განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.05.2019
საქმის ნომერი
330310018002359486
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
02.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/462-19, 330310018002359486

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

2 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გელა ბადრიაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - კ----------------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - მ--–-----–---–----

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - დ----------–-----–---–-

 

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება

 

II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

აპელანტის მოთხოვნა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით კ----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2008 წლის 19 თებერვალს სს ,,ვ------------------------'' საბურთალოს ფილიალსა და ი/მ ,,ჯ------------–---–ს'' შორის გაფორმდა ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურებაზე, რომლის საფუძველზეც 2008 წლის 22 თებერვალს მხარეთა შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N-------------- აშშ დოლარზე, წლიური 19% დარიცხვით, 12 თვის ვადით.

 

2008 წლის 19 თებერვალს სს ,,ვ------------------------'' საბურთალოს ფილიალსა (იპოთეკარი) და კ---------------ს (მესაკუთრე) შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, იპოთეკარმა ი/მ ,,ჯ------------–---–ს'' (მსესხებელი) ასესხა თანხა, რომლის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა კ----------------ის კუთვნილი უძრავი ქონება 19 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მდებარე: ქ. თბილისი, დ-----–----------------------------------------------- უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი: 0---------------------- განცხადების რეგისტრაციის N------------ თარიღი15.02.2008, მომზადების თარიღი 18.02.2008.

 

2008 წლის 22 თებერვალს სს ,,ვ------------------------'' საბურთალოს ფილიალსა (მოგირავნე) და ფიზიკურ პირ - ,,ჯ------------–---–ს (დამგირავებელი) შორის დაიდო გირავნობის ხელშეკრულება, გირავნობით უზრუნველყოფილ იქნა ვალდებულება წარმოშობილი 2008 წლის 22 თებერვალს სს ,,ვ------------------------'' საბურთალოს ფილიალსა და ი/მ ,,ჯ------------–---–ს'' შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების N------ საფუძველზე. გირავნობის საგნები აღინიშნა ხელშეკრულებაში.

 

2018 წლის 22 თებერვალს სს ,,ვ------------------------'' საბურთალოს ფილიალსა (კრედიტორი) და ფიზიკურ პირ ვ----------–--–--–---–ს (თავდები) გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N2. თავდებობით უზრუნველყოფილ იქნა ვალდებულება წარმოშობილი 2008 წლის 22 თებერვალს სს ,,ვ------------------------'' საბურთალოს ფილიალსა და ი/მ ,,ჯ--------------–---–ს'' შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების N------ საფუძველზე.(ტ.1. ს.ფ. 14-17, 31-34, 39-40)

 

საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სს ,,ვ------------------------'' საარბიტრაჟო პრეტენზია დაკმაყოფილდა. ი/მ ,,ჯ------------–---–ს'', კ---------------ს და ვ----------–--–--–---–ს სოლიდარულად დაეკისრათ 4034 აშშ დოლარის და 98 ცენტის გადახდა სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიას'' სასარგებლოდ. მათვე სოლიდარულად დაეკისრათ პრეტენდენტის მიერ საქმის განხილვისთვის გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 590 ლარის გადახდა სს ,,ვ------------------------'' სასარგებლოდ.

 

გადაწყვეტილებით დადგინდა კ----------------ს საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ, თბილისში, ვ-------------------–---------------------------- (სარეგისტარციო ზონა - თბილისი, კოდი - 01, სექტორი - ისანი, კოდი - 17, კვარტალი - 01, ნაკვეთი N------- კოდი - 0----, ფართობი 386კვ.მ (დაუზუსტებელი), 1) ასევე ჯ------------–---–ის კუთვნილი ქ. თბილისში, ვ---------–--------------------------------------–- მდებარე საოჯახო ნივთების: მისაღები ოთახის გარნიტურის, (რენესანსი), პიანინო ,,პეტროფის“, 2 ერთეული საძინებელი ოთახის გარნიტურის, ტელევიზორი ,,გრუნდიგის'', ტელევიზორი ,,სამსუნგის'', სარეცხი მანქანა ,,ბოშის'', სამზარეულო ოთახის გარნიტურის, მაცივარი ,,ბოშის'', ტელევიზორი ,,სამსუნგის'', დივიდი ,,სკოტის" და ჭაღის რეალიზაცია აუქციონზე.

 

საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ 2009 წლის 18 მაისს, საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც მიეთითა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი: 2009 წლის 11 მაისი.(ტ.1. ს.ფ. 19-24)

 

სს ,,ვ------------------------'' განცხადების საფუძველზე საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2009 წლის 18 მაისის სააღსრულებო ფურცელი თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ წარმოებაში იქნა მიღებული. სააღსრულებო ფურცელში მითითებულ სოლიდარულ მოპასუხეებს გაეგზავნათ წინადადებები გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე. 2009 წლის 27 ივლისის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე კ---------------ს პირადად ჩაბარდა 2009 წლის 4 სექტემბერს. ხოლო მოპასუხეებს ჯ------------–---–სა და ვ----------–--–--–---–ს წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე ვერ ჩაბარდათ სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართებზე მათი მოუძიებლობის გამო. აღნიშნულის თაობაზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - დ----------–-----–---–-ს მიერ დამსწრე პირთა მონაწილეობით 2009 წლის 1 სექტემბერს შედგენილ იქნა ოქმები.(ტ.1.ს.ფ.122-126)

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინებით დადგენილია, რომ ვ----------–--–--–---–ისა და ჯ------------–---–ისთვის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე წინადადების ჩაბარების შეუძლებლობის გამო, აღმასრულებლის 2010 წლის 23 თებერვლის N--------------- განკარგულებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად დადგინდა მათი საჯაროდ შეტყობინება.

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2010 წლის 24 თებერვლის N------------------ მიმართვით წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ გაეგზავნა გაზეთ ,,24 საათს'', მოვალეების - ი/მ ჯ------------–---–ისა და ვ----------–--–--–---–ისთვის შეტყობინების მიზნით.(ტ.1.ს.ფ. 43-48, 116).

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2010 წლის 11 მარტის განკარგულებით დაინიშნა იძლებითი აუქციონი საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ 2009 წლის 18 მაისს გამოცემული N------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით.

 

2010 წლის 31 მარტს გაიმართა პირველი იძულებითი საჯარო აუქციონი, რომლის შედეგად მოქალაქე კ----------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გასხვისდა და მისი მესაკუთრე გახდა თ-----------–---–ი, რის შესახებაც თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის დ----------–-----–---–-ს მიერ 2010 წლის 1 აპრილს გამოცემულ იქნა N--------------- განკარგულება.(ტ.1.ს.ფ. 111-115)

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ცნობით ირკვევა, რომ სააღსრულებო წარმოება N------------- კრედიტორი - სს ვ-----------------------“, მოვალე: ჯ------------–---–ი; კ----------------; ვ----------–--–--–---–ი აღსრულების საფუძვლით დასრულდა 2010 წლის 30 აპრილს (ს.ფ 106).

 

კ---------------მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, 2010 წლის 31 მარტს ჩატარებული პირველი იძულებითი აუქციონის ოქმისა და 2010 წლის 1 აპრილის განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით კ---------------ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

 

სასამართლო გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ არგუმენტაციას: ძირითადი მოვალისათვის სათანადო შეტყობინების გაგზავნის წესის დაუცველად და მისი ქონების მოძიებისათვის შესაბამისი ღონისძიებების მიღების მცდელობის გარეშე ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათლად ცნობის შესახებ მოსარჩელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის და 28-ე მუხლის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე და 78-ე მუხლის შინაარსზე მითითებით სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მოქმედებები (გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების საჯარო პუბლიკაცია) შეესაბამებოდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. წინადადების პირადად ჩაბარება მოვალის ან მისი ოჯახის წევრებისათვის ვერ მოხერხდა, რის გამოც განხორციელდა საჯარო პუბლიკაცია. ყოველი შემდგომი სააღსრულებო მოქმედების შესახებ მოვალის დამატებითი ინფორმირების ვალდებულებას კი კანონი აღარ ითვალისწინებდა. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მიღებული იქნა კანონით გათვალისწინებული ზომები ძირითადი მოვალის მოძიებისა და მისი ქონების რეალიზაციის გზით ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. კ---------------ას ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მცდელობა აღმოჩნდა უშედეგო.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის N3/ბ-2094-10 განჩინებით კ----------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ ამ განჩინებით სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 7 აპრილის განჩინებით კ----------------ს საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინება (ტ.1.ს.ფ 43-48, 57-60).

 

დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტების (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად (საქმეზე №ბს-648-623(2კ-13) 10.04.2014წ), ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის, კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ზემოთ მითითებული ნორმების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ყველა აღნიშნული წინაპირობა. ზიანის მიმყენებელი ქმედება შეიძლება გამოხატულ იქნეს არა მხოლოდ აქტიურ მოქმედებაში, არამედ უმოქმედობაშიც. უმოქმედობა მართლსაწინააღმდეგოა, თუ ადმინისტრაციული ორგანო არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ნაკისრ მოვალეობებს, არ ახორციელებს სავალდებულო მოქმედებას. ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც განზრახი, ისე გაუფრთხილებელი ქმედებით გამოწვეული ზიანი. გაუფრთხილებლობა კი გამოიხატება აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნათა დარღვევაში. ამასთან, მოქმედებს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ ზიანის მიმყენებელი ითვლება ბრალეულად, თუ ვერ დაადასტურებს ბრალის არარსებობის ფაქტს. ამდენად, საქმის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს საჯარო ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა თუ არა ჯეროვნად შესრულებული. კანონმდებლობით შემოღებულია ზიანის სრულად ანაზღაურების სტანდარტი, მიყენებული ზიანი აუცილებლად სრულად ანაზღაურდეს, ამდენად, ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად მიყენებული ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მატერიალური ზიანის მიყენების საფუძვლად უთითებს მოპასუხე დ----------–-----–---–-ს ქმედებას, რომელმაც არ შეასრულა მისთვის დაკისრებულ კანონისმიერი ვალდებულებები. კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე უთითებდა ჯ------------–---–ის მიერ დაგირავებული ნივთების ადგილსამყოფელს, მან რეალურად არ მოიძია აღნიშნული ნივთები, არ გაიტანა სარეალიზაციოდ და დაინტერესებული იყო რა მოსარჩელის ბინის რეალიზაციით - აუქციონზე გაიტანა მხოლოდ მის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ნივთი. აღნიშნულით მოსარჩელეს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ასევე მოსარჩელე მოპასუხე სსიპ სააღსრულებო ბიუროს მიერ წარმოდგენილ შესაგებელთან დაკავშირებით წარმოდგენილ მოსაზრებაში მიუთითებს, რომ აღმასრულებლის მხრიდან სახეზეა უხეში გაუფრთხილებლობა, მან მიმართა აღსრულების ყველაზე იოლ და ხელმისაწვდომ გზას და კ---------------- დატოვა ქუჩაში. იმავდროულად არ მოძებნა ძირითადი მოვალის ქონება და არც მეორე თავდებისგან მოითხოვა ვალდებულების შესრულება.

 

საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს აწესრიგებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი ჩამოთვლის აღსრულებას დაქვემდებარებულ აქტებს, ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო).

 

აღმასრულებლის უფლება-მოვალეობები მოცემულია აღნიშნული კანონის მე-17 მუხლში. რომლის მე-7 პუნქტის მიხედვით, აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

 

მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციაა აღსრულებას დაქვემდებარებული აქტების იძულებით აღსრულება მათი ნებაყოფლობითი შეუსრულებლობისას. ამდენად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან და დროულ შესრულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პირთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის კუთხით და აღნიშნული ვალდებულებების განუხორციელებლობამ პირის უფლებები შესაძლებელია აქციოს მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის მქონედ. სწორედ ამიტომ, აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილმა პირმა მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უნდა გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობა, რათა აღსრულება განხორციელდეს დადგენილ ვადებში და წესით კრედიტორის ინტერესის გათვალისწინებით. ამასთან, ვინაიდან აღსრულების პროცესში არსებობს მოვალეთა უფლებების ხელყოფის საშიშროება, აუცილებელია, სააღსრულებო წარმოება წარიმართოს მოვალეთა უფლებების გათვალისწინებისა და დაცვის გზით. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს საქმიანობის ეფექტური განხორციელება და გონივრულ ვადაში, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და სირთულესთან, დაასრულოს აღსრულების საქმის წარმოება, რამეთუ იძულებითი აუქციონი ემსახურება კრედიტორის უფლებების დაცვას, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლების გარანტირებულობას, რათა უზრუნველყოფილმა მოვალემ შეძლოს თავისი ლეგიტიმური მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ კრედიტორმა სს ,,ვ-----------------------მ'' მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, წარადგინა სააღსრულებო ფურცელი რაც სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველი გახდა. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2010 წლის 11 მარტის განკარგულებით დაინიშნა იძულებითი აუქციონი საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ 2009 წლის 18 მაისს გამოცემული N------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით. 2010 წლის 31 მარტს გაიმართა პირველი იძულებითი საჯარო აუქციონი, რომლის შედეგად მოქალაქე კ----------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გასხვისდა და მისი მესაკუთრე გახდა თ-----------–---–ი, რის შესახებაც თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის დ----------–-----–---–-ს მიერ 2010 წლის 1 აპრილს გამოცემულ იქნა N--------------- განკარგულება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით კ---------------ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი ითხოვდა 2010 წლის 31 მარტს ჩატარებული პირველი იძულებითი აუქციონის ოქმისა და 2010 წლის 1 აპრილის განკარგულების ბათილად ცნობას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კ----------------ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით შეფასებულია მოსარჩელის არგუმენტები სააღსრულებო წარმოების პროცესში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შეფასებისას. სასამართლოს მიერ შეფასებულია აღმასრულებლის მოქმედების კანონიერება, კერძოდ - მის მიერ სოლიდარული მოვალეებისთვის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების გაგზავნისა და ჩაბარების პროცედურა, ასევე - მხოლოდ კ----------------ს კუთვნილ უძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევა და სასამართლომ დაასკვნა, რომ ეს მოქმედებები განხორციელდა კანონიერად. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შესაბამისად, იმავე მხარეებს შორის მიმდინარე განსახილველი დავის გადაწყვეტისას, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად ითვლება, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველი დავის ფარგლებში ვერ იმსჯელებს აღმასრულებლის მიერ გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების კანონიერებაზე, რომლებიც შეეხება იძულებითი აუქციონის ჩატარებასა და მის შედეგებს. რაც შეეხება აღმასრულებლის ცალკეულ მოქმედებებს, როგორც ზემოთ აღინიშნა, მათი კანონიერებაც უკვე შეფასებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და სასამართლო იმავე საკითხებზე ხელახლა ვერ იმსჯელებს.

 

სადავო პერიოდში მოქმედი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალეს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს აღმასრულებლის მოქმედება სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადაში. ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო მისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კ---------------ს, გარდა სასამართლოში გასაჩივრებული 2010 წლის 31 მარტს ჩატარებული პირველი იძულებითი აუქციონის ოქმისა და 2010 წლის 1 აპრილის განკარგულებისა და მათ გამოცემასთან დაკავშირებული მოქმედებებისა, კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ გაუსაჩივრებია აღმასრულებლის სხვა მოქმედებები. შესაბამისად, მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაში სადავოდ არ გაუხდია აღმასრულებლის ქმედებები სხვა ნაწილში.

 

ზიანის ანაზღაურების სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ე.ი. მის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, რაც სათანადო წესით უნდა დასტურდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში კი მოპასუხეთა ქმედებათა უკანონობა არ არის დადასტურებული კანონმდებლობის შესაბამისად. ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის კი აუცილებლად უნდა არსებობდეს სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევა, რამაც დაზარალებულისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ სარჩელში მოსარჩელე დამატებით არგუმენტად მიუთითებდა, რომ აღმასრულებელმა მიმართა აღსრულების ყველაზე იოლ და ხელმისაწვდომ გზას, რაშიც გამოიხატება მისი ბრალეულობა. მას ჯერ უნდა მოეძიებინა ძირითადი მოვალის და თავდების ქონება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოეხდინა მისი კუთვნილი უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაცია. სასამართლო ვერ გაიზიარებს ამ არგუმენტს და განმარტავს, რომ იპოთეკის, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო-სამართლებრივი საშუალების დანიშნულება არის სწორედ იპოთეკით დატვირთული ქონებით კრედიტორის უპირატესი დაკმაყოფილების შესაძლებლობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის და 301-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსის თანახმად, იპოთეკა გულისხმობს კრედიტორის უფლებას, მოვალის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციით ან მასზე საკუთრების უფლების მოპოვებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, აღსასრულებელ გადაწყვეტილებასა და სააღსრულებო ფურცელში პირდაპირ იყო მითითებული, რომ აღსრულების მიქცევა უნდა განხორციელებულიყო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებზე.

 

ამდენად, საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მოსაზრება, რომ პირველ რიგში, აღმასრულებელს უნდა მოეძიებინა ძირითადი მოვალის კუთვნილი ქონება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიექცია აღსრულება იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

 

უსაფუძვლოა ასევე არგუმენტი, რომ აღმასრულებელს ჯერ უნდა მოეძიებინა ი/მ ჯ------------–---–ის კუთვნილი დაგირავებული ნივთები, ასევე, თავდების - ვ----------–--–--–---–ის კუთვნილი ქონება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიექცია აღსრულება იპოთეკით დატვირთულ უძრავ ნივთზე.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე, 286-ე, 891-ე მუხლების თანახმად, როგორც იპოთეკა, ისე - გირავნობა და თავდებობა წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს. თუკი ერთი და იგივე მოთხოვნა უზრუნველყოფილია სხვადასხვა უზრუნველყოფის საშუალებებით, სამოქალაქო კოდექსი არ განსაზღვრავს რაიმე რიგითობას, თუ რომელი უზრუნველყოფის საშუალება უნდა გამოიყენოს პირველ რიგში კრედიტორმა. კანონი არ ზღუდავს კრედიტორს, გამოიყენოს ნებისმიერი, მისთვის მისაღები საშუალება, ან - გამოიყენოს ერთდროულად რამდენიმე, თუკი ეს შესაძლებელია. ამგვარ მიდგომას განამტკიცებს, მაგალითისთვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 287-ე მუხლით განმტკიცებული წესი რამდენიმე იპოთეკის საგნის არსებობის შემთხვევაში მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. კერძოდ, ამ მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით (საერთო იპოთეკა), საერთო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენება ყოველი ნივთი. კრედიტორს შეუძლია, სურვილისამებრ, მოთხოვნა ნებისმიერი ნივთით დაიკმაყოფილოს თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

 

საქმეში წარმოდგენილ იპოთეკის, გირავნობის და თავდებობის ხელშეკრულებებში არ არის აღნიშნული რაიმე დათქმა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენების რიგითობის შესახებ. შესაბამისად, კრედიტორის უფლებაა, უზრუნველყოფის რომელ საშუალებას გამოიყენებს უპირატესად, ან - გამოიყენებს თუ არა ყველა მათგანს ერთდროულად.

 

ამასთან, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის არც ამჟამად მოქმედი და არც სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით არ არის გათვალისწინებული რაიმე რიგითობა, რასაც უნდა მიმართოს აღმასრულებელმა უზრუნველყოფის ღონისძიებებზე გადახდევინების მიქცევის დროს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ კანონის მიხედვით, აღმასრულებელი ვალდებულია, მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და დ----------–-----–---–-ს მოქმედებების უკანონობა.

 

გარდა ზემოთ მითითებული საფუძვლებისა, სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხეთა არგუმენტს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და აღნიშნავს, რომ მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, იგი ვერ დაკმაყოფილდებოდა, რადგანაც სარჩელი წარმოდგენილია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს. სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის წარმოშობის საფუძველია უფლების დარღვევა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება უკავშირდება სუბიექტურ ფაქტორს, ანუ იმ მომენტს, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო თავისი უფლებების დარღვევის - ზიანის დადგომის და ზიანის მიმყენებლის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2010 წლის 31 მარტს გაიმართა პირველი იძლებითი საჯარო აუქციონი, რომლის შედეგად მოქალაქე კ----------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გასხვისდა და მისი მესაკუთრე გახდა თ-----------–---–ი, რის შესახებაც თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის დ----------–-----–---–-ს მიერ 2010 წლის 1 აპრილს გამოცემულ იქნა N--------------- განკარგულება. აღნიშნული განკარგულება პირადად ჩაიბარა კ----------------მა 2010 წლის 7 აპრილს. ამ დროიდან მას ჰქონდა შესაძლებლობა, დაეწყო დავა შესაძლო დარღვეული უფლების აღდგენის შესახებ.

 

მოსარჩელის განმარტებით, მან უფლების აღდგენის მიზნით შეიტანა სარჩელი. იგი ელოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას 2010 წლის 31 მარტს ჩატარებული პირველი იძულებითი აუქციონის ოქმისა და 2010 წლის 1 აპრილის განკარგულების უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით და ამის გამო არ მოითხოვა ზიანის ანაზღაურება, ვინაიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოადგენს ცალკე დავის საგანს, რომლის მოთხოვნაც არ შეეძლო მოსარჩელეს სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

ამავე კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება.

 

დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან კ---------------მა აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრით მიმართა სამართლებრივ გზას თავისი უფლების დასაცავად, ზემოთ მითითებულ პერიოდში ხანდაზმულობის ვადის დენა შეიძლება, ჩაითვალოს შეწყვეტილად. შეწყვეტის საერთო ხანგრძლივობის დადგენა სასამართლოს აუცილებლად არ მიაჩნია, რადგან შეწყვეტა შესაძლოა, გაგრძელებულიყო მაქსიმუმ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გამოტანის მომენტამდე. ამ დროისათვის მხარისათვის უკვე ცნობილი გახდა, რომ უარყოფითად გადაწყდა მის მიერ სადავოდ ქცეული აქტების ბათილად ცნობის საკითხი და თავისი უფლების აღდგენა ამ გზით ვერ განხორციელდა. შესაბამისად, მას ამ დროიდან შეეძლო, გამოეყენებინა უფლების დაცვის სხვა სამართლებრივი საშუალებები.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლო დავა დასრულდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 აპრილის Nბს-76-75(კ-11) განჩინებით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გამოტანის თარიღი უნდა ჩაითვალოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის საწყის მომენტად. ამ დროიდან კი ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედების, როგორც დელიქტის დადგენის მიზნით საერთო საფუძვლით მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის 3- წლიანი ვადა გასულია, ვინაიდან წინამდებარე სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2018 წლის 20 მარტს - კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით.

 

ამგვარად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამატებით საფუძველს წარმოადგენს მოთხოვნის ხანდაზმულობა, რადგან მოპასუხეებმა გამოიყენეს მათი უფლება, უარი თქვან მოთხოვნის შესრულებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ კ----------------ს სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, სახეზეა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევით განხორციელებული უმოქმედობა და აქტიური ქმედება აპელანტის ქონების რეალიზაციის მიზნით. სახელმწიფო უწყებამ და მისმა წარმომადგენელმა განზრახ უსახლკაროდ დატოვა აპელანტი. ძირითადი მოვალის დაგირავებული ნივთების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად დაფარავდა ვალსაც და აღსრულების ხარჯებსაც. საჯარო მოხელეს ნივთების მოძიება არცკი უცდია, რადგან მიზანი სწორედ უძრავი ნივთის საჯარო აუქციონზე გასხვისება და მასში აღმასრულებლის ნათესავის მიზერულ ფასად „გამარჯვება“ და შესახლება იყო. სახელმწიფოს მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება მოქალაქისთვის მიყენებულ ზიანთან მიმართებაში, რადგან საპირისპირო შემთხვევაში, მოქალაქის დავალიანება სახელმწიფოს წინაშე ხანდაზმულობას არ ექვემდებარება. უფლების დარღვევის გამო აპელანტს საჩივრები არ შეუწყვეტია, არაერთხელ მიმართა პროკურატურას, რასთან დაკავშირებითაც პასუხი შეიტყო მხოლოდ 2017 წელს. შესაბამისად, არც სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული. პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის `გ~ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა არსებითად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი ითხოვს მოპასუხეებს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და დ----------–-----–---–ს მის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის სახით სოლიდარულად 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) აშშ ამერიკული დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდას აღსრულების დღისთვის არსებული კურსით და აუდიტორის მომსახურების საფასურის - 200 (ორასი) ლარის ანაზღაურებას.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილში. კონსტიტუციით ან ნორმით გარანტირებული უფლების რეალიზაციას ემსახურება სზაკ-ის XIV თავი, რომელიც უშუალოდ აწესრიგებს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხს. სზაკ-ის 207-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება პირველ რიგში, სზაკ-ით დადგენილი განსაკუთრებული წესი, ხოლო ის საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს სზაკ-ი, წესრიგდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

 

სზაკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ზიანის შემცველი ქმედების ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. ეს წინაპირობები სახეზეა, როდესაც პირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში ბრალეული ქმედებით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, რაც ხდება ზიანის წარმოშობის მიზეზი. ამასთან, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

სააპელაციო პალატა ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით უპირველესად განმარტავს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანი. აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის. განსახილველ შემთხვევაში აპელანტი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აღმასრულებელ დ----------–-----–---–-ს ქმედების გამო მიადგა ზიანი, რომელმაც არ შეასრულა მისთვის დაკისრებულ კანონისმიერი ვალდებულებები. კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე უთითებდა ჯ------------–---–ის მიერ დაგირავებული ნივთების ადგილსამყოფელს, მან რეალურად არ მოიძია აღნიშნული ნივთები, არ გაიტანა სარეალიზაციოდ და დაინტერესებული იყო რა მოსარჩელის ბინის რეალიზაციით - აუქციონზე გაიტანა მხოლოდ მის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ნივთი.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის წარმოდგენილი არგუმენტაცია ვერ ასაბუთებს ზიანის არსებობის ფაქტს. იმისათვის, რომ ზიანის ანაზღაურებას საფუძველი გააჩნდეს, უნდა დასტურდებოდეს აღმასრულებლის ქმედების უკანონობა, რაც საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე არ დგინდება.

 

საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, აღსასრულებელ გადაწყვეტილებასა და სააღსრულებო ფურცელში პირდაპირ იყო მითითებული, რომ აღსრულების მიქცევა უნდა განხორციელებულიყო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებზე.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის და 301-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსის თანახმად, იპოთეკა გულისხმობს კრედიტორის უფლებას, მოვალის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციით ან მასზე საკუთრების უფლების მოპოვებით. ამდენად, იპოთეკის, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო-სამართლებრივი საშუალების დანიშნულებას წარმოადგენს იპოთეკით დატვირთული ქონებით კრედიტორის უპირატესი დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მოსაზრება, თითქოს აღმასრულებელს პირველ რიგში უნდა მოეძიებინა ი/მ ჯ------------–---–ის კუთვნილი დაგირავებული ნივთები, ასევე, თავდების - ვ----------–--–--–---–ის კუთვნილი ქონება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიექცია აღსრულება იპოთეკით დატვირთულ უძრავ ნივთზე.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე, 286-ე, 891-ე მუხლების თანახმად, როგორც იპოთეკა, ისე გირავნობა და თავდებობა წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს. თუკი ერთიდაიგივე მოთხოვნა უზრუნველყოფილია სხვადასხვა უზრუნველყოფის საშუალებებით, სამოქალაქო კოდექსი არ განსაზღვრავს რაიმე რიგითობას, თუ რომელი უზრუნველყოფის საშუალება უნდა გამოიყენოს პირველ რიგში კრედიტორმა. კანონი არ ზღუდავს კრედიტორს, გამოიყენოს ნებისმიერი, მისთვის მისაღები საშუალება, ან - გამოიყენოს ერთდროულად რამდენიმე, თუკი ეს შესაძლებელია. ამგვარ მიდგომას განამტკიცებს, მაგალითისთვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 287-ე მუხლით განმტკიცებული წესი რამდენიმე იპოთეკის საგნის არსებობის შემთხვევაში მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. კერძოდ, ამ მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით (საერთო იპოთეკა), საერთო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენება ყოველი ნივთი. კრედიტორს შეუძლია, სურვილისამებრ, მოთხოვნა ნებისმიერი ნივთით დაიკმაყოფილოს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

 

საქმეში წარმოდგენილ იპოთეკის, გირავნობის და თავდებობის ხელშეკრულებებში არ არის აღნიშნული რაიმე დათქმა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენების რიგითობის შესახებ. შესაბამისად, კრედიტორის უფლებაა, უზრუნველყოფის რომელ საშუალებას გამოიყენებს უპირატესად, ან - გამოიყენებს თუ არა ყველა მათგანს ერთდროულად. ამასთან, არც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ამჟამად მოქმედი და არც სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით არ არის გათვალისწინებული რაიმე რიგითობა, რასაც უნდა მიმართოს აღმასრულებელმა უზრუნველყოფის ღონისძიებებზე გადახდევინების მიქცევის დროს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ კანონის მიხედვით, აღმასრულებელი ვალდებულია, მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი წინაპირობაა მოპასუხის ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა, ე.ი. რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, ზიანი არ უნდა დამდგარიყო. ამასთან აღნიშნული არ შეიძლება იყოს ვარაუდზე დაფუძნებული, რადგან ზიანი ქმედების გარდაუვალი შედეგი უნდა იყოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ კრედიტორმა სს ,,ვ-----------------------მ'' მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და წარადგინა სააღსრულებო ფურცელი, რაც სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველი გახდა. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2010 წლის 11 მარტის განკარგულებით დაინიშნა იძულებითი აუქციონი საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ 2009 წლის 18 მაისს გამოცემული N------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით. 2010 წლის 31 მარტს გაიმართა პირველი იძულებითი საჯარო აუქციონი, რომლის შედეგად მოქალაქე კ----------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გასხვისდა და მისი მესაკუთრე გახდა თ-----------–---–ი, რის შესახებაც თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის დ----------–-----–---–-ს მიერ 2010 წლის 1 აპრილს გამოცემულ იქნა N--------------- განკარგულება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით, კ---------------ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი ითხოვდა 2010 წლის 31 მარტს ჩატარებული პირველი იძულებითი აუქციონის ოქმისა და 2010 წლის 1 აპრილის განკარგულების ბათილად ცნობას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კ----------------ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შეფასებულია აღმასრულებლის მოქმედების კანონიერება, კერძოდ, სასამართლოს მიერ კანონიერადაა მიჩნეული სოლიდარული მოვალეებისთვის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების გაგზავნისა და ჩაბარების პროცედურა, ასევე კ----------------ს კუთვნილ უძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევა.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმავე მხარეებს შორის მიმდინარე განსახილველი დავის გადაწყვეტისას, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად ითვლება. ამდენად, პალატა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კანონიერად მიჩნეული აღმასრულებლის ქმედებების კანონიერებას ხელახლა ვერ შეაფასებს.

 

საგულისხმოა, რომ კ---------------ს, გარდა სასამართლოში უკვე გასაჩივრებული 2010 წლის 31 მარტს ჩატარებული პირველი იძულებითი აუქციონის ოქმისა და 2010 წლის 1 აპრილის განკარგულებისა და მათ გამოცემასთან დაკავშირებული მოქმედებებისა, კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ გაუსაჩივრებია აღმასრულებლის სხვა მოქმედებები. შესაბამისად, მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაში სადავოდ არ გაუხდია აღმასრულებლის ქმედებები სხვა ნაწილში. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეთა ქმედებების უკანონობა არ არის დადასტურებული კანონმდებლობის შესაბამისად.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს. ხანდაზმულობის ვადის წარმოშობის საფუძველია უფლების დარღვევა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის დინების დაწყება უკავშირდება სუბიექტურ ფაქტორს, ანუ იმ მომენტს, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო თავისი უფლებების დარღვევის - ზიანის დადგომის და ზიანის მიმყენებლის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2010 წლის 31 მარტს გაიმართა პირველი იძლებითი საჯარო აუქციონი, რომლის შედაგად მოქალაქე კ----------------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გასხვისდა და მისი მესაკუთრე გახდა თ-----------–---–ი, რის შესახებაც თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის დ----------–-----–---–-ს მიერ 2010 წლის 1 აპრილს გამოცემულ იქნა N--------------- განკარგულება. აღნიშნული განკარგულება პირადად ჩაიბარა კ----------------მა 2010 წლის 7 აპრილს. ამდენად, ამ დროიდან აპელანტს ჰქონდა შესაძლებლობა, დაეწყო დავა შესაძლო დარღვეული უფლების აღდგენის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

ამავე კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება.

 

დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან კ---------------მა აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის აღძვრით მიმართა სამართლებრივ გზას თავისი უფლების დასაცავად, ზემოთ მითითებულ პერიოდში ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილად შეიძლება ჩაითვალოს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლო დავა დასრულდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 აპრილის #ბს-76-75(კ-11) განჩინებით. ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ სწორედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გამოტანის თარიღი უნდა ჩაითვალოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის საწყის მომენტად. ამ დროიდან კი ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედების, როგორც დელიქტის დადგენის მიზნით საერთო საფუძვლით მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გასულია, ვინაიდან წინამდებარე სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილია 2018 წლის 20 მარტს - კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ დგინდება აღმასრულებლის უკანონო, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; შესაბამისად, არ შეიძლება ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოპასუხეთათვის იმ პირობებში, როდესაც კანონით გათვალისწინებული წესით არ არის დადგენილი მისი ბრალი მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანის მიყენებაში და სარჩელიც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ წარდგენილია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა კანონშესაბამისად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. აპელანტ კ----------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე

გელა ბადრიაშვილი