განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002348030
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/8075-18 18 აპრილი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – თამარ ალანია
სხდომის მდივანი - ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - შპს „ჯ------------“
წარმომადგენელი - ო-----------–---
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს--------ა“
წარმომადგენელი - ლ------------------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით შპს „ჯ------------ს“ წარმომადგენელმა მიმართა და შპს „ს--------ასგან“ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის - 9 365 ლარის, ანაზღაურება მოითხოვა.
2. მოპასუხე შპს „ს--------ამ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით შპს „ჯ-----------მა“ გაასაჩივრა, მისი გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ს--------ას“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოპასუხე შპს „ჯ-----------ს“ კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ბ--–--–---–-------------, დაზუსტებული ფართობი: 2 000 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0--------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალა (ს.ფ. 36-39).
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს--------ას“ სარჩელი შპს „ჯ------------ს“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (ს.ფ. 40-49).
7. შპს „ს----------–-------------------–--–---–------------------------“ დირექტორის 2015 წლის 20 იანვრის N-- ბრძანებით შექმნილი სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი N5-ის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაციის 1.1.1 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტით მოთხოვნილი იყო ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ, ხოლო პრეტენდენტმა სისტემაში ატვირთა ცნობა საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქონებაზე, როდესაც მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ შპს „ჯ-----------ს“ უძრავ ქონებებზე ყადაღა/აკრძალვა ფიქსირდებოდა, აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–------------–----- ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სატენდერო კომისიამ შპს „ჯ------------ს“ დისკვალიფიკაცია მოახდინა (ს.ფ. 50 - 51).
8. თბილისის სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად შპს „ჯ------------სთვის“ ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდება.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების სპეციალურ სახეს წარმოადგენს და იგი არა ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესებით, არამედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგულირდება. კერძოდ, ნორმის დისპოზიციის თანახმად, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ: ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის გამოყენებული უნდა იყოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ეს ღონისძიება უნდა იყოს გაუმართლებელი, უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად უნდა არსებობდეს ზიანი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ამ ფაქტების მითითება და მტკიცება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება მოსარჩელეს. ის გარემოება, რომ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად გვევლინება საპროცესო სამართლის ნორმა, არსებითად არ ცვლის ვითარებას. აღნიშნული საკანონმდებლო ტექნიკის საკითხია და სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების მხოლოდ მასზე დამყარება არ ეწინააღმდეგება მართლწესრიგის პრინციპებს. ეს ნორმა მნიშვნელოვანია იმ კონტექსტშიც, რომ იგი ერთი მხრივ, მოსამართლეს აძლევს პრევენციული მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას ზიანის აშკარა საფრთხის შემთხვევაში, მხარეს შეიძლება დაეკისროს მისი უზრუნველყოფა, ამასთანავე, პირს, რომლის ინტერესების დაცვასაც ემსახურება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, განემარტება ამ ღონისძიების გაუმართლებლობის გამო შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-1216-1136-2017).
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი საპროცესო წესია გათვალისწინებული. აღნიშნული მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში აპელანტი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად შპს „ჯ------------სთვის“ ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა, ამიტომ სააპელაციო პალატის საკვლევ გარემოებათა წრეს მოდავე მხარეთა შორის მიმდინარე დავაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფაქტის არსებობის დადგენა, მისი გაუმართლებელი ხასიათის შეფასება, უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად მიყენებული ზიანისა და მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა წარმოადგენს.
საგულისხმოა, რომ მხარეთა შორის სადავო არაა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ს--------ას“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოპასუხე შპს „ჯ-----------ს“ კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ბ--–--–---–-------------, დაზუსტებული ფართობი: 2 000 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0--------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალა. ასევე, მხარეები სადავოდ არ ხდიან და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებითაც დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს--------ას“ სარჩელი შპს „ჯ------------ს“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. გარდა ამისა სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 11 აპრილს გამართულ სხდომაზე მხარეები დაეთანხმნენ მითითებას მასზედ, რომ აპელანტს 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ გასაჩივრებული აქვს სააპელაციო წესით. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან დასტურდება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის ელემენტებიდან ორი სახეზეა, კერძოდ მხარეთა შორის მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა, რომლის ფარგლებშიც აპელანტის ქონებაზე გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც თავის მხრივ გაუმართლებელი გამოდგა, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს „ს--------ას“ სარჩელი შპს „ჯ------------ს“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატა შემდგომ ეტაპზე შეამოწმებს აპელანტი კომპანიისთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებამ რამდენად წარმოშვა რეალური ზიანი, აღნიშნული ზიანის დადგომას რამდენად ჰქონდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გამოყენებულ ღონისძიებასთან და მათი არსებობის შემთხვევაში დასტურდება თუ არა რეალურად დამდგარი ზიანის ოდენობა.
აპელანტი ზიანის დადგომას უკავშირებს იმ გარემოებას, რომ ს----------–-------------------–--–---–------------------------ 2015 წლის 16 ნოემბრის 8----- წერილით ტენდერში გამარჯვებულ შპს „ჯ-----------ს“ ეცნობა, რომ სატენდერო კომისიამ მოახდინა მისი დისკვალიფიკაცია მხოლოდ იმის გამო, რომ თბილისში, ა. ბ--–--–---–------------- მდებარე შპს „ჯ------------ს“ უძრავ ქონებაზე დაფიქსირებული იყო აკრძალვა.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „ჯ-----------მა“ ს----------–-------------------–--–---–------------------------ მიერ პლასტმასის სადნობი მოწყობილობების შესყიდვის მიზნით 2015 წლის 25 სექტემბერს გამოცხადებულ S------------ ელექტრონული ტენდერიდან დისკვალიფიკაციის შედეგად განიცადა სულ ცოტა 9 365 ლარის ოდენობის ზარალი.
ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტისთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლთან ერთად გამოყენებულ უნდა იქნეს 415-ე მუხლიც, რომლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საპროცესო მოქმედებების განხორციელების ვადებზე, კერძოდ საქმის მასალებით დგინდება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება 2015 წლის 17 სექტემბერს იქნა გამოყენებული ხოლო, აპელანტ კომპანიას ტენდერში დისკვალიფიკაციის შესახებ 2015 წლის 16 ნოემბერს ეცნობა. შესაბამისად ივარაუდება, რომ 2015 წლის სექტემბრიდან აპელანტმა კომპანიამ, რომლის ძირითადი საქმიანობაც ტენდერებში მონაწილეობით მოგების მიღებაა, იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ ქონებაზე ყადაღის დადება მას სატენდერო საქმიანობაში გარკვეულ წინაღობებს შეუქმნიდა, შესაბამისად მას უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლით განმტკიცებული უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნის ან 196-ე მუხლით განმტკიცებული სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა უნდა დაეყენებინა, რომლის თანახმად, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე. ხოლო, ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ ზემოთ მითითებული რომელიმე საპროცესო საშუალების გამოყენება თავიდან ააცილებდა ან სულ მცირე, შეამცირებდა იმ ზიანს, რომლის ანაზღაურებასაც დღეს-დღეობით აპელანტი მოწინააღმდეგე მხარისგან მოითხოვს, შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში საპროცესო უფლებების რეალიზაციის გზით – თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.
10. მიუხედავად იმისა, სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის წინაპირობები იარსებებდა თუ არა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით ფაქტობრივად მიყენებული ზიანის დადგომის ფაქტი და ოდენობა ცალსახად და არაორაზროვნად არ დასტურდება, აღნიშნულის მტკიცება კი სწორედ აპელანტის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა.
აპელანტი მიუთითებდა, რომ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შედეგად მას 9 365 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა, ზიანის ოდენობას კი, შპს „ჯ------------ს“ დირექტორისა და მთავარი ბუღალტერის მიერ 2018 წლის 02 თებერვალს გაცემული ცნობით ადასტურებს. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილი მტკიცებულება ფაქტობრივად დამდგარი ზიანის და მისი ოდენობის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნეული ვერ იქნება. მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია იმ ტენდერის პირობები, რომელშიც მან გაიმარჯვა და შემდეგ მისი დისკვალიფიცირება მოხდა, აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, მასზედ, რომ ხსენებული ინფორმაცია საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომია, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივითა და ძალისხმევით მოიპოვოს მტკიცებულებები, თუნდაც ეს მტკიცებულებები საჯარო ინფორმაციას წარმოადგენდეს. აპელანტი თავდაპირველად მიუთითებდა, რომ გამარჯვებული ტენდერის ფასი 71 186 ლარი იყო, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის შედავების შემდეგ დაეთანხმა მოსაზრებას მასზედ, რომ ტენდერის ფასს 45 000 ლარი წარმოადგენდა. იმისდა მიუხედავად მხარეთა ახსნა-განმარტებებს, როგორც ერთ-ერთი სახის მტკიცებულებას პალატა გაითვალისწინებდა თუ არა, საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც მხარე დაადასტურებდა თუ ტენდერის თანხიდან კონკრეტულად რამდენი იყო კომპანიის მოსალოდნელი მოგება, მით უფრო კი იმ პირობებში, როდესაც 2019 წლის 11 აპრილის სასამართლო სხდომაზე აპელანტი კომპანიის დირექტორმა განმარტა, რომ ტენდერის მოგება მოხდა სწორედ იმ ფასდაკლებების გამო, რომელსაც თურქეთის საწარმო მათ უკეთებდა, მისი კომპანიის მთავარ მიზანს ტენდერების უპირობო მოგება და სხვა კომპანიებისთვის ასპარეზის დათმობის გამორიცხვა იყო (16:38:40 საათი და შემდგომ). შესაბამისად, იმ პირობებში თუ აპელანტი საწარმო ბაზარზე დადგენილ ფასზე უფრო დაბალი თანხით მონაწილეობდა ტენდერში ისმება ლეგიტიმური კითხვა - საერთოდ დარჩებოდა თუ არა საწარმოს მოგება და თუ დარჩებოდა რა ოდენობის, აღნიშნულ შეკითხვებზე კი საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები პასუხს ვერ სცემს, რაც აპელანტის მტკიცების ნაკლზე მიუთითებს და მის მიმართ არასასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომის საწინდარია.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეს რეალურად შესაგებელი წარდგენილი არ ჰქონდა, ამიტომ მას სარჩელში მითითებული ფაქტების მიმართ პოზიციის გამოთქმის უფლება არ უნდა მისცემოდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე მხარემ 2018 წლის 04 აპრილს, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებელი წარადგინა, რომელიც მართალია ბლანკეტური ხასიათისაა მაგრამ ასახავს მხარის პოზიციას მასზედ, რომ მოსარჩელის მოთხოვნებს არ ეთანხმება (ს.ფ. 63-83), ხოლო 2018 წლის 16 აპრილს დაზუსტებული შესაგებელი (პოზიცია) წარადგინა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 204-ე მუხლის მე-4 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ წარადგენს შესაგებელს მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. თუმცა, როგორც აღინიშნა მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ჰქონდა წარდგენილი, მთავარ სხდომამდე პოზიციის დაზუსტების შესაძლებლობას კი საპროცესო კოდექსის არცერთი ნორმა არ გამორიცხავს.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც აპელანტმა ვერ გასწია. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 374,60 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ჯ------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ალანია