განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №130310018002257281 (3ბ/126-19)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე
მოსამართლეები - მირანდა ერემაძე
გიორგი ტყავაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი (მოსარჩელე) - ნ-------------–-–---–---------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ-------------–-–---–---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ნ-------------–-–---–---------ის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას 2016 წლის 19 დეკემბერს გაუვიდა ვადა და მან 2017 წლის 09 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობების გაცემა, რაზეც უარი ეთქვა (ს.ფ. 14-17).
2.2. ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უარი 2017 წლის 27 ნოემბერს მოსარჩელემ გაასაჩივრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 06 დეკემბრის N--------- წერილით ნ-------------–-–---–---------ეს ეცნობა, რომ ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წერილი არის ინფორმაციული ხასიათის, სააგენტოს არ შეუძლია განიხილოს მოსარჩელის 2017 წლის 27 ნოემბრის N------ წერილობითი მიმართვა როგორც ადმინისტრაციული საჩივარი და იმსჯელოს მის ბათილად ცნობაზე. მოსარჩელეს ასევე განემარტა, რომ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის მიღების სურვილის შემთხვევაში უნდა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლს და წარადგინოს დოკუმენტები (ს.ფ. 18-21).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3. რაიონული სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მასზე გასცეს პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. მოცემული დავის გადაწყვეტისათვის უნდა გაირკვეს, კანომდებლობით დაშვებულია თუ არა ამგვარი შესაძლებლობა. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. ამავე კანონის მე-7 მუხლი ადგენს ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართებას. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.
2.4. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მათი სავალდებულო მოქმედების ძალა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ მიღებულია საკანონმდებლო აქტის - „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია ბრძანების პრეამბულაში. მოცემულ შემთხვევაში, კანონქვემდებარე აქტი ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე აქტის შესაბამისი ნორმა (მოსარჩელის მითითებით წესის 25-ე მუხლი) წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის ნორმებთან და საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანების გამოცემა გამოწვეული იყო შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას ნორმატიული აქტების იერარქიით დადგენილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთქმედებით სამართლებრივი განსაზღვრულობის დარღვევის შესახებ და მიიჩნევს, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, არამედ ავსებს და აკონკრეტებს ცალკეულ დებულებებს და სადავო ურთიერთობაც განხილული იქნება მითითებული ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება: კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ემიგრაციისა და იმიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოქალაქისა და სახელმწიფოს სამართლებრივი კავშირი განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით. ეს კავშირი ამ ფაქტორების კომპლექსური ნაზავია და არის ორის სუბიექტის - სახელმწიფოს, როგორც უმაღლესი სუვერენის, ძალაუფლების მპყრობელისა და მოქალაქის, როგორც „სახალხო სუვერენიტეტის“, სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს ურთიერთობა. აღნიშნული ურთიერთობა შედგება პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური და ზნეობრივ უფლებებით და რაც მთავარია, ამ სუბიექტებს შორის, უფლებების გარდა, არსებობს ურთიერთვალდებულებები. მოცემულ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, ამ ორი სუბიექტის - მოქალაქის (მოსარჩელე) და სახელმწიფოს (მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო) შორის წარმოქმნილი პრობლემის არსის გაანალიზება-გარკვევა და შესაბამისად, წინამდებარე დავის საგნის შინაარსიდან გამომდინარე, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების დებულებების განმარტება უნდა მოხდეს თითოეული მხარის როგორც უფლებების, ისე ვალდებულებების ჭრილში.
2.5. რაიონული სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. ამავე კანონის III თავით განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების წესი. კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქისა პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს (მე-12.1 მუხლი). ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე ნორმის მე-10 პუნქტით კი დადგენილია, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ-------------–-–---–---------ემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა საქართველოს მოქალაქის ახალი პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.
2.6. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს 2017 წლის 13 ნოემბრის N--------- წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ თანახმად, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაცემულიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელი იყო პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა და იგი არ გაიცემოდა გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოსარჩელე არ იზიარებს აღნიშნულ განმარტებას და მიუთითებს, რომ კანონი მას აძლევს საშუალებას (ალტერნატივას) მიიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა მაშინ, როდესაც კანონქვემდებარე აქტი ამის ვალდებულებას შეიცავს, რის გამოც მიიჩნევს, რომ კანონის მოქმედების პირობებში, მასზე არ უნდა გავრცელდეს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ვალდებულება, რამეთუ მოსარჩელე მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას უკავშირებს ნების გამოვლენას, სახელმწიფოს მიერ ალტერნატიული შემოთავაზებიდან პირადობის მოწმობისა და ელექტრონულ პირადობის მოწმობას შორის არჩევანის გაკეთების თვალსაზრისით.
2.7. რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (შემდგომში – პასპორტი), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის (შემდგომში – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. წესის III თავით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის წესი. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია პირადობის მოწმობა. ამავე წესის 25-ე მუხლით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის სახეები. მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა ნორმატიული აქტის მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სახით განმარტება და მიუთითა, რომ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ სისტემური და ლოგიკური განმარტების შედეგად უნდა მივიჩნიოთ, რომ კანონმდებლის ნებაა საქართველოში გაიცეს, როგორც წესი, პირადობის მოწმობები ინფორმაციის ელექტრონული მატარებლით, ხოლო მის გარეშე მხოლოდ გამონაკლის - კანონითვე გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2.8. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დროებითი მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია წესის 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ობიექტური გარემოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, არამედ, იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ამასთან, ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს, რომ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არა უმეტეს 6 თვემდე ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო. სადავო არ არის, რომ იმ დროს, როდესაც მოსარჩელე ითხოვდა არალექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას, სახეზე არ იყო წესის 25-ე მუხლით დადგენილი რომელიმე ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას განმცხადებელზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევიან იმის დაშვების უფლებას, რომ გაცემული იქნეს არალექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს. ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გთვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებში არის მითითებული. სახელმწიფომ, საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო. იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა, დაწესდა მხოლოდ ამ დოკუმენტის მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა. შესაბამისად, მოსარჩელეს, რომლის პირადობის მოწმობას მოქმედებას ვადა გაუვიდა, შესასრულებლად სავალდებულოდ განისაზღვრა ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღება. კანონმა არ გაითვალისწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ სახელმწიფო, გარკვეული სახის რეგულაციების მიღებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთო სამართლებრივი მიზნების გაერთიანების შედეგად არის მიღებული, რათა დაცული იქნეს მოქალაქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციისა გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით. მოსარჩელე, არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სურვილს უკავშირებს მისი, როგორც მოქალაქის არჩევანის უფლების მქონე სუბიექტის უფლებას და ითხოვს კანონის ნორმების მისი ნების შესაბამისად განმარტებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის განმარტებისას მართლმსაჯულება ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას და სურვილს, თუნდაც მისი არგუმენტაცია დასაბუთებულობის მაღალი ხარისხის მქონეს წარმოადგენდეს. მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და იყოს ლეგიტიმური. მოთხოვნა კანონიერია, თუ მსგავსი მდგომარეობა ასახულია კანონში, ხოლო მოთხოვნა ლეგიტიმურია, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არღვევს კანონში ასახულ და განმტკიცებულ დებულებებს, რომლის გამოც ილახება მოქალაქის უფლება და ინტერესი. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მისი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე. მოსარჩელის ინტერესი მხოლოდ მაშინ არის დაცვის ღირსი, როდესაც ეს ინტერესი პატივსადებია და შესაბამისად, კანონით არის დაცული. ხოლო ინტერესი, რომელიც სცდილდება კანონით დადგენილ წესებს, ვერ იქნება სასამართლოს მსჯელობის საგანი. დავის გადაწყვეტის მიზნით გამოსაყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა. აღნიშნული ქმედების განხორციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.
2.9. რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. იმავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის უარი არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემაზე კანონს არ ეწინააღმდეგება, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოობა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით, მაშინ როცა კანონით მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია პირადობის მოწმობა, ხოლო პირადობის ელექტრონული მოწმობა კანონმდებლის მიერ "შეიძლებას" სახით და არა იმპერატიული მოთხოვნის სახით არის დაშვებული. "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სავალდებულოა მოქალაქეს თავისი ვინაობის, მოქალაქეობისა და საცხოვრებელი ადგილის დასადასტურებლად ჰქონდეს პირადობის დამდასტურებელი ძირითადი დოკუმენტი - პირადობის მოწმობა, რომლის ფორმა და შემადგენელი ელემენტები განსაზღვრულია კანონის 14.1, 14.3 მუხლებით. რაც შეეხება სასამართლოს მიერ სავალდებულოდ დადგენილად მიჩნეულ ე.წ. :პირადობის ელექტრონულ მოწმობას“, კანონის 14.4 მუხლის საფუძველზე, დაშვებულია "შეიძლება"–ს სახით, რაც მის სავალდებულოობას არცერთ შემთხვევაში არ ადგენს. კანონმდებლის იმპერატიული მოთხოვნაა, მოქალაქემ აიღოს პირადობის მოწმობა, მაგრამ როგორი სახით, ეს მის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე იქნება განსაზღვრული და არა იძულებით, მოტყუებით, შეფარვით შედგენილი კანონქვემდებარე აქტების ძალმომრეობით გამოყენების გზით. სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, არამედ ავსებს და აკონკრეტებს ცალკეულ დებულებებს და სადავო ურთიერთობანიც განხილული იქნება მითითებული ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით. სასამართლოს მითითება უსაფუძვლოა, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის 98-ე ბრძანების 25-ე მუხლს, მთელი სარჩელი აგებულია იმ უდავო ფაქტზე, რომ კანონი ცალსახად ადგენს ძირითადად არაელექტრონულ პირადობის მოწმობას, რომელსაც გასცემს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, ხოლო "შეიძლება"-ს სახით, როგორც გამონაკლისად დაშვებული ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭათ იმ სამსახურებს, რომელთაც ეს უფლება განესაზღვრებათ იუსტიციის მინისტრის 13.07.2012წ. N118 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულებით, რომლის თანახმად, სწორედაც, რომ კანონის საწინააღმდეგოდ ყველა ტერიტორიული სამსახურებისათვის ელექტრონული პირადობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებით გაურკვეველი გახდა როგორც კანონით სააგენტოსათვის მინიჭებული უფლება - გასცეს პირადობის მოწმობა 4-10 წლის ვადით, სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით, ისე N98 ბრძანების 25-ე, 58-ე მუხლებით ტერიტორიული სამსახურების მიერ არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის აღსრულება.
3.2. აპელანტის მოსაზრებით, მართალია, სასამართლომ გამოიყენა კანონი, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ მის მიერ გამოყენებულია საქართველოს კონსტიტუცია, „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ვრცლად არის საუბარი "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონზე და მის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე აქტზე - N98 ბრძანების 25-ე მუხლზე, მაგრამ სარჩელის სამართლებრივი საფუძვლის - კანონის 11.1, 13.1, 14.3 მუხლების არასწორი განმარტების შედეგად, მიღებულია არაობიექტური გადაწყვეტილება. სასამართლომ გააკეთა არასწორი განმარტება, თითქოსდა 1996 წლიდან მოქმედ კანონში 2011 წლის ივლისიდან შეტანილი ცვლილების საფუძველზე, "შეიძლება"-ს სახით გამონაკლისით შესული ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოობა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ N98 ბრძანებაც გამოცემულია კანონის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია ბრძანების (ერთადერთი საქმე, სადაც სასამართლომ ტრაფარეტულად არ გადმოიტანა სხვა საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილება და სწორად მიუთითა კანონის ნაცვლად ბრძანების პრეამბულა) პრეამბულაში, მაშინ, როცა კანონის 14.1 მუხლის თანახმად, პიროვნების დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტი - პირადობის მოწმობა, რომელიც არის ორგვერდიანი, ივსება ქართულ ენაზე, აფხაზეთში აფხაზურ ენაზე, "შეიძლება" შეიცავდეს ელექტრონულ ინფორმაციის მატარებელს და იგი იწოდება პირადობის ელექტრონული მოწმობად, რომელიც მსგავსად არაელექტრონულისა, არის ორგვერდიანი, ოღონდ განსხვავებით არაელექტრონულისაგან, ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ელექტრონული მოწობა უნდა შეიცავდეს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელს, რომელიც თავისი ტევადობით შემდგომში შესაძლებელს ხდის მისი მფლობელის სხვადასხვა პირადი ინფორმაციით შევსებას მოწმობის გამოცვლის გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (15.02.2017წ. გადაწყვეტილება, საქმე N3/1/659, მოქ. ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), კანონმდებლის მიერ "შეიძლება"-ს სახით დაშვება წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს, სწორედაც რომ კანონით საერთო წესით ძირითადად გასაცემი არაელექტრონული პირადობის მოწმობიდან დაშვებულია გამონაკლისი "შეიძლება"-ს სახით შემოტანილი ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის თვალსაზრისით. სწორედ ამ გამონაკლისის შესასრულებლად დაუშვა კანონმდებელმა კანონის 13.1 მუხლით განსაზღვრული პირადობის მოწმობის გამცემი ტერიტორიული სამსახურებიდან იმ ნაწილის გამოყოფა, რომლებიც უფლებამოსილი იქნებოდნენ გაეცათ ელექტრონული პირადობის მოწმობა, თუმცა ეს სამსახურები მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილებით არ შეზღუდა კანონმდებელმა, არამედ ამ სამსახურებისათვისაც დაუშვა გამონაკლისი 6 თვის ვადით არაელექტრონულის ობიექტური გარემოებების არსებობისას გაცემაზე, თუმცა სასამართლოს მიერ სავალდებულოდ დადგენილად მიჩნეულია მხოლოდ მეორე ნაწილი, რაც შეეხება პირველ ნაწილს, ძირითადად, საერთო წესით დადგენილი არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით - საერთოდ უარყოფილია, რის გამოც, სარჩელის მოთხოვნა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა არა იმ გარემოებით, რომ სარჩელის მოთხოვნა მიმართულია არაუფლებამოსილი მოპასუხის მიმართ, არამედ იმ საფუძვლით, რომ კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს არაელექტრონული პირადობის მოწმობის 4-10 წლის ვადით გაცემას. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი - N98 ბრძანება, სწორედაც, რომ გამოცემულია კანონის 20.2 მუხლის შესასრულებლად, შესაბამისად, ის უნდა ითვალისწინებდეს არამარტო უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მიერ პირადობის ელექტრონული მოწმობის, ხოლო ობიექტური პირობების არსებობისას არაელექტრონული პირადობის მოწმობის 6 თვის ვადით გაცემის უზრუნველყოფას, არამედ კანონის 13.1 მუხლით განსაზღვრული ე.წ. არაუფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი პირადობის არაელექტრონული მოწმობის 4-10 წლის ვადით გაცემის პირობებსაც, რასაც 98-ე ბრძანება კანონის საწინააღმდეგოდ საერთოდ არ ითვალისწინებს (თუ არ ჩავთვლით მითითებული ბრძანების 25.2 მუხლის მე-2 წინადადებას და გარდამავალი დებულების 58.1 მუხლის დანაწესს, არაუფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურის მიერ პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა საერთოდ განხილვის გარეშეა, მაშინ, როცა კანონის 13.1 მუხლისა და 14.2 მუხლის პირველი წინადადების დანაწესით, "პირადობის მოწმობის გაცემა და შეცვლა უნდა უზრუნველყოს სააგენტომ ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით 4-10 წლის მოქმედების ვადით", თუმცა 98-ე ბრძანების 27-ე მუხლში ცალსახად მითითებულია, რომ პირადობის მოწმობა გაიცემა უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების მიერ, რაც თავისთავად ეწინააღმდეგება კანონის 13.1 მუხლის დანაწესს და ფაქტიურად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 7.7 მუხლის საწინააღმდეგოდ გამოცემული N118 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს დებულების საფუძველზე, ყველა ტერიტორიული სამსახურისათვის ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებით, 98-ე ბრძანების 27-ე მუხლის დანაწესით, „ნორმატიული აქტების შესახებ კანონის“ 7.7 მუხლის თანახმად, უკანონოდ გაუქმებულია კანონის 13.1 მუხლით სააგეტოსათვის მინიჭებული უფლებამოსილება - გასცეს და შეცვალოს არაელექტრონული პირადობის მოწმობა 4-10 წლის ვადით. აღნიშნული სასამართლოს არც გამოუკვლევია და არც არანაირი შეფასება არ გაუკეთებია.
3.3. აპელანტის განმარტებით, მართალია, სასამართლო მიუთითებს კანონის დანაწესზე (13.1, 14.1 მუხლებზე და ა.შ.), თუმცა აკეთებს არასწორ განმარტებას და დასკვნებს: “კანონმდებელი ადგენს, რომ პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შესაძლებელია გაიცეს მხოლოდ ობიექტურ მიზეზთა გამო, შესაბამისად კანონმდებელმა პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემა დაუშვა საგამონაკლისო წესით, რომელიც სუბიექტურ განწყობას და სურვილს არ ითვალისწინებს. კანონქვემდებარე აქტის შესაბამისი ნორმა (წესის მუხ.25) არ მოდის წინააღმდეგობაში საკანონმდებლო აქტის ნორმებთან, კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რაც თავად ამ ნორმებშია მითითებული“. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციებით სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა (თუმცა, კანონის რომელი მუხლის საფუძველზე აკეთებს სასამართლო ამ დასკვნას გადაწყვეტილებაში, მითითებული არ არის), კანონმა არ გაითვალიწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ მოქალაქეთა ინტერესების დაცული იქნეს მათი პირადი დოკუმენტაციის გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით“. აპელანტის განმარტებით, აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა და არავითარი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შესწავლილია იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე პირადობის მოწმობის გაცემის საკითხი და იმის გამო, რომ მოპასუხის ქმედებით ადგილი აქვს მოქალაქის უფლებების დარღვევას, ჯერ კიდევ 2014 წელს შემუშავებულ იქნა რეკომენდაცია, სადაც მითითებულია, რომ 2004 წელს ევროკავშირის საბჭომ მიიღო დადგენილება ბიომეტრიული მონაცემების პასპორტებში და სამგზავრო დოკუმენტებში და არა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში (რომელიც გაიცემა წევრ სახელმწიფოთა მოქალაქეებზე) შეტანის შესახებ. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება იმ დოკუმენტებზე, რომელიც გამოიყენება ქვეყნის საზღვრების გადაკვეთის შემთხვევაში, რაც თავისთავად ადგენს, რომ აღნიშნული არ ვრცელდება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე, რომელსაც სახელმწიფო გასცემს თავის მოქალაქეზე მისი მოქალაქეობის, ვინაობისა და საცხოვრებელი მისამართის დადასტურების მიზნით. კომიტეტი აღნიშნავს, რომ ბიომეტრიული მონაცემების გაცემა პირის ავტონომიური ნებიდან უნდა გამომდინარეობდეს და არა იძულებიდან. ამ შემთხვევაში პირის არჩევანი შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა ასპექტით, როგორიცაა: პიროვნული თავისუფლება, ინფორმაციული თვითგამორკვევა და ა,შ, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა - მიიღოს არაელექტრონული მოწმობა სავსებით ლეგიტიმურია, რათა არ დარჩეს სამართლებრივ სივრცის მიღმა და კონსტიტუციური უფლებების გარეშე. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი აქვს მოსარჩელის იძულებას აიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა, რომელიც იმის გამო, რომ თავისი ნებით უარს აცხადებს კანონმდებლის მიერ არაელექტრონული პირადობის მოწმობის საერთო წესიდან გამონაკლისის სახით " შეიძლება"-ს სახით დაშვებული ელექტრონული მოწმობის მიღებაზე, თავისთავად იძულებულია, უარი თქვას მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებზე: მიიღოს ხელფასი, ისარგებლოს ჯანდაცვით და ა.შ., მხოლოდ იმის გამო, რომ შესრულდეს ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც ითვალისწინებს პასპორტებში და სამგზავრო დოკუმენტებში ბიომეტრიული მონაცემების შეტანას და არა ქვეყანაში პირადობის მოწმობების ელექტრონული სახით სავალდებულოობას. იუსტიციის მინისტრმა კანონქვემდებარე აქტით - 2012 წლის 13 ივლისის N118 ბრძანებით, სააგენტოს ყველა ტერიტორიულ სამსახურს მიანიჭა ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება, რითაც გააუქმა როგორც კანონით, ისე N98 ბრძანების 58.1 მუხლით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებისათვის მინიჭებული უფლება, გასცენ არაელექტრონული პირადობის მოწმობა 4-10 წლის ვადით, იმის გამო, რომ მისი გამცემი ტერიტორიული სამსახური აღარ არსებობს, სააგენტო კი თვითონ არ ახდენს პირადობის მოწმობის გაცემას და შეცვლას. აღნიშნულზე სასამართლო რაიმე განმარტებას არ აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს კანონზე და არა მის შესასრულებლად კანონის შეუსაბამოდ გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე. სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, თუმცა არანაირი შეფასება არ არის გაკეთებული მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებთან მიმართებაში და როგორც მოპასუხე, სასამართლოც ცდილობს საკითხი მოაქციოს კანონმდებლის მიერ არაელექტრონული პირადობის მოწმობის საერთო წესიდან გამონაკლისის სახით დაშვებული ელექტრონული პირადობის მოწმობის ამოქმედებასთან დაკავშირებით კანონის 14.10 მუხლის საფუძველზე, იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემული N98 ბრძანების 25-ე მუხლის პირობებში, რაც ყოვლად დაუშვებელია და საკითხის არასრულად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, არაობიექტური გადაწყვეტილების მიღების საფუძველია. სასამართლო ვალდებულია, სრულად გამოიკვლიოს და სწორი განმარტება მისცეს როგორც ძირითად კანონს, ისე საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ადგენს მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებს და ა.შ. ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (10.12.1948წ.), რომლის მე-4 მუხლის თანახმად, არავინ არ უნდა იმყოფებოდეს ძალმომრეობით მორჩილებაში.
3.4. აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, საერთოდ არანაირი განმარტება არ არის გაკეთებული იმ ძირითად მუხლებსა და პუნქტებზე, რომლებიც სწორედაც, რომ ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნის კანონიერებას. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონის 13.1 მუხლი ადგენს, რომ პირადობის მოწმობის (და არამხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობის, როგორც ამას სასამართლო ადგენს თავისი დასკვნებით) გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო, ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით, 18 წლამდე პირებზე - 4 წლის მოქმედების ვადით; 18 წელს მიღწეულ პირებზე - 10 წლის მოქმედების ვადით, თუმცა აქვე აკეთებს დიფერენცირებას (14.10 მუხლი): "ხოლო ის ტერიტორიული სამსახური, რომელიც უფლებამოსილია გასცეს პირადობის ელექტრონული მოწმობა განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, რომელიც ამავე დროს უფლებამოსილია გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა მხოლოდ ობიექტური პირობების არსებობის დროს 6 თვის ვადით". მოცემულ ტექსტში, სიტყვა "ხოლო"-ს კანონმდებლის მიერ გამოყენება ნათლად ადგენს, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებიდან, რომლებიც კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე ახორციელებენ სააგენტოს უფლებამოსილებას გასცეს და შეცვალოს პირადობის მოწმობა, გამოყოფილია ის სამსახურები, რომელთაც ამავე კანონის მე-14 მუხლის 3.10 პუნქტის საფუძველზე, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება ძირითადად მხოლოდ გასცენ პირადობის ელექტრონული მოწმობა, რაც არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობის სავალდებულოდ და ერთადერთ დოკუმენტად დადგენად, როგორც ამას აცხადებს და დადგენილად მიიჩნევს სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
3.5. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ კანონის 14.10 მუხლის საფუძველზე, იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანებით ტერიტორიულ სამსახურებს მინიჭებული აქვთ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილება, თუმცა წარმოდგენილ სარჩელში მხარედ ტერიტორიული სამსახური ჩართული არ არის. სასამართლომ არ გამოარკვია და საერთოდ არ იმსჯელა: სააგენტოს, რომელსაც ევალება გასცეს და შეცვალოს პირადობის მოწმობა ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით, აქვს თუ არა ან/და უნდა ჰქონდეს კი ასეთი ტერიტორიული სამსახური, რომელიც კანონის 13.1 მუხლის თანახმად, ვალდებულია გასცეს და შეცვალოს პირადობის მოწმობა 4-10 წლის ვადით? სწორედაც რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ 7.7 მუხლის გათვალისწინებით, იუსტიციის მინისტრის N118 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით, სააგენტოს ყველა ტერიტორიული სამსახურისათვის პირადობის ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭება არ შეიძლება ჩაითვალოს სააგენტოსათვის კანონით მინიჭებული პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების გაუქმების საფუძვლად, თუმცა სასამართლოს აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი განმარტება არ გაუკეთებია, რამეთუ მიღებული გადაწყვეტილებით ცალსახად ადგენს, რომ კანონმდებლობით სავალდებულოა მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემა. ასევე სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა სიტყვა „შეიძლება“-სთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რამეთუ "შეიძლება" თავისთავად, არ უნდა იქნეს გაგებული, სახელმწიფოსათვის მინიჭებულ უპირობო თავისუფლებად. კანონმდებლისთვის რაიმე შესაძლებლობის მინიჭება არ ნიშნავს მისი ქმედების აბსოლუტურ თავისუფლებას (საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება N3/1/659, საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), მითუფრო, იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი ხელისუფლების განხორციელებისას შებოჭილია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, რაც მას არ აძლევს შესაძლებლობას, თვითმიზნური, არაგონივრული და არაპროპორციული საშუალებების გამოყენებით, შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი დაუშვებს კონსტიტუციით დადგენილი ზოგადი წესიდან გამონაკლისს და დაადგენს პირისათვის კონსტიტუციის მინიჭებული უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, მას მოეთხოვება ასეთი გადაწყვეტის აუცილებლობის დასაბუთება, რაც მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. მოპასუხის განმარტებით, რაც ასევე გაზიარებულია სასამართლოს მიერ, ელექტრონული პირადობის მოწმობის იძულებით გავრცელება ემსახურება მოქალაქეთა ინტერესს, მათი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცულობას, რაც სასამართლოსათვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა "შეიძლება"-ს სახით დაშვებული ელექტრონული პირადობის მოწმობის სავალდებულოდ დადგენისათვის. მოსარჩელის აზრით, კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებების გათვალისწინებით აღნიშნული უნდა განხორციელდეს მოქალაქის ნებით შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, რასაც ითვალიწინებს კანონი, როცა აწესებს პირადობის მოწმობის მისაღებად შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის აუცილებლობას, და არა იძულებითი მორჩილების საფუძველზე, ამასთანავე, N98 ბრძანების 58.2 მუხლში პირდაპირ არის მითითებული "დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში", ან/და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეზე მხოლოდ მისი სურვილის შემთხვევაში გაიცემა ელქტრონული პირადობის მოწმობა. N118 ბრძანების 25-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის ერთ-ერთ ობიექტურ გარემოებას წარმოადგენს "პირის მიერ ნების გამოხატვის შეუძლებლობა, რაც დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი ცნობით" და ა.შ. ზოგიერთისათვის საჭიროა ნება-სურვილი, ზოგიერთისათვის არა? ხომ არ ირღვევა მოქალაქეთა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი? რა თქმა უნდა, არც ეს საკითხი ყოფილა სასამართლოს მსჯელობის და შეფასების საგანი. საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ პარლამენტის ადამიანის უფლებადათა დაცვის კომიტეტის რეკომენდაციაში ცალსახად დადასტურებულია მოქალაქეთა უფლებების დარღვევის და მათი მოთხოვნის ლეგიტიმურობა, რაც სასამართლოს მიერ საერთოდ შეფასების გარეშეა დატოვებული.
3.6. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა იმ უდავო ფაქტს, რომ კანონით აკრძალული არ არის მუდმივად მოქმედი პირადობის არაელექტრონული მოწმობები (განსხვავებით პასპორტისაგან), რომლებითაც სარგებლობენ მოქალაქეები და ნამდვილად არ მიეკუთვნებიან ბრძანების 25-ე მუხლში მითითებულ პირებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის პირადობის მოწობის გაცემაზე სასამართლო გადაწყვეტილებით უარის თქმა და იმაზე მითითება, თითქოს კანონმდებლობა და კანონქვემდებარე აქტები არ იცნობენ სხვა პირადობის მოწმობას, კონსტიტუციით აღიარებული მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევაა, როგორც მოსარჩელის - მუდმივად მოქმედი პირადობის მოწმობის მქონე პირის, ისე 25-ე მუხლით მოსარგებლე პირებთან მიმართებაში. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმი. ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის N1/1/493 გადაწყვეტილება, საქმეზე: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - 1). სასამართლომ განმარტა, თითქოს მოპასუხე იცავს მოქალაქის ინტერესებს, როცა აიძულებს მისი ნების საწინააღმდეგოდ აიღოს ტექნიკურად პროგრესული პირადობის ელექტრონული მოწმობა, მაშინ, როცა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (1948წ.) მე-4 მუხლით იკრძალება ყოველგვარი ძალმომრეობა და იძულებით მორჩილებაში ყოფნა. კანონმდებელი ადგენს, რომ მოქალაქის ვინაობა, მოქალაქეობა, საცხოვრებელი მისამართის დადასტურება ხდება პირადობის მოწმობით, მხოლოდ და მხოლოდ ამ ინფორმაციის დასადასტურებლად. მოპასუხე მხარეს არანაირი მტკიცებულება ელექტრონული პირადობის მოწმობის მაღალტექნოლოგიურად დაცვის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია. სრულყოფილი ბუნებაში არაფერი არ არსებობს, ელექტრონული პირადობის მოწმობის საინფორმაციო ბაზის გატეხვის არაერთი შემთხვევაა ცნობილი. დღეს როცა კიბერდანაშაული იმ სიმაღლეებზეა, რომ დაინტერესებულ პირებს არ უჭირთ პენტაგონის, ნატოს ინტერნეტსივრცეში შესვლა, სახელმწიფო უზრუნველყოფს და იძლევა გარანტიას ელექტრონული პირადობის მოწმობის სრულ დაცულობაზე? ეს არ არის საფუძველი იმისა, რომ იუსტიციის მინისტრმა (და არა კანონმა) კანონის შეუსაბამოდ გამოცემული კანონქვემდებარე აქტით აიძულოს მოქალაქე მისი ნების საწინააღმდეგოდ მიიღოს ის პირადობის მოწმობა რომელსაც თვითონ ირჩევს. რითი იზღუდება სახელმწიფო, ან/და რაში ეშლება ხელი სახელმწიფო ორგანოებს მოსარჩელისათვის პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაცემით, რა აღმატებული ინტერესია (იმის გარდა რასაც გვიცხადებენ და რეალურად რა დანიშნულებითაა ეს მხოლოდ მათთვის არის ცნობილი) სახელმწიფოსი, რომლისათვისაც მოქალაქემ უარი უნდა განაცხადოს ამავე სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციით, არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით (მათ შორის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით) დადგენილი პიროვნების თავისუფლებაზე, კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობაზე და ა.შ. არც სასამართლოზე ყოფილა მოპასუხის მხრიდან დასაბუთებული და არც სასამართლოს შეუფასებია ეს გარემოება თავის გადაწყვეტილებაში. თანაზომიერების პრინციპის თანახმად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე: „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის N2/3/540 გადაწყვეტილება, საქმეზე: „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - 2 მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლოს არ გამოუკვლევია: მოპასუხე რომელი ტერიტორიული სამსახურის მეშვეობით ახორციელებს პირადობის მოწმობის გაცემას (არაელექტრონული პირადობის მოწმობა) 18 წლამდე, 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირებზე - 10 წლის ვადით. კანონმდებლის დანაწესით, აღნიშნული უფლებამოსილება ხომ ორივე სახის პირადობის მოწმობაზე ვრცელდება? რატომ არ მოხდა მოპასუხის მიერ ზაკ-ის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება? კანონმდებელმა მიანიჭა უფლებამოსილება იუსტიციის მინისტრს, გამოეცა ბრძანება და განესაზღვრა პირადობის ელექტრონული მოწმობის გამცემი ტერიტორიული სამსახურები, რაც მის მიერ განხორციელდა 15.07.2011წ. N93 ბრძანებით, როცა ცვლილება შევიდა N213 ბრძანებაში და გაკეთდა დეფინიცირება, რომელ სამსახურებს შეეძლოთ გაეცათ ელექტრონული მოწმობა და რომელს არა, შემდგომში კი, ერთი წლის თავზე, უკვე იუსტიციის მინისტრის 13.07.2012წ. N118 ბრძანებით დამტკიცებული ტერიტორიული სამსახურების დებულებით ტერიტორიულ სამსახურისათვის ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებით გაურკვეველი გახადა კანონით დადგენილი არაელექტრონული პირადობის მოწმობის გამცემი ორგანოს არსებობა, თუმცა კანონის 13.1 და 14.2 მუხლებით განსაზღვრული პირადობის მოწმობის მოქმედების ვადა - 10 წელი მოქმედებდა "შეიძლება"-ს სახით ელექტრონული პირადობის მოწმობის დაშვებამდეც და დღესაც იმავე სახით არსებობს, რატომღაც კანონმდებელმა არ ჩათვალა საჭიროდ მათში ცვლილების შეტანა (იმიტომ ხომ არა, რომ ტერიტორიულ სამსახურებს უნდა გაეგრძელებინათ იმავე ფუნქციის განხორციელება, ხოლო არსებული ყველა ტერიტორიული სამსახურებიდან გარკვეული ნაწილისათვის ელექტრონული პირადობის მოწმობის უფლებამოსილების მინიჭებით მოხდა იმ ტერიტორიული სამსახურის გამოყოფა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გასცენ ელექტრონული პირადობის მოწმობა, ხოლო ობიექტური გარემოებების არსებობისას არაელექტრონული 6 თვის ვადით?). სასამართლოს მხრიდან არანაირი შეფასება არ მიეცა საკონსტიტუციო სასამართლოს 11.11.2014წ. (საქმე N2/604 - თენგიზ ლატარია საქართველოს პარლამენტის, და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ) განმწესრიგებელ სხდომაზე სასამართლოს თავმჯდომარის - ზაზა თავაძის განმარტებას, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ კანონის 14.10 მუხლი არცერთ შემთხვევაში არ ადგენს ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას, თუმცა მოპასუხეთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და თვით სასამართლოს გადაწყვეტილებაც ეყრდნობა სწორედ კანონის 14.10 მუხლს და მითითებული განმარტებას მოცემულ საქმეზე არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად.
3.7. აპელანტის მოსაზრებით, ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ სახეზეა „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის დარღვევა, რამეთუ ამავე კანონის 7.7, 7.9 მუხლების გათვალისწინებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი უნდა შეესაბამებოდეს კანონს, რომლის შესასრულებლად იქნა ის გამოცემული. ფაქტია, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ კანონის შესრულების მიზნით გამოცემული როგორც N118, ისე N98 ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის დანაწესს, პირადობის არაელექტრონული მოწმობის 18 წლამდე 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირებზე - 10 წლის ვადით გაცემისა და შეცვლის შესახებ, სააგენტოს მიერ ე.წ. არაუფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურების (რომლებიც 118-ე ბრძანების გამოცემამდეც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ახორციელებდნენ პირადობის მოწმობის გაცემას 4-10 წლის ვადით) მეშეობით, თუმცა სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აღნიშნული გარემოებების გამოკვლევის გარეშე უსაფუძვლოდ აცხადებს, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები არ არის კანონთან წინააღმდეგობაში და გადაწყვეტილების დასაბუთებისათვის დასკვნებს აკეთებს სწორედ „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის დარღვევით მიღებულ კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მიერ კანონის სისტემურ და ლოგიკურ განმარტებაზე მითითებას, თუმცა, ამავე დროს, მთელ გადაწყვეტილებას ადგენს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანების სისტემურ და ლოგიკურ განმარტებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ-------------–-–---–---------ის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას 2016 წლის 19 დეკემბერს გაუვიდა ვადა და მან 2017 წლის 09 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობების გაცემა, რაზეც უარი ეთქვა (ს.ფ. 14-17).
4.3. ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უარი 2017 წლის 27 ნოემბერს მოსარჩელემ გაასაჩივრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 06 დეკემბრის N--------- წერილით ნ-------------–-–---–---------ეს ეცნობა, რომ ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წერილი არის ინფორმაციული ხასიათის, სააგენტოს არ შეუძლია განიხილოს მოსარჩელის 2017 წლის 27 ნოემბრის N------ წერილობითი მიმართვა როგორც ადმინისტრაციული საჩივარი და იმსჯელოს მის ბათილად ცნობაზე. მოსარჩელეს ასევე განემარტა, რომ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის მიღების სურვილის შემთხვევაში უნდა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლს და წარადგინოს დოკუმენტები (ს.ფ. 18-21).
სამართლებრივი დასაბუთება
4.4. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.5. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მასზე გასცეს პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის უნდა გაირკვეს, კანომდებლობით დაშვებულია თუ არა ამგვარი შესაძლებლობა. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს რაიონული სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. ამავე ორგანული კანონის მე-7 მუხლი ადგენს ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართებას. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.
4.6. რაიონულმა სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მათი სავალდებულო მოქმედების ძალა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ მიღებულია საკანონმდებლო აქტის - „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია ბრძანების პრეამბულაში. მოცემულ შემთხვევაში, კანონქვემდებარე აქტი ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე აქტის შესაბამისი ნორმა (მოსარჩელის მითითებით წესის 25-ე მუხლი) წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის ნორმებთან და საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანების გამოცემა გამოწვეული იყო შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, სააპელაციო პალატაც არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას ნორმატიული აქტების იერარქიით დადგენილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთქმედებით სამართლებრივი განსაზღვრულობის დარღვევის შესახებ და მიიჩნევს, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, არამედ ავსებს და აკონკრეტებს ცალკეულ დებულებებს და სადავო ურთიერთობაც განხილული იქნება მითითებული ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება: კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ემიგრაციისა და იმიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოქალაქისა და სახელმწიფოს სამართლებრივი კავშირი განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით. ეს კავშირი ამ ფაქტორების კომპლექსური ნაზავია და არის ორის სუბიექტის - სახელმწიფოს, როგორც უმაღლესი სუვერენის, ძალაუფლების მპყრობელისა და მოქალაქის, როგორც „სახალხო სუვერენიტეტის“, სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს ურთიერთობა. აღნიშნული ურთიერთობა შედგება პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური და ზნეობრივ უფლებებით და რაც მთავარია, ამ სუბიექტებს შორის, უფლებების გარდა, არსებობს ურთიერთვალდებულებები. მოცემულ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, ამ ორი სუბიექტის - მოქალაქის (მოსარჩელე) და სახელმწიფოს (მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო) შორის წარმოქმნილი პრობლემის არსის გაანალიზება-გარკვევა და შესაბამისად, წინამდებარე დავის საგნის შინაარსიდან გამომდინარე, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების დებულებების განმარტება უნდა მოხდეს თითოეული მხარის როგორც უფლებების, ისე ვალდებულებების ჭრილში.
4.7. რაიონულმა სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. ამავე კანონის III თავით განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების წესი. კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქისა პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს (მე-12.1 მუხლი). ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე ნორმის მე-10 პუნქტით კი დადგენილია, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ-------------–-–---–---------ემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა საქართველოს მოქალაქის ახალი პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.
4.8. ადმინისტრაციული ორგანოს 2017 წლის 13 ნოემბრის N--------- წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ თანახმად, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაცემულიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელი იყო პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა და იგი არ გაიცემოდა გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოსარჩელე არ იზიარებს აღნიშნულ განმარტებას და მიუთითებს, რომ კანონი მას აძლევს საშუალებას (ალტერნატივას) მიიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა მაშინ, როდესაც კანონქვემდებარე აქტი ამის ვალდებულებას შეიცავს, რის გამოც მიიჩნევს, რომ კანონის მოქმედების პირობებში, მასზე არ უნდა გავრცელდეს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ვალდებულება, რამეთუ მოსარჩელე მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას უკავშირებს ნების გამოვლენას, სახელმწიფოს მიერ ალტერნატიული შემოთავაზებიდან პირადობის მოწმობისა და ელექტრონულ პირადობის მოწმობას შორის არჩევანის გაკეთების თვალსაზრისით.
4.9. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (შემდგომში – პასპორტი), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის (შემდგომში – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. წესის III თავით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის წესი. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია პირადობის მოწმობა. ამავე წესის 25-ე მუხლით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის სახეები. მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა ნორმატიული აქტის მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სახით განმარტება და მიუთითა, რომ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ სისტემური და ლოგიკური განმარტების შედეგად უნდა მივიჩნიოთ, რომ კანონმდებლის ნებაა საქართველოში გაიცეს, როგორც წესი, პირადობის მოწმობები ინფორმაციის ელექტრონული მატარებლით, ხოლო მის გარეშე მხოლოდ გამონაკლის - კანონითვე გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4.10. რაიონულმა სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დროებითი მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია წესის 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ობიექტური გარემოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, არამედ, იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ამასთან, ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს, რომ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არა უმეტეს 6 თვემდე ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო. სადავო არ არის, რომ იმ დროს, როდესაც მოსარჩელე ითხოვდა არალექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას, სახეზე არ იყო წესის 25-ე მუხლით დადგენილი რომელიმე ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას განმცხადებელზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევიან იმის დაშვების უფლებას, რომ გაცემული იქნეს არალექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებში არის მითითებული. სახელმწიფომ, საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო. იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა, დაწესდა მხოლოდ ამ დოკუმენტის მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა. შესაბამისად, მოსარჩელეს, რომლის პირადობის მოწმობას მოქმედებას ვადა გაუვიდა, შესასრულებლად სავალდებულოდ განისაზღვრა ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღება. კანონმა არ გაითვალისწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ სახელმწიფო, გარკვეული სახის რეგულაციების მიღებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთო სამართლებრივი მიზნების გაერთიანების შედეგად არის მიღებული, რათა დაცული იქნეს მოქალაქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციისა გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით. მოსარჩელე, არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სურვილს უკავშირებს მისი, როგორც მოქალაქის არჩევანის უფლების მქონე სუბიექტის უფლებას და ითხოვს კანონის ნორმების მისი ნების შესაბამისად განმარტებას. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ კანონის განმარტებისას მართლმსაჯულება ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას და სურვილს, თუნდაც მისი არგუმენტაცია დასაბუთებულობის მაღალი ხარისხის მქონეს წარმოადგენდეს. მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და იყოს ლეგიტიმური. მოთხოვნა კანონიერია, თუ მსგავსი მდგომარეობა ასახულია კანონში, ხოლო მოთხოვნა ლეგიტიმურია, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არღვევს კანონში ასახულ და განმტკიცებულ დებულებებს, რომლის გამოც ილახება მოქალაქის უფლება და ინტერესი. რაიონულმა სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მისი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოსარჩელის ინტერესი მხოლოდ მაშინ არის დაცვის ღირსი, როდესაც ეს ინტერესი პატივსადებია და შესაბამისად, კანონით არის დაცული. ხოლო ინტერესი, რომელიც სცდილდება კანონით დადგენილ წესებს, ვერ იქნება სასამართლოს მსჯელობის საგანი. დავის გადაწყვეტის მიზნით გამოსაყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა. აღნიშნული ქმედების განხორციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-------------–-–---–---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
თავმჯდომარე მერაბ ლომიძე
მოსამართლეები მირანდა ერემაძე
გიორგი ტყავაძე