განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2019
საქმის ნომერი
330210016001311047
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001311047

საქმე 2ბ/5265-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - ბესარიონ ტაბაღუა

მოსამართლეები: დიანა ბერეკაშვილი

ქეთევან დუგლაძე

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ფ----------–---------რ

წარმომადგენელი - ვ--–--------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარეები: გ-----------–--------, ზ---–----–--------, მ-----–----–-----ე

წარმომადგენელი - ს-------------------–---–-

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საკუთრების აღიარება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ფ----------–---------რის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ფ----------–---------რი 2010 წლიდან იმყოფებოდა ქორწინებაში დ--–------–-----------თან, რომელთანაც დღეის მდგომარეობით განქორწინებულია. დ--–------–-----------ის (დ--–-----–-------ას) შვილები არიან მოპასუხეები: გ-----------–-------- და ზ---–----–--------.

 

2.2. ფ----------–---------რმა მოპასუხეების გ-----------–--------სა და ზ---–----–--------ს საბანკო ანგარიშზე 2013 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადარიცხა თანხები, კერძოდ:

 

გ-----------–--------ს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია შემდეგი თანხები: 2014 წლის 14 ივლისს - 2000 აშშ დოლარი, 2015 წლის 06 მაისს - 5035 აშშ დოლარი, 2015 წლის 13 აგვისტოს - 50 000 აშშ დოლარი, 2015 წლის 29 სექტემბერს - 5000 აშშ დოლარი, 2015 წლის 26 სექტემბერს - 50 000 აშშ დოლარი, 2013 წლის 16 სექტემბერს 30 000 აშშ დოლარი, 2013 წლის 07 მარტს - 20 000 აშშ დოლარი და 2013 წლის 29 მარტს - 52 000 აშშ დოლარი, 2014 წლის 19 მაისს - 5000 აშშ დოლარი, 2014 წლის 04 აპრილს - 20 000 აშშ დოლარი, ჯამში - 239 035 აშშ დოლარი. ხოლო ზ---–----–--------ს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია 108 000 აშშ დოლარი (ტ. I, ს.ფ. 78-102, 108-141);

 

2.3. ფ----------–---------რმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მის მიერ 30 460 აშშ დოლარად შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, მარკა - მაზდა MX5, გამოუგზავნა საქართველოში მყოფ გ-----------–--------ს, რომლის სახელზეც საკუთრების უფლებით აღირიცხა მითითებული ავტომანქანა.

 

დღეის მდგომარეობით სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებულია მ-----–----–-----ის სახელზე 2016 წლის 20 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (ტ. I, ს.ფ. 149-153, 155-159, 164);

 

2.4. 2013 წლის 16 აპრილს გ-------------–-------ასა და შპს „ე-------“-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გ-----------–--------მ შპს „ე-------“-ს სესხის სახით გადასცა 50 000 აშშ დოლარი. სესხი გაცემული იქნა განუსაზღვრელი ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთის 18%-ის ოდენობით (ტ. I, ს.ფ. 142-143);

 

2.5. 2015 წლის 19 აგვისტოსა და 2015 წლის 30 სექტემბერს გ-----------–--------სა და შპს „ა----“-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გ-----------–--------მ შპს „ა----“-ს სესხის სახით გადასცა ჯამში 200 000 აშშ დოლარი, ერთი წლის ვადით (ტ. I, ს.ფ. 144-147);

 

2.6. 2015 წლის 18 დეკემბერს ფ----------–---------რის მიერ გაცემული იქნა ანდერძი, რომლის მიხედვითაც მთელ მის ქონებას უტოვებდა მის მეუღლე დ--–--------–---------რს, თუ იგი იქნებოდა ცოცხალი მისი გარდაცვალების მომენტისათვის, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში მის გერებს ზ---– და გ-----------–-------ებს დარჩებოდათ სამკვიდრო, რაც მათ შორის გაიყოფოდა თანაბრად (ტ. I, ს.ფ. 341-346);

 

2.7. ფ----------–---------რის ფინანსური დეკლარაციის თანახმად, მისი შემოსავალი 2015 წელს შეადგენდა 1 105 721 აშშ დოლარს (ტ. II, ს.ფ. 89-93);

 

2.8. 2016 წლის იანვრის ბოლოს მეუღლეებს ფ----------–---------რსა და დ--–------–-----------ს შორის დაიძაბა ურთიერთობა.

 

2016 წლის 09 თებერვალს ფ----------–-----------მა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოპასუხე გ-----------–--------ს აცნობა რომ აპირებდა საქართველოში ჩასვლას, ამავე წერილით მოსთხოვა ბინის, მანქანისა და გადარიცხული თანხების დაუყოვნებლივ დაბრუნება (ტ. I, ს.ფ. 165-173);

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.9. საქმეზე არ დადასტურდა, რომ ფ----------–---------რსა და მოპასუხეებს: გ------- და ზ---–----–-------ებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა იკისრეს მოსარჩელისათვის ბინის შეძენისა და გადარიცხული თანხებიდან ბიზნეს საქმიანობის განხორციელების ვალდებულება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის წარდგენა ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს დარღვეული უფლების არსებობას. ასევე, არ ნიშნავს სარჩელში მითითებული არგუმენტების დადგენილად მიჩნევას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

 

რადგან გ------- და ზ---–ი იყვნენ ფ----------–---------რის მეუღლის დ--–------–-----------ის შვილები პირველი ქორწინებიდან, ამიტომ მოსარჩელეს მათთან ჩამოუყალიბდა ნდობა, რასაც ხელს უწყობდა მათი დედა და მოსარჩელის მეუღლე. გ------- და ზ---–ი თავდაპირველად ფ----------–----------ს თავს აჩვენებდნენ ერთგულ და გულწრფელ ადამიანებად, რითაც შეძლეს მისი ნდობის მოპოვება.

 

დ--–--------–-------------ი, გ-------------–-------ა და ზ---–------–-------ა ფ------------–---------რს არწმუნებდნენ, რომ გ-------სთვის და ზ---–ისთვის გაეგზავნა ფული საქართველოში სარფიანად დასაბანდებლად. ისინი ამ ფულს დააბანდებდნენ საქართველოში მოგების მისაღებად და შემდეგ ფულს მოგებასთან ერთად უკან დაუბრუნებდნენ. ზ---–ი და გ------- აცხადებდნენ რომ ჰყავდათ პოტენციური მსესხებელი (ზ---–ის მეგობარი, რომელსაც ჰქონდა კომპანია შპს „ა----“) რომელიც ამ ფულს სარფიანად ისესხებდა.

 

მეუღლე ფ----------–---------რს ასევე არწმუნებდა, რომ გ------- და ზ---–ი საქართველოში გამოგზავნილი ფულით შეიძენდნენ მისთვის სახლს, მანქანას და ა.შ და აშშ-დან ჩასვლისას მათ ქონება უკვე შეძენილი დახვდებოდათ. მოსარჩელემ საქართველოში გამოაგზავნა ავტომობილი, რათა საქართველოში ჩამოსვლისას ავტომობილი ჰქონოდა.

 

გ------- და ზ---–ი პირდებოდნენ მოსარჩელეს, რომ ფულს დაუბრუნებდნენ მოთხოვნისთანავე პროცენტებთან ერთად. მოსარჩელე ენდო გ-------ს და ზ---–ს და აშშ-დან საბანკო გადარიცხვის გზით მათ ჩაურიცხა 250 000 აშშ დოლარი სესხების გასაცემად. ზ---–----–--------მ და გ-----------–--------მ იმის დასადასტურებლად, რომ გადაცემული ფული მართლაც დააბანდეს, მოსარჩელეს გაუგზავნეს სესხის ხელშეკრულებების ასლები.

 

მოსარჩელე აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების მიზნით უთითებს, ელექტრონული ფოსტის მეილებზე, რომელიც მან სასამართლოში წარადგინა 2017 წლის 26 სექტემბრის განცხადებით (ტ. II, ს.ფ. 122-196).

 

2017 წლის 20 ოქტომბერს მოპასუხეებმა სასამართლოში წარადგინეს განცხადება, რომლითაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი ელექტრონული წერილებისა და ე.წ. მინდობილობის სიყალბეზე მიუთითეს და შედავების გზით ეჭვქვეშ დააყენეს როგორც მათი ნამდვილობა, ასევე მათი წარმომავლობის კანონიერება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მნიშვნელოვანია, მატერიალურ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულების ნამდვილობასთან დაკავშირებული მტკიცების ტვირთის პროცესუალურ-სამართლებრივი სტანდარტი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. ასეთი მას შეუძლია განაცხადოს აგრეთვე საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროსაც, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა ამ სასამართლო სხდომაზე ან ადრე წარდგენილი საბუთის სიყალბე მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველი ნორმა მიუთითებს იმაზე, რომ პირს, ვის წინააღმდეგაც წარმოდგენილია საბუთი, შეუძლია, უარყოს იგი მის სიყალბეზე მითითებით, მარტივი შესაგებლით. ამ შემთხვევაში ამ უკანასკნელს არ ეკისრება ამ უარყოფის დადასტურება. პირიქით, იმ პირს, ვის სასარგებლოდაც მიუთითებს (ვინც წარმოადგინა) ეს მტკიცებულება, მას ეკისრება მისი ნამდვილობის დადასტურება, თუ მის მოწინააღმდეგე მხარემ ამ საბუთის ნამდვილობა გახადა სადავოდ.

 

აღნიშნული თავისებურება უფრო მკვეთრად ვლინდება განსახილველი მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმად, მტკიცებულების წარმდგენ მხარეს შეუძლია, სთხოვოს სასამართლოს მტკიცებულებებიდან სადავო საბუთის ამორიცხვა და საქმის გადაწყვეტა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ასეთი თხოვნის არარსებობის შემთხვევაში, სასამართლო შეამოწმებს საბუთის ნამდვილობას, რისთვისაც შეუძლია, დანიშნოს ექსპერტიზა, მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა ან გამოითხოვოს სხვა მტკიცებულებები.

 

ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ თუ მხარე მიუთითებს საბუთის სიყალბეზე (რისთვისაც კანონი არ ითხოვს ამის დადასტურებას), ამ შემთხვევაში საბუთის წარმდგენ მხარეს შეუძლია, სთხოვოს სასამართლოს მტკიცებულებებიდან სადავო საბუთის ამორიცხვა და საქმის გადაწყვეტა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მაგრამ თუ ეს უკანასკნელი არ მოითხოვს ამ საბუთის ამორიცხვას (შესაბამისად, არც ადასტურებს მის ნამდვილობას), სასამართლო შეამოწმებს საბუთის ნამდვილობას, რისთვისაც შეუძლია, დანიშნოს ექსპერტიზა, მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა, გამოითხოვოს სხვა მტკიცებულებები.

 

ამდენად, განსახილველი ნორმების თანახმად, მხარე, რომელიც უთითებს მის სასარგებლო ფაქტზე, მანვე უნდა დაამტკიცოს ეს ფაქტი შესაბამისი მტკიცებულებებით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები, ასევე ზემომითითებული ანალიზის გათვალისწინებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 709 მუხლები), შესაბამისად, მასვე ეკისრება ამ მტკიცებულებების ნამდვილობის დადასტურებაც (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლი).

 

სასამართლომ მოსარჩელეს არაერთხელ შესთავაზა წარმოედგინა დამატებითი მტკიცებულებები (ექსპერტიზის დასკვნა), თუმცა დღეისათვის საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი დამატებითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სადავოდ გახდილი მტკიცებულებების, ელ. წერილების და ე.წ. მინდობილობის ნამდვილობას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მითითებული ელ. წერილები და ე.წ. მინდობილობა მტკიცებულებად არ მიიჩნია.

 

სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელემ მის მიერ მითითებული ფაქტების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება ვერ წარადგინა. შესაბამისად, მან ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, რომელიც ეხება მას და მოპასუხეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში თანხის გადაცემას.

 

2.10. მხარეთა შორის სადავოა აგრეთვე 2013-2015 წლებში გ-----------–--------ს საბანკო ანგარიშზე გადარიცხული თანხების ოდენობა 17 000 აშშ დოლარის ნაწილში.

 

მოსარჩელის განმარტებით, მას გ------- და ზ---–----–-------ებისათვის გადარიცხული აქვს 365 035 აშშ დოლარი, ამ თანხიდან 256 035 აშშ დოლარი ჩარიცხულია გ-----------–--------ს ანგარიშზე, ხოლო 108 000 აშშ დოლარი ჩარიცხულია ზ---–----–--------ას საბანკო ანგარიშზე.

 

მოსარჩელე აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების მიზნით უთითებს, საბანკო გადარიცხვის ქვითრებზე, თუმცა მითითებული ქვითრებიდან 2013 წლის 21 ოქტომბრის გადარიცხვით დასტურდება, რომ გამგზავნი პირია დ--–------–-----------ი და არა ფ----------–------------.

 

საგულისხმოა, რომ მოსარჩელე მხარემ 2013-2015 წლის პერიოდში განხორციელებული თანხის გადარიცხვის დასადასტურებლად წარმოადგინა საბანკო გადარიცხვის ქვითრები, შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს ასეთივე წარმატებით შეეძლო 2013 წლის 21 ოქტომბრის გადარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მას არ განუხორციელებია.

 

გ-----------–--------ს საბანკო ანგარიშზე - 239 035 აშშ დოლარის გარდა, სხვა თანხების (17 000 აშშ დოლარი) ჩარიცხვის თაობაზე მოსარჩელის დასაბუთებული პრეტენზია და საჭირო მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.

 

2.11. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასებით სასამართლომ მიიჩნია, რომ 2016 წლის 20 თებერვალს გ-----------–--------სა და მ-----–----–-----ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის მოჩვენებითი გარიგება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამოვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამოვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებითი გარიგებას ახასითებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან, (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ.). იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის არსებული უთანხმოების ფაქტი მიუთითებს 2016 წლის 20 თებერვალს დადებული სადავო გარიგების ბათილობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.

 

როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი, მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. ამდენად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს იმან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ უთითებს ისეთ მტკიცებულებებზე, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა გ-----------–--------სა და მ-----–----–-----ის უკანონო „ურთიერთშეთანხმება“, მოქმედებები, რომლებიც მიუთითებენ მათ საერთო ინტერესებზე, რომლებიც გამორიცხავენ იმ განზრახვას, რომ მათ მიერ დადებულ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს.

 

სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებით ხასიათს. მოსარჩელემ ვერც იმის დადასტურება შეძლო, რომ მ-----–----–-----ე იყო გ-----------–--------ს ცოლის ძმა, რაც მისი განმარტებით, ასაბუთებდა გარიგების მოჩვენებით ხასიათს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.12. სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებდა მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30 ).

 

2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს, ან შემდგომში იშლება. ამასთან, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ შესრულების უკუმოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემსრულებლისა და მიმღების სამართლებრივ ურთიერთმიმართებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამდენად, შეფასება იმისა, შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, თუ შესრულება მომდინარეობს ზნეობრივი მოვალეობიდან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა უფლება- მოვალეობრივი კავშირი არსებობს შემსრულებელსა და მიმღებს შორის, რა სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდა შემსრულებელსა და მიმღებს შესრულების მიმართ. აღნიშნული მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მჭიდრო ნათესაური ურთიერთკავშირების დროს, ასევე მაშინ, როდესაც არსებობს გარკვეული კანონისმიერი ვალდებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რომც არსებობდეს უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევა, ბათილი გარიგების თუ ნებისმიერი საფუძვლით ვალდებულების არარსებობა, უკან დაბრუნების მოთხოვნა დაზარალებულს ვითომ კრედიტორისაგან (მიმღები-შემძენი) არ შეუძლია, თუკი მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა.

 

სამოქალაქო სამართალურთიერთობა ეფუძნება სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. უფლების კეთილსინდისიერად განხორციელება თავის თავში მოიცავს სამართალსუბიექტის მიერ ნების გამოვლენისას წინდახედულობის ელემენტარული სტანდარტის გათვალისწინებას, რათა მის მიერ წინდაუხედავად გამოვლენილი ნებით დაუშვებლად არ იქნეს ხელყოფილი სხვათა უფლებები.

 

2.14. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით დადასტურებული არ არის, რომ ფ----------–---------რსა და მოპასუხეებს: გ------- და ზ---–----–-------ებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა იკისრეს მოსარჩელისათვის ბინის შეძენისა და გადარიცხული თანხიდან ბიზნეს საქმიანობის განხორციელების ვალდებულება, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 709-ე და 724-ე მუხლის შესაბამისად, გვემსჯელა ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივ შედეგებზე ფ----------–------------ს მიმართ.

 

აღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოშობს უკან მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით.

 

გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდიდა თანხისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემის ვალდებულების არსებობას, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაზე, რომელიც საფუძვლად დაედო სადავო თანხისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემას, მხოლოდ, აღნიშნულის შემდეგ მიიჩნია სასამართლომ მიზაშეწონილად მხარეთა შორის რეალურად არსებული ურთიერთობის შეფასება და გამოიტანს დასკვნის გამოტანა თანხის გადაცემის ვალდებულების არსებობის ან არარსებობის თაობაზე.

 

პირველ რიგში, სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი სამოქალაქო ბრუნვის ობიექტებად მიიჩნევს არამხოლოდ ნივთებს, არამედ არამატერიალურ ობიეტებსაც - უფლებებსა და მოთხოვნებს. ეს ორივე სახის ობიექტი ერთიანდება ზოგად ცნებაში - „ქონება“.

 

თავის მხრივ, უფლებებისა და მოთხოვნების საფუძველს წარმოადგენს ვალდებულება. ვალდებულება ეს არის სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ძალითაც ურთიერთობის ერთ-ერთ მონაწილეს უფლება აქვს, მოსთხოვოს ურთიერთობის მეორე მონაწილეს ვალდებულების საგნის შესრულება: ქონების გადაცემა, რაიმე მოქმედების შესრულება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება. ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში აქტიურ მხარეს, ე.ი. მხარეს, როდესაც აქვს მოთხოვნის უფლება, ეწოდება კრედიტორი, ხოლო პასიურ მხარეს, რომელსაც ეკისრება ვალდებულების შესრულება - მოვალე. კრედიტორის მოთხოვნას ყოველთვის შეესაბამება მოვალის შესრულების ვალდებულება და ამდენად, კრედიტორის მოთხოვნის უფლება რელატიურია.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ფ----------–-----------მა მოპასუხეების გ-----------–--------სა და ზ---–----–--------ს საბანკო ანგარიშზე 2013 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადარიცხა თანხები - გ-----------–--------ს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია 239 035 აშშ დოლარი, ხოლო ზ---–----–--------ს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია 108 000 აშშ დოლარი.

 

გარდა ამისა, ფ----------–-----------მა ამერიკის შეერთებულ შტატებში მის მიერ 30 460 აშშ დოლარად შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, მარკა - მაზდა MX5, გამოუგზავნა საქართველოში მყოფ გ-----------–--------ს, რომლის სახელზეც საკუთრების უფლებით აღირიცხა მითითებული ავტომანქანა.

 

თანხებისა და ავტომანქანის დაბრუნებასთან დაკავშირებულ მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლომ არ გაიზიარა. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში, მოსარჩელის მხარეზეა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ფ----------–-----------ს გ------- და ზ---–----–-------ებისათვის ფინანსური დახმარების ვალდებულება არ ეკისრებოდა, რაც მოსარჩელემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა.

 

დადგენილია, რომ ფ----------–------------ 2010 წლიდან იმყოფებოდა ქორწინებაში დ--–------–-----------თან, რომლის შვილებიც არიან მოპასუხეები გ-----------–-------- და ზ---–----–--------.

 

მხარეები ადასტურებენ, რომ ჰქონდათ კარგი, ნდობაზე დაფუძნებული ოჯახური ურთიერთობა. თავად მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ იგი ათასობით დოლარის საჩუქრებს უკეთებდა და ფულად თანხებს გადასცემდა გ--–-------ებს, უკეთებდა რემონტს, უფინანსებდა სწავლას, უხდიდა ადვოკატების საფასურს. მათ ოჯახურ ურთიერთობას ადასტურებს აგრეთვე, საქმეში წარმოდგენილი ანდერძი, რომელიც მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. კერძოდ, 2015 წლის 18 დეკემბერს ფა----------–------------ის მიერ გაცემული იქნა ანდერძი, რომლის მიხედვითაც მთელ მის ქონებას უტოვებდა მის მეუღლე დ--–------–-----------ს, თუ იგი იქნებოდა ცოცხალი მისი გარდაცვალების მომენტისათვის, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, მის გერებს: ზ---– და გ-----------–-------ებს დარჩებოდათ სამკვიდრო, რაც მათ შორის გაიყოფოდა თანაბრად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მნიშვნელოვანია ფ----------–---------რის დამოკიდებულება მისი მეუღლისა და გერების მიმართ, რაც ანდერძის შინაარსიდანაც ჩანს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ანდერძი გაფორმებულია თანხის დაბრუნების მოთხოვნის წარდგენამდე ორი თვით ადრე. კერძოდ, ანდერძის შინაარსის თანახმად, მოსარჩელე უთითებს: ,,მე ვარ დაქორწინებული დ--–------–-----------ზე და მე არ მაქვს სხვა ოჯახი, არ ვიცნობ სხვას არავის, გარდა ჩემი ცოლის, დ--–------–-----------ისა, რომელიც არის პირველი რიგის და სრული მოცულობით მოსარგებლე მთელი ჩემი ქონებისა, თუ იგი იქნება ცოცხალი ჩემი გარდაცვალების მომენტისათვის, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი დარჩებათ ჩემს გერებს (სათადარიგო მემკვიდრეები), ზ---– და გ-----------–-------ებს, რაც მათ შორის გაიყოფა თანაბრად.

 

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ფ----------–------------ს მიერ მითითებული თანხებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემა განხორციელდა მისივე სუბიექტური ნების საფუძველზე, რომლის გადახდისა და გადაცემის სამართლებრივ საფუძველს ამყარებს და ამავდროულად, მისი უკან დაბრუნების ვალდებულებას გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ. ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: ა. შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან ბ. გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან გ. მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა დ. მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ფინანსური დახმარების სახით გადაცემული თანხისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების უკან დაბრუნების ვალდებულება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებს. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს წარმოადგენს შემსრულებლის ზნეობრივ მოვალეობასთან და მიმღების სუბიექტურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული კანონის მითითებული დანაწესის ანალიზი.

 

აღნიშნული მსჯელობის ნათელყოფის მიზნებისათვის სასამართლომ მიუთითა, რომ თავისთავად „ზნეობრივი მოვალეობა“ შეიძლება სცილდებოდეს კანონით დადგენილი მოვალეობის ფარგლებს.

 

გარდა მითითებული ვალდებულებების სუბიექტური შეფასებისა, სასამართლომ განმარტა, რომ არსებობენ ისეთი ობიექტური ფაქტორებიც, როგორიცაა ოჯახის ფინანსური შესაძლებლობა და მატერიალური მხარდაჭერა. დადგენილია, რომ ფ-----------–------------ი და მოპასუხეების დედა, დ--–------–-----------ი პერიოდულად ურიცხავდნენ გ------- და ზ---–----–-------ებს გარკვეულ თანხებს სხვადასხვა დანიშნულებით, თუმცა ყველა შემთხვევაში, გადმორიცხვების მიზანი იყო შვილებისა და გერების ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა, მათ შორის, დახმარება ბინის შეძენაში, აღნიშნული კი პრაქტიკულად წარმოადგენდა შემსრულებლის ზნეობრივ ვალდებულებას, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამორიცხავს უკუმოთხოვნის შესაძლებლობას.

 

2.15. სასამართლომ მიუთითა, რომ შესრულების უკუმოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემსრულებლისა და მიმღების სამართლებრივ ურთიერთმიმართებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიშანდობლივია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამდენად, შეფასება იმისა, შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, თუ შესრულება მომდინარეობს ზნეობრივი მოვალეობიდან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა უფლება-მოვალეობრივი კავშირი არსებობს შემსრულებელსა და მიმღებს შორის, რა სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდა შემსრულებელსა და მიმღებს უშუალოდ შესრულების მიმართ. აღნიშნული გამიჯვნადია განსაკუთრებით მჭიდრო ნათესაური და მეგობრული ურთიერთკავშირების დროს. თუ შემსრულებელი შესრულების დროს მოქმედებდა ზნეობრივ საწყისებზე დაყრდნობით იმთავითვე გამოირიცხება მისი უკან დაბრუნების შესაძლებლობა.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმღებს ამგვარი შესრულების მიმართ ობიექტური პრეტენზია უჩნდება, ასე ვთქვათ, ერთი პირის მიერ მეორისათვის შესრულების განხორციელების დროს იგულისხმება, რომ არსებობს ვალდებულება და შესრულება განხორციელდა ვალდებულების ადეკვატურად. ის გარემოება, რომ შესრულება, ვალდებულების გარეშე განხორციელდა, უნდა ადასტუროს მიმღებმა, თუმცა იმგვარი შესრულება, რომელიც, საოჯახო ურთიერთობის ფარგლებში, მორალურად გამართლებული და ზნეობრივია, წარმოშობს „ვალდებულების არსებობის პრეზუმფციას“.

 

სამართალწარმოებაში „პრეზუმციების“ არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება, პირიქით, უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში. შესაბამისად, საოჯახო ურთიერთობის ფარგლებში, მორალურად გამართლებული და ზნეობრივად შთაგონებული შესრულების პირობებში, ვალდებულების არარსებობის მტკიცების ტვირთი შემსრულებელს ეკისრება. აღნიშნული სამართლებრივი წესრიგი ასახულია სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში, სადაც მითითებულია, რომ უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიმღები ვარაუდობდა, რომ შემსრულებელს სურდა მისი განხორციელება, შესაბამისად, შესრულება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. განსხვავებული სამართლებრივი შედეგი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, სახელდობრ, მან უნდა ადასტუროს, რომ თანხისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემა არ მომხდარა ფინანსური დახმარების ფარგლებში, აგრეთვე, რომ თანხის გადაცემა მის ზნეობრივ მოვალეობაში არ შედიოდა, მისი გერების დახმარებას არ ისახავდა მიზნად. ამგვარი მტკიცება კი, მოსარჩელეს არ განუხორციელებია.

 

2.16. აქვე სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობა ეფუძნება სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნებს. ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრიციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს.

 

თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში, კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, სამართლიანობას, ერთგულებასა და სხვ.

 

კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს.

 

კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული ისე, სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. ეს პრინციპი საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შევაფასოთ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ ფა----------–------------ს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ იმ ოჯახური ურთიერთობის ფარგლებში, რომელსაც უყენებდნენ ერთმანეთს ოჯახის წევრები, გ-----------–--------სა და ზ---–----–--------ს მიმართ განხორციელებული შესრულება აღქმული იქნებოდა მისი მხრიდან ზნეობრივი მოვალეობის შესრულებად. შესაბამისად, მიმღების მხრიდან მიღებულ შესრულებაზე განხორციელდებოდა სრული ბატონობა, დაუფლება, რაც თავის თავში, მოიაზრებს აღნიშნული ფინანსური საშუალებების განკარგვას. ამდენად, თუ შემსრულებელს სურდა განხორციელებული შესრულებიდან თავის სასარგებლოდ რაიმეს დაზოგვა, აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა გამოევლინა ნება, შეექმნა სამართლებრივი გარანტია და ა.შ. სხვა შემთხვევაში, ზნეობრივი მოვალეობის შესაბამისი შესრულების უკუმოთხოვნით იგი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს როგორც თავად გ------- და ზ---–----–-------ებს, ასევე მათი ოჯახის დანარჩენ წევრებს.

 

დადგენილია, რომ 2013 წლიდან 2015 წლამდე არსებულ გადარიცხვებში არც ერთი საბანკო ქვითარი არ შეიცავს გადარიცხვის დანიშნულებას. ყველა გზავნილი არის პირადი ხასიათის და არ არის მითითებული არც ის, რომ თანხა ბინისთვის არის, ან რომ სესხია ანდა ინვესტიციაა; საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ 2015 წლის ნოემბერში გახსნილია ფ----- და დ--–------–-----------ების საერთო ანგარიში, სადაც განთავსდა ჯამში 200,000 აშშ დოლარი. ეს თანხა წარმოადგენდა მეუღლეთა საერთო თანხას. პერიოდულად როგორც ფ----------–------------, ისე დ--–------–-----------ი უგზავნიდა თანხებს გ------- და ზ---–----–-------ებს. საიდანაც, დ--–------–-----------ის მიერ გამოგზავნილმა თანხებმა შეადგინა 67,000 აშშ დოლარი. დ--–------–-----------ის მიერ შესრულებული გადმორიცხვის დანიშნულებაა „უგზავნის ფულს თავის ვაჟს ბინის შესაძენად“ და „ფულადი გზავნილი ოჯახის წევრებისათვის“ (ტომი I, ს.ფ. 311-316);

 

როგორც უკვე აღინიშნა, გარდა მითითებული ვალდებულებების სუბიექტური შეფასებისა, არსებობენ ისეთი ობიექტური ფაქტორებიც, როგორიცაა ოჯახის ფინანსური შესაძლებლობა და მატერიალური მხარდაჭერა.

 

საქმეში წარმოდგენილი ფ----------–------------ს ფინანსური დეკლარაციის თანახმად, მისი შემოსავალი 2015 წელს შეადგენდა 1 105 721 აშშ დოლარს. მოსარჩელის მიერ არ მომხდარა აღნიშნული მტკიცებულებების ნამდვილობის უარყოფა, უფრო მეტიც მან 2017 წლის 16 ივნისს სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ „იმ დროს ძალიან ბევრი ფული მქონდა და არ მინდოდა ერთ ანგარიშზე მქონოდა და მერჩივნა გადამენაწილებინა სხვადასხვა ბანკებზე, რადგან რომელიმე ბანკი თუკი გაკოტრდებოდა, მთელ ფულს დავკარგავდი“. შესაბამისად, მის მიერ მოპასუხეთათვის 2015 წელს გაგზავნილი თანხების ოდენობა მცირედია მის შემოსავლებთან შედარებით, რაც არ აღემატებოდა მის ფინანსურ შესაძლებლობებს.

 

მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მისი მხრიდან არაერთხელ მომხდარა მოპასუხეებზე ფინანსური დახმარების გაწევა, 2017 წლის 16 ივნისის სასამართლოს სხდომაზე განმარტა შემდეგი:

 

- „2011 წელს ჩამოვედი თბილისში. როდესაც მივედი გ-----------–--------ს სახლში, სადაც დავრჩი რამდენიმე კვირით, ვნახე, რომ ისინი ცხოვრობენ ძალიან ცუდ პირობებში. ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელი იყო. მე ჩემი კეთილი ნებით დაახლოებით 5000.00 დოლარი დავხარჯე მათი სამზარეულოს რემონტისთვის და ავეჯისთვის.

- „2013 წელს მე გ-------ს გადავუხადე ადვოკატის ფული, რომ სასამართლოს ძალით შეენარჩუნებინა შვილზე უფლება. ეს იყო 3000.00 აშშ დოლარი“. სასამართლოს კითხვაზე, თუ რატომ ეხმარებოდა, მან უპასუხა: „ჩემი კეთილი გულის გამო“.

- „180,000.00 დოლარი გადავუხადე დ--–-ს უნივერსიტეტისთვის, რომ გამხდარიყო პროფესიონალი ექთანი“.

 

სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ ფ----------–---------რი და მოპასუხეების დედა, დ--–------–-----------ი პერიოდულად ურიცხავდნენ გ------- და ზ---–----–-------ებს გარკვეულ თანხებს სხვადასხვა დანიშნულებით, თუმცა ყველა შემთხვევაში, გადმორიცხვების მიზანი იყო შვილებისა და გერების ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა, მათ შორის, დახმარება ბინის შეძენაში.

 

ასეთ პირობებში კი, სასამართლოს მოსაზრებით, სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგებოდა კანონის დანაწესს, ზნეობრივი შესრულების უკან დაბრუნების დაუშვებლობასთან მიმართებით.

 

2.17. სადავო სამართალურთიერთობის სსკ-ის 976-ე ნორმის საფუძველზე შეფასების შედეგად, საფუძველი გამოეცალა, სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დასაბუთებულობას.

 

გარდა ამისა, მოსარჩელის იმ არგუმენტს, რომ მითითებული თანხების საკრედიტო დაწესებულებაში ანაბარზე განთავსების შემთხვევაში, მიიღებდა შემოსავალს წლიურ 8.9%-ს, 6.1%-ს და 7.3%-ს პროცენტის სახით, სასამართლო ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძვლად არ მიიჩნევს. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (ლუცრუმ ცესსანს). სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

 

მოცემული შემთხვევაში თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ გადარიცხული თანხების უმეტესი ნაწილი ემსახურებოდა ბინის შეძენასა და მის გარემონტებას, შესაბამისად მის ინტერესს წარმოადგენდა ბინის შეძენა და არა გადარიცხული თანხის ბანკში ანაბარზე განთავსება და ამ გზით, სარგებლის მიღება. შესაბამისად, არ დადასტურდა მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა.

 

2.18. სასამართლომ საქმეში არსებული მასალების შეფასების გზით, მიიჩნია რომ 2016 წლის 20 თებერვალს გ-----------–--------სა და მ-----–----–-----ეს შორის გაფორმებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის მოჩვენებითი გარიგება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამავე კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია იურიდიული შედეგის დადგომისაკენ, ანუ გარიგების დადებისათვის აუცილებელია პირველი - ნამდვილი ნების გამოვლენა და მეორე - ამ ნების საფუძველზე გარკვეული იურიდიული შედეგის დადგომის სურვილი. ამასთან, ერთ-ერთი პირობის არარსებობა გამორიცხავს ნამდვილი გარიგების არსებობას და შესაბამისად თუ გარიგება დაიდო ასეთ პირობებში იგი ბათილია.

 

შესაბამისად, მოჩვენებითი გარიგების დროს მართალია სახეზეა მხარეთა ნების გამოვლენა და გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, თუმცა, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება არ მოიცავს გარკვეული იურიდიული შედეგის დადგომის განზრახვას.

 

მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებით ხასიათს.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

2.19. გარდა ზემოხსენებულისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ პროცესუალურ- სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე, არ არსებოდა ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები, რამდენადაც, უდავოა, რომ სასარჩელო მოთხოვნა აღიარებითი იყო, რომლის დაკმაყოფილების პერსპექტივასაც განაპირობებდა მოთხოვნის მიმართ მხარის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა. ეს უკანასკნელი ცნება წარმოადგენს არა მხარის სუბიექტურ დამოკიდებულებას მოთხოვნის მიმართ, არამედ, ნამდვილობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლიდან უნდა გამომდინარეობდეს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების შედეგად სრულიად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ხელშეკრულების ბათილად ცნობის იურიდიულ ინტერესად უთითებდა, რომ ხელშეკრულების ბათილად ცნობით დაცული იქნებოდა მოსარჩელე ფ----------–------------ საკუთრების უფლება და სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალება აღირიცხებოდა მის სახელზე.

 

იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს.

 

დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას.

 

აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას.

 

სსსკ-ის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად სასამართლომ აღნიშნა, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.

 

სასამართლომ მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ფინანსური დახმარების სახით გადაცემული თანხისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების უკან დაბრუნების ვალდებულება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებს. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს წარმოადგენს შემსრულებლის ზნეობრივ მოვალეობასთან და მიმღების სუბიექტურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული კანონის მითითებული დანაწესის ანალიზი.

 

ამდენად სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც კი, სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის საფუძველი არ არსებობდა. შესაბამისად, მოსარჩელეს არ აქვს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა და არ დაადგინა უდავო ფაქტობრივი გარემოება, რომლის მიხედვითაც, მოპასუხეთა მიერ აღიარებულ იქნა ფ----------–---------რისათვის სესხის ხელშეკრულების ყველა ასლის გაგზავნა (2013 წლის 16 აპრილის, 2015 წლის 19 აგვისტოს, 2015 წლის 30 სექტემბრის) და მისთვის იმ თანხის დაბანდების ცნობა, რომელიც აპელანტის მიერ გაგზავნილ იქნა გ------- და ზ---–----–-------ებისათვის 250 000 აშშ დოლარის ოდენობით და რომელიც წარმოადგენს დავის საგნის ნაწილს. სასამართლომ ზემოხსენებულთან ერთად, საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ მიიჩნია ის გარემოება, რომ გამოგზავნილი თანხების დაბანდება სასესხო ურთიერთობაში, სწორედ აპელანტის ბიზნეს გეგმას წარმოადგენდა და სწორედ ამიტომ განხორციელდა მასთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება და შემდგომ უკვე ყველა ხელშეკრულების ასლის გადაგზავნა. სასამართლომ, ასევე, უდავოდ არ მიიჩნია ფაქტი, რომლის მიხედვითაც, მოპასუხეებმა აღიარეს, რომ ფ----------–---------რის მიერ გამოგზავნილი თანხით შეიძინეს უძრავი ქონება, რომლის მდებარეობა, ფასი, ხელშეკრულების პირობები, დიზაინი, კეთილმოწყობა და სხვ. ფ----------–---------რის მიერ იყო არჩეული და მასთან შეთანხმებული.

 

3.2. აპელანტის შეეფასებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია ნამდვილად 2016 წლის 20 თებერვალს მოპასუხეებს: გ-----------–--------სა და მ-----–----–-----ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და უარყო მისი მოჩვენებითობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება ხელშეკრულების დადების თარიღზე, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთობაზე და ნასყიდობის ფასზე, რაც მოჩვენებითი (თვალთმაქცური) გარიგების შემთხვევებში საყურადღებოა. იმ ფაქტს, რომ სატრანსპორტო საშუალება გამოგზავნილ იქნა აპელანტის მიერ, საკუთარი სახსრებით, მოწინააღმდეგე მხარე არ უარყოფს. ნასყიდობის ხელშეკრულება მოპასუხეთა შორის გაფორმდა 2016 წლის 20 თებერვალს, სარჩელის შეტანამდე 2 თვით ადრე, ხოლო ფ----- და დ--–- ტ-----------ს ურთიერთობის დაძაბვიდან 1 თვის შემდეგ. სასამართლომ ერთი მხრივ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია 2016 წლის 09 თებერვალს ფ----------–---------რის მიერ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოპასუხე გ-----------–--------ს მიმართ წარდგენილი მოთხოვნა მანქანის, ბინისა და გადარიცხული თანხების უკან დაბრუნების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, სრულიად ბუნებრივ მოვლენად ჩათვალა, რამდენიმე კვირაში გ-----------–--------ს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისება. გარდა ამისა, მოპასუხე მხარემ არ უარყო აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების ღირებულებაზე ნაკლებ ფასში გაყიდვა.

 

3.3. აპელანტის შეფასებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისთვის მნიშვნელობის მქონედ გარემოებად, რომ ფ----------–---------რის ფინანსური დეკლარაციის თანახმად, მისი შემოსავალი 2015 წელს შეადგენდა 1 105 721 აშშ დოლარს და რომ აპელანტი გ--–-------ებს უკეთებდა ათასობით აშშ დოლარის ღირებულების საჩუქარს, რემონტს, უფინანსებდა სწავლას, უხდიდა ადვოკატის ხარჯებს და ა.შ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას არ გააჩნია დავის საგანთან შემხებლობა. ფ----------–---------რი აღნიშნული დავის ფარგლებში რეალურად გაჩუქებულ და გ--–-------ებისათვის ოჯახურ საწყისებზე გაცემულ თანხებს არ ითხოვს, შესაბამისად, სასამართლოს მიერ არგუმენტად იმ ფაქტის მოშველიება, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვინაიდან სხვადასხვა სახის სიკეთე მიიღო ფ----------–---------რისგან, ამიტომ აპელანტს მიაჩნია, დავის ფარგლებში მოთხოვნილი თანხაც ამავე კატეგორიაში გააერთიანოს, ეწინააღმდეგება სამართლებრივ და ობიექტურ ლოგიკას. ის ფაქტი, რომ ფ----------–---------რს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰქონდა სოლიდური შემოსავალი, აპრიორში არ გულისხმოს იმას, რომ რამდენიმე ათასი დოლარის გაცემა, თუნდაც ოჯახის წევრისათვის მისთვის ჩვეულ მოვლენად ჩავთვალოთ. დავის საგანში მოცემული თანხები გაიხარჯა არამიზნობრივად, აპელანტს ჰქონდა მოლოდინი და შეთანხმება მოწინააღმდეგე მხარისაგან, რომლითაც გამოირიცხება გ--–-------ების ვარაუდი იმის შესახებ, რომ გაცემული თანხები საკუთრად წარმოედგინათ და მიეღოთ, როგორც თანხა, რომელიც წარმოადგენს პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილ სიკეთეს. სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად დაადგინა ფ----------–---------რის შემოსავლები 2015 წელს და აღნიშნული გამოიყენა მოპასუხეთათვის სოლიდური თანხების უანგაროდ გადარიცხვის არგუმენტად, თუმცა სასამართლოს არ უმსჯელია და არ დაინტერესებულა რამდენად საჭიროებდა გ--–-------ების ოჯახი დახმარებას, სახლის შეძენას, დამატებით ავტოსანტრანსპორტო საშუალების ქონას.

 

3.4. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაამახვილა ყურადღება და საქმისათვის მნიშვნელობის არ მქონედ ჩათვალა ფაქტობრივი გარემოება, რომ ბინა, რომელიც გ------- და ზ---–----–-------ებმა შეიძინეს (ქ. თბილისი, ქუჩა ვ-–-------------–---–ი N-, სადარბაზო 1, ბლოკი ა, ნიშნული 3-----, ფართი 85.98) 2016 წლის 15 თებერვალს გაასხვისეს შ--–-------------ზე, რომელთან კავშირიც მოპასუხეებმა არაკეთილსინდისიერად უარყვეს. ბინა გასხვისდა მას შემდეგ, რაც 2016 წლის 09 თებერვალს ფ----------–---------რმა წერილობითი პრეტენზია გაუგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლომ, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც ნათლად მეტყველებს გ--–-------ების არაკეთილსინდისიერებაზე, არ გაამახვილა ყურადღება, შესაბამისად, სასამართლოს ამ საკითხზე საერთოდ არ უმსჯელია.

 

3.5. აპელანტის შეფასებით, სასამართლომ აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ ჩათვალა, რომ მოსარჩელეს სადავო თანხისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ვალდებულება ჰქონდა. აპელანტის განმარტებით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელისათვის ვალდებულების არარსებობის მტკიცების ტვირთის დაკისრების შესახებ.

 

აპელანტის მიერ მოწინააღმდეგე მხარისთვის მიცემული თანხებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გაგზავნა განხორციელდა მხარეთა შეთანხმებით, იმ მიზნით, რომ განხორციელდებოდა ფ----------–---------რის ბიზნეს გეგმა, ფულის ნაწილის დაბანდება მოხდებოდა სასესხო ურთიერთობაში, რითიც ეს უკანასკნელი მიიღებდა სარგებელს, თანხის ნაწილით უნდა მომხდარიყო უძრავი ქონების შეძენა, რომელიც ფ-----ის საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ გადავიდოდა მის საკუთრებაში, ხოლო ავტოსანტრანსპორტო საშუალება გამოაგზავნა იმ მიზნით, რომ საქართველოში ჰქონოდა გადაადგილებისათვის საშუალება. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და აღნიშნული თანხები მიიჩნია მოპასუხისათვის უანგაროდ გაცემულ თანხად, რომელიც გააიგივა საოჯახო საწყისებზე წარმოქმნილ ვალდებულებით ურთიერთობასთან, თითქოს, ფ----------–---------რს აღნიშნული თანხების გადარიცხვის ვალდებულება ზნეობრივ ნორმებზე დაყრდნობით ჰქონდა.

 

აპელანტის შეფასებით, სასამართლომ გამოიყენა ნორმა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 796-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გაივლოს ზღვარი ზნეობრივი მოვალეობის ფარგლებში მიღებულ შესრულებასა და ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძლის გარეშე მიღებულ შესრულებას შორის. როგორც უკვე აღინიშნა, და ასევე, მხარეთა მიერაც დადასტურდა, ფ----------–---------რი წლების განმავლობაში სწორედ ზნეობრივ მოვალეობებზე დაყრდნობით ურიცხავდა და ჩუქნიდა გარკვეული სახის მატერიალურ სიკეთეს საკუთარ გერებს, რომელსაც აპელანტი არ ითხოვს და დღეის მდგომარეობით, დავის საგანზე მეტი ოდენობა აქვს გაცემული მოწინააღმდეგე მხარეზე. თუმცა, წლების განმავლობაში გარკვეული სარგებლის გაცემა არ გულისხმობს, რომ ყველა შესრულება გამომდინარეობს ზნეობრივი საწყისებიდან. სწორედ მხარეთა შორის არსებული ნდობისა და ზნეობის საფუძველზე, აპელანტმა გარკვეული თანხები შეთანხმებისამებრ გადაურიცხა გ--–-------ებს, რომელთა მიერ ამ უკანასკნელი თანხის მიზნობრივად გახარჯვა არაკეთილსინდისიერად არ განხორციელდა. თუ ჩავთვლით, რომ ზნეობრივ საწყისებზე დამყარებულ ურთიერთობებში ყოველი შესრულება აპრიორში გულისხმობს უანგაროდ გაცემულ მატერიალურ სიკეთეს, მაშინ კანონმდებლობისათვის წარმოუდგენელი უნდა იყოს ძმების ბიზნესი, სადაც შესაძლოა მხარეებმა არა როგორც ოჯახის წევრებმა, არამედ როგორც პარტნიორებმა განახორციელონ ურთიერთშესრულება, რომელიც სასამართლოს ლოგიკაზე დაყრდნობით ყოველთვის ზნეობრივ საწყისებზეა და შესაბამისად უკუმოთხოვნის უფლება ქარწყლდება. აღნიშნული მოსაზრება, რა თქმა უნდა, კრიტიკას ვერ უძლებს, ვინაიდან სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, არ შეიძლება ყოველი შემთხვევა შეფასდეს ერთნაირად. ყურადსაღებია ის საკითხი, რომ გარკვეული ოდენობის თანხა აპელანტმა მოწინააღმდეგე მხარეს უანგაროდ, სწორედ ოჯახურ საწყისებზე დაყრდნობით გადასცა, თუმცა ეს რა თქმა უნდა, არ გულისხმობს იმას, რომ ყოველი შესრულება ზნეობრივია და არა კომერციული. ამას ამყარებს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომელიც რა თქმა უნდა, არაკეთილსინდისიერად უარყო მოპასუხემ.

 

სასამართლო ერთი მხრივ დაადასტურა, რომ მხარეებს განსაკუთრებული ნდობა და ოჯახური ურთიერთობა აკავშირებდათ, თუმცა მეორე მხრივ მოსარჩელეს დააკისრა ვალდებულება წარმოედგინა თანხის გადარიცხვის მიზნობრიობა, რაც მართლმსაჯულებისათვის ნამდვილად ხელსაყრელია, თუმცა სწორედ ნდობის დიდი ფაქტორის არსებობის გამო ვერ განხორციელდა მისი წარმოდგენა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფ----------–---------რმა ვერ დაადასტურა მოპასუხეთა მიმართ ვალდებულების არარსებობა, რაც აფსურდია, ვინაიდან, გ------- და ზ---–----–-------- წარმოადგენენ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა რჩენის ვალდებულება ფ----------–---------რს არ გააჩნდა.

 

3.6. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად და არასრულად შეაფასა, ასევე, 2015 წლის 18 დეკემბერს ფ----------–------------ს მიერ გაცემული ანდერძის სამართლებრივი შინაარსი. კონსტიტუციით გათვალისწინებული საკუთრების უფლებისა და სამოქალაქო სამართლებრივი თავისუფლების ფარგლებში, კანონმდებლობა პირს აძლებს უფლებას, სამკვიდროში გაითვალისწინოს მის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სახის ქონება ან არ გაითვალისწინოს იგი. კანონმდებლობა, ასევე, არ ზღუდავს მას ანდერძის შეცვლასა თუ გაუქმებაში, რაც აბსოლუტურად გამართლებულია ადამიანის ძირითადი უფლებებიდან გამომდინარე. ზემოხსენებულ ანდერძში არ ყოფილა გათვალისწინებული დავის საგნის ფარგლებში არსებული ფულადი სახსრები ან სატრანსპორტო საშუალება, ეს სულად არ ნიშნავს იმას, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ეს უკანაკნელი უკვე მიიღო და სწორედ ამ მიზეზით არ იქნა იგი გათვალისწინებული ანდერძში. აღნიშნული ემყარება, სწორედ პირის არჩევანის თავისუფლებასა და საკუთრების სურვილისამებრ განკარგვის უფლებას. სასამართლომ ანდერძზე დაყრდნობით, რომელიც ამჟამად გაუქმებულია, არგუმენტი გაამყარა იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ ფ----------–---------რი ვინაიდან ანდერძში მოხსენიებულ მატერიალურ სიკეთეს უტოვებდა მხოლოდ ცოლსა და სათადარიგო მემკვიდრეებს-გერებს, აღნიშნული ვრცელდებოდა იმ სიკეთეზეც, რომელიც არ იყო მოხსენიებული ანდერძში. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ალოგიკურ დასკვნას, რომელიც არ უნდა გამხდარიყო მოსამართლის შინაგანი რწმენის მაპროვოცირებელი ფაქტორი.

 

3.7. სასამართლომ არ მიიღო მოსარჩელის წერილობითი მტკიცებულება, რომელიც აპელანტმა წარადგინა და რომელიც ადასტურებდა მხარეთა შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას. სასამართლომ, ერთი მხრივ დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებობდა მაღალი ურთიერთნდობის ფაქტორი და მეორე მხრივ, მკაცრი სამართლებრივი შეფასება მისცა მოსარჩელის დაუდევრობას, მის მიერ წინასწარ წერილობითი მინდობილობის, თუ ხელშეკრულების გაუფორმებლობისას. სასამართლომ, ასევე, იმსჯელა, უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით ზეპირი დავალების ხელშეკრულების არსზე, რაც, რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით, რთული წარმოსადგენია, თუმცა სწორედ მხარეთა შორის არსებული ოჯახური ურთიერთობასა და კეთილგანწყობაზე დაყრდნობით, მხარეები შეთანხმებულები იყვნენ ფ----------–---------რის მიერ ბინის შემდგომი გადაფორმების წესზე, რის შედეგადაც, აპელანტი ვითარების სხვაგვარად წარმართვის შემთხვევას არც მოიაზრებდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი დასაბუთება და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1. – 2.11. პუნქტები).

 

4.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავოა მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, რომელიც მოსარჩელის განმარტებით გამომდინარეობს დავალების ზეპირი ხელშეკრულებიდან, ამიტომ შეფასებას საჭიროებს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების (სკ-ის 709-ე და 715-ე მუხლები) შემადგენლობასთან (მის აბსტრაქტულ კომპონენტებთან) (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 თებერვლის სხდომის ოქმი 11:39:15-11:39:27).

 

მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის კვალიფიკაციის მიზნებისათვის პირველ რიგში, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ დავალების ხელშეკრულების ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების თაობაზე ფ----------–---------რის მოთხოვნა ეფუძნება დავალების ზეპირ ხელშეკრულებას, რომლის არსებობასაც მოპასუხეები სადავოდ ხდიან.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად (სსკ-ის მე-4 მუხ.), სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც შეეხება „მტკიცებულებათა დასაშვებობას“ ადგენს ქცევის იმგვარ წესს, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო პალატის მითითებით კანონის ეს მოთხოვნა განპირობებულია მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის შინაარსით, მისი ფაქტობრივი სიტუაციის ნორმატიული აღწერილობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

 

ამავე კოდექსის 715-ე მუხლის შესაბამისად, 1. რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით. 2. თუ რწმუნებული თავისთვის იყენებს ფულს, რომელიც მას უნდა დაებრუნებინა მარწმუნებლისათვის ან გამოეყენებინა მის სასარგებლოდ, რწმუნებული ვალდებულია დააბრუნოს ფული პროცენტთან ერთად.

 

პალატა განმარტავს, რომ სამართალწარმოების პროცესში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და აგრეთვე, იმ თვალსაზრისით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოების დადასტურებაა ამ მტკიცებულებებით შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხეებთან დავალების ურთიერთობის შესახებ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ფულადი თანხის ამერიკიდან გადმოგზავნისა და ამ თანხის გ------- და ზ---–----–-------ების მიერ მიღების ამასახველ საბანკო ამონაწერებზე, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს და საფუძვლად ვერ დაუდებს მხარეთა შორის დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობის არსებობის შესახებ სადავო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის ინსტიტუტი დამოკიდებულია მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის შინაარსსა და ამ ნორმით გათვალისწინებული ფაქტობრივი სიტუაციის ნორმატიულ აღწერილობაზე. სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დაშვების ან ამორიცხვის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ნებართვების თუ აკრძალვების მიხედვით, რაც გათვალისწინებულია მატერიალური ნორმით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული ფაქტების შედეგად წარმოშობილი ურთიერთობების დასადასტურებლად, რაც საბოლოოდ წარმოადგენს სამართლის ნორმით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ კომპონენტებს, აუცილებელია ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც თუნდაც მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლივად უტყუარად მიუთითებენ ყველა მნიშვნელოვან გარემოებებზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელე - ფ----------–---------რი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს მოპასუხეებთან: გ------- და ზ---–----–-------ებთან დავალების ხელშეკრულების (ზეპირი ხელშეკრულების პირობებში) არსებობაზე, ვალდებულია მიუთითოს (მტკიცების საგანი) და წარმოადგინოს ამ ურთიერთობის დავალების ხელშეკრულებად კვალიფიკაციისათვის აუცილებელი მტკიცებულებები (მტკიცების ტვირთი).

 

მართალია მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა სადავო თანხის მოპასუხეებისთვის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება (ფულადი გზავნილის გადარიცხვის ამსახველი ამონაწერი), თუმცა მასში რაიმე მინიშნება/მითითება არ არის მხარეთა შორის დავალების ხელშეკრულების ვალდებულების არსებობაზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სადავოა თანხის გადაცემის დანიშნულება (სამართალურთიერთობის კვალიფიკაციისათვის), მხოლოდ გ------- და ზ---–----–-------ების სახელზე სადავო თანხის გადმოგზავნა და მათ მიერ ამ თანხის მიღების ფაქტით, არ შეიძლებოდა დადასტურებულიყო მხარეთა შორის დავალების ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების არსებობა.

 

როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, ფ----------–------------ 2010 წლიდან იმყოფებოდა ქორწინებაში დ--–------–-----------თან, რომლის შვილებიც არიან მოპასუხეები გ-----------–-------- და ზ---–----–--------. მხარეები ადასტურებენ, რომ ჰქონდათ კარგი, ნდობაზე დაფუძნებული ოჯახური ურთიერთობა. თავად მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ იგი ათასობით დოლარის საჩუქრებს უკეთებდა და ფულად თანხებს გადასცემდა გ--–-------ებს, უკეთებდა რემონტს, უფინანსებდა სწავლას, უხდიდა ადვოკატების საფასურს.

 

გ------- და ზ---–----–-------ები არ უარყოფენ ფ----------–---------რისგან სხვადასხვა დროს თანხის მიღების შესახებ ფაქტობრივ გარემოებას, თუმცა სხვაგვარად ხსნიან ფ----------–---------რის მიერ მათთვის გადაცემული თანხების მიზნობრიობას და მიაჩნიათ, რომ მხარეთა შორის არსებული ოჯახური კონფლიქტის შემდეგ, ფ----------–---------რი შეეცადა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობა აღეწერა მისთვის სასურველი სახით და დ--–-----–-------ასა და მის მიერ მოპასუხეთათვის პერიოდულად გამოგზავნილი თანხებისთვის მიენიჭებინა არასწორი კვალიფიკაცია.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ფ----------–---------რმა ისე განახორციელა ყველა ფულადი ტრანზაქცია მოპასუხეების სასარგებლოდ, რომ გაგზავნის დანიშნულებად ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაზე არსად მიუთითებია.

 

პალატა განმარტავს, რომ იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ კომპონენტებს (შემადგენლობას). თუკი არ არსებობს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ან სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი თავშივე უსაფუძვლოა.

 

განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის პალატა საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ჩუქების სამართალურთერთობის თავისებურებებზე:

 

ჩუქების ხელშეკრულებით წარმოშობილი მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ძირითადი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია, რაც ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს სამაგიერო დაკმაყოფილება მის მიერ გაცემული საჩუქრის გამო. იურიდიული თვალსაზრისით კი, უსასყიდლობა იმაში ვლინდება, რომ საჩუქარი არ არის განსაზღვრული ეკვივალენტურობის მატარებელი და იგი მისი ძირითადი მაკვალიფიცირებელი წინაპირობაა.

 

ჩუქების მოტივს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ანგარებითაც იყოს განპირობებული, იურიდიული თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. ჩუქების მოტივი ძირითადად გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ამიტომ, იგი შესაძლებელია, სხვადასხვა მოტივებით იყოს განპირობებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩუქების მოტივი ყოველთვის გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან.

 

ჩუქება ისეთი გარიგებაა, რომელიც ეფუძნება მხარეთა ურთიერთთანხმობას და არა მხოლოდ მჩუქებლის ნებას. დასაჩუქრებულის მიერ საჩუქრის მიღებამდე ჩუქება არ ჩაითვლება ძალაში შესულად, რადგან სამართლებრივი ურთიერთობა ორი ურთიერთგანპირობებული ნების საფუძველზე წარმოიშობა. თითოეული ადამიანი თავისი სამართლებრივი სივრცის გამგებელია და მისი თანხმობის გარეშე არავის აქვს ამ სივრცეში შეღწევის უფლება. ჩუქების შემთხვევაშიც მხარეთა მიერ გამიზნული სამართლებრივი შედეგების მისაღწევად, ადგილი უნდა ჰქონდეს მხარეთა კონსესუსს. მართალია, ჩუქება მიმართულია ერთი პირიდან მეორეზე საკუთრების უფლების გადაცემისაკენ და ეს ხდება მათ შორის შეთანხმების მიღწევის მომენტიდან, რაც საკუთრების შეძენის საშუალებად აქცევს მას.

 

უდავოა, რომ ფ----------–---------რის ფინანსური დეკლარაციის თანახმად, მისი შემოსავალი 2015 წელს შეადგენდა 1 105 721 აშშ დოლარს. ასევე უდავოა, რომ ფ----------–-----------მა მოპასუხეების გ-----------–--------სა და ზ---–----–--------ს საბანკო ანგარიშზე 2013 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადარიცხა თანხები - გ-----------–--------ს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია 239 035 აშშ დოლარი, ხოლო ზ---–----–--------ს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია 108 000 აშშ დოლარი. გარდა ამისა, ფ----------–-----------მა ამერიკის შეერთებულ შტატებში მის მიერ 30 460 აშშ დოლარად შეძენილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, მარკა - მაზდა MX5, გამოუგზავნა საქართველოში მყოფ გ-----------–--------ს, რომლის სახელზეც საკუთრების უფლებით აღირიცხა მითითებული ავტომანქანა.

 

შესაბამისად, განსახილველი დავის არსის შეფასებისას პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ მოსარჩელეს კეთილგანწყობილი, ოჯახური ურთიერთობა გააჩნდა მოპასუხეებთან. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 2015 წლის 18 დეკემბერს ფ----------–---------რის მიერ გაცემული იქნა ანდერძი, რომლის მიხედვითაც მთელ მის ქონებას უტოვებდა მის მეუღლე დ--–--------–---------რს, თუ იგი იქნებოდა ცოცხალი მისი გარდაცვალების მომენტისათვის, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში მის გერებს ზ---– და გ-----------–-------ებს დარჩებოდათ სამკვიდრო, რაც მათ შორის გაიყოფოდა თანაბრად (იხ. ანდერძი ტომი I, ს.ფ. 341-346). ასევე დადასტურებულია, რომ სადავო თანხები გ------- და ზ---–----–-------ებს პერიოდულად ეგზავნებოდა რაიმე საპირისპირო ვალდებულების შესრულების მინიშნების გარეშე. ყოველივე აღნიშნული სასამართლოს აძლევს ლოგიკური, თანმიმდევრული და დასაბუთებული დასკვნის საფუძველს მასზედ, რომ ფ----------–---------რს გააჩნდა საკმარისი მორალური მოტივები, გამოეხატა მეუღლის დ--–------–-----------ის შვილების: გ------- და ზ---–----–-------ების მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და აღნიშნული აესახა ჩუქების ხელშეკრულების დადებაში (სკ-ის 524-ე მუხ.), რაც გამორიცხავს საპასუხო შესრულების ვალდებულებას და თავისთავად მისი უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებასაც.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ თავისი გერებისთვის ფულადი თანხების და ავტომანქანის გამოგზავნა წარმოადგენდა ჩუქებას, შესაბამისად, საჩუქარის უკან დაბრუნების მოთხოვნა უსაფუძვლოა და მართებულად არ დაკმაყოფილდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.

 

4.3. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფულადი თანხების და ავტომანქანის გადაცემა არ შეფასდებოდა ჩუქებად, მათი უკან დაბრუნების საფუძველი მაინც არ იარსებებდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: ა. შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან გ. მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები.

 

შესრულების უკუმოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემსრულებლისა და მიმღების სამართლებრივ ურთიერთმიმართებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიშანდობლივია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამდენად, შეფასება იმისა, შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, თუ შესრულება მომდინარეობს ზნეობრივი მოვალეობიდან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა უფლება-მოვალეობრივი კავშირი არსებობს შემსრულებელსა და მიმღებს შორის, რა სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდა შემსრულებელსა და მიმღებს უშუალოდ შესრულების მიმართ. აღნიშნული გამიჯვნადია განსაკუთრებით მჭიდრო ნათესაური და მეგობრული ურთიერთკავშირების დროს. თუ შემსრულებელი შესრულების დროს მოქმედებდა ზნეობრივ საწყისებზე დაყრდნობით იმთავითვე გამოირიცხება მისი უკან დაბრუნების შესაძლებლობა.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოპასუხეები: გ-----------–-------- და ზ---–----–-------- იყვნენ მოსარჩელის გერები და მათ შორის არსებობდა მჭიდრო ოჯახური კავშირი. ასევე უდავოა, რომ მოსარჩელე წლების განმავლობაში ფინანსურად ეხმარებოდა გერებს.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ფინანსური დახმარების სახით გადაცემული თანხისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების უკან დაბრუნების ვალდებულება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებს. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს წარმოადგენს შემსრულებლის ზნეობრივ მოვალეობასთან და მიმღების სუბიექტურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული კანონის ზემოხსენებული დანაწესის ანალიზი.

 

პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, არსებობდა ყველა წინაპირობა მოპასუხეებს ევარაუდათ, რომ მოსარჩელეს სურდა სადავო თანხის და ავტომანქანის გადაცემა. ამასთან, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმ ნაწილშიც, რომ გადაცემა მოსარჩელის ზნეობრივ მოვალეობას შეესაბამებოდა ოჯახური ურთიერთობიდან გამომდინარე.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ თანხისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემა არ მომხდარა ფინანსური დახმარების ფარგლებში, აგრეთვე, რომ თანხის გადაცემა მის ზნეობრივ მოვალეობაში არ შედიოდა, მისი გერების დახმარებას არ ისახავდა მიზნად, შესაბამისად, გადაცემულის უკან დაბრუნების მოთხოვნა, პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების სამართლებრივი საფუძვლითაც.

 

4.4. სააპელაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ, გ-----------–--------სა და მ-----–----–-----ეს შორის გაფორმებული ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის მოჩვენებითი გარიგება, გამომდმინარე იქიდან, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებით ხასიათს.

 

4.5. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30 ).

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ფ----------–---------რის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ბესარიონ ტაბაღუა

 

მოსამართლეები დიანა ბერეკაშვილი

 

ქეთევან დუგლაძე