განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.04.2019
საქმის ნომერი
330310018002584839
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/673-19

330310018002584839

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მირანდა ერემაძე

მოსამართლეები - მერაბ ლომიძე

თამარ ონიანი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;

 

მოწინააღმდეგე მხარე – მ-----------ე

 

მესამე პირი - უ--------------–-----------------–------------------- თბილისის ფილიალი - სასწავლო უნივერსიტეტი

 

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 17 ივლისის MES 4 1----------- გადაწყვეტილება საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ-----------ის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში - ჰ----------------–------------------ს თბილისის ფილიალში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

 

2.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის N3--გ განკარგულების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „----“-სა და ა---------–-----------–--–----------------------------------ს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქ. თბილისში შეიქმნა ჰ----------------------------–---–ი. დიდუბის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებით დარეგისტრირდა შპს ჰ----------------–------------------ს თბილისის ფილიალი.

 

ა------------------------–------------------ს პრეზიდენტის ჰ----------------ს 2005 წლის 24 ივნისის წერილის თანახმად, ლიბერალური განათლების ამერიკული აკადემიის სამეურვეო საბჭომ ჩაატარა კენჭისყრა 2005 წლის ივნისის კრებაზე, რათა აკრედიტაცია მიენიჭათ თბილისში (საქართველო) ა------------------------–------------------სთვის, 2005 წლის 1 ივლისიდან. აკრედიტაციის ვადა შეადგენს 10 წელს, თვითსწავლებისა და გუნდური ვიზიტი უნდა შედგეს წელიწადში ერთხელ. გარდა ამისა, მოხსენება, რომლის საგანიც აღწერილია ქვემოთ, სავალდებულო იქნება აკრედიტაციის მინიჭებიდან ორ წელიწადში. (ს/ფ 42, ს/ფ 33; ს/ფ 39-40);

 

2.2. 2000 წლის 10 ივლისს, აშშ ჰ----------------–------------------ს თბილისის ფილიალის ადმინისტრატორსა და გ---–------------–---–ს (მ-----------ის დედა) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც გაიწერა მხარეთა უფლება მოვალეობები. ს/ფ 133; ს/ფ 132);

 

2.3. ა---------–------------------ს სასწავლო საბჭომ, მ-----------ის სახელზე გასცა დიპლომი, რომლის თანახმად, მ-----------ემ გაიარა სწავლების კურსი და დააკმაყოფილა ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხისთვის გათვალისწინებული უნივერსიტეტის მოთხოვნები და მიენიჭა აღნიშნული ხარისხი ყველა თანდართულ უფლებასთან, პრივილეგიასთან და იმუნიტეტთან ერთად, რაც დამოწმებული იქნა ბეჭდით, 2004 წლის 15 ივნისს. ( ს/ფ 108-112; ს/ფ 30-31);

 

2.4. 2018 წლის 18 ივნისს, მ-----------ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, განათლების მიღების ფაქტის დადასტურების შესახებ. (ს/ფ 103-105)

 

2.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, 2018 წლის 20 ივნისს, M---------------- წერილით მიმართა განმცხადებელ მ-----------ეს და აცნობა, რომ მისი 2018 წლის 18 ივნისის განცხადებით წარდგენილ იქნა ა---------–------------------ს სასწავლო საბჭო, ამერიკის შეერთებული შტატები - ჰ------–---------------------------–---------------------------–----------–---–-) მიერ მის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, თუმცა აღნიშნულ დიპლომში არ ფიქსირდებოდა დიპლომის გაცემის ადგილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ-----------ეს დაევალა წარედგინა ინფორმაცია, რომელ ქვეყანაში (ქალაქში) იღებდა განათლებას.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, 2018 წლის 11 ივლისს, მ-----------ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და აცნობა, რომ დიპლომი გაიცა თბილისში და განათლებაც მიღებული აქვს თბილისში.( ს/ფ 122; ს/ფ 124);

 

2.6. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, 2018 წლის 12 ივლისს, MES 3 18 00900385 წერილით მიმართა ა---------–-----------------–-----------------ის თბილისის ფილიალ - სასწავლო უნივერსიტეტის საარქივო დოკუმენტაციის მფლობელს და მ------------ის მიერ ა---------–---------------------------------------–-----------–--–------------------–-----–ი (ჰ----------------–------------------ს თბილისის ფილიალი) 2000-2004 წლებში განათლების მიღების ფაქტის დადასტურების თაობაზე განცხადების განხილვის მიზნით, სთხოვა მიეწოდებინა დოკუმენტების დამოწმებული ასლები ან ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა ზემოხსენებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მ-----------ის მიერ განათლების მიღებისა და მისთვის კვალიფიკაციის (ოქმი/ბრძანება ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტი) მინიჭების ფაქტს. (ს/ფ 128 – 129);

 

2.7. ა---------–-----------------–-----------------ის თბილისის ფილიალ - სასწავლო უნივერსიტეტის საარქივო დოკუმენტაციის მფლობელის 2----–-–---------–------- წერილით, სსიპ განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრს ეცნობა, რომ ზურაბ აბაშიძე 1995-2005 წლებში ნამდვილად იყო ჰ----------------–------------------ს თბილისის ფილიალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და შესაბამისად, შეუძლია დაადასტუროს, რომ 2000-2004 წლებში მ-----------ე ნამდვილად სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში, რომლის სრული საბაკალავრო კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაში დაასრულა 2004 წლის ივნისში და მიენიჭა შესაბამისი კვალიფიკაცია, რის საფუძველზეც, სათაო უნივერსიტეტის მიერ გადაეცა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი (No K-------). ვინაიდან ჰ----------------–------------------ს თბილისის ფილიალი წარმოადგენდა ა---------–------------------ს ფილიალს საქართველოში, რომელიც ახორციელებდა სათაო უნივერსიტეტის მიერ დადგენილ/შემუშავებულ საბაკალავრო პროგრამებს და სწავლების დასრულების მერეც დიპლომით თვითონ უზრუნველყოფდა კურსდამთავრებულს, არანაირი სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოება ფილიალში არ ხორციელდებოდა - ყოველ წელს ჩამოდიოდა შტატებიდან უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და ეწყობოდა დიპლომების საზეიმო ვითარებაში გადაცემა, რაც არაერთხელ გაშუქებულა ტელევიზიის სხვადასხვა არხის მიერ. რაც შეეხება ოქმს/ბრძანებას - უნივერსიტეტის ლიკვიდაციის შემდეგ, სამწუხაროდ, ეს დოკუმენტები არ დაარქივებულა, თუმცა ხელმისაწვდომია მ-----------ის (ისევე, როგორც ყველა მაშინ არსებული სტუდენტის) პირადი საქმეები. ( ს/ფ 131);

 

2.8. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 17 ივლისის M---------------- გადაწყვეტილებით, მ-----------ეს უარი ეთქვა ჰ----------------–------------------ს თბილისის ფილიალში 2000-20004 წლებში მიღებული განათლების აღიარებაზე, ვინაიდან ცენტრის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვერ იქნა მოძიებული ჰ----------------–------------------ს თბილისის ფილიალის მიერ 2000-2004 წლებში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელი რაიმე სახის ინფორმაცია, კერძოდ, ჰ----------------–------------------ს თბილისის ფილიალის სახელწოდებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ლიცენზიის მფლობელი სუბიექტი არ იძებნება. ამასთან, ვერ იქნა მოძიებული ჰ-----------------–------------------ის თბილისის ფილიალის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების, შესაბამისად, მ-----------ისათვის საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის უფლებამოსილების, ასევე აღნიშნული პირის სწავლის (მათ შორის მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების) ფაქტის დამდგენი დოკუმენტაცია (ს/ფ 71-74)

 

3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.1. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე,რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტზე, რომლის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის - პ----- მ-----–---–ის უფლებებსა და მოვალეობებს. ვინაიდან სადავო აქტი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ვინაიდან, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 17 ივლისის M---------------- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, უნდა შეამოწმოს მისი კანონშესაბამისობა ფორმალური და მატერიალური კანონიერების გათვალისწინებით.

 

3.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

3.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ განათლების მიღება არის ფაქტი, რომელიც ამა თუ იმ კვალიფიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლების შედეგად შეძენას გულისხმობს. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, აკადემიური ხარისხი არის კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ამავე მუხლის "ო" ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, პირის მიერ მიღებული განათლების აღიარება იმ სამართლებრივი ჩარჩოს გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს, რაც არსებობდა განათლების მიღების პროცესში და არა შემდგომში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გამოყენებით. ამგვარი მიდგომა შესაძლოა გამართლებული იყოს თუ ნორმის ახლებური მოწესრიგება პირის უფლებათა რეალიზების უკეთესი საშუალებაა, ვიდრე ამას მანამდე არსებული ნორმის ფარგლები განაპირობებდა.

 

სასამართლომ მოიხმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).

 

სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ ა---------–------------------ს სასწავლო საბჭომ, მ-----------ის სახელზე გასცა დიპლომი, რომლის თანახმად, მ-----------ემ გაიარა სწავლების კურსი და დააკმაყოფილა ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხისთვის გათვალისწინებული უნივერსიტეტის მოთხოვნები და მიენიჭა აღნიშნული ხარისხი ყველა თანდართულ უფლებასთან, პრივილეგიასთან და იმუნიტეტთან ერთად, რაც დამოწმებული იქნა ბეჭდით, 2004 წლის 15 ივნისს.

 

3.4. სასამართლომ მოიხმო „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი, რომლის თანახმად ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი მუშაობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტების, სამინისტროს მიერ დამტკიცებული ცენტრის დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

 

სასამართლომ ასევე მოიხმო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებას“, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ცენტრის ფუნქციებს. კერძოდ, მითითებული დებულების მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს განათლების აღიარებას და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 18 ივნისს, მ-----------ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, განათლების მიღების ფაქტის დადასტურების შესახებ.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში -ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. მითითებული მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში -სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან -საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში - საგანმანათლებლო რესურსცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.

 

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) აღიარებს პირის მიერ მიღებულ განათლებას; ბ) უარს ამბობს პირის მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე. ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განათლების მიღების ფაქტის დადგენას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 17 ივლისის M---------------- გადაწყვეტილებით, მ-----------ეს უარი ეთქვა ჰ----------------–------------------ს თბილისის ფილიალში 2000-20004 წლებში მიღებული განათლების აღიარებაზე, ვინაიდან ცენტრის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვერ იქნა მოძიებული ჰ-----------------–------------------ის თბილისის ფილიალის მიერ 2000-2004 წლებში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელი რაიმე სახის ინფორმაცია, კერძოდ, ჰ----------------–------------------ს თბილისის ფილიალის სახელწოდებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ლიცენზიის მფლობელი სუბიექტი არ იძებნება. ამასთან, ვერ იქნა მოძიებული ჰ----------------–-------------------ს თბილისის ფილიალის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების, შესაბამისად, მ-----------ისათვის საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის უფლებამოსილების, ასევე აღნიშნული პირის სწავლის (მათ შორის მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების) ფაქტის დამდგენი დოკუმენტაცია.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეული იყო კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველი საკითხის გადასაწყვეტად ასევე უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა მ-----------ეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ.

 

უპირველესად, სასამართლომ აღნიშნა, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული იურიდიული საქმიანობის უფლება. ს.ზ.ა.კ-ის თანახმად, აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს კანონიერი ნდობა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აქტის გაუქმების რამდენიმე შემთხვევას იცნობს, თუმცა, კოდექსის სიტყვასიტყვითი წაკითხვის საფუძველზე, კანონიერი ნდობის პრინციპი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აქტს აუქმებს საკუთარი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია არა დიპლომის ბათილად ცნობა, არამედ მათი ნამდვილობის დადასტურებაზე უარი, რაც, სასამართლოს რწმენით, განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე (დიპლომის დადასტურებაზე უარი გამორიცხავს მათ გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის), სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (როგორც აღინიშნა, დიპლომი აქტი არ არის), ვერ დააბრკოლებს სასამართლოს, რომ კანონი განმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით; ანუ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც; დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს; ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლოს ღრმა რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს კანონიერი ნდობა არ გააჩნდა დიპლომის მიმართ.

 

სასამართლო ასევე მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის სზაკ- ის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა. სახეზე არ არის აგრეთვე სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს სზაკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა.

 

აღსანიშნავია, რომ ძირითადად სწორედ ამგვარადაა განმარტებული კანონიერი ნდობის პრინციპი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერაც (საქმე ბს-1153-1142(კ-11).

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის N3--გ განკარგულების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „----“-სა და ა---------–-----------–--–----------------------------------ს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქ. თბილისში შეიქმნა ჰ----------------------------–---–ი. დიდუბის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებით დარეგისტრირდა შპს ჰ----------------–------------------ს თბილისის ფილიალი. აღნიშნული დაწესებულება საქმიანობდა საქართველოში ლიცენზირების გარეშე. შესაბამისად, მის მიერ წარმოებული სასწავლო პროცესი ჩართული არ იყო საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში, თუმცა მხარდაჭერილი იყო საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან და სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა დამფუძნებელი სასწავლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, ასევე სასწავლო პროგრამებით. ამასთან, მნიშვნელოვანია პირის ნდობა უნივერსიტეტისადმი, რომელიც წლების მანძილზე ფუნქციონირებს და შეუფერხებლად წარმართავს სასწავლო პროცესს. მითუმეტს, რომ მოცემული დავის ფარგლებში თავად მესამე პირმა დაადასტურა, რომ საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის N3--გ განკარგულებისადმი ნდობა გააჩნდა თავად უნივერსიტეტს, ვინაიდან აღნიშნული განკარგულებით უნივერსიტეტი მოქმედებდა საქართველოს განათლების სამინისტროს მეთოდური უზრუნველყოფის ფარგლებში და ამ პროცესში, მხოლოდ 2005 წელს მიიღო მითითება საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზირების აუცილებლობის თაობაზე, რაც მყისიერად შესრულდა უნივერსიტეტის მხრიდან, ხოლო სახელმწიფოს უნივერსიტეტის საქმიანობაში ლიცენზირების გამომრიცხავი ფაქტორები არ დაუდგენია, ლიცენზია გაიცა დაუბრკოლებლად (იხ. სხდომის ოქმი). შესაბამისად, სტუდენტისათვის, რომელიც ენდობოდა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საწავლო პროცესის წარმათვის კანონიერების პრინციპს, იმთავითვე ვერ იქნებოდა ცნობილი უნივერსიტეტის ფილიალის არალიცენზირებულობის თაობაზე. აღნიშნული გარემოება თავისთავად გამორიცხავს განათლების მიმღები პირის რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების დადასტურების შესაძლებლობას, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა აღმჭურველი აქტის კანონიერი ნდობის პრინციპზე.

 

3.5. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 17 ივლისის №M---------------- გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ამასთან, უკანონოდ ზღუდავს მას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 17 ივლისის M---------------- გადაწყვეტილება საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ-----------ის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში - ჰ----------------–------------------ს თბილისის ფილიალში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

4.1. აპელანტი მიუთთებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების 4.1.3 პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, რომ ა---------–------------------ს სასწავლო საბჭომ მ-----------ის სახელზე გასცა დიპლომი, რომლის თანახმად, მ-----------ემ გაიარა სწავლების კურსი და დააკმაყოფილა ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხისთვის გათვალისწინებული უნივერსიტეტის მოთხოვნები და მიენიჭა აღნიშნული ხარისხი ყველა თანდართულ უფლებასთან, პრივილეგიასთან და იმუნიტეტთან ერთად, რაც დამოწმებული იქნა ბეჭდით, 2004 წლის 15 ივნისს.

 

აღნშნულზე ცენტრი განმარტავს, რომ კვალიფიკაციის მინიჭება, როგორც სამართლებრივი შედეგების გამომწვევი ქმედება, გულისხმობს არა მხოლოდ უშუალოდ ფაქტის განხორციელებას, არამედ, ამ მოვლენის კანონმდებლობის დაცვის პირობებში დადგომას. კერძოდ, კონკრეტული პირისათვის კვალიფიკაცია, სამართლებრივი გაგებით, მინიჭებულად ჩაითვლება, როცა პირისა თუ დაწესებულების მხრიდან დაცულია აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნები. იმ პირობებში, როცა სახეზე არ იყო ლიცენზირებულ რეჟიმში საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა და შესაბამისად მ-----------ის მიერ ამ დაწესებულებაში მიღებული განათლება, სახელმწიფო ვერ აღიარებს ასეთ პირობებში მინიჭებულ კვალიფიკაციას, რის საფუძველზე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტიც დღეს არ ექვემდებარება ნამდვილობის დადასტურებას. განსახილველ პერიოდში მოქმედი შესაბამისი ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო საქმიანობა წარმოადგენდა ლიცენზირებას დაქვემდებარებულ საქმიანობას, რიგი საჯარო სამართლებრივი მიზნებიდან გამომდინარე. 2005 წლამდე (სანამ აკრედიტაციის გავლის ვალდებულება შემოვიდოდა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში) სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ერთადერთი საფუძველი იყო ლიცენზიის არსებობა. საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ხორციელდება გამოკვლევა დაწესებულების საქმიანობის სამართლებრივი სტატუსი, (ლიცენზირება/ინსტიტუციური აკრედიტება). მოცემულ შემთხვევაში სწორედ ზემოაღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ცენტრის მიერ პირისათვის საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმა. კერძოდ, ცენტრში დაცული უწყებრივი სალიცენზიო მონაცემების მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006 წლის 20 იანვარს „ა---------–-----------------–-----------------ის თბილისის ფილიალი კოლეჯზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0------ ლიცენზია. იმ დროისათვის მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 66 (1) მუხლის თანახმად, ა---------–-----------------–-----------------ის თბილისის ფილიალი კოლეჯი, როგორც ახლადდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ჩაითვალა ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად 5 წლის ვადით. ამდენად, აღნიშნული დაწესებულების სამართლებრივი სტატუსი, ანუ მისი, სამართლებრივი კუთხით არსებობა იწყება მხოლოდ 2006 წლიდან, შესაბამისად, ამ პერიოდამდე მას არ ჰქონდა უფლება განეხორცილებინა საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების 4.1 პუნქტში თავადვე მიიჩნევს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას ა---------–-----------------–-----------------ის თბილისის კოლეჯზე ლიცენზიის 2006 წელს გაცემის ფაქტს, თუმცა, საბოლოოდ აღნიშნული მოცემულობა გადაწყვეტილებაში, შესაბამისი შედეგების თვალსაზრისით, არ არის ასახული.

 

ამდენად, სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება წარმოადგენს, როგორც მოცემულ საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომის, ასევე, ზემოხსენებული ,,წესის'' არასწორ ინტერპრეტაციას - მის რეგულაციის არსთან და მიზანთან შეუსაბამო სამართლებრივი დასკვნის დემონსტრირებას.

 

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის N3/5077-18 გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან სასამართლომ დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ სცნო ბათილად ცენტრის 2018 წლი 17 ივლისის N9----- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ცენტრს დაავალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ-----------ის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში - ჰავაის ა---------–-----------------–-----------------ის თბილისის ფილიალში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.

 

1) სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლი, რომელიც აქტის ბათილად ცნობის პირობებს განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ცენტრმა დაიცვა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება. შესაბამისად, გადაწყვეტილებები მიიღო კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

სასამართლო თავად უთითებს, რომ დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადაო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამავდორულად, კი იმ მოცემულობით, როცა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ყველა საკანონმდებლო დანაწესი სრულყოფილადაა შესრულებული და დაცული, აქტი მაინც იქნა ბათილად ცნობილი, რაც ნიშნავს, იმას, რომ სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ეწინააღმდეგება მის მიერვე ხსენებულ ზოგად, მაგრამ ძირეულ დანაწესს.

 

2) სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით ,,სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.“

 

აღნიშნული საერთაშორისო აქტებით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე, როგორც საზოგადოებისათვის ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.

 

სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.

 

იგივე უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს არა მხოლოდ უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის გარანტიას, არამედ სამართლიანი გამჭვირვალე სასამართლოს უფლებას, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების ამომწურავად შეფასებას.

 

3) სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები.

 

სასამართლო უსაფუძვლოდ აპელირებს ცენტრის მიერ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. სასამართლო ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა ცენტრის მხრიდან კონსტიტუციის დებულებების დარღვევა. სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ნორმათა ციტირებითა და მათი ფორმალური მითითებით, რაც დაცლილია ნორმის მითითების სამართლებრივი ლოგიკისაგან. აღსანიშნავია, რომ სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესის პრაქტიკულ რეალიზებას ემსახურება ცენტრის თითოეული ქმედება, კერძოდ, ცენტრის მიზანია, ყველას ჰქონდეს თანაბარ პირობებში განათლების მიღების უფლება, საბოლოოდ კი, ხარისხიანი განათლებით უზრუნველყოფილი იქნეს ქართული საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაცია საერთაშრისო საგანმანათლებლო სივრცეში. ცენტრის მხრიდან არათუ დარღვეულია კონსტიტუციური დებულება, არამედ პირიქით, სრულად არის იგი დაცული. მხოლოდ ხარისხიანი, შესაბამისად კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიღებული განათლება წარმოედგენს სამართლით დაცულ სიკეთეს. ცენტრი, სწორედ ის ადმინისტრაციული ორგანოა, რომელსაც საკანონმდებლო დონეზე ევალება განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობს სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის სრულყოფილ და ჯეროვან დაცვას. ზოგადად, ცენტრს არავისთვის აუკრძალავს (და ვერც აუკრძალავს) განათლების სასურველი ფორმით, სასურველ დაწესებულებაში მიღება, ეს ცხადია, კონკრეტული პირის არჩევანია, თუმცა, ის თუ რამდენად მოხდება ამ განათლების სახელმწიფო დონეზე აღიარება, ეს უკვე დამოკიდებულია კონკრეტულ საკანონმდებლო დანაწესებზე, რისი დაცვის უპირველესი ვალდებულბაც სწორედ სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აკისრია. შეუძლებელია ცენტრის აქტი არღვევდეს საქართველოს კონსტიტუციას და ზღუდავდეს კონკრეტული პირის, მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის უფლებას მიიღოს განათლება. როგორც უკვე აღინიშნა, მისთვის არ აუკრძალავთ კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების მიღების უფლება. ამასთან, ცენტრს არ უგულებელყვია და არ გაუბათილებია მის მიერ უკვე მიღებული სწავლის შედეგები, არამედ ცენტრმა თავის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მოახდინა იმ ფაქტების კონსტატაცია, რომლებიც დასტურდებოდა სხვადასხვა სახის მტკიცებულებებით და ამ ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მივიდა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგამდე. აქვე საგულისხმოა, რომ ეს სამართლებრივი შედეგი გამომდინარეობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობიდან.

 

სასამართლო, ასევე უთითებს მე-6 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესებამებოდეს კონსტიტუციას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. აღნიშნული მუხლიც მხოლოდ ფორმალურადაა სასამართლოს მხრიდან მოხმობილი, რადგან მას არ მიესადაგება კონკრეტული ფაქტობრივ-სამართლებრივი მოცემულობა. განათლების სფეროში არსებული ყველა საერთაშრისო სამართლებრივი ნორმა განამტკიცებს განათლებას, როგორც ადამიანის ძირითად უფლებას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს დაცული, განხორცილებული და პატივცემული. ამავდროულად, სახელმწიფო შიდა ნორმატიული აქტებით უზრუნველყოფს დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. განათლების კანონმდებლობაში არსებული როგორც აღმჭურველი, ასევე, მავალდებულებელი ხასიათის დანაწესები ემსახურება ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას, რომლის გარეშეც განათლების, როგორც ადამიანის ძირითადი უფლების განმტკიცება მხოლოდ ფორმალური ჩანაწერია, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარეშე აღნიშნული უფლება არა ყველასი, არამედ არავისი გამოდის. არც ერთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტი არ უთითებს, რომ სახელმწიფომ ნორმატიულ დონეზე არ გაწეროს განათლების ხარისხის უზრუნველმყოფი მექანიზმები. ქართული კანონმდებლობა არ მოდის წინააღმდეგობაში საერთაშორისო აქტებთან, შესაბამისად, სასამართლოს მიერ მათზე აპელირება არაა მართებული. ცენტრის მიერ გადაწყვეტილება გამოცემულია ეროვნული და საერთაშორისო აქტების გათვალისწინებით, მათი მოთხოვნების დაცვითა და შეჯერებით.

 

სასამართლო, ასევე, აპელირებს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს, ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. აღნიშნული დანაწესიც მოკლებულია ნორმის გამოყენების ლოგიკას, რადგან არაა საკმარისი მსჯელობა განვითარებული თუ რა კუთხით მიესადაგება იგი მოსარჩელის სახელზე გამოცემული აქტის კანონიერება-უკანონობას. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას, რომ საჯარო დაწესებულებამ მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა, ცენტრი, ცალსახად და აბსოლუტურად ეთანხმება ამ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ იგი მოქმედებდა სწორედ ხსენებული დანაწესის ფარგლებში. ცენტრის ყოველი გადაწყვეტილება განმსჭვალულია განათლების უფლების ნამდვილი შინაარის გაზიარებისა და პრაქტიკული რეალიზების მოტივით, შესაბამისად, სახეზე არ არის უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ ზოგადად, ზემოხსენებულ ჩარჩო ნორმებზე აპელირებით, რეალურად, სასამართლო განათლების უფლების ხელშეშლასა და დაბრკოლებაში საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის" არსებობას და მის პრაქტიკაში რეალიზებას მოიაზრებს, ამგვარი განმარტება ზიანს მიაყენებს ქვეყანაში არსებულ განათლების სისტემას, მეტიც არღვევს სახელისუფლებო შტოთა გაწონასწორების პრინციპს. ამასთან, ნორმათა არაკონსტიტუციურად მიჩნევის შემთხვევაში, სასამართლოს აქვს რეაგირების კანონთან შესაბამისი ბერკეტი, რაც არ გულისხმობს, მოქმედი საკანონმდებლო აქტის იგნორირებასა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონიერების პრინციპის დარღვევისაკენ მითითებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო პრაქტიკულად უგულებელყოფს მოქმედ სამართლებრივ რეალობას და ეჭვქეშ აყენებს საგანმანათლებლო ინსტიტუციების ლეგიტიმაციას.

 

4) სასამართლო უთითებს ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ'' საქართველოს კანონის რეგულაციებზე, მის მიზნებსა და ზოგადად, ცენტრის ფუნქციებზე, ასევე, ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების ,,წესის'' შესაბამის ნორმებზე. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტსა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. სასამართლო არ ახდენს აღნიშნულ ნორმასთან განსახილველ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მისადაგებას, კერძოდ: ა---------–-----------------–-----------------ი (თბილისის ფილიალი) 2000-2004 წლებში არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, რადგანაც მის სახელზე პირველი ლიცენზია გაიცა 2006 წელს. შესაბმისად, ვერ დგინდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტი. სასამართლო უთითებს ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ'' საქართველოს კანონის 25-ე პრიმა მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას. აღნიშნული მუხლის მოხმობის შემდგომ სასამართლო ავითარებს მსჯელობას, რომ კანონმდებელი მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას ანიჭებს იმ პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, ხოლო ცენტრის უფლებამოსილებას წარმოადგენს იმ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების საკითხის განხილვა, რომელიც არსებული მდგომარეობით არ ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. ცენტრი აღნიშნულთან მიმართებით განმარტავს, რომ ის წარმოადგენს ორგანოს რომლის კომპეტენციაშიც შედის საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების საკითხი. რა დროსაც წარმოების ფარგლებში დგინდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის სამართლებრივი სტატუსი, თუ რამდენად იყო იგი უფლებამოსილი განეხორციელებინა პირის მიმართ კვალიფიკაციის მინიჭება და მის სახელზე გაეცა საგანმანათლებლო დოკუმენტი. შესაბამისად, აუცილებელია პირის მიერ სწავლის პერიოდი იყოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული. განათლების აღიარების მოთხოვნის უპირობო დაკმაყოფილების წინაპირობა არ არის მხოლოდ ის ფაქტი, რომ დაწესებულება აღარ ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. განათლების აღიარების ,,წესის'' პირდაპირი მოთხოვნაა, რომ განსახილველ პერიოდში საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებას ეფუქციონირა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაითლებოდა მინიჭებული კვალიფიკაცია იურიდიული შედეგების გამომწვევ ქმედებად.

 

ამდენად, ცენტრს მიაჩნია, რომ გაუმართლებელია სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებისთვის იმ პროცედურული ნორმის მოშველიება, რომელსაც საქმეში არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე ვერ ესადაგება შესაბამისი მოცემულობა.

 

5) ამავდროულად, სასამართლო მოიხმობს, თუმცა ფაქტობრივ გარემოებებს არ უსადაგებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის'' რიგ დებულებებს და ამასთან, უსაფუძვლოა სასამართლო მსჯელობა ცენტრის მიერ მათ დარღვევასთან დაკავშირებითაც.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია და განხორციელდა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების სპეციალური მარეგულირებელი აქტის - წესის არსისა და მიზნის საწინააღმდეგო განმარტება.

 

ზემოაღნიშნული ,,წესი'' განმარტავს, თუ რას ნიშნავს საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება და საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარება, კერძოდ, წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. ამავე წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. მთელი ზემოახნიშნული, მსჯელობა, ცხადია, წარმოადგენს ნორმატიულ სინამდვილეს, რომელთა საფუძველზეც სასამართლო ასკვნის, რომ ხსენებული ,,წესი'' ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. ამავე „წესის“ მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით კი ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. მე-2 პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს; ხოლო პირის მიერ პროგრამის ნაწილობრივ გავლა – საგანმანთლებლო პროგრამის შესაბამისი ნაწილის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, განმცხადებლები განცხადებას დაურთავენ მიღებული განათლების დამადასტურებელ მათ ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს ან/და მიუთითებენ ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) აღიარებს პირის მიერ მიღებულ განათლებას; ბ) უარს ამბობს პირის მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე.

 

6) განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებით განისაზღვრება განათლების რა ნაწილი იქნა მიჩნეული აღიარებულად.

 

სწორედ აღნიშნულის შესაბამისად გამოიცა ცენტრის მიერ 2018 წლის 17 ივლისის N9----- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო თავადვე უთითებს იმ გარემოებაზე, რაც ცენტრის მხრიდან მიჩნეულია მოსარჩელის განათლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებად, თუმცა არ მიიჩნევს მას საკმარის ფაქტობრივ სამართლებრივ საფუძვლად და აკმაყოფილებს სასარჩელო მოთხოვნას. ზემოხსენებული საკანონმდებლო მოცემულობისა და იმ ფატობრივი გარემოების ფონზე, რომ 2006 წლამდე დაწესებულებას, სადაც მოსარჩელე მ-----------ემ მიიღო განათლება არ გააჩნდა ლიცენზია, სასამართლო მაინც სრულიად უსაფუძვლოდ არ იზიარებს ცენტრის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

ზემოხსენებული წესის მოქმედების პირობებში ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია საქმეზე სხვაგვარი რეაგირების შესაძლებლობას, ისევე, როგორც სასამართლოა ვალდებული მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და დაასაბუთოს იგი მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით.

 

7) აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლო უგულებელყოფს შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ მოცემულობას:

 

მ-----------ე 2000 წელს ჩაირიცხა ჰ----------------–------------------ს თბილისის ფილიალიში, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე, 2004 წლის 15 ივნისს დაასრულა ა---------–-----------------–-----------------ის თბილისის ფილიალის საბაკალავრო პროგრამა, მიენიჭა კვალიფიკაცია და მის სახელზე გაიცა შესაბამისი დიპლომი.

 

ამასთან, ცენტრში დაცული უწყებრივი სალიცენზიო მონაცემების მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006 წლის 20 იანვარს „ა---------–-----------------–-----------------ის თბილისის ფილიალ კოლეჯზე“ გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0------ ლიცენზია. იმ დროისათვის მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 66 (1) მუხლის თანახმად, ა---------–-----------------–-----------------ის თბილისის ფილიალი კოლეჯი, როგორც ახლადდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ჩაითვალა ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად 5 წლის ვადით. (2010 წლის 28 ივნისიდან ა---------–-----------------–-----------------ის თბილისის ფილიალ კოლეჯს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ა---------–-----------------–-----------------ის თბილისის ფილიალი - სასწავლო უნივერსიტეტი. სსიპ - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის 2010 წლის 26 აგვისტოს №2--- გადაწყვეტილებით, ა---------–-----------------–-----------------ის თბილისის ფილიალ - სასწავლო უნივერსიტეტს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 5 წლის ვადით. "უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-20 და 88-ე მუხლის მე-3 პუნქტების შესაბამისად, ა---------–-----------------–-----------------ის თბილისის ფილიალი - სასწავლო უნივერსიტეტი ჩაითვალა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ინსტიტუციური აკრედიტაციის დარჩენილი ვადით (2015 წლის 26 აგვისტომდე). ა---------–-----------------–-----------------ის თბილისის ფილიალ - სასწავლო უნივერსიტეტს 2015 წლის 26 აგვისტოს ამოეწურა ავტორიზაციის ვადა.) შესაბამისად, მას საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ 2006 წლიდან, აღნიშნული გამომდინარეობს მოცემული პერიოდისთვის არსებული სaმართლებრივი რეგულირებებიდან, კერძოდ: სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის, (ლიცენზია – სახელმწიფო ორგანოს სპეციალური ნებართვა, რომელიც ლიცენზიის მფლობელს აძლევს უფლებას განსაზღვრული პირობების დაცვით განახორციელოს გარკვეული სახის საქმიანობა); მე-4 მუხლის პირველი პუნქტის "ლ" ქვეპუნქტის, (კერძო აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობაზე ლიცენზიის გამცემი ორგანო – საქართველოს განათლების სამინისტრო;) "სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ა" ქვეპუნქტისა (ლიცენზია – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, განუსაზღვრელი ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით;) და მე-6 მუხლის "ვ" ქვეპუნქტის, (აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებათა საქმიანობაზე ლიცენზიის გამცემი ორგანო – საქართველოს განათლების სამინისტრო;) "საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის "ვ" ქვეპუნქტის, (ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა (ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიებს გასცემს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) და მე-4 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის, (ლიცენზირებადი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობის ერთ-ერთი სახეა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა) "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "ა" ქვეპუნქტისა (ლიცენზია – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება) და მე-6 მუხლის 28-ე პუნქტის (საქმიანობის ლიცენზიის ერთ-ერთი სახეა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია) ნორმებიდან გამომდინარე, ა---------–-----------------–-----------------ის (თბილისის ფილიალი) 2006 წლის 20 იანვრამდე არ იყო უფლებამოსილი განეხორციელებინა ლიცენზირებას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობა (ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი), მოცემულ შემთხვევაში - უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელიც დასრულდებოდა კვალიფიკაციის მინიჭებით და სახელმწიფოს მიერ აღიარებული აკადემიური ხარისხის (მათ შორის - ბაკალავრის აკადემიური ხარისხის) ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემით. შესაბამისად არ არსებობს 2006 წლის 20 იანვრამდე განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად მიღებული განათლების აღიარების სამართლებრივი საფუძველი.

 

შესაბამისად, მოსარჩელის მიერ არა რამდენიმე თვე ან წელი, არამედ, საბაკალავრო პროგრამა სრულად გავლილია არალიცენზირებულ დაწესებულებაში.

 

ზემოხსენებული ფაქტობრივ - სამართლებრივი გარემოებები უგულებელყოფილია სასამართლო გადაწყვეტილებით, ამასთან, ყურადღება მახვილდება მოცემულობაზე, რომლის მიხედვითაც, ხსენებულ დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესი მხარდაჭერილი იყო სახელმწიფო უწყებათა მხრიდან, თუმცა, ამის ობიექტურად გამოკვეთილი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, გარდა მესამე პირის ახსნა განმარტებისა. საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მხარდაჭერის და სახელმწიფოს ნებართვის ერთადერთი ფაქტი იყო ლიცენზიის მინიჭება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სასამართლო, ასევე, უთითებს, საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1995 წლის 28 ივნისის N 3--გ განკარგულებაზე, აღსანიშნავია, რომ ამ განკარგულებით მხოლოდ გადაწყდა ზემოხსენებული დაწესებულების ფილიალის თბილისში შექმნა. ეს განკარგულება არ წარმოადგენდა მისი ფუნქციონირების სამართლებრივ საფუძველს, არამედ იგი იყო მხოლოდ მხარეთა შორის გამოხატული ნების სამომავლო რეალიზებაზე შეთანხმება. აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტი არ მოქმედებდა სამინიტროს მეთოდური უზრუნველყოფის ფარგლებში. აღნიშნულზე შესაბამის უწყებას ინფორმაცია არ მოიპოვება. ცხადია, ეს ლოგიკურიცაა, რადგან ჯერ დაწესებულებას უნდა მიემართა სამინისტროსთვის ლიცენზიის მინიჭების მოთხოვნით, რასაც მოყვებოდა რიგი ღონისძიებები, რომელთა მეთოდური უზრუნველყოფის სახეთათვის მიკუთვნება იქნებოდა შესაძლებელი.

 

შესაბამისად, ის ფაქტორბივი გარემოებები, რასაც სასამართლო ეყრდნობა, ვერ შეცვლიდა ლიცენზიის არსს, მიზანს, მის საჭიროებას. ზემოხსენებული განკარგულებისადმი ნდობა ვერ ექნებოდა დაწესებულებას, რადგან, მათთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ლიცენზიის არსებობის თაობაზე და მხოლოდ მის საფუძველზე საქმიანობის სავალდებულოობის შესახებ. ლიცენზიით განსახორციელებელი საქმიანობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მის საფუძველზე, აღნიშნულ დოკუმენტს, სხვა სახის, მაგ. პირთა შორის შეთანხმება და ა.შ. ვერ ჩაანაცვლებს, რასაც ასევე გაუთავებლად აპელირებს მესამე პირი - საქმიანობაშეწყვეტილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი.

 

ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებაში უთითებს, რომ შესაბამისი ნორმატიული აქტები ცენტრს განათლების მიღების ფაქტის დადგენას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი. ამასთან, ირიბადაც არ არის მითითება თუ რა გარემოება არ გამოიკვლია ცენტრმა. სწორედ გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ დადგინდა, რომ სახეზე არ იყო დაწესებულების იმგვარი სამართლებრივი სტატუსი (ლიცენზიის ქონა) რც შესაძლებელს გახდიდა მიღებული განათლების აღიარებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილების მიღების არგუმენტაცია აცდენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის'' იმ ნორმათა შინაარსსა და მიზანს, რომლებითაც რეგულირებულია საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვდილობის დადასტურებისა და განათლების აღიარების პროცედურა.

 

8) სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60-ე (1) მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გარანტირებულ კანონიერი ნდობის პრინციპის არსი და მისი მნიშვნელობა.

 

საგულისხმოა, რომ ცენტრმა იმსჯელა უმაღლესი განათლების დიპლომის მიმართ მ-----------ის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხის თაობაზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60(1) მუხლით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ცენტრმა მიიჩნია, რომ ის არ იზღუდება კანონიერი ნდობის პრინციპით, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს, იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. კანონიერი ნდობის მარეგულირებელი ნორმის გამოყენების საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოს, საზოგადოებისა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე მეტყველებს შესაბამისი ლიცენზიის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი, როდესაც საქმიანობის აღნიშნული რეგულირებიდან გამომდინარე, კონკრეტული, ლიცენზირებას დაქვემდებარებული იურიდიული პირის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობისადმი სახელმწიფოს, საზოგადოებასა და მესამე პირებს გააჩნდა მომეტებული ინტერესი, ვინაიდან უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების/საქმიანობის შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან.

 

გარდა ამისა, დიპლომი არ წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის იმ სამართლებრივ ფორმას, რომელთან მიმართებითაც, ფორმალურად მაინც, შესაძლებელია კანონიერი ნდობის საკითხზე მსჯელობა, კერძოდ, დიპლომს არ გააჩნია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბუნება. ამავდროულად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად (ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე) ადგენს, რომ კანონიერი ნდობის საკითხი მიემართება მხოლოდ აღმჭურველ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საკითხის მომწესრიგებელი დანაწესებიდან ნათლად იკითხება კანონმდებლის ნება, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ ზემოაღნიშნულ საქმიანობის სამართლებრივ ფორმასთან მიმართებითაა შესაძლებელი დაცულ იქნეს აქტის ადრესატის კანონიერი ინტერესები კანონიერი ნდობის, როგორც დამცველობითი ფუნქციის მქონე ინსტიტუტის მეშვეობით.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ვრცელდება სწორედ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (ცენტრი) ბათილად ცნობს თავის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამიტომ იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმა ცენტრმა გამოიყენოს გადაწყვეტილების მიღებისას, ცენტრის მიერ უნდა იყოს განხორციელებული ისეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც მ-----------ემ მიიღო რაიმე უფლება ან სარგებელი. გამოცემული აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ბათილად ცნობდა მ-----------ის მიმართ ადრე გამოცემულ აქტს, რომლითაც იგი აღიჭურვა გარკვეული უფლებით ან რომლითაც მან მიიღო სარგებელი. (მეტიც, მოცემულ საქმეში განსახილველია განათლების აღიარების საკითხი, შესაბამისად, არსობრივად, ამეტაპზე არც არსებობს მოსარჩელის სახელზე გამოცემული აქტი). ამდენად, აღნიშნულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია.

 

ამასთან, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს, იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. კანონიერი ნდობის მარეგულირებელი ნორმის გამოყენების საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოს, საზოგადოებისა და სხვა პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე მეტყველებს ლიცენზიის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი, ამგვარი საქმიანობის შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან. საგულისხმოა ისიც, რომ კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს. იგი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. ცხადია, ეს გულისხმობს, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი თავისი მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს, უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

 

ამდენად, თუნდაც დავუშვათ, რომ დიპლომთან მიმართებით შესაძლებელია არსებობდეს კანონიერი ნდობა, მოცემულ შემთხვევაში კანონიერების პრინციპს, ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, უნდა მინიჭებოდა უპირატესი მნიშვნელობა კანონიერი ნდობის პრინციპთან მიმართებით. საქართველოს უზენაესი სასამართლო ვრცლად მსჯელობს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპის შეპირისპირებაზე. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ "აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (მიუხედავად მისი უკანონობისა) განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება ემსახურება ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერი ნდობის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მმართველობის ავტორიტეტს და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებას. ამ პირობებში უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვანესი კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს შორის კონფლიქტი და თანაზომიერების პრინციპის მეშვეობით დადგინდეს, თუ რომელი პრინციპის დაცვა არის კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტული, რომელი პრინციპია აღმატებული ხარისხის და რომლის უზრუნველყოფა არის დაცვის ღირსი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის ,,კანონიერების პრინციპი", რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. ამ მნიშვნელოვან პრინციპს უპირისპირდება კანონმდებლის მიერ აღიარებული ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი". ორივე პრინციპი კონსტიტუციური რანგისაა და გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან. ამდენად, შეუძლებელია ცალსახად პრობლემის გადაწყვეტა. ადმინისტრაციული წარმოებისა და ადმინისტრაციული სასამართალწარმოების ამოცანაა კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მოახდინონ ამ ორი პრინციპის შეპირისპირება და თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღება. (#-ბს-143-137(კ-10), 6 ივლისი, 2010 წელი). შესაბამისად, იმ პირობებში, თუ სასამართლო ჩათვლიდა, რომ დიპლომთან (რომელიც არ არის ინდივიდიულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) მიმართებითაც შესაძლებელია კანონიერი ნდობის პრინციპზე მსჯელობა, მას მყარად უნდა დაესაბუთებინა რა გარემოებებზე დაყრდნობით ჩათვალა, რომ კანონიერების პრინციპი მოცემულ შემთხვევაში არ იყო უპირატესი მნიშვნელობის მქონე. სასამართლო გადაწყვეტილებით გაბათილებული უნდა ყოფილიყო ცენტრის აქტში ასახული დასაბუთებული მსჯელობა, საიდან გამომდინარეც მოსარჩელეს არ გააჩნდა კანონიერი ნდობა. აღნიშნულის გარეშე, მხოლოდ კანონიერი ნდობის პრიმატზე მითითება და მასზე გადაწყვეტილების დაყრდნობა, კანონსაწინააღმდეგო შედეგის არსებობის წინაპირობაა. კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენება არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს განათლების სისტემის სამართლებრივად გამართულ ფუნქციობირებას.

 

შესაბამისად, გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით დაადგინა სასამართლომ კანონიერი ნდობის პრიმატი კანონიერების პრინციპთან მიმართებით. ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება აზრს უკარგავს ადმინისტრაციულ წარმოებას და ადმინისტრაციულ ორგანოს აიძულებს მიიღოს აშკარად კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რითიც უგულებელყოფს კანონიერების პრიცნიპს.

 

მოცემულ შემთხვევაში, ცენტრმა გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და განათლებსი აღიარების „წესის“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა „წესის" ნორმები, რომლებიც საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების და განათლების აღიარების პროცედურასა და წესს არეგულირებენ.

 

შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას ცენტრმა შეამოწმა სახეზე იყო თუ არა შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები მ-----------ის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის. მოცემულ შემთხვევაში ცენტრმა იმოქმედა მმართველობის კანონიერების პრინციპის შესაბამისად.

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასეთი ფართო განმარტება, საფრთხეს უქმნის თავად სასამართლო წარმოების მიზანს, მიღებულ იქნას კანონთან შესაბამისი, სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება. საკანონმდებლო რეგულაციებისაგან ამდენად განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რაც შესაძლოა გამომდინარეობდეს სასამართლოს შინაგანი რწმენიდან (თუმცა, შინაგანი რწმენის საფუძველსაც კანონი წარმოადგენს), უდავოა, რომ გადაწყვეტილება მოითხოვს მეტ დასაბუთებასა და არგუმენტაციას.

 

9) არარელევანტურია სასამართლოს მიერ მოხმობილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ. სასამართლოს მიერ მითითებული გადაწყვეტილების შინაარსი არსებითად განსხვავდება სადავო საკითხის ფაქტობრივი გარემოებებისაგან. მსგავსი დასაბუთების მქონე გადაწყვეტილებები ეჭვქვეშ აყენებს რეალური მართლმსაჯულების განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მართებული არ არის მის საფუძველზე გადაწყვეტილების გამყარება. ცენტრს არ დაურღვევია პირის განათლების უფლება, რამდენადაც იგი მოქმედებდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაწესების დაცვით, საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.

 

10) სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილი შინაარსი.

 

საგულისხმოა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, ლიცენზირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის პირობებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა არღვევს სხვა პირთა (ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ის პირები, რომლებმაც სწავლა დაასრულეს იმავე ან ანალოგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის სახელმწიფოს მხრიდან აღიარების რეჟიმში და მოიპოვეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება ან ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის ამავე ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების ის სტუდენტები, რომელთაც არ მიეცათ სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ან რომლებმაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება) უფლებებს, რა დროსაც ვერ ხორციელდება ყველასათვის თანაბარი უფლების რეალიზაცია. არათანასწორი მოპყრობის პირობებში ადგილი აქვს მნიშვნელოვნად თანასწორისადმი თვითნებურად უთანასწოროდ ან მნიშვნელოვნად უთანასწოროსადმი თვითნებურად თანასწორად მოპყრობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანასწორობის პრინციპის დარღვევად ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან კანონის ნორმის ადრესატთა ერთი ჯგუფისადმი ადრესატთა მეორე ჯგუფთან შედარებით განსხვავებულად მოპყრობა იმის მიუხედავად, რომ ჯგუფებს შორის არ არსებობს ისეთი მასშტაბის განსხვავება, რომლითაც შეიძლება გამართლებული იქნეს უთანასწორო მოპყრობა. ზემოხსენებული სამართლებრივი აქტების საფუძველზე, არ დგინდება კანონის ნორმის ადრესატთა დიფერენცირების (არათანასწორი მოპყრობის) ლეგიტიმური საჯარო მიზანი, დიფერენცირების გამოსადეგი კრიტერიუმის, დიფერენცირების ინტენსივობისა და სიძლიერის აუცილებლობის და თავად დიფერენცირების შესაბამისობის (ზომიერების) არსებობა.

 

11) ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ არსებობს მყარი საფუძველი დასკვნისათვის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამდენად, სახეზე არ არის აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები, ვინაიდან იგი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მატერიალური და ფორმალური კანონიერების წინაპირობების დაცვით, შესაბამისად, არც ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების წინაპირობა არსებობდა.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

6. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

7. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)

 

7.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას. დამატებით, პალატა აღნიშნავს:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ხოლო, ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ასაჩივრებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 17 ივლისის MES 4 1----------- გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

7.2. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართული იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 17 ივლისის MES 4 1----------- გადაწყვეტილება საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, კერძოთ მ-----------ის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში - ჰ----------------–------------------ს თბილისის ფილიალში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

 

7.3. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის შესახებ” N98/ნ ბრძანების დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში -ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. მითითებული მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში -სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან -საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში - საგანმანათლებლო რესურსცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.

 

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) აღიარებს პირის მიერ მიღებულ განათლებას; ბ) უარს ამბობს პირის მიერ მიღებული განათლების აღიარებაზე. ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განათლების მიღების ფაქტის დადგენას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.

 

7.4. სააპელაციო პალატა, ზემოთ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, განმარტავს, რომ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, ცენტრმა უნდა დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტი, ასევე უნდა შეამოწმოს კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან, რის საფუძველზეც, ცენტრი: ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას/აღიარებს განათლებას ან უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე/უარს ამბობს განათლების აღიარებაზე.

 

დადგენილია, რომ ა---------–------------------ს სასწავლო საბჭომ, მ-----------ის სახელზე გასცა დიპლომი, რომლის თანახმად, მ-----------ემ გაიარა სწავლების კურსი და დააკმაყოფილა ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხისთვის გათვალისწინებული უნივერსიტეტის მოთხოვნები და მიენიჭა აღნიშნული ხარისხი ყველა თანდართულ უფლებასთან, პრივილეგიასთან და იმუნიტეტთან ერთად, რაც დამოწმებული იქნა ბეჭდით, 2004 წლის 15 ივნისს.

 

დადგენილია ასევე, რომ ა---------–-----------------–-----------------ის თბილისის ფილიალ - სასწავლო უნივერსიტეტის საარქივო დოკუმენტაციის მფლობელის 2----–-–---------–------- წერილით, სსიპ განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრს ეცნობა, რომ ზურაბ აბაშიძე 1995-2005 წლებში ნამდვილად იყო ჰ----------------–------------------ს თბილისის ფილიალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და შესაბამისად, შეუძლია დაადასტუროს, რომ 2000-2004 წლებში მ-----------ე ნამდვილად სწავლობდა უმაღლეს სასწავლებელში, რომლის სრული საბაკალავრო კურსი ბიზნესის ადმინისტრირებაში დაასრულა 2004 წლის ივნისში და მიენიჭა შესაბამისი კვალიფიკაცია, რის საფუძველზეც, სათაო უნივერსიტეტის მიერ გადაეცა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი (No K-------). ვინაიდან ჰ----------------–------------------ს თბილისის ფილიალი წარმოადგენდა ა---------–------------------ს ფილიალს საქართველოში, რომელიც ახორციელებდა სათაო უნივერსიტეტის მიერ დადგენილ/შემუშავებულ საბაკალავრო პროგრამებს და სწავლების დასრულების მერეც დიპლომით თვითონ უზრუნველყოფდა კურსდამთავრებულს, არანაირი სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოება ფილიალში არ ხორციელდებოდა - ყოველ წელს ჩამოდიოდა შტატებიდან უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და ეწყობოდა დიპლომების საზეიმო ვითარებაში გადაცემა, რაც არაერთხელ გაშუქებულა ტელევიზიის სხვადასხვა არხის მიერ. რაც შეეხება ოქმს/ბრძანებას - უნივერსიტეტის ლიკვიდაციის შემდეგ, სამწუხაროდ, ეს დოკუმენტები არ დაარქივებულა, თუმცა ხელმისაწვდომია მ-----------ის (ისევე, როგორც ყველა მაშინ არსებული სტუდენტის) პირადი საქმეები.

 

დადგენილია რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 17 ივლისის M---------------- გადაწყვეტილებით, მ-----------ეს უარი ეთქვა ჰ----------------–------------------ს თბილისის ფილიალში 2000-20004 წლებში მიღებული განათლების აღიარებაზე, ვინაიდან ცენტრის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვერ იქნა მოძიებული ჰ----------------–------------------ს თბილისის ფილიალის მიერ 2000-2004 წლებში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელი რაიმე სახის ინფორმაცია, კერძოდ, ჰ----------------–------------------ს თბილისის ფილიალის სახელწოდებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ლიცენზიის მფლობელი სუბიექტი არ იძებნება. ამასთან, ვერ იქნა მოძიებული ჰ-----------------–------------------ის თბილისის ფილიალის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების, შესაბამისად, მ-----------ისათვის საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის უფლებამოსილების, ასევე აღნიშნული პირის სწავლის (მათ შორის მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების) ფაქტის დამდგენი დოკუმენტაცია (ს/ფ 71-74)

 

7.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აგრეთვე, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს, წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის კანონიერება, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით, მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს, უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს ასევე კანონიერი ნდობის პრინციპი, რომელიც გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან, რომელიც კრძალავს ისეთ მმართველობით საქმიანობას, რომელიც თავის მხრივ კანონიერია, მაგრამ იწვევს მისი ადრესატის კანონიერი ნდობის გაცრუებას.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დავის საგანია მოსარჩელის მიერ მიღებული განათლების აღიარების საკითხი და დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ სრული მოცულობით უნდა გავრცელდეს კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია.

 

7.6. სააპელაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. ამასთან, ისეთ შემთხვევებში, როცა სახეზეა ადმინისტრაციული სამართლის ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის (მმართველობის კანონიერების პრინციპი და კანონიერი ნდობის პრინციპი) შეპირისპირების აუცილებლობა, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ერთ-ერთს, ვინაიდან სამართლებრივი სახელმწიფოს არსებითი ელემენტია სამართლებრივი სტაბილურობა, სამართლებრივი უსაფრთხოება, რომელიც უპირველეს ყოვლისა ნიშნავს პირის ნდობის დაცვას. კანონიერი ნდობა დაცვის ღირსია, თუ დაინტერესებულმა მხარემ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება. ამასთან, საქმეზე არ დასტურდება მოსარჩელე მხარის მხრიდან კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებების: ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენის, ზეწოლის, მოტყუების, ქრთამის მიცემის ან სხვა უკანონო ქმედების ჩადენა. სააპელაციო პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელე ენდობოდა მასზე გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც მოცემულ შემთხვევაში ბოჭავს ადმინისტრაციულ ორგანოს - არ აღიაროს პირის მიერ მიღებული უმაღლესი განათლება.

 

სააპელაციო სასამართლოს პოზიცია განათლების საკითხებთან მიმართებაში არის ცალსახა, პალატა მიიჩნევს, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას. თუმცა, პალატა თვლის, რომ კანონით გაცხადებული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიის არჩევისა და განათლების მიღების ეტაპზე, ხელი უნდა შეეშალოს არაპროფესიული კადრების მომზადების და ინტელექტუალურ ბაზარზე მათ შემოღწევის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გართულებები, რაც თან ახლავს ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და მეორეს მხრივ, იმავე სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, ვინაიდან, დიპლომის აღიარებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომისა თუ განხორციელებული ცალკეული მოქმედების მიმართ წარმოეშვათ კანონიერი ნდობა.

 

სააპელაციო სასამართლო კანონიერი ნდობის პრინციპს არ უკავშირებს მხოლოდ აქტის არსებობის ფაქტს და თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ტიპის აღმჭურველი ღონისძიება უნდა იყოს განჭვრეტადი და შეძლებისდაგვარად პროგნოზირებადი. ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების მიმართ ჩნდება ნდობის პრინციპი, რაც თავის მხრივ განპირობებულია კანონიერების პრინციპით და გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, იმოქმედოს კონკრეტულად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და კანონით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის საფუძველზე.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის დადასტურება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მოითხოვს იმ ფაქტობრივი თუ სამართლებრივი ღონისძიებების შეფასების საჭიროებას, რაც იძლევა საკმარის საფუძველს დადგინდეს, რომ პირს გააჩნდა ლეგიტიმური საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა არსებული განვითარება შესაძლებელს გახდიდა სასურველი მიზნის მიღწევას.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეს წარმოეშვა კანონიერი ნდობა მასზე გაცემული დიპლომის მიმართ. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონიერი ნდობის კონსტიტუციურ მახასიათებელს წარმოადგენს დამდგარი სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის გარანტირება.

 

7.7. მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა მმართველობის კანონიერების პრინციპს, როცა სახეზეა პირის კანონით დაცული ინტერესების - მიღებული განათლების უფლების რეალიზაციის შეზღუდვის ფაქტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7.8. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-----------ის სარჩელი საფუძვლიანია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 17 ივლისის MES 4 1----------- გადაწყვეტილება საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მ-----------ის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში - ჰ----------------–------------------ს თბილისის ფილიალში მიღებული განათლების აღიარების შესახებ;

 

8. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

8.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

9. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტ - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55–ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 3---ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. აპელანტის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე მირანდა ერემაძე

 

მოსამართლეები მერაბ ლომიძე

 

თამარ ონიანი