განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002740108
საქმე №1ბ/590-19 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თა-------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ვა-–--------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №-----------, საშუალო განათლებით, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ა------–------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 08 თებერვლის განაჩენით ვა-–--------------–---–ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვა-–--------------–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).
ვა-–--------------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
დაახლოებით ხუთი თვეა ვა-–--------------–---–ი და მა---------------ძე ცხოვრობენ ერთად და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2018 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, თბილისში, ტ---– ა------–---------------ში, ვა-–--------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, ვ--–------------–---–მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მა---------------ძეს თავში ჩაარტყა ჩაქუჩის ტარი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 26 ნოემბერს, დილის საათებში, თბილისი, ტ---–--------–---ს ქუჩის დასაწყისში ვა-–--------------–---–მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მა---------------ძეს მარჯვენა ფეხი დაარტყა მარცხენა მუხლის მიდამოში, რის შედეგადაც
დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული ქმედებებისათვის ვა-–--------------–---–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ვა-–--------------–---–ის მხრიდან მა---------------ძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები და ასევე ის ფაქტი, რომ ისინი არიან ერთმანეთის ოჯახის წევრები.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თა-------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ვა-–--------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ ოჯახური ძალადობის საქმეებზე, ხშირ შემთხვევაში დაზარალებულები საკუთარი ოჯახის წევრების წინააღმდეგ არ აძლევენ ჩვენებას. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა მა---------------ძემ მისცა სასამართლოს ჩვენება, რა დროსაც მან დაადასტურა, რომ დაახლოებით 5 თვეა ცხოვრობს ვა-–--------------–---–თან. მისივე განცხადებით, ვა-–--------------–---–ის ერთადერთი შემოსავალი იყო კაკლის დამტვრევით მიღებული ფული, კაკალს კი ერთად ამტვრევდნენ. დაზარალებულმა გარკვევით განაცხადა, რომ ბინა, სადაც ის და ვა-–--------------–---–ი ცხოვრობდნენ, იყო ნაქირავები და ამ 5 თვის მანძილზე ბინის ქირას ხან თვითონ იხდიდა, ხანაც ვა-–--------------–---–ი. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა ფიზიკური ძალადობის ფაქტი. მისი ჩვენების თანახმად, ვა-–--------------–---–მა თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, რის გამოც ის საავადმყოფოში მოხვდა და იქ რამდენიმე დღე გაატარა ტვინის შერყევის დიაგნოზით. მას შემდეგ, რაც ვა-–--------------–---–ს ბრალი წარედგინა და აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა, დაზარალებულის მითითებით, ვა-–--------------–---–ი გაბრაზდა მასზე და კვლავ ცემა, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულმა სასამართლო პროცესზე დაადასტურა, რომ იგი არის ალკოჰოლდამოკიდებული, თუმცა ეს ფაქტი არ უნდა გამხდარიყო მისი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველი, ვინაიდან ეს მდგომარეობა მას არ უშლიდა ხელს სწორად აღექვა და გადმოეცა ფაქტები. ვ--–--------------–---–ის სახლში მა---------------ძის ცხოვრების ფაქტი დაადასტურა ვა-–--------------–---–ის დედამ, რომლის განმარტებით, მას რამდენჯერმე ნანახი ჰყავდა მისი შვილის სახლში დაზარალებული, ხოლო მეზობელმა ვა---–----------–---–მა დაადასტურა, რომ ის სიტყვიერი კონფლიქტის შემსწრე ყოფილა მა---------------ძესა და ვა-–--------------–---–ს შორის. აპელანტის მითითებით, ოჯახური ძალადობა ლატენტური დანაშაულია და მსგავსი დანაშაულების შემსწრე პირთა წრე ხშირ შემთხვევაში ან ისევ ოჯახის წევრები არიან ან არავინ. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს ვა-–--------------–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვა-–--------------–---–ის მიერ მა---------------ძის მიმართ ძალადობისა განხორციელების ფაქტებს, კერძოდ:
ვა-–--------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები ძირითადად ეფუძნება დაზარალებულ მა---------------ძის მიერ მიცემულ ჩვენებას, რომლის თანახმად დადგენილია, რომ იგი ვა-–--------------–---–თან ერთად ცხოვრობდა რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა ერთმანეთის მეუღლეები არ იყვნენ. გადასახადებს და ბინის ქირას ვა-–--------------–---–ი იხდიდა. თანაცხოვრების პერიოდში მას ეხმარებოდა კაკლის დამტვრევაში, რასაც შემდეგ მისი დედა ბაზარში ყიდდა. 2018 წლის 20 ოქტომბერს, ეკამათა ვა-–--------------–---–ს, რის შემდეგაც მან მისი პირადი ნივთები ჩაულაგა და სახლიდან აგდებდა. ვინაიდან წასვლა არ სურდა, ეწინააღმდეგებოდა, ხოლო ვა-–--------------–---–მა მას ჩაქუჩის ტარი ჩაარტყა და წაიქცა. წაქცევისას თავი დაარტყა და განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 26 ნოემბერს ვა-–--------------–---–ი იყო მასზე გაბრაზებული, რადგან მის გამო პრობლემები შეექმნა პოლიციასთან და სასამართლომ გირაოს გადახდა დააკისრა. აღნიშნულზე იკამათეს და ის კვლავ ცდილობდა მისი სახლიდან გაგდებას. თავად წასვლა არ უნდოდა, რადგან ვა-–--------------–---–ი უყვარდა. როდესაც სახლიდან წავიდა, იგი მას დაეწია და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ფეხი ჩაარტყა და დაეცა ძირს. აღნიშნულის შემდეგ, ასევე სხვა შემთხვევებშიც, როდესაც ვა-–--------------–---–ი სთხოვდა მისი სახლიდან წასვლას, მიდიოდა პოლიციაში. მან ვა-–--------------–---–ის ქმედებების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
დაზარალებულსა და ვა-–--------------–---–ს შორის ოჯახური თანაცხოვრების და ერთიანი მეურნეობის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად, აპელანტს მოჰყავს ვა-–--------------–---–ის დედის - ლა-–---------–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ვა-–--------------–---–ს ჰყავდა მეუღლე, რომელიც სტამბულში იმყოფება. ისინი ოფიციალურად დაშორებულები არ არიან. მა---------------ძე ვინ არის, ზუსტად არ იცის. ის დაახლოებით ორჯერ ნახა მისი შვილის სახლში. იცოდა, რომ მა---------------ძე კაკლის დამტვრევაში ეხმარებოდა ვა-–--------------–---–ს. ყოველ საღამოს მიდიოდა მის შვილთან, საჭმელს უკეთებდა, ერთად ვახშმობდნენ. მის შვილსა და მა---------------ძეს შორის კონფლიქტს არ შესწრებია. იცის მხოლოდ ის, რომ ვა-–--------------–---–ს მასთან ურთიერთობა არ სურდა და ეუბნებოდა, რომ წასულიყო მისი სახლიდან. იყო შემთხვევა, როცა მისი შვილის თხოვნით ესაუბრა მა---------------ძეს, რა დროსაც ის იყო ისეთი ნასვამი, რომ ვერ საუბრობდა. უთხრა, რომ მისი შვილისთვის თავი დაენებებინა, ეგონა, რომ მან დაუჯერა და წავიდა, თუმცა შემდეგ გაიგო, რომ ის ვა-–--------------–---–ის სახლში დაბრუნებულა. აღნიშნულის შემდეგ მას მა---------------ძე აღარ უნახავს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ასევე გამოკვლეულ იქნა მოწმე ზა-----------ს ჩვენება, რომელიც არის ვა-–--------------–---–ის მეზობელი და მისი განმარტებით, რამდენჯერმე დაუნახავს მისთვის უცნობი ქალბატონი, თუმცა ვინ არის ის ვა-–--------------–---–ისთვის, მისთვის უცნობია. იყო შემთხვევა, როცა შეესწრო მათ შორის მცირე კამათს, რომლის მიზეზიც ასევე მისთვის უცნობია. მოწმე გი-------------–---–მა თავის ჩვენებაში დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და ნადმვილობა, ხოლო მოწმე ნი----------–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე მისი ახლო ნათესავის - მამის წინააღმდეგ.
მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ვა-–--------------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ვ--–--------------–---–მა ჩაიდინა მასთან გარკვეული პერიოდულობით მცხოვრები მა---------------ძის მიმართ ძალადობა. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არ წარმოუდგენია სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ვა-–--------------–---–ის მიერ მა---------------ძის მიმართ ძალადობის ფაქტებს. ამასთან, დაზარალებულის ჩვენება გამყარებული არ არის სხვა, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით და, შესაბამისად, აღნიშნულს პალატა ვერ მიიჩნევს საკმარისად დამნაშავედ ცნობისათვის. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მოწმეა ძალადობის ფაქტის უშუალო თვითმხილველი. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა ვა-–--------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ვ--–--------------–---–ისა და მა---------------ძის ოჯახური კავშირის შესახებ და დამატებით მიუთითებს, რომ ვა-–--------------–---–ს ბრალი წარდგენილი აქვს ოჯახური ძალადობის ორი ეპიზოდის ჩადენისათვის. აღნიშნული დანაშაულის მთავარი ნიშანი არის ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მისი განხორციელება. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვა-–--------------–---–ს ჰყავს მეუღლე, რომელთანაც ოფიციალურად დაშორებული არ არის, ხოლო მა---------------ძესთან ერთად საერთო მეურნეობის გაძღოლის დასადასტურებლად, მხოლოდ კაკლის მტვრევაში დახმარების გაწევის ფაქტი, ვერ ჩაითვლება საკმარის საფუძვლად.
პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ვა-–--------------–---–მა განახორციელა ოჯახში ძალადობა მა---------------ძის მიმართ.
პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ვა-–--------------–---–ის დამნაშავეობაში.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თა-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 08 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ვა-–--------------–---–ი გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
გამართლებულ ვა-–--------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
გამართლებულ ვა-–--------------–---–ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ხის ტარიანი ჩაქუჩი, დალუქული ერთ პაკეტად, შტრიხკოდით FCD 713562, რაც ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;
- საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტო სურათები, ორ ცალ ლაზერულ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე