განაჩენი

სისხლის სამართლის 24.05.2019
საქმის ნომერი
080100118002512816
ინსტანცია
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002512816

საქმე №1/ბ-208-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ი-----–ი ქ-----–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ---------–----------------------------–ი, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–ი ქ-----–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 04 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ-------–---------------------------–- მდებარე სახლში, ი-----–ი ქ-----–--ეს მეუღლესთან, თ----- წ------–---–თან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოუვიდა შელაპარაკება, რა დროსაც მან მეუღლეს ხელი მოუჭირა მკლავის არეში და ასევე ხელი დაარტყა ბეჭის არეში. თ----- წ------–---–მა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ზემოაღნიშნულის გამო ი-----–ი ქ-----–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 თებერვლის განაჩენით:

 

ი-----–ი ქ-----–--ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ი-----–ი ქ-----–--ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს, ა------ ქ-----–--ეს (პ/ნ 6----------) უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი, გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით.

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მინის ნამსხვრევები, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ დისკად, რომელიც თან ერთვის საქმეს, უნდა დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

გამართლებულ ი-----–ი ქ-----–--ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ------- ვ------------მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ი-----–ი ქ-----–--ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი-----–ი ქ-----–--ის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტს, კერძოდ: გამომძიებელ დ----- ნ-–-----ის ჩვენების თანახმად, მან დაკითხა დაზარალებული, რომელმაც განუცხადა, რომ 2018 წლის 04 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ---------–----------------------ში მდებარე სახლში ი-----–ი ქ-----–--ემ ხელი მოუჭირა მკლავის არეში და ასევე ხელი დაარტყა ბეჭის არეში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლოში ასევე დაიკითხნენ მოწმეები ა-----–--- ბ------ე და გ--------------ი, რომლებმაც განაცხადეს, რომ შეტყობინების შესვლიდან რამდენიმე წუთში გამოცხადდნენ მისამართზე, სადაც დახვდათ ი-----–ი ქ-----–--ე და დაზარალებული, გოგონას ფეხზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რომელთა შესახებაც თ----- წ------–---–ი განმარტავდა, რომ მეუღლემ რამდენიმე წუთის წინ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე შემთხვევის ადგილზე დამსხვრეული იყო საყოფაცხოვრებო ნივთი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა დამსხვრეული ჭურჭელი. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებები საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გამამართლებელი განაჩენის სახით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ი-----–ი ქ-----–--ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი-----–ი ქ-----–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. კერძოდ:

 

მოწმე ა-----–--- ბ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 04 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ხსენებულ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ქ---------–------------------------ მდებარე საცხოვრებელ სახლში ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ--------------თან ერთად გამოცხადდა მითითებულ მისამართზე. საცხოვრებელ სახლში შესვლისთანავე შენიშნა იატაკზე ფაიფურის ვაზის ნამსხვრევები. წინ შემოეგება ახალგაზრდა ქალბატონი, სახელად თ-----ი, რომელმაც განუმარტა, რომ მეუღლემ, ი-----–ი ქ-----–--ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მას მარცხენა ფეხის კოჭზე ჰქონდა დაზიანება სისხლმდენი ნაკაწრის სახით. როგორც ქალბატონმა განმარტა, მეუღლემ განაწყენების ნიადაგზე ესროლა ვაზა, რის შედეგადაც მიიღო აღნიშნული დაზიანება, ასევე, მოუჭირა ხელი მკლავის არეში და დაარტყა ხელი ბეჭის არეში, რის გამოც უჩიოდა ტკივილებს.

 

იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------- ო----მა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა დ----- ნ-–-----ემ აჩვენა, რომ გამოძიების სტადიაზე დაკითხა დაზარალებული თ----- წ------–---–ი, რომელმაც განუცხადა, რომ 2018 წლის 04 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ---------–----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თავისმა მეუღლემ, ი-----–ი ქ-----–--ემ ხელი მოუჭირა მკლავებში და ასევე ხელი დაარტყა ბეჭის არეში, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების დროს გადაღებული ფოტოსურათებით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ---------–------------------------ში განთავსებულ საცხოვრებელ ბინაში. ამავე ბინის მეორე სართულზე, კორიდორში განთავსებული ხის კომოდების გვერდით, შუა ადგილზე დგას ტანსაცმლის საშრობი, რომლის ქვემოთ მიმოფანტულია თეთრ და ვერცხლისფერ ფერებში გაწყობილი კერამიკული ვაზის ნამსხვრევები, რომელიც ეთერ ქ-----–--ის განმარტებით, იყო მისი რძლის _ თ----- წ------–---–ის საკუთრება.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ზ---- ტ------ემ და ექსპერტმა გ------ კ------მ.

 

დაზარალებულმა თ----- წ------–---–მა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადა მეუღლის _ ი-----–ი ქ-----–--ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი-----–ი ქ-----–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:

 

დაზარალებულმა თ----- წ------–---–მა, რომელიც ამხელდა ი-----–ი ქ-----–--ეს ძალადობის ჩადენაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რის გამოც სასამართლო კანონისმიერად არის მოკლებული შესაძლებლობას, გაიზიაროს მის მიერ გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ი-----–ი ქ-----–--ის მიერ 2018 წლის 04 ივნისს თავისი მეუღლის _ თ----- წ------–---–ის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია. რაც შეეხება მოწმეების _ ა-----–--- ბ------ის, გ--------------ის და დ----- ნ-–-----ის ჩვენებებს, რომლებზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი, ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები და გადმოსცემენ მათთვის თ----- წ------–---–ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელსაც სასამართლოში თავად არ დაუდასტურება ამ ინფორმაციის სისწორე. ამდენად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულ ჩვენებებს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, ვინაიდან, ისინი არ დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (გამონაკლისი შემთხვევების გარდა), არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

მხოლოდ ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდა კერამიკული ვაზის ნამსხვრევები, უტყუარად არ ადასტურებს ი-----–ი ქ-----–--ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას. მართალია, მოწმეებმა ა-----–--- ბ------ემ და გ--------------მა აჩვენეს, რომ დაზარალებულ თ----- წ------–---–ს მარცხენა ფეხის კოჭზე აღენიშნებოდა დაზიანება სისხლმდენი ნაკაწრის სახით, თუმცა ის, რომ აღნიშნული დაზიანება მას უშუალოდ ი-----–ი ქ-----–--ემ მიაყენა, არ არის დადგენილი პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–ი ქ-----–--ის მიერ თ----- წ------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობა გამოიხატა მკლავის არეში ხელის მოჭერასა და ბეჭის არეში ხელის დარტყმაში და აღნიშნულ დადგენილებაში საერთოდ არ არის ნახსენები მისთვის ფეხის არეში დაზიანების მიყენების ფაქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით შეუძლებელია იმის დადგენა, რომ ი-----–ი ქ-----–--ემ ნამდვილად ჩაიდინა თავისი მეუღლის _ თ----- წ------–---–ის მიმართ ძალადობა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი წარდგენილ ბრალდებაში ი-----–ი ქ-----–--ის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ისინი ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ ი-----–ი ქ-----–--ის მიმართ 2019 წლის 06 თებერვალს დადგენილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 06 თებერვლის განაჩენი ი-----–ი ქ-----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ი-----–ი ქ-----–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

4.გამართლებულ ი-----–ი ქ-----–--ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

5.ცნობად იქნეს მიღებული, რომ ი-----–ი ქ-----–--ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს შემტანს, ა------ ქ-----–--ეს (პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა _ 3000 (სამი ათასი) ლარი, გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით.

 

6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნამსხვრევები, რაც ინახება შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ დისკზე, რომელიც თან ერთვის საქმეს, დარჩეს საქმეში და შენახული იქნეს მისი შენახვის ვადით.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /ვ.დოლიძე/