განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001996207
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/64-19 18 აპრილი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე – თამარ ალანია
მოსამართლეები - ბესარიონ ტაბაღუა, გოდერძი გიორგიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ტ----------–-----–--
წარმომადგენელი - დ-----------–---, ა-----------------
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს----------–---------“
წარმომადგენელი - დ--------------–-
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ტ----------–-----–--მ თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს----------–---------ს“ მიმართ სარჩელი აღძრა, ტ----------–-----–--სა და სს „ს----------–---------“ შორის 2016 წლის 13 დეკემბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების №------------------ 2016 წლის 19 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების თავსართის №-------; 2016 წლის 19 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების დანართის №------- და 2016 წლის 13 დეკემბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების №--------01 ბათილად ცნობა მოითხოვა.
2. მოპასუხე სს „ს----------–----------“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელის მოთხოვნები არ ცნო და შეგებებული სარჩელით ტ----------–-----–--სთვის სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ 15584.26 აშშ დოლარისა და 993,20 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა. ასევე, უძრავი ქონების მდებარე თბილისი, ჩ---------, ფართი №12, საკადასტრო კოდი 0---------------------- იძულებით რეალიზაცია მოითხოვა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ხოლო სს „ს----------–---------ს“ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ტ------- გ-–-----–--ს კრედიტორის სასარგებლოდ 2016 წლის 13 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 13 951,26 აშშ დოლარის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა, აღნიშნული დავალიანების აღსრულების უზრუნველსაყოფად ტ----------–-----–--ს უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ჩ---------, ფართი №12, საკადასტრო კოდი 0---------------------- იძულებით სარეალიზაციოდ მიექცა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3-4 პუნქტები დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ტ------- გ-–-----–--- გაასაჩივრა, მისი გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. სს „ს----------–---------ა“ და ტ----------–-----–--ს შორის 2016 წლის 13 დეკემბერს საკრედიტო ხელშეკრულება №--------ა - 5------ გაფორმდა, რომლის თანახმად, კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა 11 000,00 აშშ დოლარით განისაზღვრა, კრედიტის ვადა - 25.02.2026-მდე, წლიური 18%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო - 1,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სესხის გაცემის საკომისიო - 110 აშშ დოლარი. მხარეთა შორის გადახდის გრაფიკი შეთანხმდა. სესხის თანხა მსესხებელმა აითვისა (ს.ფ. 5-14, 23-41).
6. 2016 წლის 13 დეკემბერს მხარეებს შორის სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკის ხელშეკრულება №--------01 გაფორმდა, რომლის თანახმადაც ტ----------–-----–--ს საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი ჩ----------------- ფართი №12, ფართით 59,49 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0----------------------, იპოთეკით დაიტვირთა. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ ბანკის მიერ იპოთეკის საგნის რეალიზაცია კერძო აუქციონის მეშვეობით განხორციელდებოდა (იპოთეკის ხელშეკრულების მე-9 პუნქტი) (ს.ფ. 5-14, 23-41).
7. იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტის შესაბამისად, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ დაფარავდა უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილი იყო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით მოვალის ნებისმიერ ქონებაზე მიექცია გადახდევინება (ს.ფ. 23-31).
8. იპოთეკის ხელშეკრულების 15.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შეთანხმება გაფორმდა (ს.ფ. 23-31).
9. სს „ს----------–---------ა“ და ტ----------–-----–--ს შორის 2017 წლის 9 იანვარს საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად სამომხმარებლო კრედიტის მოცულობა 500,00 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, პირგასამტეხლო -0,4% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საკომისიო თვეში 50,00 ლარი კრედიტის სრულ განულებამდე, განისაზღვრა. სესხის თანხა მსესხებელმა ათვისა (ს.ფ. 123).
10. 2012 წლის 14 სექტემბერს ტ----------–-----–--სა (მყიდველი) და ს----------–----------------------------------------------- სამინისტროს (გამყიდველი) შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიზანსა და საგანს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 თებერვლის №47 განკარგულების შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა ნებაყოფლობით და ღირსეულ განსახლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება წარმოადგენდა.
გამყიდველმა მყიდველს გადასცა პირობადადებული საკუთრების უფლება 0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, 101,41 კვ.მ ფართის, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად.
მყიდველმა იკისრა ვალდებულება მისთვის გადაცემული საცხოვრებელი ფართით პირები, ნ-------------–----, ქ-------------------–----, ა---------------–---- და კ-------------–---- უზრუნველეყო.
საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, თუმცა, ვალდებულება საცხოვრებელი ფართით აღნიშნული პირების უზრუნველყოფისა, არ ყოფილა რეესტრში აღრიცხული (ს.ფ. 46-48, 42-45).
11. თბილისის სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სს „ს----------–---------ა“ და ტ------- გ-–-----–--ს შორის ხელშეკრულების მოტყუებით დადებას ადგილი არ ჰქონია.
სამოქალაქო კოდექსი გარიგების ბათილობის საფუძვლებს იცნობს, მოტყუებით დადებული გარიგება ერთ-ერთი მათგანია.
მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის მიხედვით, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ, მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის განჩინება საქმეზე №ას-182-171-2014, ასევე, ამავე სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის განჩინება საქმეზე №ას-1117-1051-2015).
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი მხარე არ უარყოფს, რომ საბანკო დაწესებულებაში კრედიტის ასაღებად თავისი ინიციატივითა და ნებით მივიდა მეტიც, როგორც სარჩელში ასევე, სააპელაციო საჩივარში მხარე მიუთითებს, რომ ტ------- გ-–-----–--ს მიერ საბანკო დაწესებულებიდან სესხის აღება მიზნად ისახავდა მასსა და ნ--------------- შორის 2014 წლის 10 მარტს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. სარჩელში მხარე მიუთითებს, რომ უკვე ნაკისრი ვალდებულების გადაფარვა ტ------- გ-–-----–--- იმ მოტივით განიზრახა, რომ საპროცენტო სარგებელი შეუსაბამოდ მაღალი და სესხის პირობები ძირითადად კრედიტორზე მორგებული იყო. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ობიექტური ადამიანის გადმოსახედიდან, მაშინ როდესაც პირი თავად მიდის საბანკო დაწესებულებაში კრედიტის ასაღებად და ამასთან, მას კონკრეტული მიზანი - ნაკისრი ვალდებულების გადაფარვა წარმოადგენს, აფორმებს ხელშეკრულებას და ურთიერთობის დასასრულს გარკვეულ დოკუმენტს ხელს აწერს, გარიგების მოტყუებით დადების ეჭვს არ იწვევს. მითითებული ქმედებების განხორციელების შემდგომ, ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩნდება მოსაზრება, რომ მოვალემ იცოდა თუ რა დოკუმენტს აწერდა ხელს, მეტიც თუ მას სს „ს----------–--------–-“ სესხის აღებამდე კერძო იპოთეკართან გააჩნდა ურთიერთობა და აცნობიერებდა, რომ საპროცენტო სარგებელი შეუსაბამოდ მაღალი იყო, აღნიშნული ქმნის ვარაუდს, რომ იგი საბანკო დაწესებულებაში დეტალურად გაარკვევდა საკრედიტო ხელშეკრულების პირობებს, საწინააღმდეგო გარემოება კი საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ბანკის თანამშრომლებმა ხელშეკრულების პირობები მომხმარებელს არ გააცნეს, ხელშეკრულება პატარა ასოებით იყო შედგენილი და ასე შემდეგ, აღნიშნული აპელირება ბანკის მიერ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის ფაქტს ცალსახად არ ადასტურებს და ამ მიმართებით, მხოლოდ აპელანტის ახსნა-განმარტება, რომელიც საქმის შედეგით დაინტერესებული მხარეა გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად ვერ დაედება. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აპელანტმა ხელი დოკუმენტს წაკითხვის გარეშე, გაუაზრებლად მოაწერა, აღნიშნული მისი ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველს მაინც არ ქმნის, რადგან ნების გამოვლენის შეზღუდვის კანონისმიერი საფუძვლები სახეზე არ არის (სამოქალაქო კოდექსის 12-16 მუხლები). ამ მიმართებით პალატა ყურადღებას მიაპყრობს აპელანტის მითითებას მასზედ, რომ ხელშეკრულების დადებისას ტ------- გ-–-----–-- აღრიცხვაზე იმყოფებოდა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში. მისი დიაგნოზი ბოდვითი აშლილობა იყო და ხელშეკრულების ხელმოწერის პერიოდში ის იღებდა ძლიერმოქმედ მედიკამენტებს, რამაც მოპასუხე მხარეს გაუმარტივა შესაძლებლობა, მოსარჩელე მხარესთან გაეფორმებინა მისთვის ხელსაყრელი შინაარსის შემცველი ხელშეკრულებები. მართალია სააპელაციო საჩივარს საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ცნობა ერთვის, რომელშიც მითითებულია, რომ ტ------- გ-–-----–--ს პარანოიდული შიზოფრენია აქვს, თუმცა, ექიმთან მიმართვის თარიღად 2018 წლის 22 იანვარია მითითებული, ამავე ცნობაში აღნიშნულია, რომ ტ------- გ-–-----–-- 2018 წლის 22 იანვრიდანაა ჩართული ფსიქიკური ჯანმრთელობის მობილური ჯგუფის მომსახურებაში. უპირველესად აღსანიშნავია, რომ მსგავსი მტკიცებულება პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ემუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ამავე კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. სააპელაციო საჩივარში მითითებული არ არის თუ რა განსაკუთრებული და ობიექტური გარემოების გამო ვერ შეძლო მხარემ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენა, შესაბამისად აღნიშნულ მტკიცებულებას სააპელაციო პალატა სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპის ფარგლებში, ვერ გაითვალისწინებს და გადაწყვეტილებას მას ვერ დააფუძნებს. გარდა ამისა, იმ შემთხვევაშიც კი თუ წარდგენილი მტკიცებულება დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული იგი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ იქონიებდა, ვინაიდან მითითებულ მტკიცებულებაში ირკვევა, რომ ტ------- გ-–-----–-- მხოლოდ 2018 წლის 22 იანვრიდანაა ჩართული ფსიქიკური ჯანმრთელობის მობილური ჯგუფის მომსახურებაში სადავო ხელშეკრულებები კი 2016-2017 წლებში დაიდო. ამასთან, ცნობაში აღნიშნული არ არის, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას აპელანტი იღებდა რაიმე ძლიერ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რომელთაც მისი ნების გამოვლენაზე შეიძლებოდა გავლენა ექონიათ, ასევე, მითითებული არ არის, რომ სადავო ხელშეკრულებების გაფორმების დროს აპელანტის ფსიქიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ როდესაც მხარეები ხელშეკრულების ბათილობას ნების გამოვლენის ნაკლის გამო ითხოვენ, უმნიშვნელოვანესია ყურადღება მიექცეს ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მხარეთა კონკლუდენტურ მოქმედებებს. განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერისა და თავად აპელანტის მიერ აღძრული სარჩელით დასტურდება, რომ სადავო ხელშეკრულებების გაფორმების შემდგომ ტ------- გ-–-----–-- პირნათლად ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და სესხის თანხას და პროცენტს იხდიდა. ყოველივე ზემოაღნიშნულით კი დასტურდება, რომ მსესხებელი აღიარებს კონკლუდენტური მოქმედებით ხელშეკრულების პირობებზე დათანხმების ფაქტს, რაც თავის მხრივ გამორიცხავს სადავო ხელშეკრულებების მოტყუებით დადებას.
გარდა მოტყუების ფაქტისა აპელანტი ასევე მიუთითებდა გარიგებების შეცდომის საფუძველზე დადების ფაქტს. სამოქალაქო კოდექსის 72-ე მუხლის მიხედვით, გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არსებით შეცდომად ითვლება, როცა: ა) პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა; ბ) პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა; გ) არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად. წინამდებარე განჩინებაში მოტყუებით დადებულ გარიგებასთან მიმართებით სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა ასევე, რელევანტურია სამოქალაქო კოდექსის 72-ე მუხლთან მიმართებითაც. პალატა დამატებით განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე თავისი ინიციატივითა და ნებით, კერძო იპოთეკართან ნაკისრი ვალდებულების გადაფარვის მიზნით, მივიდა საბანკო დაწესებულებაში და მოითხოვა კრედიტის დამტკიცება ობიექტური დამკვირვებლის თვალით, გამორიცხავს მოვალის მიერ გარიგების შინაარსში შეცდომის დაშვებას.
12. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აპელანტის მითითებებს მასზედ, რომ 2012 წლის 14 სექტემბერს ტ----------–-----–--სა (მყიდველი) და ს----------–----------------------------------------------- სამინისტროს (გამყიდველი) შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიზანსა და საგანს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 27 თებერვლის №47 განკარგულების შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა ნებაყოფლობით და ღირსეულ განსახლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება წარმოადგენდა. გამყიდველმა მყიდველს პირობადადებული საკუთრების უფლება 0---------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, 101,41 კვ.მ ფართის, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა. მყიდველმა იკისრა ვალდებულება მისთვის გადაცემული საცხოვრებელი ფართით პირები, ნ-------------–----, ქ-------------------–----, ა---------------–---- და კ-------------–---- უზრუნველეყო. აპელანტის მტკიცებით, ვინაიდან ტ------- გ-–-----–--ს ხსენებული პირების საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ვალდებულება ჰქონდა დაკისრებული, ამ უძრავ ქონებაზე დადებული იპოთეკის ხელშეკრულება ამორალურ გარიგებას წარმოადგენდა. აღნიშნულ მოსაზრებას პალატა ვერ გაიზიარებს.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად კი, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო უძრავ ქონებაზე ტ------- გ-–-----–--ს საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა, თუმცა, ვალდებულება საცხოვრებელი ფართით აღნიშნული პირების უზრუნველყოფის თაობაზე, რეესტრში აღრიცხული არ ყოფილა. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის საფუძველზე კრედიტორმა არ იცოდა და არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ტ------- გ-–------–--- უძრავ ქონებაზე კონკრეტული ვალდებულებები ჰქონდა აღებული. მსესხებელმა უძრავი ქონება გამოიყენა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო იპოთეკის ხელშეკრულება 54-ე მუხლის მიზნებისთვის უცილოდ ბათილ გარიგებას არ წარმოადგენს, რაც შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი პირების უფლებების დაცვას იგი არა მოცემული დავის ფარგლებში, არამედ ტ------- გ-–-----–--ს მიმართ მოთხოვნის წაყენების გზით შეიძლება იქნეს მიღწეული.
13. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სადავო ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი წლიური 18%-ის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალ პროცენტს, რაც მის ზნეობის საწინააღმდეგოდ ცნობას გამოიწვევდა, არ წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს.
ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს. ამასთან, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი არ არის შეუზღუდავი უფლება და გარკვეული იმპერატიული დანაწესებით იგი შეიძლება იქნას შეზღუდული. მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმა დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ სესხის პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ სესხის ხელშეკრულების პირობა სარგებლის თაობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული სარგებლის გათვალისწინება სესხის ხელშეკრულებაში. სხვა შემთხვევაში სესხი არის სარგებლის გარეშე.
სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია გარიგების ნეგატიური, კანონსაწინააღმდეგო ან ამორალური შედეგის დადგომა, ანუ განსახილველ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია გაირკვეს თუ რამდენად წარმოადგენდა მხარეთა შორის შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთები შეუსაბამოდ მაღალ სარგებლის ოდენობას და შესაბამისად, რამდენად ეწინააღმდეგებოდა იგი ზნეობის ნორმებს.
ნიშანდობლივია, რომ სს „ს----------–---------ა“ და ტ----------–-----–--ს შორის 2016 წლის 13 დეკემბერს საკრედიტო ხელშეკრულებით საპროცენტო განაკვეთის მოცულობად 18%, ხოლო, 2017 წლის 9 იანვარს საკრედიტო ხელშეკრულებით ყოველთვიური საკომისიო, რაც თავისი შინაარსით სარგებელია, თვეში 50,00 ლარის ოდენობით განისაზღვრა. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ 2017 წელს სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, სესხისთვის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 100%-ის ოდენობამდე განსაზღვრა გარკვეულწილად „დაკანონდა“ შესაბამისად, საბანკო დაწესებულებების მიერ ნაკისრი რისკების, მათი საბაზრო ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობისა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს რომ წლიური 18%-იანი და 50 ლარიანი საპროცენტო განაკვეთი არ არის შეუსაბამოდ მაღალი და ბანკის მიერ საკუთარი უფლების გამოყენების იმგვარ ზღვარს არ აღწევს, რომელსაც გარიგების ამორალურად მიჩნევის კონტექსტში უნდა აკმაყოფილებდეს. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება და აპელანტი მხოლოდ სიტყვიერი შედავებით ცდილობს დაამტკიცოს, რომ მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები სხვა ამგვარი ტიპის ხელშეკრულებებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა და მოვალისთვის საზიანო დებულებებს შეიცავდა, თუმცა რელევანტური მტკიცებულებების არარსებობის პირობებში რა თქმა უნდა, აღნიშნული მტკიცება გაზიარებული ვერ იქნება მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით მათი ბაზარზე არსებული ხელშეკრულებებისაგან არსებითად განსხვავებული ხასიათი, რომელსაც მოვალის უფლებების გაუმართლებელი ხელყოფა შეეძლო გამოეწვია არ იკვეთება.
14. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ხელშეკრულებებით შეთანხმებული პირგასამტეხლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად შემცირდა.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს.
პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებაზე უარის თქმის საფუძვლად მხოლოდ ის აპელირება არ გამოდგება, რომ მოსარჩლისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულებების პირობები რომელზეც ის ხელს აწერდა, შესაბამისად, მხოლოდ ხსენებული მსჯელობა გაზიარებული ვერ იქნება.
მოცემულ შემთხვევაში, მოვალის ფინანსური მდგომარეობის გათვალსწინებით, ვალდბულების მოცულობისა და დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა 3133,00 აშშ დოლარის ოდენობით სწორად იქნა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნეული, და 420-ე მუხლის ფარგლებში 1500,00 აშშ დოლარამდე მართებულად შემცირდა, უკვე შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები კი, საქმის მასალებით არ იკვეთება.
15. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სამოქალაქო პროცესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავად წყვეტს, აღძრას თუ არა სარჩელი, ვის წინააღმდეგ აღძრას, რა მოითხოვოს, რის საფუძველზე და რით ადასტუროს თავისი მოთხოვნა. სამოქალაქო სამართალწარმოება არ ემსახურება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, იგი დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დამოკიდებულია იმაზე, სარჩელი წარდგენილია თუ არა მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილია თუ არა მხარის მიერ. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან დაკმაყოფილებაზე უარს დიდწილად სამართალწარმოების მოწინააღმდეგე მხარის სათანადოდ შერჩევა და მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ჯეროვნად დადასტურება განაპირობებს.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
რაც შეეხება მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებათა სტანდარტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს გულისხმობს. შესაპირისპირებელი მტკიცებულებები სანდოობის, სარწმუნოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, რაც, რა საკვირველია, არა მხოლოდ ამ მტკიცებულების, როგორც ინდივიდუალურად აღებულის, არამედ, მხარეთა შორის უდავო/სადავო ფაქტებისა და მათი განვითარების ქრონოლოგიასთან, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმულ შედავებებთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს და ამ გზით უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-28-25-2017).
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელემ (აპელანტმა) მისთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი წარმატებით დასძლია და გარიგების ბათილობის წინაპირობების არსებობა ვერ დაადასტურა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საფუძველია.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 386-ე 55-ე, 46-ე მუხლებით იხელმძღვანელა და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ტ----------–-----–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე თამარ ალანია
მოსამართლეები ბესარიონ ტაბაღუა
გოდერძი გიორგიშვილი