განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.05.2019
საქმის ნომერი
190310018002787282
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №190310018002787282

საქმე N3ბ/994-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

29 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - უ---------------–-–---–-;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ--–------- მ--------ა;

წარმომადგენელი - ნ----ი ტ------ე;

 

მესამე პირები (ა.ს.კ 16.2) - რ---–-- მ--------ი, ა-–---- მ--------ა, ა---- გ------ა, ე–--- მ--------ი;

წარმომადგენელი - ნ----ი ტ------ე;

 

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური;

წარმომადგენელი - უ---------------–-–---–-;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალურ - სამართლებრივი აქტის გამოცემა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №8-------------- (11.10.2018) და №--------------- (18.10.2018) გადაწყვეტილებები;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ნოემბრის №------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება;

 

1.3. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც განხორციელდება ბ--–------- მ--------ას სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონშესაბამისია, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. მესამე პირების პოზიცია

 

3.1. მესამე პირების რ---–-- მ--------ის, ა-–---- მ--------ას, ა---- გ------ას, ე–--- მ--------ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ბ--–------- მ--------ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალური რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №8-------------- და 2018 წლის 18 ოქტომბრის №--------------- და 2018 წლის 22 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №------ გადაწყვეტილებები და დაევალა მოპასუხე მხარეს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად იმსჯელოს მოსარჩელე ბ--–------- მ--------ას (საქართელოს მოქალაქის) საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის, ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის, "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის, სასოფლო - სამურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით და გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესლიდან ერთი თვის ვადაში.

 

4.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.2.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 16 სექტემბრის №------------ სარეგისტრაციო განცხადებით, ბ--–------- მ--------ამ მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქ----–--ში მდებარე 2300.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე.

 

მითითებული სარეგისტრაციო განაცხადის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოთხოვილი იქნა შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს ეროვნული არქივიდან. 2016 წლის 13 ნოემბრის N------ მიმართვით „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გადაგზავნილ იქნა ბ--–------- მ--------ას მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით (ტომი I, ს.ფ 241-247, 248, 249-250, 253).

 

4.2.2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N----- ოქმით დგინდება, სოფელ ქ----–--ში მდებარე მიწის ნაკვეთის დოკუმენტაციის (წარმოდგენილი ბ--–------- მ--------ას მიერ) და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვითი ნახაზის იდენტურობა (ტომი I, ს.ფ 255-257).

 

4.2.3. დადგენილია, რომ მოსარჩელე ბ--–------- მ--------ას მიერ, 2017 წლის 28 მარტის №------------ სარეგისტრაციო განაცხადით, მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ----–--ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მითითებული სარეგისტრაციო განაცხადის ფარგლებში, 2017 წლის 02 მაისს №--------- მიმართვით განცხადება გადაიგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენ ქვემო ქართლის კომისიას, რომელმაც ვერ დაადგინა მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტის დაინტერესებული პირისადმი კუთვნილების ფაქტი. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებულ იქნა №--------------- (02.08.2017) გადაწყვეტილება, რომლითაც შეჩერდა საქმის წარმოება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების წარდგინების მიზნით. 2017 წლის 08 სექტემბრის №--------------- გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა (ტომი I, ს.ფ 203-218, 231, 232-240, 24, 23).

 

4.2.4. №------------ სარეგისტრაციო განცხადებით მოსარჩელე ბ--–------- მ--------ამ კვლავ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, რაზედაც რეესტრის მიერ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნა 2018 წლის 27 მარტს №--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (ტომი I, ს.ფ 21-22).

 

4.2.5. 2018 წლის 5 ოქტომბრის №------------ სარეგისტრაციო განცხადებით, ბ--–------- მ--------ას წარმომადგენელმა ნ----ი ტ------ემ მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქ----–--ში მდებარე უძრავ ნივთზე. ამავე სარეგისტრაციო განაცხადზე მითითებულია, რომ დამატებითი დოკუმენტაცია ინახებოდა №------------, №------------ და №------------ სარეგისტრაციო განცხადებებზე (ს.ფ ტომი I, 154-172).

 

4.2.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №8-------------- (11.10.2017) გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ განცხადებით მოთხოვნილია სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო ბ--–------- მ--------ას კომლის წევრები (რ---–-- მ--------ი, ა-–---- მ--------ა, ა---- გ------ა, ე–--- მ--------ი) წარმოადგენენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს (ტომი I, ს.ფ 173-174).

 

4.2.7. 2018 წლის 12 ოქტომბერს ბ--–------- მ--------ას წარმომადგენლის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა განცხადება, იმ კომლის წევრზე რეგისტრაციის მოთხოვნით, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, ხოლო დანარჩენი მოქალაქეების ნაწილში მოთხოვნილი იქნა - ,,თანამესაკუთრის“ დაფიქსირება (ტომი I, ს.ფ 177-179).

 

4.2.8. 2018 წლის 18 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულია №8-------------- (11.10.2017) გადაწყვეტილების ანალოგიური, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №--------------- გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ 180-181).

 

4.2.9. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 ოქტომბრის №--------- ადმინისტრაციული საჩივრით, მოსარჩელე ბ--–------- მ--------ას წარმომადგენლის მიერ გასაჩივრდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №8-------------- და №--------------- გადაწყვეტილებები ნაწილობრივ, კერძოდ ბ--–------- მ--------ას მოთხოვნის ნაწილში და მოთხოვნილ იქნა მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში (ტომი I, ს.ფ 259-261).

 

4.2.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ნოემბრის N------ გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ბ--–------- მ--------ას წარმომადგენელს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ტომი I, ს.ფ 264-268).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნ----ად შეაფასა:

 

5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე ბ--–------- მ--------ას მიერ მოთხოვნილ, საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს საარქივო ცნობა, საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 20 აპრილის N-------- საარქივო ცნობაში ასახულია საქართველოს მოქალაქე ბ--–------- მ--------ას კომლის შემადგენლობის (სხვა კომლში წევრად არსებობის) და მასზე რიცხული ქონების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია. საქმეში მოიპოვება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N----- ოქმი, რომლითაც დგინდება, სოფელ ქ----–--ში მდებარე მიწის ნაკვეთის დოკუმენტაციის (წარმოდგენილი ბ--–------- მ--------ას მიერ) და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვითი ნახაზის იდენტურობა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელე ბ--–------- მ--------ა არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად კი საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების უფლების შინაარსის განმარტებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარეს არ უმსჯელია და შეუსწავლია საკითხი ზემოაღნიშნულ გარემოებებთან მიმართებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, სადავო აქტების მიღებისას დარღვეულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები და მიიჩნია, რომ სახეზეა მისი ბათილობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითი გარემოებები და განმარტა, რომ აღნიშნულს ცხადყოფს ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მოპასუხე მხარეს ადმინისტრაციული საქმის წარმოების ეტაპზე არც კი უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ბ--–------- მ--------ა არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეების მიმართ არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვა საკუთრების უფლებასთან მიმართებით, გარდა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში არსებული რეგულაციისა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მიიჩნია, რომ დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, ასევე სასამართლომ აღნიშნა, რომ ასეთ დროს მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება.

 

6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

6.1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების შედეგს, აპელირებს „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლზე, „სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონზე, მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებეზე და დადგენილად მიიჩნვს, რომ მიწის ნაკვეთი გადაცემულია კომლისთვის, ამასთან კომლის წევრები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. აპელანტის განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვერ გაარკვევს მიწის საერთო ფართობიდან კონკრეტულად რა ნაწილი ეკუთვნის კომლის საქართველოს მოქალაქე წევრს. ხოლო, კომლის უცხოელ წევრებს კონსტიტუციით შეზღუდული აქვთ საკუთრების უფლების მოპოვება, ასეთ დროს კი აპელანტის განმარტებით, მათი წარმოებაში მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დანაწესი, რომლის თანახმადაც, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით.

 

წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან ორგანული კანონის მიღებამდე არ არის დადგენილი შესაბამისი გამონაკლისები, ამ პირობებში მარეგისტრირებელი ორგანოსთვის მითითება საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის თაობაზე, დაუსაბუთებელია. მისივე განმარტებით, მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის ბ--–------- მ--------ას სახელზე დარეგისტრირების შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერში მასთან ერთად უნდა გაკეთდეს ჩანაწერი თანამესაკუთრის შესახებ, რაც წინააღმდეგობაში აღმოჩნდება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან და კანონში შესული ცვლილებების დათქმასთან, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში თანამესაკუთრეები უცხო ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის ცხადი იყო ყველა ფაქტობრივი გარემოება და მისთვის არსებითი გადაწყვეტილების მიღებისთვის ხელშემშლელი გარემოება არ ყოფილა. აპელანტი უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე აპელირებით, დაუშვებლად მიიჩნევს ასეთ პირობებში საქმის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით უკან, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაბრუნებას.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

7.2. პირველყოვლისა პალატა განმარტავს, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ხოლო მოსარჩელის მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. პალატა მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

7.2.1. სააპელაციო პალატა განსახილველ საქმეზე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას შედეგობრივი თვალსაზრისით, თუმცა არ იზიარებს სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ მსჯელობას და მის საფუძველზე საკითხის გადაწყვეტას. მოცემულ შემთხვევაში, პალატა სამოტივაციო ნაწილის შეცვლით იღებს არსებითად ახალ გადაწყვეტილებას, რომელიც შედეგობრივი თავლსაზრისით ემთხვევა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

7.2.2. პალატა მიუთითებს, რომ დავის საგანს წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2018 წლის 11 ოქტომბრის №8-------------- და 2018 წლის 18 ოქტომბრის №---------------, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 22 ნოემბრის №------ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება.

 

განსახილველ შემთხვევში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 ოქტომბრის №8-------------- გადაწყვეტილებით, შეჩერდა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე. კერძოდ იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებული პირის - ბ--–------- მ--------ას კომლის წევრები რ---–-- მ--------ი, ა-–---- მ--------ა, ა---- გ------ა, ე–--- მ--------ი წარმოადგენენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

 

ასევე სადავოდ გამხდარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილებით, მიუხედავად წარდგენილი განცხადებისა, რომლითაც წარმომადგენელი ითხოვდა კომლის საქართველოს მოქალაქე წევრზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ხოლო დანარჩენი უცხო ქვეყნის მოქალაქეების თანამესაკუთრეებად მითითებას - შეჩერდა სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე. კერძოდ იმ საფუძვლით, რომ დაინტერესებული პირის ბ--–------- მ--------ას კომლის წევრები რ---–-- მ--------ი, ა-–---- მ--------ა, ა---- გ------ა, ე–--- მ--------ი წარმოადგენენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

 

7.2.3. პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტზე, სადაც ცალსახად დაფიქსირებულია, რომ რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ პუნქტი განმარტავს სარეგისტრაციო დოკუმენტის ცნებას. კერძოდ, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამდენად, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის მიზნებისათვის, დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ადმინისტრაციული აქტი, უფლებამოსილი ორგანოს/პირის მიერ გაცემული ცნობა, სასამართლოს გადაწყვეტილება და სხვა), რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს ცვლილების რეგისტრაციას.

 

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით ასევე დადგენილია, რომ მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის)ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოქალაქე ბ--–------- მ--------ას მიერ მოთხოვნილ, საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს საარქივო ცნობა, სადაც ასახულია კომლის შემადგენლობის და მასზე რიცხული ქონების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 20 აპრილის N-------- საარქივო ცნობაში მითითებულია მონაცემები საქართველოს მოქალაქე ბ--–------- მ--------ას კომლის შემადგენლობის (სხვა კომლში წევრად არსებობის) და შესაბამისი ინფორმაცია მასზე რიცხული ქონების შესახებ. საქმეში ასევე წარმოდგენილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების N----- ოქმი, რომლითაც დგინდება, სოფელ ქ----–--ში მდებარე მიწის ნაკვეთის დოკუმენტაციის (წარმოდგენილი ბ--–------- მ--------ას მიერ) და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვითი ნახაზის იდენტურობა.

 

პალატა ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველის პუნქტის ,,ი" ქვეპუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ მართლზომიერი მფლობელი არის ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა.

 

7.2.4. პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული. ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

პალატა განმარტავს, რომ სამართლებრივი წესწყობილების მიზანია უზრუნველყოს საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და თითოეული ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა. საკუთრება სხვა არაფერია, გარდა პირის საგნებთან დაკავშირებული თავისუფლებისა. საქართველოს კონსტიტუცია იცავს ადამიანის თავისუფლებას და საკუთრებას, მათ შორის კერძო საკუთრებას, როგორც ადამიანის ძირითად უფლებას. კონსტიტუციის გაგებით, საკუთრება არის არა მხოლოდ საკუთრება კერძოსამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ ყველა ქონებრივი უფლება.

 

საკუთრების ცნების შინაარსი სწორედ პოზიტიური (თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით(ნივთით)) და ნეგატიური უფლებამოსილებებით განისაზღვრება (არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლბა). ამდენად, საკუთრების უფლების შინაარსი განისაზღვრება პოზიტიური და ნეგატიური უფლებამოსილებებით.

 

პალატა აქვე განმარტავს, რომ მოძრავი ან უძრავი ნივთი შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე პირის საერთო საკუთრება. თანასაკუთრება არის სამოქალაქო კოდექსით აღიარებული ერთადერთი შესაძლებლობა, დაყოფილ იქნეს საკუთრების განკარგვის უფლებამოსილება ერთ ნივთზე. თანაზიარი საკუთრება არსებობს მაშინ, როცა თითეული თანამესაკუთრის წილი საერთო ქონებაშია იდეალური წილის სახით და, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ივარაუდება, რომ თითოეულ მესაკუთრეს ეკუთვნის თანაბარი წილი.

 

მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ მიწის ნაკვეთი გადაეცა კომლს, ამასთან კომლის ოთხი წევრი არის უცხო ქვეყნის მოქალქე. კერძოდ საქმის მასალებით დგინდება, რომ ბ--–------- მ--------ას კომლის წევრები არიან: რ---–-- მ--------ი, ა-–---- მ--------ა, ა---- გ------ა, ე–--- მ--------ი. ასევე ცალსახაა, რომ საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობა წარმოადგენს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

 

7.2.5. პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს „სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულის) საკუთრების უფლება აქვთ უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

 

„სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (დოკუმენტის ნომერი: 1049-IIს, გამოქვეყნების თარიღი: 22.06.2017) თანახმად, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე შეჩერდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება. კანონში შესული ცვლილების შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება შეეზღუდათ: უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

 

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა ვერ დაეთანხმება და ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განვითრებულ იმ მსჯელობას, რომ ვინაიდან ბ--–------- მ--------ა არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეების მიმართ არ არსებობს რაიმე სახის შეზღუდვა საკუთრების უფლებასთან მიმართებით, გარდა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში არსებული რეგულაციისა, მოპასუხის მიერ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითი გარემოებები და ადმინისტრაციული საქმის წარმოების ეტაპზე მოპასუხე მხარეს არც კი უმსჯელია აღნიშნულ გარემოებაზე.

 

მართალია სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ბ--–------- მ--------ა არის საქართველოს მოქალაქე, თუმცა პალატის მოსაზრებით ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყოს შესაძლელობას დაედგინა მიწის საერთო ფართობიდან კონკრეტულად რა ნაწილი ეკუთვნის კომლის საქართველოს მოქალაქე წევრს, ხოლო ცალსახაა, რომ კომლის უცხოელ წევრებს კონსტიტუციით შეეზღუდათ საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობა. მათი ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის გარეშე კი პალატა შეუძლებლად მიიჩნევს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

7.2.6. პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 184-ე მუხლზე, რომლის თანახმად უძრავ ნივთზე საკუთრების ან სხვა უფლების მისატოვებლად აუცილებელია უფლებამოსილი პირის განცხადება ამ უფლების მიტოვების შესახებ, და ამ განცხადების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. განცხადება უნდა ჩაჰბარდეს რეესტრის სამსახურს. მხოლოდ ამის შემდეგ იძენს უფლების მიტოვების განცხადება სავალდებულო ძალას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობისაგან განსხვავებით პალატა მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში უნდა შესთავაზოს და ასეთის არსებობის შემთხვევაში მოიპოვოს კომლის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე წევრების (თანამესაკუთრედ მისათითებელი პირების) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დათმობის თაობაზე, რადგან საქართველოს კანონმდებლობით და დღეს მოქმედი რეგულაციით ცალსახად შეზღუდულია უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება. აღნიშნული გარემოება კი (უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების შეზღუდვა) ასევე ხელიშემშლელ გარემოებას წარმოადგენს კომლის საქართველოს მოქალაქე წევრის - ბ--–------- მ--------ას მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სწორედ ზემოთმითითებული თანხმობის/თანხმობების არსებობის შემთხვევაში უნდა იმსჯელოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს მოქალაქე ბ--–------- მ--------ას კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. თუმცა, ამგვარი თანხმობების მოუძიებლობის შემთხვევაშიც უნდა იმსჯელოს ადმინისტრაციულმა ორგანომ რეგისტრაციის თაობაზე და აქვე უნდა შეაფასოს, თუ ზემოაღნიშნული კონსტიტუციური აკრძალვა მოქმედებს სამომავლო უფლების დამდგენი დოკუმენტების მიმართ, თუ ნებისმიერ ამგვარი დოკუმენტის, მათ შორის წარსულში გაცემული, მაგალითად მიღება-ჩაბარების აქტების მიმართ და აღნიშნულის გამოკვლევა/შეფასების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება.

 

ამდენად, პალატა იზიარებს აპელანტის ის მოსაზრება, რომ იმ მოცემულობაში და არსებული მტკიცებულებების პირობებში, როდესაც არ არის მიღებული ორგანული კანონი და შესაბამისად არ არის დადგენილი გამონაკლისები, უსაფუძვლოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სამოტივაციო ნაწილში განვითარებული მსჯელობა და მითითება საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის თაობაზე.

 

პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14)).

 

პალატა მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 ოქტომბრის №8-------------- (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) და 2018 წლის 18 ოქტომბრის №--------------- (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) გადაწყვეტილებები როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს საკუთრებასთან დაკავშირებით.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს მხარის მიერ სადავოდ გამხდარ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ნოემბრის №------ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ბ--–------- მ--------ას ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი და მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, აღნიშნულის ფარგლებში კი მოწმდება როგორც აქტის კანონიერება, ასევე მიზანშეწონილობა განსხვავებით სასარჩელო წარმოებით საკითხის გადაწყვეტისა, სადაც სასამართლო მხოლოდ აქტის კანონიერებას აფასებს.

 

პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 ოქტომბრის №8-------------- (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) და 2018 წლის 18 ოქტომბრის №--------------- (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) გადაწყვეტილებები, ბათილად უნდა იქნეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ნოემბრის №------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი უნდა დამაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 ოქტომბრის №8-------------- გადაწყვეტილება (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ), 2018 წლის 18 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილება (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ნოემბრის №------ გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს, საქმის გარემობების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი აქტის გამოცემა.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2-ე მუხლის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება ბ--–------- მ--------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს.

 

აპელანტის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 32-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. ბ--–------- მ--------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 11 ოქტომბრის №8-------------- გადაწყვეტილება (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ), 2018 წლის 18 ოქტომბრის №--------------- გადაწყვეტილება (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 22 ნოემბრის №------ გადაწყვეტილება (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს, საქმის გარემობების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი აქტის გამოცემა.

 

5. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით, დაეკისროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბ--–------- მ--------ას სასარგებლოდ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -