განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
020100118002503717
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 020100118002503717

საქმე N1/ბ-639-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 იანვარი, 2019 წ. ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

პროკურორის - მ--- ჯ-----ს

მსჯავრდებულის - ი-–--ო დ------–-ას

ადვოკატის - ლ------ შ------ას მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-–--ო თ------ის ძე დ------–-ას მიმართ, დაბადებული 1----–-–---------–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, მცხოვრები მისამართზე: ჩხოროწყუს რაიონის სოფელი ნ---------ო.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ი-–--ო დ------–-ას ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა დაზარალებულის მოსყიდვის მცდელობა, რასაც თან ერთვის მისი ახლო ნათესავისათვის ქონებრივი სარგებლის შეთავაზების მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 9 მაისს ქ. ქუთაისში, ე.წ ,,ს----------’’ უბნის ტერიტორიაზე ა------ ვ-----ს ბრალდების საქმეზე არასრულწლოვან დაზარალებულ ვ----–---- კ--------ს შეხვდა საფეხბურთო კლუბ ,,ჩ-------–---------’’-ის მწვრთნელი ი-–--ო დ------–-ა, რომელმაც არასრულწლოვან დაზარალებულზე განახორციელა ზემოქმედება. კერძოდ, ა------ ვ-----ს პასუხისგებლობისგან გათავისუფლების და მისი დახმარების მიზნით შეხვდა ვ----–---- კ--------ს და მიმართა, რომ დახმარებოდა ა------ ვ-----ს პასუხისგებლობისგან გათავისუფლებაში, თითქოს ა------ ვ-----ს მხრიდან მის მიმართ ადგილი არ ჰქონია კანონსაწინააღმდეგო ქმედებას და ვიდეოჩანაწერი იყო მის მიერ გაკეთებული ხუმრობა და სხვის მიერ გადაღებული, რის სანაცვლოდაც ვ----–---- კ--------ს დედას – ნ----–ა ბერანძეს შესთავაზა 100 ლარი, რაზეც ამ უკანასკნელმა და ვ----–---- კ--------მ კატეგორიული უარი განაცხადეს, რის გამოც ი-–--ო დ------–-ამ განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი-–--ო დ------–-ამ ჩაიდინა მოწმისადმი მიმართვა მის მიერ მიცემული ინფორმაციის შეცვლისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 9 მაისს ქ. ქუთაისში ა------ ვ-----ს ბრალდების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულ არასრულწლოვან დაზარალებულ ვ----–---- კ--------ს შეხვდა ი-–--ო დ------–-ა და მიმართა მას, რომ შეეცვალა გამოკითხვის დროს გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ი-–--ო დ------–-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,372-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილზე, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა 02 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 2 ივნისიდან - დღიდან დაკავებისა.

 

3. სააპელაციო საჩივრების მოტივები:

 

3.1 აპელანტი - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ--- ჯ----- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენი, ი-–--ო დ------–-ა დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 19,372-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შემდეგ მოტივებზე მითითებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებებთან ერთად გამოკვლეულ იქნა ერთ-ერთი მტკიცებულება, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, რაზეც სასამართლომ განაცხადა, რომ გამოძიების მიერ მოხდა არა ინფორმაციის გამოთხოვა, არამედ ვ----–---- კ--------ს კუთვნილი ტელეფონის ეკრანის დათვალიერება, რასაც ბრალდების მხარე არ ეთანხმება. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას გამომძიებელმა განმარტა, რომ ტელეფონიდან შევიდა დაზარალებულის ფეისბუქ გვერდზე, გახსნა მიმოწერები ი. დ------–-ასთან, საიდანაც დაზარალებულის კარნახით გადმობეჭდა თავის კომპიუტერში მიმოწერის შინაარსი, აღნიშნული დაადასტურად დაზარალებულმაც. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს ჰქონდა ორი პირდაპირი მტკიცებულება და ასევე ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, შესაბამისად, ი-–--ო დ------–-ა დამნაშევდ უნდა ეცნო საქართველოს სსკ-ის 19,372-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

3.2 აპელანტი - მსჯავრდებული ი-–--ო დ------–-ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენში სასჯელის ნაწილში და მას განესაზღვროს ისეთი სასჯელი, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. აპელანტს მიაჩნია, რომ 02 წლით თავისუფლების აღკვეთა ზედმეტად მკაცრი სასჯელია, იგი ხასიათდება დადებითად, ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, ისინი დაავადებულნი არიან ტუბერკულოზის ჩხირით და საჭიროებენ ხანგრძლივ მკურნალობას, ი-–--ო დ------–-ა არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორს მ--- ჯ-----ს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

აპელანტს - მსჯავრდებულ ი-–--ო დ------–-ას და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ლ------ შ------ას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმე ვ----–---- კ--------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 9 მაისს ი. დ------–-ამ სოციალურ ქსელ ფეისბუქის მეშვეობით მიწერა, მოიკითხა, სთხოვა ნომერი და შეხვედრა, რაზეც დათანხმდა. შეხვედრისას მისცა ასევე დედის ნომერი, რომელთანაც უნდა გარკვეულიყო საუბრის შინაარსთან დაკავშირებული საკითხები. ი. დ------–-ა შემდეგ დედამისსაც შეხვდა. დედისგან იცის, რომ 100 ლარი დაუდო ი. დ------–-ამ მაგიდაზე, რაზეც დედამისს უთქვამს, რომ ფულს არ აიღებდა, რადგან მისი შვილი არ იყიდებოდა. ამის შემდეგ მან მისწერა ი. დ------–-ას, თუ რატომ შესთავაზა დედამისს 100 ლარი, რაზეც მიიღო პასუხი, რომ საჩუქრის სახით უნდოდა, თორემ არ შეუთავაზებია. მოწმის ჩვენებით, იგი 12 მაისს ისევ შეხვდა ი. დ------–-ას ქუთაისში. 13–14 მაისამდე ფეისბუქის მეშვეობითაც წერდა ეს უკანასკნელი მას. მან გამომძიებელს გადასცა ამონაწერი იმის თაობაზე, თუ რას წერდა ფეისბუქზე, რომელიც გამომძიებელმა მოსთხოვა. ი. დ------–-ასთან საუბრის და მიმოწერის შესახებ დედასაც მოუყვა.

 

მოწმე ნ----–ა ბ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 9 მაისს ი-–--ო დ------–-ა მივიდა მათთან, შეხვდა ვ----–---- კ--------ს, ითხოვა მისი ტელეფონის ნომერი. ვ----–---- კ--------მ სმს გამოუგზავნა, ილო მოვაო. ი. დ------–-აც მივიდა და დაიწყო საუბარი ა------ ვ-----ზე, უარი თქვით ამ საქმეზე, თორემ ის მოკვდებაო. დასალევიც შესთავაზა ი. დ------–-ამ, რაზეც უარი უთხრა. ამის შემდეგ ამ უკანასკნელმა 100 ლარი დადო მაგიდაზე და თქვა, ჩემი ოჯახისგან საჩუქარიაო, რაზეც უთხრა, რომ მისი შვილი ფულზე არ იყიდებოდა, რის შემდეგაც ჩაიდო ჯიბეში და წაიღო. როცა ი.დ------–-ა ფეისბუქზე წერდა ვ----–---- კ--------ს, დაზარალებულმა 63 ტაბლეტი კარდიოკარდინი დალია, სისხლდენები დაეწყო, საავადმყოფოში დააწვინა, ძლივს გადაარჩინა. 12 მაისსაც მივიდა ი. დ------–-ა, და დაზარალებულს ესაუბრებოდა. მან უთხრა დაზარალებულს, უთხარი დედაშენს რაზე ვსაუბრობდითო. ისევ ა------ ვ-----ზე საუბრობდნენ. დაზარალებულმა წააკითხა ფეისბუქის მიმოწერები, სადაც ი. დ------–-ა ემუქრებოდა. ფულის დატოვება გავდა ქრთამს. საპროცესო შეთანხმებაზე არ ყოფილა საუბარი. ი. დარასლიას უნდოდა, რომ მას გამოეტანა საჩივარი და ა------ ვ----- ჯარიმით გამოსულიყო, ჰკითხა კიდეც, ვ----–-მ არ გითხრათო ა------ ვ-----ს საქმის დახურვაზე რამეო.

 

მოწმე შ----- პ----ას ჩვენებით დასტურდება, რომ მან გამოითხოვა დაზარალებულის ფეისბუქიდან ინფორმაცია. კერძოდ, დაზარალებულის ტელეფონიდან შევიდა დაზარალებულის კუთვნილ ფეისბუქ გვერდზე და გახსნა მიმოწერები ი. დ------–-ასთან, საიდანაც, დაზარალებულის კარნახით, გადმობეჭდა თავის კომპიუტერში მიმოწერების შინაარსი. ელექტრონული ფორმით არაფერი დაურთია საქმისთვის. ტელეფონი არ ამოღებულა.

 

მოწმე ლ----- ჯ--–-------ას ჩვენების თანახმად, გამოთხოვილი ინფორმაციის თარგმნა უზრუნველყო თარჯიმნის მეშვეობით.

 

ი-–--ო დ------–-ას ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ დაზარალებულს დაურეკა, აინტერესებდა, როგორ იყო, ფეხბურთის თამაშის გაგრძელება უნდოდა თუ არა. შემდეგ შეხვდა, უთხრა, იმ საქმეზე არ ვარ თქვენ რომ გგონიათო. არა, მაგას არც გაკადრებდიო, უპასუხეს. ჩვეულებრივი დიალოგი წარიმართა. დაზარალებულს უნდოდა გუნდში დარჩენა. ჯანმრთელობის ცნობის მოტანა სთხოვა. დაზარალებული თავად შეეკითხა, იმ კაცზე რა ხდებაო, რაზეც უპასუხა, რომ არ იცოდა. არ გვინდოდაო ასე რომ მომხდარიყო, მაგრამ დამნაშავეა და უნდა დაისაჯოსო. არაფერს მეუბნებით და რაც გინდათ, ის ქენითო, უპასუხა. დაზარალებულმა ჰკითხა, 14 წლის რომ არ ვიყო შემიძლიაო ჩვენების გადათქმაო. ი. დ------–-ას განმარტებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმში ასახული ინფორმაცია მას არ მიუწერია დაზარალებულისთვის. ადვოკატზე მისწერა, რომ თუ არაკომფორტულად იყო, სხვა ადვოკატის შოვნაში დაეხმარებოდა. ეს იმიტომ მისწერა, რომ დაზარალებულმა უთხრა, ადვოკატთან ცუდი ურთიერთობა მაქვსო. დაზარალებულის დედასთან რომ ავიდა, ყავით გაუმასპინძლდნენ, ისაუბრეს მის ოჯახზე, შესთავაზა, რომ ავტომანქანაში ხილი და წვენები ჰქონდა და ამოიტანდა, რაზეც უარი უთხრა. სიგარეტის ამოტანაზეც უარით უპასუხა. ა------ ვ-----ს გამო არ გამოუჩენია მათ მიმართ აგრესია, პირიქით, აქით ეკითხებოდნენ მის შესახებ. უბრალოდ მოიკითხა ისინი, ა------ ვ-----ზე სასაუბროდ არ ყოფილა. სულ 2–ჯერ ინახულა დაზარალებული, უთხრა კიდეც, რომ თუ ფიქრობდნენ, რომ ა------ ვ-----მ გამოგზავნა, ეთქვათ და წავიდოდა. მიმოწერები არასწორად არის საქმეში. არ იცის, მისი რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს დაზარალებულს და მის დედას მის წინააღმდეგ რომ აძლევენ ჩვენებას. დაზარალებულის დედა იმიტომ ინახულა, რომ დაზარალებულმა უთხრა, მე რომ მინახულე, დედაც ნახე, გაუხარდებაო. დაზარალებულმა მის ოჯახურ მდგომარეობაზე დაუწყო საუბარი, რის გამოც დახმარება შესთავაზა, თუმცა მან არ მიიღო, მისვლისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ მისი ნახვა კიდევ გაეხარდებოდა. დაზარალებულთან მეორედ რომ მივიდა, ისევ იმავე თემაზე იყო საუბარი, გააგრძელებდა თუ არა თამაშს. დაზარალებულს შეეძლო მისი სახელით შეექმნა გვერდი და ეწარმოებინა მიმოწერები საკუთარ თავთან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ასევე ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, სადაც აღწერილია სოციალურ ქსელ ფეისბუქის მეშვეობით მიმოწერების შინაარსი.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, ი-–--ო დ------–-ას საქართველოს სსკ-ის 19,372-ე მუხლის მე-2 ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი-ტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,372-ე მუხლის მეორე ნაწილით შემადგენლობის განხორციელებას.

 

საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების ნორმალური საქმიანობა, მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი, ხოლო დამატებით ობიექტი კი - სასამართლო პროცესის ზემოაღნიშნულ მონაწილეთა კანონით დაცული უფლებები და ინტერესები.

 

საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს დაზარალებულის მოსყიდვას ცრუ ჩვენების ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან მისი შეცვლისათვის, თუ ამას ერთვის მისთვის ანდა მისი ახლო ნათესავისთვის ნებისმიერი სახის ქონებრივი სარგებლის შეთავაზება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ვ----–---- კ--------ს და ნ----–ა ბ-----ის ჩვენებებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა ვ----–---- კ--------ს მიმართა გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის შეცვლაში დასარწმუნებლად. თავად მსჯავრდებულიც ვერ უარყოფს და ადასტურებს, რომ იყო ა------ ვ-----ზე საუბარი, თუმცა მისი თქმით, აღნიშნული საუბარი თავად დაზარალებულმა წამოიწყო, აქვე სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თავად ი. დ------–-ა ჩავიდა დაზარალებულთან, ჯერ ნახა დაზარალებული, ხოლო შემდეგ მისი დედა. მოწმეები (ვ. კ-------- და ნ. ბ-----ე) ერთხმად აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებული მათთან საუბრობდა მხოლოდ ა------ ვ-----ს საქმეზე გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის შეცვლის შესახებ.

 

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილი ინფრომაციის გამოთხოვის ოქმს, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ვერ მოხერხდა და სასამართლო ვერ დარწმუნდა შესაბამის ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორესა და უტყუარობაში. გამომძიებელ შ. პ----ას ჩვენებით ირკვევა, რომ მან გადმობეჭდა მიმოწერის შინაარსი, რის შემდეგაც ამობეჭდა ის და ამ ფორმით დაურთო საქმეს, ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ციფრულ ფორმატში გადმოეტანა. პალატა ასევე ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ ეს ინფორმაცია პირველადი ფორმით სპეციალური პროგრამის მეშვეობით უცვლელად დაფიქსირებული უნდა არსებობდეს საქმეში ინფორმაციის ავთენტიკურობასა და უტყუარობაში დასარწმუნებლად. ციფრული ინფორმაციის მოპოვებას ყოველგვარი აზრი ეკარგება, თუ ამ პროცესში გაჩნდა ეჭვი ინფორმაციის შეცვლის ან სხვა პირის მიერ მისი შექმნის თაობაზე.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმს და თარგმანის ოქმს. ამდენად, ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს თანხის შეთავაზებაზე, არის ნ. ბ-----ის ჩვენება. მართალია ასევე საქმეში წარმოდგენილია ვ. კ--------ს ჩვენებაც, რომელმაც პირდაპირი მოწმისაგან გაიგო ფულის შეთავაზების საკითხი, თუმცა ვ. კ--------ს ჩვენება თანხასთან დაკავშირებით საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. აქვე, პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებას საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა. ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ ერთი პირდაპირი და ერთი ირიბი მტკიცებულება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა მტკიცებულებები. ბრალდების მხარემ წარმოდგენილი მტიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურა ი. დ------–-ას მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება (მოწმის მოსყიდვის მცდელობა). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ სწორად გადააკვალიფიცირა ი. დ------–-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ი-–--ო დ------–-ას მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

მოცემულ შემთხვევაში სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ი-–--ო დ------–-ას სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა, მისი წარსული ცხოვრება, გარდა ამისა, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს არასრულწლოვანი დაზარალებულის ინტერესს და ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით მიიჩნევს, რომ ი-–--ო დ------–-ას მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულის მიმართ სასიკეთო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ--- ჯ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ი-–--ო დ------–-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენი ი-–--ო დ------–-ას მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ი-–--ო დ------–-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,372-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

 

ი-–--ო დ------–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ი-–--ო დ------–-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2 ივნისიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე