განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-171-2019წ.
(010100119002797158)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ----– ვ------ის ძე ტ----–---–ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–----- ივლისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 1----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული დედოფლისწყარო, სოფელი ფ----------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დ------------------–---–-- ქუჩა №9
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ჯ----– ტ----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 07 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დ--------–----------–---–-- ქუჩა №9-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჯ----– ტ----–---–მა თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ხელის სახის არეში დარტყმებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს - რ--------- ს---------ეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის განაჩენით ჯ----– ვ------ის ტ----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენით, სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ჯ----– ტ----–---–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ჯ----– ტ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო (პატიმრობის უზრუნველყოფით) გაუქმებულია და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 08 დეკემბრიდან 2019 წლის 22 იანვრამდე.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ----- ც-–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ჯ----– ტ----–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება, ის რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული, აგრესიული ძალადობრივი ქმედება. ამასთან, ჯ----– ტ----–---–ი არაერთხელ იყო გასამართლებული ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. ამდენად, დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი და ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ჯ----– ტ----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ჯ----– ტ----–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ რ--------- ს---------ის ჩვენებით, მოწმეების - ნ----- ს---------ის, ჯ--–--- ფ----ის და მ----- მ---–--ის ჩვენებებით, შეტყობინებით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ჯ----– ტ----–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ჯ----– ტ----–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ჯ----– ტ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განაჩენით, სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ----– ტ----–---–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ჯ----– ტ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო (პატიმრობის უზრუნველყოფით) გაუქმებულია და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 08 დეკემბრიდან 2019 წლის 22 იანვრამდე.
კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე