განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100118002524566
საქმე №1/ბ-547-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ გ--- დ--------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ე-–----- მ-------ის მიმართ (პირადი №1----------), დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ზ------------------------------–------–--–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 აგვისტოს განაჩენით:
ე-–----- მ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 10 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ე-–----- მ-------ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა ორი ძირი წაბლის ჯიშის ხისგან დამზადებული ოთხი ცალი მორი (რომლებიც მიბარებული აქვს პ------ ჭ----------ეს) და ბენზო ხერხი (რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში).
ე-–----- მ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ე-–----- მ-------ეს დაეკისრა მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალა პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკებზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე-–----- მ-------ემ ჩაიდინა ხეების უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: ზ------------------------------–------–--–- მცხოვრებმა ე-–----- მ-------ემ, 2018 წლის 9 მარტს, ზ----------------------------------–--------------------------––-, ბენზოხერხით, სათანადო ნებართვის გარეშე, უკანონოდ მოჭრა 3.46 მ3 მოცულობის 2 ძირი წაბლის ჯიშის პირველი ხარისხის ხე-ტყე, რითაც გარემოს მიაყენა 2076 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორმა გ--- დ--------–--ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ე-–----- მ-------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ ე-–----- მ-------ეს გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, რაც სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას; სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მისგან გამოწვეული ზიანი, რაც ანაზღაურებული არ არის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: დაზარალებულის წარმომადგენლის - თ------ კ---------ის ჩვენებით; მოწმეების - გ------- ლ--------ის, გ------- ბ------ისა და პ------ ჭ----------ის ჩვენებებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; ბენზოხერხის და ოთხი ცალი მორის ამოღების ოქმებით; იმერეთის სატყეო სამსახურიდან გადმოგზავნილი მასალებით, გარემოზე მიყენებული ზიანის გაანგარიშების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ე-–----- მ-------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
სახელმწიფო ბრალმდებელმა _ ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორმა გ--- დ--------–--ემ განაჩენი გაასაჩივრა სასჯელის ნაწილში და ითხოვა ე-–----- მ-------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რასაც სააპელაციო პალატა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე, ის გარემოება, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ე-–----- მ-------ეს მსჯავრი დაედო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში, მან პირველივე დაკითხვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება და ითანამშრომლა გამოძიებასთან, იგი არ არის ნასამართლევი და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა გარემოება გააჩნია.
რაც შეეხება პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ დანაშაულით მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული, რაც წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და სასჯელზე გავლენას ახდენს შემსუბუქების თვალსაზრისით, ხოლო საწინააღმდეგო მოცემულობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის №1019აპ-09 და 2016 წლის 26 დეკემბრის №390აპ-14 გადაწყვეტილებებით დადგენილია პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. ამდენად, ამ მიმართებით აპელანტის არგუმენტაცია მცდარია და სააპელაციო პალატა არ იზიარებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ე-–----- მ-------ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული (რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი) და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილი იყო მსჯავრდებულ ე-–----- მ-------ის მიმართ გამოეყენებინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლი და მისთვის დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, სათანადო გამოსაცდელი ვადის დაწესებით.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 აგვისტოს განაჩენი ე-–----- მ-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ გ--- დ--------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზესტაფონის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ გ--- დ--------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 აგვისტოს განაჩენი ე-–----- მ-------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ე-–----- მ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე პირველი ნაწილით (2018 წლის 10 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ე-–----- მ-------ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას ორი ძირი წაბლის ჯიშის ხისგან დამზადებული ოთხი ცალი მორი (რომლებიც მიბარებული აქვს პ------ ჭ----------ეს) და ბენზოხერხი (რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში).
5.პირობით მსჯავრდებულ ე-–----- მ-------ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6.მსჯავრდებულ ე-–----- მ-------ეს დაევალოს პირობითი მსჯავრის დროს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
7.ე-–----- მ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.
8.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკებზე, რომლებიც თან ერთვის საქმეს, შენახული იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, მისი საქმის შენახვის ვადით.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/