განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2018
საქმის ნომერი
330210016001665309
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001665309

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/7424-17 31 მაისი, 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ლევან გვარამია

 

აპელანტი – ზ------ ტ-------–---–ი;

მოწინააღმდეგე მხარე – თ------- ა-------ე;

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება;

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თ------- ა-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ზ------ ტ-------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე, ქალაქი თბილისი, ზ------ დასახლება, თ---------–---- ქ. #--, საკადასტრო კოდი: #------------ და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს-თ------- ა-------ეს.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე, ქალაქი თბილისი, ზ------ დასახლება, თ---------–---- ქ. #--, საკადასტრო კოდი: #------------ საკუთრების უფლებით ირიცხება თ------- ა-------ის სახელზე. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს საკუთრების უფლების მოწმობა N-----, დამოწმების თარიღი: 23/062016, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გადაწყვეტილება N-----------, დამოწმების თარიღი: 08/09/2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

 

2.2. დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მოპასუხე ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დადგინდა შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებები პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების თანახმად არ არსებობს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

2.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო, მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ზ------ დასახლებაში, თ---------–---- ქ. #---ში, საკადასტრო კოდი: #------------, განთავსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს თ------- ა-------ე. მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ავტოფარეხის ნასყიდობის ხელწერილი და მოსარჩელის მიერ შედგენილი ხელწერილი სადავო ავტოფარეხზე უფლების დათმობის თაობაზე (ს.ფ. 31-34) არ წარმოადგენს იმ სახის მტკიცებულებას, რომლითაც დადასტურდება სადავო ნივთზე მოპასუხის საკუთრების უფლება და შესაბამისად, მართლზომიერად ფლობის ფაქტი. თუ, ზემოთმითითებულ მისამართზე არასწორად განხორციელდა მიწის ნაკვეთის მოსარჩელის საკუთრების უფლებით აღრიცხვა რითაც შეილახა მოპასუხის უფლებები ამ ნაკვეთზე, აღნიშნული შეიძლება წარმოადგენდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების, როგორც უფლების დამდგენი დოკუმენტის ბათილად ცნობის საფუძველს, რაც ზ----- ტ-------–---–ის მიერ არ განხორციელებულა. ამასთან, მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ასევე, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში (პირველი ნაწილი) მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს (მე-2 ნაწილი). მითითებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ავტოფარეხი წარმოადგენს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს, რომელზედაც დამოუკიდებელი სანივთო უფლება არ წარმოიშობა. არსებითი შემადგენელი ნაწილის იურიდიული ბედი მთლიანადაა დაკავშირებული მთავარ ნივთთან და, როგორც წესი, იგი არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია არსებითი შემადგენელი ნაწილის დამოუკიდებლად განკარგვა. იგი განიკარგება მთავარ ნივთთან ერთად და ეს არაა დამოკიდებული ურთიერთობის მონაწილეთა ნებაზე. 150-ე მუხლით გათვალისწინებული მთავარი ნივთისა და მისი არსებითი შემადგენელი ნაწილის ურთიერთკავშირიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 171-ე მუხლი ადგენს, რომ ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც.

 

მოცემულ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე, ამ ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე - ავტოფარეხზე, შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხისგან ამ ფართის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, თ------- ა-------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნას სადავო ქონება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, ზ----- ტ-------–---–ს სადავო ქონება მიყიდა თ------- ა--------ს ძმამ ა-–---------- ა--------ს საკუთრებას, რომელსაც აპელანტის მამამ გ--- ტ-------–---–მა გადაუხადა 1000 აშშ დოლარი. აღნიშნული გარიგება დამოწმდა გამგებლის მიერ სათანადო წესით. ამასთან, მითითებული გარიგების არსებობა ცნობილი იყო თ------- ა--------სთვის, ვინაიდან მან თანხმობის ხელწერილი მისცა ძმას ქონების მის სასარგებლოდ დათმობის თაობაზე.

 

3.2. სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ თ------- ა--------ს სახელზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა და ქონების დაკანონება მოხდა ასევე მეზობლის თანხმობით, რომელმაც განაცხადა, რომ თ------- ა-------ე ფლობდა შენობას ე.წ. ,,ბოსელს“ და არა რამდენიმე შენობა-ნაგებობას. იგივე მეზობელი თავის განცხადებაში განმარტავს, რომ ე.წ. ,,ავტოფარეხი“ ეკუთვნოდა ზ----- ტ-------–---–ს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4. ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. საქმის მასალებში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავ ნივთზე მდებარე ქალაქი თბილისი, ზ------ დასახლება, თ---------–---- ქ. #-- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №------------) რეგისტრირებულია თ------- ა-------ის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი საკუთრების უფლების მოწმობა N-----, დამოწმების თარიღი: 23/062016, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08/09/2016 წლის N----------- გადაწყვეტილება. (ი.ხ. ტ.1, ს.ფ. 14-15).

 

4.2. დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ ზ------ ტ-------–---–ი ფლობს თ------- ა-------ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის ნაწილს.

 

4.3. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ აპელანტი ზ------ ტ-------–---–ი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს თ------- ა-------ის კუთვნილ სადავო უძრავ ქონებას. აპელანტს აღნიშნულის საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა, თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი ფაქტობრივად სადავოდ ხდის თ------- ა-------ის უფლებას სადავო ნივთზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავი ნივთის აღრიცხვის თაობაზე კანონით დადგენილი წესით არ გაბათილებულა. აპელანტს, თავის მხრივ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების სტანდარტის დაცვით არ დაუდასტურებია მისი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოება, კერძოდ, რეესტრის მონაცემების ამასთან, ხაზგასასმელია, რომ მოცემული დავის ფარგლებში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სცდება სასამართლოს კომპეტენციას.

 

აპელანტმა ზემოთ მოყვანილი ნორმების თანახმად, ასევე ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ეს ის შემთხვევაა, როცა უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილ იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება.

 

შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თ------- ა-------ე წარმოადგენს უძრავი ნივთის მდებარე თბილისი, ზ------ დასახლება, თ---------–---- ქ. #-- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №------------), მესაკუთრეს, რომელსაც თავის მხრივ ფლობს ზ------ ტ-------–---–ი. ამასთან, რამდენადაც აპელანტმა ვერ უზრუნველყო ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობის დადასტურება, შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებზე მითითებით მართებულად დააკმაყოფილა თ------- ა-------ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის - ზ------ ტ-------–---–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო, არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ზ------ ტ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე /ლევან გვარამია/