განაჩენი

სისხლის სამართლის 20.05.2019
საქმის ნომერი
010100118002749774
ინსტანცია
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002749774

საქმე №1/ბ-216-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 აპრილი, 2019 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე------- გ--- ძე ა------ს მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი №6----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ----------, გ-------------ს ქ. N12;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ე------- ა------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:

 

1.1. ოჯახის წევრის მიმართ მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

1.2 ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1.1 2018 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 14:50 საათზე, ქ. ბათუმში, გ-------------ს ქუჩა N12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ე------- ა------მ ეჭვიანობის ნიადაგზე, თანნაქონი დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს (ოჯახის წევრს) - მ------ ს-------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.2 2018 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ბათუმში, გ-------------ს ქუჩა N12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ე------- ა------მ ეჭვიანობის ნიადაგზე, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით ორსულ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს (ოჯახის წევრს) - მ------ ს-------ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ე------- ა------მ ჩაიდინა:

 

1.1 ოჯახის წევრის მიმართ მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელებლის რეალური შიში;

 

1.2 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

1.1 2018 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ბათუმში, გ-------------ს ქუჩა N12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ე------- ა------მ ეჭვიანობის ნიადაგზე, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს (ოჯახის წევრს) - მ------ ს-------ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

1.2 2018 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 14:50 საათზე, ქ. ბათუმში, გ-------------ს ქუჩა N12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ე------- ა------მ ეჭვიანობის ნიადაგზე, თანნაქონი დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს (ოჯახის წევრს) - მ------ ს-------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ე------- ა------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილზე. ე------- ა------ ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოოდ, ე------- ა------ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 10 ნოემბრიდან 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენში; ე------- ა------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაენიშნოს მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთაბ პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია, როგორც კვალიფიკაციის ისე სასჯელის დანიშვნის ნაწილში. დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ ე------- ა------ს მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის დროს იგი იყო ფეხმძიმედ, აღნიშნული ცნობილი იყო თვით მსჯავრდებულისათვისაც. აღნიშნული მტკიცებულება ბრალდების მხარეს საკმარისად მიაჩნია იმისთვის, რომ ამ ნაწილში ე. ა------ს მიმართ გამოტანილიყო გამამტყუნებელი განაჩენი. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს მიერ სათანადოდ არ იქნა შეფასებული მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, მოტივი, მიზანი, ასევე მსჯავრდებულის პიროვნება.

 

მსჯავრდებულ ე------- ა------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ---- დ------ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი ე------- ა------ს მიმართ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ე------- ა------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეებს, გარდა მოწმე ნ---- ჟ----------ის (ექიმ-გინეკოლოგი) ჩვენებისა, სხვა მტკიცებულებები სადაოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი (მათ შორის დაზარალებულ მ------ ს-------ს გამოკითხვის ოქმი) მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნ---- ჟ----------ემ განმარტა, რომ არის ექიმი გინეკოლოგი, მ------ ს-------ს მკურნალი ექიმი; მუშაობს მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ც/ჰოსპიტალში; მ------ ს-------ს პირველი მშობიარობა ჰქონდა რა საკეისრო კვეთით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაუშვებელი იყო მისი ფეხმძიმობა; აქედან გამომდინარე მას აქვს მიღებული ზომები ორსულობისაგან თავის დასაცავად, კერძოდ, მარცხენა იდაყვის არეში განთავსებულია კონტრაცეპტიული საშუალება - იმპლანონი, რაც ხელს უშლის და გამორიცხავს საერთოდ დაფეხმძიმებას; აღნიშნული პრეპარატის განთავსება თავდაპირველ თვეებში იწვევს გარკვეულწილად ორსულობის მდგომარეობის შესაბამის გამოვლინებებს, კერძოდ, გულისრევის შეგრძნებას, პირის ღებინებას და ა.შ; ინპლანონი მ------ ს-------ს სხეულში განთავსებულია 2018 წლის 24 სექტემბერს; ამ პროცედურის ჩატარებისას გამორიცხული იყო მისი ფეხმძიმობა, ის აღნიშნულს რა თქმა უნდა ამოწმებს და წინააღმდეგ შემთხვევაში ინპლანონს არ განათავსებდა სხეულში და ამის შემდეგ როცა მ------მა მომართა ჩივილებით, მასთან გაიარა კონსულტაცია და დადგინდა, რომ მ------ ს-------ს გართულება აქვს ამენორეაზე - ლაქტაციური და კონტრაცეპტიულ სამკურნალწამლო საშუალებით გამოწვეული; ორსულობა შემოწმების პერიოდში არ დაფიქსირებულა; ორსულობა არ არის ამჟამადაც; კონსულტაცია მ------ ს-------მ მასთან გაიარა დეკემბრის თვის დასაწყისში; გაცემული აქვს შესაბამისი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

მსჯავრდებულმა ე------- ა------მ სასამართლოში საქმის განილვისას ნაწილობრივ აღიარა ჩადენილი ქმედება და განმარტა, რომ ოჯახის წევრს, კერძოდ, თავის მეუღლეს მ------ ს-------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, მის მიმართ განახორციელა მუქარა, რასაც აღიარებს და ინანიებს; მსჯავრდებულმა გამორიცხა მისი ორსულობა, მისთვის ცნობილი არ ყოფილა მეუღლის ორსულობის თაობაზე და დარწმუნებულია, რომ მომხდარი ფაქტის დროს ფეხმძიმედ არ იყო.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას ე------- ა------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

ბრალდების ფორმულირების მიხედვით ე------- ა------ს წინასწარი შეცნობით ორსული ოჯახის წევრის (მეუღლის) მიმართ ძალადობა განხორციელებული აქვს 2018 წლის 10 ნოემბერს; სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, მოწმის სახით დაკითხულ ექიმ ნ. ჟ----------ის ჩვენების მიხედვით კი დასტურდება, რომ მ------ ს------- არ იყო ორსულად 2018 წლის 24 სექტემბერს, ექიმმა ასევე მისი ორსულობა გამორიცხა 2018 წლის 05 დეკემბერს და ამ დროის შუალედში; თვით მსჯავრდებულმა ე------- ა------მ ასევე გამორიცხა მისი მეუღლის ორსულობა და განმარტა, რომ მომხდარის ფაქტის დროს მ. ს------- ორსულად არ იყო.

 

ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ქმედების ჩადენის მომენტისათვის მ------ ს------- არ იყო ორსული, რის გამოც ე------- ა------ს ქმედება სასამართლომ სწორად გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ე------- ა------ს ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება როგორც სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ე------- ა------ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ე------- ა------ს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ე------- ა------მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, დაზარალებული მ------ ს------- მსჯავრდებულთან შერიგებულია, მის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნია და განაგრძობენ ერთად ცხოვრებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დანაშაულთა ერთობლიობით სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რაც ჩაეთვალა პირობით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ე------- ა------ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულის მიმართ საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი ე------- ა------ს მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

ე------- ა------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

 

ე------- ა------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თანაბარი ზომის სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ე------- ა------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ე------- ა------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ე------- ა------ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 10 ნოემბრიდან 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე