განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.02.2018
საქმის ნომერი
330310017001801972
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
13.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/2541-17

330310017001801972

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 თებერვალი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე- მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ი--------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე – დ------------–-----ი

წარმომადგენელი - მ--------------ე

 

დავის საგანი- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა,სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა:

 

1. აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ------------–-----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N---- და ,,სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 1 მაისის №----------------- ბრძანებები და მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში; დ------------–-----ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. მოსარჩელე დ------------–-----ი მუშაობდა საქართველოს შე------------–-----–-------------–------–-----------------------–-–-----------------------------------–--------------–----------------------------------------------------–--------------------------–-------------–------------------–-------------------–------------–------------------ს თანამდებობაზე.

 

3.2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის N------------------ ბრძანებით დამტკიცდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შტატი N--------- (დანართი N1), რომლის მიხედვით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გათვალისწინებული იყო სულ 1154 საშტატო ერთეული, მათ შორის, კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალურ სამმართველოში შედიოდა ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება, სამი ოპერატიული განყოფილება და ჰაუპტვახტი, სულ რეგიონალურ სამმართველოში იყო 75 საშტატო ერთეული, ამათგან ინსპექტორის* 6 საშტატო ერთეული გადანაწილებული იყო ოპერატიულ განყოფილებებში, რომელთაგან I ოპერატიული განყოფილების ინსპექტორის* თანამდებობაზე დანიშნული იყო მოსარჩელე

 

3.3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N---- ბრძანების თანახმად, საქართველოს შე------------–-----–-------------–------–-----------------------–-–-----------------------------------–--------------–----------------------------------------------------–--------------------------–-------------–------------------–-------------------–------------–------------------* დ------------–-----ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში 2016 წლის 30 დეკემბრიდან.

 

3.4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 6 აპრილის N------------------ ბრძანების თანახმად, ,,სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში საორგანიზაციო ღონისძიებების ჩატარების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის N------------------ ბრძანებაში შევიდა ცვლილება და N1 დანართის თანახმად, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შტატი N--------- შემადგენლობაში გათვალისწინებული იქნა სულ 1137 თანამდებობა, გაუქმებული იქნა რეგიონული სამმართველოები, მათ შორის, გაუქმებული იქნა კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველო და ჩამოყალიბდა ოპერატიული განყოფილებები, კერძოდ, შეიქმნა 7 ოპერატიული განყოფილება, რომელთაგან მოპასუხის განმარტებით, კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ნაცვლად შექმნილია მეორე ოპერატიული განყოფილება სულ 27 საშტატო ერთეულით, მათ შორის, გათვალისწინებული იქნა ინსპექტორის 2 თანამდებობა.

 

3.5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 1 მაისის №----------------- ბრძანების თანახმად, ს----------–----–-------------–-----–-------------–------–------------------------–-–-------------------------------------–---------------–-----------------------------------------------------–--------------------------–-------------–------------------–-------------------–------------–------------–---------------- დ------------–-----ი გათავისუფლდა სამსახურიდან 2017 წლის 1 მაისიდან.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა ინდივიდულური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

 

3.6. სასამართლო მიუთითა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომელიც ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

სასამართლომ მიუთითა, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის,,დ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ,,თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N---- ბრძანება და ,,სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 1 მაისის №----------------- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,სასამართლომ ასევე მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, "სამხედრო პოლიციის შესახებ" და„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველ და 24-ე მუხლის პირველ ნაწილებზე, რომლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე იმსჯელა გამომდინარეობდა, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელე დ------------–-----ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

3.6. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლითაც, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აღნიშნული უფლება გულისხმობს, მათ შორის პიროვნების საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას, რაც თავის მხრივ, ასევე მოიცავს პირის უფლებას არ იქნას ჩამოშორებული საჯარო სამსახურს მისი ნების საწინააღმდეგოდ საამისოდ, კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლის გარეშე.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა, საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

 

სასამართლომ მიუთითა, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.

 

სასამართლომ, აქვე მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ“ (განაცხადი N21722/11) გვ.48 -49). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული

 

გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“ (იხ. C. v. Belgium, 7 აგვისტო 1996, § 25, ანგარიში 1996 -III). კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“ (იხ. Pretty v. the United Kingdom, no.2346/02, §61,ECHR 2002 -III). „პირადი ცხოვრების“ ცნება არ გამორიცხავს პროფესიულითუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, § 29, სერია A no.251-B). შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ახდენენ გავლენას (იხ. Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, § 47, ECHR2004 -VIII და Bigaeva v. Greece, no. 26713/05, §§ 22-25, 28 მაისი 2009). ასევე, სამსახურიდან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010). და ბოლოს, მე-8 მუხლი ასევე ეხება ღირსებისა და რეპუტაციის საკითხებს, როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების შემადგენელ ნაწილებს (იხ. Pfeifer v. Austria, no. 12556/03, § 35, 15 ნოემბერი 2007 და A. v. Norway, no. 28070/06, §§ 63 და 64, 9 აპრილი 2009). მოსამართლის თანამდებობიდან მომჩივნის გათავისუფლებამ გავლენა იქონია სხვა პირებთან მისი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის პროფესიული ხასიათის ურთიერთობებზე. ასევე, აღნიშნული შეეხო მომჩივნის „შიდა წრეს“, ვინაიდან სამსახურის დაკარგვა მომჩივნისა და მისი ოჯახის მატერიალური კეთილდღეობაზე აისახებოდა. მეტიც, მომჩივნის გათავისუფლების მიზეზი, კერძოდ, მოსამართლის ფიცის დარღვევა, მის პროფესიულ რეპუტაციას შეეხო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა, საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა, საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

სასამართლომ მოიხომო, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 23-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელთა შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

 

სასამართლომ მიუთითა, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლზე, რომლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

 

სასამართლომ, აქვე მოიხმო ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვან დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც საჯარო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელე დ------------–-----ის მიმართ კადრების განკარგულებაში გადაყვანა, სამსახურიდან გათავისუფლება და შემდგომ დათხოვნა განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

 

3.7. სასამართლომ მიუთითა, "სამხედრო პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი და მათი სოციალური დაცვის გარანტიები რეგულირდება ამ კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესი“ მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება სამხედრო პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ამ კანონით, სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით და ამ პუნქტში მითითებული წესით სხვაგვარად არ რეგულირდება შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი პრეამბულაშივე ახდენს დეკლარირებას, რომ ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

საქართველოს სამინისტროებში სამსახური, სადავო პერიოდში მოქმედი "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, განეკუთვნება საჯარო სამსახურის ერთ-ერთ სახეს, რამდენადაც საქართველოში საჯარო სამსახური ერთიანია და ეს სისტემა საქართველოს საჯარო შრომითი ურთიერთობების მოდელს წარმოადგენს. სწორედ ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის ცნებას, სახეებს, სამსახურში მიღების, დაწინაურების, წახალისების, დისციპლინური გადაცდომის, პასუხისმგებლობის სახეებს და მათი დაკისრების, სამსახურიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს, სტანდარტებს, პროცედურასა და წესებს, შესაბამისად, ამავე კანონითვე არის დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობათა ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო.

 

სასამართლომ სადავო სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე განმარტა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსამსახურეს, რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს "სამხედრო პოლიციის შესახებ" და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონები. "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სახელმწიფოსთან სამსახურებრივ ურთიერთობაში მყოფ პირს განიხილავს და მიიჩნევს სახელმწიფო მოსამსახურედ. საჯარო მოსამსახურე წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ -სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც, დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე დ------------–-----ი მუშაობდა საქართველოს შე------------–-----–-------------–------–-----------------------–-–-----------------------------------–--------------–----------------------------------------------------–--------------------------–-------------–------------------–-------------------–------------–------------------ს* თანამდებობაზე. ამდენად, ის წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

 

3.8. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე/მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სასამართლომ მიუთით სადავო პერიოდში მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლედეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაცია მხოლოდ მაშინ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, როცა მას შედეგად მოჰყვება შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N582 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესი“ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებზე, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე, მათ შორის შტატგარეშე მოსამსახურეებზე.

 

მითითებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას). ამავე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს. რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დათხოვნის/განთავისუფლების შემთხვევაში, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა იყოს ორ თვეზე ნაკლები. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ.

 

ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სამსახურში, თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი რეგორგანიზაციის შედეგად, შესაბამისი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) შემცირებაა, რაც თავის მხრივ გულისხმობს აღნიშნული საშტატო ერთეულის ფუნქციურად გაუქმებას ან რეორგანიაზაციის შედეგად, ასეთი საშტატო ერთეულის დაკავებისათვის განსხვავებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესებას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიუთითა, რომ დადგენილი იყო, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N---- ბრძანების თანახმად, საქართველოს შე------------–-----–-------------–------–-----------------------–-–-----------------------------------–--------------–----------------------------------------------------–--------------------------–-------------–------------------–-------------------–------------–------------------* დ------------–-----ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში 2016 წლის 30 დეკემბრიდან, რაც თავის მხრივ, წარმოადგენდა გაფრთხილებას მისი შესაძლო გათავისუფლების თაობაზე, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 1 მაისის №----------------- ბრძანებით, რეორგანიზაციის შედეგად იგი გათავისუფლდა სამსახურიდან 2017 წლის 12 მაისიდან.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება - მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ აუცილებლად მიიჩნია, რომ კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის გამოცხადებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის N------------------ ბრძანებით დამტკიცებული იყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შტატი N--------- (დანართი N1), რომლის მიხედვით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გათვალისწინებული იყო სულ 1154 საშტატო ერთეული, მათ შორის, კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალურ სამმართველოში შედიოდა ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება, სამი ოპერატიული განყოფილება და ჰაუპტვახტი, სულ აღნიშნულ რეგიონალურ სამმართველოში იყო 75 საშტატო ერთეული, ამათგან ინსპექტორის* 6 საშტატო ერთეული გადანაწილებული იყო ოპერატიულ განყოფილებებში, რომელთაგან I ოპერატიული განყოფილების ინსპექტორის* თანამდებობაზე დანიშნული იყო მოსარჩელე. რეორგანიზაციის შემდეგ კი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 6 აპრილის N M------------------- ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი ,,სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში საორგანიზაციო ღონისძიებების ჩატარების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის N------------------ ბრძანებაში და განახლებული სახით ჩამოყალიბდა N1 დანართი, რომლის თანახმად, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შტატი N--------- შემადგენლობაში გათვალისწინებული იქნა სულ 1137 თანამდებობა, გაუქმებული იქნა რეგიონული სამმართველოები, მათ შორის, გაუქმებული იქნა კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველო და ჩამოყალიბდა ოპერატიული განყოფილებები, კერძოდ, შეიქმნა 7 ოპერატიული განყოფილება, რომელთაგან მოპასუხის განმარტებით, კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ნაცვლად შექმნილია მეორე ოპერატიული განყოფილება სულ 27 საშტატო ერთეულით, მათ შორის, გათვალისწინებული იქნა ინსპექტორის 2 თანამდებობა.

 

ამრიგად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე დ------------–-----ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის დროს - 2016 წლის 30 დეკემბერს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს I ოპერატიული განყოფილებაში ინსპექტორის* საშტატო ერთეული არ შემცირებულა, რამდენადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 დეკემბრის N M---------------------- ბრძანებით, კვლავ განისაზღვრა სამხედროს პოლიციის დეპარტამენტის კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს I ოპერატიული განყოფილებაში ინსპექტორის* 2 საშტატო ერთეული. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა შტატების შემცირების საფუძვლით, მოსარჩელე დ------------–-----ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

რაც შეეხება, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 6 აპრილის N------------------ ბრძანებით განხორციელებულ საშტატო ცვლილებებს, სასამართლო აღნიშნავს და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული თანამდებობების მხოლოდ რაოდენობრივად გაუქმება იმგვარად, რომ ახალ საშტატო ნუსხაში კვლავ არსებობს იგივე თანამდებობა - ინსპექტორის საშტატო ერთეული, რომელიც იმავე იერარქიულ საფეხურზეა და მისთვის არ არის გათვალისწინებული ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მითითებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს II ოპერატიული განყოფილებაში, კვლავ განისაზღვრა ინსპექტორის საშტატო ერთეული, რომელზეც შესაძლებელია დაინიშნოს სამოქალაქო პირი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა სავარაუდოდ კვლავ არსებობს, აღნიშნული მიუთითებს დამსაქმებელი ორგანიზაციის ვალდებულებაზე საქმის გარემოებათა არსებითი გამოკვლევის შემდეგ გამოეცა სადავო ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტები.

 

3.9. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები (დ------------–-----ის კადრების განკარგულებაში გადაყვანისა და სამსახურიდან გათავიფუსლების შესახებ) გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ასევე, არსებითად არის დარღვეული მისი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლეშიც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას იგი ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება მოახდინოს ინფორმაციის მოძიების, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ შემცირდა საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობათა რიცხოვნობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შეფასებული ის გარემოება, რომ საშტატო ნუსხით კვლავ იქნა გათვალისწინებული ინსპექტორის საშტატო ერთეული, როგორც სამოქალაქო პირისთვის განსაზღვრული თანამდებობა.

 

სასამართლომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის საფუძველზე, განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას-წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

 

გარდა ამისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასაკმარისად შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის თაობაზე. იგი არ შეიცავს საკითხის ამგვარად გადაწყვეტის დასაბუთებას, რასაც იმპერატიულად ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.

 

ამასთან, სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.

 

აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს თითქმის არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულ იქნა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე, არ შეფასებულა და სადავო ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებში არ გადმოცემულა დასაბუთება მოსარჩელის პიროვნების, დამსახურების, კვალიფიკაციის შესახებ, ასევე მოტივაცია, თუ რატომ მიენიჭათ უპირატესობა სხვა კანდიდატებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მას შეეძლო თავად დაედგინა მთელი რიგი გარემოებები, რომელთა გამოკვლევა და შეფასება გარკვეულ სიცხადეს შეიტანდა სადავო საკითხის გადაწყვეტაში.

 

სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ისეთ პირობებში, როდესაც ინსპექტორის საშტატო ერთეული იმავე ფუნქციური დატვირთვით, რომელზეც დანიშნული იყო მოსარჩელე დ-------- გ--–-----ი, კვლავ განისაზღვრა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს II ოპერატიული განყოფილებაში, დამსაქმებელი, მიუხედავად, თუნდაც საშტატო ერთეულების შემცირების შემთხვევაში, ვალდებული იყო გამოეკვლია, შეეფასებინა და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გადმოეცა, მისი მოტივაცია იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მან, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის დროს კონკრეტული პირისათვის უპირატესობის მინიჭებისას, რამდენადაც აღნიშნული საშტატო ერთეული იდენტური ფუნქციური დატვირთვით რამოდენიმე არსებობდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს I ოპერატიული განყოფილებაში, რის გამოც შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რომ კონკრეტულად მოსარჩელე დ------------–-----ის საშტატო ერთეული გაუქმდა და შესაბამისად, რეორგანიზაციამდე არსებული ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშნულ ყველა პირს, მათი კვალიფიკაციის და სამსახურებრივი დამსახურების გათვალისწინებით და ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე, თანაბარი უფლება ჰქონდა დანიშნულიყო რეორგანიზაციის შედეგად განსაზღვრულ ინსპექტორის საშტატო ერთეულზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ბრძანებები და მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

3.10. განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს დ------------–-----ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს II ოპერატიული განყოფილების ინსპექტორის (სამოქალაქო პირი) თანამდებობაზე აღდგენა.

 

სასამართლო მიუთითებს 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ანალოგიური შინაარსის დებულებებს შეიცავს დღეს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

 

აქედან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მონიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების (რეორგანიზაციამდე არსებული ინსპექტორის თანამდებობაზე დასაქმებულ პირთა შერჩევა-შეფასება) შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არსებობს მოსარჩელე დ------------–-----ის სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

3.11. სასამართლოს შეფასებით, ასევე უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იმავე კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. ამასთან, სასამართლო მიუთითებს დღეს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში და სამსახურიდან გათავისუფლებისას მოსარჩელეს მიღებული აქვს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი კომპენსაცია და სასამართლომ ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო გასაჩივრებული ბრძანებები და ამ ეტაპზე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მოსარჩელე დ------------–-----ის სასარგებლოდ მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანის პერიოდიდან განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

4. 1. აპელანტი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ითხოვს მის გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტი მიუთითებს რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 29.12.2016 წლის №1147 ბრძანებით, ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 05.03.2015 წლის №138 ბრძანებაში და დანართი №1 ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით, რითაც გაუქმებული იქნა ე. წ. "ვარსკვლავიანი" თანამდებობები;

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 30.12.2016 წლის №---- ბრძანებით, საქართველოს შე------------–-----–-------------–------–-----------------------–-–-----------------------------------–--------------–----------------------------------------------------–--------------------------–-------------–------------------–-------------------–------------–------------------* (საშტატო კატეგორია ”კაპიტანი”) თავდაცვის სამხედრო პოლიციის კაპიტანი დ---------------–--------–-----–-----ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, 2016 წლის 30 დეკემბრიდან (მტკიცებულება იხ. დანართი);

 

აპელანტის მითითებით დ-----–-----ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და კადრების განკარგულებაში გაყვანას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 21.07.2011 წლის №582 ბრძანებით დამტკიცებული ”სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ”-ს მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას);

 

აპელანტი მოიხმობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 06.04.2017 წლის №289 ბრძანებას, რომლითაც ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 05.03.2015 წლის №138 ბრძანებაში და დანართი №1 ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით. მითითებული ბრძანებით მთლიანად გაუქმდა სამხედრო პოლიციის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორიგის მთავარი სამმართველოს კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო, რომელშიც შედიოდა პირველი ოპერატიული განყოფილება და სამხედრო პოლიციის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორიგის მთავარი სამმართველოში ჩამოყალიბდა განყოფილებები.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 01.05..2017 წლის №---- ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შე------------–-----–-------------–------–-----------------------–-–-----------------------------------–--------------–----------------------------------------------------–--------------------------–-------------–------------------–-------------------–------------–------------------* (საშტატო კატეგორია ”კაპიტანი”) თავდაცვის სამხედრო პოლიციის კაპიტანი დ---------------–--------–-----–-----ი გათავისუფლდა სამსახურიდან 2017 წლის პირველი მაისიდან (მტკიცებულება იხ. დანართი).

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული ”საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესი”-ს მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას);

 

ზემოაღნიშნული ბრძანების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი მკაფიოდ ასაბუთებს, რომ მოსამსახურე თავისუფლდება და კადრების განკარგულებაში გადაიყვანება სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისას, რომელიც განხორციელდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში.

 

აპელანტი განმარტავს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 30.12.2016 წლის №---- ბრძანება დ------------–-----ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ. თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული ის სამართლებრივი ნორმები, რის საფუძველზეც ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ ზემოთ მითითებული ბრძანება, რომელი სამართლებრივი ნორმებიც იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული მითითებული ბრძანების გამოცემისას ან რატომ არის დ-----–-----ის კადრების განკარგულებაში გადაყვანა უკანონო. სასამართლომ მთლიანად სცნო მითითებული ბრძანება ბათილად, ისე რომ არ შეუსწავლია ის გარემოება, რომ მითითებული ბრძანება ეხება სხვა პირებსაც და არა მხოლოდ დ-----–-----ს.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული ”საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესი”-ს მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას);

 

ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, ”კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს”.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ განხორციელებული რეორგანიზაციია/ოპტიმიზაციის შედეგად, გაუქმებული იქნა ოპერატიული უზრუნველყოფისა და მინიტორინგის მთავარი სამმართველოს რეგიონალური სამმართველოები და მათ ნაცვლად ჩამოყალიბდა ოპერატიული განყოფილებები.

 

აპელანტი ასევე განმარტავს რომ გასათვალისწინებელი იყო, რომ ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს რეგიონალური სამმართველოების გაუქმების შედეგად, ოპტიმიზაცია შეეხო ე.წ. ”ვარსკვლავიან თანამდებობებს”. მათ შორის იმ თანამდებობას, რომელიც ეკავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მინიტორინგის მთავარი სამმართველოს კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს I ოპერატიული განყოფილების ინსპექტორს - დ-----–-----ს. რეორგანიზაციამდე სამხედრო პოლიციის კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო მოიცავდა 75 საშტატო ერთეულს. პირველ განყოფილებაში (სადაც დასაქმებული იყო დ-----–-----ი) არსებობდა 2 ინსპექტორის ე.წ. "ვარსკვლავიანი" თანამდებობა. რეორგანიზაციის შემდგომ, გაუქმდა სამხედრო პოლიციის კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო და ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს წიაღში ჩამოყალიბდა მე-2 ოპერატიული განყოფილება, რომელიც წარმოადგენს კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს სამართალმემკვიდრეს. მე-2 ოპერატიული განყოფილების საშტატო რიცხოვნობა შედგება 27 საშტატო ერთეულისაგან, მათ შორის, ინსპექტორის 1 საშტატო ერთეული, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო თანამდებობას და ინსპექტორის 1 საშტატო ერთეული, რომელიც წარმოადგენს სამხედრო თანამდებობას. ყურადღებას ვამახვილებთ ინსპექტორის თანამდებობაზე, ვინაიდან დ-----–-----ი გათავისუფლებულია სწორედ ინსპექტორის თანამდებობიდან.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით დამტკიცებული ”საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესი”-ს მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას);

 

აპელანტის მოსაზრებით საფუძველს მოკლებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მოყვანილი შეფასება და მსჯელობა, თითქოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული საქმის წარმოება ჩატარებული იქნა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე, რაც სასამართლომ არგუმენტად მოიშველია ის გარემოება თითქოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შეფასებული მოსარჩელის პიროვნება, მისი დამსახურება და კვალიფიკაცია, ასევე რატომ მიანიჭა უპირატესობა სხვა კანდიდატებს ადმინისტრაციულმა ორგანომ რეორგანოზაციამდე არსებული ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშნულ პირებს. სასამართლო იფარგლება ზოგადი ხასიათის მსჯელობით და ვერ უთითებს სამართლის ნორმას, თუ რატომ იყო ვალდებული ადმინისტრაციული ორგანო რეორგანიზაციის შედეგად საშტატო ერთეულის გაუქმების პირობებში ემსჯელა მოსარჩელის დამსახურებასა და მის კვალიფიკაციაზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მაინც ვერ იქნებოდა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება შტატის არ არსებობის გამო.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ რეორგანიზაციამდე დ------------–-----ი, რომელიც დანიშნული იყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს I ოპერატიული განყოფილების ინსპექტორის* თანამდებობაზე, ახორციელებდა კანცელარიის სპეციალისტის უფლებამოსილებას, ხოლო რეორგანიზაციის შემდგომ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს I ოპერატიული განყოფილების ინსპექტორის* შტატი, რომელზეც დანიშნული იყო დ-----–-----ი, გაუქმებული იქნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 29.12.2016 წლის N---- ბრძანებით, რაც გახდა მისი კადრების განკარგულებაში გაყვანის საფუძველი.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 02.02.2017 წლის N37 ბრძანებით განისაზღვრა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მინიტორინგის მთავარი სამმართველოს ქვედანაყოფებისა და მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობები, რომელიც რეორგანიზაციამდე განსაზღვრული არ ყოფილა.

 

აპელანტი მიუთითებს რომ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 02.02.2017 წლის N38 ბრძანების თანახმად ინსპექტორი ახორციელებს:

 

ა) ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს;

გ) ახორციელებს სამხედრო ნაწილებში არსებული ვითარების სრულფასოვანი ოპერატიული კონტროლის უზრუნველყოფას და შესაძლო ნეგატიური პროცესების პრევენციას;

დ) ახდენს სამხედრო ნაწილებში შესაძლო დანაშაულთა გამოვლენას, უზრუნველყოფს პრევემციული ღონისძიებებს განხორციელებას და დანაშაულთან ბრძოლის ხერხებისა და მეთოდების განსაზღვრას;

ე) მოიპოვებს სამხედრო ნაწილებში მოსალოდნელი დივერსიების, საგანგებო შემთხვევებისა და მასობრივი დეზერტირობის მზადების ფაქტების შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას, აანალიზებს და გეგმავს გასატარებელ ღონისძიებებს;

ვ) ახორციელებს სამხედრო ნაწილებში ბრძოლისუნარიანობის დაქვეითების ხელშემწყობი პირობების (პროტექციონიზმი, კორუფციული ქმედებები, ქურდული მენტალიტეტი, ფულადი თანხების შეგროვება, კლანური დაჯგუფებები, რელიგიურ-ეთნიკური დაპირისპირება, არასაწესდებო დამოკუდებულება, ნარკომანია) შესახებ ინფორმაციის ოპერატიულ დამუშავება-სამძებრო ღონისძიებებს პროკურორის ან გამომძიებლის დავალების შესრულების მიზნით;

ზ) ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს პროკურორის ან გამომძიებლის დავალების შესრულების მიზნით;

თ) ახორციელებს სამხედრო მოსამსახურეთა მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების გაუფრთხილებლობით დაზიანების, დატაცებისა და მითვისების ფაქტების გამოვლენას;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სისხლის სამართლის საქმეზე ახორციელებს ძებნილ პირთა ძებნა დაკავების ღონისძიებებს;

კ) დადგენილი წესით განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და დისციპლინური გადაცდომის საქმეებს, ადგენს შესაბამის ოქმებს შემდგომი რეაგირებისათვის ან/და შუამდგომლობით მიმართავს შესაბამის ორგანის;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.

 

ზემოაღნიშნული ფუნქცია-მოვალეობათა ჩამონათვალის შეფასებისა და განზოგადების საფუძველზე, უდავოა, რომ მოსარჩელე - ინსპექტორის შტატზე დანიშნული დ-----–-----ი, რომელიც ასრულებდა მხოლოდ კანცელარიის თანამშრომლის ფუნქცია-მოვალეობებს, მისი მიღებული განათლებიდან და კვალიფიკაციიდან (პედაგოგი-ფსიქოლოგი) გამომდინარე ვერ განახორციელებდა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, რადგან ამ სფეროში მას არავითარი გამოცდილება არ გააჩნდა. შესაბამისად, სასამართლოს მითითება, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული საქმის წარმოება ჩატარებული იქნა არასრულყოფილად, საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო მოქმედებების განხორციელების გარეშე, რაც სასამართლომ არგუმენტად მოიშველია ის გარემოება თითქოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შეფასებული მოსარჩელის პიროვნება, მისი დამსახურება და კვალიფიკაცია, საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ემსჯელა და შემდეგ შეეფასებინა კონკრეტულად თუ რა სამუშაოს ასრულებდა მოსარჩელე, რაზედაც მოცემულ შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

გარდა ამისა, აპელანტი განმარტავს, რომ თავდაცვის სამინისტროს რომც არ ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, რეორგანიზაცია შტატების შემცირებით - საკანონმდებლო რეგულაციის დონეზე იძლევა თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს. შტატების შემცირება არის დაწესებულების საქმიანობის ოპტიმიზაციის, მისი კვალიფიციური კადრით დაკომპლექტების ერთ-ერთი ღონისძიება. შტატების შემცირების გამო მოხელის სამსახურიდან დათხოვნა უკავშირდება მუშაკთა უნარ-ჩვევების შეფასების უფლებამოსილებას, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს უქმნის დისკრეციის, შეფასების თავისუფლების ფართო არეალს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი დაწესებულებაში შტატების შემცირების პირობებში, ადმინისტრაციას ანიჭებს დისკრეციას, მოახდინოს თანამშრომელთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და ა.შ. ადეკვატური, ობიექტური შეფასება და მიიღოს შესაბამისი მოტივირებული გადაწყვეტილება.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

6. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომა თავისუფალია. დასახელებული ნორმით დაცულია არამარტო უფლება, პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ადამიანის შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტით გარანტირებული შრომის უფლება სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყოფილ იყოს პიროვნების მიერ სამუშაოს საკუთარი სურვილისამებრ არჩევის უფლება, მათ შორის ვალდებულებას, არ მოხდეს პირისათვის მუშაობის უფლების უკანონოდ წართმევა. ამ განსაზღვრებით ხაზგასმულია, რომ პიროვნების და მისი ღირსების პატივისცემა გამოიხატება სამუშაოს თავისუფლად არჩევის უფლებაშიც, რაც ხელს უწყობს პიროვნების განვითარებასა და მის სოციალურ და ეკონომიკურ სივრცეში დამკვიდრებას.

 

6.3. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შრომითი საჯარო-სამართლებრივი დავა. კერძოდ, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 1 თებერვლის №------ ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 ივნისის №------- ბრძანება.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N582 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესი“ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებზე, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე, მათ შორის შტატგარეშე მოსამსახურეებზე.

 

მითითებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას). ამავე მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს. რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დათხოვნის/განთავისუფლების შემთხვევაში, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა იყოს ორ თვეზე ნაკლები. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის N---- ბრძანების თანახმად, საქართველოს შე------------–-----–-------------–------–-----------------------–-–-----------------------------------–--------------–----------------------------------------------------–--------------------------–-------------–------------------–-------------------–------------–------------------* დ------------–-----ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში 2016 წლის 30 დეკემბრიდან.

 

პალატას მიაჩნია, რომ ზემოხსნებული ბრძანების მართლზომეირების შემოწმების მიზნით საჭიროა გამოკვლეულ იქნეს ის წინაპირობა, რომელმაც გამოიწვია მოსარჩელის კადრების განკარგულებაში გადაყვანა.

 

როგორც საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის N------------------ ბრძანებით, ირკვევა აღნიშნულით დამტკიცდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შტატი N--------- (დანართი N1), რომლის მიხედვით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გათვალისწინებული იყო სულ 1154 საშტატო ერთეული, მათ შორის, კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალურ სამმართველოში შედიოდა ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება, სამი ოპერატიული განყოფილება და ჰაუპტვახტი, სულ რეგიონალურ სამმართველოში იყო 75 საშტატო ერთეული, ამათგან ინსპექტორის* 6 საშტატო ერთეული გადანაწილებული იყო ოპერატიულ განყოფილებებში, რომელთაგან I ოპერატიული განყოფილების ინსპექტორის* თანამდებობაზე დანიშნული იყო მოსარჩელე.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 დეკემბრის N M------------------- ბრძანებით დგინდება რომ კვლავ განისაზღვრა სამხედროს პოლიციის დეპარტამენტის კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს I ოპერატიული განყოფილებაში ინსპექტორის* 2 საშტატო ერთეული.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა დადგენილად მიიჩნევს რომ მოსარჩელის კადრების განკარგულებაში გადაყვანის პერიოდში ადგილი არ ჰქონია შტატების შემცირებას.

 

პალატა მოიხმობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლედეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია გაითვალისწინოს ატესტაციის შედეგები. ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას.

 

ზემოთ მითითებული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოყვანილ უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომელშიც სასამართლომ აღნიშნა, რომ დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაცია მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს მხოლოდ იმ შემთხვევაში ქმნის, თუ მის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაბამისი საშტატო ერთეული უქმდება. საშტატო ერთეული გაუქმებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ფუნქციური დატვირთვით ამგვარი თანამდებობა აღარ არსებობს და ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრება სხვა უფლება-მოვალეობები და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.

 

6.3. რაც შეეხება რეორგანიზაციის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებს, პალატა ამ ნაწილშიც ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას.

 

პალატა მოიხმობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 6 აპრილის N M------------------- ბრძანებას, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი ,,სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში საორგანიზაციო ღონისძიებების ჩატარების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის N------------------ ბრძანებაში და განახლებული სახით ჩამოყალიბდა N1 დანართი, რომლის თანახმად, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შტატი N--------- შემადგენლობაში გათვალისწინებული იქნა სულ 1137 თანამდებობა, გაუქმებული იქნა რეგიონული სამმართველოები, მათ შორის, გაუქმებული იქნა კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველო და ჩამოყალიბდა ოპერატიული განყოფილებები, კერძოდ, შეიქმნა 7 ოპერატიული განყოფილება, რომელთაგან მოპასუხის განმარტებით, კახეთი-ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ნაცვლად შექმნილია მეორე ოპერატიული განყოფილება სულ 27 საშტატო ერთეულით, მათ შორის, გათვალისწინებული იქნა ინსპექტორის 2 თანამდებობა.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული თანამდებობების მხოლოდ რაოდენობრივად გაუქმება იმგვარად, რომ ახალ საშტატო ნუსხაში კვლავ არსებობდა იგივე თანამდებობა - ინსპექტორის საშტატო ერთეული, რომელიც იმავე იერარქიულ საფეხურზე იყო და მისთვის არ იყო გათვალისწინებული ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მითითებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს II ოპერატიული განყოფილებაში, კვლავ განისაზღვრა ინსპექტორის საშტატო ერთეული, რომელზეც შესაძლებელი იყო დანიშნულიყო სამოქალაქო პირი.

 

პალატა განმარტავს , რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ადმინისტრაციული ორგანოს ავალდებულებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, რასაც აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, იმის გათვალისწინებით რომ არ ყოფილა გამოკვლეული და შემდეგ დასაბუთებული თუ კონკრეტულად რა ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მირებით იქნა მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომიდბარე განსახილევლ შემთხვევაში ადმინსიტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი აქვს ისეთ ქმედებას რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმის გარემოებების დადგენისა და მისი სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მიზნით. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაავალოს. ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ ეთანხმება სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტებს და მიუთითებს რომ სასამართლოში საქმის განხილვისას, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც გაბათილდებოდა სარჩელში მითითებული გარემოებები. აღნიშნული გარემოება კი ქმნის იმის დასკვნის შესაძლებლობას, რომ სახეზეა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი წესის არსებითად დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღებოდა.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე მირანდა ერემაძე