განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
080100118002628270
ინსტანცია
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100118002628270

საქმე №1/ბ-823-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 იანვარი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ი---- ვ-------ის ძე ქ--------ას მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქუთაისი, გ--------ის მე-6 ჩიხი, N1, ფაქტობრივად მცხოვრები: ქუთაისი, გ--------ის ქ. N56;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი---- ქ--------ამ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ოთხი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1.1 2018 წლის 11 ივლისს 19:00 საათზე ქუთაისში გ--------ის ქუჩა N54-ში ი---- ქ--------ა დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა-–---- შ--–--------ეს, რის შედეგადაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.2. 2018 წლის 11 ივლისს 19:00 საათზე ქუთაისში გ--------ის ქუჩა N56-ში ი---- ქ--------ა დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შ----- შ--–--------ეს, რის შედეგადაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.3. 2018 წლის 11 ივლისს 19:00 საათზე ქუთაისში გ--------ის ქუჩა N56-ში ი---- ქ--------ა დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ფ------ გ-----ეს, რის შედეგადაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.4. 2018 წლის 11 ივლისს 19:00 საათზე ქუთაისში გ--------ის ქუჩა N56-ში ი---- ქ--------ა დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ----- ს---–---ს, რის შედეგადაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.5 სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 11 ივლისს 19:00 საათზე ქუთაისში გ--------ის ქუჩა N56-ში ი---- ქ--------ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ფ------ გ-----ეს, კერძოდ, ესროლა წყლით სავსე პოლიეთილენის ვედრო, რის შედეგადაც ფ------ გ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით ი---- ქ--------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ა-–---- შ--–--------ის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (შ----- შ--–--------ის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფ------ გ-----ის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ----- ს---–---ს ეპიზოდი) - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფ------ გ-----ის ეპიზოდი) - ჯარიმა 600 ლარის ოდენობით; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ი---- ქ--------ას განესაზღვრა ჯარიმა 600 ლარის ოდენობით.

 

2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ--- დ--------–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენში და ი---- ქ--------ას მისი პიროვნების, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათის და საშიშროების გათვალისწინებით, ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს სამართლიანი სასჯელი, ვინაიდან ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა მსჯავრდებულის პიროვნებასთან, მის მიერ ჩადენილ ქმედებებთან და აღნიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.

 

დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებულ განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი---- ქ--------ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (4 ეპიზოდი) და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ა-–---- შ--–--------ის, შ----- შ--–--------ის, ფ------ გ-----ის, ნ----- ს---–---ს, ნ----- ი----ის, ვ------- ქ--------ას გამოკითხვის ოქმებით; ამოღების ოქმით და ამოღებული ნივთებით; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით; შესაბამისად, მსჯავრდებულ ი---- ქ--------ას ქმედებებს მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაენიშნოს სამართლიანი სასჯელი.

სააპელაციო პალატა მსჯავრდებულ ი---- ქ--------ას მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

სააპალეციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ი---- ქ--------ას სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაზარალებულებს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მათი განცხადებებით, წარსულში არ არის ნასამართლევი, სასამართლომ ასევე გაითვალისწინა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა (გადატანილი აქვს იშემიური ინსულტი, არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი) და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულთა ერთობლიობით დაუნიშნა სასჯელი ჯარიმის სახით, რაც პალატას სამართლიანად მიაჩნია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გ--- დ--------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ი---- ქ--------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (4 ეპიზოდი); სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ა-–---- შ--–--------ის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (შ----- შ--–--------ის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფ------ გ-----ის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ----- ს---–---ს ეპიზოდი) - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფ------ გ-----ის ეპიზოდი) - ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ი---- ქ--------ას განესაზღვროს ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ი---- ქ--------ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იატაკის საწმენდი ჯოხი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს; მოწითალო ფერის სათლი და დანა (ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე