განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001420878
საქმე №2ბ/5162-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი - ჰ---------–--–-----------ი
წარმომადგენლები - ზ--------------–---ი, მ--–--------------
მოწინააღმდეგე მხარე - ლ-------–--ე
წარმომადგენელი - მ----------–---–ი
დავის საგანი (თავდაპირველ სარჩელში) - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში) - უძრავი ქონების იპოთეკისგან გათავისუფლება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.07.2017 წლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.07.2017 წლის გადაწყვეტილებით:
1. ლ-------–--ის სარჩელი მოპასუხეების ი-–-------–---–ის, რ----------–---–ის, ნ---------–---–ისა და ჰ---------–--–-----------ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. ჰ---------–--–-----------ის შეგებებული სარჩელი ლ-------–--ის მიმართ უძრავი ქონების იპოთეკისაგან განთავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
3. მოპასუხეებს ი-–-------–---–ს, რ----------–---–სა და ნ---------–---–ს მოსარჩელე ლ-------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2007 წლის 28 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 10 340 აშშ დოლარის გადახდა.
4. მოპასუხეებს ი-–-------–---–ს, რ----------–---–სა და ნ---------–---–ს მოსარჩელე ლ-------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლოს სახით სესხის ძირითადი თანხის 10 340 აშშ დოლარის 0,01%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2008 წლის 28 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
5. 2007 წლის 28 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის გადახდევინება მოხდეს ჰ---------–--–-----------ის სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებების რეალიზაციით, ქონების მახასიათებლებია: ა) ქალაქი თბ--–--------------------–---–-----------------------------------–-----------------–---------, ფართი: 114.90 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01---------------------; ბ) ქალაქი თ---–--------------------–---–-----------------------------------–-----------------–---------, ფართი: 43,90 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01----------------------
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2007 წლის 28 დეკემბერს ლ-------–--ესა და ზ-------------–-ას, როგორც ც---------------–---–ის წარმომადგენელს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამსესხებელმა ლ-------–--ემ მსესხებელ ც---------------–---–ს, ,,მესაკუთრე“, გადასცა სესხის სახით 11 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით გამსესხებლის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ც---------------–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქალაქი თ---–----------------------------------- მიმდებარე ტერიტორია, სართული 3, ბინა N-- ბლოკი ,,ა“, ფართი: 158,80 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0----------------------;; სესხის სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის 3%-ს. სესხის დაბრუნების ვადად, განისაზღვრა 2008 წლის 28 მარტი. უდავოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მსესხებელს ნაკისრი ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-16);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 17);
2007 წლის 28 დეკემბერს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება დაიყო ორი ცალკე უფლების ობიექტად ინდივიდუალური საკადასტრო კოდებით და დღეის მდგომარეობით, იპოთეკის საგანი, მდებარე - ა) ქალაქი თ---–--------------------–---–-, N-------------------------------–--------------------–-------------------------------------–-- (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01---------------------; ბ) ქალაქი თ---–--------------------–---–-----------------------------------–-----------------–---------, ფართი: 43,90 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01--------------------- - საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ჰ---------–--–-----------ის სახელზე;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18-22);
2010 წლის 28 სექტემბერს გარდაიცვალა ც---------------–---–ი და 2011 წლის 12 სექტემბერს ი-–-------–---–ის და ნ---------–---–ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, გარდაცვლილი ც---------------–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე.
2011 წლის 12 სექტემბრის სანოტარო აქტის თანახმად, სამკვიდრო მემკვიდრეება მიიღეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობითა და მართვით, აგრეთვე სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანით. 2010 წლის 05 ოქტომბერს ნოტარიუს ე---------------–--ეს განცხადებით მიმართა ნ---------–---–მა და მოითხოვა გარდაცვლილი ც---------------–---–ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. რაც შეეხება რ----------–---–სა და ი-–-------–---–ს მათ 2010 წლის 01 ნოემბერს მიმართეს ნოტარიუსს გარდაცვლილი ც---------------–---–ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. სამკვიდრო ქონებაში შევიდა სამი უძრავი უძრავი ქონება, რომლის ღირებულება მემკვიდრის განცხადებით შეადგენდა 190 000 ლარს;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 26-28);
ლ-------–--ემ, ხანდაზმულობის ვადის დაცვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, წარადგინა საარბიტრაჟო პრეტენზია ც---------------–---–ის მიმართ და მოითხოვა 2007 წლის 28 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 11 000 აშშ დოლარის დაკისრება. 2009 წლის 10 აგვისტოს საარბიტრაჟო დადგენილებით (საქმე №09/1-41) შეჩერდა პრეტენდენტის ლ-------–--ის საარბიტრაჟო პრეტენზიის განხილვა საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოში სისხლის სამართლის N092090190საქმეზე გამოძიების დასრულებამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- არბიტრაჟის დადგენილება (ს.ფ. 23).
შ-----------------–------ი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ლ--–-------------ს 2012 წლის 19 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე შეწყდა შ-----------------–------ი“-ს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის ფუნქციონირება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- არბიტრაჟის განკარგულება (ს.ფ. 154).
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 316.1 მუხლით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.1 მუხლით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
ამავე კოდექსის 130-ე მუხლით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მხარეთა შორის 28.12.2007 წელს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირის - 11 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე 11 000 აშშ დოლარის 0,3%-ის მოპასუხისათვის დაკისრება.
უდავოა, რომ სესხისა და იპოთეკის წერილობითი ხელშეკრულებით სესხი გაიცა 3 თვის ვადით 28.03.2008 წლამდე. ამავე ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ,,მხარეები ასევე უფლებამოსილნი არიან გააგრძელონ სესხის დაბრუნების ვადა. ვადის გაგრძელება უნდა მოხდეს წერილობითი შეთანხმებით, რომელიც საჭიროებს სანოტარო წესით დადასტურებას“. ასევე, უდავოა, რომ მხარეებს სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელების შესახებ წერილობითი დოკუმენტი არ შეუდგენიათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59.1 მუხლით ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69.2 მუხლით გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით.
სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დადებული იყო წერილობითი ფორმით, მისი ვადის ამოწურვის შემდეგ, მისი ვადის გასაგრძელებლად მხარეებს, ასევე, უნდა დაედოთ წერილობითი შეთანხმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ, რაც მხარეებს არ განუხორციელებიათ. შესაბამისად, მხარეთა ზეპირ შეთანხმებას იურიდიული მნიშვნელობის შედეგი ვერ მოჰყვება, რადგან ვადის გაგრძელება უნდა მომხდარიყო წერილობითი შეთანხმებით და საჭიროებდა სანოტარო წესით დადასტურებას. სასამართლომ მიაჩნია, რომ მოსარჩელეს სესხის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის უფლება მსესხებლისაგან წარმოეშვა 28.03.2008 წლიდან, შესაბამისად მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იწურებოდა 28.03.2011 წელს. იმ შემთხვევაშიც თუ 2008 წლის 28 მარტიდან 2008 წლის აგვისტომდე ც---------------–---–ის მიერ გადახდილი იქნა თანხა 1650 აშშ დოლარის ოდენობით, ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა იწურებოდა 2011 წლის 28აგვისტოს.
უდავოდ დადგენილია, რომ ლ-------–--ემ, ხანდაზმულობის ვადის დაცვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, წარადგინა საარბიტრაჟო პრეტენზია ც---------------–---–ის მიმართ და მოითხოვა 2007 წლის 28 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 11 000 აშშ დოლარის დაკისრება. 2009 წლის 10 აგვისტოს საარბიტრაჟო დადგენილებით (საქმე №09/1-41) შეჩერდა პრეტენდენტის ლ-------–--ის საარბიტრაჟო პრეტენზიის განხილვა საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოში სისხლის სამართლის N092090190საქმეზე გამოძიების დასრულებამდე.
ასევე დადგენილია, რომ შ-----------------–------ი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ლ--–-------------ს 2012წლის 19დეკემბრის განკარგულების საფუძველზე შეწყდა შ-----------------–------ი“-ს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის ფუნქციონირება.
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) ლ-------–--ემ მიუთითა, რომ 2007 წლის 28 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავის წარმოშობის შემთხვევაში მიმართავდნენ კერძო არბიტრაჟს. სარჩელის შეტანის დღიდან შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა. საარბიტრაჟო საქმის წარმოება შეჩერდა მოპასუხე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ მიმდინარეობდა გამოძიება ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში, ანუ დავის დასრულება ვერ მოხერხდა ც---------------–---–ის შუამდგომლობის საფუძველზე წარმოების შეჩერების გამო. წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრამდე, შ----------–----------------------------------–-ა“ შეაჩერა საქმიანობა. იმ დღიდან როცა ლ------–--ისათვის ცნობილი გახდა არბიტრაჟის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, ლ------–--ემ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ლ-------–--ე თვლის, რომ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილია 2 საფუძვლით სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის გათვალისწინებით ც---------------–---–ის მიერ 3 თვის პროცენტის გადახდით (მოთხოვნის აღიარებით) და სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელის შეტანით.
სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე ლ-------–--ის აღნიშნულ მტკიცება და მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.
სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად, ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს. თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ლ-------–--ემ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა, რაც თავის მხრივ გამორიცხავს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარდგენის ვალდებულებას. ამასთან, სასამართლო არ დაეთანხმა მოპასუხეთა განმარტებას სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა ათვლის საფუძველთან დაკავშირებით, რის თაობაზეც სასამართლოს დასკვნა მოცემულია გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 5.2.2. პუნქტში.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა განმარტება, რომ შ-----------------–------ი“-ს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის ფუნქციონირების შეწვეტის დრო 2012 წლის 19 დეკემბერი, წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა ათვლის თარიღს. სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ანდაცვა. კანონის ნორმა, ხანდაზმულობის ვადის დენას პირის სუბიექტურ ფაქტორს უკავშირებს, როცა პირი აცნობიერებს მისი უფლების დარღვევას, ან გონიერი ადამიანისათვის დამახასიათებელი წინდახედულობის გათვალისწინებით უნდა გამოიკვლიოს და შეიტყოს უფლების დარღვევის თაობაზე. ყურადღება უნდა მიექცეს ორ ელემენტს, რომლებსაც უკავშირდება მოთხოვნის წარმოშობის დრო: პირმა შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ და/ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. პირველ შემთხვევაში, არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე, ხოლო, მეორე შემთხვევაში, არ არსებობს ის ფაქტები, რომლებიც პირდაპირ უთითებს მისი უფლების დარღვევის შესახებ ცოდნაზე, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, მაგრამ, თავისი დაუდევრობის გამო ვერ შეიტყო.
როგორც აღინიშნა, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. ხოლო, ამავე კოდექსის, 139-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მხარეთა შეთანხმების შედეგად ან შემდგომი გაგრძელების შეუძლებლობის გამო პროცესი შეწყდება, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდება მხარეთა ან სასამართლოს ბოლო საპროცესო მოქმედების დამთავრებასთან ერთად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.
სსკ-ის 139-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, შ-----------------–------ი“-ს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟისათვის მიმართვის შედეგად მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეწყდა, თუმცა ვინაიდან საარბიტრაჟო პროცესის გაგრძელება შეუძლებელი გახდა, რაც დგინდება საქმეში წარმოდგენილი ცნობით (ს.ფ. 24), მოსარჩელე მხარეს აქვს მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა.
სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეს საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
დადგენილია, რომ ლ-------–--ემ, ხანდაზმულობის ვადის დაცვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, წარადგინა საარბიტრაჟო პრეტენზია ც---------------–---–ის მიმართ.
2009 წლის 10 აგვისტოს საარბიტრაჟო დადგენილებით (საქმე №09/1-41) შეჩერდა პრედენტენტის ლ-------–--ის საარბიტრაჟო პრეტენზიის განხილვა გამოძიების დასრულებამდე. ასევე დადგენილია, რომ შ-----------------–------ი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ლ--–-------------ს 2012წლის 19დეკემბრის განკარგულების საფუძველზე შეწყდა შ-----------------–------ი“-ს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის ფუნქციონირება. საქმეში წარმოდგენილია შ-----------------–------ი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ლ--–-------------ს წერილი, რომლის შინაარსიდან ირკვევა, რომ ლ-------–--ეს 14.12.2015 წლის განცხადების საფუძველზე უარი ეთქვა საქმის დამთავრებაზე, რადგან არბიტრაჟი აღარ ფუნქციონირებდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო, იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის ფაქტები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს, მაშასადამე მან არამარტო უნდა გამოთქვას საპირისპირო მოსაზრება კონკრეტულ მტკიცებულებასა და ფაქტთან დაკავშირებით, არამედ უნდა დაასაბუთოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ-------–--ემ არბიტრაჟის ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ იცოდა 2015 წლის 14 დეკემბრამდე, ან თუნდაც 2015 წლის აგვისტომდე, რასაც მოპასუხე უთითებს შეგებებულ სარჩელში (ს.ფ. 166), საქმის მასალებით არ დასტურდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხის დასაბუთებული პრეტენზია და საჭირო მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს. მოპასუხემ ვერ დაადასტურა გარემოებები, რომელზეც ამყარებდა ახსნაგანმარტებას.
სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ ერთადერთი არგუმენტი, რომელიც მოპასუხემ სარჩელის საპირისპიროდ წარმოადგინა არის შ-----------------–------ი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2012 წლის 19 დეკემბრის განკარგულება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ-------–--ის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისია 2015 წლის 14 დეკემბერი, რაც საბოლოოდ გამორიცხავს ლ-------–--ის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ პოზიციის სისწორეს, ვინაიდან ლ-------–--ემ სარჩელი აღძრა 2016 წლის 05 ივლისს - სამწლიან ხანდაზმულობის ვადაში. აქვე სასამართლომ მიუთითა 2009 წლის 10 აგვისტოს საარბიტრაჟო დადგენილებაზე (საქმე №09/1-41), რომლითაც შეჩერდა პრეტენდენტ ლ-------–--ის საარბიტრაჟო პრეტენზიის განხილვა გამოძიების დასრულებამდე. საარბიტრაჟის პრეტენზიის განხილვის შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა ც---------------–---–ის განცხადება. საქმეში წარმოდგენილია, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 იანვრის ინფორმაცია, რომლითაც ლ-------–--ეს 2015 წლის 28 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, უარი ეთქვა N092090190 სისხლის სამართლის საქმის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე.
საქმეში წარმოდგენილი სამოქალაქო საქმის მასალების თანახმად, 2014 წლის 16 მაისს ბ---------–-----ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების რ---------–----ის, ლ-------–--ისა და ლ--–--------ის მიმართ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სადავო უძრავი ქონებების იპოთეკებისაგან განთავისუფლების შესახებ. არც წარმოდგენილ სარჩელში და არც აღნიშნულ საქმეზე ლ-------–--ის მიერ წარდგენილ შესაგებელში მხარეები არ აპელირებენ შ-----------------–------ი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის ფუნქციონირების შეწყვეტაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბ---------–-----ის შუამდგომლობის საფუძველზე ლ-------–--ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველად. შესაბამისად, ალბათობის მაღალი ხარისხით, ივარაუდება, რომ ლ-------–--ისათვის უცნობი იყო შ-----------------–------ი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის ფუნქციონირების შეწყვეტის თაობაზე.
მოსარჩელემ შეიტანა სარჩელი არბიტრაჟში და მოლოდინი ჰქონდა მისი განხილვისა და დასრულების, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დასრულების შემდეგ, რაც გახდა საარბიტრაჟოს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა N092090190 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დასრულების ფაქტს. ამდენად, დაუსაბუთებელია მოპასუხეთა აპელირება, რომ ლ-------–--ეს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, მაგრამ, თავისი დაუდევრობის გამო ვერ შეიტყო.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არ არსებობს გარემოებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ლ-------–--ეს უნდა შეეტყო ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა ათვლის შესახებ 2012 წლის დეკემბრის თვიდან.
მოპასუხემ სადავოდ გადახდა 2007 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას ც---------------–---–ის მერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა. სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული და მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე. შესაგებელში დასახელებული გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება ნ---------–---–ს, ი-–-------–---–სა და რ----------–---–ს; მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ზ-------------–-ას მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და ც---------------–---–ს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებაზე ნება არ გამოუხატავს.
დადგენილია, რომ 2007 წლის 28 დეკემბერს მხარეებს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მიზნით, აწ გარდაცვლილ ც---------------–---–ს ლ-------–--ის სასარგებლოდ სარგებლის სახით გადახდილი აქვს 1650 აშშ დოლარი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 28.12.2007 წელს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 5.1.1 პუნქტში მითითებული პირობებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144.1 მუხლით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
ხანდაზმულობა წარმოადგენს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნისაგან მოპასუხის მიერ თავდაცვის ერთ-ერთ საშუალებას. ხანდაზმულობის დროს შეიძლება არსებობდეს მოთხოვნა, თუმცა კანონით დადგენილი მოთხოვნის ვადის გასვლის შემდეგ იგი მოვალის მხრიდან შესრულებას აღარ ექვემდებარება. არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას თუ საიდან იწყება სასარჩელო წარმოების წესით პრეტენზიის წარდგენის ვადა, ხანდაზმულობის ვადის ათვლა. სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც კრედიტორს წარმოეშვა მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლება. მოცემულ საქმეზე მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება სესხის ძირისა და პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ წარმოეშვა 14.12.2015 წლიდან, შესაბამისად, მოსარჩელემ ხანდაზმულობის ვადის დაცვით წარმოადგინა სარჩელი 2016წლის 05ივლისს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
საქმის მასალებით დასტურდება 2010 წლის 28 სექტემბერს ც---------------–---–ის გარდაცვალების ფაქტი.
სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ანსასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.
2011 წლის 12 სექტემბერს ი-–------–-–---–ის და ნ---------–---–ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, გარდაცვლილი ც---------------–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე.
ილ----------- და ნ---------–---–ები არიან გარდაცვლილი ც---------------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეები, რომლებმაც მიიღეს მამკვიდრებლის - ც---------------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონება თითოეულმა1/3 ნაწილი. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლი ადგენს, რომ სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება. ამავე კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ილ----------- და ნ---------–---–ების მიერ მიღებული სამკვიდრო მოიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივ უფლებებს, ისე მოვალეობებს, ისინი ვალდებულნი არიან შეასრულონ მამკვიდრებლის ც---------------–---–ის ვალდებულება ლ-------–--ის წინაშე, თავ-თავიანთი სამკვიდრო წილის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ილ----------- და ნ---------–---–ების პასუხისმგებლობის მოცულობა უნდა განისაზღვროს ც---------------–---–ისაგან მემკვიდრეობით მიღებული აქტივების ფარგლებში, მათი წილის (1/3 ნაწილი) პროპორციულად.
ლ-------–--ესა და ც---------------–---–ს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება.
სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე მხარეს მითითებულ შემთხვევაში წარმოადგენს გამსესხებელი - ლ-------–--ე და მსესხებელი - ც---------------–---–ი. სესხის ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ტვირთი აწევს მსესხებელ მხარეს - მან უნდა დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, რაც მიიღო ხელშეკრულების მეორე მხარისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
2007 წლის 28 დეკემბერს სამი თვით დადებული სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა საპროცენტო სარგებლის გადახდას. ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, მისი მოქმედების პერიოდში, მსესხებელი ვალდებული იყო, გადაეხადა ხელშეკრულებით დადგენილი 3%-იანი სარგებელი, რაც ხელშეკრულების სამთვიანი ვადის გათვალისწინებით შეადგენს 990 აშშ დოლარს. ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ მსესხებელს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის დაბრუნებისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ განმარტა, რომ უსაფუძვლოა ხელშეკრულების ვადის მხარეთა კონკლუდენტური მოქმედებით გაგრძელებულად მიჩნევა. ხელშეკრულების სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, მსესხებელს ეკისრება არა საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება, რადგან აღნიშნულზე მხარეთა წერილობითი შეთანხმება არ არსებობს, არამედ ეკისრება სესხის ძირითადი თანხისა და ვალდებულების შესრულების დარღვევისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო.
სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების სამთვიანი ვადა ამოიწურა 2008 წლის 28 მარტს. შესაბამისად, მსესხებელს გამსესხებლისათვის გადასახდელი აქვს სესხის ძირითადი თანხის - 11000 აშშ დოლარის 3 %-იანი სარგებელი, რაც 990 აშშ დოლარს შეადგენს. თავად კრედიტორი ადასტურებს, რომ 2008 წლის 28 მარტიდან 2008 წლის აგვისტომდე ც---------------–---–ის მიერ გადახდილი იქნა სესხის სარგებელი 1650 აშშ დოლარის ოდენობით. ამიტომ 1650 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს საპროცენტო სარგებლის სახით გადასახდელი 990 აშშ დოლარი და მსესხებლის მიერ, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ გადახდილი 660 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითადი თანხის 11 000 აშშ დოლარის ანგარიშში, როგორც უკვე გადახდილი თანხა (11 000- 660 = 10340).
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს - 10340 აშშ დოლარი, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება ეკისრება მსესხებლის უფლებამონაცვლეებს და არსებული მომენტისათვის შესრულებული არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუიპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამ ნორმიდან გამომდინარე კრედიტორს გაუჩნდა მოთხოვნის საფუძველი ჰ---------–--–-----------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებების რეალიზაციაზე, ვინაიდან, რეალიზაციის ერთ-ერთი ფორმა ითვალისწინებს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციას. საჯარო რეესტრის ამონაწერიდან დგინდება ჰ---------–--–-----------ის საკუთრების უფლება იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286.1 მუხლით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
უდავოა, რომ მოვალის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის ხარჯზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით დაეკისროთ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 11 000 აშშ დოლარის 0,3%-ის გადახდა 2008 წლის 28 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს - 10340 აშშ დოლარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, ამიტომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 10 340 აშშ დოლარის 0,01%-ის ოდენობით.
იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე. სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლიდან გამომდინარე კი იპოთეკაზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით იმ მოთხოვნისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომლის შესრულების უზრუნველყოფასაც წარმოადგენს. როგორც დადგინდა, სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. აქედან გამომდინარე, ჰ---------–--–-----------ის შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.07.2017 წლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების 5.1.4. პუნქტით არასწორად დაეყრდნო იმ გარემოებებს, თითქოს მოსარჩელემ ხანდაზმულობის ვადის დაცვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, წარადგინა საარბიტრაჟო პრეტენზია ც---------------–---–ის მიმართ და მოითხოვა 2007 წლის 28 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 11 000 აშშ დოლარის დაკისრება და 2009 წლის 10 აგვისტოს საარბიტრაჟო დადგენილებით (საქმე №09/1-41) შეჩერდა პრეტენდენტის ლ-------–--ის საარბიტრაჟო პრეტენზიის განხილვა საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოში სისხლის სამართლის N092090190 საქმეზე გამოძიების დასრულებამდე. ვინაიდან, ლ-------–--ის მიერ წარმოდგენილ არბიტრაჟის დადგენილებაში პრეტენდენტად მოხსენიებულია ლ-------–--ე, მოწინააღმდეგე მხარეებად კი ზ-------------–-ა და ც---------------–---–ი, სადაც დავის არსად მითითებულია ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობა, მაგრამ მითითებული არ არის რომელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავაზეა მსჯელობა, მითითებული არ არის არც ხელშეკრულების თარიღი, რეგისტრაციის ნომერი და თანხის მოცულობა. აშკარაა რომ პრეტენზია წარდგენილია სხვა დავასთან დაკავშირებით სადაც მოწინააღმდეგე მხარეს ზ-------------–-აც წარმოადგენს და გაუგებარია, რა კავშირი აქვს ამ განსახილველ საქმესთან. არბიტრაჟის დადგენილებაში, ასევე, არბიტრაჟის მისამართად მითითებულია ქ. თ---–-----–-----------–---–---------, ხოლო სასამართლო სხდომაზე ლ-------–--ემ მიუთითა, რომ არბიტრაჟი ფუნქციონირებდა, ქ. თბილისში, ა----–-----–----------_ში.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილების 5.2.1 პუნქტით დადგენილ სადაო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია შემდეგი: უდავოდ დადგენილია, რომ ლ-------–--ემ, ხანდაზმულობის ვადის დაცვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, წარადგინა საარბიტრაჟო პრეტენზია ც---------------–---–ის მიმართ და მოითხოვა 2007 წლის 28 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 11 000 აშშ დოლარის დაკისრება. ხოლო, ლ-------–--ეს ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ამასთან, სასამართლომ, ასევე, უდავოდ მიიჩნია მოწინააღმდეგე მხარის მიერ სესხისა იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2008 წლის 28 მარტიდან 2008 წლის 28 აგვისტომდე პერიოდში პროცენტის სახით 1650 აშშ დოლარის ზედმეტად მიღება. ამასთან, დადგენილია, რომ ც---------------–---–ი გარდაიცვალა 2010 წლის 28 დეკემბერს, მისმა მემკვიდრეებმა სამკვიდრო ქონება მიიღეს 2011 წლის 12 სექტემბერს, ლ-------–--ის განმარტებით 2011 წლის მიწურულს მისთვის ცნობილი გახდა ც---------------–---–ის გარდაცვალების ფაქტი, შესაბამისად მისთვის ამ პერიოდიდან მაინც ცნობილი იყო მოვალის გარდაცვალება და სამკვიდროს გახსნის ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდისათვის გასული იყო მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, ლ-------–--ეს ვადის დარღვევითაც კი არ მიუმართავს მოვალის მემკვიდრეებისათვის და არ წაუყენებია მოთხოვნა 2007 წლის 28 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხებზე მაშინ, როდესაც ანალოგიური მოთხოვნა მას ც---------------–---–ის მემკვიდრეებისათვის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უნდა წაეყენებინა 6-თვიან ვადაში.
აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ 2008 წლის 28 მარტიდან 2008 წლის 28 აგვისტომდე პერიოდში მოწინააღმდეგე მხარის მიერ აღიარებული და მიღებული სესხის პროცენტები მიიჩნია ზედმეტად გადახდილად, რაც დააკლო ძირითად თანხას, თუმცა, გაუგებარი მოცულობით, რადგანაც მას 1650 აშშ დოლარი ზედმეტად აქვს მიღებული, თუმცა, სასამართლომ ძირითად თანხას დააკლო მხოლოდ ნაწილი 660 აშშ დოლარი, პირგასამტეხლოს ათვლა დაიწყო 2008 წლის 28 აგვისტოდან ყოველდღიური 0.01 პროცენტით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ანუ 9 წელზე მეტ პერიოდზე, რაც შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთია, რაც იწვევს ლ-------–--ის ხელოვნურ და უსაფუძვლო გამდიდრებას.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,2007 წლის 28 დეკემბერს ლ-------–--ესა და ზ-------------–-ას, როგორც ც---------------–---–ის წარმომადგენელს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამსესხებელმა ლ-------–--ემ მსესხებელ ც---------------–---–ს, გადასცა სესხის სახით 11 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით გამსესხებლის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ც---------------–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქალაქი თ---–----------------------------------- მიმდებარე ტერიტორია, სართული 3, ბინა N-- ბლოკი ,,ა“, ფართი: 158,80 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0----------------------;; სესხის სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის 3%-ს. სესხის დაბრუნების ვადად, განისაზღვრა 2008 წლის 28 მარტი. უდავოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მსესხებელს ნაკისრი ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია.
2007 წლის 28 დეკემბერს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება დაიყო ორი ცალკე უფლების ობიექტად ინდივიდუალური საკადასტრო კოდებით და დღეის მდგომარეობით, იპოთეკის საგანი, მდებარე - ა) ქალაქი თ---–--------------------–---–-, N-------------------------------–--------------------–-------------------------------------–-- (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01---------------------; ბ) ქალაქი თ---–--------------------–---–-----------------------------------–-----------------–---------, ფართი: 43,90 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01--------------------- - საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ჰ---------–--–-----------ის სახელზე;
2010 წლის 28 სექტემბერს გარდაიცვალა ც---------------–---–ი და 2011 წლის 12 სექტემბერს ი-–-------–---–ის და ნ---------–---–ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, გარდაცვლილი ც---------------–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე.
2011 წლის 12 სექტემბრის სანოტარო აქტის თანახმად, სამკვიდრო მემკვიდრეება მიიღეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობითა და მართვით, აგრეთვე, სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანით. 2010 წლის 05 ოქტომბერს ნოტარიუს ე---------------–--ეს განცხადებით მიმართა ნ---------–---–მა და მოითხოვა გარდაცვლილი ც---------------–---–ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. რაც შეეხება რ----------–---–სა და ი-–-------–---–ს, მათ 2010 წლის 01 ნოემბერს მიმართეს ნოტარიუსს გარდაცვლილი ც---------------–---–ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. სამკვიდრო ქონებაში შევიდა სამი უძრავი უძრავი ქონება, რომლის ღირებულება შეადგენდა 190 000 ლარს;
ლ-------–--ემ, ხანდაზმულობის ვადის დაცვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, წარადგინა საარბიტრაჟო პრეტენზია ც---------------–---–ის მიმართ და მოითხოვა 2007 წლის 28 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 11 000 აშშ დოლარის დაკისრება. 2009 წლის 10 აგვისტოს საარბიტრაჟო დადგენილებით (საქმე №09/1-41) შეჩერდა პრეტენდენტის ლ-------–--ის საარბიტრაჟო პრეტენზიის განხილვა საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოში სისხლის სამართლის 092090190 საქმეზე გამოძიების დასრულებამდე.
შ-----------------–------ი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ლ--–-------------ს 2012 წლის 19 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე შეწყდა შ-----------------–------ი“-ს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის ფუნქციონირება.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 316.1 მუხლით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.1 მუხლით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
ამავე კოდექსის 130-ე მუხლით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ სესხისა და იპოთეკის წერილობითი ხელშეკრულებით სესხი გაიცა 3 თვის ვადით 28.03.2008 წლამდე. ამავე ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ,,მხარეები ასევე უფლებამოსილნი არიან გააგრძელონ სესხის დაბრუნების ვადა. ვადის გაგრძელება უნდა მოხდეს წერილობითი შეთანხმებით, რომელიც საჭიროებს სანოტარო წესით დადასტურებას“. უდავოა, რომ მხარეებს სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელების შესახებ წერილობითი დოკუმენტი არ შეუდგენიათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59.1 მუხლით ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 69.2 მუხლით გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით.
პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დადებული იყო წერილობითი ფორმით, მისი ვადის ამოწურვის შემდეგ, მისი ვადის გასაგრძელებლად მხარეებს, ასევე, უნდა დაედოთ წერილობითი შეთანხმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ, რაც მხარეებს არ განუხორციელებიათ. შესაბამისად, მხარეთა ზეპირ შეთანხმებას იურიდიული მნიშვნელობის შედეგი ვერ მოჰყვება, რადგან ვადის გაგრძელება უნდა მომხდარიყო წერილობითი შეთანხმებით და საჭიროებდა სანოტარო წესით დადასტურებას. პალატას მიაჩნია, რომ ლ-------–--ეს სესხის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის უფლება მსესხებლისაგან წარმოეშვა 28.03.2008 წლიდან, შესაბამისად მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იწურებოდა 28.03.2011 წელს. იმ შემთხვევაშიც თუ 2008 წლის 28 მარტიდან 2008 წლის აგვისტომდე ც---------------–---–ის მიერ გადახდილი იქნა თანხა 1650 აშშ დოლარის ოდენობით, ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა იწურებოდა 2011 წლის 28 აგვისტოს.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ ლ-------–--ემ, ხანდაზმულობის ვადის დაცვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, წარადგინა საარბიტრაჟო პრეტენზია ც---------------–---–ის მიმართ და მოითხოვა 2007 წლის 28 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 11 000 აშშ დოლარის დაკისრება. 2009 წლის 10 აგვისტოს საარბიტრაჟო დადგენილებით (საქმე №09/1-41) შეჩერდა პრეტენდენტის ლ-------–--ის საარბიტრაჟო პრეტენზიის განხილვა საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოში სისხლის სამართლის N092090190საქმეზე გამოძიების დასრულებამდე. ასევე, დადგენილია, რომ შ-----------------–------ი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე ლ--–-------------ს 2012 წლის 19დეკემბრის განკარგულების საფუძველზე შეწყდა შ-----------------–------ი“-ს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის ფუნქციონირება.
ლ-------–--ემ მიუთითა, რომ 2007 წლის 28 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავის წარმოშობის შემთხვევაში მიმართავდნენ კერძო არბიტრაჟს. სარჩელის შეტანის დღიდან შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა. საარბიტრაჟო საქმის წარმოება შეჩერდა ც---------------–---–ის შუამდგომლობის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ მიმდინარეობდა გამოძიება ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში, ანუ დავის დასრულება ვერ მოხერხდა ც---------------–---–ის შუამდგომლობის საფუძველზე წარმოების შეჩერების გამო. წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრამდე, შ----------–----------------------------------–-ა“ შეაჩერა საქმიანობა. იმ დღიდან როცა ლ-------–--ისათვის ცნობილი გახდა არბიტრაჟის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, ლ-------–--ემ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.
პალატა განმარტავს, რომ კანონმდებელმა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად გაითვალისწინა არა მხოლოდ სასამართლოსთვის მიმართვა, არამედ პრეტენდენტის მიერ სხვა საშუალებით მოთხოვნის დაკმაყოფილების მცდელობა, რა დროსაც მნიშვნელოვანია, რომ მხარემ გამოიჩინოს ნება თავისი უფლების დასაცავად და მისი ეს მოქმედება უნდა იყოს ქმედითი ღონისძიება იმისათვის, რომ მიიღოს შესაბამისი შედეგი (იხ. სუსგ საქმე Nას-599-567-2015, 29.03.2016 წელი). ამასთან, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ლ-------–--ემ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა, პალატა მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა, რაც თავის მხრივ გამორიცხავს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარდგენის ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 139-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, შ-----------------–------ი“-ს მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟისათვის მიმართვის შედეგად მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეწყდა, თუმცა, ვინაიდან საარბიტრაჟო პროცესის გაგრძელება შეუძლებელი გახდა, რაც დგინდება საქმეში წარმოდგენილი ცნობით, მოწინააღმდეგე მხარეს აქვს მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ლ-------–--ემ, ხანდაზმულობის ვადის დაცვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, წარადგინა საარბიტრაჟო პრეტენზია ც---------------–---–ის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ-------–--ემ არბიტრაჟის ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ იცოდა 2015 წლის 14 დეკემბრამდე, ან თუნდაც 2015 წლის აგვისტომდე, რასაც უთითებს აპელანტი, საქმის მასალებით არ დასტურდება. შესაბამისად, მან ვერ დაადასტურა გარემოებები, რომელზეც ამყარებდა ახსნა-განმარტებას.
საქმეში წარმოდგენილი სამოქალაქო საქმის მასალების თანახმად, 2014 წლის 16 მაისს ბ---------–-----ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების რ---------–----ის, ლ-------–--ისა და ლ--–--------ის მიმართ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სადავო უძრავი ქონებების იპოთეკებისაგან განთავისუფლების შესახებ. არც წარმოდგენილ სარჩელში და არც აღნიშნულ საქმეზე ლ-------–--ის მიერ წარდგენილ შესაგებელში მხარეები არ აპელირებენ შ-----------------–------ი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის ფუნქციონირების შეწყვეტაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბ---------–-----ის შუამდგომლობის საფუძველზე ლ-------–--ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველად. შესაბამისად, ალბათობის მაღალი ხარისხით, ივარაუდება, რომ ლ-------–--ისათვის უცნობი იყო შ-----------------–------ი“-ს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის ფუნქციონირების შეწყვეტის თაობაზე.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ლ-------–--ემ შეიტანა სარჩელი არბიტრაჟში და მოლოდინი ჰქონდა მისი განხილვისა და დასრულების, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დასრულების შემდეგ, რაც გახდა საარბიტრაჟოს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა N092090190 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დასრულების ფაქტს. ამდენად, სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია იმაზე მსჯელობა, რომ ლ-------–--ეს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არ არსებობს გარემოებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ლ-------–--ეს უნდა შეეტყო ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა ათვლის შესახებ 2012 წლის დეკემბრის თვიდან.
დადგენილია, რომ 2007 წლის 28 დეკემბერს მხარეებს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მიზნით, ც---------------–---–ს ლ-------–--ის სასარგებლოდ სარგებლის სახით გადახდილი აქვს 1650 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144.1 მუხლით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
საქმის მასალებით დასტურდება 2010 წლის 28 სექტემბერს ც---------------–---–ის გარდაცვალების ფაქტი.
სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.
2011 წლის 12 სექტემბერს ი-–------–-–---–ის და ნ---------–---–ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, გარდაცვლილი ც---------------–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე.
ილ----------- და ნ---------–---–ები არიან გარდაცვლილი ც---------------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეები, რომლებმაც მიიღეს მამკვიდრებლის - ც---------------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონება თითოეულმა 1/3 ნაწილი.
სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლი ადგენს, რომ სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება. ამავე კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან ილ----------- და ნ---------–---–ების მიერ მიღებული სამკვიდრო მოიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივ უფლებებს, ისე მოვალეობებს, ისინი ვალდებულნი არიან შეასრულონ მამკვიდრებლის ც---------------–---–ის ვალდებულება ლ-------–--ის წინაშე, თავ-თავიანთი სამკვიდრო წილის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
2007 წლის 28 დეკემბერს სამი თვით დადებული სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა საპროცენტო სარგებლის გადახდას. ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე, მისი მოქმედების პერიოდში, მსესხებელი ვალდებული იყო, გადაეხადა ხელშეკრულებით დადგენილი 3%-იანი სარგებელი, რაც ხელშეკრულების სამთვიანი ვადის გათვალისწინებით შეადგენს 990 აშშ დოლარს. ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ მსესხებელს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის დაბრუნებისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ რომ უსაფუძვლოა ხელშეკრულების ვადის მხარეთა კონკლუდენტური მოქმედებით გაგრძელებულად მიჩნევა. ხელშეკრულების სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, მსესხებელს ეკისრება არა საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება, რადგან აღნიშნულზე მხარეთა წერილობითი შეთანხმება არ არსებობს, არამედ ეკისრება სესხის ძირითადი თანხისა და ვალდებულების შესრულების დარღვევისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო.
პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ ხელშეკრულების სამთვიანი ვადა ამოიწურა 2008 წლის 28 მარტს. შესაბამისად, მსესხებელს გამსესხებლისათვის გადასახდელი აქვს სესხის ძირითადი თანხის - 11000 აშშ დოლარის 3 %-იანი სარგებელი, რაც 990 აშშ დოლარს შეადგენს. თავად კრედიტორი ადასტურებს, რომ 2008 წლის 28 მარტიდან 2008 წლის აგვისტომდე ც---------------–---–ის მიერ გადახდილი იქნა სესხის სარგებელი 1650 აშშ დოლარის ოდენობით. ამიტომ 1650 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს საპროცენტო სარგებლის სახით გადასახდელი 990 აშშ დოლარი და მსესხებლის მიერ, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ გადახდილი 660 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითადი თანხის 11 000 აშშ დოლარის ანგარიშში, როგორც უკვე გადახდილი თანხა (11 000- 660 = 10340). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გაუგებარია თუ რა მოცულობით დააკლა სესხის ძირ თანხას გარკვეული თანხის ოდენობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს - 10340 აშშ დოლარი, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება ეკისრება მსესხებლის უფლებამონაცვლეებს და არსებული მომენტისათვის შესრულებული არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუიპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამ ნორმიდან გამომდინარე კრედიტორს გაუჩნდა მოთხოვნის საფუძველი ჰ---------–--–-----------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებების რეალიზაციაზე, ვინაიდან, რეალიზაციის ერთ-ერთი ფორმა ითვალისწინებს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციას. საჯარო რეესტრის ამონაწერიდან დგინდება ჰ---------–--–-----------ის საკუთრების უფლება იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286.1 მუხლით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
უდავოა, რომ მოვალის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის ხარჯზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა.
პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, ამიტომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 10 340 აშშ დოლარის (სესხის ძირი თანხის) 0,01%-ის ოდენობით. შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას და ვერ გაითვალისწინებს აპელანტის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული მოცულობით ილ----------- და ნ---------–---–ებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება გამოიწვევს ლ-------–--ის უსაფუძლო გამდიდრებას, მით უფრო იმ მოცემულობაში, როდესაც სასამართლოს მხრიდან მოხდა მისი შემცირება 0.1% - დან 0.01%-მდე.
იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე. სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლიდან გამომდინარე კი იპოთეკაზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით იმ მოთხოვნისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომლის შესრულების უზრუნველყოფასაც წარმოადგენს.
პალატა განმარტავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და შეფასებები, ამასთან არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ვინაიდან, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარის - ლ-------–--ის სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, შესაბამისად არ არსებობს ჰ---------–--–-----------ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჰ---------–--–-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.07.2017 წლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
გოგიტა თოთოსაშვილი