განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310017002194179
საქმე №3ბ/398-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
08 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოსარჩელე ) - მ------ ი--------ი;
წარმომადგენელი - ფ------ მ--------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია;
წარმომადგენელი - თ--------–---;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის N---- განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ქალაქ თბილისში, მ--- ნ---ის შ-------ი N----- მიმდებარე მიწის ნაკვეთზე აღიარებული იქნება მ------ ი--------ის საკუთრების უფლება.
2. მხარეთა პოზიციები:
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მ------ ი--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. 2016 წლის 11 ოქტომბერს მ------ ი--------მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქალაქ თბილისში, მ--- ნ---ის შ-------ის N----- მიმდებარე 541 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებასთან ერთად წარედგინა განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ასევე, დოკუმენტების საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის გადაგზავნასა და მედიატორის დანიშვნაზე თანხმობები. 2016 წლის 8 დეკემბერს განმცხადებელმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დამატებით წარუდგინა შ----- მ----------ის და ი--------- ტ--------ის განცხადებები, რომლითაც მ------ ი--------ის მეზობლები ადასტურებდნენ, რომ მ------ ი--------ი თბილისში, მ--- ნ---ის შ-------ი N----- მიმდებარე 541 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობდა 1980 წლიდან (ს.ფ. 45-56).
4.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 ნოემბრისა და 14 დეკემბრის მიმართვებით მ------ ი--------ის მიერ წარდგენილი განცხადება და დოკუმენტები საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განსახილველად გადაუგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (ს.ფ. 40-61).
4.3. მ------ ი--------ის მოთხოვნაზე ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით დასკვნის მისაღებად კომისიამ მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და პასუხად, სამსახურის 2017 წლის 9 აგვისტოს წერილით კომისიას ეცნობა, რომ ქალაქ თბილისში, მ--- ნ---ის შ-------ი N----- მიმდებარე 541 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმის მიხედვით, მოქცეული იყო საცხოვრებელ ზონაში (ს.ფ. 37).
4.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 4 სექტემბრის N--- სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით და მის საფუძველზე გამოტანილი, 2017 წლის 25 სექტემბრის N---- განკარგულებით, მ------ ი--------ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. განკარგულების თანახმად, არ დასტურდებოდა მ------ ი--------ის მიერ 2007 წლამდე თბილისში, მ--- ნ---ის შ-------ი N----- მიმდებარე 541 კვ.მ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, რამეთუ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი (ხის) შენობა (ს.ფ. 15-16).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ მიუთითა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-51 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას კომისიამ უნდა გაითვალისწინოს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.
პირველი ინსტანციის სასამართლო იყენებს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე - პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო - სათხილამურო ც------ებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა.
სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ ჰქონდა საფუძველი, დაედგინა ქალაქ თბილისში, მ--- ნ---ის შ-------ი N----- მიმდებარე 541 კვ.მ მიწის ნაკვეთის 2007 წლის ივლისამდე მ------ ი--------ის მიერ თვითნებურად დაკავების ფაქტი, რამეთუ არ დასტურდება, რომ ამ ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედების დროისთვის არსებობდა შენობა - ნაგებობა ან/და საცხოვრებელი სახლის ნანგრევი (პუნქტი 3.5). ამდენად, საქმის განმხილველმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის N---- განკარგულებით, მართლზომიერად იქნა უარყოფილი მოსარჩელის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე და არ არსებობდა დასახელებული აქტის ბათილად ცნობის და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
6. მ------ ი--------ის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
6.1. მ------ ი--------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მითითებას, რომ მართალია დადასტურებულია ნაკვეთზე არსებული ნანგრევის 2007 წლამდე არსებობის ფაქტი, თუმცა არ ირკვევა, რომ აღნიშნული ნანგრევი დარჩენილია საცხოვრებელი სახლის დანგრევის შედეგად.
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ ერთი ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე, კერძოდ, 2005 წლის ორთოფოტოზე არსებული შენობა - ნაგებობის ნანგრევი იყო თუ არა საცხოვრებელი ფართი. წარმომადგენლის განმარტებით, მოწმეთა ჩვენებების გარდა, რომლებიც იყვნენ აპელანტის მეზობლები და რომელთა დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკამყოფილა, საქმეში არ არსებობდა სხვა მტკიცებულება ნანგრევის დანიშნულების შესახებ.
სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალწარმოება მიმდინარეობს არა მხოლოდ შეჯიბრებითობის, არამედ ინკვიზიციურობის პრინციპის საფუძველზე, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო არა მარტო მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს უნდა დაეყრდნოს, არამედ ვალდებულია გამოიკვლიოს და მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებები საქმის სწორად და ობიექტურად წარმართვისათვის.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
7.2. განსახილველ შემთხვევაში საკითხი ეხება მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტს და აღნიშნულის საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობას.
კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს, ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მითითებული ნორმის ანალიზის საფუძველზე უნდა აღინიშნოს, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებას წარმოშობს პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი, რომელიც გამოვლინდება ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში.
საქმის მასალებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 4 სექტემბრის N--- სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით და მის საფუძველზე გამოტანილი 2017 წლის 25 სექტემბრის N---- განკარგულებით, მ------ ი--------ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
განკარგულებაში მითითებულია, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დადასტურდა მ------ ი--------ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი კანონის ამოქმედებამდე. კერძოდ, კომისიის მიერ დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია დროებითი (ხის) შენობა, აღნიშნული კი ადმინისტრაციული ორგანოს მითითებით წარმოადგენს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (ს.ფ 34-35).
7.3. პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ამავე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.
დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით, პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. ამასთან, დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში კანონისა და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენა ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი თვითნებურად დაკავებულ მიწად მოიაზრებს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული). მითითებული კანონის ძალაში შესვლის თარიღია 2007 წლის 11 ივლისი. შესაბამისად, მიწის ნაკვეთით და მასზედ არსებული შენობით სარგებლობის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს 2007 წლის 11 ივლისამდე. სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის ერთ-ერთ მნიშვნელ----ნ დამადასტურებელ გარემოებას წარმოადგენს სწორედ აღნიშნულ ნაკვეთზე შენობის არსებობა.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია – ცნობა - დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ 2005 წლით დათარიღებულ ორთოფოტოზე, რომელზედაც მიუხედავად ფოთლ----ნი ნარგავებისა, აშკარად იკვეთება ნაგებობის კონტურები. აღნიშნულით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე 2005 წლის მდგომარეობით არსებობდა შენობა - ნაგებობა.
პალატა, აქვე ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის იმ განმარტებაზე, რომ ასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობა არ ექცევა შენობა ნაგებობის განმარტების ცნების ქვეშ. წარმომადგენელ ფოტოებზე დაყრდნობით წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ობიექტი არის ხის, რომელიც ექცევა დროებითი შენობის და არა შენობის დეფინიციის ქვეშ, რაც მისივე განმარტებით, გამორიცხავს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. ხოლო, შენობის ნანგრევებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ წარმოადგენს ქვების გროვას, რაც მისივე განმარტებით გამორიცხავს აღნიშნული პერიოდისათვის, რაიმე ტიპის შენობის არსებობის ფაქტს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას ამახვილებს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მეორე მუხლის "ვ" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შენობა არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით, გარდა დროებითი შენობისა.
პალატა აქვე მიუთითებს "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-3 მუხლის 47-ე პუნქტზე, სადაც ასევე მითითებულია ნაგებობის განმარტება, კერძოდ, ნაგებობა არის სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისაგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავადაა დაკავშირებული. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული რეგულაცია - შენობის ამდაგვარი განმარტება მოქმედებს 2009 წლიდან, ხოლო განსახილველ შემთხვევაში საკითხი ეხება სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის 2007 წლამადე აშენების ფაქტს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელ----ნია შპს „შ--------- ც------ის“ 2018 წლის 20 მარტის დასკვნაში მითითებული გარემოებები, რომლითაც დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, ე-–--- მ---, ნაკვეთი 13/036-ის მდებარე ტერიტორიაზე მდებარე 541.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 16.22 კვ.მ შენობა - ნაგებობა 2018 წლის 1 მარტის მდგომარეობით წარმოადგენს ნანგრევს, კერძოდ აგურისა და ქვიშა - ცემენტის ხსნარით მოწყობილ საძირკვლის ფრაგმენტებს, რომელთა სიმაღლე არ აღემატება 50 სმ-ს. შენობა - ნაგებობის ნანგრევს ვიზუალური დათვალიერებით აღენიშნება, რომ ხანდაზმულია, აღენიშნება ატმოსფერული ნალექების დენის, ეროზიის კვალი. მისი ხანდაზმულობის ასაკი, სავარაუდოდ შეადგენს 30-40 წელზე მეტს. დასკვნის თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო შენობა - ნაგებობა, რომელიც შემფასებელ - ექსპერტის მითითებით, სავარაუდოდ აშენებულია 2007 წლამდე, რასაც მოწმობს 2005 წლის ორთოფოტოზე ასახული მონაცემები.
პალატა ყურადღებას ამახვილებს სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაზე, რომლითაც შ----- მ----------ი და ი--------- ტ-------ი ადასტურებენ, რომ მ------ ი--------ი 1980 წლიდან ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთით მდებარე მისამართზე: ქალაქ თბილისი, მ--- ნ---ის შ-------ი N----- მიმდებარედ ფართით 541 კვ.მ და თანახმანი არიან, რომ მოახდინოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის ლეგალიზება დაკანონება (ს.ფ 54).
7.4. პალატა აქვე მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის საოქმო განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე დაკმაყოფილდა და 2019 წლის 8 მაისის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხული იქნენ: ლ---- ნ---------ი, მ------ მ-------ი, ლ----ა ე----------ი და ლ----ა ჩ--------ი (იხ. სხდომის ოქმი 24.04.2019).
მოწმის სახით გამოკითხულმა ლ---- ნ---------მა სააპელაციო პალატას განუმარტა, რომ არის მ------ ი--------ის მეზობელი, უფრო კონკრეტულად კი ცხოვრობს ქ. თბილისში, ნ---ის მ--- შ-------ის N---–-. მიუთითებს, რომ აღნიშნულ მისამართზე როგორც თავად, ასევე მ------ ი--------ი ცხოვრობს დაბადებიდან. განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთზე იყო ქვის ერთსართულიანი ნაგებობა, სადაც მ------ ი--------ი ცხოვრობდა შვილებთან ერთად და დროთა განმავლობაში, დაახლოებით 10-15 წლის წინ შენობა -ნაგებობა დაინგრა და საცხოვრებლად მ------ ი--------ი გადავიდა იქვე მდგარ ხის ნაგებობაში. მისივე განარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე პრეტენზია არავის განუცხადებია და როგორც მან, ისე მეზობლებმა იციან, რომ ტერიტორია ეკუთვნის მ------ ი--------ს (იხ. სხდომის ოქმი 8.05.2019; 17:12:57).
მოწმის სახით გამოკითხულმა მ------ მ-------მა განმარტა, რომ არის მ------ ი--------ის მეზობელი, ცხოვრობს ქ. თბილისში, ნ---ის მ--- შ-------ის N----–-- მიუთითებს, რომ აღნიშნულ მისამართზე მ------ ი--------ი ცხოვრობს დაბადებიდან და იზრდებოდა მის შვილებთან ერთად. განმარტავს, რომ მ------ ი--------ი გათხოვების შემდეგაც ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე, მიწის ნაკვეთზე იყო ქვის ერთსართულიანი ნაგებობა, რომელიც ეხლა დანგრეულია. განმარტავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე პრეტენზია არავის განუცხადებია (იხ. სხდომის ოქმი 8.05.2019; 17:21:05).
მოწმის სახით გამოკითხულმა ლ----ა ჩ--------მა განმარტა, რომ არის მ------ ი--------ის მეზობელი, ცხოვრობს ქ. თბილისში, ნ---ის მ--- შ-------ის N---–- დაახლოებით 50 წელია. მიუთითებს, რომ აღნიშნულ მისამართზე იყო ერთსართულიანი ქვის შენობა რომელიც შემდგომ დაინგრა. განმარტავს, რომ მასთან ერთად ცხოვრობენ მისი შვილები და ქვის შენობის დანგრევის შემდეგ ცხოვრობენ ხის შენობაში. განმარტავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე პრეტენზია არავის განუცხადებია (იხ. სხდომის ოქმი 8.05.2019; 17:27:48).
მოწმის სახით გამოკითხული ლ----ა ე----------ის განმარტებით, ცხოვრობს ქ. თბილისში, ნ---ის N---–-, ხოლო ქორწინებამდე ცხოვრობდა ნ---ის მ--- შ-------ის N---–-- მიუთითებს, რომ მ------ ი--------ს იცნობს ბავშვობიდან, რომელიც ცხოვრობდა ერთსართულიან ქვით ნაშენებ სახლში. განმარტავს, რომ თავადაც არის აღნიშნულ სახლში ნამყოფი და სახლი სიძველის გამო რამდენიმე წელია დაინგრა. განმარტავს, რომ მ------ ი--------ის მიწის ნაკვეთზე პრეტენზია არავის განუცხადებია (იხ. სხდომის ოქმი 8.05.2019; 17:34:45).
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 9 აგვისტოს წერილზე, სადაც მითითებულია, რომ ქალაქგეგმარების თვალსაზრისით განხილული იქნა ქ. თბილისში ნ---ის მ--- შ-------ი N---–- მდებარე 541 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და მითითებული იქნა, რომ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეულია საცხოვრებელ (სზ) ზონაში.
7.5. პალატა მიუთითებს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გასაჩივრებულ განკარგულებაში მიუთითა, რომ არ დასტურდება, მ------ ი--------ის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. აღნიშნული კომისიამ მიუთითა ისე, რომ არ ჩატარებულა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება. მითითებული იქნა, რომ მიწის ნაკვეთზე ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე განთავსებული იყო დროებითი (ხის) შენობა.
პალატა ხაზს უსვამს იმას, რომ მხოლოდ აღნიშნულის მითითება ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ვერ იქნება მიჩნეული იმის დასტურად, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოპასუხე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი სხვა რამე წერილობითი სახის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ კომისიის მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიღო სადავო გადაწვეტილება.
პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14)).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 9 აგვისტოს წერილის, შპს „შ--------- ც------ის“ 2018 წლის 20 მარტის დასკვნაში მითითებული გარემოებების, სადავო მიწის ნაკვეთის 2005 წლით დათარიღებული ორთოფოტოს, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოკითხული მოწმეების ჩვენებების, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მოცემულ შემთხვევაში არ ჩაუტარებია ადგილზე დათვალიერება და არ შეუფასებია მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2017 წლის 25 სექტემბრის N---- განკარგულება მიღებულია ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის’’ მოთხოვნების დარღვევით და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არ მიიჩნია უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მიერ კომისიაში წარდგენილი განცხადება და მასზე თანდართული მტკიცებულებები ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების საკმარის საფუძვლად.
პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლს რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
საკითხის ხელახალი განხილვისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე მ------ ი--------ის განცხადების შემოწმებისას იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონის იმპერატიული დაქმა - მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით - ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები. სასამართლო აქვე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის N---- განკარგულება მიწის ნაკვეთზე მ------ ი--------ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ზემოთ მითითებულ გარემოებებისა და “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის 51 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, გამოსცეს ახალი, სათანადოდ დასაბუთებული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.
8. პროცესის ხარჯები:
8.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, მ------ ი--------ის მიერ სარჩელზე გადახდილი 100 (ასი) ლარისა და სააპელაციო საჩივარზე ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 32.4-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ------ ი--------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. მ------ ი--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 სექტემბრის N---- განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა.
5. მ------ ი--------ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარისა და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -