განაჩენი

სისხლის სამართლის 30.05.2019
საქმის ნომერი
330100119002878730
ინსტანცია
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100119002878730, №1/ბ-805-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული - გე-–---------ა, დაბადებული 199--–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.ფ--------------–--–---–------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თ---–--------------------------.

 

კვალიფიკაცია:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილი (თვითნებობა, ე.ი. თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით).

 

განაჩენის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით).

 

სასჯელი:

 

1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გუ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და გე-–---------ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გე-–---------ას გამართლების ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია, რომ გე-–---------ამ იპოვა რა და---- ხა--–--–--ის კუთვნილი საფულე მასში მოთავსებული თანხით და ნივთებით, აღნიშნული დაიგულა თავისად და თვითნებურად განკარგა. შესაბამისად გე-–---------ას მიერ საფულიდან ფულის აღების ნაწილში სახეზეა თვითნებობა, ხოლო პლასტიკური ბარათიდან ფულადი თანხის დაუფლების ნაწილში კი ქურდობა;

▪ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი წინააღმდეგობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან, სადაც მითითებულია, რომ ,,ერთი მხრივ, გ. ნ-ს ნაპოვარ ნივთზე წარმოეშვა უფლება, მაგრამ მეორე მხრივ, მას ნივთის პოვნისთანავე დაეკისრა ვალდებულება, ემოქმედა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს, რომ დაკარგული ნივთის მპოვნელმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის შესახებ ნივთის დამკარგავს, მესაკუთრეს, უფლებამოსილ პირს, ან, თუ მათი ვინაობა უცნობია, პოლიციას ან სხვა ადგილობრივ ორგანოს და გადასცეს ეს ნივთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მპოვნელი იძენს საკუთრებას ნაპოვარზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მისთვის ცნობილი გახდა მესაკუთრე, ან მესაკუთრის უფლება ნივთზე პოლიციაში უკვე გაცხადებული იყო. შესაბამისად, როდესაც დაზარალებულმა მოიკითხა თავისი კუთვნილი თანხა, გ. ნ-ს უნდა განეცხადებინა ნაპოვარი ნივთის არსებობის შესახებ, რაც მას არ გაუკეთებია, ე.ი. მან იმოქმედა კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ და შეუდგა თავისად დაგულებული უფლების განხორციელებას. სწორედ აღნიშნული გარემოება ადასტურებს, მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას“ (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი);

 

დაცვის მხარეს შესაგებელი წარმოდგენილი არ აქვს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გე-–---------ას ბრალი წარედგინა:

- თვითნებობაში, ე.ი. თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებაში, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი;

- ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 13 იანვარს, საღამოს საათებში, გე-–---------ამ ქ.თბილისში, ცო-------------ისა და მი----–-------ას ქუჩების კვეთის მიმდებარედ იპოვა და---- ხა--–--–--ის კუთვნილი საფულე, მასში მოთავსებული თანხით და ნივთებით, რომელიც თავისად დაიგულა და თვითნებურად განკარგა, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა 666 (ექვსასსამოცდაექვსი) ლარის და 36 (ოცდათექვსმეტი) თეთრის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2019 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 14:30 საათზე, გე-–---------ა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა და---- ხა--–--–--ის კუთვნილ „სოლო“ ბარათზე არსებულ თანხას, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა 25 (ოცდახუთი) ლარის ქონებრივი ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია გე-–---------ას ბრალეულობა თვითნებობაში, ე.ი. თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებაში, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არა თვითნებობას, არამედ ქურდობას, რადგან გე-–---------ასთვის ცნობილი იყო, რომ საფულე, მასში მოთავსებული თანხით, ნივთებით და დაზარალებულის კუთვნილი პერსონალური ინფორმაციით, წარმოადგენდა სხვის საკუთრებას, რომელზეც მას არა----არი უფლება არ გააჩნდა. ამასთან, ვინაიდან პირის ბრალდება წარმოადგენდა პროკურორის დისკრეციულ უფლებამოსილებას, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი დაემძიმებინა გე-–---------ასთვის წარდგენილი ბრალდება, რის გამოც გაამართლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გე-–---------ამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია:

 

2019 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 14:30 საათზე, გე-–---------ა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა და---- ხა--–--–--ის კუთვნილ „სოლო“ ბარათზე არსებულ თანხას, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა 25 (ოცდახუთი) ლარის ქონებრივი ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განაჩენით, გე-–---------ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გე-–---------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების ნაწილში. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გე-–---------ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის შესახებ.

 

უნდა აღინიშნოს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები: მოწმეების - და---- ხა--–--–--ის, გო---------–---–ის, რე---------–--–-–---–ის, სა-–--------------ას გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 13 იანვრის დათვალიერების ოქმი, 2019 წლის 15 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, 2019 წლის 15 იანვრის ამოღების ოქმი, 2019 წლის 21 იანვრის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, 2019 წლის 29 იანვრის დათვალიერების ოქმი, სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, პალატა იზიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გე-–---------ას გამართლების თაობაზე.

 

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდების მხარემ გე-–---------ას ბრალდება წარუდგინა ორი მუხლით: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, და---- ხა--–--–--ის საფულის პოვნის და მასში მოთავსებული ნივთების თავისად დაგულების ნაწილში და 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - საფულეში მოთავსებული ბარათიდან თანხის - 25 ლარის დაუფლების ნაწილში.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის N531აპ-17 განაჩენზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ თვითნებობისას, პირი, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, ახორციელებს თავის ნამდვილ ან თავისად დაგულებულ უფლებას. თავისად დაგულებული უფლება ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას უფლება აქვს, ისარგებლოს ან არ ისარგებლოს კონკრეტული უფლებით. თუ პირმა იცის, რომ უფლება, რომელსაც ის ახორციელებს, მას არ ეკუთვნის, თვითნებობის შემადგენლობა გამოირიცხება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის №7აპ-15 განაჩენში მითითებულია, რომ თვითნებობა ობიექტური შემადგენლობის ნიშნებით გარეგნულად ზოგჯერ ძალიან ჰგავს საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემადგენლობას, მაგრამ ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე და თავად მსჯავრდებულის ქცევის, მოტივის მხედველობაში მიღებით დანაშაულის ჩადენამდე და დანაშაულის შემდეგ, უნდა მოხდეს პირის მიერ ჩადენილი ქმედების გამიჯვნა, რასთან გვაქვს საქმე - საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან, თუ - თვითნებობასთან.

 

სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ და---- ხა--–--–--ემ 2019 წლის 13 იანვარს დაკარგა საფულე. საფულეში ფულად თანხასთან ერთად მოთავსებული იყო ნივთები, რაც იძლეოდა მესაკუთრის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ასეთები იყო და---- ხა--–--–--ის სავიზიტო ბარათები, მის სახელზე გაცემული პირადობის, მართვის და ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობები, პლასტიკური ბარათები, რომელთა ნაწილზე მითითებული იყო და---- ხა--–--–--ის სახელი და გვარი. ასევე სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ და---- ხა--–--–--ის საფულე, მასში მოთავსებული ნივთებით, იპოვა გე-–---------ამ.

 

გე-–---------ას ნივთის პოვნისთანავე დაეკისრა ვალდებულება, ემოქმედა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. მას, როგორც ნივთის მპოვნელს, დაუყოვნებლივ უნდა განეცხადებინა დაკარგული ნივთის მესაკუთრისთვის, უფლებამოსილი პირისთვის, ან, თუ მესაკუთრის თუ მფლობელის ვინაობა იქნებოდა უცნობი, პოლიციისთვის ან სხვა ადგილობრივი ორგანოსთვის და გადაეცა ეს ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების გაკეთებიდან მხოლოდ ერთი წლის გასვლის შემდეგ იძენს მპოვნელი საკუთრებას ნაპოვარზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მისთვის ცნობილი გახდა მესაკუთრე, ან მესაკუთრის უფლება ნივთზე პოლიციაში უკვე გაცხადებული იყო.

 

ფაქტია, რომ გე-–---------ას არც საფულის და არც მასში მოთავსებული ნივთების პოვნის შესახებ არ უცნობებია და---- ხა--–--–--ისთვის, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მესაკუთრის ვინაობაც და საკონტაქტო მონაცემებიც მოთავსებული იყო საფულეში.

 

ბრალდების მხარის მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის №358აპ-17 განჩინებაზე არ წარმოადგენს მოცემული საქმის იდენტურს. აღნიშნული განჩინებით, საკასაციო პალატამ დაუშვებლად ცნო ბრალდების და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში განმარტებული იქნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებული არ იყო ის ფაქტი, რომ გ. ნ-ამ დანამდვილებით იცოდა, რომ მის მიერ ნაპოვნ პაკეტში მოთავსებული იყო ნ. ა-ს კუთვნილი თანხა. განსხვავებით გე-–---------ას საქმისგან, სადაც მან დანამდვილებით იცოდა საფულის მესაკუთრის ვინაობაც და საკონტაქტო ინფორმაციაც და მიუხედავად აღნიშნულისა, არც კი უცდია მასთან დაკავშირება და ნივთების დაბრუნება. პირიქით, პირადი საჭიროებისამებრ განკარგა მასში მოთავსებული ფულადი თანხა და დაეუფლა პლასტიკური ბარათიდან 25 ლარს.

 

მხოლოდ ნაპოვნ ნივთზე აპელირებით, ქმედების თვითნებობად დაკვალიფიცირება არ გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის დისპოზიციიდან, ვინაიდან, თავად ქმედება, მასში გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების ხასიათის, ხერხის გათვალისწინებით არ წარმოადგენს თავისად დაგულებულს. გარდა ამისა, პალატისთვის დაუსაბუთებელი დარჩა, თუ რატომ გამიჯნა ერთმანეთისგან ბრალდებამ გე-–---------ას ქმედებები და რატომ იყო განსხვავებული საფულეში მოთავსებული ბარათიდან თანხის დაუფლება საფულეში მოთავსებული ნივთების და თანხის დაუფლებისგან.

 

პალატის მოსაზრებით, ყველა ნაპოვნი ნივთის თვითნებობად დაკვალიფიცირება არასრულფასოვან შედეგამდე და საკითხის ზედაპირულ შეფასებამდე მიგვიყვანდა, რადგან ამ მოცემულობით, მაგალითად, ავტომანქანის პოვნის შემთხვევაში მისი დაუფლება და გასხვისება, თვითნებობის შემადგენლობის ავტომატური წინაპირობა იქნებოდა და უპირობოდ გამორიცხავდა ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებას (ფარულობის შემთხვევაში). ამ თვალსაზრისით ყურადღება სწორედ ქმედების ხასიათს, მასში გამოხატულ მართლსაწინააღმდეგო ნებას და ნაპოვნი ნივთის სახეობას უნდა მიექცეს და არა ზოგადად ნაპოვნი ნივთის დაუფლებას. პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც უდავო მტკიცებულებებად იქნა მიღებული, სახეზეა პირის განზრახვა და ცხადია მას ამოძრავებდა სხვისი ნივთის (საფულის და მასში მოთავსებული ნივთების) მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილის კონკრეტულ ქმედებასთან შესაბამისობის დადგენისას ითვალისწინებს დანაშაულის განხორციელების ყველა კომპონენტს ერთობლიობაში და მიაჩნია, რომ გე-–---------ას მიერ განხორციელებული ქმედება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს თვითნებობად. ამასთან, სწორია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად, გე-–---------ას უნდა წარდგენოდა ბრალდება ერთი მუხლით, ხოლო მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაემძიმებინა ბრალი მისთვის.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.

 

მტკიცებულებების შეფასების და მხარის პოზიციის გაცნობის შემდეგ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გუ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განაჩენი.

 

გე-–---------ა უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გე-–---------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გე-–---------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

● ქ.თბილისი, ხუ---------------------ში მდებარე სასურსათო მაღაზიის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;

● გე-–---------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული 2 ცალი საქართველოს ბანკის ამერიკან ექსპრესის პლასტიკური ბარათი, 2 ცალი საქართველოს ბანკის „სოლო“ ბარათი, 1 ცალი „რომპეტროლის“ ბარათი (შესანახად გადაეცა და---- ხა--–--–--ეს), დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

● გე-–---------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული მარიხუანა, რომელიც ინახება საქართველოს შსს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მეცხრე განყოფილებაში, განადგურდეს;

● გე-–---------ასგან ამოღებული საფულე, 1 ცალი ხატი, და---- ხა--–--–--ის სახელზე გაცემული პირადობის და მართვის მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა, უნი ქარდის, მთაწმინდის პარკის და „ფარმადეპოს“ ბარათები, მაღაზია „ნიკორას“ ბარათი, „vip club“-ის ბარათი, „plus“ ბარათი, „ფრიდას“ ბარათი, „ავერსის“ გათამაშების რვა ცალი ბილეთი, ფურცელი წარწერით „და-----------ა“ (შესანახად გადაეცა და---- ხა--–--–--ეს), დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად მიღებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე