განაჩენი

სისხლის სამართლის 15.05.2019
საქმის ნომერი
330100118002788656
ინსტანცია
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100118002788656

საქმე №1ბ/707-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

რ-------------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 12 მარტს, მოქალაქეობის არმქონის, ნასამართლევის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების ქ. თ---–--–------------–------------–--------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის განაჩენით რ-------------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 28 ნოემბრის და 02 დეკემბრის ეპიზოდები) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ-------------------ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 28 ნოემბრისა და 2018 წლის 2 დეკემბრის ეპიზოდები).

 

რ-------------------ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. თ---–--–------------–------------–--------------------------ში, რ-------------------მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - მ-----------–-------ას სახის არეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რა დროსაც მ-----------–-------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ.თ---–--–----–--–-----------–------------------------------ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე რ-------------------მა მეუღლეს - მ-----------–-------ას სახის არეში გაარტყა ხელი, რა დროსაც მ-----------–-------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული ქმედებებისათვის რ-------------------ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენას.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, რ-------------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 28 ნოემბრის და 2018 წლის 02 დეკემბრის ეპიზოდები) და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მ-----------–-------ამ საქმის არსებითი განხილვის დროს გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რ-------------------ის მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება მოწმეების - ხ---------------–---–ის და მ-----------–-------ას ჩვენებებით. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რ-------------------ს მ-----------–-------ას მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა რომ არ განეხორციელებინა, დაზარალებული პოლიციის ორგანოში არ გამოცხადდებოდა და არ მიაწოდებდა გამომძიებელს ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ. აპელანტის განმარტებით, ოჯახური ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ დანაშაულთა უმრავლესობა ლატენტური ხასიათისაა და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მსხვერპლისა და მოძალადოს ხილვადობისა და სმენის არეალში ხორციელდება, რაც, სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უჩენს, რომ მსხვერპლის უფლებები ეფექტურად იქნეს დაცული. ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მეტი ყურადღება უნდა მიექცეს თითოეულ მტკიცებულებას, რადგან ასეთ ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირება ამცირებს საზოგადოების და აგრესიის მსხვერპლის ნდობას სამართალმწარმოებელი სისტემის მიმართ. აღნიშნული გარემოების გვერდის ავლით გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო, ნაცვლად იმისა, რომ სასჯელის მიზნების მიღწევას შეუწყოს ხელი, პირიქით, ფართო ასპარეზს უტოვებს მოძალადეებს, რომელთაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ოჯახის წევრებზე ძალადობრივი ქმედებების შედეგად ისედაც მიაღწიეს მსხვერპლთა კონფორმიზმს და ნაცვლად იმისა, რომ შემგუებლური ხასიათის დაზარალებულებს ჰქონდეთ განცდა, რომ მათ მიმართ ძალადობის შემთხვევაში სახელმწიფო შესაბამის, ადეკვატურ კანონისმიერ ბერკეტს აამუშავებს, მათ გაუჩნდებათ სტიმული იმისა, რომ უფრო მეტად დამალონ მათ მიმართ განხორციელებული დანაშულებრივი ქმედებები. აპელანტის განმარტებით, მართალია, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის დამნაშავედ ცნობის შესაძლებლობა, თუმცა აბსოლუტურად არ გამორიცხა ირიბი ჩვენების დასაშვებობის და მისი, როგორც გამამტყუნებელ მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობა. სახელმწიფო ბრალმდებლის აზრით, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არსებობს. ამდენად, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოიკვეთა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ რ-------------------ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი დაუსაბუთებელია.

 

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე გამართლებულ რ-------------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ------------ემ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სააპელაციო პალატას რ-------------------ის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობის ორი ეპიზოდის განხორციელებაში. კერძოდ:

 

რ-------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეყრდნობოდა ისეთ პირდაპირ მტკიცებულებას, როგორიცაა დაზარალებულ მ-----------–-------ას გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმს, რომელიც რ-------------------ს ამხელდა მის მიერ ჩადენილ ძალადობაში, თუმცა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ისარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის − რ-------------------ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.

 

აპელანტი განმარტავს, რომ მეუღლის მხრიდან მისთვის მინიჭებული პროცესუალური უფლებით სარგებლობის მიუხედავად, გაზიარების ღირსია დაზარალებულის პოლიციის ორგანოში გამოცხადებისა და გამომძიებლისათვის მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ფაქტები. პალატა მიუთითებს, რომ ასეთი მსჯელობა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და თანხვედრაში არაა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან, რომელიც განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ სტანდარტს და ადგენს მტკიცებულებათა გაზიარების წესს. დაზარალებულის მიერ გამომძიებლისათვის ნებისმიერი ფორმით მიწოდებული ინფორმაციის გაზიარება მხოლოდ სასამართლოში გადამოწმების შედეგადაა შესაძლებელი, რაც ვერ განხორციელდა დაზარალებულის მხირდან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო. ამავე უფლებით ისარგებლა მოწმე ვ------------------მა და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე მისი ახლო ნათესავის - შვილის წინააღმდეგ.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საქმეში არსებობს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა ანალიზის საფუძველზე სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ რ-------------------მა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული, კერძოდ, აპელანტი მოიხმობს მოწმეების - ხ---------------–---–ის და მ-----------–-------ას ჩვენებებს, როგორც რ-------------------ის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. მოწმე ხ---------------–---–ი თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს, დაურეკა დამ - მ-----------–-------ამ და სთხოვა მასთან მისულიყო. ადგილზე მისვლისას გაარკვია, რომ ცოლ-ქმარს შორის მომხდარა კონფლიქტი, კერძოდ, დამ - მ-----------–-------ამ უთხრა, რომ რ-------------------მა სცემა. ამასთან, მ-----------–-------ას სახეზე სიწითლე აღენიშნებოდა, თუმცა აღნიშნული გამოწვეული იყო ხელის დარტყმით თუ ტირილის შედეგად, ამის თქმა არ შეუძლია. ასევე, მისთვის მ-----------–-------ასაგან არის ცნობილი, რომ 2018 წლის 2 დეკემბერს, დედამისის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმის გამო, რომ მ-----------–-------ას უარი უთქვამს შერიგებაზე, რ-------------------ს ხელი გაურტყამს მისთვის სახის არეში. მოწმე მ-----------–-------ას ჩვენებით კი დასტურდება, რომ მისთვის შვილისაგან - მ-----------–-------ასაგან არის ცნობილი, რომ მას 2018 წლის 28 ნოემბერს, ეჭვიანობის ნიადაგზე სცემა მეუღლემ რ-------------------მა და 2018 წლის 2 დეკემბერსაც, მათი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სახეში გაარტყა ხელი. მოწმის განმარტებით, იგი პირადად არ შესწრებია ზემოაღნიშნული ძალადობის არც ერთ ფაქტს და არც რაიმე სახის დაზიანება შეუნიშნავს შვილისთვის.

 

პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული პირები არ არიან ფაქტის შემსწრე თვითმხილველები და გადმოსცემენ მხოლოდ სხვისგან, თუნდაც პირველწყაროსგან მიწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად, ისინი თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს და (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

ბრალდების მხარე მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მსჯელობს იმ გამონაკლის შემთხვევებზე, როდესაც ირიბი ჩვენება შესაძლებელია გახდეს პირის მსჯავრდების საფუძველი და რ-------------------ის შემთხვევა, სწორედ ასეთ გამონაკლისად მიაჩნია. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრლადებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ – მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ გვაქვს დაზარალებულის დაშინების შემთხვევა, რამაც განაპირობა მის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ასეთი ფაქტი არ დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან და არც ბრალდების მხარეს წარმოუდგენია აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი რაიმე არგუმენტი. სახეზე არ გვაქვს არც ისეთი შემთხვევა, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. დაზარალებულის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლების გამოყენებას, რაც რაიმე სახის დამატებითი შეფასების აუცილებლობას არ საჭიროებს, ხოლო ასეთი პირის მიერ სხვისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ირიბ ხასიათს სძენს. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მხოლოდ ასეთი მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების საფუძველზე რ-------------------ის მიმართ დაადგინოს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

აპელანტი ასევე საუბრობს, დასახელებული ორი მოწმის ჩვენებებში ეჭვის შეტანის უსაფუძვლობაზე. პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს მოწმეების - ხ---------------–---–ისა და მ-----------–-------ას ჩვენებების სარწმუნოობა. მათი ჩვენებები, თავისი შინაარსით, ირიბი ხასიათისაა, რაც სამართლებრივად გამორიცხავს მხოლოდ მათზე დაყრდნობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. ისინი არ არის გამყარებული საქმეზე წარმოდგენილი ერთი პირდაპირი მტკიცებულებითაც კი, რის გამოც სახეზე არ გვაქვს მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ რ-------------------მა განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის მიმართ. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია რ-------------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა რ-------------------ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება რ-------------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს _ ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი რ-------------------ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

რ-------------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 28 ნოემბრის და 02 დეკემბრის ეპიზოდები) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

რ-------------------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე