განაჩენი

სისხლის სამართლის 16.05.2019
საქმის ნომერი
010100116001414167
ინსტანცია
თარიღი
16.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100116001414167

№1/ბ-536-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 მარტი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორების - ლევან მურვანიძის, ადილარ წირღვავას, ალიკა დვალაშვილის

ადოვატის - მიხეილ ნემსაძის

მსჯავრდებულის - მ--------- ჯ-–-------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--------- იოსების ძე ჯ-–-------ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი N6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, მისამართი: ქუთაისი, ქე-------–-------–-ს ქ. N1;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ--------- ჯ-–-------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

საქართველოს სსკ-ის 178-ე და 180-ე მუხლებით ნასამართლევი მ--------- ჯ-–-------ი, 2016 წლის 09 მაისს, დაახლოებით 13:00 საათიდან - 14:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. ბათუმში თ----–---–-- და გ---------- ქუჩის კვეთაში არსებულ მ----- დ-------ის კუთვნილ სავაჭრო მაღაზიაში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად, არაერთგზის, დაეუფლა მ----- დ-------ის კუთვნილ 1970 ლარს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განაჩენით მ--------- ჯ-–-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 05 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 5 ივლისიდან, მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავების და პატიმრობაში ყოფნის დრო -2016 წლის 18 მაისიდან 2016 წლის 25 მაისამდე.

 

2. სააპელაციო საჩივრების არსი:

 

1.1 აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პაატა ცეცხლაძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განაჩენში მ--------- ჯ-–-------ის მიმართ სასჯელის ნაწილში და მსჯავრდებულს დაენიშნოს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, საშიშროების, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი და შეუსაბამო ჩადენილ დანაშაულთან. დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

 

1.2. აპელანტი - მსჯავრდებული მ--------- ჯ-–-------ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მიხეილ ნემსაძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი მ. ჯ-–-------ის მიმართ და დადგენილ იქნას გამამართლებელი განაჩენი. დაცვის მხარეს გასაჩივრებული განაჩენი მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არანაიარი კანონიერი გზით მოპოვებული მტკიცებულება, რომელიც მ--------- ჯ-–-------ის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენას დაადასტურებს. განაჩენი ემყარება ყალბ მტკიცებულებებს და ჩვენებებს, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება. სასამართლო განაჩენში არ მიუთითებს რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რომელიც მან გამოიყენა ბრალდების დასადასტურებლად. მოწმე მ. დ------ის ჩვენება ვერ გამოდგება მტკიცებულებად, ვინაიდან მან არ იცის ვინ შევიდა მაღაზიაში, მას არ დაუნახავს განვითარებული მოვლენები. მოწმეებს მ--------ს და შ----–--ეს არავითარი გარემოებები არ დაუდასტურებიათ. მოწმე ზ. დ-------ე ვერ ასახელებს რაიმე ინდივიდუალ ნიშანს პირის ამოსაცნობად, ასევე არ უნდა იქნას გაზიარებული მოწმე შ. კ-------–---ის ჩვენება, ვინაიდან იგი გამოკითხვის ოქმში განმარტავს, რომ გამოძიებაში მიცემული ჩვენება არ შეესაბამება რეალობას. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერანაირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მ. ჯ-–-------ის ბრალეულობას.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორებს, ადილარ წირღვავას და ალიკა დვალაშვილს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;

 

აპელანტს - მსჯავრდებულ მ--------- ჯ-–-------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მიხეილ ნემსაძეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი მ. ჯ-–-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს:

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ მ----- დ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ქ. ბათუმში გ---------- ქუჩაზე ფლობს სასურსათო მაღაზიას. 2016 წლის 09 მაისს იმყოფებოდა მაღაზიასთან ახლოს, რა დროსაც მაღაზიაში მომუშავე გამყიდველმა მ--–---- დ------ემ შეატყობინა ტელეფონით, რომ მაღაზიაში შევიდა უცნობი პირი, რომელმაც მაღაზიაში განთავსებული მაგიდის უჯრიდან მოიპარა ფული. ვინაიდან მაღაზიასთან ახლოს იყო, მაშინვე მივიდა ადგილზე. მ--–---- დ------ემ და იქვე მყოფმა რ--------- მ--------მ განაცხადეს, რომ უცნობი პიროვნება, რომელიც მაღაზიიდან გამოვიდა და მათი გადმოცემით თანხა მოიპარა, ჩაჯდა ,,რ-------ის’’ ფირმის ავტომანქანაში და წავიდა. მან მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციას. დაზარალებულის განმარტებით, მოპარულმა თანხამ შეადგინა 1970 ლარი, ლართან ერთად იდო მაღაზიის გამყიდველის მ. დ------ის ერთდოლარიანი.

 

მოწმე მ--–---- დ------ის ჩვენებით ირკვევა, რომ გამყიდველად მუშაობს ქ. ბათუმში გ---------- ქუჩაზე მდებარე მ----- დ-------ის კუთვნილ მაღაზიაში. 2016 წლის 09 მაისს, დაახლოებით 12:00 საათიდან 13:30 საათამდე შუალედში იმყოფებოდა მაღაზიასთან ახლოს და ელაპარაკებოდა გვერდით მაღაზიაში მომუშავე რ--------- მ--------ს. თვითონ მაღაზიისკენ ზურგით იდგა, ხოლო რ---------ი უყურებდა მაღაზიას, რა დროსაც რ---------მა უთხრა, რომ შენი მაღაზიიდან ვიღაც გავიდა ხელები დამალული ჰქონდა და რაღაც ეჭირაო. მაშინვე წავიდა იქითკენ, დაინახა, რომ უცნობი მამაკაცი სწრაფად მიდიოდა ჩ----ის ქუჩისკენ, ქუჩაში გაჩერებულ მცირე ზომის მსუბუქ მანქანაში მძღოლის გვერდით ჩაჯდა და მანქანა დაიძრა. მ--–---- დ------ე შევიდა მაღაზიაში, ნახა რომ მაგიდის უჯრაში, სადაც ნავაჭრ ფულს ინახავს, ფული აღარ იყო და მაშინვე გაეკიდა მანქანას ფეხით, შემდეგ ტაქსში ჩაჯდა და ასე შეეცადა დაწეოდა, მაგრამ გადატვირთული მოძრაობის გამო ვეღარ შეძლო. მასთან ერთად მანქანას დაედევნა რ--------- მ--------სთან მომუშავე გ------- შ----–--ეც, მაგრამ უშედეგოდ. მოგვიანებით ნახა, რომ ფული დაახლოებით 1800-დან 2000-მდე ლარი იყო მოპარული. ნავაჭრ ფულთან ერთად თანხისთვის განკუთვნილ უჯრაში იდო ასევე მისი კუთვნილი ერთ დოლარიანი კუპიურაც, რომელსაც თილისმად ხმარობდა. ამ ერთ დოლარიან კუპიურაზე თავისი ხელმოწერა ჰქონდა გაკეთებული. მოპარულ ლართან ერთად ეს ერთ დოლარიანიც იყო მოპარული.

 

მოწმე რ--------- მ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ფლობს ხილ-ბოსტნეულის მაღაზიას, რომლის მეზობლად მდებარეობს მ----- დ-------ის ხილ-ბოსტნეულის მაღაზია, რომელშიც მუშაობს მ--–---- დ------ე. 2016 წლის 9 მაისს ჩვეულებრივ იმყოფებოდა მაღაზიაში, დაახლოებით 14:00 საათი იქნებოდა, იდგა მაღაზიის შესასვლელთან და ესაუბრებოდამ მ--–---- დ------ეს, მისგან კარგად მოჩანდა მ----- დ-------ის მაღაზიის შესასვლელი, რა დროსაც დაინახა, რომ მ----- დ-------ის მაღაზიიდან გამოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც იქცეოდა საეჭვოდ, მას ხელები ,,ჟაკეტში’’ ჰქონდა დამალული და მიდიოდა სწრაფი ნაბიჯებით. აღნიშნულის შესახებ უთხრა მ--–---- დ------ეს, რომელიც მაშინვე შევიდა მაღაზიაში, გახსნა დახლი და ნახა, რომ მოპარული იყო ნავაჭრი თანხა. მოწმემ დაინახა, რომ ეს უცნობი პიროვნება იქვე ჩაჯდა ავტომანქანაში და წავიდა ალ. ჩ----ის ქუჩის მიმართულებით. ავტომანქანა იყო მომწვანო ფერის ,,რ-------ის’’ ფირმის. მომხადარის შესახებ მ. დ------ემ აცნობა მაღაზიის მეპატრონეს მ----- დ-------ეს.

 

მოწმე გ------- შ----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ გამყიდვლად მუშაობს რ--------- მ-------ის კუთვნილ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში, 2016 წლის 9 მაისს, საუბრობდნენ თვითონ, რ--------- მ-------- და მ--–---- დ------ე მაღაზიის შესასვლელთან. რ---------ი იდგა მაღაზიის წინა მხარეს და ხედავდა მ----- დ-------ის მაღაზიის შესასვლელს, რა დროსაც მან უთხრა მ--–---- დ------ეს, რომ მაღაზიიდან ვიღაც უცნობი ბიჭი გამოვიდა, რომელსაც ხელები საეჭვოდ აქვს დაფარული და რამე ხომ არ მოუპარიაო, მ--–----ი მაშინვე შევიდა მაღაზიაში და ნახა, რომ მოპარული იყო ნავაჭრი თანხა. რ---------მა თქვა, რომ ეს უცნობი პიროვნება ჩაჯდა ავტომანქანაში და ჩ----ის ქუჩის მიმართულებით წავიდაო, ის და მ. დ------ე ეცადნენ ტაქსით გადევნებას, თუმცა ქუჩაში არსებული საცობის გამო, ვეღარ შეძლეს.

 

მოწმე ზ---- დ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ქალაქ ბათუმში მტვირთავად. 2016 წლის 09 მაისს იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში მ----- დ-------ის კუთვნილი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე და ელოდებოდა ავტომანქანას, რათა გადმოეტვირთა ხილ-ბოსტანი. მან დაინახა, რომ მ----- დ-------ის კუთვნილ მაღაზიაში შევიდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც მაგიდის უჯრიდან რაღაც ამოიღო და სწრაფად წავიდა ჩ----ის ქუჩის მიმართულებით და ქუჩაში მდგომ მომწვანო ფერის მანაქანაში ჩაჯდა. მაღაზიაში რამდენიმე წამში შევიდა გამყიდველი მ--–---- დ------ე და დაედევნა იმ უცნობ პირს, ვინც მანამდე გამოვიდა მაღაზიიდან. მ--–---- დ------ეს გ------- შ----–--ეც გაჰყვა. გ-------ც და მ--–----იც დაახლოებით სამ წუთში უკან დაბრუნდნენ. მათგან გაიგო, რომ უცნობმა პირმა მაღაზიიდან ფული მოიპარა. მოგვიანებით პოლიციაში ფოტო სურათით ამოცნობისას ამოიცნო ის პირი, ვინც ნახა მაღაზიაში.

 

2016 წლის 10 მაისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე ზ---- დ-------ემ ამოიცნო მ--------- ჯ-–-------ი.

 

მოწმე ბ------- ჟ-------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2016 წლის 09 მაისს იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში მ----- დ-------ის კუთვნილი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე და ბოსტნეულის შესაძენად. იმ მაღაზიაში, რომელშიც აპირებდა შესვლას, დაინახა, რომ შევიდა უცნობი მამაკაცი, რომელმაც მაგიდის უჯრიდან რაღაც ამოიღო და სწრაფად წავიდა ჩ----ის ქუჩის მიმართულებით. მას მალევე დაედევნა ორი პირი. მოგვიანებით გაიგო, რომ უცნობმა პირმა მაღაზიიდან ფული მოიპარა. მან პოლიციაში ფოტო სურათით ამოცნობისას ამოიცნო ის პირი ვინც ნახა მაღაზიაში.

 

2016 წლის 16 მაისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე ბ------- ჟ------მა ამოიცნო მ--------- ჯ-–-------ი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მ----- დ-------ის მაღაზია მდებარეობს ქ. ბათუმში თ----–---–-- და გ---------- ქუჩების კვეთაში. მაღაზია არის ერთ სართულია და წარმოადგენ სურსათის სავაჭრო ობიექტს. მაღაზიაში შესასვლელ კართან ახლოს დგას ხის მაგიდა, რომელსაც აქვს პატარა უჯრა. უჯრაში ფული სხვადასხვა კუპიურებით ფულია განთავსებული.

 

2016 წლის 10 მაისის მ--------- ჯ-–-------ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ მ. ჯ-–-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 11 (თერთმეტი) ცალი ას ლარიანი კუპიურა, 16 (თექვსმეტი) ცალი 50 ლარიანი კუპიურა და სხვა კუპიურები, ასევე ამოღებულია ერთ დოლარიანი კუპიურა, რომელზედაც ლურჯი მელნით შესრულებულია ხელმოწერა. ამოღებული ფული დაილუქა.

 

2016 წლის 15 მაისის ნივთმტკიცების დათვალიერების ოქმით დადგენილია, მ--------- ჯ-–-------ისგან ამოღებული ფულის დათვალიერებაში მონაწილეობდა მოწმე მ--–---- დ------ე, რომელმაც ერთ ცალ დოლარიანის ზედაპირზე კალმით შესრულებულ წარწერაზე განაცხადა, რომ წარწერა შესრულებული მის მიერ, დოლარის კუპიურაზე არსებული წარწერა მას ეკუთვნის და ეს არის სწორედ ის კუპიურა, რომელიც მოპარეს 2016 წლის 09 მაისს მაღაზიიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნებული, მოწმე შალვა კ-------–---ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2016 წლის 8 მაისს მ--------- ჯ-–-------თან ერთად თავისი კუთვნილი ,,რ-------ის’’ ფირმის სახ. ნომრით GN 538 GN ავტომანქანით ჩავიდა ქ. ბათუმში, მეორე დღეს, მოძრაობდნენ ქ. ბათუმის ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ, შემდეგ მანქანა გააჩერა თ----–---–-- ქუჩაზე, რა დროსაც მანქანიდან გადავიდა მ. ჯ-–-------ი, რომელსაც ეცვა წითელი მაისური და ჯინსის შარვალი და ეხურა კეპი, ის მალევე დაბრუნდა მანქანაში და უთხრა, რომ სწრაფად წასულიყვნენ, ამის შემდეგ კი სთხოვა, დაეტოვებინა იგი ,,ს-------ს’’ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ. აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით 15:00 საათისთვის იგი წავიდა ქ. ქუთაისში. მოწმის განმარტებით, ქუთაისში ჩასვლის შემდეგ ქუჩაში პოლიციის თანამშრომელმა მას გადასცა უწყება ბათუმის პოლიციის მეხუთე განყოფილებაში გამოცხადების შესახებ, რის შემდეგაც მან გადაწყვიტა წასულიყო ბათუმში, მისულიყო პოლიციის განყოფილებაში და განეცახდებინა, რაც მისთვის იყო ცნობილი.

 

საქმეში წარმოდგენილი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 ივნისის განაჩენით დადგენილია, რომ მ--------- ჯ-–-------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 წლის და 06 თვის ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2013 წლის 17 სექტემბრიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი დასჯად ქმედებად მიიჩნევს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას. ქურდობის ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს, რომ ქონების მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს არ აქვს გააზრებული ის ფაქტი, რომ დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის საკუთრებას. ქურდობა დამთვარებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებით, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება. იმისთვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას, როგორც საკუთარს, თავისი შეხედულებისამებრ.

დასახელებულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--------- ჯ-–-------ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, უტყუარადაა დადასტურებული.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულს დანაშაული არ ჩაუდენია და რომ მოწმეთა ჩვენებები საეჭვო, არათანმიმდევრული და არასანდოა და სასამართლო ერთხელ კიდევ ყურადღებას მიაპყრობს მოწმე მ. დ------ის ჩვენებას, რომელმაც დეტალურად აღწერა 2016 წლის 09 მაისს, დაახლოებით 12:00 საათიდან 13:30 საათამდე შუალედში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, დაინახა, რომ მაღაზიიდან გამოსული უცნობი მამაკაცი სწრაფად მიდიოდა ჩ----ის ქუჩისკენ, როგორ გაეკიდა მას, ჩაჯდა ტაქსში და შეეცადა დაწეოდა. მისი ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ მაღაზიიდან მოპარული იყო 1800-დან 2000 ლარამდე თანხა, ასევე მისი კუთვნილი ერთდოლარიანი კუპიურაც, რომელსაც თილისმად ინახავდა და რომელზეც თავისი ხელმოწერა ჰქონდა გაკეთებული.

 

მოწმეების: ზ---- დ-------ის და ბ------- ჟ-------ს ჩვენებებით და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით დასტურდება, რომ 2016 წლის 09 მაისს მაღაზიაში შესული პიროვნება იყო მ--------- ჯ-–-------ი და მათ იგი ამოიცნეს სახის მოყვანილობით, სახის მომრგვალო ფორმით, სწორი ცხვირით და წარბებით და სახის საერთო შეხედულებით. აღნიშნული პიროვნება იყო საშუალოზე ოდნავ მაღალი, თავზე ეხურა კეპი, ტანთ ეცვა წითელი ფერის მაისური, შავი ფერის მოსაცმელი, ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი. მოწმეთა განმარტებებით, ისინი მ--------- ჯ-–-------ის ამოცნობაში დარწმუნებულები არიან.

 

2016 წლის 10 მაისის მ. ჯ-–-------ის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ მ. ჯ-–-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა სხვადასხვა დასახელების კუპიურა და მათ შორის ასევე ამოღებულ იქნა ერთდოლარიანი კუპიურა, რომელზედაც ლურჯი მელნით შესრულებულია ხელმოწერა. ნივთმტკიცების დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ მ. დ------ემ განაცხადა, რომ ერთ ცალ დოლარიანის ზედაპირზე კალმით შესრულებული ხელმოწერა მას ეკუთვნის.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები ურთიერთშეჯერებულია, რელევანტურია საქმის გარემოებებთან და სრულ თანხვედრაშია საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან.

 

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე ახალი მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მ.ჯ-–-------ის მიმართ შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

 

პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას მსჯავრდებულ მ. ჯ-–-------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიუთეთბს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას სრულყოფილად იქნა შეფასებული და გათვალისწინებული ჩადენილი დანაშულის სიმძიმე, ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ყოველივეს მხედველობაში მიღებით, ასევე სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, განუსაზღვრა სასჯელი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციის ფარგლებში, რაც პალატას სამართლიანად მიაჩნია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი მ. ჯ-–-------ის მიმართ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი და ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ მ--------- ჯ-–-------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მიხეილ ნემსაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განაჩენი მ--------- ჯ-–-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

მ--------- ჯ-–-------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ მ--------- ჯ-–-------ს სასჯელის ვადის მოხდის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 05 ივლისიდან; მასვე, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2016 წლის 18 მაისიდან 2016 წლის 25 მაისამდე.

 

მ--------- ჯ-–-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მ--------- ჯ-–-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, ჯ----– ქ------–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ქ.ქუთაისი, ა--–-----–---–-- ქN42 (საკადასტრო კოდი N0-----------) 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ფულადი თანხა დაუბრუნდეს დაზარალებულს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; მ--------- ჯ-–-------ის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, უნიქარდის ბარათი, ხატი, მცირე ზომის ფურცელზე დაბეჭდილი ციფრები, ერთი ცალი გაგზავნის ბარათი წარწერით „რ---- ე-------“, ფულადი თანხა წარწერით 350 ლარი და მოყავისფრო ფერის ტყავის საფულე - დაუბრუნდეს მ--------- ჯ-–-------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე