განაჩენი

სისხლის სამართლის 20.09.2018
საქმის ნომერი
080100118002484847
ინსტანცია
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100118002484847

საქმე №1/ბ-511-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 სექტემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ----- გ-------ს ძე ზ---------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქუთაისი, ნ-----------;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ----- ზ---------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 6 მაისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქუთაისში, ნ-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ----- ზ---------მა მეუღლეს, დ---- ნ-–-----ეს ხელი მოუჭირა ხელის არეში, შემდეგ ხელი ჰკრა და დააგდო საწოლზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით გ----- ზ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შეაბამისად, გაუქმდა გ----- ზ---------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი- 04 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 01 წელი და საბოლოოდ, განაჩეთა ერთობლიობით, გ----- ზ---------ს განესაზღვრა 02 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 8 მაისიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

2.1 აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ------- ვ-----------ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენში გ----- ზ---------ის მიმართ და მას სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის მიერ დანიშნული სასჯელით შეუძლებელია სასჯელის მიზნების განხორციელება, სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ ყველა შეღავათი გამოიყენა.

 

2.2. აპელანტი - მსჯავრდებული გ----- ზ---------ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ვ----–----------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი გასაჩივრებულ განაჩენში და მსჯავრდებულს განესაზღვროს ისეთი სასჯელი, რომელიც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, ვინაიდან დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ გ----- ზ---------ს მისჯილი აქვს მაქსიმალური სასჯელი, იგი შეურიგდა დაზარალებულს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ----- ზ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ----- ზ---------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ, როგორც სასამართლოში გამოკვლეულ, ისე მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ დ---- ნ-–-----ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების: დ----- ქ-------------ის, ი-----–- ქ-------------ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ გ----- ზ---------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს გ----- ზ---------ს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, ხოლო აპელანტი (მსჯავრდებული და მისი ადვოკატი) ითხოვენ მსჯავრდებულისათვის არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთმოციდან ას ორმოცდაათ ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ გ----- ზ---------ს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, შერიგებულია დაზარალებულთან, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, ამასთან, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა, რომ გ----- ზ---------ი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რის გამოც სახეზეა დანაშაულის რეციდივი, გარდა ზემოაღნიშნულისა, გ----- ზ---------მა დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, შესაბამისად, სასჯელი განესაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გათვალისწინებით.

 

სააპელაციო პალატას გ----- ზ---------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი სამართლიანად მიაჩნია რის გამოც გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის და წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ------- ვ-----------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ გ----- ზ---------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, ვ----–----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

გ----- ზ---------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შეაბამისად, გაუქმდეს გ----- ზ---------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 04 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 01 (ერთი) წელი თავისუფლების აღკვეთისა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ----- ზ---------ს განესაზღვროს 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ გ----- ზ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 8 მაისიდან.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე