განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-122-2019წ.
(110100118002614797)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 მარტი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------ ზ------ს ძე ო---ის მიმართ დაბადებული: 1----–-–----- ოქტომბერს, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ზესტაფონის რაიონი, სოფელი რ----------–-, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
მ------ ო---ეს ბრალი დაედო დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათიდან, 00:00 საათამდე პერიოდში, ზესტაფონის რაიონის სოფელ რ----------––-, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მ------ ო---ემ, განაწყენების ნიადაგზე, მეუღლეს - ლ---- შ---–--ეს, ხელი დაარტყა მარჯვენა მკლავზე, რომელზეც, ასევე, ძლიერად მოუჭირა ხელი და წააქცია კიბეზე, რის შედეგადაც ლ---- შ---–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით მ------ ო---ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
გამართლებულ მ------ ო---ეს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვ------- ნ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მ------ ო---ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არსებობს უტყუარი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა გონივურ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ------ ო---ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულის ჩადენას. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მ------ ო---ის სს საქმე წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ სწორედ იმ გამონაკლის შემთხვევას, რომელიც არ გამორიცხავს ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას, ვინაიდან ბრალდების მხარის აზრით არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელი აღმოჩნდა იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და ვინაიდან ეს აუცილებელიც არის მართლმსაჯულების ინტერესიდან გამომდინარე, კერძოდ, ბრალდებულის მეუღლემ, დაზარალებულმა ლ---- შ---–--ემ არ ისურვა ჩვენების მიცემა ბრალდებულის წინააღმდეგ, გამოიყენა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება. გ--- ს----–---–ის, შ----- კ----–-–---–ის ჩვენებები, გარკვეულწილად ემყარება ლ---- შ---–--ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შემოწმებულია სასამართლოს მიერ და ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ეს ჩვენებები სანდო და სარწმუნოა, არ არსებობს მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძვლები. ასევე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესი და ბრალდებულის მიერ ოჯახის წევრების კეთილგანწყობით სარგებლობის თუ მათი დაშინების გამო არ უნდა შეფერხდეს მართლმსაჯულების განხორციელება ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მ------ ო---ის მიერ განხორციელებული ძალადობა თავისი ხასიათით დაზარალებულში ობიექტურად გამოიწვევდა ტკივილს. იმ ფაქტს რომ მ------ ო---ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად ლ---- შ---–--ე განიცადა ფიზიკური ტკივილი, ადასტურებს სამედიცნო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ლ---- შ---–--ეს მარჯვენა მხარის შიგნითა ზედაპირზე აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები, რაც თავისივე განმარტებით იყო მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგი.
მსჯავრდებულ მ------ ო---ის ინტერესების დამცველი ადვოკატი მ-----– ხ--------ე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ლ---- შ---–--ემ, უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა მ------ ო---ემ, უარი განაცხადა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მოწმის სახით დაკითხულ გ--- ს-----–---–ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ს-----------–-–--- განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიბელის თანამდებობაზე. 2018 წლის 31 ივლისს, მას, ტელეფონზე დაუკავშირდა ლ---- შ---–--ე, რომელიც იყო აღელვებული და განუცხადა, რომ მეუღლემ, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. თავის მხრივ, იგი, დაუკავშირდა სამორიგეო ნაწილს და დაარეგისტრირა მიღებული შეტყობინება. 2018 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 20:30 საათზე, შემთხვევის ადგილზე მისვლისას, მას და შ----- კ----–-–---–ს სახლში დახვდათ ლ---- შ---–--ე და მ------ ო---ე. გაესაუბრნენ ლ---- შ---–--ეს, რომელმაც განუცხადათ, რომ წინა ღამით, მას, მეუღლემ, მ------ ო---ემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მიუთითა მკლავზე მიყენებულ დაზიანებაზე. ლ---- შ---–--ეს, მკლავზე, გარეგნულად, აღენიშნებოდა დაზიანებები დალურჯებების სახით. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ------ ო---ე, კვლავ განაგრძობდა ლ---- შ---–--ისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, რის გამოც მოხდინეს მისი დაკავება გადაყვანა სამმართველოში.
მოწმის სახით დაკითხულ შ----- კ----–-–---–ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ს-----------–-–--- განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 31 ივლისს, იგი იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მეწყვილე გ--- ს-----–---–თან ერთად. გ--- ს-----–---–ს, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ქალბატონი, რომელმაც აცნობა ზესტაფონის რაიონის სოფელ რ----------––- ოჯახური კონფლიქტის შესახებ და ითხოვა დახმარება. შ----- კ----–-–---–ი და გ--- ს-----–---–ი დაუყოვნებლივ წავიდნენ სოფელ რ----------––-. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, მათ დახვდათ მ------ ო---ე და ლ---- შ---–--ე. ეს უკანასკნელი ძალიან აღელვებული იყო და ტიროდა. ლ---- შ---–--ემ, მას და გ--- ს-----–---–ს უამბო, რომ მ------ ო---ემ, 30 ივლისს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ლ---- შ---–--ეს მკლავზე აღენიშნებოდა დაზიანება, რომელიც, მისი თქმით მეუღლემ - მ------ ო---ემ მიაყენა. მ------ ო---ე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და მათი თანდასწრებითაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ლ.შ---–--ეს. აღნიშნულის შემდეგ, დააკავეს მ------ ო---ე, შეადგინა დაკავების ოქმი და წარადგინეს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.
მოწმის სახით დაკითხულ თ------ შ------–--ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ- გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2018 წლის 2 აგვისტოს, დროებითი მოთავსების იზოლატორში, მ------ ო---ეს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, გამოკითხა და გაუცვალა მტკიცებულებები.
მოწმის სახით დაკითხულ ნ------ გ-------ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ- გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოახდინა დაზარალებულ ლ---- შ---–--ის გარეგნული დათვალიერება. აღნიშნულის შესახებ შეადგინა ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.
მოწმის სახით დაკითხულ ლ-–- გ--–-----ის ჩვენების თანახმად, მუშაობს ს-----------–-–--- განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლად. იყო მ------ ო---ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: გამოკითხა დაზარალებული და მოწმეები. დაზარალებულს გააცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, გამოითხოვა დოკუმენტაცია სამოქალაქო რეესტრიდან, პრობაციის ეროვნული ბიუროდან და სოციალური სააგენტოდან. ასევე, დანიშნა ექსპერტიზა.
2018 წლის 31 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზესტაფონის რაიონის სოფელ რ----------––- და წარმოადგენს მ------ ო---ის და ლ---- შ---–--ის საცხოვრებელ სახლს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N 5--------- დასკვნის თანახმად, 01.08.2018წ. 01:59-02:10 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ლ---- შ---–--ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთების სახით (მარჯვენა მხრის შიგნითა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება მრავლობითი ერთმანეთთან ახლოს მდებარე სხვადასხვა ზომისა და ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი მაქსიმალური ზომით: 0.5X0.3სმ და მინიმალური ზომით: 0.3X0.1სმ). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ი--------- პრობაციის ბიუროს 2018 წლის 1 აგვისტოს M------------------- მიმართვით დგინდება, რომ მ------ ო---ე აღრიცხვაზე იმყოფება, მასზე კონტროლს და ზედამხედველობას ახორციელებს ი--------- პრობაციის ბიურო, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის N 1----- განაჩენის საფუძველზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრის N1----- განაჩენით, მ------ ო---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულ მ------ ო---ეს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით მ------ ო---ის დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულ ლ---- შ---–--ეს სასამართლოსათვის არ მიუცია ჩვენება, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება ლ---- შ---–--ის დაზიანებების არსებობა, არ არის საკმარის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება ლ---- შ---–--ეს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, მ------ ო---ის დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულბას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.
როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!
შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნე-ლობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით მ------ ო---ის მსჯავრდება, რის გამოც ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ------ ო---ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
მ------ ო---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ყადაღა მოეხსნას ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის N 1--------- განჩინებით დ-------- ო---ის (პ/ნ 1----------), ლ---- შ---–--ის (პ/ნ 1----------) და მ------ ო---ის (პ/ნ1----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე: ზესტაფონის რაიონი სოფელი რ----------–-, საკადასტრო კოდით N 3-----------);
გამართლებულ მ------ ო---ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლისსამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე მაკა გორგოძე