განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
330100117001775274
ინსტანცია
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001775274

საქმე №1ბ/361-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ--------–---------ს

გამართლებულის: ჯ----–----ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ--------–---------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ ჯ----–----ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------–------------------------------------------------------------------------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჯ----–----ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 5 იანვარს, ქ-------–--–-------------------------ში მდებარე საბანკეტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ----–----ემ ურთიერთშელაპარაკების დროს გ------------–----ს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ, თავი დაარტყა ცხვირის არეში და შემდგომ ხელი სახის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რის შედეგადაც გ------------–----მ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენით:

 

ჯ----–----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ--------–---------მ.

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ჯ----–----ის მიმართ გამოტანილი, ზემოხსენებული გამამართლებელი განაჩენის, რომელიც აპელანტს დაუსაბუთებლად და უკანონოდ მიაჩნია, გაუქმებას და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორ გ--------–---------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი ჯ----–----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჯ----–----ის მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ გ------------–----ს მიერ გამოძიებაში გამოკითხვის დროს მიცემული ჩვენებით, რომელიც გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, ასევე, მოწმეების - ნ------------–--ის, რ---------–----ის და თ--------------–--ის ჩვენებებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება ჯ----–----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე - ბ-------–----ემ (ჯ----–----ის ძმა) ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

დაზარალებულ გ------------–----ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაციით, (აღნიშნული გამოკითხვის ოქმი გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე) შემთხვევის დღეს მუშაობდა ქ-------–--–-------------------------ში მდებარე საბანკეტო დარბაზის - სს „თ---–--ს“ დამხმარედ, კერძოდ, ევალებოდა პროდუქტებით მომარაგება. 2014 წლის თებერვალში, აღნიშნული საბანკეტო დარბაზის პირველ სართულზე არსებული პურის საცხობი იქირავა ჯ----–----ემ და მას ამუშავებდა ივლისამდე, რის შემდეგაც დაკეტა თონე. ვინაიდან ჯ----–----ე აღარ ამუშავებდა საცხობს, დარბაზის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, თვითონ აემუშავებინა იგი, რის გამოც ისინი უკავშირდებოდნენ ჯ----–----ეს და სთხოვდნენ, გაეღო თონე და წაეღო თავის ინვენტარი, თუმცა, დაპირებების მიუხედავად, ეს უკანასკნელი არ მიდიოდა მათთან და არ მიჰქონდა თავისი ინვენტარი. აღნიშნულის გამო, ნოემბერში, მათ თავიანთი ძალებით გააღეს თონის კარები, კერძოდ, გადაჭრეს მასზე დადებული ბოქლომი და ჯ----–----ის კუთვნილი ინვენტარი შესანახად გადაიტანეს სამსახურის მარანში. 2015 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 13:00 საათზე, იგი (დაზარალებული) იმყოფებოდა საბანკეტო დარბაზში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მენეჯერთან - ნ------------–--ესთან მივიდნენ ჯ----–----ის დედა და ძმა და ითხოვდნენ თავიანთი სასწორის წაღებას, მაგრამ, ვინაიდან მარნის გასაღები ჰქონდა მათ თანამშრომელ გ------- ჯ-------ეს, მენეჯერმა ისინი სხვა დროისთვის დაიბარა, ასევე, ნ------------–--ემ ჯ----–----ის ოჯახის წევრები მასთან (გ------------–----სთან) ერთად ჩაიყვანა თონეში, სადაც მათ ვერ იპოვეს სასწორი. გ------------–----ს განმარტებით, მენეჯერსა და ჯ----–----ის ოჯახის წევრებს შორის საუბარი იყო მშვიდი და არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. ამის შემდეგ ის (გ------------–----) და ნ-------------–--ე ავიდნენ მეორე სართულზე, რა დროსაც ნ------------–--ის სამუშაო ოთახში შესვლისას მოესმა კიბეზე ჩქარი ნაბიჯების ხმა, რაზეც მოტრიალდა და დაინახა ჯ----–----ე, რომელმაც მოულოდნელად, ყოველგვარი საუბრის გარეშე, სახეში გაშლილი ხელი გაარტყა ნ------------–--ეს, რაზეც იგი (გ------------–----) აღშფოთდა და უთხრა, როგორ ბედავდა ქალბატონის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რის შემდეგაც ჯ----–----ემ მასზეც გაიწია და ჯერ თავი ჩაარტყა ცხვირში, ხოლო შემდეგ მუშტი დაარტყა სახის არეში. მათი გაშველების მიზნით, ნ------------–--ემ იგი (გ------------–----) შეიყვანა თავის ოთახში და ჩაკეტა კარები, ხოლო ჯ----–----ე მისი ოჯახის წევრებმა ჩაიყვანეს დაბლა, თუმცა ჯ--- კვლავ ავიდა მათთან და კარებს რამდენჯერმე დარტყა ძლიერად. ამის შემდეგ ნ------------–--ემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია. როდესაც მას (გ------------–----ს) ჯ--- წ----ემ ცხვირის არეში ჩაარტყა თავი, ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი და იგრძნო ძლიერი ტკივილი. ცხვირიდან წამოსულმა სისხლმა დაუსვარა პერანგი.

 

მოწმე ნ------------–--ემ საქმის არსებითი განხილვისას აჩვენა, რომ მუშაობს ქ-------–--–-------------------------ში მდებარე საბანკეტო დარბაზის - სს „თ---–--ს“ მენეჯერის პოზიციაზე. ჯ----–----ეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნაქირავები ჰქონდა აღნიშნული საბანკეტო დარბაზის პირველ სართულზე განთავსებული პურის საცხობი თონე. მუშაობის პერიოდში კეთილსინდისიერად იხდიდა გადასახადებს და არავითარი დარღვევა არ ჰქონია, თუმცა შემდეგ დაკეტა აღნიშნული საცხობი და ბოქლომი დაადო კარებს. ვინაიდან ჯ----–----ე აღარ ამუშავებდა თონეს, მათ გადაწყვიტეს, თვითონ აემუშავებინათ პურის საცხობი, რის გამოც ისინი უკავშირდებოდნენ ჯ----–----ეს და სთხოვდნენ თავის ინვენტარის წაღებას, თუმცა, წ----ეს არ მიჰქონდა თავისი ინვენტარი. აღნიშნულის გამო მათ თავიანთი ძალებით გააღეს თონის კარები, გადაჭრეს მასზე დადებული ბოქლომი და ჯ----–----ის კუთვნილი ინვენტარი შესანახად გადაიტანეს სამსახურის მარანში. მოგვიანებით, ჯ----–----ის კუთვნილი ინვენტარი წაიღეს ჯ----–----ის დედამ და ძმამ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, დარჩათ სასწორი, რომლის წასაღებადაც 2015 წლის 5 იანვარს მასთან (მოწმესთან) მივიდნენ ჯ----–----ის დედა და ძმა. რამდენადაც მარნის გასაღები ჰქონდა თანამშრომელს, რომელიც იმ დროს სამსახურში არ იყო, მან (ნ------------–--ემ) ჯ----–----ის დედას და ძმას უთხრა, სხვა დროს მოსულიყვნენ. ამასთან, გ------------–----სთან ერთად, რომელიც მუშაობდა მათი ობიექტის უკან, ასევე მათი სამსახურის კუთვნილ მშენებლობაზე და ხშირად მიდიოდა მათთან, ისინი ჩაიყვანა პირველ სართულზე განთავსებულ თონეში, სადაც არ აღმოჩნდა არც მათი კუთვნილი სასწორი და არც სხვა ნივთი. აღნიშნულის შემდეგ გ------------–----სთან ერთად ავიდა მეორე სართულზე, რა დროსაც უკან მიჰყებოდა გაღიზიანებული ჯ----–----ე, რომელმაც მას სახის არეში გაარტყა ხელი. აღნიშნულის დანახვაზე გ------------–----მ ჰკითხა - „ქალს რატომ დაარტი ხელიო“ და ჯ----–----ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც მათ შორის მოხდა კონფლიქტი. მოწმის განმარტებით, ჯ----–----ეს გ------------–----სთვის ხელი არ დაურტყამს, არამედ ერთმანეთში ჩხუბისა და ძიძგილაობის დროს ჯ----–----ემ შუბლი ჩაარტყა გ------------–----ს თავის არეში, ხოლო იმის გამო, რომ გ------- ფანცხავა იყო ნასვამი, მან თავი ვერ შეიკავა, შემთხვევით შეეჯახა კედელს და ცხვირი მიარტყა. გ------------–---- დაავადებულია „С“ ჰეპატიტით, რის გამოც მარტივად წამოუვიდა სისხლი. საბანკეტო დარბაზის დირექტორი - რ---------–----ე ჯ----–----ესა და გ------------–----ს შორის არსებულ კონფლიქტს არ შესწრებია, ვინაიდან აღნიშნული ინციდენტის დროს იგი იყო თავის კაბინეტში. შემდეგ ის (მოწმე) და გ------------–----ც შევიდნენ დირექტორის კაბინეტში და ჩაკეტეს კარები, რათა კონფლიქტი არ გამწვავებულიყო. მან (მოწმემ) ასევე გამოიძახა საპატრულო პოლიცია.

 

მოწმე რ---------–----ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის ქ-------–--–-------------------------ში მდებარე საბანკეტო დარბაზის - სს „თ---–--ს“ დირექტორი. ჯ----–----ეს ნაქირავები ჰქონდა მის საკუთრებაში არსებული პურის საცხობი თონე და გარკვეული პერიოდი ამუშავებდა მას. ასევე იცნობს გ------------–----ს, რომელიც მათთან ხშირად მიდიოდა. 2015 წლის 5 იანვარს, იმყოფებოდა სამსახურში, თავის კაბინეტში, რა დროსაც შემოესმა ჩხუბის ხმა და დააპირა გარეთ გასვლა, თუმცა იქ მყოფმა ქალბატონებმა არ მისცეს გარეთ გასვლის საშუალება, რათა კონფლიქტში ისიც არ ჩართულიყო. მოწმის განმარტებით, ჯ----–----ესა და გ------------–----ს შორის ჩხუბს თავად არ შესწრებია. შემდეგ მივიდა საპატრულო პოლიციაც. მოგვიანებით ნ------------–--ისგან შეიტყო, რომ ჯ----–----ესა და გ------------–----ს შორის მომხდარი ჩხუბის დროს გ------------–----ს დაუზიანდა ცხვირი და სდიოდა სისხლი.

 

მოწმე თ--------------–--ემ განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის, სამგორის მიმართულების მე-4 ოცეულში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2015 წლის 5 იანვარს, მეწყვილე - მინდია ჭინჭარაულთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც რადიოსადგურ ,,ცენტრის“ მეშვეობით მიიღეს გამოძახება, რომლის თანახმად, ქ-------–--–-------------------------ში, ადგილი ჰქონდა ჩხუბის ფაქტს. გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ მამაკაცი, რომელსაც სახის, კერძოდ, ცხვირის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები და სდიოდა სისხლი. იმავდროულად, იქ მყოფმა ქალბატონმა მათ განუცხადა, რომ დაზარალებულს ფიზიკური დაზიანება მიაყენა ჯ----–----ემ. დაზარალებულმაც აღნიშნა, რომ ჯ----–----ესთან მოუვიდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოცემული შემთხვევის დროს ბრალდებული სავარაუდოდ იყო ნასვამი და გამოირჩეოდა აგრესიულობით, კერძოდ, როგორც მათ, ისე დაზარალებულს, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც მათ მიერ ჯ----–----ე დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით. ასევე, ვინაიდან ბრალდებულის ქმედებაში იყო დანაშაულის ნიშნები, მათ მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 20 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, მოქალაქე გ------------–----ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას ცხვირის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებანი - ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2015 წლის 5 იანვარს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ---------------–---–მა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 8 იანვრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის #2------ დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილი გ------------–----ს პერანგის ზედაპირზე არსებული დაზიანება ღილის ამოგლეჯის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ------------------მა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2015 წლის 16 იანვრის ბიოლოგიური ექსპერტიზის #6---- დასკვნის თანახმად: 1) გ------------–----ს სისხლი მიეკუთვნება AB/IV/ ჯგუფს. 2) გ------------–----ს პერანგზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება AB/IV/ ჯგუფს. 3) შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება AB/IV/ ჯგუფს. 4) გ------------–----ს სისხლი და გ------------–----ს პერანგზე და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდზე არსებული სისხლი მიეკუთვნება AB/IV/ ჯგუფს. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ----------–------–----–---–მა.

 

ჯ--- წ----ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2014 წლის თებერვალში, სს „თ---–--ს“ დირექტორისგან - რ---------–----ისგან იჯარით აიღო პურის საცხობი ფართი. შემდეგ ქირა გაუძვირეს, რის გამოც გადავიდა სხვა ობიექტზე და გადაიტანა თავისი კუთვნილი ინვენტარიც, რომელთა შორის არ აღმოჩნდა სასწორი. 2015 წლის 5 იანვარს, ვინაიდან თავად არ ეცალა, აღნიშნული სასწორის წამოსაღებად გააგზავნა დედა და უმცროსი ძმა. მოგვიანებით, მობილური ტელეფონის საშუალებით, მას (ჯ----–----ეს) დაუკავშირდა ძმა და უთხრა, რომ სასწორს არ ატანდნენ და მისთვის უცნობი პირები (მისი ძმა ნ--------–---–--ესა და რ---------–----ეს იცნობდა და ამდენად, საუბარი იყო მათ გარდა სხვა, მისთვის უცნობ პირზე) დედამისს აყენებდნენ შეურაცხყოფას. ვინაიდან იყო ნასვამი, იგი (ჯ----–----ე) მაშინვე გაემართა მითითებულ ადგილზე და ნახა, რომ გ------------–---- აგრესიულად და შეურაცხმყოფელი სიტყვებით ელაპარაკებოდა დედამისს. აღნიშნულზე მან (ჯ----–----ემ) გ------------–----ს ჰკითხა - „შენ ვიღა ხარო?“, რის შემდეგაც ისე, რომ მათ შორის არ ყოფილა არავითარი საუბარი, გ------------–----მ, რომელიც იყო ძალიან მთვრალი, ჩაავლო მას ხელი, დაქაჩა და როგორც თვითონ აღიქვა, გ------------–----ს უნდოდა მისთვის სახეში თავის ჩარტყმა, თუმცა, ვერ მიწვდა და მკერდში ჩაარტყა თავი, რის შედეგადაც ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. ამასთან, ბრალდებულის განმარტებით, დაზუსტებით იმის თქმა, გ------------–----ს თავის დარტყმა უნდოდა, თუ თავით შემთხვევით დაეჯახა - არ შეუძლია. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები გ------------–----მ მიიღო სწორედ აღნიშნული შეჯახების შედეგად. მან (ჯ----–----ემ) კატეგორიულად გამორიცხა მისი მხრიდან ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

 

2015 წლის 5 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-------–--–-------------------------ში მდებარე საბანკეტო დარბაზის - სს „თ---–--ს“ მენეჯერის სამუშაო ოთახში. აღნიშნული ოთახი მდებარეობს ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე, კიბეების მოპირდაპირე მხარეს, რომელსაც აქვს ერთფრთიანი შესასვლელი ხის კარი, რომელსაც ზემოთა მხარეს აღენიშნება მცირე ზომის დაზიანებები. ოთახში შესასვლელიდან ხელმარცხნივ, ლამინატის იატაკზე აღმოჩენილ იქნა სისხლის მაგვარი მოწითალო ფერის ლაქები, რაც ამოღებულ იქნა ექსპერტების მიერ სპეციალური ბიოლოგიური ჩხირებით.

 

სასამართლო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილ და გამოკვლეულ, მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ჯ----–----ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaia and Tahery) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 2011 წლის 15 დეკემბერს დაადგინა სახლმძღვანელო პრინციპები, რომელიც ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ბრალდების მხარის მოწმე არ ესწრება სასამართლო განხილვას და მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება დაშვებულ იქნა მტკიცებულებად. აღნიშნული პრინციპი ადგენს სამ ძირითად ტესტს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მსგავსი მტკიცებულება, რათა იგი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად. პირველ რიგში უნდა შემოწმდეს არსებობდა თუ არა მოწმის დაუსწრებლობის და შესაბამისად, მოწმის გამოუცდელი ჩვენებების მტკიცებულებად დაშვების საპატიო მიზეზი, მეორე - დაუსწრებელი მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი და მესამე - სახეზე იყო თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რაც მოახდენდა დაცვის მხარისათვის გამოუცდელი მტკიცებულებების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას და იმის უზრუნველყოფას, რომ სასამართლო განხილვა ერთიანობაში აღებული, სამართლიანი იყო. განსახილველ შემთხვევაში დაკმაყოფილებულია პირველი ტესტი და მოწმე (დაზარალებულ) გ------------–----ს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეულია საპატიო მიზეზით (უცნობია მისი ადგილსამყოფელი), შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მისი გამოძიებაში მიცემული ჩვენება წაკითხულ იქნა საჯაროდ. რაც შეეხება მეორე ტესტს, რამდენად არის ხსენებული მოწმის ჩვენება ერთადერთი და გადამწყვეტი, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულ გ------------–----ს ჩვენებაში გაჟღერებული ინფორმაცია ჯ----–----ის მიერ სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენის შესახებ - არ დასტურდება არც სასამართლო სხდომაზე დაკითხული სხვა მოწმეთა ჩვენებებით (შემთხვევის უშუალო შემსწრე პირმა - მოწმე ნ------------–--ემ კატეგორიულად უარყო ჯ----–----ის მიერ ხელის დარტყმის ფაქტი და განმარტა, რომ, ვინაიდან გ------------–---- იყო ძალიან მთვრალი, კონფლიქტის დროს თავი ვერ შეიმაგრა და შემთხვევით შეეჯახა კედელს, რა დროსაც მიარტყა ცხვირი და ვინაიდან დაავადებულია “C” ჰეპატიტით, მარტივად წამოუვიდა სისხლი) და არც სისხლის სამართლის საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნა დაკმაყოფილებული ვერც მესამე ტესტი, ვინაიდან გონივრულად ვერ მოხდა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორების შექმნა, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიების უზრუნველყოფა, რაც მოახდენდა დაცვის მხარისთვის გამოუცდელი მტკიცებულებების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას, ვინაიდან სასამართლოც და დაცვის მხარეც მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას, მიეღოთ რაიმე ფორმით მონაწილეობა დაზარალებულის დაკითხვასა და მისი ჩვენებების გამოკვლევაში, გარდა მისი სასამართლო სხდომაზე საჯარო წაკითხვისა. ასევე არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნებოდა მხარეთა მონაწილეობით და რომელიც გაამყარებდა და დაადასტურებდა დაზარალებულ გ------------–----ს მიერ გამოკითხვის ოქმში გაჟღერებულ გარემოებებს. აქედან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე მხოლოდ საჯაროდ წაკითხული და უშუალოდ გადაუმოწმებელი ჩვენების საფუძველზე, ჯ----–----ის მსჯავრდება ეჭვქვეშ დააყენებს მთლიანობაში სასამართლო პროცესის სამართლიანობას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის და ბრალდების საქმე განიხილება.

 

რაც შეეხება აპელირებას მოწმეების - თ--------------–--ისა და რ---------–----ის ჩვენებებთან დაკავშირებით, ორივე მათგანი მათ მიერ მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ჯ----–----ესა და გ------------–----ს შორის დაპირისპირებას უშუალოდ არ შესწრებიან. როგორც მოწმე რ---------–----ემ განმარტა, ნ------------–--ისგან შეიტყო, რომ ჯ----–----ესა და და გ------------–----ს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად გ------- ფანცახავას დაუზიანდა ცხვირი. მოწმე თ--------------–--ის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე მისვლისას იქ მყოფმა ქალბატონმა განუცხადა, რომ დაზარალებულს დაზიანება ჯ----–----ემ მიაყენა. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად მოწმე ნ------------–--ემ (ვისგანაც თ--------------–--ე და რ---------–----ე ფლობდნენ ინფორმაციას) პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას უარყო ჯ----–----ის მიერ გ------------–----სთვის ხელის დარტყმის ფაქტი.

 

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში პროკურორი, აგრეთვე, აპელირებს სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც დადგინდა, რომ გ------------–----ს ცხვირის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით. სააპელაციო პალატა ექსპერტიზის დასკვნის შეფასების ნაწილშიც სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ვრცელ, არგუმენტირებულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შესაძლოა, დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე და რაოდენობა, თუმცა ექსპერტიზის დასკვნით დაზიანების მიმყენებელი პირის განსაზღვრა შეუძლებელია მით უფრო, როდესაც საქმეში არ არის წარმოდგენილი პირის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ჯ----–----ემ ბრალად შერაცხული დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ჯ----–----ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ჯ----–----ემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი ჯ----–----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ--------–---------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი ჯ----–----ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ჯ----–----ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

 

გამართლებულ ჯ----–----ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

გ------------–----ს პერანგი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, დაუბრუნდეს გ------------–----ს;

 

სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე