განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100118002617249
საქმე №1/ბ-690-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის და მსჯავრდებულ დ----- ს-----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ------ ა---------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) დ----- ს-----------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 1----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ-------------–--------–----------------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზესტაფონოს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის განაჩენით:
დ----- ს-----------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 მაისის დაახლოებით 12:00 საათის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 მაისის დაახლოებით 15:30 საათის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 მაისის დაახლოებით 12:00 საათის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 მაისის დაახლოებით 15:30 საათის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ დ----- ს-----------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, დ----- ს-----------ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა 118 კილოგრამის ოდენობით სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი, რაც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.
დ----- ს-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: დ----- ს-----------ის მიერ უკანონოდ მოპოვებული წიაღისეულიდან აღებული სინჯები, ლუქის ნომრებით: N3------ და N3------, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკებზე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოდან გადმოგზავნილი CD დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- ს-----------ემ ჩაიდინა წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
დ----- ს-----------ე ითვლებოდა რა სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებულად, 2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქალაქ ზესტაფონში, რ---------–-----------, უკანონოდ მოიპოვა 28 კგ. სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი, რითაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 200.03 ლარი.
დ----- ს-----------ე ითვლებოდა რა სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებულად, 2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქალაქ ზესტაფონში, რ---------–-----------, უკანონოდ მოიპოვა 90 კგ. სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი, რითაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 200.09 ლარი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზესტაფონოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---- ს-----ემ და მსჯავრდებულ დ----- ს-----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ფ------ ა---------მა.
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---- ს-----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩვრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ დ----- ს-----------ისთვის თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და გარემოსათვის მიყენებულ ზიანს, შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
მსჯავრდებულ დ----- ს-----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ფ------ ა---------მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და დ----- ს-----------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2018 წლის 20 აპრილს შეტანილი ცვლილებით, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 10 მაისს, მითითებული კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: წიაღით (გარდა მიწისქვეშა მტკნარი წყლისა) სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ. 2018 წლის 20 აპრილს ასევე ცვლილება შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლში _ „წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე“. დ----- ს----------ე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლით სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და ადმინისტრაციული სახდელები დაედო 2018 წლის 10 მაისამდე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის. 2018 წლის 20 მაისს მან კვლავ მოიპოვა სათანადო ლიცენზიის გარეშე სილიკომანგანუმი და იმის გამო, რომ უკვე ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი დადებული, მისი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით. აპელანტის _ ადვოკატ ფ------ ა---------ის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების, ე.ი. 2018 წლის 10 მაისის შემდეგ უნდა მომხდარიყო დ----- ს-----------ისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადება და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლებოდა იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის და მსჯავრდებულ დ----- ს-----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ------ ა---------ის სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათი მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის წარმომადგენლის - გ---- თ-------ს გამოკითხვის ოქმით; მოწმეების - ი-–-- ხ-------ის, თ------- ც------ის, თ------- ჩ--------ისა და რ----- ხ-------ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით; ამოღების ოქმებით; დ----- ს-----------ის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ დ----- ს-----------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის არგუმენტებს დ----- ს-----------ის გამართლების თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის დროა ის დრო, როდესაც მოქმედებდა ამსრულებელი ან თანამონაწილე ანდა უნდა ემოქმედა მას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლში 2018 წლის 20 აპრილის კანონით შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმად, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „წიაღით (გარდა მიწისქვეშა მტკნარი წყლისა) სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ან წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“, ამოქმედდა 2018 წლის 10 მაისს. საქმის მასალებით დადგენი-–--, რომ დ----- ს-----------ეს სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელი დაედო 2018 წლის 7 თებერვლის, 2018 წლის 8 თებერვლის, 2018 წლის 21 თებერვლის, 2018 წლის 14 მარტის, 2018 წლის 19 მარტის, 2018 წლის 3 აპრილის, 2018 წლის 27 აპრილის, 2018 წლის 30 აპრილის და 2018 წლის 14 მაისის დადგენილებებით. ამდენად, ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის დროს _ 2018 წლის 20 მაისს იგი ითვლებოდა ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირად, თანახმად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39-ე მუხლისა. 2018 წლის 20 მაისს, სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებულმა დ----- ს-----------ემ კვლავ ჩაიდინა ასეთი ქმედება და სათანადო ლიცენზიის გარეშე მოიპოვა სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენები, რაც იმ დროისათვის უკვე წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯად ქმედებას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დ----- ს-----------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას და სწორად დააკვალიფიცირა იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც არ არსებობს ადვოკატ ფ------ ა---------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დ----- ს-----------ისათვის თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
მსჯავრდებულ დ----- ს-----------ისათვის ბრალად შერაცხული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე. შესაბამისად, სასამართლოს დისკრეციაა სასჯელის რომელ სახეს შეარჩევს და რა ზომით. აქვე პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ დ----- ს-----------ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მას მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, იგი ნასამართლობის არმქონეა და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა რაიმე გარემოება გააჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით დ----- ს-----------ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.
ამდენად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის განაჩენი დ----- ს-----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ის და მსჯავრდებულ დ----- ს-----------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ------ ა---------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის განაჩენი დ----- ს-----------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.დ----- ს-----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ----- ს-----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, დ----- ს-----------ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას 118 (ას თვრამეტი) კილოგრამი სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი, რაც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.
6.ცნობად იქნას მიღებული, რომ დ----- ს-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: დ----- ს-----------ის მიერ უკანონოდ მოპოვებული წიაღისეულიდან აღებული სინჯები, ლუქის ნომრებით: N3------ და N3------, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკებზე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოდან გადმოგზავნილი CD დისკი, რომლებიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ვ.დოლიძე/