განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015001031464
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/7044-17 10 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე- ლევან გვარამია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი – სს ”ს--------------------------------------–------”;
წარმომადგენელი - ჯ--- ა---–-–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ”ს-------------------–-”;
წარმომადგენელი - კ--- მ--------;
დავის საგანი _ სადაზღვევო პრემიის დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა სს ”ს--------------------------------------–------ს” სარჩელი მოპასუხე შპს ”ს-------------------–-ს” მიმართ სადაზღვევო პრემიის 3961.81 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2013 წლის 27 მარტს შპს ”ს-------------------–სა” და სს ”ს--------------------------------------–-----ს” შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება №0-------, რომლის მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მზღვეველის თანხმობა, დამზღვევის მიერ პრემიის სრულად ან პირველადი შენატანის გადახდის და პოლისში შეთანხმებული გადახდის გრაფიკის დაცვის სანაცვლოდ გაეწია დამზღვევისათვის (შპს ”ს-------------------–-”) მის მიერ მიღებული სადაზღვევო წესების დაზღვევის პირობების, წინამდებარე ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქონებრივი/პასუხისმგებლობის ინტერესის დასაცავად სადაზღვევო მომსახურება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3).
ხელშეკრულება სადაზღვევო
მომსახურების შესახებ (ს.ფ. 15-18).
2.2. 2013 წლის 27 მარტს მხარეთა ხელმოწერით გაიცა დაზღვევის პოლისი № M----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–----------------, რომლითაც შპს ”ს-------------------–-ს” მიერ 8 თვის ვადით, 2013 წლის 31 დეკემბრამდე, დაზღვეულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალებები. აღნიშნული პოლისებით განისაზღვრა ჯამური სადაზღვევო პრემია, რამაც ჯამში შეადგინა 6049.2 აშშ დოლარი და მისი გადახდის გრაფიკი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ.3).
ავტომობილის დაზღვევის პოლისები (ს.ფ. 19-28).
2.3. შპს ”ს-------------------–ს” 2013 წლის 10 ივნისის მდგომარეობით სადაზღვევო პრემიის თანხებიდან გადახდილი აქვს 2087.39 აშშ დოლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ.3).
ცნობა (ს.ფ.29).
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ დაუდგენია.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ”ს--------------------------------------–-----სა” და შპს ”ს-------------------–ს” შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა დაზღვევის ხელშეკრულებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება განეკუთვნება ე.წ. რეალურ ხელშეკრულებათა კატეგორიას. მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ მზღვეველის მიერ გაცემული დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე სადაზღვევო შენატანის გადახდის შემდეგ. ამდენად, დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობის დაწყება დაკავშირებულია არა მარტო დაზღვევის ხელშეკრულების დადებასთან, არამედ სადაზღვევო პრემიის გადახდასთანაც. ის გარემოება, რომ მზღვეველის მოვალეობა წარმოიშობა არა მხარეთა შეთანხმების, არამედ პრემიის გადახდის მომენტიდან, დაზღვევის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს და აქცევს მას რეალურ ხელშეკრულებად. (სამოქალაქო კოდექსის 816-ე მუხლი).
სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი მხოლოდ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ დაზღვევის ინტერესი დაიკარგა, მაშინ მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას. მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს მომსახურების შესაბამისი ანაზღაურების გადახდა.
ამავე კოდექსის 817-ე მუხლის მიხედვით, თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება.თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისათვის დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 818-ე მუხლის მიხედვით, თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს, რომ იმოქმედონ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
სამოქალაქო სამართალურთიერთობის მომსწესრიგებელი ნორმების ამოსავალი წერტილია ბუნებითი სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად, სამოქალაქო სამართალბრუნვაში ქცევის სტანდარტის განმსაზღვრელია სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და ზნეობრიობა. კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირადაპირ არ მიუთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.
ამდენად, კანონმდებელი სადაზღვევო ურთიერთობაში მზღვეველს, როგორც დაზღვევის ხელშეკრულების ძლიერ მხარეს ანიჭებს აქტიურ როლს, რაც მისთვის გარკვეული უფლებების განსაზღვრაში გამოიხატება. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიამ კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებები კეთილსინდისიერად უნდა გამოიყენოს და სადაზღვევო ურთიერთობის ფარგლებში არ უნდა შექმნას დამზღვევისათვის უარესი პირობები. კანონმდებელი სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდას უკავშირებს მზღვეველის უფლებამოსილებას, დამზღვევს წერილობით განუსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა ან ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე. აღნიშნული ნორმები არ არის მავალდებულებელი, მაგრამ სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას და შემდეგ მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ანაზღაურება. საყურადღებოა, ასევე სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლის დათქმა, რომლის მიხედვითაც, გაფრთხილების ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, თუ ამ დროისათვის დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან. შესაბამისად, თუკი დამზღვევის მიერ შესატანის შეუტანლობა მზღვეველს ათავისუფლებს სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან, დაუშვებელია ძალაში დარჩეს დამზღვევის ვალდებულება გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). ასეთ შემთხვევაში, დამზღვევი, როგორც ხელშეკრულების სუსტი მხარე, უარეს პირობებში ვარდება. სასამართლოს მიაჩნია,რომ ასეთ შემთხვევაში, დგება ხელშეკრულების მოშლის საკითხი, რომლის ინიციატივასაც კანონმდებელი მზღვეველს აკისრებს. სამოქალაქო კოდექსის 818-ე მუხლის თანახმად, მზღვეველს აქვს უფლებამოსილება წერილობით აცნობოს დამზღვევს ხელშეკრულების მოშლის თაობაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დამზღვევს შპს ”ს-------------------–ს” სადაზღვევო შესატანი დროულად არ გადაუხდია. ამასთან, დადგენილია, რომ სადაზღვევო შესატანის გადაუხდელობის მიუხედავად, მზღვეველს სს ”ს--------------------------------------–-----ს” დამზღვევი წერილობით არ გაუფრთხილებია მოსალოდნელ შედეგებზე. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, სადაზღვევო შესატანის გადაუხდელობა კი შეიძლება გახდეს სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაზღვევო შესატანის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისას ხელშეკრულება გონივრულ ვადაში უნდა მოიშალოს. აღნიშნულის საფუძველზე, სს ”ს--------------------------------------–-----სა” და შპს ”ს------------------–ს” შორის არსებული სადაზღვევო ურთიერთობა მოიშალა, რის შედეგადაც მზღვეველს არ აქვს სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მზღვეველს არ დაუყენებია.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, უდავოა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ ხელშეკრულება შეწყვეტილი არ ყოფილა, რადგან დამზღვევს არ მოუმართვას წერილობით ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით, რაც დაადასტურა მოპასუხის წარმომადგენელმა, სადაც აღნიშნა, რომ კომპანიას წერილობით არ მოუთხოვია ხელშეკრულების შეწყვეტა გარდა ამისა აღნიშნული ფაქტი დადგენილი არ ყოფილა უშუალოდ სასამართლოს მიერაც. ამასთან, ხელშეკრულება არ შეწყვეტილა მზღვეველის მხრიდანაც, თავისთავად პრემიის გადაუხდელობა არ ნიშნავს ხელშეკრულების შეწყვეტას. აღნიშნულის შესახებ განმარტა უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში, სადაც მიუთითა, რომ „რაც შეეხება ხელშეკრულების მოშლასა თუ ხელშეკრულებიდან გასვლას, აღნიშნულიც თავისთავად მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული და კანონმდებელი ამომწურავად განსაზღვრავს თითოეულ ამ ინსტიტუტს. სადაზღვევო პრემიის შეტანის მარეგულირებელი ნორმები, მათ შორის 815-ე, 817-ე და 818-ე მუხლები არ წარმოადგენს იმპერატიული ხასიათის ნორმებს და ცალსახად არ ადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობას, კანონმდებელი 817-ე და 818-ე მუხლებით ადგენს მზღვეველის უფლებას შესაბამისი ფორმით განსაზღვროს პრემიის გადახდის დამატებითი ვადა, ასევე კანონით დადგენილი ფორმის დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა მზღვეველის მიერ აღნიშნული უფლების გამოუყენებლობა მისი, როგორც ხელშეკრულების მხარის არაკეთილსინდისიერად მიჩნევის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს“.
3.2. სამართლებრივი ბუნებით დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსენსუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. მასში მითითებული უფლება მოვალეობების წარმოშობა უკავშირდება უშუალოდ ხელშეკრულების დადებას და არა ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის მიღებას. შესაბამისად მნიშვნელოვანია განისაზღვროს განსახილველ შემთხვევაში რას წარმოადგენდა სადაზღვევო ინტერესი და როგორ შეეძლო მისი განხორციელება მოწინააღმდეგე მხარეს.
უდავოა, რომ მზღვეველის უფლება მიიღოს პრემია არ არის დამოკიდებული იმაზე დამზღვევი/დაზღვეული მიიღებს, თუ არა მომსახურებას, იმ გაგებით რომ დაზღვეულია კონკრეტული რისკის დადგომისას მიყენებული ზიანი, რისკი თავისი ბუნებიდან გამომდინარე კი შეიძლება არც დადგეს ხელშეკრულების მოქმედების მთელს პერიოდში რაც დამზღვევს არ ათავისუფლებს პრემიის გადახდის ვალდებულებისგან. თავისთავად იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, რადგან მზღვეველი ვალდებულია პრემიის გადახდის სანაცვლოდ აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, შესაბამისად ნათელია, რომ თუ დამზღვევი არ წყვეტს ხელშეკრულებას მისი სადაზღვევო ინტერესი სახეზეა. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ხელშეკრულება შეწყვეტილი არ არის ეს გულისხმობს რომ მზღვეველის მიერ ხდება დაზღვეულის სადაზღვევო ინტერესის უზრუნველყოფა და რეალიზაცია ხელშეკრულების მოქმდების მთელს პერიოდში რაც გულისხმობს იმას, რომ დავალიანების გადახდის შემთხვევაში ხდება სადაზღვევო ინტერესის დაკმაყოფილება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს, წარმოდგენილი საქმის მასალების შესწავლის, სადავო საკითხების თაობაზე მხარეთა მოსაზრებების გაცნობის და საქმის ზეპირი განხილვის შედეგად მიაჩნია, რომ ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე;
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. 2013 წლის 27 მარტს შპს ”ს-------------------–სა” და სს ”ს--------------------------------------–-----ს” შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება №0-------, რომლის მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მზღვეველის თანხმობა, დამზღვევის მიერ პრემიის სრულად ან პირველადი შენატანის გადახდის და პოლისში შეთანხმებული გადახდის გრაფიკის დაცვის სანაცვლოდ გაეწია დამზღვევისათვის (შპს ”ს-------------------–-”) მის მიერ მიღებული სადაზღვევო წესების დაზღვევის პირობების, წინამდებარე ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქონებრივი/პასუხისმგებლობის ინტერესის დასაცავად სადაზღვევო მომსახურება. (იხ.ტ.1, ს.ფ.15-18).
4.2. 2013 წლის 27 მარტს გაიცა დაზღვევის პოლისი № M----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–----------------, რომლითაც 8 თვის ვადით, 2013 წლის 31 დეკემბრამდე, დაზღვეულ იქნა შპს ”ს-------------------–-ს” ავტოსატრანსპორტო საშუალებები. აღნიშნული პოლისებით განისაზღვრა ჯამური სადაზღვევო პრემია, რამაც ჯამში შეადგინა 6049.2 აშშ დოლარი და მისი გადახდის გრაფიკი. (იხ.ტ.1, ს.ფ. 19-28).
4.3. შპს ”ს-------------------–ს” 2013 წლის 10 ივნისის მდგომარეობით სადაზღვევო პრემიის თანხებიდან გადახდილი აქვს 2087.39 აშშ დოლარი. (იხ.ტ.1, ს.ფ. 29).
4.4. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა, თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი, თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, 1. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. 2. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 3. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.
განსახილველ შემთხვევაში, შპს ”ს-------------------–ს” არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა დადგენილიყო მზღვეველისადმი (სს ”ს--------------------------------------–------”) დაზღვევის ინტერესი დაკარგვის და აღნიშნულიდან გამომდინარე ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე, მისი ნების მისვლა.
სამართლებრივი დასაბუთება
4.5. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
დაზღვევის ინსტიტუტი თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს ურთიერთობას, რომლის დროსაც დამზღვევი (რომელიც შეიძლება იყოს, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირი) გარკვეული ფულადი შენატანის, ანუ სადაზღვევო პრემიის გაღებით წინასწარ ღებულობს ზომებს თავისი პირადი ან ქონებრივი ინტერესის დასაცავად იმ გარემოებებისგან, რომელიც არ დამდგარა მაგრამ მოსალოდნელია მისი დადგომა და ამ გარემოებებმა მას შესაძლოა მიაყენოს ქონებრივი ან პირადი ზიანი. ანუ დაზღვევის ინსტიტუტი შესაძლოა განხილულ იქნეს, როგორც კერძო სამართლის სუბიექტების ქონებრივი ინტერესების დაცვის საშუალება. თავის მხრივ ქონებრივი ინტერესების დაცვა გამოიხატება იმ ზარალის ანაზღაურებაში, რომელიც, სხვადასხვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შედეგად შესაძლოა მიადგეს დამზღვევის ქონებას.
დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, ვინაიდან ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მზღვეველის ძირითადი ვალდებულებაა იმ ზიანის ანაზღაურება რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოებების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომის შედეგად მიადგა დამზღვევს, ხოლო დამზღვევი თავის მხრივ ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი (პრემია). ამასთან, სადაზღვევო დაცვა იწყება პირველადი სადაზღვევო პრემიის გადახდის მომენტიდან ე.ი. ამ მომენტიდან დამზღვევი უფლებამოსილია მოითხოვოს დამდგარი ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სადაზღვევო პრემიის გადახდის შემდგომ მზღვეველი თავის თავზე იღებს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის რისკს, ხოლო რისკის რეალიზების შემთხვევაში ახორციელებს ზიანის ანაზღაურებას.
ამდენად, სადაზღვევო შენატანის გადახდის ვალდებულება გამომდინარეობს, მხოლოდ მზღვეველის მხრიდან სადაზღვევო შემთხვევის დადგომის რისკის თავის თავზე აღების სანაცვლოდ. დამზღვევის მხრიდან სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად განმარტებულია შემდეგი: „ხელშეკრულების პირობების ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის რეგულირების სამართლებრივი მექანიზმი გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლში, რომელის დანაწესით, თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება. თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისათვის დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან. ამავე კოდექსის 818-ე მუხლის დანაწესით კი, თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი.
ზემოთმოხმობილ ნორმათა სამართლებრივი რეგულირების მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სადაზღვევო შესატანის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისას, მზღვეველს ევალება გონივრულ ვადებში შეატყობინოს დამზღვევს მოსალოდნელი შედეგები. მზღვეველის ქცევის ამგვარი სტანდარტის არსებობა განპირობებულია სწორედ კერძო სამართლის სუბიექტების კეთილსინდისიერი ქცევის ფარგლებით (სკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწ.). მართალია სამოქალაქო კოდექსის 817-ე-818-ე მუხლები არ წარმოადგენს მავალდებულებელ ნორმებს, მაგრამ სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში, დროულად გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას და სწორედ ამ პერიოდს არ დაუკავშიროს სადაზღვევო შესატანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზაცია“. „მზღვეველის უმოქმედობას კი, ამ ტიპის დავის გადაწყვეტისათვის არა მხოლოდ თეორიული, არამედ უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია, რადგანაც დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, თუკი მზღვეველი რომლის მიმართაც არ სრულდება სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება, წერილობით არ გააფრთხილებს დამზღვევს მოსალოდნელ შედეგებზე იგი კარგავს სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას სახელშეკრულებო ურთიერთობის ამოწურვის შემდეგ (იხ. სუს 03.04. 2015 წ.-ის №ას-1308-1246-2014 და სუს 21.02.2013წ.-ის Nას-85-81-2013წ.-ის განჩინება).
კონკრეტულ შემთხვევაში, სადვო არ არის, რომ დამზღვევის შპს ”ს-------------------–-ს” მხრიდან დარღვეული იქნა ვალდებულება სადაზღვევო შენატანის (პრემიის) გადახდის ნაწილში. კერძოდ, სადაზღვევო შენატანი (პრემიია) დამზღვევს უნდა გადაეხადა პერიოდულად, ნაწილ-ნაწილ, კონკრეტული დაზღვევის პოლისში განსაზღვრული გრაფიკით. მის მიერ გადახდილ იქნა პირველადი სადაზღვევო შენატანი (პრემია), თუმცა მომდევნო გადახდები არ განუხორციელებია. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ მომდევნო სადაზღვევო შესატანის გადაუხდელობის მიუხედავად, მზღვეველს სს ”ს--------------------------------------–-----ს” დამზღვევი წერილობით არ გაუფრთხილებია მოსალოდნელ შედეგებზე. შესაბამისად, მართებულად მიიჩნია, რომ აღნიშნულით მზღვეველმა დაკარგა სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. ამასთან, საგულისხმოა, თუ მზღვეველს როდიდან წარმოეშვა გაფრთხილების, ხელშეკრულებიდან გასვლისა და სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის უფლება ე.ი. დროის რა მონაკვეთიდან შესაძლოა ვიმსჯელოთ კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევაზე. აღინიშნა, რომ დამზღვევის მიერ გადახდილი იქნა სადაზღვევო შენატანი (პრემია), ვალდებულება მის მიერ გადახდილ იქნა შემდგომი სადაზღვევო შენატანის (პრემიის) გადახდის ნაწილში. ამდენად, მხოლოდ დროის ამ მონაკვეთიდან სახეზეა მზღვეველის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედება, რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ დამზღვევს უნდა დაეკისროს ამ პერიოდამდე გადასახდელი სადაზღვევო შენატანი (პრემია), რაც დაზღვევის პოლისების მიხედვით შეადგენს 2086.39 აშშ დოლარს.
ამდენად, პალატა მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხის მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივარი და სარჩელი დასაბუთებულია, შესაბამისად უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სს ”ს--------------------------------------–------ს” სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. კერძოდ, შპს ”ს-------------------–ს” სს ”ს--------------------------------------–------ს” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2086.39 აშშ დოლარის გადახდა.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისთვის შეადგენს - დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს – 100 ლარს, სააპელაციო საჩივარზე კი - 150 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, შესაბამისად, უნდა შეიცვალოს სასამართლო ხარჯების განაწილებაც. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 268, სარჩელის ფასი კი შეადგენდა 8902 ლარს (სარჩელის აღძვრის მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლითი ოფიციალური კურსით (2.2471)). სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ კერძოდ 2086.39 აშშ დოლარის რაც მითითებული კურსის მიხედვით შეადგენდა, 4688.33 ლარს. შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისრო მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 141.14 ლარის ოდენობით. სააპელაციო საჩივრის აღძვრის დროისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლითი ოფიციალური კურსით შეადგენდა (2.71)), შესაბამისად დავის საგანი განისაზღვრა 10737 ლარის ოდენობით. აღნისნულიდან გამომდინარე, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი აქვს ბაჟი 430 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს 226.44 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ”ს--------------------------------------–------ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. სს ”ს--------------------------------------–------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს ”ს-------------------–ს” სს ”ს--------------------------------------–------ს” სასარგებლოდ დაეკისროს 2086.39 აშშ დოლარის გადახდა;
5. შპს ”ს-------------------–ს” სს ”ს--------------------------------------–------ს” სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 367.58 ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესს სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე /ლევან გვარამია/