განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2338-18 6 თებერვალი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნატალია ნაზღაიძე
სხდომის მდივანი - მედეა წიკლაური
აპელანტი - მ-----------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - მ--------------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 24 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ--------------ამ მოპასუხე მ-----------–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოპასუხე მ-----------–---–ს მ--------------ას სასარგებლოდ დაეკისრა 4 500 ლარის ანაზღაურება.
3. 2018 წლის 06 თებერვალს მოპასუხე მ-----------–---–მა წარადგინა საჩივარი 2017 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის განჩნებით მ-----------–---–ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;
5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
6. აპელანტის განმარტებით, იგი აღიარებს დავალიანებას ნაწილობრივ, 3500 ლარის ოდენობით. მას სურს, რომ ვალდებულება სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისროს. ამასთან, ითხოვს, რომ ვინაიდან არის უმუშევარი და ერთიანად არ შეუძლია თანხის დაფარვა, სასამართლომ თანხის გადახდა გაუნაწილვადოს.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
10. მოპასუხემ, რომელსაც სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა დადგენილი წესით და გაფრთხილებულ იქნა შესაგებლის წარმოუდგენლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, შესაგებელი სასამართლოში დადგენილ ვადაში არ წარადგინა, რის გამოც საქმეზე გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, ამავე კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
14. ამდენად, საპროცესო ნორმა პირდაპირ განსაზღვრავს მტკიცებულების სახეობას, რითაც შეიძლება დადასტურებულად იქნეს მიჩნეული ავადმყოფობა, როგორც პროცესზე წარმოუდგენლობის საპატიო გარემოება. კერძოდ, როგორც 215–ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს, ასეთ მტკიცებულებას წარმოადგენს სამედიცინო ცნობა, რომელიც ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
15. პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებს შესაგებლის წარმოუდგენლობის ისეთ საპატიო მიზეზზე, რაც შეიძლებოდა სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გამხდარიყო. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სასამართლო აქტები გამოტანილია საპროცესო ნორმების დაცვით.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე (არ წარმოადგინა შესაგებელი), რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ კანონით დადგენილ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, შესაბამისი მტკიცებულების არარსებობის პირობებშიც, დადასტურებულად მიიჩნევა სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე მ--------------ამ მოპასუხეს მიაწოდა 4500 ლარის ქალისა და მამაკაცის ცხვირსახოცები. მ--------------ასა და მ-----------–---–ის შორის წლების განმავლობაში ხდებოდა ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდა, მოსარჩელე მას ენდობოდა და მოპასუხეს დაუტოვა გადახდის გარეშე პროდუქცია. დააანგარიშებით დადგინდა, რომ დავალიანება შეადგენდა - 4500 ლარს. მოპასუხემ თანხა არ გადაიხადა. მოსარჩელემ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. მიცემულ ჩევენებაში მოპასუხე აღიარებს არსებულ დავალიანებას.
პალატა განმარტავს, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
17. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.
საპროცესო ხარჯები
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
19. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნატალია ნაზღაიძე