განაჩენი

სისხლის სამართლის 27.05.2019
საქმის ნომერი
110100118002438033
ინსტანცია
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110100118002438033

საქმე №1/ბ-741-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 დეკემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე (№0-----------) მ--–---- ვ--------ს ძე ტ--–----ის მიმართ, დაბადებული 2---------წ. პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი გ--------ი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ--–---- ტალაძეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2010 წლიდან, მ------ გ---–-----ი ქორწინებაში იმყოფება მ--–---- ტ--–----ესთან. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ დ--- გ--------ში. თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ შვილები ლ---- ტ--–----ე (ოთხი წლის) და ვ------- ტ--–----ე (ექვსი წლის). 2018 წლის 28 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ დ--- გ--------ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ--–---- ტ--–----ემ ტელეფონის თხოვებასთან დაკავშირებით მომხდარი შელაპარაკების გამო, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს - მ------ გ---–-----ს მარცხენა ხელი დაარტყა სახის არეში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედების შედეგად მ------ გ---–-----მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით მ--–---- ტ--–----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი :

 

აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კ---- ს-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენი მ--–---- ტ--–----ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

ბრალდების მხარეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი მ--–---- ტ--–----ის მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ საქმეში არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა სტანდარტი და აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტურ პირს დაარწმუნებს იმაში, რომ მ--–----- ტ--–----ემ ჩაიდინა ბრალად წარგენილი ქმედება, შესაბამისად იგი ამ კვალიფიკაციის უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

გამართლებულ მ--–---- ტ--–----ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ---- ვ----–---–ი წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი მ--–---- ტ--–----ის მიმართ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ--–---- ტ--–----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ------ გ---–-----მა და მოწმე ვ------- ტ--–----ემ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის (მ--–---- ტ--–----ის) წინააღმდეგ.

მოწმის სახით დაკითხულ მ--- ო-----ას ჩვენებით ირკვევა, რომ რომ 2018 წლის 28 მარტს იმყოფებოდა ზესტაფონის რაიონის სოფელ გ--------ში, საცხოვრებელ სახლში და მეუღლის მშობელს (მამას) აჭმევდა საჭმელს, რა დროსაც გაიგო ხმაური, მ------ის ხმამაღალი ხმა, თუმცა გარეთ არ გაუხედავს. რამდენიმე ხანში, როდესაც გარეთ გავიდა, დაინახა, რომ პატრული იყო მოსული, რომელმაც წაიყვანა მ--–---- ტ--–----ე და მათი მითითებით, თავადაც გაჰყვნენ პოლიციელებს. მ------მა უთხრა, რომ პოლიცია მან გამოიძახა. მოწმის განმარტებით, მას არ დაუნახავს მ--–---- ტ--–----ემ დაარტყა თუ არა ხელი მ------ გ---–-----ს. ასევე, როდესაც ხმაური გაიგო, გარეთ გაიხედა და დაინახა, რომ მ------ის და მ--–----ის შვილები, გარეთ იყვნენ და თამაშობდნენ. მისივე განმარტებით, სოფელ გ--------ში, ეზოში დგას ორი სახლი. ერთში ცხოვრობს მ------ის ბებია და ბაბუა, ხოლო მეორეში, მ------ი, მ--–----ი და მათი ორი შვილი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ არ ადასტურებს გამოძიების დროს მიცემული ჩვენების სისწორეს, ვინაიდან, მას არ დაუნახავს მ--–---- ტ--–----ის მიერ მ------ გ---–-----ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის (დარტყმის) მიყენების ფაქტი. ასევე, მანვე განაცხადა, რომ როდესაც ხმაური გაიგო, ეზოში დაინახა მ------ის და მ--–----ის შვილები. გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებაზე მის მიერ არის ხელი მოწერილი, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პოლიციაში იყო ორ პატარა ბავშვთან ერთად, ანერვიულებული, ცუდად, არ წაუკითხავს ჩვენება ისე მოაწერა ხელი.

 

მოწმის სახით დაკითხულ ლ---- ნ------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონული სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 28 მარტს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ზ.ც------ესთან ერთად გამოცხადდა ზესტაფონის რაიონის სოფელ გ--------ში, სადაც, მისამართზე დახვდათ მ------ გ---–-----ი, რომელმაც განუმარტათ, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეუღლემ, მ--–---- ტ--–----ემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შვილების თანდასწრებით. მ.გ---–-----ს დაზიანება ეტყობოდა მარჯვენა თვალზე. აღნიშნულის საფუძველზე, მოახდინეს მ--–---- ტ--–----ის პირადი ჩხრეკა, დაკავება და გადაყვანა სამმართველოში. დაკავებულს, დაკავებისას, ადგილზე განემარტა მისი უფლებები.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, კერძოდ კი ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2018 წლის 29 მარტს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამომძიებელ ა-----– ა---–------თან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც მოახდინა ფოტოგადაღება.

 

საქმეში წარმოდგენილი ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ 29.03.2018წ. 00:06-00:20სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ------ გ---–-----ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად მ------ ტ--–----ეს დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა.

 

2018 წლის 29 მარტის მ------ გ---–-----ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით ირკვევა რომ, „შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზესტაფონის რაიონის სოფელ შროშაში ,,დ---ი გ--------ის’’ დასახლებაში და წამოადგენს მ------ გ---–-----ის საცხოვრებელ სახლს. საცხოვრებელ სახლამდე მივდივართ ქვიშის გრუნტიანი გზით. მ------ გ---–-----მა წერილობით განაცხადა თანხმობა მის საცხოვრებელ სახლში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე. საცხოვრებელი სახლის ეზოში შევდივართ სამ ფრთიანი ლითონის კარით, ეზო არის ფერდობიანი და ფერდობის ბოლოში, დასავლეთით დგას ხის და ბეტონის კონსტრუქციის ერთ სართულიანი საცხოვრებელი სახლი. ეზოს აღმოსავლეთით დგას მეორე რკინა ბეტონის კონსტრუქციის ერთსართულიანი სახლი. სახლებს შორის მანძილი არის 35 მეტრი. მ------ გ---–-----მა მიუთითა აღმოსავლეთით მდგომ საცხოვრებელ სახლზე და განმარტა, რომ აღნიშნული არის მისი კუთვნილი“.

 

მ--–---- ტ--–----ემ უარი განაცხადა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, მ--–---- ტ--–----ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმლდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.

 

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კანონის გარანტირებული უფლების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა მ------ გ---–-----მა ისარგებლა მისთთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. პალატა განმარტავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია მ--–----- ტ--–----ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე დაკითხული მოწმე მ--- ო-----ა და პოლიციის თანამშრომლები არ არიან კონფლიქტის თვითმხილველები, მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება). დაზარალებულმა მ------ გ---–-----მა და მოწმე ვახტნაგ ტ--–----ემ ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და ახლო ნათესავის (მ--–---- ტ--–----ის) წინააღმდეგ ჩვენება არ მიცეს. აქვე პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სადაც მითითებულია, რომ 29.03.2018წ. 00:06-00:20სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ------ გ---–-----ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მ--–----- ტ--–----ემ ჩაიდინა მ------ გ---–-----ის მიმართ ძალადობა, რის გამოც სასამართლო სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ--–---- ტ--–----ის ბრალდების დადასტურება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--–---- ტ--–----ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი მ--–---- ტ--–----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი მ--–---- ტ--–----ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

მ--–---- ტალაძე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

მ--–---- ტ--–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის N12/6-2018 განჩინებით, მ-----ო გ---–-----ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე დადებული ყადაღა (საკადასტრო კოდები: N---------------------------);

 

გამართლებულ მ--–---- ტ--–----ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: მ--–---- ტ--–----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული - ,,ჰუავეის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, ,,ფლაის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, მოყავისფრო ფერის საფულე, პირადობის მოწმობა, მეტრომანის და გალფის პლასტიკური ბარათები, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მ--–---- ტ--–----ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები „CD“ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე