განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100118002493167
N1/ბ-160-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------ თ-----ის ძე მ-------ის მიმართ, დაბადებული 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი N5----------, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული: ხ----ს რაიონი, სოფელი ქ-------ი მე-15 ქ. N6, ფაქტობრივად მცხოვრები: ხ----ს რაიონი, სოფელი ი--------ი;
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------ მ-------ემ ჩაიდინა:
- ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ;
- დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის დადგენილებით გ------ი მ-------ეს ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის" ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის დაედო ადმინისტრაციული სახდელი. ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებულმა გ------ მ-------ემ, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი", რაც 2018 წლის 07 მაისს დაუდგინდა ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად.
- გ------ მ-------ემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს საერთო წონით - 0,024 გრამი, რაც 2018 წლის 06 მაისს, დაახლოებით 22:10 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში, მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მებაჟე - ოფიცრის ბ----ა კ----ის მიერ გ------ მ-------ის პირადი დათვალიერებისას იქნა აღმოჩენილი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენით გ------ მ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 4000 ლარი; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით; სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 09 წლის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ------ მ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 წლის ვადით.
ამავე განაჩენით, გ------ მ-------ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ------ მ-------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 7 მაისიდან.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - მსჯავრდებულ გ------ მ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი გვანცა თურმანიძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში გ------ მ-------ის მიმართ და მას დაენიშნოს მინიმალური სასჯელი, მუხლის სანქციის ფარგლებში. მსჯავრდებული სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ------ მ-------ისათვის განსაზღვრული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და არ შეესაბამება სასჯელის მიზნებს.
პროკურორს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ------ მ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------ მ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მსჯავრდებულ გ. მ-------ის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების: ბ. კ----ის, ი, შ-----ს, რ. ი-------ის, ლ. პ------ს ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის დადგენილებით, მგზავრის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებით, საზღვრის კვეთის დოკუმენტით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ------ მ-------ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი) ითხოვს გ. მ-------ეს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი, მუხლის სანქციით გათვალისწინებულ მინიმუმამდე.
სააპელაციო პალატა გ------ მ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღრისას მხედველობაში მიიღო გ------ მ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დამნაშავის პიროვნება და წარსული და ისე განუსაზღვრა სასჯელი შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებში, რაც სააპელაციო პალატას სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი გ------ მ-------ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანია და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ------ მ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გვანცა თურმანიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ------ მ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი ) წლის ვადით.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა ) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ------ მ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ------ მ-------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 7 მაისიდან.
მსჯავრდებულ გ------ მ-------ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’ 0,024 გრამი, რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მარინა სირაძე
მოსამართლეები: მარინე იმერლიშვილი
მაკა გორგოძე