განაჩენი

სისხლის სამართლის 15.05.2019
საქმის ნომერი
170100119002812257
ინსტანცია
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №170100119002812257

საქმე №1ბ/716-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

პ------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 06 ივნისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №2----------, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებლის, უმუშევრის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების თ------–-------------------------–--------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენით:

პ------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 7 დეკემბრის დაახლოებით 13:00 საათის ფაქტი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად;

პ------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 7 დეკემბრის 16:00-დან 19:00 საათამდე ფაქტები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და პ------------ეს, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 თვით თავისუფლების აღვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდა 1 წელი.

 

პ------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. თ------–------–-----------------------ში მდებარე კორპუსის სადარბაზოში, პ------------ემ მარჯვენა ხელის სახის მარცხენა მხარეს ერთჯერადი დარტყმისა და ხელების ყელში მოჭერის გზით ფიზიკურად იძალადა ი------–-----–--ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 16:00-დან 19:00 საათამდე დროის შუალედში, ქ. თ------–------–-----------------------ში მდებარე კორპუსის სადარბაზოსა და სარდაფში, პ------------ემ მარჯვენა ხელების სახის არეში მრავალჯერადი დარტყმისა და ხელების ყელში მოჭერის გზით ფიზიკურად იძალადა ი------–-----–--ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და პ------------ისთვის გამოსაცდელ ვადად მინიმუმ 2 წლის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის მეორე წინადადების თანახმად, გამოსაცდელი ვადა თავისუფლების აღკვეთა ზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას - არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას - არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნა მოხდა დანაშაულთა ერთობლიობისას და შესაბამისად, აპელანტის აზრით, უნდა დანიშნულიყო მინიმუმ ორ წლიანი გამოსაცდელი ვადა, ვინაიდან ტერმინში „შეკრება“ კანონმდებელი გულისხმობს შთანთქმასაც.

 

მსჯავრდებულ პ------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ფ---–--ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას უსაფუძვლობის გამო და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ცემის ორი ეპიზოდის განხორციელების ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ი------–-----–--ს ჩვენებით, ვიზუალური დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას პ------------ისთვის დანიშნული გამოსაცდელი ვადის 2 წლამდე გაზრდის თაობაზე, სააპელაციო პალატა არ იზიარების უსაფუძვლობის გამო და განმარტავს:

 

დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესი გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით, რომლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. სასჯელის განსაზღვრის განსხვავებულ წესს ადგენს კანონმდებელი დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს, რაც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მესამე ნაწილით და რომლის მიხედვით, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. აღნიშნულ ნორმათა დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ დანაშაულთა ერთობლიობისას, როდესაც სახეზე არ არის რეციდივის შემთხვევა, საერთოდ არ გამოიყენება სასჯელთა შეკრების წესი, არამედ გამოიყენება სასჯელთა მხოლოდ შთანთქმის წესი.

 

ვინაიდან მსჯავრდებულ პ------------ეს დანიშნული დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩათვლილი აქვს პირობით, ხოლო პირობითი მსჯავრი არ არსებობს გამოსაცდელი ვადის გარეშე, პალატა მიუთითებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. გამოსაცდელი ვადა თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის რეციდივის შემთხვევა, შესაბამისად, ადგილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ერთობლიობას, რომლის დროსაც გამოიყენება სასჯელთა შთანთქმის წესი. ამავე კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილი კი, არანაკლებ 2 და არაუმეტეს 6 წლით გამოსაცდელი ვადის განსაზღვრას კანონმდებელი უკავშირებს არა სასჯელთა შთანთქმას, არამედ სასჯელთა შეკრებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით მართებულად და კანონმდებლობასთან შესაბამისად განუსაზღვრა პ------------ეს 1 წლიანი გამოსაცდელი ვადა, ვინაიდან მასზე ვრდელდება საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთით სასჯელის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადის გასაზღვრის წესი - არანაკლებ 1 და არაუმეტეს 6 წლისა.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით პ------------ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან და კანონიერ სასჯელს, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენი პ------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

პ------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 7 დეკემბრის დაახლოებით 13:00 საათის ფაქტი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად;

პ------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 7 დეკემბრის 16:00-დან 19:00 საათამდე ფაქტები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და პ------------ეს, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 თვით თავისუფლების აღვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად იმავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, დაუდგინდეს 1 წელი.

 

პ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

პ------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 9 დეკემბრიდან 2019 წლის 12 მარტის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

ნივთმტკიცებები: ტანისამოსი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ი------–-----–--ს, ხოლო ნაცხის ნიმუშები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე