განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
060100118002691529
ინსტანცია
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100118002691529

საქმე №1/ბ-41-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 თებერვალი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- შ---------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) პ---–------- ბ-------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 5----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ხ-----------------------–----------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, პ---–------- ბ-------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ხ-----------------------–----------–- მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა პ---–------- ბ-------ემ, ყოფით ნიადაგზე განაწყენების გამო, მეუღლეს _ მ------ ბ-------ეს, ოთხი წლის შვილიშვილის, ა--------- მ---------ის თანდასწრებით, მარჯვენა მკლავის არეში ორჯერ დაარტყა მუშტი. პ---–------- ბ-------ის ქმედების შედეგად მ------ ბ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ხ-----------------------–----------–- მდებარე თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, პ---–------- ბ-------ემ, ყოფით ნიადაგზე განაწყენების გამო, რკინის მასალისაგან დამზადებული იატაკის საწმენდი ჯოხის, გულმკერდისა და მარცხენა მკლავის არეში რამდენჯერმე დარტყმის გზით, შვილიშვილის, ოთხი წლის ა--------- მ---------ის თანდასწრებით, ძალადობა განახორციელა მეუღლეზე _ მ------ ბ-------ეზე. პ---–------- ბ-------ის ქმედების შედეგად მ------ ბ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ზემოაღნიშნულის გამო პ---–------- ბ-------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი).

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 დეკემბრის განაჩენით:

 

პ---–------- ბ-------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 15 სექტემბრის და 16 სექტემბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში.

 

პ---–------- ბ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულ პ---–------- ბ-------ეს განემარტა, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იატაკის საწმენდი ჯოხი, რომელიც ინახება შსს ხონის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–- შ---------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, პ---–------- ბ-------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების (ორი ეპიზოდი) ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა და კონფლიქტის თვითმხილველმა მოწმეებმა გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ბრალდების მხარემ დოკუმენტების სახით შეკრიბა და სასამართლოს წარუდგინა პ---–------- ბ-------ის ბრალეულობის დამადასტურებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამის მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომლებითაც ირკვევა, რომ ხ-----------------------–----------–-, თავისივე საცხოვრებელ სახლში, პ---–------- ბ-------ემ იატაკის საწმენდი ჯოხით სცემა მეუღლე მ------ ბ-------ე; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად, დათვალიერებაში მონაწილე მ------ ბ-------ის განმარტებით, 2018 წლის 15 სექტემბერს, მეუღლემ _ პ---–------- ბ-------ემ ხ-----------------------–----------–- მდებარე მათსავე საცხოვრებელ სახლში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მანვე 2018 წლის 16 სექტემბერს, რკინის მილისაგან დამზადებული იატაკის საწმენდი ჯოხით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, საიდანაც ირკვევა, რომ ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მ------ ბ-------ემ თავის სახლსა და ეზოში მიუთითა კონკრეტული ადგილები, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, რის შედეგადაც განიცდიდა ტკივილი; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, მ------ ბ-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ პ---–------- ბ-------ემ ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები, რის გამოც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 დეკემბრის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- შ---------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 დეკემბრის განაჩენი პ---–------- ბ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს პ---–------- ბ-------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა პ---–------- ბ-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. კერძოდ:

 

მოწმის სახით დაკითხული შსს ხონის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, რ---- კ--–-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 16 სექტემბერს ხონის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე. მის მიერ მოცემულ საქმეზე გამოკითხული იქნენ მ------ ბ-------ე და ნ----- ბ-------ე. დაზარალებულ მ------ ბ-------ის თანხმობითა და მონაწილეობით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ამოღებული იქნა იატაკის საწმენდი ჯოხი, რომელიც, მ------ ბ-------ის განმარტებით, მისმა მეუღლემ _ პ---–------- ბ-------ემ ჩაარტყა გულმკერდისა და მკლავის არეში. ასევე მის მიერ მ------ ბ-------ისა და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ვ-–-------- ჩ------–---–ის მონაწილეობით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მ------ ბ-------ემ მიუთითა ადგილი სამზარეულოსა და სახლის უკან მდებარე ეზოში, სადაც მოხდა კონფლიქტი.

 

მოწმის სახით დაკითხული შსს ხონის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, ლ-–------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. რ---- კ--–-----–---–ის მიერ დაზარალებულის გამოკითხვის შემდგომ, ცნობილი გახდა, რომ პ---–------- ბ-------ე იმყოფებოდა ხ-----------------------–----------–-, ჩაის ფაბრიკაში, თავის სამუშაო ადგილზე, რის შემდეგაც მან შსს ხონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან _ ო----- კ------ესთან და დ----- ფ---–---–---სთან ერთად დააკავა პ---–------- ბ-------ე, რომელიც გადაყვანილი იქნა შსს ხონის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. მოწმის განმარტებით, ალკოჰოლურ თრობაზე ალკოტესტით შემოწმებისას პ---–------- ბ-------ეს დაუდგინდა სიმთვრალე.

 

მოწმის სახით დაკითხული შსს ხონის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, ს-----–--- ტ---–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მოქ. მ------ ბ-------ის მიმართ, რომელიც მიუთითებდა, რომ ოჯახური კონფლიქტის დროს მეუღლემ იატაკის საწმენდი რკინის ჯოხი დაარტყა მას.

 

მოწმის სახით დაკითხული შსს ხონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ვ-–-------- ჩ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მონაწილეობდა მ------ ბ-------ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც მ------ ბ-------ემ დაადასტურა მეუღლის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები.

 

საქმეზე ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მოქ.მ------ ბ-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- გ----------ემ.

 

დაზარალებულმა მ------ ბ-------ემ და მოწმე ნ----- ბ-------ემ (პ---–------- ბ-------ის შვილმა) სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადეს პ---–------- ბ-------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პ---–------- ბ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენას. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა პ---–------- ბ-------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა მ------ ბ-------ემ და მოწმე ნ----- ბ-------ემ, რომლებიც მას გამოძიების ეტაპზე ამხელდნენ მეუღლის მიმართ ძალადობის ჩადენაში, უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, რის გამოც სასამართლო კანონისმიერად არის მოკლებული შესაძლებლობას, გაიზიაროს მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მათში ასახულია პ---–------- ბ-------ის მიერ ძალადობის ჩადენის თაობაზე დაზარალებულ მ------ ბ-------ის განმარტებები, რომელსაც სასამართლოში ჩვენება არ მიუცია, რის გამოც აღნიშნული ოქმები მიჩნეული ვერ იქნება ფაქტის დამადასტურებელ დამატებით მტკიცებულებებად და მტკიცებულებათა ერთობლიობად.

 

სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა პ---–------- ბ-------ის მიერ 2018 წლის 15 სექტემბერს და 16 სექტემბერს თავისი მეუღლის _ მ------ ბ-------ის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

რაც შეეხება მოწმეების: რ---- კ--–-----–---–ის, ს-----–--- ტ---–-----ის, ლ-–------------ს და ვ-–-------- ჩ------–---–ის ჩვენებებს, ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები და გადმოსცემენ მათთვის მ------ ბ-------ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნება სასამართლოს მიერ, ვინაიდან, ისინი არ დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (გამონაკლისი შემთხვევების გარდა), არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით კი პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნა იძლევა ინფორმაციას მხოლოდ დაზარალებულის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთის შესახებ და ეს მტკიცებულება პირდაპირ ვერ ადასტურებს მისთვის ამ დაზიანების პ---–------- ბ-------ის მიერ მიყენების ფაქტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ პ---–------- ბ-------ის მიმართ 2018 წლის 07 დეკემბერს დადგენილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც აღნიშნული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- შ---------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–- შ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 დეკემბრის განაჩენი პ---–------- ბ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.პ---–------- ბ-------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2018 წლის 15 სექტემბრის და 2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

4.გამართლებულ პ---–------- ბ-------ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

5.ცნობად იქნას მიღებული, რომ პ---–------- ბ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

6.ნივთიერი მტკიცებულება _ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იატაკის საწმენდი ჯოხი, რომელიც ინახება შსს ხონის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/