განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100119002869657
საქმე №1/ბ-294-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---–---- მ-------ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგიტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ხულოს რაიონის სოფელი ფ---ა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ---–---- მ-------ემ ჩაიდინა:
1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე ,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2012 წლიდან 2019 წლის 18 იანვრამდე ეპიზოდი);
1.2 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი);
1.3 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 18 იანვრის ეპიზოდი);
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2012 წლიდან 2019 წლის 19 იანვრამდე პერიოდში, გ---–---- მ-------ე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ---აში, მასთან ქორწინებაში მყოფ ოჯახის წევრს - თ------ ხ------------ეს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, ავალდებულებდა შეესრულებინა საოჯახო საქმეები, უკრძალავდა ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობას, არ აძლევდა სოციალური ქსელებით სარგებლობის უფლებას, რითაც თ------ ხ------------ემ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა;
1.2. 2018 წლის 23 დეკემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ---აში, გ---–---- მ-------ემ თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს თ------ ხ------------ეს მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რითაც თ------ ხ------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.3. 2019 წლის 18 იანვარს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ---აში, გ---–---- მ-------ემ თავის ოჯახის წევრს, მეუღლეს, თ------ ხ------------ეს, მარცხენა ხელზე და ყელის არეში მიაყენა დაზიანებები, რითაც თ------ ხ------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რასაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის განაჩენით გ---–---- მ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1 ნაწილით (2012 წლიდან 2019 წლის 18 იანვრამდე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 01 წლისა და 06 თვის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1 ნაწილით (2018 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1 ნაწილით (2019 წლის 18 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ, გ---–---- მ-------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლისადა 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 18 იანვრიდან 2019 წლის 21 იანვრის ჩათვლით.
2. სააპელაციო საჩივრების არსი:
2.1. აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----------–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის განაჩენში და მსჯავრდებულ გ---–---- მ-------ეს დაუმძიმდეს სასჯელი; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, აქედან გამომდინარე, დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნების შესრულებას.
მსჯავრდებული გ---–---- მ-------ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ იქნეს ცნობილი დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ---–---- მ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ---–---- მ-------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1 ნაწილით (3 ეპიზოდი) გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ, მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ თ------ ხ------------ის ჩვენებით; მოწმეების - თ. კ-----–--ის, მ. მ-------ის, რ. ჯ---------ის გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით, სასამართლო სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
გ---–---- მ-------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ გ---–---- მ-------ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ამასთან სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა, რომ დაზარალებულს მეუღლესთან შერიგებულია და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, მათ ჰყავთ სამი მცირეწლოვანი შვილი და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულათა ერთობლიობით განუსაზღვრა სასჯელი, მუხლის სანქციის ფარგლებში, რაც ჩაუთვალა პირობით, გამოსაცდელი ვადით.
სააპელაციო პალატას გ---–---- მ-------ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის ნაწილში საუარესო ცვლილების შეტანა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----------–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის განაჩენი გ---–---- მ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
გ---–---- მ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1 ნაწილით (2012 წლიდან 2019 წლის 18 იანვრამდე ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1 ნაწილით (2018 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1 ნაწილით (2019 წლის 18 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1 ნაწილით (2012 წლიდან 2019 წლის 18 იანვრამდე ეპიზოდი )- თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1 ნაწილით (2018 წლის 23 დეკემბრის ეპიზოდი; 2018 წლის 28 დეკემბრამდე რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1 ნაწილით (2019 წლის 18 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ---–---- მ-------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
გ---–---- მ-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 18 იანვრიდან 2019 წლის 21 იანვრის ჩათვლით.
გ---–---- მ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა 4000 (ოთხი ათასი) ლარი, განაჩენის აღსრულებიდან 01 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს, რ----- მ-------ეს (პირადი N6----------).
პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გ---–---- მ-------ის ყოფაქცევაზე კოტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე