განაჩენი

სისხლის სამართლის 03.05.2019
საქმის ნომერი
330100116001648406
ინსტანცია
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001648406

საქმე #1/ბ-1110-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

1 მაისი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ლევან თევზაძე

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

სხდომის სახე - ღია;

ბრალდების მხარე:

პროკურორი - და-----------ძე;

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - კა------------------–----ძე, დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: თბ--–------------------------------------–------------------------------ ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------–--–---–-------------------------------------

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

სასჯელი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით კა--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

კა--------------ეს, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და კა-------------------ის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით იმ საფუძვლით, რომ განაჩენის გამოტანისას მოსამართლემ არ გაითვალისწინა კა--------------ის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის დაზარალებულის პოზიცია ზიანთან დაკავშირებით და განუსაზღვრა აშკარად მსუბუქი სასჯელი. მართალია კა--------------ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული და პრეიუდიციული ძალის მქონედ მიიჩნია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მაგრამ ჩადენილი ქმედების შეფასებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კვალიფიკაცია და კატეგორია, ასევე ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ხერხი და ობიექტური ვითარება. კერძოდ, ის ფაქტი, რომ კა--------------ემ ზიანი არ აუნაზღაურა დაზარალებულს. გამომდინარე იქიდან, რომ კა--------------ეს დაახლოებით ორი წელი ქონდა დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის 7496 ლარის ასანაზღაურებლად, სასჯელის სახედ 3000 ლარის ჯარიმის გამოყენება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამართლიანად, რადგან განსაზღვრული სასჯელი ყოველთვის იქნება აღუსრულებელი და ვერ იქნება მსჯავრდებულის რესოციალიზაციის გარანტი.

მსჯავრდებულმა კა--------------ემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს აუნაზღაურა 150 ლარი და მომავალშიც მზადაა ყოველთვიურად გადაიხადოს გარკვეული თანხა, ყავს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც მის კმაყოფაზე იმყოფებიან.

სასამართლომ დაადგინა:

შპს „ი----–---------–--“ დირექტორის ბრძანებით, კა--------------ე დაინიშნა ამავე კომპანიის ვაიზერის თანამდებობაზე, რომელსაც ევალებოდა დისტრიბუტორების ზედამხედველობა, მათი მუშაობის და მაღაზიების კონსიგნაციების კონტროლი.

კა--------------ემ განიზრახა შპს „ი----–---------–--“ ფულადი თანხის მითვისება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, სხვადასხვა ობიექტებიდან ნაღდი ანგარიშსწორებით აიღო კონსიგნაციით მიწოდებული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული ფულადი თანხა, რაც იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობაში, არ შეიტანა საზოგადოების ანგარიშზე, მიითვისა და განკარგა პირადი საჭიროებისამებრ.

2016 წლის 10 ოქტომბრის შპს „ი----–---------–--“ თემატური შემოწმების თანახმად, კა--------------ის მიერ მითვისებულმა თანხამ შეადგინა 7 496 ლარი, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კა--------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ და-----------ძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სააპელაციო პალატა სასჯელის განსაზღვრის დროს ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. როდესაც საზოგადოებისაგან პირის იზოლირების გარეშე, შეუძლებელი იქნება სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.

ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ კა-------------------ის სასჯელის დამძიმების თაობაზე პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ხასიათი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, ამასთან, გაიზიარა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ კა--------------ემ გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, გამოთქვა მზადყოფნა დაზარალებულს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რითაც სრულად იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები, მოემსახურება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ კა--------------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომ მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს აუნაზღაურა მიყენებული ზიანის ნაწილი - 150 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება სასამართლოში წარმოდგენილი გადახდის ქვითრით, გამოთქვა მზადყოფნა ეტაპობრივად ზიანის ანაზღაურების შესახებ, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები (წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა) არ გააჩნია. პალატა ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ კა--------------ეს კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, მუშაობს ტაქსის მძღოლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კა--------------ეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში განუსაზღვრა სამართლიანი, პროპორციული და ადეკვატური სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ მსჯავრდებულს ზიანი არ აუნაზღაურებია, აღნიშნული არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად და წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საკითხს. პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებებზე, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის N1019აპ-09 და N611აპ-10 განჩინებები). პალატა სრულად იზიარებს საკასაციო პალატის მოცემულ განმარტებას და მიიჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება ჩაითვალოს კა-------------------ის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე სხვა მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივლისის განაჩენი კა--------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ და-----------ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივლისის განაჩენი კა--------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

კა--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

კა--------------ეს, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით, 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, კა--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები: საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პასპორტის გამოძიების ორგანოსთვის ჩაბარების თაობაზე, გაუქმებულია.

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე