განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210018001480496
საქმე №2/ბ-297-18წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
08 აპრილი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ სვანიძე, ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი - შპს ,,ა-–---------ი--“
წარმომადგენელი - ჯ----– გ-------ე, გ------ ღ------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ,,ბ------ის ბ---–----ი“
წარმომადგენელი - ნ--- ჯ--------ე, ი--- გ-----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება
აღწერილობითი ნაწილი
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2016 წლის 24 აგვისტოს შპს ,,ა-–---------ი--“-მა (მოსარჩელე, შემდგომში აპელანტი მხარე) სარჩელი აღძრა სსიპ ,,ბ------ის ბ---–----ი“-ს (შემდგომში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით (იხ.სარჩელი, ტომი---ლი ს.ფ. 1-16).
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის მიერ მიეთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.1. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 8 აპრილს სსიპ ,,ბ------ის ბ---–----ი“-ს და შპს ,,ა-–---------ი--“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ა-–---------ი--“-მა იკისრა ვალდებულება ბ---–----ის ტერიტორიაზე დაემონტაჟებინა მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური ფიგურები. მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 69 140 ლარს. მიწოდებული საქონელი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების ტექნიკურ დავალებაში მითითებული სტანდარტების შესაბამისი.
1.2. მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად. მან შეიძინა და ბ---–----ში დაამონტაჟა მხატვრულ ანიმაციური ფილმების გმირების შემდეგი ანტივანდალური ფიგურები: - ,,ლ-------–---ი“, ,,ს---------ი“, ,,კ--------------“, ,,კ-----------------“, ,,რ--------–ი“, ,,თ----ი“, ,,ს-----------ი“, ,,დ----------ი“. თითოეული ფიგურა შეესაბემება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მიწოდებულ საქონელთან ერთად მოსარჩელემ წარადგინა მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილი და საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი, საქონლის უსაფრთხოების დამადასტურებელი სერთიფიკატი და კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო დოკუმენტაცია. მიუხედავად ამისა მოპასუხემ მათი ღირებულება არ აუნაზღაურა.
1.3. შესაბამისად, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მიღებული საქონლის ხელშეკრულებით განსაზღვრული ღირებულების 69 140 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხე სსიპ ბ------ის ბ---–----ის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით (ტომი---ლი ს.ფ. 62-74) სარჩელი არ ცნო შემდეგზე მითითებით:
2.1. შპს ,,ა-–---------ი--“-ს მიერ მოწოდებული საქონელი არ იქნა მიღებული, ვინაიდან მოწოდებული მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების (ანტივანდალური) ფიგურები არ შეესაბამება ტენდერში მოყვანილი ტექნიკური პირობით გათვალისწინებულ პარამეტრებს, რადგან ფიგურების კარკასი (ჩონჩხი) არასრულყოფილად არის დამზადებული (ჩონჩხი ფაქტიურად არ არსებობს), კერძოდ: მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირები დამზადებულია ლითონის (1მმ სისქის და 10მმ-იანი ლითონის მილი, 4მმ სისქის მავთული და სადგარი 30X30მმ-იანი მილ-კვადრატი) ღერძზე, რომელზეც ფიგურის ფორმის (მოცულობის) მისაღებად გადაკრულია სინტეფონის ღრუბელი და შემდეგ მორეზინებულია სილიკონის რეზინით, მაშინ როდესაც მოცემულ შემთხვევაში მოსაწოდებელი საქონლის ფიგურების დამზადებისას ჯერ უნდა დამზადებულიყო მეტალის ჩონჩხი (თავი, სხეული, ხელი, ფეხი და ა.შ.) რომელიც შემდეგ უნდა მორეზინებულიყო სილიკონის რეზინით. ამ ფორმით დამზადებული ფიგურა არაა ანტივანდალური, სწორედ ამის გამო ისინი დამონტაჟებიდან მოკლე დროში დაზიანდა და გამოვიდა მწყობრიდან. მოწოდებული საქონლის მხოლოდ ზომები შეესაბამება ტექნიკურ დავალებაში მითითებულ პარამეტრებს.
2.2. ტენდერი გამოცხადებული იქნა მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური ფიგურების შესყიდვაზე, რაც გულისხმობს ისეთი ფიგურების შესყიდვას, რომელთა დაზიანება და განადგურება არ არის ადვილად შესაძლებელი, რადგან აღნიშნული ფიგურები განკუთვნილია ბავშვებისათვის.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ,,ა-–---------ი--“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.1. 2016 წლის 08 აპრილს სსიპ ,,ბ------ის ბ---–----სა“ და შპს ,,ა-–---------ი--“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ა-–---------ი--“-მა იკისრა ვალდებულება ბ---–----ის ტერიტორიაზე დაემონტაჟებინა მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური ფიგურები. მიწოდებული საქონელი შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო ტექნიკურ დავალებაში მითითებულ სტანდარტებთან. თავის მხრივ, სსიპ ,,ბ------ის ბ---–----ს“ შესრულებული მიწოდების სანაცვლოდ უნდა გადაეხადა 69140 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 08 აპრილს ხელშეკრულება. (იხ. ტომი---ლი, ს.ფ. 23-28).
2.1.2. მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური ფიგურების მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარული დღის ვადაში, 2016 წლის 17 ივლისის ჩათვლით. ხელშეკრულების მოქმედება განისაზღვრა 2017 წლის 31 აგვისტომდე ვადით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 08 აპრილს ხელშეკრულება. (იხ. ტომი---ლი, ს.ფ. 23-28).
2.1.3. 2016 წლის 08 აპრილის ხელშეკრულების დანართი-- შეიცავს შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ პირობებს. მასში მითითებულია, რომ მხატვრულ ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურების ტექნიკური და ხარისხობრივი პარამეტრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- ფიგურები უნდა იყოს სურათებზე გამოსახული ფიგურის მსგავსი.
-ფიგურების კარკასი დამზადებული უნდა იყოს ლითონის მასალისაგან ზედაპირი დაფარული სილიკონის რეზინით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ტექნიკური პირობები (დანართი--) (იხ.ტომი---ლი,ს.ფ. 29-32)
2.1.4. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ ხელშეკრულების შესრულების მიზნით მოსარჩელემ ჩინეთში შეიძინა მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურები: - ,,ლ-------–---ი“, ,,ს---------ი“, ,,კ--------------“, ,,კ-----------------“, ,,რ--------–ი“, ,,თ----ი“, ,,ს-----------ი“, ,,დ----------ი“. 2016 წლის 15 ივლისს მოსარჩელემ დასახელებული ფიგურები დაამონტაჟა ბ---–----ის ტერიტორიაზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები.
2.1.5. მოსარჩელემ მიწოდებული საქონლის ჩაბარებასთან დაკავშირებით მოპასუხეს გაუგზავნა ანგარიშფაქტურა. მოპასუხემ მისი მიღება დაადასტურა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ანგარიშფაქტურები. (იხ. ტომი---ლი,ს.ფ.. 43-44)
2.1.6. ფიგურების ზედაპირი დაიხა და გამოუსადეგარი გახდა, რის გამოც მოპასუხემ ფიგურებს დემონტაჟი გაუკეთა და შეინახა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- ფოტოსურათები.ადგილზე დათვალიერების ოქმი.(იხ. ტომი---ლი, ს.ფ. 89-90,113-121, 133-150)
2.1.7. მოპასუხემ მოსარჩელეს ანიმაციური გმირების ფიგურების შეძენისა და დამონტაჟების ღირებულება არ აუნაზღაურა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები.
2.2.სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი სადაო ფაქტობრივი გარემოებები:
2.2.1. სასამართლოს განმარტებით, მხარეებს შორის ძირითადი სადაო გარემოებაა მოსარჩელის მიერ შეძენილი მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურების შესაბამისობა სახელშეკრულებო პირობებთან. სასამართლომ მიუთითა, რომ სახელშეკრულებო პირობების დაცვით ფიგურების მიწოდების ვალდებულება მოსარჩელეს გააჩნდა და რომ შესაბამისად ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისა და სახელშეკრულებო პირობებით გათვალისწინებული მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურების მიწოდების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება, სახელდობრ მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ მოპასუხეს ის ფიგურები მიაწოდა, რაზეც ხელშეკრულებით იყვენ შეთანხმებული. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელშეკრულებო პირობების შესასაბამისი ფიგურების დამონტაჟებისა და ამ ნაწილში ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის, პირველ რიგში ზუსტად უნდა დადგინდეს რა პრინციპით უნდა შერჩეულიყო ანიმაციური გმირების ფიგურები. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ ფიგურების მახასიათებლები მოცემულია 2016 წლის 08 აპრილის ხელშეკრულების დანართი---ში, რომელიც შეიცავს ფიგურების ტექნიკურ პირობებს და მახასიათებლებს. დანართის მიხედვით მხატვრულ- ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურების ტექნიკური და ხარისხობრივი პარამეტრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- ფიგურები უნდა იყოს სურათებზე გამოსახული ფიგურის მსგავსი.
- ფიგურების კარკასი დამზადებული უნდა იყოს ლითონის მასალისაგან, ზედაპირი დაფარული სილიკონის რეზინით.
2.2.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ ფიგურების მახასიათებლები მოცემულია 2016 წლის 08 აპრილის ხელშეკრულების დანართ 1-ში, რომელიც შეიცავს ფიგურების ტექნიკურ პირობებს და მახასიათებლებს. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ თითოეული ფიგურა არის იმ სურათის მსგავსი, რაც ტექნიკურ პირობებშია მითითებული. სადავოა მეორე საკითხი - ფიგურების კარკასი დამზადებულია თუ არა ლითონის მასალისაგან და მისი ზედაპირი დაფარულია თუ არა სილიკონის რეზინით. სწორედ ამ საკითხზე ვერ თანხმდებიან მხარეები და ამის გამო მოპასუხემ მოსარჩელისაგან არ მიიღო შესრულება.
სასამართლომ მიუთითა შემდეგ მტკიცებულებაზე:
2016 წლის 08 აპრილის ხელშეკრულების დანართი--. (იხ. ტომი---ლი,ს.ფ.29-32)
2.2.3. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ფიგურების შესაბამისობის დადასტურებისათვის წარმოადგინა 2016 წლის 25 ივლისის ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული ექსპერტიზა ჩატარებული იქნა შპს ,,ა-–---------ი--“-ის დაკვეთით. ექსპერტს გადასაწყვეტად დაესვა კითხვა: - ,,შპს ა-–---------ი--“-ის მიერ მიწოდებული მხატვრულ-ანიმაციური გმირების ფიგურები შეესაბამება თუ არა ხელშეკრულებით გაწერილ, ტენდერის ტექნიკურ დავალებაში მითითებულ მოთხოვნებს“.საექსპერტო კვლევა ჩაატარა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრმა შპს ,,ვ--------მა“. საექსპერტო კვლევის შემდეგ ექსპერტმა დაასკვნა, რომ მხატვრულ- ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურების სიმაღლე შესაბამისობაშია ტექნიკური დავალების მოთხოვნებთან, ფიგურების კარკასი ლითონისაა და გარედან დაფარულია სილიკონის რეზინით. ექსპერტი მიიჩნევს, რომ შპს ,,ა-–---------ი--“-მა შეასრულა ხელშეკრულების პირობები. მიწოდებული საქონელი შეესაბამება ტენდერის ტექნიკურ დავალებაში მითითებულ მოთხოვნებს.
სასამართლომ მიუთითა შემდეგ მტკიცებულებაზე:
შპს ,,ვ--------ის“ მიერ შედგენილი 2016 წლის 25 ივლისის ექსრტიზის დასკვნა. (იხ. ტომი---ლი,ს.ფ.46-48)
2.2.4.სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში ერთმანეთს ეწინააღმდეგება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს ,,ვ--------ის“ ექსპერტიზის დასკვნა და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომართვა. თუ ერთ შემთხვევაში ექსპერტმა დაადგინა, რომ ფიგურებს აქვს ლითონის კარკასი და სრულად შესაბამება ტენდერის ტექნიკურ დავალებაში მითითებულ მოთხოვნებს, მეორე შემთხვევაში ექსპერტმა ვერ განსაზღვრა ფიგურები შესაბამისი იყო თუ არა ტენდერის ტექნიკურ დავალებაში მითითებულ მოთხოვნებთან.
სასამართლომ მიუთითა შემდეგ მტკიცებულებაზე:
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომართვა ( იხ. ტომი---ლი, ს.ფ.106.)
2.2.3. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ფიგურები უნდა ყოფილიყო ანტივანდალური, ლითონის კარკასისაგან დამზადებული. აღნიშნული დათქმა განპირობებული იყო იმით, რომ ფიგურები უნდა განთავსებულიყო ბავშვების გასართობად და წინასწარვე არსებობდა ბავშვებთან კონტაქტის გამო მათი მწყობრიდან გამოსვლის რისკი. სწორედ ამიტომ დამკვეთმა გადაწყვიტა, რომ ფიგურები ყოფილიყო ანტივანდალური, გაცილებით მყარი და ამიტომ მის შემადგენლობაში განსაზღვრა ლითონის კარკასი. მიუხედავად ასეთი შეთანხმებისა, ფიგურების ნაწილი განთავსებიდან მესამე დღეს უკვე დაზიანებული იყო და დანარჩენებიც მოკლე დროში იმდენად დაზიანდა, რომ მათი დემონტაჟი გახდა აუცილებელი.
2.2.4. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ ასეთით დასტურდება ფიგურების მნიშვნელოვნად დაზიანების ფაქტობრივი გარემოება და ამასთან აღნიშნა, რომ ისეთ შემთხვევაში, თუ ფიგურები დამზადებულია ანტივანდალური პრინციპით, ლითონის კარკასისაგან და მასზე შემდეგაა გადაკრული სილიკონის რეზინი, მაშინ ლოგიკური მსჯელობიდან გამომდინარე ფიგურები მესამე დღეს არ უნდა დაზიანებულიყო.
2.2.5.ზემოხსენებული საკითხების გამორკვევის მიზნით სასამართლომ ადგილზე დაათვალიერა ფიგურები და თავად დანიშნა ექსპერტიზა, რომელსაც დაუსვა შემდეგი სახის კითხვები:
,,ა) რისგან არის დამზადებული შპს ,,ა-–---------ი 1“-ს მიერ სსიპ ,,ბ------ის ბ---–----ისათვის“ მიწოდებული მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირები. უფრო ზუსტად, ის ფიგურის კარკასი დამზადებულია თუ არა ლითონის მასალისაგან და ზედაპირი დაფარულია თუ არა სილოკონის რეზინი.
ბ) უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ფიგურებიდ კარკასი ხომ არაა დამზადებული ე.წ. არმატურაზე აგებული სინტიფონის ღრუბელით და მასზე გადაკრული სილიკონის რეზინით?
გ) პირველი ორი კითხვის უარყოფის შემთხვევაში, განისაზღვროს ფიგურების შემადგენლობა.
დ) ექსპერტმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს ფიგურები თავისი შემადგენლობით არის თუ არა ის ფიგურები, რაც გათვალისწინებულია №---- ხელშეკრულებით გაწერილი S----------- ტენდერის ტექნიკური დავალებით.“
საექსპერტო კვლევის შედეგად ექსპერტმა სასამართლოს უპასუხა, რომ თითოეული ფიგურა შედგება მუქი მორუხო ფერის რეზინისმაგვარი მასალის ე.წ. სილიკონის რეზინისაგან, ასევე მოჩალისფრო-მოყვითალო ფერის ღრუბლის - ე.წ. სპანდექს ღრუბლისაგან.
ექსპერტმა პასუხი არ გასცა მთავარ კითხვას იმის თაობაზე ფიგურები ლითონის კარკასისაგანაა დამზადებული თუ ე.წ. არმატურაზე აგებული სიტიფონის ღრუბელით და მასზე გადაკრული სილიკონის რეზინით.
სასამართლომ მიუთითა შემდეგ მტკიცებულებაზე:
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. (იხ.ტომი მე-2, ს.ფ. 12-53).
2.1.12. სადაო საკითხის გარკვევის მიზნით სასამართლომ ადგილზე დაათვალიერა ფიგურები. დათვალიერებით დაადგინა, რომ თითოეული ფიგურის დამზადებისათვის გამოყენებულია ე.წ. არმატურა, რაზეც გადაკრულია სპანდექს ღრუბელის და სილიკონის რეზინი. ფიგურებს არ აქვს ლითონის კარკასი.
სასამართლომ მიუთითა შემდეგ მტკიცებულებაზე:
ადგილზე დათვალიერების ოქმი. (იხ. ტომი მე-2, ს.ფ. 85-86)
2.1.13. სასამართლომ ფოტოსურათების, ექსპერტიზის დასკვნებისა და ადგილზე დათვალიერებით მიღებული ინფორმაციის ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობაში შეფასებით დაადგინა, რომ ვიზუალურად ფიგურები ისეთივეა, როგორც ტექნიკური პირობების სურათებზეა ნაჩვენები, მაგრამ ფიგურები არაა დამზადებული ლითონის კარკასისაგან. სასამართლომ მიუთითა, რომ ღერძებად არმატურის გამოყენება არ წარმოადგენს ლითონის კარკასს, რაც გულისხმობს ფიგურის ჩონჩხის ლითონისაგან დამზადებას და მასზე სილიკონის რეზინის გადაკვრას და რომ სწორედ ასეთ ფიგურას არ ჩაეხეოდა ზურგის, მუცლის ან თავის ნაწილი და გამოსაყენებლად ვარგისი იქნებოდა,ხოლო მხოლოდ არმატურის საყრდენებზე სილიკონის რეზინის ან ე.წ. ,,ბუბკას“ მოთავსება არ წარმოადგენდა სახელშეკრულებო პირობებს. სწორედ ამის გამო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა სახელშეკრულებო პირობები.
2.3გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება
2.3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 361-ე, 398-399-ე, 405-ე, 626-ე, მუხლებზე და განმარტა შემდეგი:
2.3.1. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებს შორის უთიერთობა წარმოიშვა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან. ამ ტიპის შეთანხმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარდობის ხელშეკრულებაა.
2.3.2. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეები თავიანთ უფლება-მოვალეობის მოცულობას განსაზღვრავენ ხელშეკრულებით. ხელშეკრულება არის ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველი და იგი მიმართულია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთიობის წარმოშობის, შეწყვეტის ან შეცვლისაკენ. წინამდებარე შემთხვევაშიც მოსარჩელემ და მოპასუხემ ხელშეკრულების დადებისას განსაზღვრეს ურთიერთ ვალდებულებათა წრე. შეთანხმების შემდეგ მხარეებს უნდა განეხორციელებინათ გარკვეული ქმედებები. ამათგან ერთ-ერთი იყო მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური ფიგურების დამონტაჟების საკითხი. მოსარჩელეს უნდა დაემონტაჟებინა ლითონის კარკასისაგან დამზადებული ფიგურები, რომელსაც ლითონის კარკასზე გადაკრული ექნებოდა სილიკონის რეზინი. თავის მხრივ მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის გადაეხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
2.3.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ა-–---------ი--“-მა ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა. მან მართალია ,ბ---–----ის ტერიტორიაზე დაამონტაჟა მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურები, მაგრამ ის არ იყო ლითონის კარკასისაგან დამზადებული, სახელდობრ, ნაცვლად ასეთი ტექნოლოგიისა, მან დაამონტაჟა ფიგურები, რომელიც დამზადებული იყო ე.წ. ,,არმატურის“ ღერძებზე სილიკონის რეზინის გადაკვრით. ფიგურებს არ აქვს ჩონჩხი, შესაბამისად ის არ წარმოადგენს ანტივანდალურს. ასეთი მეთოდით დამზადებული ფიგურების მოწყობა არაა ის, რაზეც მხარეები ხელშეკრულებით იყვენ შეთანხმებულნი. აქედან გამომდინარე მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური ფიგურების მიწოდების ვალდებულება მოსარჩელეს დარღვეული აქვს. შესაბამისად, ხელშეკრულება ამ ნაწილში ჯეროვნად შესრულებული არ აქვს.
2.3.4. სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ მოპასუხემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მოსარჩელისაგან მოეთხოვა სამუშაოების იმ ფორმით, სახით და ტექნოლოგიით შესრულება, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. ნარდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც მონარდეს აქვს ხელშეკრულების შესაბამისი შესრულების მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული (გარდა ანაზღაურებისა). თავის მხრივ შპს ,,ა-–---------ი--“ ვალდებული იყო ნაკისრი მოვალეობა შეესრულებინა ჯეროვნად. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას, უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება და პირიქით. მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ არ შეასრულა. ფიგურები დაამზადა და მოსარჩელეს მიაწოდა განსხვავებული პრინციპით, რაც ეწინააღმდეგება ნარდობის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების დარღვევას.
2.3.5. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ გამოხატა ხელშეკრულებიდან გასვლის ნება და მის საფუძველზე 2016 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულება შეწყვიტა. ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილი.
2.3.6. სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს: - ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
2.3.7. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის და ხელშეკრულებაზე უარის თქმისათვის აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს რამოდენიმე პირობა. კერძოდ: ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას; მას ვალდებულების შესრულებისათვის მეორე მხარის მიერ დაენიშნა დამატებითი ვადა; დანიშნული დამატებითი ვადა გავიდა უშედეგოდ. ჩამოთვლილი ყველა პირობა ერთად ქმნის საქ. სკ-ის 398-399-ე მუხლებით გათვალისწინებულ შედეგს, რომლის მიხედვითაც ვალდებულების შემსრულებელ მხარეს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ის, რაც მეორე მხარეს გადასცა ხელშეკრულების შესასრულებლად.
2.3.8. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა სადაო ურთიერთობა არაა ისეთი შემთხვევა, რომელზეც დამატებითი ვადის დანიშნვა არ იყოს საჭირო. საქმე ეხება ბ---–----ში ანიმაციური გმირების ფიგურების დამონტაჟებას. შესაბამისად, ის მოპასუხისათვის მნიშვნელოვანი იყო სახელშეკრულებო პერიოდშიც და მას შემდეგაც. წინამდებარე შემთხვევაში ფიგურების მიწოდება ხელშეკრულების მიხედვით უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 17 ივლისს. მართალია, საერთო ვადა 31 აგვისტოს სრულდებოდა, მაგრამ უშუალოდ მიწოდება უნდა დასრულებულიყო 17 ივლისს. მოსარჩელემ ამ ვადაში მიწოდება დაასრულა, მაგრამ მიწოდებული ფიგურები ვერ აკმაყოფილებდა სახელშეკრულებო პირობებს. მოსარჩელემ 20 ივლისს მოსთხოვა მიწოდების ხარვეზების გამოსწორება. ამდენად, მოპასუხემ დაიცვა საქ. სკ-ის 405-ე მუხლის პირობა და მოპასუხეს დამატებითი ვადა დაუწესა, მაგრამ მოსარჩელემ ამ ვადით არ ისარგებლა. უფრო მეტიც მან მოპასუხეს აცნობა, რომ ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად აქვს შესრულებული. მან არ გამოხატა ხარვეზების აღმოფხვრისა და ფიგურების შეცვლის მზადყოფნა. სწორედ ასეთი გარემოება მოპასუხეს ანიჭებს უფლებას ხელშეკრულებიდან გავიდეს ცალმხრივად.
2.3.9. აღნიშნულ გარემოებათა გათვალსწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარებს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება მოპასუხემ მოშალა მართლზომიერად, რაც ასევე გამორიცხავს ანაზღაურების ვალდებულებას. მოსარჩელემ მართლზომიერად არ მიიღო შესრულება და ამიტომაც მას მოსარჩელისათვის თანხა გადასახდელი არ აქვს. აღნიშნულის გამო სარჩელი სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ისე გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, რომ არ დაადგინა საქმეზე არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ: შემსრულებლის ვალდებულება იყო ფიგურები დაემზადებინა ტექნიკურ დავალებაში მითითებული პირობების მიხედვით და არა დამკვეთის ზეპირი ვარაუდის მიხედვით თუ როგორი უნდა ყოფილიყო ანტივანდალური ფიგურები ,,ჩონჩხი თუ კარკასი". შესაბამისად, შემსრულებელი ვერ გასცდებოდა ტექნიკური პირობებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შემსრულებელმა დაამზადა ანტივანდალური ფიგურები ისეთი როგორც ტექნიკურ პირობებში იყო მითითებული. აღნიშნულის დასადასტურებლად მათ საქმეს დაურთეს ექსპერტიზის დასკვნაც, სადაც განმარტებულია რომ მხატვრულ-ანიმაციური ფიგურები შეესაბამებოდა ტექნიკური პირობების მოთხოვნებს. მოპასუხე მხარემ კი მოითხოვა იმაზე მეტი, ვიდრე მითითებული იყო ტექნიკურ პირობებში და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში.
3.2. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები ურთიერთსაპირისპირო იყო. მართალია, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებში მითითებულია, რომ მათ არ ჰყავდათ შესაბამისი სპეციალისტი, რომ ზუსტად განესაზღვრათ თუ რისგან არის დამზადებული მხატვრულ-ანიმაციური ფიგურები, თუმცა სასამართლოს უდავოდ გააჩნდა მოსარჩელის მიერ წარდენილი შპს ,,ვ--------ის“ დასკვნა, რომელიც ცალსახად მიუთითებდა, რომ მხატვრულ-ანიმაციური ფიგურები შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ამდენად, ,,ვ--------ის“ დასკვნის საპირისპირო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. სასამართლომ მოსარჩელეს დამატებით მოსთხოვა მტკიცებულების წარმოდგენა, რითაც დაირღვა შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობის და მხარეთა თანასწორობის პრინციპი.
3.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ მხატვრულ-ანიმაციური ფიგურები უნდა ყოფილიყო ანტივანდალური, ლითონის კარკასისგან დამზადებული. შესყიდვების ობიექტის ტექნიკური პირობები ამგვარ დათქმას არ ითვალისწინებდა. სასამართლოს მხრიდან ტექნიკური პირობების ამგვარი შეფასება წინააღმდეგობაში მოდის მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებასთან. შესყიდვების ობიექტის ტექნიკურ პირობებში ცალსახად და მკაფიოდ წერია, რომ ფიგურების კარკასი დამზადებული უნდა იყოს ლითონის მასალისაგან ზედაპირი დაფარული სილიკონის რეზინისაგან. ასეთ დროს ექსპერტიზის დასკვნა რომ არც ყოფილიყო სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, რადგან შემსრულებელმა ზუსტად ამგვარად დამზადებული მხატვრულ-ანიმაციური ფიგურები ჩააბარა დამკვეთს.
3.4. სასამართლომ ადგილზე დათვალიერების ოქმით არასწორად დაადგინა თითქოს მხატვრულ-ანიმაციური ფიგურები დამზადებული იყო არმატურისგან. სასამართლოს ეს დასკვნა არასწორია იმ ფონზე, როდესაც ექსპერტიზამაც კი ვერ გასცა პასუხი, თუ რისგან იყო ფიგურები დამზადებული.
3.5. სასამართლომ არ შეაფასა მოპასუხე მხარის არაერთგვაროვანი პასუხები. იგი ერთ შემთხვევაში აცხადებდა, რომ მიღებული ფიგურები დამონტაჟებიდან პირველივე დღეს დაზიანდა, ხოლო მეორე შემთხვევაში მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ ფიგურები დამონტაჟებიდან რამდენიმე დღეში დაზიანდა, რი გამოც მოაწერეს ხელი ანგარიშ-ფაქტურას ,რომ ფიგურები მიღებიდან იმავე დღეს არ იყო დაზიანებული.
3.6. სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2016 წლის 18 ივლისის დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურით ეა-70 38 42 656 დასტურდებოდა, რომ დამკვეთმა, ანუ შემსყიდველმა მიიღო მიმწოდებლისაგან 2016 წლის 08 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2/16 ხელშეკრულების საფუძველზე დამზადებული საქონელი. აღნიშნულით ცალსახად დასტურდება ის გარემოება, რომ დამკვეთმა მიიღო წუნის გარეშე საქონელი, რასაც ადასტურებს მოპასუხე თავის შესაგებელშიც. მოპასუხე აცხადებს, რომ ფიგურები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში იქნა მიწოდებული და მიღებამდე მათ მიერ დათვალიერებული იქნა მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურები. შესაბამისად მოპასუხის მითითება სხდომაზე, რომ ფიგურები იმავე დღეს დაზიანდა წინააღმდეგობაში მოდის მის შესაგებელში მითითებულ გარემოებასთან.
3.7. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ შემოწმების დამადასტურებელი (უსაფრთხოების) სერტიფიკატით და ხარისხის შემოწმების სერტიფიკატით მხატვრულ-ანიმაციური ფიგურები სრულად აკმაყოფილებდა ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს და ხარისხის მართვის სისტემით გათვალისწინებულ საერთაშორისო მოთხოვნებს, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3.8. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოპასუხემ ერთ შემთხვევაში განაცხადა, რომ სსიპ ,,ბ------ის ბ---–----ის“ ინსპექტირების ჯგუფის 18.07.16წ. მოხსენებითი ბარათით გაიგეს, რომ საქონელი არ შეესაბამებოდა ტექნიკურ პირობებს, ხოლო თავის შესაგებელში მიუთითებს, რომ ფიგურები დამონტაჟებიდან 1 საათის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ფიგურები არ შეესაბამებოდა ტექნიკური პირობების მოთხოვნებს. თუ ეს მართლა ასე იყო, რას ელოდებოდა მხარე 3 დღე, რატომ დაადასტურა ანგარიშ-ფაქტურა და რატომ აღიარა ვალი, მოგვიანებით მიუთითა ადგილი სად უნდა დამონტაჟებულიყო ეს ფიგურები, დაესწრო მის მიღებას, მიიღო წუნის გარეშე, ხოლო სამი დღის შემდეგ დაადასტურა ანგარიშ-ფაქტურა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქონელი მიიღო ნაკლის გარეშე. ამის შემდეგ ნაკეთობა შესყიდველის დაუდევრობით დაზიანდა, რის შემდეგაც გამოთქვა პრეტენზია ტექნიკურ ნაკლზე, რომ აეცილებია ფინანსური პასუხისმგებლობა.
3.9. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე, 629-ე მუხლები. ასევე არ გამოიყენა სსკ-ის 636-ე, 648-ე და 649-ე მუხლები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1.ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, მოცემული გადაწყვეტილების 2.1.1-2.1.3; 2.1.5-2.1.6; 2.2.1-2.2.13 პუნქტებში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს, ასეთზე გამოთქმულ შეფასებებს და დამატებით ადგენს:
4.1.1. 2016 წლის 08 აპრილს სსიპ ,,ბ------ის ბ---–----ი“-ს (შემსყიდველი) და შპს ,,ა-–---------ი--“-ს (მიმწოდებელი) შორის დაიდო №---- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად:
პუნქტი--.1 - ხელშეკრულების საგანი იყო სხვადასხვა მხატვრულ ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური ფიგურების შესყიდვა-მონტაჟით სახელმწიფო შესყიდვა;
პუნქტი--.3 - მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 69140.00 ლარს;
პუნქტი 5.5 - მიმწოდებელი ვალდებული იყო გადაეცა შემსყიდველისათვის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი;
(იხ. ხელშეკრულება, ტომი---ლი, ს.ფ 23-34).
4.1.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 20 ივლისის №01-11/532 წერილით სსიპ ,,ბ------ი ბ---–----ი“-ს დირექტორმა მიმართა შპს ,,ა-–---------ი-1“-ის დირექტორს, სადაც მიუთითა, რომ შესრულებული სამუშაო არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, რის გამოც ვერ მოხდებოდა მისი მიღება.
(იხ. წერილი, ტომი---ლი, ს.ფ 91-92).
4.1.3. დადგენილია, რომ შპს ,,ა-–---------ი-1“-ის დირექტორმა 2016 წლის 27 ივლისის წერილით მიმართა სსიპ ,,ბ------ი ბ---–----ი“-ს დირექტორს, სადაც აღნიშნა, რომ მათ მიერ საქონელი მიწოდებული იქნა ხელშეკრულებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემებით, რის გამოც ითხოვა მისი მიღება.
(იხ. წერილი, ტომი---ლი, ს.ფ 37-39).
4.1.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 15 აგვისტოს №01-11/627 წერილით სსიპ ,,ბ------ი“-ს ბ---–----ი“-ს დირექტორმა მიმართა შპს ,,ა-–---------ი-1“-ის დირექტორს, სადაც მიუთითა, რომ შეწყეტილი იქნა მათ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, მისი პირობების არაჯეროვნად შესრულების გამო.
(იხ. წერილი, ტომი---ლი, ს.ფ 93-94).
4.1.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით განსახილველ საქმეზე დაინიშნა დამატებითი ექსპერტიზა. ექსპერტის წინაშე დაისვა შემდეგი გამოსაკვლევი კითხვები:
ა) რა მასალისაგან იყო დამზადებული მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური ფიგურები, სახელდობრ მათი კარკასი დამზადებული იყო თუ არა ლითონის მასალისაგან?
ბ) შეესაბამებოდა თუ არა შპს ,,ა-–---------ი-1“ს მიერ მოწოდებული საქონელი 2016 წლის 08 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №---- ხელშეკრულება №1-შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სახელდობრ ფიგურების კარკასი (ჩონჩხი) უზრუნველყოფდა თუ არა მის მედეგობას? უარყოფით შემთხვევაში როგორი კონსტრუქციით უნდა აწყობილიყო ფიგურების კარკასი, რომ მას მინიჭებოდა გამძლეობის მაღალი(ანტივანდალური) ხარისხი?
გ) 2016 წლის 08 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №---- ხელშეკრულების №1-შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პირობების შესაბამისად რა მასალა უნდა ყოფილიყო გამოყენებული ანტივანდალური მხატვრულ-ანიმაციური ფიგურების დასამზადებლად და რა მასალისაგან იყო დამზადებული შპს ,,ა-–---------ის“ მიერ მოწოდებული საქონელი?
დ) რამ გამოიწვია (განაპირობა) ანტივანდალური მხატვრულ-ანიმაციური ფიგურების მონტაჟიდან 3 დღეში დაზიანება?
ე) ანტივანდალური მხატვრულ-ანიმაციური ფიგურების დასამზადებლად სპანდექს ღრუბლის გამოყენებამ ხომ არ გახადა ეს ფიგურები ადვილად დაზიანებადი?
ვ) შპს ,,ა-–---------ის“ მიერ სსიპ ,,ბ------ის ბ---–----ისათვის“ მოწოდებული საქონელი იყო თუ არა ანტივანდალური, ბავშვების თამაშის დროს დაზიანებამედეგი ?
ზ) ანტივანდალური მხატვრულ-ანიმაციური ფიგურების აღსადგენად და 2016 წლის 08 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №---- ხელშეკრულება №1-შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად რა სახისა და ღირებულების სამუშაო იყო ჩასატარებელი?
(იხ. განჩინება, ტომი 2, ს/ფ 180-188).
4.1.6. 2018 წლის 01 ოქტომბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №--------- დასკვნის თანახმად:
ა) მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური ფიგურების კარკასი დამზადებულია ლითონის d-14მმ. და d-22მმ. სისქის (გარე დიამეტრი) მილებისაგან, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია d-4მმ. და d-6მმ. დიამეტრის მქონე A-I კლასის გლინულა მავთულისაგან და d-14მმ. მილისაგან, ასევე ზოგიერთ ადგილას კავშირის გასაძლიერებლად და სიხისტის მისანიჭებლად გამოყენებულია ლითონის ფურცელი;
ბ) შპს ,,ა-–---------ი-1“-ს მიერ მოწოდებული საქონელი ნაწილობრივ შეესაბამება 2016 წლის 08 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №---- ხელშეკრულება №1-შესყიდვების ობიექტის ტექნიკური პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სახელდობრ ფიგურების კარკასი (ჩონჩხი) ვერ უზრუნველყოფს მის მედეგობას. ანტივანდალური ფიგურების დამზადებისას კარკასის ფორმა უნდა იყოს მაქსიმალურად ხისტი და მიახლოებული ფიგურის ფორმასთან შემდგომი სილიკონის რეზინის გადაკვრით;
გ) 2016 წლის 08 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №---- ხელშეკრულება №1-შესყიდვების ობიექტის ტექნიკური პირობების (იხ. ტომი--, ფ. 29-32, დანართი №1) შესაბამისად, ანტივანდალური მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურების კარკასი დამზადებული უნდა იყოს ლითონის მასალისაგან, ზედაპირი დაფარული სილიკონის რეზინით. შპს ,,ა-–---------ი-1“-ს მიერ მიწოდებული საქონელი (მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურები) დამზადებულია ლითონის კარკასისაგან (ჩონჩხი), რომელზეც მოწყობილია სპანდექს ღრუბელი ფიგურების მოცულობითი ფორმის მისაღებად და შემდეგ მიღებული მოცულობითი ფორმა დაფარულია ე.წ. სილიკონის რეზინით, შემდგომი მოხატვით;
დ) ანტივანდალური მხატვრულ-ანიმაციური ფიგურების მონტაჟიდან 3 დღეში დაზიანება გამოწვეულია ამ ფიგურების კონსტრუქციული და ტექნოლოგიური ნაკლოვანებებით;
ე) ანტივანდალური მხატვრულ-ანიმაციური ფიგურების დასამზადებლად სპანდექს ღრუბლის დიდი რაოდენობით გამოყენებამ და კონსტრუქციული ნაკლოვანებებით დამზადებულმა ლითონის კარკასმა (ჩონჩხი) ერთობლივად, ეს ფიგურები გახადა ადვილად დაზიანებადი;
ვ) შპს ,,ა-–---------ი-1“-ს მიერ სსიპ ,,ბ------ის ბ---–----ი“-სათვის მიწოდებული საქონელი არ იყო ანტივანდალური, არ იყო ბავშვების თამაშის დროს დაზიანებამედეგი;
ზ) დღეს არსებული რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ანტივანდალური მხატვრულ-ანიმაციური ფიგურების აღდგენა ექსპერტს არარენტაბელურად მიაჩნია.
(იხ. ექსპერტის დასკვნა, ტომი მე-2, ს.ფ 194-205).
4.1.7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გამოკითხული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსერტ კ------- კ----–-ს ახსნა-განმარტებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ფიგურების ჩონჩხი არ იყო სრულყოფილი, რადგან ვერ უზრუნველყოფდა მის ანტივანდალურობას. ,,ჩონჩხი“ რომ სრულყოფილი ყოფილიყო, მაშინ ეს შედეგი არ დადგებოდა. ანტივანდალურობა დამოკიდებულია არა მხოლოდ გარეშეფუთვაზე, არამედ, არმატურის ხარისხზე. წარმოდგენილი არმატურა არ იყო იმ ხარისხის, რომ ანტივანდალურობა დაეკმაყოფილებინა, ანტივანდალური ფიგურებისათვის გამოყენებული კარკასები არ აკმაყოფილებდა მისი ანტივანდალურობისათვის დამაკმაყოფილებელ პირობას. ფიგურებს არ გააჩნია ღირებულება, რადგან მათი აღდგენა შეუძლებელია. (იხ. ექსპერტის ახსნა-განმარტება, 18.03.2019წ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 15:07- 15:18 სთ).
4.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Vან დე Hურკ ვ. Nეტჰერლანდს, პარ.61, Gარცია ღუიზ ვ. შპაინ [Gჩ] პარ.26; ჟაჰნკე ანდ Lენობლე ვ Fრანცე (დეც.); Pერეზ ვ Fრანცე [Gჩ], პარ. 81); Bოლდეა ვ. ღომანია, პარ. 30).
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება განსახილველ სარჩელთან მიმართებაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მოცემული გადაწყვეტილების 2.3.1-2.3.9 პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით განმარტავს:
4.2.1. მხარეთა შორის სამართლებრივი ურთერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მენარდე ითხოვს მის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას. ეს მოთხოვნა სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) გამომდინარეობს. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა ჯეროვნად.
4.2.2. მხარეთა შორის დადებული №---- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანი იყო სხვადასხვა მხატვრულ ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური ფიგურების შესყიდვა-მონტაჟით სახელმწიფო შესყიდვა; მიმწოდებელი ვალდებული იყო გადაეცა შემსყიდველისათვის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი;
4.2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
4.2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა.
4.2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
4.2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
4.2.7. მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის საფუძველზე იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება, რომლებზეც მხარეები თავის პოზიციას აფუძნებენ, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ ას-233-221-17).
4.2.8. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით, ექსპერტიზის დასკვნით, თავად ექპერტის ახსნა-განმარტებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,ა-–---------ი--“-მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო არაჯეროვნად შეასრულა, რადგან მის მიერ დამზადებული ნაკეთობა იყო ნივთობრივად ნაკლის მქონე, ფაქტიურად უვარგისი, რასაც ნათლად ცხადჰყოფს ის, რომ ფიგურები უვარგისი გახდა რამოდენიმე დღეში, რადგან დაზიანება გამოწვეული იქნა ამ ფიგურების კონსტრუქციული და ტექნოლოგიური ნაკლოვანებებით, კერძოდ, სპანდექს ღრუბლის დიდი რაოდენობით გამოყენებამ და კონსტრუქციული ნაკლოვანებებით დამზადებულმა ლითონის კარკასმა (ჩონჩხი) ერთობლივად, ეს ფიგურები გახადა ადვილად დაზიანებადი. ამდენად, ანტივანდალური ფიგურებისათვის გამოყენებული კარკასები არ აკმაყოფილბდა მისი ანტივანდალურობისათვის დამაკმაყოფილებელ პირობას. ხელშეკრულების საგანი კი სწორედ სხვადასხვა მხატვრულ ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური - ბავშვების თამაშის დროს დაზიანებამედეგი ფიგურების შესყიდვა-მონტაჟი იყო, რომლის ფარგლებში მიმწოდებელი ვალდებული იყო გადაეცა შემსყიდველისათვის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებას - ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში დადგენილი იქნა შესრულების ნაკლი, აპელანტი ვერ აქარწყლებს ვერანაირი მტკიცებულებით, რაც გამორიცხავს ნაკეთობის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით შესრულების თაობაზე მისი მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას.
4.2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.
4.2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
4.2.11. აღნიშნული ნორმა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების წინაპირობად დამატებითი ვადის დაწესებას განიხილავს. ბუნებრივია, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც იწვევს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ანულირებას, არ შეიძლება განხორციელდეს მოვალისათვის ხელმეორედ შესაძლებლობის მიცემის გარეშე. თუმცა, დამატებითი ვადა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ შესასრულებელი ვალდებულების თავისებურებიდან, არამედ მხედველობაშია მისაღები ასევე კრედიტორის ინტერესები. დამატებითი ვადის დაწესება აზრს კარგავს, როდესაც აშკარაა, რომ ამ პირობებშიც კრედიტორისათვის ხელსაყრელი შედეგების მიღწევა შეუძლებელია (იხ. სუსგ 26/07/2017წ. №ას-650-616-2015 გადაწყვეტილება).
4.2.12. მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთმა დაიცვა გაფრთხილების ვალდებულება, თუმცა მენარდემ ფაქტიურად უარი განაცხადა ნაკლის გამოსწორებაზე, რადგან მიიჩნია, რომ ნაკეთობა ნაკლის მქონე არ იყო, რაც ცხადია შემკვეთს აძლევდა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. ვინაიდან, დადგენილია, რომ დამზადებული ნაკეთობა უვარგისია და შესაბამისად, ფიგურებს უხარისხობის გამო ღირებულება არ გააჩნია, მათი აღდგენა შეუძლებელია,პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,ა-–---------ი--“-ს არ ეკუთვნის არანაირი ხარჯის ანაზღაურება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და სწორად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.
4.2.13.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, შესაბამისად ეს გარემოება გამორიცხავს შპს ,,ა-–---------ი--“-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
4.2.14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.2.15. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შპს ,,ა-–---------ი--“-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლოს დასკვნა
5.1. სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
6.2. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის შპს ,,ა-–---------ი--“-ის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2766 (ორი ათას შვიდასსამოცდაექვსი) ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ა-–---------ი--“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე
(თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თამარ სვანიძე
ლაურა მიქავა