს მიერ ავტოსამრეცხაოს აშენება და ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება განხორციელდა იმ საცხოვრებელი სახლის მოსაზღვრედ (მოპირდაპირედ), სადაც ცხოვრობს მოსარჩელე კ----------------.
მოსარჩელის პოზიციით, დ---------------ს მიერ ქ. ბაღდათში, გუბელაძის ქუჩაზე N4--ში მდებარე ავტოსამრეცხაოსა და ავტოტექმომსახურების ობიექტის მოწყობის შედეგად კ---------------ის საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ქ. ბაღდათში, გუბელაძის ქ. N1---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულის ოთახში საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ მდებარე ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირებით გამოწვეული ხმაურის დონე აღემატება (მეტია) დასაშვებ დღის, საღამოს და ღამის ნორმებს. ქ. ბაღდათში, გუბელაძის ქ N1---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ მდებარე ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირებით, გამოწვეული ხმაურის დონე აღემატება (მეტია) დასაშვებ დღის, საღამოს და ღამის ნორმებს. საყურადღებოა, რომ ნორმატიული აქტი - ტექნიკური რეგლამენტი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირებით გამოწვეული ხმაურის დონის განსაზღვრა, მიღებულია სადავო აქტის გამოცემის შემდეგ ,,საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს N398 დადგენილებით, თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება ასევე, დამატებით ქმნის სადავო აქტის ბათილობის საფუძვლებს მესამე პირის კანონით დაცული პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის, უფლების ან ინტერესის უკანონოდ შეზღუდვასთან დაცვის უპირატესი მნიშვნელობით. ასევე აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის განმარტებით და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით (ფოტომასალა) დასტურდება, რომ ავტოსამრეცხაოს მომხმარებლებს, მომსახურების მიღების რიგში ყოფნის დროს, უწევთ ავტომანქანების როგორც უშუალოდ ავტოსამრეცხაოს წინ არსებულ ტროტუარზე გაჩერება (რაც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დადგენილი პირობების დარღვევას წარმოადგენს), ისე მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოს წინ არსებულ სივრცეში, აღნიშნული გარემოება კი ასევე ადასტურებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროს არ მომხდარა საქმის მასალების სრულყოფილად შესწავლა და გამოკვლევა, არ იყო შესრულებულიყო მატერიალური სამშენებლო კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების მოთხოვნები, რომელთა განუხორციელებლობა ქმნის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს.
2.2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმეში მონაწილე მესამე პირისათვის დ---------------სათვის წარმოადგენს აღმჭურველ აქტს. სზაკ-ის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
სასამართლოს მოსაზრებით, ცალსახაა, რომ სახეზეა აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება - დაიწყო და მიმდინარეობს უძრავი ნივთის შენობა-ნაგებობის ექსპლუატაცია სამეწარმეო საქმიანობის მიზნით. თუმცა, ზემოაღნიშნული ნორმა, იმ აღმჭურველი აქტის ბათლად ცნობის აკრძალვასთან ერთად, რომლის მიმართაც არსებობს კანონიერი ნდობა, ითვალისწინებს გამონაკლისს, როდესაც, მიუხედავად კანონიერი ნდობისა, შესაძლებელია აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობა. ამგვარი ლეგიტიმური გამონაკლისია, თუ: 1. აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, (კანონიერი ნდობა არ არსებობს) და 2. თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
ამდენად, კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება Nბს-428-423(2კ-14)). იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ის იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ არ იყო გამოკვლეული მთელი რიგი გარემოებები და არ იყო დაცული ნორმატიული მოთხოვნები, სასამართლომ მიიჩნია, რომ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მესამე პირის კანონიერი ნდობის პრინციპის უპირატესობა მოსარჩელის (და შესაძლოა, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივ ((სადავო ტერიტორია მდებარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე) ინტერესებთან კონფლიქტის გამო.
სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ქალაქ ბაღდათში, გუბელაძის ქუჩაზე მდებარე დ---------------ს ავტოსამრეცხაოს შენობის ექსპლუატაციაში მიღებას წინ უსწრებდა მთელი რიგი ისეთი სახის დარღვევები, რომელთა არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
2.2.7. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი, ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და შესაბამისად მოცემულ საკითხზე იქნებოდა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში. იმავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. ამასთან, მისაღები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირის სამართლებრივი მდგომარეობის შესაძლო გაუარესების შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს ამ პირს და უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში მისი მონაწილეობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის №ბს-964-925(კ-07) და 2009 წლის 13 იანვრის №ბს-1113-1075(კ-08) განჩინებები).
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარეს არსებითი შედავება მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ არ განუხორციელებია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ კ---------------ის სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ--------------მა, რომელმაც ახალი გადაწყვეტილებით კ---------------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით:
3.1.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სამრეცხაოს ფუნქციონირებით ადგებოდა ზიანი. კერძოდ: ,,რომ დ---------------ს მიერ ქ. ბაღდათში, გუბელაძის ქუჩაზე N4--ში მდებარე ავტოსამრეცხაოსა და ავტოტექმომსახურების ობიექტის მოწყობის შედეგად კ---------------ის საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა“. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით ირკვევა, რომ ქ. ბაღდათში, გუბელაძის ქ. N1---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულის ოთახში საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ მდებარე ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირებით, გამოწვეული ხმაურის დონე აღემატება (მეტია) დასაშვებ დღის, საღამოს და ღამის ნორმებს. ქ. ბაღდათში, გუბელაძის ქ N1---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ მდებარე ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირებით, გამოწვეული ხმაურის დონე აღემატება (მეტია) დასაშვებ დღის, საღამოს და ღამის ნორმებს“. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით ირკვევა, რომ საკონტროლო აზომვები ჩატარებული იქნა დღის 13:07-დან 13:15-მდე პირველ ჯერზე და 13:55 დან 14:10 საათის შუალედში, პირველ აზომვაზე ხმაურის დონემ სამრეცხაოს ფუნქციონირებისას შეადგინა 4-,7 დეციბელი, ხოლო სამრეცხაოს ფუნქციონირების შეწყვეტისას გარემო ფაქტორებისაგან მომდინარე ფონურმა ხმაურმა შეადგინა 29 დეციბელი, აღნიშნულ შემთხვევაში ხმაურის მაქსიმალური დონე, რაც შესაძლოა მომდინარეობდა სამრეცხაოდან არის 4-,7 გამოვაკლოთ 29, რაც ტოლია 12,7 დეციბელის, მეორე აზომვისას ხმაურის დონემ სამრეცხაოს ფუნქციონირებისას შეადგინა 58,1 დეციბელი, ხოლო სამრეცხაოს ფუნქციონირების შეწყვეტისას გარემო ფაქტორებისაგან მომდინარე ფონურმა ხმაურმა შეადგინა 39.3 დეციბელი, აღნიშნულ შემთხვევაშიც ხმაურის მაქსიმალური დონე, რაც შესაძლოა მომდინარეობდა სამრეცხაოდან არის 58,1 გამოვაკლოთ 39,3 რაც ტოლია 18,8 დეციბელის. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს №398 დადგენილების თანახმად, საცხოვრებელ სახლებში და საძილე სათავსოებში ხმაურის დასაშვები დონე დღის 8 საათიდან ღამის 19 საათამდე შეადგენს 50 დეციბელს, საღამოს 19 საათიდან 23 საათამდე 45 დეციბელს და ღამის 23 საათიდან დილის 8 საათამდე 40 დეციბელს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით აშკარად დგინდება, რომ ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირებით გამოწვეული ხმაურის დონე ბევრად უფრო ნაკლებია კანონით დასაშვებ დონეზე, თუმცა სასამართლომ ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე ჩათვალა ექსპერტიზის დასკვნა რეალურად და არ გაითვალისწინა თავად დასკვნის აღწერილობით ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ ფონური ხმაურის მაღალი დონე, რომელიც რიგ შემთხვევაში აღემატება კიდეც დასაშვებ ნორმას, აღნიშნული დასკვნის გამოყენება სასამართლოს დასჭირდა იმისათვის, რომ მოსარჩელე გამოეყვანა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირი;
3.1.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №5- დადგენილება; კერძოდ, მშენებლობის ნებართვა წარმოადგენს განსაკუთრებული იერარქიის ნებართვას, (მე-3 მუხლის 43-ე პუნქტი) რომელიც როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა; სადაოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს 2017 წლის 01 თებერვლის #4- 3-- ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით შეთანხმდა ქ. ბაღდათში დ---------------ს კუთვნილ მიწის ნაკვეთში მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. იმ გარემოებათა გამო, რაც მოჰყვა ნებართვის მიღების გაწელვას დროში, ასევე დ---------------ს ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას, მის მიერ ზემოდხსენებულ მიწის ნაკვეთში აგებული იქნა პირველი კლასის შენობა-ნაგებობა, ავტოსამრეცხაო. მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №5- დადგენილების მე-19 მუხლის შესაბამისად პირველი კლასის შენობა-ნაგებობა მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებდა. გაუგებარია, რატომ ჩათვალა სასამართლომ, რომ დ--------------ს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში აუცილებლად უნდა აეშენებინა მე-2 კლასის შენობა-ნაგებობა, რომელსაც სამშენებლო პირობების შეთანხმების გარდა, სჭირდებოდა პროექტის შეთანხმება და ექსპლუატაციაში მიღება და რატომ არ ჰქონდა უფლება აეგო პირველი კლასის შენობა-ნაგებობა, რომელიც დანარჩენი სტადიის გავლას არ საჭიროებდა. სწორედ ამიტომ აშენებული იქნა პირველი კლასის შენობა-ნაგებობა და ზემოდაღნიშნული დადგენილების მოთხოვნებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ ექსპლუატაციაში აღნიშნული შენობა-ნაგებობა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს განსაზღვრება დ---------------ს მიერ უნებართვო მშენებლობის განხორციელების თაობაზე არის უსაფუძვლო, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორედაც რომ გამოკვლეული იქნა უს, რომ ფაქტობრივად არსებული შენობა-ნაგებობის შემთხვევაში საჭიროებდა თუ არა ადმინისტარციული წარმოების სხვა ეტაპების გავლას, რისი შესწავლის შემდეგაც დაადგინა, რომ წარმოდგენილი შენობა-ნაგებობა იყო პირველი კლასის, არ საჭიროებდა რაიმე დამატებითი სანებართვო ღონისძიებების ჩატარებას, დაცული იყო საგზაო შეთანხმების პირობების გამოყენების დეტალები, რის შედეგადაც მოხდა ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება. კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევაზე მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა ემსჯელა სასამართლოს, თუ დ---------------ს მიერ აგებული იქნებოდა მეორე კლასის შენობა-ნაგებობა და მოსარჩელე უპირობოდ დაადასტურებდა მისთვის ობიექტის ფუნქციონირებით მიყენებული ზიანის ფაქტს. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების აქტი წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის მიმართაც დ--------------ს გააჩნდა კანონიერი ნდობა, რის საფუძველზეც მის მიერ სამრეცხაოს ფუნქციონირებისათვის შეძენილი იქნა მთელი რიგი აპარატურა და დანადგარები ჯამური ღირებულებით 10000 ლარამდე, ხოლო რეალურად მოსარჩელის - კ---------------ის კანონიერ ინტერესებთან კონფლიქტში არ მოსულა, ამასთანავე სასამართლოს თავისი ინიციატივით არ მოუპოვებია მტკიცებულებები და არ დაუდგენია სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ინტერესებთან კონფლიქტის ფაქტი, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ იქნა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებული;
3.1.3. აპელანტის განმარტებით, სსსკ-ის 172-ე მუხლის თანახმად ,,ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში“. აქედან გამომდინარე სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნის, როგორც მტკიცებულების შეფასებისას უნდა გამოეკვლია იგი სრულად და ობიექტურად, რის შემდეგაც აშკარა იქნებოდა, რომ დ---------------ს ობიექტის ფუნქციონირებისაგან გამოწვეული ხმაურის დონე არ აღემატებოდა კანონით დადგენილ ზღვარს;
3.1.4. აპელანტის მსჯელობით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ დარღვეული იყო საავტომობილო გზის დეპარტამენტის მიერ გასაზღვრული პირობებიდან ავტოსამრეცხაოს განთავსების მეტრული მაჩვენებლები ,,საავტომობილო გზის ღერძიდან 7,50 მეტრს და არსებულ ტროტუარს მიღმა“, ვინაიდან დეპარტამენტის აღნიშნული განსაზღვრება ნიშნავს სავტომობილო გზის ღერძიდან მინიმუმ 7,50 მეტრის დაშორებით ავტოსამრეცხაოს განთავსებას, თუმცა აღნიშნული აუცილებლად უნდა შეიცავდეს ტროტუარსაც სრულად და არა სასამართლოსეული გასაზღვრებით 7,5 მეტრი გზის ღერძიდან და დამატებით ტროტუარის სიგანეც. დეპარტამენტის აღნიშნული დათქმა გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ საავტომობილო გზის სიფართე ქვეყნის მასშტაბით არის სხვადასხვა ზომის და მხოლოდ ჩანაწერის - გზის ღერძიდან 7,5 მეტრის დაშორებით არსებობა რიგ შემთხვევებში გამოიწვევდა ობიექტის ტროტუარზე და ასევე შესაძლო გზის სავალ ნაწილზე განთავსებას, სწორედ აღნიშნულის აღსაკვეთად არსებობს დათქმა ,,და ტროტუარს მიღმა“, რასაც სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა და გამოიყენა როგორც სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი საშუალება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №5- დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, დადგენილების მიზანია მისი რეგულირების სფეროში ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პრინციპების განხორციელების უზრუნველყოფა. ამავე დადგენილების 30-ე მუხლის თანახმად, ადგილობრივ დონეზე მშენებლობის ნებართვის რეგულირებას ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე ზედამხედველობის განხორციელება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ სამშენებლო საქმიანობის სუბიექტს - დ--------------ს გააჩნდა მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის - ავტოსამრეცხაოს განთავსების ინტერესი, ამდენად გამოცემული იქნა მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ 2017 წლის 01 თებერვლის N4-/3-- ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლითაც დგინდება, რომ ადმინისტრაციული წარმოების მეორე ეტაპზე, დამკვეთის დ---------------ს ინტერესს წარმოადგენდა II კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა.
ისიც დადგენილია, რომ არც დ---------------ს და არც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაცული არ ყოფილა ”მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N5- დადგენილების განსაზღვრული წესები, კერძოდ: მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შეთანხმების შემდეგ დამკვეთის მხრიდან არ ყოფილა წარდგენილი ადმინისტრაციულ ორგანოში განზრახული მშენებლობის თაობაზე შენობა-ნაგებობის პროექტი, რომლის შეთანხმების შედეგადაც ადმინისტრაციული ორგანო გასცენდა ახალ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - მშენებლობის ნებართვას.
ექსპლუატაციაში მიღების აქტით კი ირკვევა, რომ დ---------------ს მიერ წარდგენილი მასალებისა და ადგილზე დათვალიერების შედეგად აშენებული შენობა მთლიანად აკმაყოფილებდა პირველი კლასის მშენებლობისათვის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პირობებს, რის გამოც ქ. ბაღდათში, გუბელაძის ქუჩაზე მდებარე დ---------------ს ავტოსამრეცხაო ექსპლუატაციაში იქნა მიღებული, როგორც პირველი კლასის შენობა-ნაგებობა. პალატის მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც კი თუკი დაინტერესებული პირი მე-2 კლასის მშენებლობას გადაწყვეტდა, მითითებული დადგენილების თანახმად, მას შესაბამის ადმინისტრაციული ორგანოსათვის უნდა მოეხდინა ამ განზრახვის შეტყობინება და წარედგინა შენობის ესკიზური ნახაზი, რაც არ განუხორციელებია.
პალატა აღნიშნავს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №5- დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების თანახმად, მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო მის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს ამ დადგენილების შესაბამისად II, III და IV კლასებს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემასა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას; მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო მის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს ამ დადგენილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩაბმის უზრუნველყოფას. ამავე დადგენილების 32-ე მუხლით განსაზღვრულია თუ რომელია ის ,,სხვა ადმინისტრაციული ორგანოები’’, რომლებიც მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში იღებენ მონაწილეობას.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ,,საავტომობილო გზების შესახებ’’ საქართველოს კანონის ნორმებით, რადგან საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N5- დადგენილების 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემა წარმოებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამასთან, ,,საავტომობილო გზების შესახებ’’ საქართველოს კანონი ადგენს საავტომობილო გზების მფლობელთა და საავტომობილო გზებით მოსარგებლეთა, აგრეთვე საგზაო-საინჟინრო ნაგებობების მფლობელ ორგანიზაციათა გზებით სარგებლობისა და დაცვის წესებს, გზათსარგებლობის (ინფრასტრუქტურის უტილიზაციის) საფასურის ოდენობას და გადახდის წესს, აწესებს მოთხოვნებს საავტომობილო გზების მოწყობილობისადმი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად (კანონის პრეამბულა). ამავე კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებათა დატვირთვა-გადმოტვირთვის, გასაჩერებელი და სამრეცხაო მოედნის მოწყობა.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ქ.ბაღდათში, გუბელაძის ქუჩის N4--ში მდებარე ავტოსამრეცხაოსა და ავტოტექმომსახურების ობიექტის მოწყობის საკითხი შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბ---------- რაიონულ სამმართველოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. ამასთან მშენებლობის დროს დაცული არ ყოფილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული პირობების მოთხოვნები, კერძოდ: ავტოსამრეცხაო, ავტოტექმომსახურების ობიექტი განთავსებული უნდა ყოფილიყო საავტომობილო გზის ღერძიდან 7.50 მეტრსა და არსებული ტროტუარის მიღმა, ავტოსამრეცხაოს და ავტოტექმომსახურების ობიექტის მოწყობის საკითხი უნდა შეთანხმებულიყო შსს-ის შესაბამის რეგიონულ ქვედანაყოფთან.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადგენილია, რომ ქ. ბაღდათში, გუბელაძის ქუჩის N1---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულის ოთახში საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ მდებარე ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირებით, გამოწვეული ხმაურის დონე აღემატება (მეტია) დასაშვებ დღის, საღამოს და ღამის ნორმებს. ქ. ბაღდათში, გუბელაძის ქ N1---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ მდებარე ავტოსამრეცხაოს ფუნქციონირებით, გამოწვეული ხმაურის დონე აღემატება (მეტია) დასაშვებ დღის, საღამოს და ღამის ნორმებს.
ზემოაღნიშნული გარემოება პალატის აზრით დამატებით ქმნის სადავო აქტის ბათილობის საფუძვლებს მე-3 პირის კანონით დაცული პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის, უფლების ან ინტერესის უკანონოდ შეზღუდვასთან დაცვის უპირატესი მნიშვნელობით. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლოში ახსნა-განმარტების ეტაპზე ბ---------- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა დაადასტურა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონის მოთხოვნათა დაღვევით გამოცემა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ქალაქ ბაღდათში, გუბელაძის ქუჩაზე მდებარე დ---------------ს ავტოსამრეცხაოს შენობის ექსპლუატაციაში მიღებას წინ უსწრებდა მთელი რიგი ისეთი სახის დარღვევები, რომელთა არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ქ--------- საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები:
პალატა აღნიშნავს, რომ დ---------------ს სააპელაციო საჩივარი უარყოფილია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის − 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის ვალდებულება აპელანტს ეკისრება, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ---------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქ--------- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლე გოჩა აბუსერიძე