განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2019
საქმის ნომერი
330210017001905143
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები, სამოქალქო
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/535-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ანა გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე, ეკატერინე ცისკარიძე

 

სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე

 

აპელანტი - შ--------- კ---------ი;

წარმომადგენელი - რ----–----------–--ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე - ე----- ს------–-–---–ი;

წარმომადგენელი - ი---------------ე;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ კოლეგიის 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

1.1. აპელანტ - შ--------- კ---------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

შ--------- კ---------ის სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხის მიმართ 12797 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით შ--------- კ---------ი 7500 ლარის გადახდის სანაცვლოდ ცნობილი იქნა თბილისში, ლ--------ის ქუჩა #2--ში მდებარე ე----- ს------–-–---–ის საკუთრებაში არსებული 3---- კვ.მ. მესაკუთრედ.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული და 7500 ლარის გადახდის შემდეგ მოსარჩელე აღირიცხა ნივთის მესაკუთრედ.

 

2.2. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია თანხის გადახდის შვიდი ქვითარი, რომლის შესაბამისად გადახდილია 877 ლარი. ამავე ქვითრების შესაბამისად უცნობია თანხის გადამხდელის ვინაობა და შეძენილი პროდუქციის ხასიათი. შესაბამისად არაა დადასტურებული, რომ ზემოაღნიშნული ქვითრების საფუძველზე შ--------- კ---------ის მიერ შეძენილი იქნა თბილისში, ლ--------ის ქუჩა #2--ში მდებარე 3---- კვ.მ. საცხოვრებელი ბინის სარემონტო მასალები.

 

2.3. დადასტურებულია, რომ 2011 წლის 30 ნოემბრიდან 2015 წლის 11 ივნისამდე პერიოდში ე----- ს------–-–---–ი დაუფლებული იყო და სარგებლობდა საკუთარ სახელზე რიცხული უძრავი ქონებით, ეს გარემოება დგინდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად დადასტურებულია, რომ თბილისში, ლ--------ის ქუჩა #2--ში მდებარე 3---- კვ.მ. გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის აღრიცხულია ე----- ს------–-–---–ის სახელზე. შესაბამისად, სასამართლომ არ მიიჩნია დადასტურებულად სასარჩელო განცხადებაში ჩამოყალიბებული გარემოება მასზედ, რომ ე----- ს------–-–---–ი 42 თვის განმავლობაში განკარგავდა მოსარჩელის უძრავ ქონებას.

 

2.4. სასამართლოს დასკვნით შ--------- კ---------ის საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი სახლისთვის სარემონტო სამუშაოების ჩატრება და მისი განახლება გამოწვეულია საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მოტივით და მხოლოდ ამ გარემოებით მოსარჩელისთვის გადაცემული ნივთის მოპასუხის მხრიდან განზრახ დაზიანება ვერ იქნება დადგენილი.

 

სასარჩელო განცხადების მიხედვით, ე----- ს------–-–---–ი 2015 წლის 11 ივნისამდე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა სადავო ქონებას და იყენებდა მას გაქირავების მიზნით. ეს გარემოება თავისთავად მეტყველებს, რომ თბილისში, ლ--------ის ქუჩა #2--ში მდებარე ქონება აკმაყოფილებდა საცხოვრებელი ბინისთვის სამოქალაქო ბრუნვაში გათვალისწინებულ მინიმალურ სტანდარტებს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

 

არასახელშეკრულებო ვალდებულებები წარმოიშობა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ვალდებული პირის სურვილისაგან დამოუკიდებლად. უსაფუძვლოდ გამდიდრების მიზანია უსაფუძვლოდ, გაუმართლებლად შეძენილი ქონების (შეღავათის, უპირატესობის, უფლების) ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობის აღდგენა.

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია, რომ შ--------- კ---------ის დასახელებულ პერიოდში მოპასუხე განკარგავდა მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, აქედან გამომდინარე საქმის მასალებით არ დგინდება იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველ ნაწილს და განმარტავს, რომ რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სასარჩელო განცხადებაში დასახელებულ პერიოდში (2011 წლის 30 ნოემბრიდან 2015 წლის 11 ივნისამდე) თბილისში, ლ--------ის ქუჩა #2--ში მდებარე 3---- კვ.მ. საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მოპასუხე ე----- ს------–-–---–ის სახელზე.

 

ე----- ს------–-–---–ს როგორც ნივთის მესაკუთრეს შეეძლო საკუთარ სახელზე რეგისტრირებული ქონების კანონით აუკრძალავი ფორმით განკარგვა, რის გამოც, შ--------- კ---------ის ქონებრივ უფლებებში ჩარევის ფაქტს არ ჰქონია ადგილი, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა 10500 ლარის დაკისრების ნაწილში დაუსაბუთებელია.

 

შ--------- კ---------ი თავის მოთხოვნას 2297 ლარის დაკისრების ნაწილში დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ურთიერთობაზე ამყარებს, შესაბამისად, მოცემული დავის მომწესრიგებელ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სათანადო ხასიათის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ თბილისში, ლ--------ის ქუჩა #2--ში მდებარე 3---- კვ.მ. მოპასუხე ე----- ს------–-–---–ის მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად დაზიანდა და მოსარჩელეს გადაეცა საცხოვრებლად გამოუსადეგარ მდგომარეობაში. შესაბამისად, მოპასუხისთვის 2297 ლარის დაკისრების საფუძველიც არ იკვეთება და სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონედ ის გარემოება, რომ 2011 წლის 30 ნოემბრიდან 2015 წლის 11 ივნისამდე პერიოდში, როცა შ--------- კ---------ის ნების საწინააღმდეგოდ ე-----ი ს------–-–---–ი ფლობდა და განკარგავდა თავის საკუთრებაში არსებულ 3---- კვ.მ. სადავო საცხოვრებელ სადგომს, მდებარეს ქ. თბილისი, ლ--------ის ქ. #2-, ამ საცხოვრებელი სადგომის მიმართ შ--------- კ---------ს გააჩნდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოსარგებლის უფლებები.

 

სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად, რომ 2011 წლის 30 ნოემბრიდან 2015 წლის 11 ივნისამდე (42 თვის განმავლობაში) პერიოდში ე----- ს------–-–---–ი უკანონოდ ხელყოფდა შ--------- კ---------ის სამართლებრივ სიკეთეს - სადავო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლებას. ე----- ს------–-–---–ის მიერ განხორციელებული უკანონო მოქმედებებით შ--------- კ---------ს მიადგა 2297 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი. შ--------- კ---------ის პირველ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ე----- ს------–-–---–ისათვის მისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფით მიყენებული ზიანის - 10 500 ლარის გადასახდელად დაკისრება. 2011 წლის 30 ნოემბრიდან 2015 წლის 11 ივნისამდე (42 თვის განმავლობაში) პერიოდში ე----- ს------–-–---–ი უკანონოდ ხელყოფდა შ--------- კ---------ის სამართლებრივ სიკეთეს - სადავო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლებას.

 

"საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად: "ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. დასახელებული კანონის სადავო ურთიერთობების პერიოდში (2011 წლის 30 ნოემბერი - 2015 წლის 11 ივნისი) მოქმედი რედაქციის პირველი პრიმა მუხლის "ა" ქვეპუნატის თანახმად კანონში გამოყენებულ ტერმინს "მოსარგებლე" ამ კანონის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: მოსარგებლე - პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, მესაკუთრეს უფლება აქვს მოსარგებლეს მოსთხოვოს საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის შეწყვეტა, მხოლოდ მოსარგებლისათვის (ან თავდაპირველი მოსარგებლის უფლებამონაცვლისათვის) დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის გადახდის შემთხვევაში.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ შ--------- კ---------ის მიერ სადავო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება წარმოადგენდა მის კანონით დაცულ სამართლებრივ სიკეთეს, რომლის უკანონო ხელყოფის უფლება არ გააჩნდა არავის, მათ შორის ამ სადგომის მესაკუთრეს ე----- ს------–-–---–საც. სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის _ "სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგები" პირველი ნაწილის თანახმად: "პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი."

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს სასამართლომ იხელმძღვანელა მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე, 312-ე, 170-ე, 992-ე მუხლებით და არ უხელმძღვანელია საქართველოს კანონით "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ."

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები მოითხოვენ გამოკვლევას სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. დასახელებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

 

უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე კონდიქციურ ვალდებულებათა რეგულირებას ეთმობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლები. უსაფუძვლო გამდიდრება სახეზეა, თუ სახეზეა, მოპასუხის გამდიდრება, ამის შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი და მატერიალურ სიკეთეთა/აქტივების ასეთი გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე კონდიქციურ ვალდებულებათა რეგულირებას ეთმობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლები. უსაფუძვლო გამდიდრების ცნების ნორმის ანალიზი შესაძლებლობას იძლევა გამოვყოთ უსაფუძვლო გამდიდრებისათვის დამახასიათებელი შემდეგი ნიშნები: 1. უსაფუძვლო გამდიდრებას ადგილი უნდა ჰქონდეს აუცილებლად სხვა პირის ხარჯზე. 2. უსაფუძვლო გამდიდრების დროს სხვისი ქონების შეძენა (დაზოგვა) ხდება დაზარალებულის ხარჯზე. 3. გამდიდრების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. 4. უსაფუძვლო გამდიდრების დროს, მნიშვნელობა აქვს ობიექტურად დამდგარ შედეგს და არა ამ შედეგის დადგომასთან დაკავშირებული პირების მოქმედებას (ნებას).

 

აღსანიშნავია, რომ უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილი ვალდებულებების ძირითადი დანიშნულება სწორედ დაზარალებულის ხარჯზე, უსაფუძვლოდ გამდიდრებული ან ქონებადაზოგილი შემძენის მიერ დაზარალებულისათვის ქონებრივი დანაკარგის ანაზღაურების უზრუნველყოფაა. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულებებიც წარმოადგენენ ერთიან დამოუკიდებელ არასახელშეკრულებო ინსტიტუტს, რომელიც ემსახურება საკუთრების უფლებისა და სხვა ქონებრივი უფლებების დაცვას. ამ სახის ვალდებულების წარმოშობისათვის მნიშვნელოვანია თვით უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და არა კონკრეტული საფუძველი, რასაც მოჰყვა გამდიდრება. ასეთ ფაქტად შეიძლება მივიჩნიოთ გამდიდრებული პირის, როგორც მართლზომიერი ისე არამართლზომიერი მოქმედება. ასევე, დაზარალებულის და მესამე პირთა იგივე სახის მოქმედებები. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება.

 

განსახილველ შემთხვევაში, არ დგინდება ე----- ს------–-–---–ის მიერ შ--------- კ---------ის კუთვნილი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის ფაქტი, რაც ზიანის დაკისრებისათვის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. პალატა განმარტავს, ზიანის, მათ შორის, სკ-ის 982-ე მუხლის საფუძველზე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმებში მითითებულ კონსტრუქციას. სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო სამართალში ზიანის ცნებაში მოიაზრება პირის ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ, მესაკუთრის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, სახეზეა, ფაქტობრივად დამდგარი ზიანი. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის რომ ე----- ს------–-–---–ს დაეკისროს ქონებრივი პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, ადგილი უნდა ჰქონდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რასაც, განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს. დასახელებული მსჯელობა კი, გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მასზე, რომ სადავო პერიოდში მოპასუხე განკარგავდა მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, აქედან გამომდინარე, საქმის მასალებით არ დგინდება იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ შ--------- კ---------ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც, უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შ--------- კ---------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შ--------- კ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ანა გოგიშვილი

 

მოსამართლეები: ხათუნა არევაძე

 

ეკატერინე ცისკარიძე