განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017002046285
საქმე №3ბ/638-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
8 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - არარეგისტრირებული კავშირი ,--------–-----------;
წარმომადგენლები - ა---– ხ--–--–----, დ----- ბ-------–-;
თარჯიმანი - ა---------–--------ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
წარმომადგენელი - ნ-----------------;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - ს--–--------–---;
მესამე პირი (ა.ს.კ. 16.2) - სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო;
წარმომადგენელი - რ---------------;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის №------- მიმართვის ბათილად ცნობა მ--------–ის მუნიციპალიტეტში მდებარე ი------–-- მეჩეთის (ს/კ 8-----------) სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსათვის გადაცემის ნაწილში;
1.2. ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 7 ივლისის №------- ბრძანების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხეების წარმომადგენლებმა მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1 მესამე პირი არ დაეთანხმა სარჩელს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
არარეგისტრირებული კავშირი ,--------–-----------” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ 2014 წლის 12 აგვისტოს N------ განცხადებით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 58 (ორმოცდათვრამეტი) მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების (მათ შორის ქალაქ მ--------–ში მდებარე ი------–-- ს----–----- ჯ---- მეჩეთის - საკადასტრო კოდი N8-----------) საკუთრებაში გადაცემა.
5.1.2. სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ წარმოებაში მიიღო სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 2014 წლის 12 აგვისტოს N------ შუამდგომლობა და შესწავლის შემდეგ საკითხი განსახილველად წარუდგინა სააგენტოსთან არსებულ რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელ სარეკომენდაციო კომისიას.
კომისიის დასკვნის საფუძველზე, 2014 წლის 23 დეკემბერს სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსათვის სარგებლობის უფლებით გადაეცა 23 მეჩეთი, მათ შორის ქალაქ მ--------–ში მდებარე ი------–-- ს----–----- ჯ---- მეჩეთი (საკადასტრო კოდი N8-----------). რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის დასკვნის თანახმად, მითითებული მეჩეთები მიმდინარე ეტაპზე სახელმწიფო საკუთრებაში იყო და არ მიეკუთვნებოდა რომელიმე მუსლიმურ რელიგიურ გაერთიანებას, ამასთან, სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გარდა არც ერთ მუსლიმურ რელიგიურ გაერთიანებას არ მოუთხოვია ამ მეჩეთების სარგებლობის უფლებით გადაცემა.
5.1.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის N------- წერილით, სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ეცნობა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 ოქტომბრის N302 დადგენილების შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თანახმა იყო, სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსათვის სარგებლობის უფლებით გადაეცა დანართში მითითებული 22 მეჩეთი, მათ შორის ქალაქ მ--------–ში მდებარე ი--- ა-–-- ს----–----- ჯ---- მეჩეთი, საკადასტრო კოდი N8-----------) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, არსებობის ვადით.
5.1.4. 2017 წლის 31 მარტს არარეგისტრირებულმა კავშირმა ,--------–------------ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა N-------- ადმინისტრაციული საჩივრით და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის N------- წერილის ბათილად ცნობა. საჩივარში მითითებულია, რომ სადავო აქტით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არასათანადო შესწავლის შედეგად მოქმედი საკულტო ნაგებობა - ი------–-- მეჩეთი სახელმწიფომ გადასცა ისეთ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელსაც არც სამართლებრივი და არც კონფესიური შემხებლობა არ ჰქონია ამ მეჩეთთან, ამით კი დაირღვა არარეგისტრირებული კავშირი „-------–------------ უფლებები. ადმინისტრაციულ საჩივართან ერთად სამინისტროს წარედგინა ჯ----- კ----------ის, მ-------- ა-------ის, გ---- გ------ის და რ----– ა-------–-----ის ახსნა - განმარტებები, კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, საჯარო რეესტრის ამონაწერები, არარეგისტრირებული კავშირი ი------–-- მეჩეთის წესდება და სხდომის ოქმი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი წარედგინა.
5.1.5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2017 წლის 29 მარტს N------- გადაწყვეტილებით, მოითხოვა არარეგისტრირებული კავშირის ,--------–-----------“ სადავო აქტის ბათილად ცნობისადმი იურიდიული ინტერესის დამადასტურებლად ინფორმაციის ან/და დოკუმენტის წარდგენა.
პასუხად, არარეგისტრირებული კავშირი ,--------–-----------“ 2017 წლის 14 ივნისის N------- განცხადებით სამინისტროს განემარტა, რომ იურიდიული ინტერესი სადავო აქტის მიმართ, სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარეობს, რომ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ი------–-- მეჩეთის გადაცემა (დაბრუნება) განახორციელა იმ რელიგიური ორგანიზაციისათვის, რომელსაც უშუალო ისტორიული (კონფესიური) კავშირი არ გააჩნია ი------–-- მეჩეთთან. განცხადების თანახმად, არაერთი მტკიცებულება ადასტურებს მის ისტორიულ და კონფესიურ კავშირს სადავო საკულტო ნაგებობასთან და რომ არა 2014 წლის 31 დეკემბრის N------- მიმართვა, რომლის საშუალებითაც სხვა რელიგიურ ორგანიზაციას გადაეცა ი------–-- მეჩეთი, 2016 წლის 13 ივნისის საქართველოს მთავრობის N1138 დადგენილებით დამტკიცებული ადამიანის უფლბათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესაბამისად, სწორედ არარეგისტრირებულ კავშირ „-------–----------- დაუბრუნდებოდა აღნიშნული საკულტო ნაგებობა.
ასევე, განმცხადებლის მითითებით, სადავო აქტიდან გამომდინარე უფლებრივი მდგომარეობის პირობებში, უძრავი ნივთის (საკულტო ნაგებობის) მესაკუთრემ და მფლობელმა შესაძლებელია აუკრძალოს არარეგისტრირებულ კავშირს მეჩეთში რელიგიური საქმიანობის განხორციელება, რაც ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის განმარტებით, რელიგიის თავისუფლებაში უხეში ჩარევა იქნება.
5.1.6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 7 ივლისის №------- ბრძანებით, არარეგისტრირებული კავშირი ,--------–-----------“ ადმინისტრაციული საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციიდან (ი------–-- მეჩეთის ელექტრო ენერგიის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, არარეგისტრირებული კავშირი “-------–---------- სხდომის ოქმები, მომწეთა წერილობითი ახსნა - განმარტება) და სამინისტროს მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარდგენილი კორესპოდენციიდან არ დგინდება საჩივრის ავტორის კანონიერი უფლება მეჩეთთან მიმართებაში. საფუძვლად ასევე მითითებული იქნა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაძლო ბათილობით, სადავო ქონება (მეჩეთი) დაბრუნდება სახელმწიფოს საკუთრებაში, რაც ასევე გამორიცხავს საჩივრის ავტორის რაიმე უფლების წარმოშობას აღნიშნულ ქონებაზე.
ამდენად, ბრძანებაში მითითებულია, რომ არ დგინდება საჩივრის ავტორის იურიდიული ინტერესი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიმართ.
5.2. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტები, მე-4 მუხლი, ასევე კანონის 35-ე მუხლი და განმარტა, რომ არარეგისტრირებული კავშირი არ წარმოადგენს რა სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტს, შესაბამისად, მოსარჩელეს, მისი ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმიდან გამომდინარე, არ გააჩნია უფლებამოსილება, აღირიცხოს მის მფლობელობაში არსებული ქონების მოსარგებლედ, ამასთან, სსიპ საქართველოს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობა და მიზნები არ კონკრეტული მეჩეთით სარგებლობის შეზღუდვის შესაძლებლობას და მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის №------- წერილი ვერ ჩაითვლება მოსარჩელისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის განმაპირობებელ აქტად. დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის ინტერესი მითითებული წერილის ბათილად ცნობის მიმართ, რაც სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს მისი, ასევე, მასზე წარდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 7 ივლისის №------- ბრძანების ბათილად ცნობას.
6. არარეგისტრირებული კავშირი ,--------–-----------“ სააპელაციო მოთხოვნა:
6.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნა.
7. არარეგისტრირებული კავშირი ,--------–-----------“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
7.1. აპელანტის განმარტებით, არარეგისტრირებული კავშირი „ი------–-- მეჩეთი“ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაფუძნებულ ისლამურ (შიიტურ) რელიგიურ გაერთიანებას, რომელიც სარგებლობს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლით დაცული რელიგიის თავისუფლებით.
მიუთითებს, რომ რელიგიური გაერთიანება წლების განმავლობაში (ი------–-- მეჩეთის აღდგენის პარალელურად) ახორციელებს რელიგიურ საქმიანობას და უზრუნველყოფს მეჩეთის ფუნქციონირებას სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან და სახელმწიფო ორგანოებისგან დამოუკიდებლად, რაც წარმოადგენს უშუალოდ კავშირისა და მეჩეთის მრევლის მიერ რელიგიის თავისუფლებით სარგებლობისთვის აუცილებელ წინაპირობას. არარეგისტრირებული კავშირი რელიგიურ საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ ქ. მ--------–ში მდებარე ი------–-- მეჩეთში.
აპელანტის განმარტებით, სადავო აქტის, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2014 წლის 31 დეკემბერის N------- მიმართვის საფუძველზე, საკულტო ნაგებობა, ქ. მ--------–ში მდებარე ი------–-- მეჩეთი, რომელიც არარეგისტრირებული კავშირის რელიგიური საქმიანობისთვის განკუთვნილ ერთადერთ საკულტო ნაგებობას წარმოადგენს, სახელმწიფოს მიერ არსებობის ვადით სარგებლობის უფლებით გადაეცა უშუალო კონფესიური და ისტორიული კავშირის არ მქონე რელიგიურ ორგანიზაციას, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“.
წარმომადგენლის განმარტებით, სხვა სახის უძრავი ნივთებისგან განსხვავებით, რომელზეც მესაკუთრეს/მფლობელს შესაძლოა გააჩნდეს უძრავ ნივთზე მისი უფლების დამდგენი რაიმე სახის დოკუმენტაცია, რომლის საშუალებითაც შემდგომში შესაძლებელია დამატებითი კვლევის გარეშე საკუთრების უფლების მოპოვება და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, საკულტო ნაგებობების შემთხვევაში მსგავსი სამართლებრივი მოწესრიგება ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე შეუძლებელია. კერძოდ კი, საბჭოთა პერიოდში მოქმედი მკაცრად სეკულარული რეჟიმი, რომელიც საჯარო სივრციდან ნებისმიერი რელიგიის განდევნას ისახავდა მიზნად, რელიგიური დანიშნულების ნაგებობების კონფისკაციასა და მათი ფუნქციონალური დანიშნულების შეცვლას ახორციელებდა.
მიუთითებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ძირითად შემთხვევაში არცერთ რელიგიურ ორგანიზაციას ჩამორთმეულ საკულტო ნაგებობაზე არანაირი უფლების დამდგენი დოკუმენტი არ გააჩნდა (ასეთ დოკუმენტი თავიდანვე არ არსებობდა, მოგვიანებით განადგურდა და ა.შ), საკულტო ნაგებობების უმრავლესობა სახელმწიფოს საკუთრებად გამოცხადდა. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოებს უზრუნველეყოთ მოქალაქეთა და რელიგიურ ორგანიზაციათა რელიგიის თავისუფლება, საქართველოს მსგავსი ისტორიული კონტექსტის მქონე ევროპის პოსტ-სოციალისტურმა სახელმწიფოებმა მიიღეს რესტიტუციის კანონი, რომელიც საკულტო ნაგებობების ისეთი რელიგიური ორგანიზაციებისთვის გადაცემას ითვალისწინებს, რომელსაც ისტორიული ან/და კონფესიური კავშირი აქვს შესაბამის რელიგიური დანიშნულების ნაგებობასთან.
საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს შემთხვევაში ამ პრობლემის სისტემური მოწესრიგება არ განხორციელებულა და საკულტო ნაგებობების საკუთრების უფლებით დაბრუნება (რესტიტუცია) განხორციელდა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული. ხოლო, სხვა რელიგიური ორგანიზაციებისთვის საკულტო ნაგებობების ნაწილის რეგისტრაცია, მხოლოდ 2014 წლის შემდგომ, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში არსებული დისკრიმინაციული სასიათის ჩანაწერების გამო მხოლოდ სარგებლობის უფლებით, პოლიტიკურ ნებაზე დაყრდნობით განხორცილდა.
აპელანტი მიიჩნევს, რომ სსიპ „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს“ რეკომენდაციების საფუძველზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან 2014 წლიდან დღემდე ყველა ისლამური საკულტო ნაგებობის სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ სარგებლობაში გადაცემა, და აღნიშნული ორგანიზაციის ცალსახა პრივილეგირება, სახელმწიფოს მხრიდან მისი კაპიტალისა და ზეგავლენების გაძლიერების მცდელობაა და რელიგიის სფეროში ნეიტრალიტეტის დარღვევის მნიშვნელოვან ეჭვებს აჩენს.
ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო“, როგორც რელიგიის სფეროში კვლევითი სამუშაოების განმახორციელებელი და პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ორგანო იკვლევს და რეკომენდაციას გასცემს საკულტო - რელიგიური დანიშნულების შენობა - ნაგებობების ისტორიული (კონფესიური) მესაკუთრის განსაზღვრაზე, რისთვისაც პირველ რიგში აუცილებელია ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა, რის შემდგომაც სააგენტოს მიერ გაიცემა რეკომენდაცია (შუალედური აქტი) სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, როგორც სახელმწიფოს ქონების განმკარგავი სუბიექტის მიმართ, რომელიც მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე გამოსცემს საბოლოო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს საკულტო - რელიგიური დანიშნულების შენობა ნაგებობის განკარგვის თაობაზე.
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, აპელირებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონზე, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15091 მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ზღუდავს რელიგიური გაერთიანებების უფლებას, დარეგისტრირდნენ, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე ეწეოდნენ საქმიანობას, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არარეგისტრირებული კავშირი. ამდენად, მიიჩნევს, რომ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მხრიდან მოხდა აღნიშნული ნორმებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა, რამდენადაც სააგენტოს მიერ არ მომხდარა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების ი------–-- მეჩეთის კონფესიური ისტორიული კუთვნილების საკითხის თაობაზე ფაქტობრივი გარემოების გამოკლევა.
ასევე მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც მითითებული საკულტო ნაგებობის მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო, ხოლო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სადავო აქტით სახელმწიფოს მიერ საკულტო ნაგებობა სარგებლობის უფლებით გადაეცა სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“, სამართლებრივად უძრავი ნივთის (საკულტო ნაგებობის) მესაკუთრემ და მფლობელმა შესაძლებელია აუკრძალოს არარეგისტრირებულ კავშირს მეჩეთში რელიგიური საქმიანობის განხორციელება, რაც აპელანტის განმარტებით, რელიგიის თავისუფლებაში უხეში ჩარევის რეალურ საშიშროებას წარმოადგენს. ამდენად, აპელანტინ მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს არარრეგისტრირებული კავშირის „-------–------------ კანონიერ უფლებებსა და ატერესებს.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. სააპელაციო პალატას მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის ძირითადი არსი უკავშირდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის არასწორ გამოყენებას, ანუ არასწორ სამართლებრივ შეფასებას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს, მიუთითებს მათზე, ხოლო სამართლებრივი დასაბუთების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
8.2. პალატა მიუთითებს იმ სამართლებრივ ნორმებს, რომლის საფუძველზეც არარეგისტრირებული კავშირი წარმოადგენს სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტს.
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ქონება სარგებლობაში გადაიცემა ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის ფორმით ან მის გარეშე. ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება სარგებლობაში შეიძლება გადაეცეს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, აგრეთვე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.
პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს კანონის 36-ე მუხლზე, რომლითაც დარეგულირებულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. კერძოდ, პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ხოლო მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა, გარდა უძრავ ნივთზე სერვიტუტის უფლების დადგენისა, შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით.
8.3. პალატა მხარეთა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რელიგიური გაერთიანებები შეიძლება დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ზღუდავს რელიგიური გაერთიანებების უფლებას, დარეგისტრირდნენ, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე ეწეოდნენ საქმიანობას, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არარეგისტრირებული კავშირი.
პალატა ეთანხმება და იზიარებს აპელანტის იმ მოსაზრებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა არარეგისტრირებული კავშირის სამართლებრივი ფორმის გამო, კანონიერი უფლების ან ინტერესის არარსებობის თაობაზე, ქმნის რელიგიური ორგანიზაციების მიმართ დიფერენცირებულ და იერარქიული მიდგომის არსებობის შესაძლებლობას, იმ პირობებში როდესაც კანონი არ ითვალისწინებს მათი სსიპ-ად რეგისტრაციის იმპერატიულ დათქმას.
პალატა აქვე მიუთითებს, რომ გაერთიანებების უმთავრესი მიზანი რელიგიური საქმიანობის განხორციელებაა, ხოლო ამ საქმიანობის ფარგლებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათ საკუთრებაში არსებული უძრავი თუ მოძრავი ქონება. საკუთრების უფლების სარგებლობით რელიგიური ორგანიზაციები უზრუნველყოფენ აღმსარებლობისთვის აუცილებელ პირობებს შესაბამისი რელიგიის მიმდევრებისთვის. აქედან გამომდინარე, ყველა რელიგიურ ორგანიზაციას თანაბრად აქვს სახელმწიფოსგან ქონების უსასყიდლოდ მიღებისა და მათი რელიგიური მიზნებისთვის გამოყენების ინტერესი. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილები Nო1/1/811).
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარ არსს, დანიშნულებას და გამოწვევას წარმოადგენს ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებებით სრულყოფილად სარგებლობის გზით თავისუფალი თვითრეალიზაციის შესაძლებლობის გარანტირება. ამასთან, სახელმწიფო ასეთ გარანტიას უნდა უზრუნველყოფდეს მთლიანად საზოგადოებისთვის, თითოეული ადამიანისათვის, რადგან „თავისუფლების იდეა გაუფასურდება, თუ ის არსებითად ერთნაირი შინაარსის მატარებელი და ერთნაირად ხელმისაწვდომი არ იქნება ყველასთვის. ნებისმიერი უფლების აღიარება აზრს დაკარგვს, მასზე თანაბარი წვდომის გარანტირებული შესაძლებლობის გარეშე. ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განცდა, რომ მათ სამართლიანად ეპყრობიან” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება Nო1/3/534).
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს აპელანტის იმ განმარტებაზე, რომ რელიგიური გაერთიანება წლების განმავლობაში ახორციელებს რელიგიურ საქმიანობას და უზრუნველყოფს მეჩეთის ფუნქციონირებას სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან და სახელმწიფო ორგანოებისგან დამოუკიდებლად, რაც წარმოადგენს უშუალოდ კავშირისა და მეჩეთის მრევლის მიერ რელიგიის თავისუფლებით სარგებლობისთვის აუცილებელ წინაპირობას. არარეგისტრირებული კავშირი რელიგიურ საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ ქ. მ--------–ში მდებარე ი------–-- მეჩეთში.
მნიშვნელოვანია საქმეში წარმოდგენილი სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2014 წლის 23 დეკემბრის N----- რეკომენდაცია, რომლითაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეცნობა, რომ სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ წარმოებაში მიიღოს სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შუამდგომლობა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მუსლიმური საკულტო - რელიგიური დანიშნულების შენობა - ნაგებობების (ოცდასამი მეჩეთი) სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით დახმარების აღმოჩენის შესახებ. შუამდგომლობის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ, აღნიშნული საკითხი განსახილველად წარედგინა სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებულ რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელ სარეკომენდაციო კომისიას (2014 წლის 17 დეკემბრის სხდომის ოქმი N1). კომისიამ დაადგინა, რომ აღნიშნული მეჩეთები მიმდინარე ეტაპზე არის სახელმწიფო საკუთრებაში და არ მიეკუთვნება რომელიმე მუსლიმურ რელიგიურ გაერთიანებას. ამასთან, სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს გარდა არც ერთ მუსლიმურ რელიგურ გაერთიანებას არ მოუთხოვია ამ მეჩეთების სარგებლობის უფლებით გადაცემა. აღნიშნული რეკომენდაციით, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, მოთხოვნილი იქნა უზრუნველყოფილიყო აღნიშნული მუსლიმური საკულტო - რელიგიური დანიშნულების შენობა - ნაგებობების (ოცდასამი მეჩეთი) სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა.
რაც შეეხება სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, ის არის ნებაყოფლობითი, მრავალეროვანი, ადგილობრივი დამოუკიდებელი საზოგადოებრივი გაერთიანება (კავშირი), რომელიც იმყოფება დოგმატურ-სარწმუნოებრივ ერთიანობასა და ლოცვით ურთიერთობაში ყველა სხვა ქვეყნის ადგილობრივ დამოუკიდებელ ისლამურ გაერთიანებებთან. წესდების მიხედვით, სამმართველოს იურისდიქციაში შედიან: ა) საქართველოში მოქმედი ყველა მეჩეთი, მუსლიმი სასულიერო პირები, მათი მრევლი და სხვა ისლამური რელიგიური დაწესებულებები; ბ) საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქე მუსლიმები, რომლებზედაც არ ვრცელდება სხვა ადგილობრივი ისლამური ორგანიზაციების იურისდიქცია; გ) საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ის მუსლიმები, რომლებიც არ შედიან ადგილობრივი ისლამური ორგანიზაციების შემადგენლობაში და სურვილი აქვთ, იყვნენ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს იურისდიქციაში. ამავე წესდების მიხედვით, სამმართველოს მიზანია: ხელი შეუწყოს მუსლიმურ საზოგადოებაში რელიგიური თვითშეგნების დამკვიდრებას; იზრუნოს მუსლიმურ საზოგადოებაში რელიგიური წეს-ჩვეულებების ამაღლებისათვის; იზრუნოს მუსლიმური საზოგადოების მართლშეგნების როლის ამაღლებისათვის; იზრუნოს მუსლიმი მოზარდი ახალგაზრდებისა და სტუდენტების რელიგიური სწავლა-განათლების ხელშეწყობისათვის; იზრუნოს ისტორიული ადგილების მოვლა-პატრონობისათვის; იზრუნოს სასულიერო სკოლა-ინტერნატების, ბაგა-ბაღებისა და სკოლების მოწყობასა და მოვლა-პატრონობისათვის; ხელი შეუწყოს მუსლიმური სამლოცველოების და სხვა საკულტო ნაგებობების მოვლა-პატრონობას; ხელი შეუწყოს სახელმწიფოსა და მუსლიმი საზოგადოების დაახლოებას, მრევლში სამოქალაქო და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას; წარმოაჩინოს და დაიცვას სამმართველოს წევრების ინტერესები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
ზემოაღნიშნული სააგენტოს რეკომენდაციას არ აქვს სავალდებულო ძალა, იგი საკითხის შესწავლის შემდეგ რელევანტური ორგანოსთვის ამზადებს რეკომენდაციას, რომლის საფუძველზეც შესაბამისი უწყება იღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას საკულტო შენობა-ნაგებობის ამა თუ იმ რელიგიური თემისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია არარეგისტრირებული კავშირის ,--------–-----------“ 2017 წლის 31 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის N------- წერილის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ სადავო აქტით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არასათანადო შესწავლის შედეგად მოქმედი საკულტო ნაგებობა - ი------–-- მეჩეთი სახელმწიფომ გადასცა ისეთ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელსაც არც სამართლებრივი და არც კონფესიური შემხებლობა არ ჰქონია ამ მეჩეთთან, ამით კი საჩივრის ავტორის განმარტებით, დაირღვა არარეგისტრირებული კავშირი „-------–------------ უფლებები. ადმინისტრაციულ საჩივართან ერთად სამინისტროს წარედგინა ჯ----- კ----------ის, მ-------- ა-------ის, გ---- გ------ის და რ----– ა-------–-----ის ახსნა - განმარტებები, კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, საჯარო რეესტრის ამონაწერები, არარეგისტრირებული კავშირი ი------–-- მეჩეთის წესდება და სხდომის ოქმი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი. ასევე მითითებულია, რომ სადავო აქტიდან გამომდინარე უფლებრივი მდგომარეობის პირობებში, სამართლებრივი უძრავი ნივთის (საკულტო ნაგებობის) მესაკუთრემ და მფლობელმა შესაძლებელია აუკრძალოს არარეგისტრირებულ კავშირს მეჩეთში რელიგიური საქმიანობის განხორციელება, რაც ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის განმარტებით, რელიგიის თავისუფლებაში უხეში ჩარევა იქნება. პალატა მიიჩნევს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ცალსახად გამოხატავს სადავო აქტის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობას. შესაბამისად, პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის №------- წერილი ვერ ჩაითვლება მოსარჩელისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის განმაპირობებელ აქტად.
8.4. ზემოთმითითებული სამართლებრივი ნომრებიდან და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა ცალსახად დადგენილად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი აქვს საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნომრების უგულებელყოფას, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების - ი------–-- მეჩეთის კონფესიური ისტორიული კუთვნილების საკითხის თაობაზე ფაქტობრივი გარემოების გამოკლევა. პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივს და განმარტავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია, როგორც სახელმწიფო ორგანოსთვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის, აგრეთვე, სხვა პირისათვის. პალატა მიიჩნევს, რომ არარეგისტრირებული კავშირი წარმოადგენს სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს, მისი ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმიდან გამომდინარე, გააჩნია უფლებამოსილება, აღირიცხოს მის მფლობელობაში არსებული ქონების მოსარგებლედ, რაც განსახილველი სარჩელისადმის მის იურიდიულ ინტერესს ადასტურებს.
პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 7 ივლისის №------- ბრძანებაში ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მითითებულ იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციულ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციიდან (ი------–-- მეჩეთის ელექტრო ენერგიის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, არარეგისტრირებული კავშირი “-------–---------- სხდომის ოქმები, მოწმეთა წერილობითი ახსნა - განმარტება) და სამინისტროს მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარდგენილი კორესპოდენციიდან არ დგინდება საჩივრის ავტორის კანონიერი უფლება მეჩეთთან მიმართებაში. ასევე ვერ გაიზიარებს იმ არგუმენტს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის შესაძლო ბათილობით, სადავო ქონების (მეჩეთი) დაბრუნება სახელმწიფოს საკუთრებაში, ასევე გამორიცხავს საჩივრის ავტორის რაიმე უფლების წარმოშობას აღნიშნულ ქონებაზე, რადგან მოსარჩელეს, როგორც ზემოთ აღინიშნა, მისი ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმიდან გამომდინარე, გააჩნია უფლებამოსილება, აღირიცხოს მის მფლობელობაში არსებული ქონების მოსარგებლედ.
განსახილველ შემთხვევაში პალატა მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არსებითად დაარღვია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პოზიცია სადავო აქტის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შესახებ და ამ მოტივით უარი უთხრა არარეგისტრირებული კავშირი ,--------–-----------” ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რითაც საჩივრის ავტორს წაერთვა უფლება, მისი მოთხოვნა განხილულიყო სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სადაც ადმინისტრაციული ორგანო გამოიყენებდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი სამართლებრივად უსაფუძვლოა, რადგან ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით. აღნიშნული კი გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება.
8.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გაამომდინარე, პალატა მიიჩნევს, არარეგისტრირებული კავშირი ,--------–-----------” სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 7 ივლისის №------- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, საფუძვლიანია. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 7 ივლისის №------- ბრძანება არარეგისტრირებული კავშირი ,--------–-----------” ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უნდა დაევალოს არარეგისტრირებული კავშირი ,--------–-----------” ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა.
რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 დეკემბრის №------- მიმართვის ბათილად ცნობას მ--------–ის მუნიციპალიტეტში მდებარე ი------–-- მეჩეთის (ს/კ 8-----------) სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსათვის გადაცემის ნაწილში, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ რადგან სამინისტროს დაევალა აღნიშნულ მოთხოვნაზე წარდგენილი ადმინისტრაციული განხილვა და პალატის გადაწყვეტილებით, საკითხი მის კომპეტენციასაა დაქვემდებარებული, მოცემული ეტაპისათვის სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნია პროცესუალური უფლებამოსილება იმსჯელოს ამ აქტის კანონიერებაზე.
9. პროცესის ხარჯები:
9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში როგორც სააპელაციო საჩივარი, ასევე სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამდენად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დარჩენილი 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არარეგისტრირებული კავშირი ,--------–-----------” სასარგებლოდ;
ამასთან, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარიდან ნახევარი - 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო ნახევარი - 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არარეგისტრირებული კავშირი ,--------–-----------” სასარგებლოდ;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. არარეგისტრირებული კავშირი ,--------–-----------” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. არარეგისტრირებული კავშირი ,--------–-----------” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 7 ივლისის №------- ბრძანება არარეგისტრირებული კავშირი ,--------–-----------” ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალოს არარეგისტრირებული კავშირი ,--------–-----------” ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა.
5. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დარჩენილი 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება დაეკისროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არარეგისტრირებული კავშირი ,--------–-----------” სასარგებლოდ; სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარიდან ნახევარი - 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო ნახევარი - 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ანაზღაურება დაეკისროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არარეგისტრირებული კავშირი ,--------–-----------” სასარგებლოდ.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გიორგი გოგიაშვილი -