განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/485-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ლ-–----------–--ის,მსჯავრდებულ - ა-–-------------–---–ის მონაწილეობით,ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–----------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ა-–----------------------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ-------–-----------------------–-------------------------------------------------–-------ბი: ქ-------–-----------------------–-----------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბარლდების მიხედვით:
ა-–-------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით;
მანვე ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2----–-–--------------------–-------------------------------–--–--------------------–--–---------ში, მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა ამოსასვლელის მიმდებარედ განთავსებულ სავალუტო გადამცვლელ პუნქტსა და ლომბარდში, ა-–-------------–---–ი თავს დაესხა აღნიშნული ლომბარდისა და სავალუტო გადამცვლელი პუნქტის მესაკუთრეს - ტ------–--–---–---ძეს და დანის გამოყენებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცა თანხა 1200 ლარის ოდენობით.
2014 წლის 5 მარტს, ტ------–--–---–---ძეზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შემდგომ, რაც დარწმუნდა, რომ ეს უკანასკნელი მომხდარის თაობაზე პოლიციაში განცხადებას არ აპირებდა, ა-–-------------–---–მა გადაწყვიტა, ტ------–--–---–---ძისათვის გამოეძალა თანხა. ამ მიზნით მივიდა მის სახლთან, კერძოდ: ქ. თ---–---------------–---–------------------------ს სადარბაზოსთან, სადაც შეხვდა ტ------–--–---–---ძეს და დანის მუქარით დაუწყო თანხის გამოძალვა. როდესაც შეიტყო, რომ თანხას ტ------–--–----–---ძე ინახავდა ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, სადაც ასევე განთავსებული აქვს ლომბარდი, მოსთხოვა, რომ წასულიყვნენ და მიეცა თანხა. მუქარით შეშინებული ტ------–--–---–---ძე, ა-–-------------–---–თან ერთად, გაემართა ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №------ში, მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა ამოსასვლელის მიმდებარედ განთავსებულ, სავალუტო გადამცვლელ პუნქტში, სადაც ასევე განთავსებულია მისი ლომბარდი და გადასცა თანხა 900 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შემდგომ, ა-–-------------–---–მა გადაწყვიტა, რომ სისტემატურად გამოეძალა თანხები ტ------–--–---–---ძისთვის. ამ მიზნით, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და ნივთის განადგურების მუქარით დაუწესა ყოველდღიური გადასახადი 15 ლარის ოდენობით, აგრეთვე სძალავდა ბინის ქირის თანხას, ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, აგრეთვე აიძულებდა გადაეხადა კომუნალური გადასახადები და გარდა ამისა, სძალავდა სხვადასხვა რაოდენობით თანხებს, სხვადასხვა საჭიროებებისათვის. აღნიშნული ქმედებები გაგრძელდა 2018 წლის 9 ნოემბრამდე, რა პერიოდშიც, ა-–-------------–---–მა დაზარალებულს გამოსძალა დიდი ოდენობით ქონება, კერძოდ, 180 000 ლარის ოდენობით თანხა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენით:
ა-–-------------–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;
ა-–-------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით.
ა-–-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 09 ნოემბრიდან.
ა-–-------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა, რომ ა-–-------------–---–მა გადაწყვიტა, ტ------–--–---–---ძისათვის გამოეძალა თანხა. ამ მიზნით მივიდა მის სახლთან, კერძოდ: ქ. თ---–---------------–---–------------------------ს სადარბაზოსთან, სადაც შეხვდა ტ------–--–---–---ძეს და დანის მუქარით დაუწყო თანხის გამოძალვა. როდესაც შეიტყო, რომ თანხას ტ------–--–----–---ძე ინახავდა ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, სადაც ასევე განთავსებული აქვს ლომბარდი, მოსთხოვა, რომ წასულიყვნენ და მიეცა თანხა. მუქარით შეშინებული ტ------–--–---–---ძე, ა-–-------------–---–თან ერთად, გაემართა ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №------ში, მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა ამოსასვლელის მიმდებარედ განთავსებულ, სავალუტო გადამცვლელ პუნქტში, სადაც ასევე განთავსებულია მისი ლომბარდი და გადასცა თანხა 900 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შემდგომ ა-–-------------–---–მა გადაწყვიტა, რომ სისტემატურად გამოეძალა თანხები ტ------–--–---–---ძისთვის. ამ მიზნით დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და ნივთის განადგურების მუქარით დაუწესა ყოველდღიური გადასახადი 15 ლარის ოდენობით, აგრეთვე სძალავდა ბინის ქირის თანხას, ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, აგრეთვე აიძულებდა გადაეხადა კომუნალური გადასახადები და გარდა ამისა, სძალავდა სხვადასხვა რაოდენობით თანხებს, სხვადასხვა საჭიროებებისათვის. აღნიშნული ქმედებები გაგრძელდა 2018 წლის 9 ნოემბრამდე, რა პერიოდშიც, ა-–-------------–---–მა დაზარალებულს გამოსძალა დიდი ოდენობით ქონება, კერძოდ, 180 000 ლარის ოდენობით თანხა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-–----------–--ემ. ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ა-–-------------–---–ის გამართლების ნაწილში და მისი მიმართ სრულად გამამტყუნებებლი განაჩენის დადგენა. ასევე, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტის მითითებით, სასამართლო განხილვისას ბრალდების მხარის მიერ დაკითხული იქნა დაზარალებული, რომელმაც დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერა ბრალდებულის მიერ მის მიმართ განხორციელებული ყაჩაღობის ფაქტი; ასევე, საქმეში წარმოდგენილია ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები და სხვა მასალები, რაც საკმარისია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. პროკურორი მიიჩნევს, რომ ფარული ჩანაწერების ის ნაწილი, სადაც ა-–-------------–---–ი ემუქრება დაზარალებულ ტ------–--–---–---ძეს სიტყვებით: „კაროჩე იარაღით უნდა გსდიოს კაცმა რა და მაშინ 500-ებს აძლევ“..., „უნდა დავიწყო მოსვლა ისევ 500 ლარებზე და 300 ლარებზე“, ადასტურებს, რომ წარსულში მისი მხრიდან იარაღის მუქარით თანხების ტ------–--–---–---ძისაგან დაუფლების ფაქტს ხშირად ჰქონდა ადგილი. აღნიშნული კი თანხვედრაშია დაზარალებულის ჩვენებასთან, სადაც მან მიუთითა, რომ 2014 წლის 5 მარტს, ა-–-------------–---–მა ყაჩაღური თავდასხმით გასტაცა 1200 ლარი ლომბარდის სეიფიდან, ასევე 2018 წლის 24 ივნისს დანის გამოყენებით გამოსძალა 900 ლარი. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი აშკარა, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებები ქმნიან გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ ერთობლიობას, ყველა წარდგენილ ბრალდებაში ა-–-------------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის.
ბრალდების მხარე ასევე მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ა-–-------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის დადასტურებისათვის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, თუმცა მას დაუნიშნა შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელი. მსჯავრდებული წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი სხვადასხვა კატეგორიის და ხასიათის დანაშაულის ჩადენისათვის, მის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან არაერთხელ იქნა გამოყენებული კანონით გათვალისწინებული შეღავათი, თუმცა აღნიშნულით ვერ მოხდა მისი რესოციალიზაცია. მან პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა კვლავ ჩაიდინა განზრახი ხასიათის დანაშაული, რაც წლების განმავლობაში გრძლედებოდა. ამდენად, აპელანტი ითხოვს, რომ ა-–-------------–---–ის მიმართ გამოყენებული იქნას უფრო მკაცრი და ადეკვატური სასჯელი
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა ა-–-------------–---–მა ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ა-–-------------–---–ის გამართლების, ხოლო საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მსუბუქი სასჯელის დანიშვნის ფარგლებში. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ გამოძალვის ჩადენაში ა-–-------------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არის კანონიერი და დასაბუთებული. ა-–-------------–---–ის მიერ გამოძალვის ჩადენის ფაქტი, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, დადასტურებულია ასევე მოწმე ნ-----–-----------ს ჩვენებით; ლომბარდიდან ამოღებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერებით; ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით; ფულადი თანხის მიღება-ჩაბარების ოქმით და ა-–-------------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმით. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი ზემოთაღნიშნული მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. ამასთან, აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები და დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები არც მსჯავრდებულს გაუხდია სადავოდ.
რაც შეეხება ა-–-------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შესაძლო ჩადენას, პალატა პირველ რიგში წარმოაჩენს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა მხარეთა მიერ ყაჩაღობის ბრალდების დადასტურების ან უარყოფის მიზნით, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ტ------–--–---–---ძემ განაცხადა, რომ ა-–-------------–---–ს იცნობს დაახლოებით 1988 წლიდან. ისინი შორეული ნათესავები არიან და 2013 წლამდე ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა. მეგობრობდნენ თავადაც და მათი მეუღლეებიც. 2013 წელს ა-–-------------–---–ს ასესხა 2000 აშშ დოლარი და იმ პირობით, რომ ვალს პერიოდულად დაუბრუნებდა, თუმცა ა-–----ამ მხოლოდ ერთ თვეს გადაუხადა თანხის ნაწილი. ამის შემდეგ ა-–-------------–---–მა მეუღლის მკურნალობისთვის მოსთხოვა თანხა, რაზედაც უარი უთხრა, თუმცა ა-–----ა მისგან აგრესიულად და მუქარის ტონით ითხოვდა ფულის გადაცემა, რის შემდეგაც დათანხმდა. 2014 წლის 5 მარტს კვლავ დაუკავშირდა ა-–-------------–---–ი და სთხოვა შეხვედრა. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ მის (ტ------–--–---–---ძის) სამუშაო ადგილას, სადაც შენობაში შესვლის შემდეგ, ა-–-------------–---–მა ყელზე მიადო დანა და უთხრა - „თუ ფულს არ მომცემ, ჩემი მშობლებიც რომ გაცოცხლდნენ, მაინც აქვე დაგკლავო“. მან (ტ------–--–---–---ძემ) სამსახურის სეიფიდან ამოიღო 1200 ლარი და გადასცა ა-–-------------–---–ს, რომელიც აღელდა და შეპირდა, რომ ამ თანხას დაუბრუნებდა, თუმცა არ დაუბრუნებია. ამის შემდეგ ა-–-------------–---–ს ყოველდღურად აძლევდა 10-15 ლარს, რასაც აკეთებდა შიშის ფაქტორის გამო. თუ ფულს არ მისცემდა, ა-–----ა ემუქრებოდა - „დაგჭრი, ნაწლავებს დაგაყრევინებ, არავის გაგიხარებ გარშემო“, „აგჩეხავ, აგკუწავ“. ასევე ეუბნებოდა, რომ თუ პოლიციაში წავიდოდა და დააჭერინებდა მის თავს, მისი სანაცნობო ცოცხალს მაინც არ დატოვებდა. იგი სისტემატურად ართმევდა ფულს სხვადასხვა ოდენობით: ხან 20, ხან 30, ხან - 300 ლარს სხვადასხვა საჭიროებებისათვის, ძირითადად კი აზარტულ თამაშებში წაგებული თანხის გადასახდელად. უხდიდა კომუნალურ გადასახადებსაც და ბინის ქირასაც. ასევე მოგვიანებით ადგილი ჰქონდა ა-–-------------–---–ის მხრიდან მისთვის თანხის გამოძალვას დანის მუქარითაც, რის შემდეგაც 900 ლარი გადასცა. მისთვის გადახდილი აქვს გირაოს თანხაც 5000 ლარის ოდენობით. დაზარალებულის განმარტებით, წლების განმავლობაში მას საერთო ჯამში ა-–-------------–---–ისათვის დაახლოებით 180 000 ლარი აქვს მიცემული.
ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული, 2018 წლის 29 ოქტომბრის და 9 ნოემბრის ვიდეო-აუდიოჩანაწერებითა და მათი კრებსითი ამონაწერებით დადგენილია, რომ ტ------–--–---–---ძე აჩვენებს ა-–-------------–---–ს თაბახის ფურცელზე აღრიცხულ მისთვის მიცემულ თანხებს, რასაც ა-–-------------–---–იც ადასტურებს - „რათ მინდა, მე არ ვიცი რომ მაქვს აღებული?“. ამასთან, ტ------–--–---–---ძის ბინის ქირის გადაუხდელობით გაღიზიანებული ა-–-------------–---–ი ემუქრება დაზარალებულს შემდეგი სიტყვებით - „... მკიდია მილიცია, პოლიცია, ყველას....აი შენ თუ ნაწლავები არ დაგაყრევინო, თუ დანა არ ამოგცხო... ციხეში ისე არ წავალ უშენოდ. შენი გულიზა წავალ“...”. ტ------–--–---–---ძის კითხვაზე, თუ რაში ეკუთვნის ფული, ა-–-------------–---–ი პასუხობს: „თუ არ მეკუთვნის ნახავ, თუ არ აგთალო“... „მეკუთვნის, მე შენ გაჩვენებ. თუ არ მეკუთვნის, მაშინ შენი ნაწლავები მეკუთვნის და აქ უნდა დავყარო... არ დამყრელის...“. ტ------–--–---–---ძის თხოვნაზე - თავი დაანებოს და წავიდეს, ა-–-------------–---–ი პასუხობს, რომ თავს არ დაანებებს: „შენ ნახე აქ რაები გავაკეთო, თუ არ აგაფეთქო“. ბრალდებული ემუქრება დაზარალებულს, რომ ვერ გამოვა ლომბარდიდან და თუ გამოვა, ნახავს - „თუ ხანჯალი არ გატაკო მუცელში“. ასევე, ა-–-------------–---–ი ადასტურებს წარსულში ტ------–--–---–---ძისათვის ფულადი თანხების გამოძალვის ფაქტს, კერძოდ, იგი აცხადებს: - „15 ლარზე დაიწყო, რომ აღარ მოვდივარ 500 ლარი და 300 ლარი მომეცი, ლარს რომ არ ვითხოვ ზედმეტს... უკვე 15 ლარზე დაიწყო აქა და ბინის ქირაზე. კარგი არაუშავს. მე მივხვდი, მე ვიცი. შენ უნდა, კაროჩე როგორ იცი? კაროჩე იარაღით უნდა გსდიოს კაცმა რა და მაშინ 500 - ებს აძლევ“... „უნდა დავიწყო მოსვლა ისევ 500 ლარებზე და 300 ლარებზე... მერე მეტყვი რატომ აკეთებო“.
ბრალდებულმა ა-–-------------–---–მა ყაჩაღობის ეპიზოდში თავი დამნაშავედ არ ცნო და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ ტ------–--–---–---ძეს იცნობს დაახლოებით 25 წელია და მასთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. როდესაც მატერიალურად ძალიან გაუჭირდა, ტ------–- მუდმივად ეხმარებოდა. ტ------–--–---–---ძის მიმართ ყაჩაღობა არ ჩაუდენია, დანა თან არასდროს უტარებია. ტ------–--ან როდესაც მისულა, თხოვნის საფუძველზე თანხა ყოველთვის მიუცია, მასთან ურთიერთობაში დანის გამოყენება არც სჭირდებოდა. როგორც ძმას, დაზარალებული ისე ედგა გვერდით და ეხმარებოდა, უხდიდა ბინის ქირას, კომუნალური გადასახადებს და სხვადასხვა საჭიროებებისათვის განკუთვნილ ფულად თანხებს. ა-–-------------–---–მა ასევე დაადასტურა, რომ 2018 წელს ტ------–--------–---–მა მას გადაუხადა გირაოს თანხა 5000 ლარის ოდენობით. დაახლოებით სამი წლის განმავლობაში, დაზარალებულს მისვთის გადახდილი ექნება დაახლოებით 30 000 ლარი. ა-–-------------–---–ის განმარტებით, დაზარალებულს არასდროს დამუქრებია, ის ყოველთვის ნებაყოფლობით უხდიდა თანხებს, ბინაც საკუთარი ინიციატივით უქირავა, ვინაიდან ცუდად იყო და საკვების ფული - 15 ლარიც თვითონ განუსაზღვრა ყოველდღიურად. ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერში ასახული ფაქტი, სადაც იგი აგრესიულად მიმართავს დაზარალებულს, გამოწვეულია მისი ფეთქებადი ხასიათით და მიზნად არ ისახავდა დაზარალებულის დაშინებას. თავს დამნაშავედ ცნობს იმაში, რომ ამდენი წელი ტ------–--–---–---ძის ხარჯზე არ უნდა ეცხოვრა და ათასობით თანხები მისთვის არ უნდა გამოერთმია.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე–31 მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს და განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდეგილ ბრალდებაში ა-–-------------–---–ის დამნაშავედ ცნობის ნაწილში ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ დაზარალებულ ტ------–--–---–---ძის ჩვენება. ამ უკანასკნელის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას პალატა სრულად იზიარებს, როგორც სარწმუნოს და დამაჯერებელს. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, კანონმდებლის უალტერნატივო მოთხოვნაა, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ა-–-------------–---–ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული არცერთი სხვა მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არ მიუთითებს, რომ 2014 წლის 5 მარტს, ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილი №------ში ტ------–--–---–---ძეს თავს დაესხა დანით შეიარაღებული ა-–-------------–---–ი და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცა თანხა 1200 ლარის ოდენობით.
პროკურორი სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ დაზარალებულის ჩვენებას ა-–-------------–---–ის მიერ მისი დაყაჩაღების ფაქტზე ამყარებს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები, სადაც ა-–-------------–---–ი ტ------–--–---–---ძეს ეუბნება: - „კაროჩე იარაღით უნდა გსდიოს კაცმა რა, და მაშინ 500-ებს აძლევ“..., „უნდა დავიწყო მოსვლა ისევ 500 ლარებზე და 300 ლარებზე“. სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის აღნიშნულ მსჯელობას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ა-–-------------–---–ის მუქარა ტ------–--–---–---ძის მიმართ იარაღის გამოყენებაზე მიმართულია მომავლისკენ; ხოლო მის მიერ წარმოთქმული სიტყვები, რომლის თანახმადაც, იარაღით დევნის შემთხვევაში დაზარალებული 500 ლარებს იძლევა, არ არის ისეთი ინფორმაციის მატარებელი, რომ იგი დაკავშირებული იქნას უშუალოდ 2014 წლის 5 მარტს ტ------–--–---–---ძისათვის ყაჩაღური თავდასხმის შედეგად 1200 ლარის დაუფლების ფაქტთან. ზემოაღნიშნული საუბრით ვლინდება მხოლოდ ა-–-------------–---–ის მიერ ტ------–--–---–---ძისათვის მუქარის საფუძველზე თანხის მოთხოვნის ფაქტი; ასევე დასტურდება, რომ ანალოგიურ შემთხვევებს წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი, თუმცა აღნიშნულმა ქმედებებმა ასახვა ჰპოვეს ა-–-------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდეგნილ ბრალდებაში. რაც შეეხება მის მიერ ყაჩაღობის ჩადენას, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე ვერ იქნება უზრუნველყოფილი უტყუარობის მაღალი კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტი, რაც გულისხმობს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას რამდენიმე პირდაპირი, სარწმუნო მტკიცებულების საფუძველზე.
უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელმა ორგანომ, რომლის ძირითად ამოცანას დანაშაულის გამოძიება და მისი პრევენცია წარმოადგენს, უნდა უზრუნველყოს ეფექტური და ამავე დროს, მკაფიოდ ფორმულირებული, განჭვრეტადი გამოძიება, რაც სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში სავარაუდო შეცდომის ან თვითნებობის საფრთხეს არსებითად გამორიცხავს. მოცემულ შემთხვევაში ა-–-------------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ყაჩაღობის ნაწილში პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ კვალიფიკაციასთან მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო აშკარა, უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარმოდგენა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ანალიზი სხვაგვარი დასკვების გამოტანის შესაძლებლობას არ იძლევა, რის გამოც სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტაცია გაზიარებული არ უნდა იქნეს და ა-–-------------–---–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ა-–-------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცებასთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, მის პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ა-–-------------–---–ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის ისინიც, რაზეც ბრალდების მხარე აპელირებს სააპელაციო საჩივარში (წარსული ნასამართლობა) და მსჯავრდებულს განუსაზღვრა ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული სასჯელი.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ ა-–-------------–---–ი აღიარებს და ინანიებს იმ დანაშაულის ჩადენას, რისთვისც მას მსჯავრი დასდო პირველი ისნტანციის სასამართლომ. ბრალდების ამ ნაწილში მას სადავოდ არ გაუხდია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ასევე, დაზარალებულმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ თანახმაა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული იქნეს საშეღავათო ღონისძიებები. ყოველივე აღნიშნულისა და მსჯავრდებულის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ა-–-------------–---–ისათვის რეციდივის მხედველობაში მიღებით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, არის სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი ა-–-------------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის განაჩენი;
ა-–-------------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ა-–-------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით.
ა-–-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 09 ნოემბრიდან.
მსჯავრდებულ ა-–-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- დაზარალებულ ტ------–--–---–---ძის ლომბარდიდან და სავალუტო ჯიხურიდან ამოღებული ვიდეოკამერების ჩანაწერების ჩამწერი მოწყობილობა - „დივიარი“; ა-–-------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 01 (ერთი) ცალი ასლარიანი კუპიურა, 05 (ხუთი) ცალი ათლარიანი კუპიურა და 03 (სამი) ცალი ხუთლარიანი კუპიურა, დალუქულ მდგომარეობაში; ა-–-------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, ცხვირსახოცი, გასაღები და პირადობის მოწმობა, დალუქული 1 (ერთი) პაკეტად - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- დაზარალებულ ტ------–--–---–---ძის ლომბარდიდან გამოთხოვილი ვიდეოკამერების ჩანაწერები ჩაწერილი 09 (ცხრა) ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში და ფარული საგამოძიებო მოქმედების - ვიდეო, აუდიოჩაწერის შედეგად მოპოვებული კამერის ჩანაწერები 03 (სამი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე